ტყიბულში, სულიკოს მაგიერ, დაკარგულ ტრაქტორს ეძებენ?!

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შუა ზამთარში თოვლი, რატომღაც, ყოველთვის მოულოდნელად მოდის. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ ტექნიკა გუგუნებს და მოსახლეობას მხოლოდ საკუთარი სახლის ფანჯრებიდან თუ ავტოტრანსპორტიდან დათოვლილი მინდორ-ველების ყურება და ტკბობა მშვიდად შეუძლია, პრობლემები მაინც იჩენს თავს.

ბუნებრივია, ადამიანი ხშირად უძლურია სტიქიასთან, მაგრამ როცა სინოპტიკოსები ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე, მინიმუმ, ერთი კვირით ადრე აკეთებენ განცხადებას, ხელისუფლების მხრიდან მობილიზება მაინც უნდა შეინიშნებოდეს.

იმერეთი ქვეყნის ის რეგიონია, სადაც, ხშირად, გაჭირვებას იუმორით უყურებენ და პრობლემის მოგვარებას მოთმინებით ელოდებიან. ყოველი შემთხვევისთვის, ცდილობენ, ასე მოიქცნენ. წელს კურიოზების კუთხით რეკორდსმენობა საკუთარ თავზე ტყიბულმა იტვირთა. სოფელი მუხურა იმ ერთადერთი ტრაქტორის გარეშე დარჩა (ყოველი შემთხვევისთვის, გამოდარებამდე მაინც), რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იმედის თვალით უყურებდა. ტრაქტორი 2012 წელს ჩამოიყვანეს, რათა დიდთოვლობის დროს მუხურელებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდათ. გასულ კვირას ყველასთვის საყვარელი მძიმე ტექნიკა მოსახლეობის თვალთახედვიდან მოულოდნელად გაქრა, მაგრამ გულებში კვალი მაინც დატოვა. როგორც გაირკვა, უხვად მოსულმა თოვლმა ღია ცის ქვეშ განმარტოებული ტრაქტორი საკუთარი კალთის ქვეშ შეიფარა და ბოროტი თვალისგან საგულდაგულოდ გადამალა. მუხურაში ხუმრობენ, რომ ახლა სულიკოს პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე დღეების წინ, ჯერ კიდევ, მოგუგუნე ტრაქტორის. სამწუხაროა, მაგრამ „მოულოდნელად“ მოსული თოვლის მიერ დამარხული ტრაქტორის გარეშე არა მარტო სოფლის შიდა, არამედ მასთან მისასველი გზაც გაუწმენდავი დარჩა. მართალია, ფაქტმა ადგილობრივები გააბრაზა, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მათ დარდი მხოლოდ სიმღერით გამოხატეს. მუხურელთა წყალობით ქართულ მუსიკალურ ჰიტებს კიდევ ერთი ნაწარმოები, სახელწოდებით: „ის ტრაქტორი დაგვეკარგა მთაშია“ შეემატა. სოციალურ ქსელში ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ შესრულებულმა სიმღერის ვერსიამ უკვე ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღებაც მიიქცია.

მუნიციპალიტეტში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სხვაგვარ შეფასებას აკეთებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

 

შალვა გაბრიაძე _ გამგებლის პირველი მოადგილე:

_ ამ დროისთვის გადაადგილება ყველგან შეუფერხებლად ხდება.

წესრიგია. ელენერგია ყველას და ყველაფერს მიეწოდება. მექანიზატორებთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლებსაც ტრაქტორები ჰყავთ და გზები იწმინდება. პრობლემა იყო მუხურის მიმართულებით, საიდანაც ახლა მოვდივარ. სიცრუე ააგორეს, თითქოს, ტექნიკა დაიკარგაო. ორივე ტექნიკა მძლავრი მექანიზმებით დაიქოქა, ერთი სოფლისკენ დაუყვა და გზას წმენდს, მეორე ტყიბულისკენ წამოვა და მაღალი გამავლობის ორხიდიანი მანქანებისთვის მოძრაობა უკვე აღდგება.

_ და მაინც, ტრაქტორი როგორ დაიკარგა?

_ ეს იყო სრული დეზინფორმაცია. იმხელა ტრაქტორი როგორ შეიძლება, დაიკარგოს? ეს მოხდა იმიტომ, რომ სოფელ მუხურიდან ტყიბულისკენ მომავალ გზას ვწმენდდით. უღელტეხილი ძალიან სპეციფიკურია. აქ ისეთი ქარბუქი იცის, ხანდახან აზრი არ აქვს გაწმენდას. უკვე საღამო ხანი იყო, მექანიზატორიც _ დაღლილი და ხილვადობაც ცუდი, ამიტომ შეგნებულად დავაყენეთ ორი ტექნიკა _ 3-ხიდიანი „ზილი“ და ტრაქტორი, რათა უფრო კარგ ამინდში ამოვსულიყავით, დაგვექოქა და წმენდა გაგვეგრძელებინა.

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გატარებული ღონისძიებების უკმაყოფილოა საკრებულოს დეპუტატი, „პატრიოტთთა ალიანსის“ წევრი _ ზვიად ობოლაძე:

_ ამ დროისთვის არც კარგი მდგომარეობაა და არც _ ცუდი. ასე თუ ისე გადაადგილება შეიძლება. თავად „ოპელის“ მარკის ავტომობილით დავდივარ ქალაქში, მაგრამ უბნებში მძიმე მდგომარეობაა. პრაქტიკულად, გადაადგილება ვერ ხერხდება. შეიძლება, „ურალის“ მარკის ორხიდიანი ავტომობილიც კი ვერ გადაადგილდეს. იგივე მდგომარეობაა შიდა სასოფლო გზებზეც.

_ გასაგებია, დიდი თოვლი მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ამის ბრალია ის, რომ გზები ჩაიკეტა და მოსახლეობას პრობლემები შეექმნა?

_ პირველ რიგში, გაუმართავი და არასაკმარისი ტექნიკის ბრალია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გაუგებარია, მესამე დღეს ახსენდებათ, რომ მოთოვა და მაშინ იწყებენ მუშაობას. როცა ამდენს მოთოვს და თოვლი უკვე იტკეპნება, მერე ძალიან რთულდება ტექნიკის გამოყენება. უკვე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი სამუშაოა შესასრულებელი. გვიან იწყებენ, გვიან. მობილიზაციას ვერ ახდენენ, არ არიან იმ მომენტისთვის მზად. ეტყობა, ზამთარში არ ელოდებიან თოვლს. დეკემბერსა და იანვარში რა უნდა თოვლსო! უკვირთ, როგორ მოთოვა იანვარშიო?

_ რაც შეეხება მუხურაში გაუჩინარებულ ტრაქტორს?

_ ეს ცოტა გაზვიადებულია. სასაცილო თემად გადაიქცა. ეს ტრაქტორი უკვე ამორტიზებულია, ყველანაირად გაცვეთილია. გაფუჭდა, ალბათ, და ვეღარ დაძრეს.

_ თოვლის ქვეშ არ აღმოჩნდა?

_ თოვლის ქვეშ აღმოჩნდა, დაფარავდა თოვლი. მუხურა ისეთი ადგილია, 5-მეტრამდეც კი აღწევს თოვლის საფარი და დაფარავდა, აბა, რას იზამდა?

ადგილობრივ მოსახლეობას ახსოვს, რომ 2012 წლამდე, ვიდრე მუხურა საკუთარი ტექნიკით აღიჭურვებოდა, სოფლის გზის გასაწმენდად ტრაქტორი მეზობელი თერჯოლის რაიონის სოფელ მუჯირეთიდან ამოჰყავდათ.

 

საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ქათამაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას 2012 წლამდე აპრობირებული მეთოდის ისევ გამოყენებისკენ მოუწოდებს, თუმცა, მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაშიც კი სოფლის გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად, მინიმუმ, ერთი კვირაა საჭირო.

დავით ქათამაძე:

_ სოფელ მუხურის მოსახლეობა აბსოლუტურად ობიექტურად აცხადებს პრეტენზიას. არა მარტო სოფლის გზები, არამედ ქალაქთან დამაკავშირებელი გზაც კი ჩაიკეტა, რის გამოც მოსახლეობა იზოლირებული აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვინმეს ექიმის დახმარება რომ დასჭირდეს, რა იქნება? განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ მუხურის საკვირაოს დასახლებაში. სასაცილოა, რომ ტრაქტორი, რომელიც სოფელს 2012 წლიდან აქვს, დღეების განმავლობაში უფუნქციოდ იდგა.

ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტი ისევ ვერ შეხვდა მომზადებული ზამთარს. გაუგებარია რატომ ხდება ასე, როცა ყველამ იცის, რომ დიდთოვლობა ტყიბულისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა?

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ტრაქტორს, სამომავლოდ, გაუჩინარება აღარ ემუქრება, რაც, თავისთავად, გარე სამყაროსთან ურთიერთობის შენარჩუნებას ნიშნავს.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე