იმერეთში სოციალურად დაუცველთა რიცხვი საგანგაშოა!

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა არსებობა სახელმწიფოს გაცემულ დახმარებაზეა დამოკიდებული, წლების მიხედვით იცვლებოდა. მართალია, მოსაზრება შეფასების სისტემასა და შემწეობის ოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მონაცემთა ბაზაში არსებული ციფრი ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობების არსებობაზე მიუთითებს.

საქართველოს ყველა რეგიონში განსხვავებული სიტუაციაა. სახარბიელოს ვერ დავარქმევდით იმერეთში არსებულ მდგომარეობას. ქუთაისლები ადვილად ამჩნევენ, რომ ქუჩაში მდგარ ხელგაწვდილ ადამიანთა რიცხვი არ მცირდება და პერიოდულად ახალი სახეებიც ჩნდება. ერთი ნაწილი, რომელიც შემწეობას ღებულობს, იმის შიშით, რომ მას დაკარგავს, შემოსავლის სხვა წყაროს არსებობაზე არ საუბრობს. თუმცა თანხა, რომელსაც ისინი, არაოფიციალურად, სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის ღებულობენ, ხშირ შემთხვევაში, მიზერულია და ოჯახის გამოსაკვებად არასაკმარისია.

 

43 წლის გიორგი, რომელმაც საკუთარი გვარის გამხელა არ ისურვა, ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურის გვერდით არსებულ ბაზართან ქუჩაში წვრილმანით ვაჭრობს. მისი 4-სულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ღებულობს, რომლის დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ხმარდება:

_ ტექნიკური განათლება მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ გამორიცხულია, ჩემი პროფესიით სადმე დავსაქმდე. ფიზიკურად ვმუშაობდი, მაგრამ იმდენად მიზერული ანაზღაურება იყო, რომ ვამჯობინე, ქუჩაში დავმდგარიყავი და რაღაც თანხა ასე მეშოვა.

_ არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას ღებულობენ და, პარალელურად, ოფიციალურად მუშაობენ. არ გიცდიათ, თქვენც ასე მოიქცეთ?

_ არ ვიცი, ალბათ, არიან, მაგრამ მე ასეთებს არ ვიცნობ. დღეს მარტო დახმარებით თავს ვერ გაიტან, ამიტომ ვარ ქუჩაში ამ სიცივეში. დილიდან საღამომდე ვვაჭრობ, მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი. წარმოიდგინეთ, მარტო დახმარების იმედად რომ ვიყო, ან ის მიზერული დახმარება რომ მომიხსნან, რა დამემართებოდა.  მირჩევნია, შემოსავალი არ დაფიქსირდეს და მშვიდად ვიყო, რომ ჩემს შვილებს გარანტირებული პურის ფული ჰქონდეთ. დღეს ვერავის ენდობი, მით უმეტეს, სახელმწიფო სტრუქტურებს.

_ რამდენია თქვენი დღიური შემოსავალი?

_ არის დღეები, როცა არც არაფერი იყიდება. ზოგჯერ, შეიძლება, 10 ლარი დამრჩეს დღეში. იყო შემთხვევები, როცა 15 ლარიც მივიტანე სახლში. ქუჩაში, სადაც ვცხოვრობ, თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, ვინმე უცხოეთში არ ჰყავდეს. უმეტესობა იქიდან გამოგზავნილი თანხით არსებობს. ზოგჯერ ვფიქრობ, მეც ხომ არ წავიდე სადმე-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, სად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ლეგალური შემოსავალი არ შეიძლება გახდეს შემწეობის დაკარგვის მიზეზი, გიორგი ერთადერთი არ არის, ვინც ჩუმად მუშაობს, რადგან დარწმუნებულია, რომ ფაქტი სოციალური აგენტის მხრიდან გაკეთებულ შეფასებაზე აისახება. მას არც სააგენტოს შეთავაზებული სამსახური სურს, რადგან ეჭვობს, რომ იგი შესაძლებელია, არასტაბილური იყოს და შემწეობის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდეს. ამასთანავე მიაჩნია, რომ გადამზადება მისთვის უკვე დაგვიანებულია. სოციალური მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს გადამზადებისა და დასაქმების პროგამას 2015 წლიდან სთავაზობს და მისით სარგებლობის უფლება 16 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეძლევათ. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“, ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება. 11-მილიონიანი ევროს ღირებულების პროექტის მიზანია სწორედ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება. მკერავი, მაღაზიის კონსულტანტი, მცხობელი, მზარეული _ ეს არის, ძირითადად, იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზეც მუშაობის მსურველები საქმდებიან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბოლო 3 თვის განმავლობაში 20 ადამიანის დასაქმება მოხერხდა. მიუხედავად  ევროპელი პარტნიორებისა და სხვა დონორების მხრიდან საქართველოში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად გაღებული თანხებისა, ფაქტია, რომ ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი საგრძნობლად დიდია და შეჭირვებულთა რაოდენობაც არ მცირდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე ათეული დასაქმებული ქალაქში საერთო ფონს ვერ ცვლის. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ქუთაისი იმ ქალაქთა ჩამონათვალშია, საიდანაც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.   გავრცელებული ინფორმაციით, ზოგადად, რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა.

დღეს იმერეთში ბევრი მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში უნდა იყვნენ და ამისთვის განკუთვნილ დახმარებასაც ღებულობდნენ. ხანდახან მართლაც გაუგებარია ის, რომ მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, ზოგიერთ ოჯახზე სააგენტო შესაბამის ქულებს არ ანიჭებს, რაც მათ დახმარების გარეშე ტოვებს.

 

ოგანეზოვების 5-სულიანი ოჯახი მწვანეყვავილას #2-ში მძიმე პირობებში ცხოვრობს. 20-თვიანი წყვეტის შემდეგ ოჯახმა სააგენტოს მიერ სარეიტინგო ქულის (82 230) მინიჭების საფუძველზე მცირეწლოვან ბავშვებზე 10-ლარიანი დახმარება მიიღო, რაც დედის, როზა ოგანეზოვას უკმაყოფილებას იწვევს. სააგენტოს განმარტებით, სოციალურად დაუცველის დახმარებას, რომელიც 60 ლარს შეადგენს, ოჯახი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ქულა 30 000-მდე იქნება. ოგანეზოვების სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია. ოჯახის წევრები სოციალურ დახმარებას 2012 წლიდან იღებდნენ, მაგრამ, დაახლოებით, 2 წლის წინ სახელმწიფომ შემწეობა შეუწყვიტა.

„29 იანვარს ავიღე ფული. რაში უნდა დამეხმაროს, ან რა უნდა შეცვალოს ჩვენთვის ამ თანხამ? ეს ხომ მათხოვრობაა?!“ _ აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოჯახის დიასახლისი.

 

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში და როგორია სტატისტიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქრონიკა+“ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსს, ნინო ჭიღლაძეს ესაუბრება:

 

_ იმერეთიდან და უშუალოდ ქუთაისიდან რამდენი ოჯახია დღეს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში შესული და რა ციფრი გვქონდა შარშან ამ დროს?

_ დღეის მდგომარეობით, იმერეთის მასშტაბით რეგისტრირებულია 192 395 პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დარეგისტრირებას ითხოვენ გარკვეული გასაცემის მიღების მიზნით. ამ რეგისტრირებულებიდან კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 73 298-ს შეადგენს, ანუ რეგისტრირებულების 38% დახმარების მიმღებია. რაც შეეხება ცალკე აღებულ ქუთაისს, რეგისტრირებულია 31 385 პირი და აქედან 9418 სარგებლობს დახმარებით. ანუ დარეგისტრირებულთა 30% საარსებო შემწეობას იღებს.

შარშან ამ დროს, 2016 წლის იანვარში, რეგისტრირებულთა რაოდენობა 257 338-ს შეადგენდა, ხოლო საარსებო შემწეობას 68 971 ადამიანი იღებდა. ქუთაისში კი რეგისტრირებულთა რაოდენობა 46 691 იყო, დახმარება კი 9241 ადამიანზე გაიცემოდა.

თუ პროცენტულ წილს შევადარებთ, გასული წლის ამ დროს რეგისტრირებულთაგან, სადღაც, 25% იღებდა დახმარებას, წელს არსებული მონაცემებით კი ეს ციფრი, მთელი იმერეთის მასშტაბით, 38%-ს, ხოლო უშუალოდ ქუთაისში _ 30% არის.

_ ძირითადად, როგორი ოჯახები სჭარბობენ ერთიან ბაზაში?

_ დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრირებული არიან ერთწევრიანებიც და მრავალშვილიანი ოჯახებიც. ქულის დათვლის პროცესში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტით სარგებლობენ ოჯახები, სადაც წევრთა მეტ წილს 16 წლამდე ბავშვები შეადგენენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1, ან 2-წევრიანი ოჯახები არ იღებენ დახმარებას. საკმაოდ დიდი წილი ჩვენს ბაზაში სწორედ 1-დან 3 წევრამდე ოჯახებია.

_ რატომ ვერ მოხვდა მონაცემთა ბაზაში უმძიმეს პირობებში მყოფი ოგანეზოვების ოჯახი?

_ ამ ოჯახში მცირეწლოვანი მხოლოდ ერთია, დანარჩენს არც საპენისო, ან რაიმე სახის სტატუსი არ გააჩნია. გეთანხმებით, საცხოვრებლის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ვერ მოქმედებს სარეიტინგო ქულაზე. ოჯახის წევრებს შევთავაზეთ დასაქმების პროგრამაში დარეგისტრირება. გარდა ამისა, ოჯახის გაძლიერების პროგრამაში გადამისამართდნენ ბავშვთა სოფელში, მაგრამ ამ მომსახურების მიღებაზე უარი თქვეს. მცდელობა გვქონდა, რომ შრომისუნარიანები დაგვესაქმებინა, რათა მინიმალური შემოსავალი გასჩენოდათ. სამწუხაროდ, ჩვენი შეთავაზება მხოლოდ შეთავაზებად დარჩა.

_ რით ეხმარება მათ დღეს სახელმწიფო?

_ ოჯახი მხოლოდ ბავშვის დახმარებას ღებულობს 10 ლარის ოდენობით. გასაგებია, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ის, რომ მხოლოდ ერთი ბავშვია, ქულის ისე მინიჭება ვერ ხერხდება, რომ ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს დახმარება. ჩვენ ახლაც გვაქვს ვაკანსიები და თუკი მათი სურვილი იქნება, შეგვიძლია, დავასაქმოთ.

 

რა არის ოგანეზოვების მხრიდან სააგენტოს მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზი, არ ვიცით. ფაქტი ერთია, _ მათი აზრით, უმძიმესი ყოფის საპირწონე მხოლოდ შემწეობაა. სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, როცა პირი დასაქმებაზე უარს აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. თუმცა, ასევე, გაკვირვებას იწვევს ის, თუ რით ხელმძღვანელობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში ქულების მინიჭების პროცესში, რომლის შემდეგაც     კონკრეტული ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი გარემო ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს, დახმარების მიღმა რჩებიან?

 

ხვიჩა ვაშაყმაძე