მეუფე სერაფიმეს სკანდალი სოსო გოგაშვილმა აუგორა?!

2016 წლის 25 აპრილს საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აუწყა, რომ პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) ეპარქიის მმართველობიდან განთავისუფლდა. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე).

მეუფე სერაფიმეს წასვლის შემდეგ მის შემცვლელად დანიშნულმა მეუფე თეოდორემ ქადაგებისას უცნაურად დამაბნეველი ტექსტით სცადა მომხდარის ახსნა: „რადგან ძალიან რთულია, განუგეშოთ, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ღვთის ნება არის, ღვთის ნების გარეშე ამქვეყნად არაფერი ხდება, რამეთუ მეუფე სერაფიმემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მან უწმინდესს სთხოვა, ეპარქიიდან განთავისუფლებულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა, ღმერთმა დაუშვა. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით, ეს ღმერთმა იცის. ფაქტი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს, პირადად ჩემი ბრალი, შემიძლია ვთქვა, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალი. ალბათ, რაღაცას ვერ მივაქციეთ ყურადღება, ვერ გამოვიჩინეთ გულისხმიერება, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ცხოვრება მთავრდება. ამით ცხოვრება არ მთავრდება, ცხოვრება არის ძალიან ღრმა და ძალიან რთული“, _ თქვა ქადაგებაში მეუფე თეოდორემ. პირდაპირ არა, მაგრამ ქვეტექსტით მკაფიოდ ჩანდა, _ წინამორბედი მეუფის დანაშაულის მეუფე თეოდორეს არ სჯეროდა. ირიბად, მაგრამ წმინდა სინოდსაც ადანაშაულებდა, რომ მეუფე სერაფიმეს დაცვა ხმამაღლა ვერავინ გაბედა.

კულუარებში იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე არასრულწლოვანზე ძალადობაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია ძალიან ვიწრო წრეში ტრიალებდა, რადგან არასრულწლოვანი ბორჯომში ერთ-ერთი თანამდებობის პირის დისშვილი გახლდათ. აღნიშნული თანამდებობის პირი თავად მისულა საპატრიარქოში და პატრიარქი საქმის კურსში ჩაუყენებია. პატრიარქს მეუფე სერაფიმეს თხოვნა კი დაუკმაყოფილებია, მაგრამ „ძალადობის მსხვერპლი“ გოგონა არ მიუღია. როგორც ჩანს, უწმინდესმა ამ ჟესტით თანამდებობის პირს მკაფიოდ აგრძნობინა, რომ მის მიერ მიწოდებული ვერსიის არ სჯეროდა.

მოგვიანებით, უკვე მეუფე თეოდორე გაეხვია სკანდალში, რომელიც მას სუს-ის მიერ დაფინანსებულმა ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ აუგორა. მიტროპოლიტს ბრალს სდებდნენ თბილისის პრესტიჟულ უბანში სიმბოლურ ფასად ფართის შესყიდვაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მეუფე თეოდორე ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში საპატრიარქოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო მოგვიანებით პირადად ახლდა პატრიარქს მოსკოვში ვიზიტისას.

ამ ფაქტმა, ცხადია, გონივრული ეჭვები გააჩინა, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი და მოქმედი მეუფეები რეგიონში საკუთარი მიზნების განხორციელებაში ვიღაცას ხელს უშლიდნენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო მკაფიო მას შემდეგ გახდა, რაც დაძაბულობის ახალი კერა შეიქმნა ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) ირგვლივ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო, რომლის უკან, როგორც ჩანს, იგივე ძალების ინტერესები ვლინდება, რომელსაც სინოდის წევრთა შორის დაპირისპირებისა და პატრიარქის გუნდის შესუსტების გეგმები ამოძრავებთ.

„ქრონიკა+“ გასულ წელს უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ მთელი რიგი მღვდელმთავრებისა და პატრიარქის ახლო გარემოცვის დისკრედიტაციის მიზნით აგორებული მოვლენების უკან სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი იდგა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილი კუდ-ის აგენტი იყო და ის მისსავე მეზობელმა გიორგი (გოგიტა) პაპაშვილმა გადაიბირა. გოგაშვილის პირველი „სერიოზული“ დავალება 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის წევრების დასმენა და მათი რუის-ურბნისის ეპარქიაში დაკავება იყო. მისივე ინფორმაციით, კუდ-მა ეპარქიიდან, ასევე, ორი ბერი დააკავა. მათ „მოდულის“ შენობაში ორი დღე-ღამის განმავლობაში სცემდნენ და აიძულებდნენ, მეუფე იობისთვის დაედოთ ხელი. ცხადია, დამსმენის ვინაობა არ დაიმალა და ამ ფაქტმა სოსო გოგაშვილს სამუდამოდ გაუფუჭა ურთიერთობა რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობთან, რომლის სტიქაროსანიც იყო. სუს-ში დანიშვნის შემდეგ გოგაშვილის პირველი სადამსჯელო ნაბიჯი სწორედ მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ განხორციელდა. საპატრიარქოში „ანტრიკოტას“ ინტერესების გამტარებელმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) გოგაშვილის ცოლის ახლო ნათესავს, მეუფე სვიმეონს (ცაკაშვილი), გოგაშვილის დავალებით, ახალი სურამისა და ხაშურის ეპარქია შეუქმნა მეუფე იობის ეპარქიული ტერიტორიის ხარჯზე.

რაც შეეხება მეუფე სერაფიმეს, მან თავად არ ისურვა სიტუაციის  გამწვავება, საქართველოს დატოვება და ათონის მთაზე გამგზავრება არჩია. ამ გადაწყვეტილებამ არა მარტო ბორჯომ-ბაკურიანის, არამედ სრულიად საქართველოს მრევლისა და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან საყვარელი მღვდელმთავრის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას აშკარად ცილისწამებისა და მიზანმიმართული დევნის ხასიათი ჰქონდა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თავად მიტროპოლიტ სერაფიმეს პიროვნება პატრიარქის გუნდის მოწინააღმდეგეებს დიდი ხანია, აღიზიანებდათ, _ მეუფე სერაფიმეს სერიოზული კავშირები აქვს რუსეთში, ის მეგობრობს მოსკოვის ვიცე-მერ სოსო ორჯონიკიძესთან, არის აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმში დღემდე ცხოვრობს დედამისი და ერთადერთი ქართველი მღვდელმთავარია, რომელიც აფხაზეთში ხშირი სტუმრობის პრივილეგიით სარგებლობდა, რაშიც მას მოსკოვის საპატრიარქო ეხმარებოდა. ამასთან, მეუფე სერაფიმე გამოირჩევა თავისი პრინციპებისადმი ერთგულებით და დაინტერესებული დესტრუქციული ძალების მხრიდან ძნელად მართვადია. მისდამი გავრცელებულ ცილისწამებაში ქექვის თავიდან აცილების მიზნით მეუფე სერაფიმემ გადაწყვეტილება მიიღო და ბერული მოღვაწეობა ათონის მთაზე გააგრძელა.

 

რა მოხდა სინამდვილეში და როგორ შეუთითხნეს მეუფე სერაფიმეს ეს სიბინძურე?

 

„ქრონიკა+“-მა მომხდარის დეტალები რამდენიმე თვის შემდეგ გაარკვია.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გოგონა, რომელიც მეუფე სერაფიმეს „ამხელდა“, ახალქალაქის სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსის, გურამ ჩადუნელის ახლო ნათესავი აღმოჩნდა, რომელიც ბინძურ ისტორიაში მთავარ როლში სწორედ ჩადუნელისა და მისი მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ჩაერთო. სწორედ გურამ ჩადუნელი თხზავდა ოპერატიულ დოკუმენტებს და აუდიოჩანაწერებს ამ ცილისმწამებლურ ისტორიაზე. მისივე ორგანიზებით და სუს-ის ტექნიკის გამოყენებით გაიგზავნა მესიჯები მეუფის მობილური ტელეფონიდან არასრულწლოვანი გოგონას მობილურ ტელეფონზე. გურამ ჩადუნელი მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაციას პირადად აბარებდა სუს-ში მის ერთადერთ მფარველს, იოსებ გოგაშვილს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ანრიკოტას“ გაძლიერებული ინტერესი აქვს სწორედ სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან მიმართებით, სადაც სუს-ში მისვლისთანავე ის სისტემატურად ნიშნავს ადგილობრივ ხელმძღვანელებად ხან თავისი ოჯახის წევრს, ხან ნათლულს და ხანაც _ რომელიმე ახლობელს. სამცხე-ჯავახეთის სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსი გიორგი კევლიშვილი სოსო გოგაშვილის ბიძაშვილის შვილია. ვახტანგ გომელაური ბოლო პერიოდში გიორგი კევლიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავდა, რასაც მასსა და გოგაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირება მოყვა. რეგიონში მათი ძირითადი საქმიანობა იყო ვანო მერაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრთა ბიზნესინტერესების გადმობარება შანტაჟისა და დაშინების მიზნით, სიმბოლურ ფასებად დიდი ოდენობით მიწის შესყიდვა და საკუთარ ოჯახის წევრებზე გაფორმება; ადგილობრივი გუბერნატორის დისკრედიტაცია, რეგიონში მოქმედი მღვდელმთავრების გადმობირება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში მათი კომპრომატებით მოცილება და საკუთარი საეკლესიო კადრებით ჩანაცვლება.

სწორედ ასეთ უხერხულ მღვდელმთავარს წარმოადგენდა სოსო გოგაშვილისთვის ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გასული წლის ნოემბერში სუს-ის მიერ დაფინანსებულმა მედიამ სიმბოლურ ფასად დედაქალაქის ცენტრში ბინის ხელში ჩაგდებაში „ამხილა“. ამ სკანდალის შემდეგ გოგაშვილის ამოცანა იყო ეპარქიიდან მეუფე თეოდორეს ჩამოცილებაც და მის ადგილზე მეზობელი ეპარქიიდან საკუთარი ცოლის ბიძაშვილის, ხაშურისა და სურამის ეპისკოპოს სვიმონის გადმოყვანა.

საბედნიეროდ, „ქრონიკა+“-ში მასალების გამოქვეყნების შემდეგ, გოგაშვილის გეგმები რეალურად შეიცვალა, სინოდის აჯანყება ვერ შედგა და ვერც მეუფე სვიმონის გადმოყვანა მოხერხდა ურჩ რეგიონში. „ანტრიკოტას“ განსაკუთრებული ლობირების ქვეშ მყოფ ეპარქიულ ტერიტორიებზე

სოსო გოგაშვილს სუს-შიც ძალიან დაეძაბა ურთიერთობები, მას საკურატორო სფეროები შეუზღუდეს და ყველა მისი რეგიონული კადრი ნელ-ნელა თანამდებობას ჩამოაშორეს. მათ შორის, გურამ ჩადუნელიც. ამჟამად ის სუს-ის კადრების განკარგულებაშია. შეიძლება, ვინმეს შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩადუნელს „გენიალური ჩეკისტური ოპერაციის“ განხორციელება არ დაუფასდა. სინამდვილეში „ანტრიკოტა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე. წ. ოდეერად მის სარფიან ადგილზე გადაყვანას გეგმავს. ასევე საკადრო გადაადგილების მოლოდინშია სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე, მამუკა გელაშვილი, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს „ანტრიკოტას“ ბიზნესსაქმიანობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მართალია, დაკავებული თანამდებობიდან მამუკა გელაშვილიც განთავისუფლებულია, მაგრამ გოგაშვილი მას რკინიგზის დეპარტამენტში ოდეერად დანიშვნას ჰპირდება.

ერთადერთი, ვინც ამ ბინძურ ისტორიაში რეალურად დაზარალდა, არის ქართული საზოგადოება და მეუფე სერაფიმეს მრევლი. საპატრიარქოში ყველაფერი გარკვეულია და რამდენიმე ხნის წინ ათონის მთაზე მოღვაწე მეუფე სერაფიმეს სრული რეაბილიტაცია მოხდა, როდესაც, პატრიარქის განჩინებით, იგი გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა. სწორედ ამ ფაქტის გამო სამღვდელოების რიგებში უპატრონოდ დარჩენილმა გურამ ჩადუნელის აგენტურამ ინერციით ააგორა მეუფის საწინააღმდეგო ცილისმწამებლური კამპანიის მეორე ტალღა, რამაც ამჯერადაც აიძულა მიტროპოლიტი სერაფიმე, უარი ეთქვა დანიშვნაზე. ჯერჯერობით, იოსებ გოგაშვილის მიერ საპატრიარქოში დაგეგმილი ყველა ოპერაცია წარუმატებლად და სკანდალით დასრულდა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უზანაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებულ სკანდალს სუს-ში სერიოზული გარჩევები მოჰყვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსამართლეების სკანდალის გამო სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვა. ვახტანგ გომელაურს სოსო გოგაშვილი დაუბარებია და უთქვამს, _ ან საქმის კურსში ჩამაყენე, რას ხლართავ, ან შენ გამო სკანდალებში გახვევას და ამ სიტუაციის მოთმენას არ ვაპირებო. ასეთი კურიოზული სიტუაციაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, _ უფროსმა არ იცის, რას საქმიანობს შვებულებაში მყოფი მისი მოადგილე, რომელიც, რეალურად, სამსახურიდან გაშვებული იყო და „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების შანტაჟისთვის უკან დააბრუნეს.

 

ელისო კილაძე