კონსტიტუციური ნორმა – „შუა უნდა გაიკრიფოს“!

„ქართული ოცნება“ საკუთარ „ოქროს სარაიას“ შესაშური ტემპებით აშენებს. კი გვპირდებიან, მერე ხალხსაც ავუშენებთო, მაგრამ ამის აღარავის სჯერა. „ოქროს სარაიას“, ამჯერად, საკონსტიტუციო ცვლილებებით აბათქაშებენ, _ ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნას რომ გაუძლოს, ისეთი ბათქაშით.

„ქართული ოცნება“, რომელიც პოლიტიკური ბლოკით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს ბლოკების აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო კომისიიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციის 50-ე მუხლში იგეგმება. ამ მუხლში საარჩევნო ბლოკი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და ისიც ფრაქციებისთვის საჭირო მანდატების გადანაწილების კონტექსტში. თუმცა ეს საკმარისია, რომ „ოცნების“ ამ სურვილის განსახორციელებლად საკონსტიტუციო ცვლილება გახდეს საჭირო.

მოკლე ისტორიული ექსკურსი: საქართველოს უახლეს ისტორიაში, ანუ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ხელისუფლება ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ეროვნული მოძრაობის ნაწილი, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით გაერთიანდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველო“. სწორედ ამ ბლოკმა დაამარცხა კომუნისტური პარტია. შევარდნაძეც 1992 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკით მოიპოვა გამარჯვება სააკაშვილმა. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნებით“ მოიპოვა გამარჯვება.

ყოველივე აქედან, ადამიანი, ძალაუნებურად, ასკვნი, რომ თუ დღეს „ქართულ ოცნებას“ რაიმესი ეშინია, ესაა პოლიტიკური პარტიების შესაძლო ერთობა, რომელიც უკვე მერამდენედ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას და ხელისუფლებას ხელისუფლებიდან ჩამოაშორებს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ბლოკებისადმი შიშსა და მათი აკრძალვის სურვილს სრულიად სხვაგვარად ხსნიან. ხელისუფლება ამას პარტიების განვითარებაზე ზრუნვას და ხალხის დაკვეთის შესრულებას უწოდებს. ანუ რას ნიშნავს „ოცნების“ ენაზე პარტიების განვითარებაზე ზრუნვა?.. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიებს წინასაარჩევნოდ გაძლიერებისა და გამსხვილების საშუალება აღარ ექნებათ, ისინი ბლოკებით და კოალიციებით პოლიტიკურ სინერგიას ვეღარ შექმნიან და ერთობლივი ძალებით ხელისუფლებას კონკურენციას ვერ გაუწევენ.

პოლიტიკური კონკურენცია კი ჩვენს ქვეყანაში, ყველას კარგად მოეხსენება, როგორია. დღევანდელი საარჩევნო, მაჟორიტარული სისტემის წყალობით, სახელისუფლებო პარტია, რომელსაც მისული ამომრჩევლის მხოლოდ 48% უჭერს მხარს, საკონსტიტუციო უმრავლესობით ზის პარლამენტში. ამ პარტიის დამფუძნებლის ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება. ამას დაამატეთ ადმინისტრაციული რესურსი და ყველასთვის გასაგები ხდება, რომ გამსხვილების გარდა, პოლიტიკურ პარტიებს არავითარი ბერკეტი არ რჩება საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ, თურმე, ხალხსაც აღარ უნდა პარტიების მრავალფეროვნება, ესეც მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. შესაძლოა, მოსახლეობას მზე და მთვარე არ ამოსდიოდეს ამდენი ერთკაციანი და სუსტი პარტიის შემხედვარე, მაგრამ ამის ალტერნატივად ნამდვილად არ გამოდგება ის რეალობა, რომ პარლამენტში, მარადიულად, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ოპოზიცია, „ნაციონალები“ ისხდნენ თავის განაყარებით.

საარჩევნო ბლოკების კონსტიტუციით აკრძალვა „ოცნების“ ღიად გაჟღერებული სურვილია, რომ მხოლოდ „ჩვენ“ უნდა ვიყოთ მუდამ ხელისუფლებაში და ვერავინ, ვერასდროს ამას ვერ უნდა შეუშალოს ხელი.

პარტიებზე ზრუნვის კიდევ ერთი „ოცნებისეული“ გამოვლინებაა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მზრუნველი ტონით ურჩევს ოპოზიციას ერთმანეთთან შერწყმას, ანუ პარტიების გაუქმებას და სხვა პარტიებში გაწევრიანებას. ერთი შეხედვით, რა პრობლემაა?!. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ _ ვინ ეკითხება ხელისუფლებას, როგორ გაერთიანდებიან მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები, ან როგორ შეიძლება, აიძულო გაერთიანება ლიბერალსა და კონსერვატორს, ან, კიდევ, პრორუსებსა და ნატოისტებს? და, საერთოდ, ვინმემ ჰკითხა საზოგადოებას, უნდა კი ასე ხელოვნურად და ეკლექტურად შერწყმული პოლიტიკური სპექტრი?..

ხელისუფლება, რომელიც ამგვარ ლოგიკას ავითარებს, საინტერესოა, თავად რატომ არ წავიდა ამ გზით?!! თუ პარტიების ხელოვნური შერწყმა მათთვის მისაღებია და ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის ეს დადებით მოვლენად მიაჩნიათ, მაშინ თავად რატომ არ შეირწყეს თავისივე კოალიციის ყოფილი წევრები? ამით ხომ პარტიების რაოდენობა შემცირდებოდა და, მათი აზრით, ხალხიც „ბედნიერი“ იქნებოდა. თუმცა ყველას ესმის, რომ ბედნიერები ასეთი შერწყმით მხოლოდ კონსერვატორი ზვიად ძიძიგური და „მრეწველი“ გოგი თოფაძე თუ იქნებოდნენ, რომლებიც ისედაც ყველანაირად უარს ამბობენ საკუთარი პარტიების პოლიტიკურ აქტივობაზე და თავის მთავარ პოლიტიკურ მიზნად „ქართულ ოცნებაში“ პერსონალურ ინტეგრაციას მიიჩნევენ. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა, რატომ?.. იმიტომ, რომ ეს მის პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა. ანუ ის, რაც თავისთვის არ მოსწონს, უნდა, რომ სხვას მოახვიოს თავს.

ამ ინიციატივის უკან კიდევ ერთი აჩრდილი იმალება, _ არასტაბილური მომავლისადმი შიშის აჩრდილი. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ხვდებიან, რომ მათი დასასრული უკვე დაიწყო და იმისთვის, რომ ეს დასასრული ცოტა მაინც გადაავადონ, ხელოვნურად სხვას უნდა შეუზღუდონ გაძლიერების შანსი.

პოლიტიკური თავდაღმართი კი „ქართულ ოცნებას“, ჯერ კიდევ, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დაეწყო. ხელისუფლებაში ასეთი საოცარი ფურორით მოსულმა პარტიამ ორ წელიწადში იმდენი მოახერხა, რომ თბილისში არჩევნებზე მისული ამომრჩევლის მხოლოდ 44%-მა დაუჭირა მხარი, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 56%-მა სხვას მისცა ხმა. და რომ არა მაჟორიტარული სისტემა, „ოცნება“ უმცირესობაში იქნებოდა. ასეთი შედეგი პოლიტიკური თავდაღმართის დასაწყისი კი არა, გარანტირებული პოლიტიკური სამარე იქნებოდა. მეორე დიდი გალაწუნება „ქართულმა ოცნებამ“ 2016-ში საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო, როცა არჩევნებზე მისულმა უმრავლესობამ, კერძოდ, 52%-მა, არა „ოცნებას“, არამედ სხვებს მისცა ხმა. მართალია, მაშველ რგოლად ისევ მაჟორიტარული სისტემა გამოდგა, მაგრამ ამომრჩევლის განწყობა ხომ კარგად ჩანს?!.  საზოგადოების უკმაყოფილება არსებული ხელისუფლებით ხომ ნათელია?!. ესაა სწორედ მეოცნებეთა ნერვებში შიშის სინდრომის გაჩენის მთავარი მიზეზი. და როგორც ყველა დილეტანტი ხელისუფლება იქცევა ხოლმე მსგავს შემთხვევებში, „ქართულმა ოცნებამაც“, იმის მაგივრად, რომ პრობლემების მოგვარების გზები საკუთარ თავში მოეძებნა, სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუწყო ხელ-ფეხის შებორკვა.

ერთი სიტყვით, „ოცნება“ ღიად გადავიდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განადგურებაზე. თუ აქამდე ეს იდეა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ „შუა უნდა გაიკრიფოს“  ფრაზაში აკუმულირდებოდა, სულ მალე ეს იდეა კონსტიტუციურ ნორმად შეიძლება იქცეს. მერე რა, რომ ყველა ამის წინააღმდეგია? ყველა, ანუ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები და ა. შ. მთავარია, რომ ასე უნდა იმას, ვისაც ბევრი ფული აქვს და ჰგონია, რომ ყოველთვის ყველაფრის ყიდვას შეძლებს. მთავარია, მოუნდეს და ეჭვიც არ ეპარება, რომ მთელი ერი მზადაა, წამში მიეყიდოს. ფაქტია, რომ გარემოცვაშიც აღარავინ ჰყავს ისეთი, რომელიც ეტყოდა, რომ მთლად მასეც აღარაა საქმე. თუმცა მაგაზე თავად ივანიშვილმა იდარდოს.

პოლიტიკურმა პარტიებმა კი უკვე დაიწყეს ჩოჩქოლი და უკმაყოფილების დემონსტრირება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ბიძიამ ყველას ერთად გაკრეფა უკვე კონსტიტუციური ჩანაწერით რომ მოინდომა.

პირველი, რაც „გასაკრეფებისგან“ გაჟღერდა, საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების მუქარა იყო. რაც შეეხება ბოიკოტის იდეას, იგი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პირველად არ გაჟღერებულა. გაგახსენებთ: რამდენიმე პარტიამ კომისიაში მუშაობაზე თანხმობა დათქმით განაცხადა. შინაარსი კი შემდეგი იყო: თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რა უნდა შეცვალოს კონსტიტუციაში, ჩვენ კი მხოლოდ ამის „გასაპრავებლად“ ვჭირდებით, ბოიკოტი გარდაუვალი აღმოჩნდებაო.

როგორც ჩანს, თებერვალი გარდამტეხი იქნება. სწორედ თებერვალში გაირკვევა, აპირებს თუ არა ხელისუფლება საკუთარი დაპირების შესრულებას და ბლოკების გაუქმების ინიციატივის  საკონსტიტუციო ცვლილების პროექტად გადაქცევას?.. აქ კითხვის ნიშანი, სრულიად მოულოდნელად, ერთმა პატარა ინტერვიუმ გააჩინა, რომელიც „ოცნების“ წევრმა, ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა მისცა მედიას. აღნიშნულ ინტერვიუში ქალბატონი თამარი ბრძანებს, რომ „ოცნების“ ინიციატივა სრულებითაც არ შეეხება ბლოკებისა და კოალიციების შექმნის აკრძალვას, არამედ მასში საუბარია მხოლოდ ბლოკის შიგნით ფინანსური რეგულაციების მოწესრიგებაზეო. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა „ფიცი გწამს, ბოლო გაკვირვებს“, თან ძალიან გაკვირვებს. ჯერ ერთი, იმიტომ გაკვირვებს, რომ გაცილებთ უფრო ბობოლა ოცნებისტები, როგორებიც არიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, სრულიად სხვა რამეს ამბობენ. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ბლოკები და კოალიციები უნდა აიკრძალოს და მორჩა! მერე მეორე, როგორც ჩუგოშვილი ბრძანებს, თუ მხოლოდ ფინანსურ რეგულაციებზეა საუბარი, მაშინ, საერთოდ, რა შუაშია კონსტიტუცია და მისი 50-ე მუხლი?.. მსგავსი რეგულაციები საარჩევნო კოდექსით რეგულირდება. შესაბამისად, საკონსტიტუციო საბჭოს განხილვის საგანი ეს თემა, უბრალოდ, არ გახდებოდა, მაგრამ რახან მაინც გახდა ე. ი. რეალობასთან ახლოს უფრო ისაა, რასაც კობახიძე და ვოლსკი აჟღერებენ და არა ის, რასაც ჩუგოშვილი გვიმტკიცებს.

თუმცა იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ეს ორივე, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ერთი და იგივე თამაშის ნაწილი იყოს. დაინახა რა „ოცნებამ“, რომ მის ინიციატივას საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, ჩუგოშვილს სასწრაფოდ ათქმევინა ისეთი რამ, რაც საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ არაფერი მნიშვნელოვანი და სახიფათო არ ხდება და თემის მიმართ ყურადღებაც მოდუნდება. თუ ეს ასეა, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამით, მაქსიმუმ, ორ კვირას თუ მოიგებს, რადგან თებერვლის მეორე ნახევარში, როცა კომისიის სხდომაზე ისევ დადგება ბლოკების გაუქმების საკითხი, „ოცნება“ მას, უკვე, ვეღარსად დაემალება.

დავუბრუნდეთ ბოიკოტის საკითხს: როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისიაში საკუთარი წამომადგენელი შვიდ პოლიტიკურ პარტიას ჰყავს, ესენი არის: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ლეიბორისტული პარტია“. „ოცნების“ გარდა ყველას ღიად აქვს  გაცხადებული, რომ ლეღვის ფოთლის როლში ყოფნას არ აპირებს და როგორც კი გამჟღავნდება, რომ მათი ფუნქცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო სურვილების „გაპრავებაა“, არც ერთი მათგანი იქ აღარ გაჩერდება. ამბავი ნამდვილად სკანდალური იქნება, მაგრამ საინტერესოა, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს დემარში?.. ანუ ეს იქნება ერთდღიანი პროტესტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვერანაირ გავლენას იქონიებს, თუ, შესაძლოა, ეს იყოს პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პოზიციებს შეაცვლევინებს?..

პირველ რიგში, იმისთვის, რომ ბოიკოტი საერთოდ შედგეს, იგი საყოველთაო უნდა იყოს. ბოიკოტის შედეგად, მინიმუმ, „ოცნება“ საკონსტიტუციო კომისიაში, როგორც პოლიტიკური პარტია, მარტო უნდა დარჩეს. ამით პოლიტიკურ კონსენსუსზე „ოცნებაც“ კი დასრულდება. არადა, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი კონსტიტუციის ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს, მინიმუმ, იმისთვის მაინც სჭირდება, რომ ვენეციის კომისიას და ევროპის საბჭოს დაუმტკიცო, რომ ავტორიტარი არ ხარ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს კონსტიტუციის ჭრა-კერვასთან დაკავშირებით არ იღებ.

თუ ბოიკოტს არასამთავრობო სექტორიც შეუერთდება, ეს კომისიისთვის და, კერძოდ, „ოცნებისთვის“ უკვე სრული კატასტროფა იქნება. ასეთ ვითარებაში კომისიის მუშაობას, საერთოდ, აზრი დაეკარგება. რა საჭირო იქნება კომისიაში მარტო მუშაობა, როცა „ოცნებას“ პარლამენტში 117 დეპუტატი ჰყავს და შეუძლია, კონსტიტუციის სათავისოდ ჩორკნა იქ გააგრძელოს?

მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი და პროცესისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუ ბოიკოტის შემდეგ პარტიები და არასამთავრობოები არ შეწყვეტდნენ კონსტიტუციაზე მუშაობას და ალტერნატიულ საკონსტიტუციო ინიციატივებს ერთობლივი ძალისხმევით, რომელიმე მაღალი ტრიბუნიდან გაახმოვანებდნენ. ასეთი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის“ ერთი ათად გართულდებოდა თუნდაც  პარლამენტში, თავისი 117 დეპუტატით, კონსტიტუციის კოსტიუმივით საკუთარ ტანზე მორგება.

ხელისუფლებისგან განსხვავებული საკონსტიტუციო ინიციატივების გაჟღერების შესაძლო ტრიბუნა, თეორიულად, მხოლოდ ერთია: ესაა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი ტრიბუნა. გულწრფელად ვთქვათ, _ ტრიბუნის გარდა იქ ისედაც აღარაფერია. პირველი კონტური იმისა, რომ მსგავსი პერსპექტივა რეალობად შეიძლება იქცეს, თითქოსდა უკვე გამოიკვეთა, მაგრამ ჯერ ძალზე არადამაჯერებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკმაოდ გაუგებრად, მაგრამ მაინც ამოილუღლუღა, რომ პროცესში ჩართვას გეგმავს და აპირებს, საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს. ალილუია!!!

ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ქვეყნის დღევანდელ პრეზიდენტს აკისრია, ის არის, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტი იყოს და ეს ფუნქცია ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით შეირაღებულმა შეასრულოს. ამ ყველაზე მაღალ ლეგიტიმაციას კი მას პირდაპირი წესით არჩევა აძლევს, რასაც, სხვათა შორის, „ოცნება“ გაუქმებას უპირებს. ჰოდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, _ რატომ არ ასრულებს პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი იმ ფუნქციას, რაც მათ უშუალოდ აქვთ დაკისრებული?.. ანუ რატომ არ იბრძვიან ღიად კონსტიტუციის დამახინჯების წინააღმდეგ?.. რატომ არ იბრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმის წინააღმდეგ, რომ მას ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ართმევენ ლეგიტიმაციას, ანუ ხალხის მიერ არჩევითობას?.. რატომ არ იბრძვის  პარტიული დემოკრატიის განადგურების  წინააღმდეგ?.. რა თქმა უნდა, ყველა ეს შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩება, მაგრამ ეგ ყველაზე ნაკლები უბედურება იქნება იმასთან შედარებით, თუ რას დაემსგავსება ქვეყნის მთავარი კანონი მას შემდეგ, რაც ყოველგვარი რეალური წინააღმდეგობის შემდეგ 117 ოცნებელი მის გაუპატიურებას შეუდგება.

ასე რომ, გადამწყვეტი ბრძოლა კონსტიტუციისთვის მწვავე ფაზაში შედის. ერთადერთი რეალური  ზა ძალთა გათანაბრებისა, პარტიების, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების  სრული კონსოლიდაციაა. შარშან ამ დროს საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით რაღაც მსგავსი უკვე იყო. დღეს სისტემასთან ერთად პინაზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დევს, რომელთა სწორად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, ქვეყანა მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებით დაიწყებს სვლას, თუ კვლავ ერთადერთი ალტერნატივის _ რევოლუციის _ იმედად დარჩება?

 

დემნა ვეშაპიძე