„აი, თითი“! „აი ხე“!

10424166_10203647361880002_1673651493_o

ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს. არადა, საზეიმო არც არაფერია. ან არ უწყიან, ან თავს არ უტყდებიან, ან კიდევ – ამომრჩეველს, ამ გამარჯვებაში რაოდენი დამარცხებაა. კი, რიხით გვიცხადებენ, რომ ნარმანიას 72%-მა მისცა ხმა. ფრთხილად, ფრთხილად, ე, მანდ, ზვიად გამსახურდიად არ შემოგვასაღოთ! დააყოლეთ, ბატონებო, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 72%-მა მისცა ხმა ნარმანიას და ისიც არ დაგავიწყდეთ, თბილისელი ამომრჩევლის რა პროცენტი გეწვიათ არჩევნებზე – 34,3%. რეალურად, თბილისის ამომრჩევლის ორმა მესამედმა ზურგი გაქციათ თქვენც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. როგორ ფიქრობთ, ესაა უფრო მნიშვნელოვანი მარცხი თუ ის გამარჯვება – ერთი მესამედი რომ მოვიდა არჩევნებზე და იმ ერთი მესამედის 72%-მა მოგცათ ხმა? თბილისის ბედი 222 000-მა კაცმა გადაწყვიტა.

არადა, რა არ იღონეს, თუნდაც ეს 34% რომ მიეყვანათ საარჩევნო ურნებთან? ისტორიაში ჯერ არ გაგონილი „სეილებიც“ კი მოიგონეს. მარკირებული თითით დედებს ბალღების „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“ 20%-იანი ფასდაკლებით წაყვანა შესთავაზეს, გაჩანაგებულ პენსიონერებს წამლების 22%-იანი ფასდაკლებით ყიდვა აფთიაქებში, „გუდვილი“ და „სმარტი“ 15%-იან სეილზე ეპატიჟებოდა ხალხს, „გალფი“ და „ვისოლი“ კი 5 თეთრით ნაკლებად უსხამდა ბენზინს. ეს მამაძაღლი, ამ ერთი დღით მაინც გექციათ რეალობად თქვენი წინასაარჩევნო ბოდვა-ლეგენდა და ლარით ნაკლებად ჩაგესხათ ბენზინი. აი, იმ ლარით, მიშა რომ ლიტრ ბენზინზე იდებდა ჯიბეში. რა იყო, 5 თეთრით მეტზე ვერ დაიყოლიეთ მიშა? არ გითმობთ? მოკლედ, რა მსუნაგია ეს მიშა, ძალაუფლება უდრტვინველად დათმო და ლიტრ ბენზინზე ლარს არ ელევა.

ლიტრი ბენზინი და მიშას ჯიბეში „მდინარი“ ლარი იქით იყოს და რაც თქვენ მოიმოქმედეთ, ცხადია, ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ რა არის, თუ არა ხვეწნა-მუდარა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მიგეყვანათ და მეტიც – მათი მიტყუება არჩევნებზე? და ვის დააჯერებთ, რომ ან ამ აფთიაქებს, ან სხვა კომპანიებს ასე აღელვებდათ ამომრჩევლის აქტივობა, ამხელა ხარკი რომ გაიღეს? ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ქოშებს ხომ წაღმა-უკუღმა გაისროდით და ერთ ამბავს ატეხდით, რომ მიშა ბიზნესზე ძალადობს? რაც მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა იყო, ახლა იმას კეთილი ნება დაარქვით? კი დაარქვით, მაგრამ რატომ არ კითხულობთ, სჯერა ეს ვინმეს თუ არა? თუ სულაც არ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ან არჩევნებზე მოსული ის 27%, ვინც ხმა მელიას მისცა, ან მეტიც – საერთოდ, ამომრჩევლის 66%, ვინც საერთოდ ზურგი აქცია არჩევნებს და თითის მარკირების ნაცვლად, თითების სულ სხვა კომბინაცია დაგანახვათ? ხომ არ გგონიათ, რომ ამ 66%-მა საერთოდ ხელი აიღო ყველაფერზე? არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ეს 66% გადაწყვეტს. თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ეს 66% თქვენიანები არიან, რომლებიც ბრმად გენდობიან, ისე ბრმად, რომ თავსაც არ იწუხებენ და არჩევნებზეც არ მოდიან. არც ის დაგავიწყდეთ, ან ეგ 72% როგორ მოაგროვეთ. კარგად გაიხსენეთ პირველი ტურის შედეგები. დათონორ ნარმანიამ 46% ძლივს აიღო, სულ 151 807 კაცმა მისცა ხმა. ახლა 46% 72%-ზე ავარდა და 151 807 კაცის ნაცვლად, 222 066-მა მისცა ხმა. ნამდვილი და არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, ნარმანიას პირველ ტურთან შედარებით 70 259 კაცით მეტმა მისცა ხმა. ამ 70 000-ს კაცს ახლა გაახსენდა არჩევნებში მონაწილეობა? ამ „სეილებით“ მიიზიდეთ, თუ ეს ის 70 ათასი ადამიანია, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცა ხმა? დაიხ, დიახ! დიმიტრი ლორთქიფანიძეს 42 208 კაცმა მისცა ხმა, ირმა ინაშვილს – 17 684-მა, კახა კუკავას – 7 642-მა, ანუ ჯამში 67 534 კაცმა და სწორედ ამათ ხომ არ მისცეს ხმა ახლა ნარმანიას? და ნეტა, რით მიიზიდეთ? „სეილებით“? თუ გიგი უგულავას დაჭერით? დიახ, ბატონებო, ამჯერად, სწორად გათვალეთ – გიგი უგულავასთვის ბორკილების დადებით – თანაც კამერების წინ სწორედ ამ აგრესიულად განწყობილი ელექტორატის გული მოიგეთ. მით უფრო იმ ბაკქანალიით, რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში დაატრიალეთ თუ ვერ აღკვეთეთ! წინასაარჩევნოდ მოწყობილმა ჰიჩკოკმა გაჭრა. შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის გული მოიგეთ და ხმებიც მოიზიდეთ, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ პროცესი „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარს ემსგავსება? როდემდე გადაუგდებთ ამგვარ ელექტორატს „ბარტყებს“? წინ კიდევ 2 წელი გაქვთ, 2 წლის შემდეგ არჩევნები და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ „ნაციონალები“? თუ მერე ხადურს „გადაუგდებთ“ და ამით მოიგებთ მათ გულს? არ ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აგრესიული ელექტორატი ისევ იმათ მისცემს ხმას, ვისაც აძლევდა? ვისაც მისცა პირველ ტურში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ორი მესამედი არც მივიდა არჩევნებზე, საზოგადოებაში უკვე აჩენს მესამე ძალის მოლოდინს. უკვე ჩნდება ვარაუდები, რომ ეს ორი მესამედი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. გარკვეულ თუ გაურკვეველ პირებს უკვე ესახებათ კიდეც ლევან ვასაძე ამ მესამე ძალად, მაგრამ სულ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეც, სწორედ ამ მეორე ტურზეც, შეგეწიათ ეკლესია ამბიონიდან – სამებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს ნარმანიას მხარდასაჭერად. აბა, სხვა რანაირად უნდა იქნეს გაგებული მისი ქადაგება, სადაც ის „ნაციონალებს“ გვერდზე განდგომისკენ მოუწოდებს? თავისთავად ცხადია, ქორეპისკოპოსის ძალისხმევამ ხელი შეუწყო და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც თქვენი გამარჯვება ამ მეორე ტურში, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიამ სწორედ ვასაძეს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის მოწოდებასაც აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებზე. ფაქტია, რომ მათი მოწოდების მიუხედავად, აქტივობა აქამდე არსებულ ყოველგვარ ნიშნულს ჩასცდა. საერთოდ კი რა ამის პასუხია და, ვინმე დაფიქრებულა, რომ, საერთოდ, ეკლესიის, თუნდაც პატრიარქის რეიტინგები რბილად, რომ ვთქვათ, გაზვიადებულია? დიახ, იმ მაღალ პროცენტებზე მოგახსენებთ, სხვადასხვა დროს რომ ფიქსირდებოდა კვლევებში, ხან 93%-იანი ნდობა, ხან 86%-იანი. კი მაგრამ, ამ მრავალეროვან საქართველოში 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი საქართველოს მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენენ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 250 ათასამდე სომეხი (5,7%), დამეთანხმებით, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ერის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან მართლმადიდებლები. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს 9,9% მუსლიმანია, 3,9% სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრევლია, 0,8% კათოლიკეა, ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ სხვადასხვა კონფესიები – იეღოვას მოწმეები, ბაპტისტები და ა. შ. და ამიხსენით, რანაირად აქვს პატრიარქს 93%-იანი ნდობა? არც ის დაივიწყოთ, რომ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი ეკლესიას და რწმენას სულაც აღარ აიგივებს, კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სულაც არ ენდობა სამღვდელოებას, რაც გასაკვირი სულაც არაა, მწამდეს ღმერთი, დავდიოდე ეკლესიაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვენდობი მათ, ვინც იქ ქადაგებს. მით უმეტეს, ვენდობოდე ისე ბრმად, რომ ვისზეც მეტყვის, ის შემოვხაზო არჩევნებზე. არავინ დაობს, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, იქნებ, საბედისწეროც, მაგრამ როცა ნდობა პროცენტებში გადაგვყავს, პროცენტებით ვილაპარაკოთ – როცა ტარანს ვითვლით, ტარანი ვთვალოთ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსის მოწოდებამ – არჩევნებზე მისულიყვნენ, დიდად ვეღარ გაზარდა აქტივობა და მცირეა ალბათობა, რომ ასპარეზზე მათი ხელდასხმით გამოსული ვასაძე ეგულებოდეს მესამე ძალად ელექტორატის იმ 66%-ს, რომელმაც ყური არ ათხოვა ქორეპისკოპოსის ქადაგებას. ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობებში რომ დიდი გადალაგება ხდება ფაქტია, ხომ ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქში „ოცნებას“ ხმა მისცა 433 700-მა კაცმა და ახლა, მეორე ტურში – 222 000-მა და, ლამის, ამდენივემ, – 211 000-მა კაცმა აღარ მოგცათ ხმა? თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მაშინ „ნაციონალებს“ დედაქალაქში 172 494 კაცმა მისცა ხმა და ახლა, ამ მეორე ტურში, 84 350-მა კაცმა, ანუ ხმები მათაც გაუნახევრდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რადარებიდან „გამქრალი“ ძალაა, თან ოპოზიციური და თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. და რომ ყველა უკეთურებაზე, პრობლემაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი და არა მათ. კი, ეჭვიც არ მაქვს, კვლავაც სარფიანად გადააბრალებთ მათ ყველა უბედურებას, „9 წელი“ კვლავაც აქტუალური იქნება, ამ „კოზირს“ თქვენგან ხელდასხმული ნარმანიაც არაერთხელ გამოიყენებს, ყინჩად გამოაცხადებს იმას, რომ გიგი-მაჰმად-ხანის აოხრებული თბილისი ჩაიბარა, რომ ამ ქალაქში არც შუქი იყო, არც წყალი და არც ის ყბადაღებული ასფალტი, 9 წელი რომ არავის უნდოდა ჭამა, მაგრამ იცოდეთ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. რომ ვერ გასტანს, სწორედ ამის დასტურია ეს დაბალი აქტივობა და ნუ გგონიათ, რომ ამ ორ წელიწადში ეს აქტივობა სათქვენოდ აიწევს. დამიჯერეთ, ამ საქმეს არც მილიონი ხე უშველის, ჯერ ერთი, რომ „ასი ქარხნის“ არ იყოს, ეგ მილიონი ხეც შეუსრულებადია და რომც შეასრულოთ, ეს თქვენი დარგული ხეები 2 წლის შემდეგ ჯერაც ნერგები იქნება – კოჭებსაც ვერ გაუნიავებს ელექტორატს და შედეგად არც ჩაგეთვლებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დიდად არც არავის ხიბლავს უსიერ, დაბურულ ტყეში ცხოვრების პერსპექტივა. მერწმუნეთ, არც იმ 222 ათას ამომრჩეველს მოეწონება „კრასნაია შაპოჩკასავით“ ტყეში ცუნცული. ნურც მესამე ძალის გამოჩენის და მისი სისუსტის იმედი გექნებათ. თუ ეს მოხდა, მით უფრო სავალალო შედეგი დადგება თქვენთვის, ხალხი ისევ `ნაციონალური მოძრაობისკენ~ იბრუნებს პირს. ინერტულობა, გულგრილობა დროებითი მდგომარეობაა, ახლა არ ჰქონდათ იმედი თქვენი დამარცხებისა და წაგებულ არჩევნებზე მისვლით თავი არ შეიწუხეს. როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი თქვენი მარცხის სურნელი დატრიალდება, სწორედაც რომ არ დაეზარებათ არჩევნებზე მოსვლა და თქვენი შემოხაზვა კი არა – თქვენთვის მოხაზვა. განა, ასე არ იყო ოქტომბრის არჩევნებზე? ნუ გგონიათ, რომ მაშინ თქვენ გამოგყვნენ. არა, ბატონებო, მათ სჯერათ, რომ ფულს დიდი ძალა აქვს და დაიჯერეს, რომ ეს დიდი ფული დაამარცხებდა წინა ხელისუფლებას და ამაში არც შემცდარან. მერე რა, რომ იმაში შეცდნენ, რომ ეს ფული მათზე განაწილდებოდა? ხოდა, ამ თავის შეცდომასაც თქვენ გადენენ ძმრად, აბა, თავის თავს ხომ არ დასჯიან? ლომის არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო?.. დიახ, თავის შეცდომაზეც თქვენ გაგებინებენ პასუხს და თქვენს უნიათობაზე და შეცდომებზეც. „მაკდონალდსში“ შეღავათიან ფასად მოხვედრით ვეღარ მოიტყუებთ ურნებთან, აღარც დაგჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, ისე მოვლენ და გაგისტუმრებენ პოლიტიკური საიქიოს გზას. მერე თქვენგან გარიყული პრეზიდენტიც კიდევ უფრო მიეცემა სევდას და ვეღარც მოგილოცავთ გამარჯვებას. მას ხომ ეს ფუნქციაღა დაუტოვეთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეთ, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე არ დაატირებინეთ, მადლობა ღმერთს, ნარმანიასთვის მაინც მიალოცინეთ გამარჯვება, მაგრამ იქნება და სჯობდა ახლაც დაგებრიყვებინათ? ხანდახან მგონია, რომ ღარიბაშვილი არც ტყუის მასთან, გასაქანს რომ არ აძლევს. მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვიქნებოდი, თავად ღარიბაშვილი რომ უარესი „სიბრძნეებით“ არ გვიმასპინძლდებოდეს. ახლა კი ბატონმა პრეზიდენტმა რა ბრძანა? თურმე, ეს ყოფილა ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, – ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ, იქნებ, განგვიმარტოს, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ სადაური ხურმაა? ინდის? ან რომელ ისტორიულ მომენტზე საუბრობს? ერთი მისი არჩევა იყო ისტორიული მომენტი და მეორე ახლა გვიდგას ეს ისტორიული მომენტი. ისე, მეტი ისტორიული მომენტი რა გინდა, ავირჩიეთ (უფრო სწორად – აირჩიეთ, კიდევ უფრო სწორად – ბიძინამ აირჩია) პრეზიდენტი, რომელიც ქსოვით იქცევს თავს და იქარვებს მარტოობით მოგვრილ კაეშანს და საინტერესოა, მერი ნარმანია რით შეიქცევს თავს, თუკი მასაც დაუქნევენ თითს? სწავლა სიბერემდეო და, ალბათ, ბატონი პრეზიდენტი არ დაზარდება, შეასწავლის ქსოვას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამომრჩეველი მათაც და მათთვის თითის დამქნევსაც ერთად არ დაუქნევს მარკირებულ თითს, ან მეტიც – არ აჩვენებს სამი თითის კომბინაციას.

 

                                                                                                  რეზო შატაკიშვილი