ევროკავშირთან სავიზო რეჟიმიდან _ ლიბერალიზაციამდე

2 თებერვალს ევროპარლამენტმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა. სავარაუდოდ, მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ. პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონმდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.

რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე?

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის საფუძველზე განისაზღვრა და უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი 2012 წელს გაიხსნა, რასაც წინ უსწრებდა საქართველო-ევროკავშირს შორის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია (2011 წლის 1-ლი მარტიდან).

2013 წლის თებერვალში საქართველოს მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის მოთხოვნების შესრულებაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმამ რეფორმების განხორციელების ქმედითი ინსტრუმენტის ფუნქცია შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მასშტაბური რეფორმები, რაც მოიცავდა, დაახლოებით, 15 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის მართვისა და მიგრაციის, ასევე დანაშაულთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებს. საერთო ჯამში, სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად მიღებულ იქნა 130-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, დამტკიცდა 8 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა ახალი მექანიზმები.

 

სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

დოკუმენტების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება; მიგრაციის მართვის პოლიტიკისა და საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაცია _ სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია; ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია; საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება; შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღება და სხვა.

 

სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს მონიტორინგს უწევდა ევროკომისია ექსპერტთა შემფასებელი მისიების ვიზიტების განხორციელების გზით და პერიოდულად ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგენდა ანგარიშს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე (22 მისია და 4 ანგარიში);

2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რიგით მე-4 საბოლოო ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველომ ყველა შესაბამისი მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა. 2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ. 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის შეთანხმდა რეგულაციის საბოლოო ტექსტი, რომელიც 20 დეკემბერს დაამტკიცა ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, ხოლო 2017 წლის 12 იანვარს _ ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა. 2 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს კენჭი ეყარა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ. რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

 

უვიზო მიმოსვლის პირობები

 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს (გადაბმულად, ან დღეების გადანაწილებით) ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა: ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრების გამართვა, საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა, კულტურულ, სამეცნიერო, ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა, ან სტაჟირება, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და ა. შ. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, ხანგრძლივი სწავლის, ან მუშაობის მიზნით. 90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად, ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გარკვეული პერიოდით (5 წლამდე ვადით). გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს და საბოლოო გადაწყვეტილებას შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე მიიღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზნის დასადასტურებლად გამოდგება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მოტივაციას შეუქმნის, ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება განახლებული შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლასთან ერთად, რომელიც ადგენს დამატებით კრიტერიუმებს უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების ვადებს და ამარტივებს პროცედურას. დამატებითი დაცვის გარანტიების შექმნის აუცილებლობა განაპირობა ევროკავშირში შექმნილმა მიგრაციულმა კრიზისმა. ამ ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მოქნილი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვან შემთხვევაში დროული და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

 

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება შემდეგ შემთხვევებში:

 

შესაბამისი მესამე ქვეყნიდან 1) შენგენის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობისა და შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა; 2) თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განცხადებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 3) რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება _ რეადმისიის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 4) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი და შიდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილი საფრთხე, რომელიც უკავშირდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევას, ან ბოროტად გამოყენებას. საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცვას შესაბამისი მოთხოვნები, მიმღები ქვეყნების კანონმდებლობა და საფრთხის ქვეშ არ დააყენოს როგორც საკუთარი თავი, ასევე, ზოგადად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ, მის დადებით მხარეზე და ასევე, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს, „ქრონიკა+“- ესაუბრებაევროპული კვლევების ცენტრისხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი:

_ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას უამრავი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, ეს ძალიან კარგია ახალგაზრდებისთვის. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ყველას არ აქვს უცხოეთში წასასვლელი ფული, როგორ უნდა გამოიყენოს ეს უვიზო მიმოსლა და ა. შ. სინამდვილეში, ახალგაზრდებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ წავიდნენ, მეგობრები გაიცნონ, მათ სულ არ სჭირდებათ ძვირიანი სასტუმროები, ან რაიმე განსაკუთრებული კომფორტი, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ქალაქის დათვალიერება, თანატოლების გაცნობა, მეგობრების გაჩენა, შეუძლიათ, მათთან დარჩნენ, მერე ისინი ჩამოვიდნენ მათთან სტუმრად და ა. შ. ერთი სიტყვით, ადამიანური ურთიერთობებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. რაც შეეხება სხვა სიკეთეებს, ბევრია ოჯახები, რომლებსაც ევროპაში ახლობლები ჰყავთ, ისინი იქ მუშაობენ და ცხოვრობენ, დროებით, მაგრამ ხანგრძლივად. ოფიციალური მონაცემებით, საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ევროპაში, დაახლოებით, 200 000 ადამიანამდეა გასული, ბევრ მათგანს არ აქვს საშუალება, რომ ახლობლები ნახოს, ახლა ნებისმიერი ოჯახის წევრს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ წავიდეს. ისეც მნიშვნელოვანია, რომ თუ სასწრაფოდ სჭირდება წასვლა, იმ პროცედურებს აღარ გაივლის, რომელიც აქამდე იყო და საკმაო დროს მოითხოვდა. მესამე _ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურს ეძებენ, სპეციალობა აქვთ, მაღალი პროფესიონალური მონაცემები, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, იქ შეხვდნენ ადამიანებს, ესაუბრონ და საკუთარი თავი აჩვენონ. ვიზალიბერალიზაცია შეიძლება გამოვიყენოთ სწორედ ასეთი მიმართულებითაც. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას, მაგრამ თუ ისინი მოძებნიან და შესაბამის სამსახურს იპოვიან, ხალხს გაიცნობენ და ა. შ., ადვილი შესაძლებელია, სამუშაო ვიზაზე განაცხადი გააკეთონ მათი სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის გამო. ევროკავშირის კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა და სამუშაო ვიზის გაცემის პროცედურები გამარტივებულია. სამოგზაუროდაც ძალიან კარგია, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს არ აქვთ დრო, გამოუჩნდებათ რაღაც რესურსები და სურთ ევროპაში წასვლა. სავიზო პროცედურები, მოგეხსენებათ, დროსთან და სირთულესთან იყო დაკავშირებული, დოკუმენტების შეგროვებისა და ჩაბარების შემდეგ ისიც კი არ იცოდნენ, მიიღებდნენ თუ არა ვიზას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აფერხებდა მოგზაურობის პროცესს და ამიტომ ადამიანები აღარ მიდიოდნენ ევროპაში სტუმრობის მიზნით, გნებავთ, დასასვნელებლად თუ დასათვალიერებლად რამდენიმე დღით. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია ასეთი შესაძლებლობის ქონა. უბრალოდ, პასპორტს იღებ და მიდიხარ. ძალიან დადებითია ის, რომ მეტი სტიმული გაუჩნდათ ადამიანებს _ გაიცნონ ევროპა, ნახონ ევროპული კულტურა და იქაური პირობები. დღეს საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ანტიდასავლური პროპაგანდა, ამ ფონზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახონ, დარწმუნდნენ და მიხვდნენ, იქ რა ხდება. სჯობს, ადამიანებმა თვითონ ნახონ, რამდენად შორს არის წასული ევროპული კულტურა სხვა ქვეყნებთან შედარებით და რამდენად არის ადამიანზე ორიენტირებული, რამდენად ჰუმანურია და ა. შ. ფართოდ რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ეს ჩვენ პოლიტიკურად მეტად გვაახლოებს ევროპასთან. ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, რა თქმა უნდა, ამის საწინდარია და დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისითაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის მოკავშირეა და ქვეყანა, რომლის ნდობაც აქვთ. ეს კი პოლიტიკური დაახლოების მაჩვენებელია.

_ რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციას, თუნდაც, რუსეთის მხრიდან?

_ მე ამას უარყოფითს არ ვუწოდებდი, მაგრამ რუსული პროპაგანდა და რუსული მცდელობები, რომ ამის დადებითი ეფექტი გაანულონ, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ვნახეთ შედეგები, მაგალითად, მოლდოვაში, რომ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა, მათ ეკონომიკურადაც ბევრი პრობლემა შეუქმნეს და ა. შ. საქართველოს მიმართაც, რა თქმა უნდა, გარკვეული პოლიტიკა შეიცვლება. როგორი მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს? ალბათ, რუსეთი შეეცდება, თვითონაც უვიზო მიმოსვლა გახადოს საქართელოსთან; მეორეა ზეწოლისა და დესტაბილიზაციის მცდელობა. არ მეშინია, რომ ვთქვა, რუსეთი უფრო მეორეზე იქნება ორიენტირებული და შეეცდება, მეტი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე იმისთვის, რომ მეტად არ გაიზარდოს საქართველოსთვის ევროპული ვექტორი.

 

თამარ ბატიაშვილი