ზაქარია ქუცნაშვილის კომფორტის ზონა

ის თავიდანვე მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა 2012 წელს ახალარჩეული პარლამენტი ახალი წევრებით შეივსო. ყურადღება თავისი ვარცხნილობის გამოც მიიქცია. ალბათ, მიხვდით, ვისზეა საუბარი: განათლებით სამართალმცოდნე, ადვოკატი, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო სამართლებრივ საკითხებში; მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში; იყო თბილისის საკრებულოს წევრი; 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი; 2005 წლიდან დღემდე არის ასოციაცია „კანონი ხალხისთვის“ თავმჯდომარე; 2007 წლიდან არის კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი და საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; 2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი თიანეთის ოლქიდან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

 

მისი ოჯახის საკუთრებაში 3 საცხოვრებელი სახლი, 8 მიწის ნაკვეთი და 3 არასაცხოვრებელი ფართია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 88.00 კვ.მ.-ის საცხოვრებელ სახლს ფლობს ბათუმში გორგასლის ქუჩაზე, ასევე, 89.00 კვ.მ.-ის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე; მიწის ნაკვეთის 33%-იანი წილის მფლობელია თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, რომლის ფართობიც 941.00 კვ.მ.-ია (მეწილე პეტრე ქიტესაშვილი); გარდა ამისა, ქუცნაშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთის 70%-იანი წილი თიანეთში, ხევსურთსოფელში, რომლის ფართობიც 602.00 კვ.მ.-ია; ქუცნაშვილი ამავე ტერიტორიაზე ფლობს 345.92 კვ.მ.-ის  არასაცხოვრებელი ფართის 70%-იან წილს;

აღნიშნულის გარდა, დეკლარაციის მიხედვით, ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს 135.00 კვ.მ.-ის არასაცხოვრებელი ფართის 100%-იან წილს თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში და ამავე სოფელში მდებარე 137.00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთს;

დეპუტატის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა  Toyota Land Cruzer Prado. მსგავსი საკითხების ჩამოთვლა ბევრს არაფერს მოგვცემს, ამიტომ უშუალოდ მისი კომფორტის ზონის აღწერაზე გადავალ.

დეკლარაციაში კონკრეტული  საცხოვრებელი ზუსტად მითითებული არ არის, ამიტომ ამის გასაგებად ჟურნალისტური კონტაქტების გამოყეება დაგვჭირდა, საბოლოოდ კი დავადგინეთ, რომ საირმის გორაზე, იქ, სადაც, ძირითადად, კერძო სახლები ამაყადაა ქუჩებზე წამოჭიმული, ერთ-ერთი სწორედ მისია. რომელი? _ ამას ადგილზე მისვლა და დადგენა სჭირდებოდა, ამიტომ იანვრის ყინვიან დღეს მეც დანიშნულების პუნქტისკენ გავემართე, რომელიც იყო გორა, საიდანაც ჩვენი გმირის სახლი იპოდრომსა და ნახევარ თბილისს გადაჰყურებდა.

იმის გამო, რომ ფეხით დიდი ხანი დასჭირდებოდა იქ ასვლას, ტაქსიში ჩავჯექი, რომელმაც წინა შემთხვევისგან განსხვავებით (თეა წულუკიანის კომფორტის ზონის აღწერისას ტაქსის შემთხვევა), არ იცოდა, თუ კონკრეტულად სად მდებარეობდა დღევანდელი გმირის საცხოვრებელი, ამიტომ იმის იმედად, რომ გზაში ვიკითხავდით და ასე დავადგენდით მდებარეობას, გზას გავუდექით. ტაქსის მძღოლმა მითხრა, გორაზე რომ ავალთ, ერთ მონაკვეთზე ბევრი ტაქსი ერთად დგას და რომელიმე მძღოლს ვკითხავო, _ კარგი-მეთქი და წავედით. მაინცდამაინც ამ დღეს არ დაგვხვდა ის ხსენებული ტაქსები თავიანთი მძღოლებით შეგულიანებულ ადგილზე, მაგრამ ამას არ შევუშინებივართ და გზა განვაგრძეთ.

საირმის გორაზე, სკოლას რომ გასცდებით, ერთი დაღმართი მარჯვნივ, ქალაქში გაგიყვანთ, მეორე კი ცოტა აღმართია და კვლავ კერძო სახლებისკენ გაცილებთ. ჩვენც მარცხნივ წავედით და ჩვენკენ მომავალ თეთრი ჯიპის საჭესთან მჯდომ ქალბატონს ვთხოვეთ, ქუცნაშვილის სახლი მიესწავლებინა, მანაც გვითხრა, _ გზას რომ გააგრძელებთ, მემორიალია, მის მოპირდაპირედ კი ვისაც ეძებთ, იმის სახლიო. ჩვენც წავედით. მემორიალი ვერსად ვნახეთ, ერთ მონაკვეთზე ნაძვის ხეები იდგა, შემდეგ _ მშენებარე და აშენებული სახლები, ქუჩაში არავინ იყო, რომ რაიმე გვეკითხა, ამიტომ უკან წამოვედით, აქ მაღალი შენობა შევნიშნეთ, სავარაუდოდ, სასტუმრო, ან საცხოვრებელი კორპუსი (უფრო მეორე), ამ შენობის წინ კი დაცვის კაბინა იყო, მასთან მივედი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, ზაქარია ქუცნაშვილის კომფორტის ზონაზე ვწერ, ხომ არ იცით, რომელია მისი საცხოვრებელი?

_ როგორ არ ვიცი, აი, წინ გააგრძელე გზა და იმ ნაძვებში რომ მემორიალია, იმის უკან დგას ყვითელი სახლი _ ისაა.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის.

ტაქსი გავისტუმრე და ამ სახლისკენ წავედი. სწორ და ახალ ასფალტს კორპუსსა და ნაძვებს შორის მოქცეული ყვითელი სახლისკენ მივყავართ. მემორიალი ნაძვებს შორის აღმართული რამდენიმე ჯვარი ყოფილა, ამის უკან კი ყვითელი,  სამსართულიანი სახლია (კი გავიფიქრე, ყვითელი კერძო სახლები მთავრობის წევრებისთვის საკმაოდ აქტულურია-მეთქი, მაგრამ ამას ვის ვეტყოდი თქვენ გარდა, ჰოდა, აგერ გეუბნებით). ჭიშკარი მაღალი, შავი გისოსების მსგავსი (ოღონდ, უფრო დახვეწილი ორნამენტებით), ცისკენ აშვერილ ისარს რომ მოგაგონებთ, ისეთი იყო და თავზე მრგვალი თეთრი სანათები ეკეთა. სახლთან არც კამერები და არც სულიერის ჭაჭანება არ შემინიშნავს, მხოლოდ გარეთ იდგა შავი ჯიპი.

სახლს ფოტოები გადავუღე წინა ხედითაც და ზღურბლზეც, მერე წამოვედი. გზად ისევ იმ დაცვას შევუარე. ახლა მაინტერესებდა, ჩვენს გმირს თუ იცნობდა, რა შეხება ჰქონდა და როგორი ადამიანი იყო ზაქარია ქუცნაშვილი ჩვეულებრივ ურთიერთობაში.

_ გამარჯობა, ყველაფერი ვნახე და თქვენთან დავბრუნდი, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

_ ზარზე არ დარეკეთ მასთან?

_ არა, უშუალოდ მასზე მაინტერესებს თქვენგან, როგორც მეზობლისგან, რომ მითხრათ, ხომ შეგიძლიათ?

_ კი ბატონო, გისმენთ.

_ როგორი მეზობელია?

_ კარგი მეზობელია, კარგი, სალმიანი, კარგი ოჯახი და „ჯიგრიანი“ ხალხია.

_ მშობლებიც აქ ცხოვრობენ, თუ მხოლოდ მეუღლე და ბავშვები?

_ დიახ, დიახ, მშობლებთან ერთად.

_ ბავშვები აქ დადიან სკოლაში? თუ იცნობთ?

_ კი, აქ დადიან, გვერდით რომ სკოლაა იქ. გოგო-ბიჭი ჰყავს.

_ აქ სეირნობენ ხოლმე? სად ნახულობთ?

_ თვითონ მანქანით მოძრაობს და ბავშვები აქვე, სკოლაში რომ დადიან, გადადიან ხოლმე ფეხით.

_ ანუ პირადად იცნობთ.

_ კი, კი ძალიან პატიოსანი და პატივსაცემი ოჯახია, პატივისცემაც იციან უბანშიც.

_ უბანშიც გამოდის ხოლმე თვითონ?

_ კი, რამე რომ იყოს, გამოდის ხოლმე, მოგესალმება, დაგელაპარაკება.

_ დიდი მადლობა. ბედნიერად იყავით.

_ არაფრის, გაიხარეთ.

დავემშვიდობე და წამოვედი. გზაში ერთი ქალბატონი შევნიშნე, ლურჯი ბერეტი ეხურა და ამავე ფერის სვიტერი ეცვა შავი პალტოს შიგნით. აშკარად იმ ქუჩისკენ ჰქონდა გეზი აღებული, საიდანაც წეღან მე გამოვედი. მასაც ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა მაინტერესებდა. მიპასუხა:

_ აქ ცხოვრობს, კი, ვიცი, მაგრამ მე სტუმრად ვარ და რამდენჯერაც მოვსულვარ, არასდროს მომიკრავს თვალი.

_ კარგი, გმადლობთ.

ამ ქალბატონს რომ დავშორდი, იქვე მაღაზია შევნიშნე, ოღონდ ჩვეულებრივი სასურსათო _ არა, სამკაულები და ტანსაცმელი იყიდებოდა, თან არც ისე ბევრი პროდუქცია იდო და, ძირითადად, ხელნაკეთი ნივთებით იყო სავსე მაგიდები. არა მგონია, ჩვენი სტატიის გმირი აქ შემოდიოდეს ხოლმე, მაგრამ მაინც შევედი.

ოთახის ბოლოში მაგიდასთან ერთი ქალბატონი იჯდა, გამყიდველი იყო, ერთიც სხვა მაგიდასთან იდგა და რაღაც ხელნაკეთ სამკაულებს ათვალიერებდა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, ზაქარია ქუცნაშვილის კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერესებს, როგორი ადამიანია ჩვეულებრივ ურთიერთობაში?

_ ვიცი, მაგრამ არ მინახავს.

_ ზაქარია ქუცნაშვილი ამ კორპუსში ცხოვრობს? _ ჩაერთო დიალოგში ის ქალბატონი, წეღან რომ სამკაულებს არჩევდა, კარგი, არ გადამრიო (ისე გაიკვირვა, ცოტა ხელოვნურადაც კი მეჩვენა).

_ ჰო, აგერ, უკან ქუჩაზე ცხოვრობს, ოღონდ, კერძო სახლში, კორპუსში _ არა, _ ჩემ მაგივრად უპასუხა გამყიდველმა.

_ ანუ თქვენთან არ შემოდის ხოლმე? _ ჩავერთე საუბარში მეც და ამ გამყიდველს მივმართე.

_ არა, აქ არ შემოდის, თორემ ასეთ მაღაზიაში რომ შემოვიდეს, კარგია, ცოტას ივაჭრებდა მაინც.

_ მეუღლე მაინც არ შემოდის ხოლმე, თვითონ თუ არა?

_ არ ვიცი, აი, არ შემოდის ეგეთი მდიდარი ხალხი ასეთ მაღაზიაში და რა გინდა, ქნა?

_ დიდი მადლობა, წარმატება თქვენს მაღაზიას-მეთქი, _ ვუსურვე და კარი გავაღე, რომ გარეთ გამოვსულიყავი და ამ დროს შუა ხნის ქალი შემოვიდა. ვიფიქრე, იქნებ, მან იცოდეს დეპუტატის შესახებ-მეთქი და ვკითხე:

_ უკაცრავად, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს ხომ არ იცნობთ?

_ არა, არ ვიცი. მე აქ არ ვცხოვრობ, მე აქ ვმუშაობ.

_ კარგი, გმადლობთ.

მაღაზიიდან გამოვედი და მის გვერდით ფართი დავინახე, დიდი ასოებით ეწერა: „მარკეტი“, მაგრამ, ჯერ კიდევ, არემონტებდნენ და შიგნით არავინ ჩანდა, ამიტომ სკოლისკენ გავაგრძელე გზა.

ჩემკენ ახალგაზრდა ქალი მოდიოდა, გავაჩერე:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ. ზაქარია ქუცნაშვილზე მაინტერესებს, აქ ცხოვრობს და ხომ არ იცნობთ?

_ ბავშვთან მაგვიანდება, არა, არ ვიცი, არ ვიცნობ.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვუთხარი და გზა გავაგრძელე. როგორც კი ჩამიარა, აშკარად გავიგონე, რომ თავისთვის ჩაილაპარაკა: „არაფერს არ ვიტყვი“. მაგრამ არაფერი მითქვამს, გზა გავაგრძელე.

ახლოს სკოლა იყო, ყველა ამბობდა, რომ ბავშვთან მიდიოდა და ეჩქარებოდა, მაგრამ კითხვაზე რამდენად გულწრფელად მპასუხობდნენ, უკვე აღარ ვიცოდი, რადგან როცა ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ყველა გაურბოდა პასუხს, თუმცა მე მაინც მკაცრად ვიცავდი ჟურნალისტურ ეთიკას და ყველას ვაფრთხილებდი, ვინც ვიყავი, საიდან და რატომ ვეკითხებოდი რამეს. მხოლოდ ის მაინტერესებდა, თუ როგორი ადამიანი და მეზობელი იყო ჩვენი დეპუტატი, სულ ეს იყო.

სკოლისკენ შავ ტყავის ქურთუკსა და შავ შარვალში გამოწყობილი მამაკაცი მოდიოდა, მარჯვენა ხელით მობილური ეჭირა და ვიღაცასთან დარეკვას ცდილობდა, აშკარად ეტყობოდა, რომ არ ლაპარაკობდა. ყურთან მიდებულ ხელზე აშკარად შესამჩნევი იყო დიდი ოქროს საქორწინო ბეჭედი, რომელიც არათითზე ეკეთა. ვიფიქრე, რადგან დაოჯახებულია და სკოლისკენ მოდის, ალბათ, ბავშვი ჰყავს აქ და თუ ბავშვი ამ სკოლაში ჰყავს, ესე იგი, სადღაც ახლოს ცხოვრობს, თან იმ მხრიდან მოდიოდა, სადაც წეღან ზაქარიას სახლი დავტოვე და (ქალური ლოგიკით ამის წამებში გაფიქრების შემდეგ) ქურთუკიან კაცთან მივედი:

_ გამარჯობა, ბოდიში, საუბარს რომ გაწყვეტინებთ, ჟურნალისტი ვარ, უბრალოდ, მაინტერესებს, ბატონ ზაქარიას თუ იცნობთ?

_ ვინ ზაქარიას?

_ ქუცნაშვილს.

_ შორიდან კი.

_ ანუ აქ ცხოვრობთ თქვენც და ნანახი გყავთ?

_ კი, ამ უბნელი ვარ მეც, ამ სკოლაში დავდიოდი და ზაქარიაც აქ გაიზარდა, როგორც ვიცი.

_ აქ ხედავდით ხოლმე თქვენ?

_ ადრე კი ვხედავდი ხოლმე და ახლა იშვიათად.

_ კარგი, გმადლობთ.

_ არაფრის, კარგად.

სკოლასთან მივედი, იქნებ, ზაქარიას ბავშვების მასწავლებელი გამოსულიყო და ეთქვა, როგორია როგორც მამა, აკითხავს თუ არა თავის ბავშვებს სკოლის მერე, ან რაიმე მსგავსი. ამ დროს სკოლის შენობიდან შუა ხნის ქალბატონი გამოვიდა. ჭაღარა თმა ჰქონდა, კრემისფერი პალტო ეცვა და თავზე მხედველობის სათვალე ეკეთა, თან გვერდით პატარა გოგონა მოჰყვებოდა, ეტყობოდა, შვილი იყო, ამ გოგონას ვარდისფერი ჩანთა კი დედამისს ეჭირა.

_ გამარჯობა, გაზეთ „ქრონიკა+“-ს წარმოვადგენ, ორიოდე კითხვა მექნება ბატონ ზაქარია ქუცნაშვილზე, თუ იცნობთ?

_ ბატონ ზაქარიას ტელევიზორიდან და თავისი მოღვაწეობიდან ვიცნობთ.

_ ბავშვები აქ, ამ სკოლაში დადიან, თვალი არ მოგიკრავთ მისთვის?

_ მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცი ჩვენი დეპუტატი და ბავშვები არ ვიცი, მე აქ არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ დედამისი ცხოვრობს აქ, კერძო სახლები რომ არის გვერდით ქუჩაზე.

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

უკვე სკოლასთან არავინ იყო, ამიტომ უკან გამოვბრუნდი, გზად ერთი დაბალი, კოხტად ჩაცმული მამაკაცი შევნიშნე, ეტყობოდა, რომ ბავშვი გამოიყვანა სკოლიდან და ახლა მანქანაში სვამდა ბიჭუნას. თან სკოლის ამბებს ეკითხებოდა და ეს პატარა კი თავგამოდებით იცავდა თავის პოზიციას მანქანაში წინ ჯდომასთან დაკავშირებით.

ამ მამაკაცსაც იმავე კითხვით მივმართე, ოღონდ ჯერ ავუხსენი, ვინ ვიყავი.

_ უკაცრავად, ზაქარია ქუცნაშვილს თუ იცნობთ?

_ არა, ნამდვილად არა.

_ აქ მაინც არ გინახავთ? თვალი არ მოგიკრავთ?

_ არა, არასდროს, აქ თუ ცხოვრობდა, ისიც არ ვიცოდი.

_ გმადლობთ.

სკოლის კიდეზე გაჩერებული ტაქსი შევნიშნე, ვიფიქრე, შესაძლო იყო, რომ სცოდნოდა ის, რაც მე მაინტერესებდა და მივედი.

_ გამარჯობა, ჩვენი მთავრობის დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს თუ იცნობთ?

_ პირადად არ ვიცნობ.

_ ისე, აქ გინახავთ?

_ არა, რატომ უნდა ვნახო?

_ აქ ცხოვრობს და იმიტომ.

_ არა, ნამდვილად არ მინახავს.

_ გასაგებია, გმადლობთ, კარგად იყავით.

_ კარგად.

ამავე ტაქსის მძღოლს ვუთხარი, ცენტრალურ გზაზე გასასვლელი ესწავლებინა, რომ ამ გორიდან სწრაფად დავშვებულიყავი. მანაც იმ გზისკენ მიმითითა, სტატიის დასაწყისში რომ ვახსენე, _ ორი გზა იყოფა, ერთი მარცხნივ, ქუცნაშვილის სახლისკენ, მეორე კი მარჯვნივ _ ქალაქისკენ-მეთქი.

მეც მარჯვნივ წავედი, ზაქარიას ყვითელი, გორაზე აღმართული სახლი უკან მოვიტოვე.

მისი კომფორტის ზონა არ დამირღვევია, ისე კი გავიგე სად, ვისთან და როგორ ცხოვრობს. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს „ქრონიკა+“-ის მკითხველს ტრადიციული რუბრიკა ტრადიციულად გაზეთში დახვედროდა.

 

 

ნინო ტაბაღუა