ქუთაისის გასხვისებული ქონება და უფუნქციო კომისია

ქუთაისის საკრებულოში შექმნილი კომისის დასკვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ქალაქში ქონება კანონიერად სხვისდებოდა. 6 თვე გავიდა, რაც ქუთაისის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც 2006-2015 წლებში გასხვისებული უძრავი ქონების კანონიერება უნდა შეესწავლა.

კომისიის შექმნის იდეა საკრებულოს დეპუტატს, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს, ნატო ქათამაძეს ეკუთვნოდა, რომლის განცხადებითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ხშირად არაკანონიერად სხვისდებოდა, რის გამოც ბიუჯეტი სერიოზულად ზარალდებოდა. ქათამაძე კომისიის ფარგლებში ასეთი ფაქტების გამოვლენასა და კანონდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ღონისძიების გატარებას მოითხოვდა. ქალაქის საკანონმდებლო ორგანომ კომისიის შექმნას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაუჭირა მხარი და, ალბათ, მეტი დემოკრატიულობისთვის, შესასწავლი პერიოდი 2015 წლამდე გაზარდა, ხოლო კომისიის თავმჯდომარეობა მისი შექმნის ინიციატორის მაგიერ საკრებულოს წევრს, გია ქობალიანს დაავალა, რომლის პატიოსნებაშიც ნატო ქათამაძეს ეჭვი არ ეპარება, მაგრამ მსგავსი საკითხების შესწავლისთვის საჭირო გამოცდილების არქონას და კომპეტენციას უწუნებს.

„მე ვერავინ დამაბრალებს „ნაციონალების“ მხარეს ყოფნას, მაგრამ ისინი ჭკვიანები არიან და კარგადაც იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, რომ კანონი არ დაერღვიათ“, _ ასეთი შეფასება გააკეთა კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე კოლეგებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. 6 თვის მანძილზე კომისიამ 800-ზე მეტი ობიექტის გასხვისების სკითხი შეისწავლა და გაარკვია, რომ არც ერთთან დაკავშირებით რაიმე სახის კანონდარღვევა არ იკვეთება. მხოლოდ გადაწყვეტილებების მორალურ მხარეზე კეთდება აქცენტი.

 

გია ქობალიანი _ კომისიის თავმჯდომარე:

_ რა პერიოდის მასალების შესწავლა მოახერხა კომისიამ და რა გაირკვა?

_ ჩვენ 2006-2015 წლების პერიოდს უნდა გავცნობოდით, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ 2006 წლის მასალები მერიაში არ მოიპოვებოდა, რის გამოც, ხელმიუწვდომელი გახდა ჩვენთვის და, ფაქტობრივად, 2007 წლიდან დავიწყეთ. სულ 800-ზე მეტი ობიექტი იქნა შესწავლილი. მართალია, საერთო ჯამში, მათი გაყიდვის შედეგად შემოსულმა თანხამ 10 მილიონამდე შეადგინა, მაგრამ წლების მიხედვით თუ გავყოფთ, მაინცდამაინც, დიდი შემოსავალი არ არის. ობიექტები გასხვისებულია მაშინდელი კანონმდებლობის შესაბამისად. აი, ეს არის ყველაზე ცუდი.

_ რატომ არის ცუდი?

_ მათ კანონიერად დაარეგისტრირეს ზოგიერთი რამ და მერე გაყიდეს, რაც არ უნდა გაყიდულიყო. მაგალითად, ტერიტორია, რომელიც სკვერის სახით იყო განკარგული, რეალურად არ გახლდათ სკვერი, მაგრამ სტატუსი მიენიჭა და აღნაგობის უფლებით 30-50 წლით გაიცა. მიწა სახელმწიფოს დარჩა, ხოლო შენობა სხვისია. ძირითადად არის მაღაზიები, სამრეცხაოები და კვების ობიექტები. ასეთი სახით ობიექტები გასხვისებულია ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ განსაკუთრებით ბარბაროსულად სკვერის სტატუსი რომ მიანიჭეს და შემდეგ გაყიდეს, ეს არის ნიკეას ქუჩა. ძირითადად, ახლა იქ უსახური და გაუმართლებელი ობიექტებია.

_ როდის გასხვისდა ყველაზე მეტი ობიექტი?

_ ბუმი იყო 2008 წელს და 2013-ში, მაშინაც, როდესაც ხელისუფლების გადაბარება ხდებოდა.

_ კომისიას უნდა შეესწავლა პერიოდი, რომელიც, ასევე, მოიცავს ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობასაც. ობიექტების გასხვისების ფორმების კუთხით განსხვავება არის? და რა ხდებოდა 2013 წლის შემდეგ?

_ დიახ, ესაა 2014-15 წლები. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება იდეალურია, მაგრამ როცა მოვედით, ელექტრონული აუქციონი შემოვიღეთ. 2014 წელს გასხვისდა 69, ხოლო 2015 წელს _ 75 ობიექტი.

_ ამ წლებში ობიექტების გასხვისების კანონიერება ეჭვს არ იწვევს?

_ ნაკლებად. თუმცა საკრებულოს სხდომაზეც ვთქვი, რომ 2014-15 წლებში ე. წ. კიბის უჯრედების ბუმი დაიწყო. 18 და 20 კვ.მ. კიბის უჯრედი აღარ არის უკვე. ეს საეჭვოა, ნამდვილად საეჭვოა.

_ კომისიის შექმნით სურდათ გამოევლინათ, იყო თუ არა კანონდარღვევა? რა იქნება შემდგომი ნაბიჯი?

_ კომისიის ფუნქციები შეზღუდულია. ჩვენ წარმოვადგინეთ და შეიძლება ცნობად იქნეს მიღებული, თუ რომელი ტერიტორიები არ უნდა გასხვისებულიყო.

_ ეს რას ცვლის?

_ თუ ვინმე დაინტერესებული პირია, 10 დღეში უნდა შემოიტანოს წინადადება. ე.ი. თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ ობიექტი გაიყიდა და ის დაზარალდა, საშუალება აქვს, შესწავლა მოითხოვოს.

_ რამდენად ეფექტიანად იმუშავა კომისიამ და რა მივიღეთ, საბოლოოდ, 6 თვის შემდეგ?

_ თუ გვაინტერესებს ობიექტები, რომლებიც იმ დროს გაიყიდა, გაიყიდა თუ არა კანონის შესაბამისად, შეგვიძლია ვათქვათ, რომ დიახ, კანონიერად გაიყიდა. რაიმე სახის დარღვევა არ ყოფილა, აი, ესაა უბედურება. ვერავინ დამწამებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ვარ, მაგრამ საქმე იცოდნენ და ყველაფერი კანონის შესაბამისად გააკეთეს. ობიექტები გასხვისებულია იმ დროისთვის დადგენილი წესით.

_ ამის დადგენა და ზოგადი სურათის დახატვა, ხომ შეიძლებოდა, რამდენიმე ობიექტის შემოწმებით და კომისიის შექმნის გარეშეც მომხდარიყო? რა საჭირო იყო შეექმნათ კომისია, თუკი ვერაფერი გავიგეთ და არც არაფერი იცვლება?

_ არც მე ვიცი, რა საჭირო იყო. თუმცა ამ 800 შესწავლილ საქმეში არის მასალები, რასაც პროკურატურა იკვლევს, მაგრამ მე მას ფიზიკურად ვერ შევისწავლიდი. კომისიამ იმუშავა და მასალები დადო.

_ კომისიამ იმუშავა, თუ გია ქობალიანმა იმუშავა? თქვენ საკრებულოს სხდომაზე განაცხადეთ, რომ ბევრმა უარი თქვა კომისიის წევრობაზე, ხოლო რამდენიმე დათანხმდა, მაგრამ განაცხადა, იმიტომ კი არ შედის კომისიაში, რომ იმუშაოს, არამედ იმიტომ, რომ დაგაკვირდეთ.

_ თითოეული ფრაქცია ერთი დეპუტატით უნდა შემოსულიყო, მაგრამ არ მოხერხდა. 6-კაციან კომისიაში, ძირითადად, სამმა ადამიანმა ვიმუშავეთ. მართალია, კომისიამ დაადგინა, რომ ობიექტები იმ დროისთვის არსებული კანონის შესაბამისად გასხვისებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ობიექტის გასხვისებას ვეთანხმებით. აქ მორალურ მხარესთან გვაქვს საქმე და მიგვაჩნია, რომ ეს ტერიტორიები არ უნდა გაყიდულიყო. ამიტომაც ვთხოვეთ ქალაქის მერს, რომ დეტალურად იყოს შესწავლილი ყველა ნაკვეთი და განმარტებით ბარათშიც შესაბამისი დოკუმენტაცია იდოს, რათა გავიგოთ, რა მიზნით იყიდება? თუ მხოლოდ მარტო იმიტომ, რომ გაიყიდოს და ბიუჯეტში ფული შევიდეს, ასე არ უნდა ხდებოდეს. რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადავეცით. მაგალითად, ნიკეას ქუჩაზე ხელოვნურად გაახმეს ასწლოვანი ხეები, სადაც ახლა ტენტით გადახურული ავტოსამრეცხაოა განთავსებული.

_ 6 თვე საკმარისი დრო იყო 800-ზე მეტი ობიექტის შესასწავლად?

_ არა, მაგრამ ეს არაადამიანურ შრომად დაჯდა. საყურადღებოა, რომ ჩვენი საქმიანობა ახალ წელს და არჩევნებს დაემთხვა, მაგრამ   მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ, ყველაფერს გავცნობოდით.

 

ნატო ქათამაძე _ საკრებულოს წევრი:

_ რატომ მიიჩნიეთ საჭიროდ კომისიის შექმნა?

_ იყო შემთხვევები, როცა ახლანდელი ხელისუფლება წინამორბედისკენ იშვერდა ხელს მიწების არაკანონიერად გასხვისებასთან დაკავშირებით, თუმცა წინა ხელისუფლება ახლა ამჟამინდელისკენ მიგვანიშნებს. ჩვენ ორ პოლიტიკურ ძალას შორის გადაბრალების მომსწრე გავხდით. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოსაზრება, გასხვისებული მიწების კანონიერების საკითხი შეგვესწავლა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო ამაზე საუბარი და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა, რათა ხვალ სხვა დეპუტატებმა ვეღარ გაბედონ ამა თუ იმ განკარგულების საკუთარ თავზე მორგება. წელიწადზე მეტი ვიბრძოდი და 2016 წლის თებერვალში დამეთანხმნენ. ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, თუ როგორ უნდა ემუშავა ჯგუფს და ასევე მომზადდა მეორე პროექტი, რომლის მიხედვითაც მე ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ვყოფილიყავი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბიურო საკრებულოს სხდომამდე ერთი საათით ადრე შეკრებილა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. მაშინ კოლეგებს მივმართე და ვუთხარი, რომ ისინი მშივრები არიან. საკრებულოს წევრმა, ბატონმა ტოროშელიძემ, ბრძანა, გოჩა თევდორაძეს ხომ არ დავუპირისპირდებით, მგონი, ბიძინა ივანიშვილი აპირებს მასთან თანამშრომლობასო. აპრილში დებულება და წესი შემოიტანეს, რითაც უნდა გვეხელმძღვანელა, მაგრამ ჯგუფის ხელმძღვანელის საკითხი ღიად დატოვეს. გია ქობალიანის დანიშვნა მაისში გადაწყვიტეს. ვიცი, რომ გიას ეს არ სურდა. მას განუცხადებია, რომ ნატოსთან მორალურად არ ვიქნები მართალიო, რადგან ეს მისი ინიცირებულია და მეორეც, მე ეს საკითხი არ ვიციო. უთხრეს, შენ დაიწყე და ჩვენ დაგეხმარებითო. სინამდვილეში, მათ ეგონათ, ნატო ქათამაძე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა და ის იმუშავებდა, მაგრამ რაც მათ არ აწყობდათ, იმას არ გამატანინებდნენ. მე ამ ჯგუფში არ შევედი და ბატონ ქობალიანს მარტო მოუწია მუშაობა. არაერთხელ მითქვამს, რომ გია არის თავისი საქმის პროფესიონალი, კარგი ისტორიკოსი, მაგრამ ის საკითხი, რომლის შესახებაც ვდაობდით, მართლა არ იცის. მაშინვე ვთქვი, რომ ეს ჯგუფი ვერაფერსაც ვერ დადებდა, მით უმეტეს, გია ქობალიანის ხელმძღვანელობით. მართლაც ასე მოხდა: რაც საკრებულოს სხდომაზე მოვისმინეთ, ეს, უბრალოდ, ლექცია იყო.

_ ე. ი. კომისიამ შედეგი ვერ დადო?

_ ნებისმიერი კომისიის მუშაობა შედეგით უნდა შეფასდეს. კონკრეტულ შემთხვევაში შედეგი არ გვაქვს. რაც კომისიამ წარმოგვიდგინა, ამის გაკეთება რიგით თანამშრომელსაც შეეძლო. ჩემი მიზანი კი იყო შემესწავლა, თუ ვინ იდგა კონკრეტული ფართის უკან, როგორ მოხდა პრივატიზება, როგორ სარგებლობდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თანამდებობებით? სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვერ გავიგეთ.

_ მაგრამ გავიგეთ, რომ კანონდარღვევა ობიექტების გასხვისებისას არ ყოფილა.

_ ეს კომისია საქმეებს ვერ შეისწავლიდა და სხვა დასკვნას ვერც გააკეთებდა. კომისიის შექმნის დღეს პირველსავე კომენტარში გია ქობალიანმა განაცხადა, რომ აქ არ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, ალბათ, მორალური პასუხისმგებლობა იქნებაო. ამიტომაც არ იყო დიდი მოლოდინი.

_ გასაგებია, როცა საუბარია წინა ხელისუფლებების მორალურ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ 2014 წლის შემდეგ გასხვისებული ობიექტების გამო ამჟამინდელი ხელისუფლება მორალმა უნდა შეაწუხოს?

_ თუ მორალზე მიდგება საქმე, ახლანდელი ხელისუფლება უფრო უნდა შეწუხდეს ამ კუთხით, ვიდრე წინა ხელისუფლება. წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ფართი გაასხვისა, მაგრამ მშენებლობის ნებართვების გაცემა ვერ გაბედა. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი ყველა იმ ფართზე გასცა ასეთი ნებართვა. ასე რომ, როცა წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, არაფრით განსხვავდებიან მათგან.  შესაძლებლობა იყო, პრივატიზებული ფართების, ან სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და რაიმე სახის ეჭვი იქნებოდა, რევიზია ჩაეტარებინათ და პროკურატურისთვის გადაეგზავნათ. ასეთი ქმედებით დაამტკიცებდნენ, რომ ქალაქის საკეთილდღეოდ მოვიდნენ და არა საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის. ახლანდელმა ხელისუფლებამ წინამორბედს ჩადენილი უკანონობები შეარგო.  მაგალითად, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ქონება გასხვისდა. აუქციონი 2007 წლის დეკემბერში გამოცხადდა და 2008 წლის 14 იანვარს ჩატარდა. იცით, ვინ იყიდა? _ ქალაქის პროკურორის მძღოლმა.  უნდა მოეკვლიათ, მაგრამ ვერ გაბედეს, რადგან ის პროკურორი, იმ წუთის მიონაცემებითაც, პროკურატურაში მუშაობდა, ამათ კი, ყველას, უკან მოხედვის ეშინია და ამჯობინებს, გაჩუმდეს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორი მათ წილებზე საუბარს დაიწყებს.

_ აღნიშნეთ, რომ დამოუკიდებლად აპირებთ მოკვლევის ჩატარებას.

_ ამაზე მოგვიანებით. რიგ ადამიანებთან კონსულტაციები მაქვს და შემდგომ გავაჟღერებ, რა ფორმით დავიწყებ მუშაობას. ამ კომისიას დავაცადე. ამჟამად სპეციალისტებს ვესაუბრები და კომისიაც სწორედ ისეთი ადამიანებისგან შეიქმნება, რომლებსაც უყვართ ქუთაისი და მზად არიან, საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშაონ.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე