ვინ გახდება 2017 წლის თელავის ლაზიერი?!

ცხოვრება ჭადრაკია. ბევრი ამბობს, მინდა ვიყო პაიკი, ლაზიერი, მეფე, მაგრამ ავიწყდება, რომ ამ ჭადრაკს ვიღაც თამაშობს…

როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ეკითხებიან, თუ როგორ კანდიდატებს წამოაყენებს მათი პარტია არჩევნებზე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, პასუხი, თითქმის, ყოველთვის ერთნაირია. პარტიის ხელმძღვანელობის მიერ არჩევანის გაკეთებისას საჭიროა: პროფესიონალიზმი, ცნობადობა და ავტორიტეტულობა, სიმპათიითა და ნდობით მოსარგებლე ადამიანები, მუშაობის მდიდარი გამოცდილება, ადამიანთა მობილიზებისა და ხმათა დიდი რაოდენობის შეგროვების უნარი, საზოგადოების მიერ მისი მიღების ხარისხი, ბრძოლისუნარიანობა, ჭკუა-გონება, კარგი განათლება, ორატორული უნარ-ჩვევები, აქტიურობა.

სტალინის ცნობილი გამონათქვამით თუ ვიმსჯელებთ: „არაფერია დამოკიდებული მათზე, ვინც ხმას აძლევს, ყველაფერს წყვეტენ ისინი, რომლებიც, ამ ხმებს ითვლიან“ და რადგან ჩვენს ქვეყანაში ხმას ითვლის „ოცნება“, „ოცნებავე“ წყვეტს, ვინ იქნება 2017 წელს მერი თუ გამგებელი…

2017 წელი თვითმმართველობის არჩევნების წელია. პოლიტიკური ამინდი გასულმა 2016-მა გადაწყვიტა. „ოცნება“ ლიდერ პოზიციაზე დარჩა, თუმცა ხმის მიმცემი მაინც მინუსში ჰყავს და ამომრჩეველთა რაოდენობაც დაიკარგა. რთულია დღეს იმაზე ფიქრი, ვინ გადაიბარებს წლის ბოლოს ამა თუ იმ ქალაქს. რთულია, საქართველოში იპოვო გამგებელი ან მერი, რომლითაც თავისი ამომრჩეველი კმაყოფილია, უფრო სწორად, რთული კი არა, წარმოუდგენელია. მოქმედი მუნიციპალიტეტის მეთაურები თავის მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ, ძირითადად, მათი წარუმატებლობა არათუ რაიონის დონეზე არსებულმა პოლიტიკამ, არამედ დიდმა პოლიტიკამ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ კვლავ ხელისუფლებაშია, საკრებულოში ვნებათაღელვა განსაკუთრებით 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა, _ ყოფილი თანაგუნდელები აქაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და საერთო ინტერესებიც გაქრა. ჯერ მზის შუქზე მხოლოდ ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანს, თუმცა „ოცნების“ ერთიანობა რომ იგივე საფრთხის ქვეშ არის, ამას, თუნდაც, ერთი პატარა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დაშლაც კი გვაჩვენებს.

ბრძოლა ფაზაში შედის, მთავარი გამოწვევაა, _ ვინ იქნება შემდეგი დღის წესრიგში?

2014 წლის ადგილობრივი არჩევნები, ალბათ, იმით განსხვავდება, რომ მაშინ ყველამ იცოდა, თამაზაშვილის მარნის კარზე შეიძლებოდა დალაგებულიყო კანდიდატთა სია, ახლა კი სიის დამლაგებლის მისამართი დაკარგულია. დაუნდობელი ომი მგლური პრინციპებით უკვე მძვინვარებს. არავინ არავის ინდობს, თუმცა დაუნდობლობის მიუხედავად ვინ არის არჩევნების ოქროს ურდოს ყაენი, მაინც გამოცანად რჩება. ვინ გახდება ულუ თუ ნარინი, ამის გაგების სურვილს ბანქოს თამაშით იოკებენ. დაბოლოს, ყველაფერს მაინც ჭადრაკის დაფის ფინალი აქვს, _ მეფეც და პაიკიც ერთ ყუთში რჩებიან, მოჭადრაკე კი ის პირველი მოქალაქეა.

გაზაფხულიდან დაფაზე დარჩენილი ღარიბაშვილის ყველა პაიკი ჭადრაკის ყუთში გადაინაცვლებს, შესაბამისად, 2014 წლის მარნის „დედოფლები“ პაიკებად იქცევიან. თამაშს ახალი წესები აქვს. წესები უცნობია, შერჩევა და ბიოგრაფია ჯერ _ ამოუხსნელი, კანდიდატისთვის დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები კი ბურუსით მოცულია. კითხვა კვლავ აქტუალურია, _ ვინ გახდება ლაზიერი?

ისე როგორც დანარჩენი სხვა ქალაქეებიც, თელავიც ძალიან პატარა ქალაქია. აქ ხმამაღლა ამბობენ თუ არ ამბობენ, ყველამ იცის, რა ხდება ადამიანთა გულებში, ვინ რაზე ოცნებობს. ასეა ახლაც. ვინ ოცნებობს თელავის „ოცნების“ ლაზიერობაზე, ცნობილია. კითხვაზე, _ გსურთ მერობა? ყველა ერთნაირად იჭმუხნება, ვითომ გაოცებულ სახეს იღებს და უკანვე გიბრუნებს კითხვას:

_ საიდან მოიტანე, მაკა, რომ მერობაზე ვოცნებობ?

_ გავიგე, _ ესეც ჩემი მოკლე პასუხი.

_ და რადგან ხშირად იმაზე ადრე ვიგებ ამბავს, ვიდრე უნდა ვიგებდე, ისინიც, თითქმის ყველანი, ერთი ტონალობით მპასუხობენ:

_ როგორც გუნდში გადაწყვეტენ; ან _ როგორც გუნდი შეჯერდება…

რეალურად კი, რომ მოუბრუნდე და ვკითხო, _ აბა, გუნდში ვინ ხართ-მეთქი? გვარ-სახელების ჩამოთვლაც კი გაუჭირდებათ.

ერთი, რაც უდავოა და ყველამ იცის, მოქმედი მერი მეორედ მერი ვეღარ იქნება.

რატომ? რისთვის? როგორ? რა დააშავა? ამაზე პასუხები, ალბათ, საქმეს შორს წაიყვანს _ ვეღარ იქნება და მორჩა! თუმცა სანამდე საქმე მორჩება, მანამდე მაინც აქვს ერთი ახსნა ამბავს: ღარიბაშვილის თელავური სამეგობრო პლატონისთვის ახლა უკვე უცხოა, მის ახლობლებს არსად აღარ ასაქმებს, უარესიც _ მათი ჩამოშორება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ამას სთხოვდნენ… ერთი შეხედვით, რასაც პლატონს ვერავინ დასწამებს, მერობისას ფული არ უკეთებია, თუმცა წინასაარჩევნო მთავარი დაპირებებიდან ბევრი ისევ დაპირებად დარჩება 2017 წლის ბოლოსთვის. მოქმედი მერი თეატრისა და მუზეუმის რეაბილიტაციას ვერ დაიბრალებს, რადგან მათ რეაბილიტაციას უშუალოდ სამინისტროები კურირებენ.

და თუ არა პლატონი, მაშ, ვინ იქნება ლაზიერი?

ლევან ლილუაშვილი თელავის მერის ერთ-ერთი მოადგილეა. ძალიან ხშირად ის ჩანს ეკრანზე და საპასუხისმგებლო ბევრ გადაწყვეტილებაზეც თავად აკეთებს განმარტებებს. ლილუაშვილი „ოცნების“ თელავის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია, პლატონი კი მხოლოდ ერთი წელია, რაც პარტიის წევრი გახდა. ლილუაშვილის ავტორიტეტი და გავლენა თელავში მაღალია. და რადგან მხოლოდ თელავური გავლენები არ არის ხოლმე საკმარისი, აქვე უნდა ითქვას, რომ ლილუაშვილის კადრპერსონა „ოცნების“ სათავო ოფისში მიღებულიც არის და მოწონებულიც. შესაბამისად, თუ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ლილუაშვილი თელავის მერობის კანდიდატად დასახელდება, არავის გაუკვირდება. ამასთან ერთად, ლილუაშვილი უშუალოდ სოციალურ მიმართულებას კურირებს. ეს ერთობ მიმზიდველი ჩანს კანდიდატისთვის, რადგან სწორედ მას აქვს ხშირი ურთიერთობა მასებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის უფრო ადვილი გახდება ამომრჩევლის გულის მოგება.

თუმცა არა მარტო ლილუაშვილი… ასევე არავის გაუკვირდება, რომ ლაზიერის პოზიციაზე კანდიდატად თენგიზ მთვარელიშვილი ვიხილოთ. მთვარელიშვილი მკვიდრი თელაველია. მოქმედი მერისგან განსხვავებით ვიცემერი მშვიდი და ნაკლებად მძიმე ემოციური ტიპაჟია. მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში არ ერევა, თუმცა ხშირად უწევს კრიტიკული მდგომარეობების, „ასე რომ ვთქვათ, მოგვარება“, არის გამოცდილი ფინანსისტი, ამავე დროს, უნივერსიტეტში გადის დოქტორანტურას. აქვს გამოცდილება მენეჯმენტში და ცოდნა მიიღო აშშ-ს კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მთვარელიშვილის ლობი, ერთი შეხედვით, არავინ არის, მაგრამ ის კომუნიკაბელური და ფეისი სახეა „ქართული ოცნებისთვის“.

თელავის მერობის „ოცნების“ მესამე სავარაუდო კანდიდატი ამჟამდ გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველია. მეტრეველი უარყოფს მის შესაძლო კანდიდატობას, თუმცა 2013 და 2014 წლებში გაერთიანებული მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი მეტრეველი იყო. ყველაზე რთული გადაბარების პერიოდიც მანვე გაიარა. შესაბამისად, მეტრეველს მარტივი ახსნა აქვს: „საქმე იცის“.

„ოცნება“ ამ სამ კანდიდატზე აკეთებს ძირითად არჩევანს. ვისზე დადებს ფინალში ფსონს, უცნობია. რატომ ვერ შეძლებს მოქმედი მერი კვლავ კენჭისყრას, ალბათ, ამ თემაზე ან საკუთარ თავთან, ან სუს-თან უფრო უნდა გაარკვიოს პასუხი. ყველაფრის მიუხედავად, 2017 წლის ბოლოს თელავში ისევე მოუგვარებელი დარჩება შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგება, მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის გახსნა, უკანონო მშენებლობების აღკვეთა, ქალაქის იერსახის დამახინჯება, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, გარევაჭრობის მოუწესრიგებლობა, ქალაქში გაზრდილი ანტისანიტარია, ამას დაემატება 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ერთჯერადი 50-ლარიანი დახმარების გაუქმება (რომელიც ბიუჯეტს, მხოლოდ და მხოლოდ, 42 000 ლარი უჯდებოდა, რაც საერთო ადმინისტრაციული ხარჯის ერთ მეათედს შეადგენს).

უცხო არავინ მოვა თელავში, მთავარია, ვინც მოვა, ახლა ის არ გაერთოს მერის სათამაშოებით! თორემ სტალინის თქმის არ იყოს, ხალხი ხმას ვის მისცემს, ეგ კი არ არის ჩვენს დროში, თურმე, მთავარი, აღარც ხმის დამთვლელია მთავარი, მთავარი ახლა ის არის, ვის გადაწყვეტენ თელავის ლაზიერად შუშის სასახლეში.

 

 

მაკა მოსიაშვილი