ქამრების მოჭერის პოლიტიკა და დავით ნარმანიას სარესტორნო ხარჯი 513 318 ლარი?!

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ და ა/ო მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ აგრძელებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა თუ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მათ შორის, გაწეული ხარჯების შესწავლას. ამ პროცესში ბევრი ლეგიტიმური კითხვა წარმოიშობა, რაზედაც შესაბამისი პასუხები კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ.

 

„ქრონიკა+“ ორგანიზაციების ბოლო კვლევების საინტერესო შედეგებს გთავაზობთ.

 

მარიამ ქელბაქიანი _ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წარმომადგენელი:

_ ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებში მხოლოდ დეკემბერში გაცემული პრემია-დანამატი, ჯამურად, 822 ათას ლარს აჭარბებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, 231 556 ლარის პრემია, ხოლო 182 748 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 414 304 ლარი შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში 312 450 ლარის პრემია, ხოლო 95 698 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 408 148 ლარი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მხოლოდ დეკემბერში შრომის ანაზღაურებამ 264 040 ლარი შეადგინა. უწყებაში 88 840 ლარის პრემია გაიცა, ხოლო დანამატი _ 72 661 ლარის. პრემია- დანამატის ჯამმა სულ 161 501 ლარი შეადგინა.

კახა კალაძის სამმა მოადგილემ: მარინა ვალიშვილმა, ილია ელოშვილმა და ირაკლი ხმალაძემ, საახალწლოდ, ჯამურად, 24 660 ლარი მიიღეს, საიდანაც დანამატი 16 500 ლარია. ეს იმ ფონზე, როდესაც მათ, ფაქტობრივად, „გაზპრომთან“ მოლაპარაკება ჩააგდეს და ხელშეკრულება მიიღეს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ენერგოსექტორი, ეკონომიკა და ინტერესები.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში მხოლოდ დეკემბერში 149 430 ლარის პრემია, ხოლო 61 210 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 210 640 ლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გაცემული დანამატი, ძირითადად, მაღალი თანამდებობის პირებზე მოდის. მაგალითად, 61 210 ლარიდან მინისტრს, მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს აღებული აქვთ 56 535 ლარი და მხოლოდ 4675 ლარია გადანაწილებული დანარჩენ თანამშრომლებზე.

ამ ადამიანებს არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განუხორციელებიათ, მით უმეტეს, დეკემბერში და რის საფუძველძე აიღეს პრემია-დანამატი, ჩვენთვის გაუგებარია. ეჭვი გვაქვს, მინისტრმა მაღალი თანამდებობის პირებს წინასაახალწლოდ საჩუქრის სახით დაურიგა ეს პრემია-დანამატი.

ჩვენი კვლევის თანახმად, დეკემბერში პრემია-დანამატის სახით მხოლოდ 5 სამინისტროში გაცემულია 1 400 333 ლარი. ეს სამინისტროებია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აქვე გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ხუთი სამინისტროს შესახებ:

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

პრემია: 186 780

დანამატი: 88 820

პრემია-დანამატი: 275 600;

 

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრემია: 359 574

დანამატი: 31 350

პრემია-დანამატი: 390 924;

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პრემია: 188 865

დანამატი: 101 928

პრემია-დანამატი: 290 793;

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პრემია: 220 740

დანამატი: 112 195

პრემია-დანამატი: 332 935;

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პრემია: 68 244

დანამატი: 41 837

პრემია-დანამატი: 110 081

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროში პრემია-დანამატი 110 081 ლარი მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზეა გაცემული. მთლიანი ოდენობა უწყებაში გაცემული პრემია-დანამატის შესახებ მათ უკანასკნელ წლებში არ მოუწოდებიათ. კვლევებიდან ჩანს, რომ არ არსებობს პრემია-დანამატების გაცემის შესახებ რეგულაციები. მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ბოლო არ უჩანს ჩინოვნიკების მადას და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, თანამდებობის პირები არ იკლებენ პრემია-დანამატებს.

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ კვლევის თანახმად, 9 თვის განმავლობაში პრემია-დანამატის სახით მხოლოდ 7 სამინისტროში გაცემულია 52 257 845 ლარი. ეს სამინისტროები არის: ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და დიასპორის სამინისტრო. შვიდ სამინისტროში სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 5 113 327 ლარი.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში წარვადგენთ. ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს და უაპელაციოდ და უმიზეზოდ პრემია-დანამატის გამოწერა, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, კანონით ისჯებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ხისტია, ბოლო პერიოდმა გვანახა, რომ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებისა, აუდიტის სამსახურის დასკვნებისა, მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული პოზიციისა, ფაქტია _ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა ხისტი საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო დონეზე პრემია-დანამატების გაცემას. აქვე გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას შვიდივე სამინისტროს შესახებ.

 

ენერგეტიკის სამინისტრო

პრემია: 116 250

დანამატი: 661 309

პრემია-დანამატი: 777 559

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 147 554;

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

პრემია: 503 120

დანამატი: 598 313

პრემია-დანამატი: 1 101 433

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი:  60 478;

 

ჯანდაცვის სამინისტრო

პრემია: 819 705

დანამატი: 267 055

პრემია-დანამატი: 1 086 760

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 145 478;

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პრემია: –

დანამატი: –

პრემია-დანამატი: –

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 523 120;

 

დიასპორის სამინისტრო

პრემია: 199 658

დანამატი: 27 100

პრემია-დანამატი: 266 758

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 169 465;

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პრემია: 4 624 486

დანამატი: 42 421 861

პრემია-დანამატი: 47 046 347

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 4 067 232;

 

განათლების სამინისტრო

221-შტატიან თანამშრომელზე

პრემია: 1 058 220

დანამატი: 457 254

პრემია-დანამატი: 1 515 474

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი:

120-უშტატო თანამშრომელი

ხელფასი: 1 297 342

პრემია: 463 514

ამასთან, გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი, საიდანაც 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი _ პრემია. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამურად გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო _ 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური _ 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია _ 429.312 ლარი.

რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამურად გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი _ პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროში ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია _ 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი.

ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში“ 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, წლის ამ პერიოდში სახელმწიფო სააგენტოში კიდევ 452.040 ლარი აიღეს.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და აღმოჩნდა, რომ ამ უწყების ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.877.662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1.661.624 ლარს, ხოლო პრემია _ 1.216.038 ლარს (სამწუხაროდ, სამინისტროს ერთ-ერთმა სსიპ-მა, „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია და მხოლოდ პრემია-დანამატების ჯამური თანხა გვაცნობა _ 1.353.812 ლარი). აქედან მხოლოდ ოთხი სსიპ-ის ხელფასმა 11 თვეში 26.604.201 ლარი შეადგინა. სამინისტროს სსიპ-ებმა არც უშტატო თანამშრომლებისთვის დაიშურეს თანხა და 11 თვეში ხელფასის სახით 662.136 ლარი გასცეს, ხოლო პრემიად _ 711.711 ლარი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.175.384 ლარის პრემია-დანამატი (აქედან 1.100 ლარი არის დანამატი, ხოლო პრემია _ 1.174.284 ლარი). ხუთ სსიპ-ში ხელფასმა 2.531.587 ლარი შეადგინა. შტატგარეშე თანამშრომლებზე აქაც გაიცა ხელფასი 344.949 ლარის ოდენობით.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ნამდვილად არ უჭირთ. ამიტომაც არის საჭირო გამჭვირვალობა საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას. გარდა პრემია-დანამატების გაცემის მავნებლური პრაქტიკისა, ზოგი სამინისტროს ფუნქციები აღრეულია მისსავე დაფუძნებულ სსიპ-ებთან.

რა საჭიროა იმავე ფუნქცია-მოვალეობებით დატვირთული სსიპ-ი, თუკი სამინისტრო და მას დაქვემდებარებული სამმართველო თუ განყოფილება ამ ფუნქციას ისედაც ასრულებს? მაგალითად, განათლების სამინისტროს დამატებით შექმნილი აქვს ორი სსიპ-ი: „განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი“ და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, რომლებზეც დაკისრებული ფუნქციები თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ერთმა ორგანიზაციამ. თუ გავიხსენებთ 2016 წლის იანვარში გამართულ პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგებს, სადაც გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა, ამ სსიპ-ების ეფექტიანობა საფუძვლიან ეჭვს ბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს სისტემური პრობლემაა და მისი მოგვარებისთვის გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები.

 

თავის მხრივ, მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ბიძინაშვილი, ახალ კვლევას ასაჯაროებს, რომელიც დავით ნარმანიას სარესტორნო ხარჯებს ეხება:

_ 2016 წლის ივნისიდან დღემდე თბილისის მერიის სარესტორნო და სასტუმროს მომსახურების ხარჯმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა და შეადგინა 513 318 ლარი.  იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს დედაქალაქს აწუხებს, წარმოუდგენლად მიმაჩნია ასიათასობით ლარის ხარჯვა რესტორნებში.

მაგალითისთვის, დედაქალაქში ასეთი პრობლემებია:

  1. საცობების პრობლემა, რომელიც აქილევსის ქუსლად გადაიქცა;
  2. ავარიული შენობების პრობლემა, რომელიც დღეს 10 ათასზე მეტია დედაქალაქში;
  3. განათლების პრობლემა და სკოლამდელაღსაზრდელი პედაგოგების პრობლემა;
  4. ინფრასტრუქტურის პრობლემა;
  5. უმუშევრობის პრობლემა.

მხოლოდ თბილისში, 2015 წელთან შედარებით, 25 994 ათასით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა და, საერთო ჯამში, დღეს დედაქალაქში შემწეობას იღებს 94 939 ადამიანი. თითოეული კვლევა მიუთითებს, რომ დავით ნარმანია არის ყველაზე სუსტი მერი, რომელიც თბილისს ჰყოლია. მისი მერობის დროს წარმოუდგენლად გაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, დედაქალაქში შეიქმნა სრული ინფრასტრუქტურული კოლაფსი, ასევე ყოველწლიურად იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები. ჩვენთვის უკვე გასაგები გახდა, რატომ გადაამზადეს „რჩეული თანამშრომლები“, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რესტორანში… დიდი ალბათობით,  ნახევარი მილიონის სარესტორნო ხარჯიც არ ეყოთ მათ, ქცევის წესები ესწავლათ.

ასევე, 2016 წლის ივნისიდან, 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით, ეკონომიკის სამინისტროს სარესტორნო და გასართობმა ხარჯებმა 379 523 ლარი შეადგინა. იმ ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალა, წარმოუდგენელია ამხელა თანხების ხარჯვა პირად ფუფუნებაზე. მაშინ, როდესაც ლარის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, დიმიტრი ქუმსიშვილი ზრდიდა რესტორნის, სასმელისა და სასტუმროს ხარჯებს. კვლევებიდან ჩანს, რომ მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, ეკონომიკის სამინისტრო პირად ფუფუნებაში ხარჯავს 379 523 ლარს.

 

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ კიდევ ერთი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

 

დიმიტრი ბიძინაშვილი _ „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე:

_ კვლევა სპორტის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ეხება. მონიტორინგის თანახმად გამოირკვა, რომ 2015 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფონდმა 777 ათასი ლარი გასცა. 2016 წელს, ანუ საარჩევნო პერიოდში 9 თვის განმავლობაში გაცემულია 1 049 965 ლარი. წლების შედარებაც ცხადყოფს, რომ, სავარაუდოდ, საარჩევნო წელს მოხდა თანხების დამატება ფონდისთვის, რომლის მუშაობის გამჭვირვალობაზე სერიოზული კითხვის ნიშნები იკვეთება.

კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ფონდი თანხებს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის დამფუძნებლებიც პარალელურად არიან საჯარო მოხელეები და რიგ შემთხვევაში თანამდებობის პირებიც. მაგალითად: თემო დონდუა, რომელიც გახლავთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო) სამინისტროს ფონდიდან მიიღო 22 250 ლარი. ასევე გოგი ჩიქოვანი, რომელიც თბილისის მერიაში განათლების სამსახურის განყოფილების უფროსია. მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი) ფონდიდან მიიღო 21 945 ლარი.

ამ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ინტერესთა კოფლიქტთან, ან თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაც, შესაძლოა, არასამთავრობოს და პროექტის ლობირებაში გამოიხატა.

 

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, სხვა რისკებზეც საუბრობს:

_ გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევაში სამინისტრო აფინანსებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დამფუძნებლებიც არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მათი პოლიტიკის „გამპრავებლები“. მაგალითად: მიხეილ დონდუა, რომლის არასამთავრობოსაც (საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია) 16 122 ლარის თანხა აქვს მიღებული. ასევე შეგვიძლია დოკუმენტურად წარმოგიდგინოთ ათეულობით ადამიანი, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალის მეშვეობით გამალებით იცავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციებს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდნენ და ფონდის მიერ გაცემული თითოეული ლარის მიზნობრიობა შეისწავლონ და გამოიძიონ.

„მედიატორის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა სხვადასხვა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს მიმართა.

ჯერჯერობით, პასუხი ენერგეტიკის სამინისტროსგან მივიღეთ:

„თქვენს კითხვაზე პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ხელფასების, პრემიებისა და დანამატების გაცემა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება“.

გიორგი მეფარიძე