თამარ ჭოხონელიძე: „სიმართლის დამალვას არ ვაპირებ“

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე ვიყავი და, სხვათა შორის, დღესაც ვარ, სიმართლის დამალვას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩემიანებზე, ჩემს ქვეყანაზე, არ ვაპირებ და არც არაფრის მეშინია“, _ „ქრონიკა+“-თან ამბობს მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და ქვეყნისთვის მართლაც რომ საჭირბოროტო საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

თამარ ჭოხონელიძე:

_ ქალბატონო თამარ, იყო პერიოდი, როდესაც მომღერალი ქალბატონი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ აქტიურობდით… ბოლო ხანებში იშვიათად ჩანხართ, ხალხს კი თქვენი აზრი აინტერესებს… რას ფიქრობთ დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე როგორც ხელოვანი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე?

_ პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გითხრათ სწორედ იმ ფრაზისთვის, რაც მითხარით, რომ ხალხს ჩემი აზრი აინტერესებს… მადლობა მათ და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თქვენი გაზეთის მკითხველს, თუმცა რამდენად მისაღები და კომპეტენტურია ჩემი აზრი, ეს სხვა საკითხია, მით უმეტეს, პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკაში ძალიან არაკომპეტენტური ვარ. თუმცა ზუსტად ისეთ საკითხებში ვიყავი ხოლმე აქტიური და ზოგჯერ მძაფრი, რომელიც, გარკვეულწილად, პოლიტიკას ეხებოდა, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის მიერ დანახული ვითარება, რომელიც მოგწონდა, ან არ მოგწონდა. ამიტომ, სხვათა შორის, ძალიან დიდხანს ვიცადე, ვუყურებდი და ვაანალიზებდი სიტუაციას მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა. პირველი ეფექტი საკმაოდ დიდი იყო, თუნდაც კრიმინალებთან მიმართებით; იყო დაპირებები, რომელიც თითქოს დაიძრა და წინ მიდიოდა, მაგრამ მე ისეთი რამ დავინახე, რაც ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის _ მოვლენების არასწორად შეფასება. საპირისპირო აზრის მქონე კონკრეტული პიროვნებები თუ დაჯგუფებები, რომლებიც ყველაფერ იმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რაც ქვეყანაში არ ვარგოდა, შენ მტრად მიიჩნიე. როდესაც  მოყვარეს „პირში უძრახეს პოზიცია აქვს“, კეთილი ინებე და მიიღე მისი რჩევა, რადგან შენს ნაკლს სხვა ნამდვილად არავინ გეტყვის. თუ არ მიიღებ, მტრად მაინც ნუ ექცევი. აი, ეს გააკეთეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და იერარქიულად დაბალ საფეხურზე მდგომმა ადამიანებმაც, რითაც, რეალურად, ძალიან ბევრი საქმე გაუფუჭეს ქვეყანას და საკუთარ თავსაც. ამიტომ ამხედრდა ხალხი და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მათ შორის, იმიტომ, რომ ვხედავდი, რა ხდებოდა კულტურაში. სხვათა შორის, ხშირად, რატომღაც, „დაბლოკილთა სიას“ მიმაწერდნენ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დაბლოკილი ვიყავი, იმიტომ, რომ ვერ დამბლოკეს. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. „დაბლოკვა“ ნიშნავს არა მარტო იმას, რომ, დავუშვათ, სცენაზე არ გაგიშვებენ, ან სადღაც არ დაგაკავებენ. კი, ეს ასე იყო, ნამდვილად _ მათგან შემოთავაზებები არ ყოფილა, მაგრამ დაბლოკვას უფრო სხვაგვარად ვუყურებ: როდესაც შენს პიროვნებას მაქსიმალურად თრგუნავენ, ხალხში არ გიშვებენ, შენი აზრის გამოხატვის საშუალებას არ გაძლევენ… მე ეს ყველაფერი მქონდა, ვერავინ დამბლოკა. ამის დასტური იყო ის, რომ სწორედ ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში გავაკეთე რეზო ლაღიძის პროექტი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ვერავინ ვერაფერი დამაკლო, თუმცა კულტურაში ნამდვილად იყო მიკერძოება, სულ სამი-ოთხი საშუალო მონაცემის ადამიანი ბობოქრობდა სცენაზე, თუ შეიძლება, ასე ითქვას, სხვები კი _ ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ახალგაზრდები მყავს მხედველობაში, იჩაგრებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცას ზედმეტად არ ეპირფერა. აღარ ვლაპარაკობ იმ სიღრმეებზე, რომელიც, უბრალოდ, ამორალური იყო ჩემთვის.

_ მაინც, რას გულისხმობთ?

_ პირდაპირ გეტყვით: ვიდეოები მაქვს ნანახი, როგორ ექცევა ერთ-ერთი ასეთი, ასე ვთქვათ, „დედოფალი“ მაშინდელ თავის უფროს კოლეგებს, თანატოლებს, ორკესტრანტებს, რომლებთანაც მუშაობს. ეს ჩემთვის აღმაშფოთებელი და ერთ-ერთი ბიძგიც იყო, აქციებზე დავმდგარიყავი _ ისინი უნდა წასულიყვნენ! მივხვდი, საერთოდ ის სისტემა უნდა დანგრეულიყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე აქციაზე დავდგებოდი, მაგრამ აქტიურად ვიდექი, რადგან ის იყო ჩემთვის ძალიან დიდი უზნეობა ბევრი შეცდომის ფონზე და ისინი უნდა წასულიყვნენ. დღეს რომ ამბობენ, დავუშვათ, ადრე ასე არ იყო, ახლა უარესი მდგომარეობააო, მაშინ კარგად რომ მალავდნენ ყველაფერს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მდგომარეობა იყო სხვადასხვა სფეროში. რაც კულტურაში ხდებოდა, ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

_ და აქციებზე ტყუილად არ მდგარხართ _ „ისინი“ წავიდნენ.

_ კი, წავიდნენ და მოვიდა „ქართული ოცნება“… მინდა გითხრათ, რომ „ოცნების“ პირველი, ასე ვთქვათ, ჩემთვის აღსაფრთოვანებელი ფრაზები იყო: არანაირი შურისძიება, არანაირი დაპირისპირება, პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი, ყველანი ერთნი ვართ და ასე შემდეგ… სამწუხაროდ, მე ეს ვერ დავინახე. როგორც კი ძალაუფლება მათ ხელში აღმოჩნდა, გარკვეულწილად, ვიღაცების გამორჩევა მაინც მოხდა, ცუდადაც და კარგადაც. ეს ავადმყოფობა, რასაც ზიზღი ჰქვია, ხომ საერთოდ ვერ აღმოვფხვერით. ზიზღის ენით ლაპარაკი იმდენად დამთრგუნველი იყო იმ ხელისუფლებაში, ხალხს, უბრალოდ, სიცოცხლე აღარ უნდოდა, დღესაც არანაკლები პრობლემაა. ნუთუ, შეუძლებელია, საქართველოში ასეთი ზიზღი არ დაითესოს ერთმანეთის მიმართ? განსაკუთრებით რაზე ვნერვიულობ, იცით? _ ერთია, რომ ძალიან არ მომწონს და საშინლად ვითრგუნები, როდესაც ნებისმიერ ტელეარხზე, სადაც გადავრთავ, ზიზღის ენით ლაპარაკობენ, მაგრამ მეორეა, რომ მოდის თაობა, რომელსაც, უბრალოდ, იავნანასავით ესმის ეს ყველაფერი და რა გარანტია გაქვს, რომ ის ისეთივე აგრესიული არ იქნება ნებისმიერი მოვლენისა თუ ადამიანის, თუნდაც, ერთმანეთის მიმართ? არანაირი,  რადგან აგრესიულ, ზიზღის გარემოში იზრდება. ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია. „ქართულმა ოცნებამ“, ამ თვალსაზრისით, ვერაფერს მიაღწია და, სხვათა შორის, ახლაც ვიცდი ძალიან დიდი იმედით, ეგებ, დროთა განმავლობაში, შეცდომებზე რაღაც-რაღაცები გამოსწორდეს. თუმცა იმასაც გეტყვით, რაც მეგონა, რომ ძალიან მალე გამოსწორდებოდა…

_ გისმენთ…

_ რაღაცნაირად, მოქალაქედ ცოტა ნაკლებად ვიგრძენი თავი. გავიხსენებ, თუნდაც, იმ ფაქტს, როდესაც ჩემმა ქალიშვილმა, მარიამმა, ღირსეულად ჩააბარა გამოცდები იტალიაში და გარკვეული გვერდში დგომა სჭირდებოდა დაფინანსებასთან დაკავშირებით, ისე,  როგორც ყველა ახალგაზრდა სტუდენტს, რომელიც უცხოეთში მიდის. მან განცხადება შეიტანა კულტურის სამინისტროში, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ეს წინა მინისტრის დროს იყო. შემდეგ კვლავ შეიტანა განცხადება და ერთ დღესაც მირეკავენ: „იცით, ქალბატონო თამრიკო, მარიამის დაფინანსება ამჯერად არ მოხერხდა“. ამ ყველაფერს ძალიან ჯანსაღად მივიღებდი, რომ არა ერთი დამაფიქრებელი ფაქტორი, _ რას ნიშნავს ტელეფონზე დარეკვა? რომ არ მიცნობდე და მარიამს დედა ჰყავდეს, დავუშვათ, არაცნობადი, ტელეფონზე დაურეკავ? რატომ არ ქმნი იმის საბუთს, რომ უარი უთხარი ახალგაზრდა, სწავლას მოწყურებულ სტუდენტს დაფინანსებაზე? რატომ წერილობით არ ქმნი დოკუმენტს, რომ ეს ასე მოხდა? მერე რა? ალბათ, არ იყო საჭირო, ალბათ, იმ შემთხვევაში კულტურის სამინისტრო ვერ ახერხებდა დაფინანსებას და უარი მივიღეთ, არა უშავს, მაგრამ რა ფორმით? მე იმ წუთში მოქალაქედ ვერანაირად ვიგრძენი თავი, რა ქვეყანაში ვიყავი, ვერ მივხვდი! მსგავსი არასწორი რაღაც-რაღაცები ახლაც მეორდება. სხვებისგან განსხვავებით მე ვაფიქსირებ ამას და დიდი იმედი მაქვს, რომ უგუნურებას არ გამოიჩენენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ვინც არიან (არ ვიცი, ვის ხელეწიფება, ვიღაც დაბლოკოს) და იმის გამო, რომ ხმამაღლა ვთქვი ჩემი ქვეყნის სატკივარი, მტრად მექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე ვიყავი და, სხვათა შორის, დღესაც ვარ, სიმართლის დამალვას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩემიანებზე, ჩემს ქვეყანაზე, არ ვაპირებ და არც არაფრის მეშინია.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოცდის რეჟიმში ვარ და იმედი მინდა ვიქონიო, ეს ყველაფერი გამოსწორებადია, _ შეცდომებზე სწავლა ძალიან კარგი გამოცდილებაა.

_ ქვეყანას, სადაც, დღევანდელ ეტაპზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა…

_ ძალიან მძიმე, მაგრამ ყველაფერს მათ ნუ დავაბრალებთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ცოდვა წამოიკიდეს ზურგზე წინამორბედი ხელისუფლებისგან. ჯერ მარტო რამდენი ვალი აქვთ მოკიდებული? ვფიქრობ, იქნებ, ახლა გამოსწორების რაღაც ფაზაა და მალე უკეთესობისკენ წავიდეთ.

_ და ეს „მალე“ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს?

_ არ ვიცი, ხალხს რამდენ ხანს ეყოფა მოთმინება. შოკირებული ვიყავი იმ ჰონორარებით, რასაც სამი-ოთხი ადამიანი იღებდა. უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში, იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი რამ მოხდებოდა. ათი ათას ლარებზეა საუბარი და კიდევ უფრო ზევით თითო კონცერტში. აბსოლუტურად ფუჭად იხარჯებოდა ეს თანხები. რომელიმე მათგანს საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით რომ გაეტანა, კიდევ არ ინანებდი, მაგრამ დღეს არაფერს წარმოადგენენ და ამიტომ მწყდება გული. ამ დროს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა (ხაზს ვუსვამ: არც ჩემზე ვსაუბრობ და არც ჩემს შვილზე. სოციალურ ქსელში ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, ვინ არიან ნიჭიერები და მართლა ტაშის დასაკრავი ფიგურები) იჩაგრებოდა, ვერც ერთმა მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება. ძალიან ბევრი წელი დააკარგვინეს ახალგაზრდებს.

_ ახლა აქვთ რაიმე პერსპექტივა?

_ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, აქაც ვერ ვხედავ რაიმე საიმედოს. დროა, მიხედონ ნიჭიერ ახალგაზრდებს. უკვე კულტურის სფეროც და, ზოგადად, ქვეყანა უნდა იყოს მომართული იმისთვის, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიძლება გაიქცეს ქვეყნიდან. შეიძლება, თავისი საქმე მათ იქაც ვერ გააკეთონ, სადარბაზოები დაალაგონ, მაგრამ უკვე ბევრი ახალგაზრდისგან (სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა), ძალიან ბევრი ადამიანისგან მაქვს მოსმენილი, აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაო, და ნამდვილად დროულად უნდა ვიზრუნოთ ამაზე, დროულად მოვუბრუნოთ გული ქვეყნისკენ. ჯერჯერობით, დამაიმედებელი მდგომარეობა არ არის. მკვეთრად ვხედავ ერთს: ეს არის ავადმყოფური დამოკიდებულება პირფერობის მიმართ. ვისაც პირფერობა შეუძლია, დღეს გზა ძალიან აქვს გაკვალული, მაგრამ მე ის ადამიანები უფრო მაღიზიანებენ, რომლებსაც ეპირფერებიან და ამას ირგებენ. ჩემთვის ისინი ინტელექტუალურად დაბალ დონეზე მყოფი ადამიანები არიან.

სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში იმრავლა ასეთმა ადამიანებმა. საქართველოში მამაკაცი ნაკლებად კადრულობდა ამ როლის მორგებას. ასეთი ადამიანები ყოველთვის გამოკვეთილები იყვნენ ხოლმე ჯანსაღ წრეებში, მიუთითებდნენ, რომ მას შეუძლია მლიქვნელობა. დღეს საგრძნობლად გაიზარდა მათი რიცხვი და უკვე ყველაფერი ერთმანეთში აირია. გული მწყდება, რომ ეს  საქართველოში ხდება, სადაც ვაჟკაცობა სხვაგვარად აღიქმებოდა. ვაჟკაცი კაცი ნამდვილად არ მიიღებდა იმ რაღაც მოქონილ სიტყვებსა და საქციელებს, რასაც დღეს იღებენ და ამიტომ მწყდება გული. ვაჟკაცობის ცნებაც იკარგება.

_ გისმენთ და მახსენდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ ამბობდით, _ საქართველოში ღირსებაზე მეტად მლიქვნელობა ფასობსო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მორიგ არჩევნებში, მათი კვლავ გამარჯვების შემდეგ, ეს ფრაზა უფრო გამყარდა?

_ რომ არ მინელდა, ფაქტია. მთელი უბედურება ის არის, რომ მომავალი თაობები ფუჭდება. როდესაც შვილი ხედავს, რომ მამამისი ამ მლიქვნელობით მოგებულია, რა თქმა უნდა, იგივეს გააკეთებს, რადგან იცის, ძალიან ბევრი რამ იოლად მიუვა.

_ გამოსავალი?

_ სწორედ ეგ არის ჩემი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხს ვერ ვცემ. ჭიანჭველებივით მომრავლდნენ ასეთი ადამიანები აბსოლუტურად ყველა სფეროში, რაც უკვე ძალიან საშიშია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თაობებს ვკარგავთ, როგორც მსმენელს. მაშინ, როდესაც არ აწვდი და არ შეაყვარებ იმას, რაც არის შენი, ძალიან მნიშვნელოვანი და მართლა ფასეული, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს და სწორ შეაფასებას ვერ გააკეთებს. ნურც მოვთხოვთ ამას ახალგაზრდას, რომელიც ამ ფესვებზე არ არის გაზრდილი. რასაც ხშირად ასმენინებენ და ცხვირწინ უტრიალებენ, მას ის ჰგონია კარგი, ფასეული. როდესაც შენს ფესვებზე არ ზრდი, განსჯის უნარიც აღარ აქვს. იგნორირება გაუკეთეს ქართულ კულტურას, რომელიც ნამდვილად ძალიან ღირებული გვაქვს. არ დავკონკრეტდები, მაგრამ ცოტა ყოფილა, ვინც საქართველოში არაფერს წარმოადგენდა, წასულა უცხოეთში, შეიძლება, იქ ჭურჭელი ერეცხა, მაგრამ ტრაპიდან ჩამოვიდა, _ ესაა მთავარი. სულ ვამბობ, ჩვენ „ტრაპების დაავადება“ გვაქვს-მეთქი. ტრაპიდან ჩამოვიდა და ვარსკვლავი ეწოდა იმიტომ, რომ უცხოეთში იყო. ნურავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ბევრი იქ ძალიან იაფფასიან კლუბებში, იგივე ქორწილებში მღერის, თავი რომ ირჩინოს და მე ამას სათაკილოდ არ მივიჩნევ, მაგრამ ის, რომ შენ მას მხოლოდ უცხოეთში წასვლის და მერე იქიდან ჩამოსვლის შემდეგ აღიარებ, ეს საშინელებაა. რაც მთავარია, უკვე იკარგება ზღვარი ნიჭიერსა და ძალიან ნიჭიერს შორის.

_ კი მაგრამ, თუნდაც საშემსრულებლო ტექნიკა არის კი დღეს ისეთი საქართველოში, რომ სათანადოდ იქნას გამოყენებული?

_ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, იკარგებიან. ჯერ მარტო ჩემი შვილის თაობაში, თუნდაც კლასიკურ სფეროში, იმდენია, რომ… მაგალითად, ცოტა ხნის წინათ იტალიაში ძალიან სერიოზული გამოცდა ჩააბარა სამმა ნიჭიერმა ვოკალისტმა, მაგრამ ქვეყანამ ვერც ერთი დააფინანსა და სასწავლებლად ვერ წავიდნენ. „ჩვენ სწავლას არ ვაფინანსებთ“, _ ასეთი იყო პასუხი. ვერ ვხვდები, აბა, რას აფინანსებენ? ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ზის სახლში.

_ საუბარში სიტყვა „ვარსკვლავი“ ვახსენეთ… გასული 2016 წელი, ალბათ, არასოდეს დაგავიწყდებათ _ თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. რას ელით 2017 წლისგან მაშინ, როცა, კულტურული თვალსაზრისით, ახლაც მითხარით და საერთოდ, ბევრჯერ აღგინიშნავთ, რომ საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა? მახსოვს, ქართული მუსიკალური ხელოვნების გადასარჩენად თქვენ ერთ-ერთმა პირველმა აიმაღლეთ ხმა, უარიც კი თქვით სიმღერაზე და განაცხადეთ, რომ ქართული ესტრადა არ არსებობს… დღეს რას ფიქრობთ?

_ ვარსკვლავს რაც შეეხება, 2016 წელმა დამარწმუნა, რომ ნამდვილად არავინ იტყვის ჩემზე „ე. წ. ვარსკვლავს“, ისეთი დიდი სიყვარული მოდიოდა ხალხისგან. ვარსკვლავის დაფიქსირება სწორედ იმის დასტურია, რომ ხალხს უყვარხარ… რას ველი 2017 წლისგან? პირველ რიგში, იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ და განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს ხელეწიფება, გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული თუ სოციალური განვითარება. კატასტროფულ  მდგომარეობაში ვართ. ავიღოთ, თუნდაც, გახმოვანების საკითხი. ნუთუ, შეუძლებელია, რომ რამდენიმე ადამიანი გაუშვან, თუნდაც, საზღვარგარეთ, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს, თუ როგორ უნდა გაახმოვანო კონცერტი. ამაში ჩადონ გარკვეული თანხა. იცით, როგორი მნიშვნელოვანია, როდესაც მღერი და სათანადოდ არ გიხმოვანებენ, ხმას ვერ აწვდენ შენს მსმენელს, სათქმელს ვერ ეუბნები. რატომ? იმიტომ, რომ იქ არ ზის, დავუშვათ, პროფესიონალი ხმის რეჟისორი, ან სხვები, თუნდაც განათება არ არის კარგი, მხატვრობა და ასე შემდეგ. რაღაც თანხები უნდა გაიმეტონ, რომელიც ახალგაზრდების სწავლას მოხმარდება.

_ და ეს უნდა მოხდეს უცხოეთში?

_ აქ არ იციან და ცხადია, რაც არ იციან, იმ კუთხით განათლება უცხოეთში უნდა მიიღონ.

_ ე. ი. ყველაფერი თავიდან არის დასაწყები?

_ ყველაფერი, შეიძლება, არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის თავიდან დასაწყები და აქ ტყუილად დროის ხარჯვა არ ღირს… რადგან გახმოვანება ვახსენეთ, აქვე უნდა ითქვას, რომ შემსრულებლების გარკვეული ნაწილი მერე თავს იმართლებს: იცი, რა, იძულებული ვარ, კონცერტზე პლუს ფონოგრამით ვიმღერო, ტელევიზიით მრავალმილიონიანმა საზოგადოებამ კარგი ხარისხით რომ ნახოსო. სოლო კონცერტზეა საუბარი. როდესაც მსმენელს ეუბნები, მობრძანდი და მომისმინეო და ამ დროს ცოცხლად ერთ სიმღერას არ მღერი, ეს ჩემთვის, უბრალოდ, ძალიან დიდი უზნეობაა. აქ მხოლოდ იმ 2500 კაცზე არაა საუბარი, რომელიც დარბაზში ზის და ტყუილზე უმღერიან, არამედ ტყუილს აჩვევენ მომავალ თაობას. ხომ ხედავთ, მესამეჯერ წავედი მომავალი თაობისკენ.

_ და რამ მიგვიყვანა აქამდე?

_ ზერელე დამოკიდებულებამ იმ საქმის მიმართ, რომელიც მიაჩნიათ, რომ შენი კულტურის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. აბა, რა არის მნიშვნელოვანი, უცხოელი მომღერლების და მუსიკოსების ერთჯერადად ჩამოყვანა? ვფიქრობ, რომ არა, აქ აღზრდაა უფრო მნიშვნელოვანი. საერთოდ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მეც მაქვს კითხვა: რატომ ხდება ეს ყველაფერი, ამდენი უარყოფითი მოვლენა? კიდევ კარგი, რომ გვაქვს ამის უფლება. ის, რომ მე თავისუფლად შემიძლია დღეს ამაზე ვილაპარაკო და თქვენ პრესაში დაბეჭდოთ, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. `ნაციონალების” ხელისუფლების დროს მართლა ძალიან დიდი საშიშროება იყო.  მეგობრების წრეშიც კი, როდესაც პოლიტიკაზე საუბრობდნენ, ტელეფონის აპარატს მთლიანად შლიდნენ. დღეს ეს არ ხდება. ლაპარაკობენ, შეიძლება უსმენენ კიდეც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამის გულისთვის, სადღაც, კოჯრის ტყეში არ წაიყვანენ და არ მოკლავენ…

_ დარეკვაზე გამახსენდა… ნათლულმა (ქალბატონი თამრიკოს ნათლული ბერა ივანიშვილი გახლავთ) თუ დაგირეკათ და მოგილოცათ ნათლისღება?

_ არა, ნათლული არასდროს მირეკავს. მე ყოველთვის ვურეკავ, მაგრამ პირადად ვერასდროს დავუკავშირდი, მისი ტელეფონი არ ვიცი. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ, რაღაცნაირად, ვერ ვხვდებით ერთმანეთს. რა ვიცი, იქნებ, სწორედ იმ ხალხს, ვისზეც გვქონდა ლაპარაკი (პირფერებს, ვითომ ახლობლებს) კარგად აქვთ ნამუშევარი. სულ მაინტერესებს, როგორ მიცნობს, როგორი წარმოდგენა აქვს ჩემზე? მე მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ყოველ დილას და საღამოს ლოცვებს ვკითხულობ ნათლულთათვის და ის ჩემთან არის უკვე რამდენი წელიწადია, იცით? სადღაც, თვრამეტი, შეიძლება, მეტიც. სისხლხორცეული გახდა ჩემთვის ეს სახელები და ჩვეულებრივად ვიხსენიებ ლოცვებში. არ დაგიმალავთ, როდესაც ბერას ინტერვიუ მოვისმინე ტელევიზიით, ისეთი ღირსებები გამოავლინა, რომ ცრემლებამდე მივედი. ძალიან სწორად აზროვნებს, კარგი ბიჭია. სხვათა შორის, აქციებზე შორიდან შევხვდით ერთმანეთს და ადამიანები, რომლებიც, „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, ერთგულები იყვნენ, როგორც კი ბერა ან ბატონი ბიძინა მომესალმებოდა, უცებ ჩნდებოდნენ იქვე ახლოს და შინაურული ტონით მეტყოდნენ ხოლმე: „თამრიკო, ამ ადამიანებს ეჩქარებათ, ახლა სცენაზე უნდა ავიდნენ“. მეცინებოდა. ვხედავდი, კეთილმოსურნეები როგორ „ზრუნავდნენ“ მათზე და ზუსტად იმ ურთიერთობაზე, რომელიც ჩვენ შორის არ უნდა შემდგარიყო. ბოლოს უკვე ცრემლებამდე ვიცინოდი და წინასწარ ვამბობდი, _ ახლა ნახეთ, აუცილებლად მოვა ეს ადამიანი-მეთქი. და ასეც ხდებოდა. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, _ არ გვეგონა, მართლა ასე თუ იყოო. მერე უკვე ვხუმრობდი, _ ცოცხზე არიან შემომსხდრები, როგორც „ბაბაიაგები“ და უცებ მოფრინდებიან, რაღაც ზედმეტი რომ არ ვუთხრათ ერთმანეთს-მეთქი“. ასეთი ადამიანები დღეს ძალიან ბობოქრობენ.

_ ცუდია, თუ ამ ადამიანებს უჯერებენ და ნათლიასა და ნათლულს შორის ურთიერთობა არ არის.

_ არა მგონია, რომ მთლად ასე უჯერებდნენ, თუმცა ბოლოც მაკვირვებს… საერთოდ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და ხალხი უკმაყოფილო იყო რაღაც მოვლენებთან თუ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მე სულ ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე ბევრი რამ არ მიდის, ძალიან დიდ საინფორმაციო ვაკუუმშია ეს ადამიანი, მაგრამ…

_ დღეს რა გინდათ, რომ მის ყურამდე მივიდეს?

_ რა ვიცი… მის ყურამდე დღესაც ბევრი რამ არის მისატანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ გარემოცვა გაფილტროს, ასე უკეთესი იქნება… იმედია, დაფიქრდებიან, თუ ვინ არის მათთვის ნამდვილი მოყვარე და კეთილისმსურველი. ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორებადია, ყოველ შემთხვევაში, მაგის იმედი მაქვს _ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ავადმყოფურად არის შეყვარებული თავის ქვეყანაზე. რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება და შემეძლო, საქართველოდან წავსულიყავი. საბოლოო ჯამში, ან დავრჩებოდი მოგებული, ან _ არა, მაგრამ ფაქტია, ვერ წავედი. ორი კვირაც კი მიჭირს საქართველოს დატოვება და აღარ მინდა,  დათრგუნული სახეები დავინახო, არ მინდა, ვიღაც ქუჩაში მაჩერებდეს და მეუბნებოდეს: „აა, შენ ის ადამიანი ხარ, აქციაზე რომ იდექი, გვითხარით, როგორ გამოსწორდება მდგომარეობა?“ არ მინდა, ასეთი კითხვები დამისვან, მინდა, უფრო მეტი იმედიანი სახე და ძალიან ბევრი ღიმილი დავინახო.

_ დაბოლოს, ქალბატონო თამარ, იყო ვინმე მთავრობიდან თქვენი ვარსკვლავის გახსნისას სოლო კონცერტზე?

_ არა, არავინ ყოფილა, ჩავთვალე, რომ არ ეცალათ და ოჯახის წევრები გამოუშვეს. ყველაზე ძალიან იმაზე მწყდება გული, რომ ოთხი სოლო კონცერტი ჩავატარე და მიუხედავად ძალიან დიდი სურვილსა, მიზეზთა გამო, უწმინდესი ვერ მობრძანდა. იტყვიან, რომ ამჯერად ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, თუმცა თავად ყველა კონცერტის დროს დიდი სურვილი ჰქონდა და ამბობდა, აუცილებლად მოვალო. სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინათ, ერთ-ერთ ტელეარხზე, ნაჩვენები იყო კონცერტი, სადაც დარბაზში პატრიარქიც იჯდა, პრეზიდენტიც, მთავრობის წარმომადგენლებიც და 2500 მოქალაქე. აქ, ერთი შეხედვით, თითქოს კარგის მეტი არაფერია, რომ არა ერთი მთავარი, ვფიქრობ, სამარცხვინო ნაწილი _ ტყუილი და უზნეობა! ამ კონცერტთან მიმართებითაც და, ზოგადადაც, მინდა, ყველას მივმართო, ვინც ამ ღონისძიებებს აწყობს _ მოეშვან სპეკულაციური ღონისძიებების ჩატარებას, როდესაც ერთი კონკრეტული, დიდი ადამიანის სახელს იყენებენ და ამის გამო, როგორც იტყვიან, „ფეხზე დგას მთელი ქვეყანა“. ეს კონცერტიც ამ სახის იყო, თუმცა მე უფრო სხვა მოვლენამ შემაშფოთა და აღმაშფოთა _ ეს სწორედ იმ ტყუილისა და უზნეობის დასტური იყო, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ და რაზეც დიდი ხანია, განგაშს ვტეხ _ ორი საგუნდო სიმღერის გარდა არც ერთი სიმღერა ცოცხლად არ შესრულებულა! მე ის უფრო მადარდებს, ხვდებოდნენ კი ამას ის ადამიანები, რომლებიც დიდი პატივით იყვნენ მიწვეული, რომ მათ ატყუებდნენ? იმიზეზებენ, რომ ხარისხის გამო აკეთებენ ამას. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე ამას არასოდეს ვაკადრებ ჩემს მსმენელს. ისიც მინდა გითხრათ, არ გეგონოთ, ამას ხალხი ვერ ხვდებოდეს. ხალხმა შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს თავი… ეს ერთი პატარა ფრაგმენტია ჩვენი კულტურული ყოფისა, რომელიც არანაირად არ მინდა დიდ მასშტაბებში და ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში გადაიზარდოს.

სხვა რა გითხრათ?.. უბრალოდ, ძალიან უცნაურია, რომ სწორედ ჩემი კონცერტის დროს არის ხოლმე პრობლემები საპატრიარქოს მხრიდან, არადა, როდესაც საპატრიარქოდან დამირეკავენ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მათ გვერდით ვარ, პირველ რიგში, უწმინდესის გვერდით, რომელიც ძალიან დიდ სიყვარულს მიმჟღავნებს მეც და მარიამსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, კითხვა გამიჩნდა, _ რატომ, მაინცდამაინც, ჩემს კონცერტზე ხდება ასე?..

 

 

თამარ ოთიაშვილი