პეტრე ცისკარიშვილი: ,,თუ ამომრჩეველი აქტიური იქნება, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს!”

 

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი _ პეტრე ცისკარიშვილი.

 

_ იმ მტკივნეული პროცესების შემდეგ, რაც ენმ-მ გადაიტანა, შესწევს თუ არა პარტიას ძალა, მოსალოდნელ გამოწვევას უპასუხოს? გამორიცხული არაა, ინფლაციის, ვალუტის გაუფასურებისა და სხვა მძიმე პრობლემების გამო, გაზაფხულზე იფეთქოს პროტესტმა. შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“, ფეხი აუწყოს ხალხის განწყობას და ამ პროცესების ავანგარდში აღმოჩდეს?

_ რაც ჩვენს პარტიაში მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო პროცესი, საკმაოდ მტკივნეული გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური თანამებრძოლობის გარდა, ამ ადამიანებთან პირადი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და უკვე წლებია, მეგობრობა გვაკავშირებდა. ძალიან გულდასაწყვეტია, რაც მოხდა. თუმცა ხელისუფლებაში როდესაც ვიყავით, მაშინაც გვტოვებდნენ ჩვენი მეგობრები, ვინც მანამდე ჩვენი პარტიის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ლიდერებადაც რომ მოიაზრებოდნენ, ისეთები. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს პროცესი _ ყველა ვერ უძლებს ოპოზიციური პარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებს, სირთულეებს, რაც თან ახალავს ოპოზიციაში ყოფნას. კიდევ ერთხელ წაგებული არჩევნების შემდეგ გასაგებია, რომ რაღაც მოხდებოდა და მოხდა კიდეც. საწყენია, რომ ჩვენი მეგობრები ასე წავიდნენ. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აბსოლუტური უმრავლესობა არსად წასულა და ეს ყრილობაზეც გამოჩნდა. ჩვენგან გამიჯნული ლიდერებისგან მოისმენდით, _ აი, თბილისის ამდენი და ამდენი ორგანიზაციიდან ამდენი ჩვენთან წამოვიდაო. კი, რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მათ მიერ კონტროლირებადი, მათი დანიშნული, ან ძალიან ახლო, პირადი მეგობარი იყო და წავიდა, მაგრამ იმ ორგანიზაციების მთელი აქტივი ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა. ასე რომ, ამ ციფრების მოყვანაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მხრიდან.

_ თუნდაც რაღაც ნაწილი გაჰყოლოდა, ეს რას ცვლის? მთავარი ისაა, ამომრჩეველი თუ გაგყვება…

_ პოლიტიკურ ლანდშაფტში ეს არც არაფერს ცვლის, მაგრამ მათ უნდოდათ, ეს პროცესი წარმოეჩინათ, როგორც პარტიის გაყოფა, და არა მათი გამოყოფა; რომ პარტია დაიშალა, ორ თანაბარ ძალად გაიყო.

_ მათი მხრიდან აქტიურად აპელირებამ პარტიის გაყოფაზე მხარდამჭერებში ეჭვი გააჩინა, რომ ისინი ვიღაცას აბარებდნენ ანგარიშს, რომ პარტია თუ ვერ წაართვეს მიხეილ სააკაშვილს, დაუნგრიეს, გაუხლიჩეს მაინც.

_ შეიძლება, ერთი მხრივ, ასეც წაიკითხო და მეორე მხრივ, რომ ჩვენ ვაშაძე, ან „გირჩი“ კი არ ვართ, კი არავინ დაგვიღალატებია, ან ბრძოლაში მიგვიტოვებია, უბრალოდ, ახლა შუაზე გაიყო, რაც ხდება ხოლმე, რა ვქნათ… ამის წარმოჩინება უნდოდათ და ამისთვის იყო მნიშვნელოვანი, აი, ამდენი ორგანიზაცია ჩვენ გამოგვყვაო.

_ ანუ ისე სურდათ წარმოჩენა, როგორც, თავის დროზე, „ედეპე“ გაიყო „ედეპედ“ და „სახალხო პარტიად“?

_ დიახ, რაღაც ასეთი, რომ მცირე ჯგუფი კი არ გამოეყო, პარტია შუაზე გაიყო.

_ წასულების მიმართ ბევრს ჰქონდა პრეტენზია, რომ თუკი მათ სააკაშვილისგან გამიჯვნა სურდათ, რატომ არ გაემიჯნენ არჩევნებამდე? ჩემთვის ეგ უფრო გასაგებია, რატომ არ გაემიჯნენ ისინი არჩევნებამდე სააკაშვილს, ვიდრე ის, რატომ არ გააკეთა ეს თავად სააკაშვილმა და თქვენ, იმ ნაწილმა, ვინც სააკაშვილს უჭერთ მხარს? ის, რაც ჩვენთვის, ფართო საზოგადოებისთვის არჩევნების შემდეგ გახდა ცნობილი, ხომ ფაქტია, რომ თქვენთვის არჩევნებამდეც იყო ცხადი? რატომ არ აცნობეთ ეს ამომრჩეველს, რა გაკავებდათ?

_ დღეს ძალიან ლოგიკურად ჟღერს ეს შეკითხვა, მაგრამ იმ ეტაპზე ჩვენ წაგებაზე არ ვფიქრობდით, მართლა გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და გამარჯვების შემთხვევაში, ეჭვიც ხომ არ გეპარებათ, რომ არავინ გამოგვეყოფოდა, ვინმე გამოგვეყოფოდა კი არა, იქით კარს ჩამოგვიღებდნენ კაკუნით სხვა ჯგუფები, ორგანიზაციები, პარტიები, და ა. შ.

_ არავინ გამოგეყოფოდათ, მაგრამ ეჭვი გეპარებათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეგ გუნდი სააკაშვილს გვერდზე გაწევდა?

_ ეგ კიდევ უფრო დიდი უსამართლობა იქნებოდა… არ ვიცი, მაგაზე შეიძლება, ვიდაოთ, ან პირიქით… ვინ მიიწერდა ამ გამარჯვებას, გააჩნია.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ მიიწერდა? სააკაშვილის წყალობით მიიღეს ნახევარი მილიონი ხმა და ისევ მას დააბრალეს, მაგან წაგვაგებინა არჩევნები, უფრო მეტს მივიღებდითო.

_ ეგ ხომ საერთოდ საუბრის ცალკე თემაა…

_ თქვენ იცოდით, რომ ხალხი მხარს უჭერს სააკაშვილს და მისგან გამომდინარე პარტიის სიას, თქვენ ასევე იცოდით, რომ სიაში მყოფთა დიდი ნაწილი სააკაშვილის მოწინააღმდეგე იყო, რაც უცნობი გახლდათ ამომრჩევლისთვის და არ შეატყობინეთ. ამომრჩეველს რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი, ხომ არ შეცდებოდა?

_ პარტიის შიგნით, ზოგიერთი ჩვენი, დღეს უკვე ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან სააკაშვილის პიროვნებასთან დაკავშირებული სირთულეები მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში შეიმჩნეოდა, რასაც, ყოველთვის, რაღაცნაირად, ვარეგულირებდით. გვეგონა, რომ უკიდურესი დამარცხების შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი სირთულეები კვლავ იჩენდა თავს, რამენაირად დავარეგულირებდით, მივიდოდით გარკვეულ კომპრომისამდე, როგორც ეს ხდებოდა მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში. როგორც აღმოჩნდა, გულუბრყვილო იმედი იყო… არჩევნების შემდეგ გაათმაგებული ნიაღვარი წამოვიდა, _ როგორ, თუ თქვენ მხარს უჭერთ, თქვენ ხართ ბელადომანები, სააკაშვილისტები თუ მიშისტები, ჯანდაბა, უბედურება, უნდა გავემიჯნოთ, გადავაყენოთ, ეს თავი გადავფურცლოთ, დავხუროთ, მოვრჩეთ, დავანებოთ თავი, უკრაინელია… თავისი ნებით ხომ არაა უკრაინაში? ამ ხელისუფლებამ განდევნა, გააძევა ქვეყნიდან და არ აძლევს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას. ამიტომაცაა სიმბოლურად ვაკანტურად დატოვებული თავმჯდომარის პოსტი. იმ ჯგუფს თავმჯდომარის სკამი იმდენად არც აიტერესებდა, რამდენადაც სააკაშვილის საერთოდ ჩახსნა პროცესებიდან, რომ არანაირი გავლენა არ ჰქონოდა არც გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტსაბჭოში და არც სამდივნოში, რომელიც პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს. პოლიტსაბჭოშიც და სამდივნოშიც მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა პოზიციები და ამ გუნდის ამოცანა სწორედ ეს იყო, ბერკეტები გამოეცალათ ხელიდან და ის თავმჯდომარის სკამი იყო, როგორც ტორტზე ალუბალი. მას არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა, უბრალოდ, ასე გაყიდდნენ, რომ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, თორემ, სინამდვილეში, ამ ორ ორგანოზე _ პოლიტსაბჭოსა და სამდივნოზე _ სრული კონტროლის მოპოვება სურდათ.

_ ახსენეთ, გამარჯვებისთვის ვიბრძოდითო და იმ საარჩევნო კამპანიით, რასაც ეწეოდით, გამარჯვების იმედი მართლა გქონდათ? გჯეროდათ, რომ „თეთრი ხელთათმანებით“ მოახრჩობდით ოლიგარქიულ რეჟიმს? ამომრჩეველს იმედი ჰქონდა, რომ ბოლო თვეს მაინც გაამწვავებდით იმ დავარცხნილ კამპანიას. გაამწვავეთ კი არა, რა კოშმარული ფაქტებიც იყო, იმასაც უყრუებდით და იმედი გქონდათ, რომ ასე ლონდონელი დენდებივით მოხვიდოდით ხელისუფლებაში?

_ მაგ თეთრი ხელთათმანების გარდა ეყრდნობოდნენ რაღაც კვლევებს და აბსურდული პოზიცია იყო პარტიის ლიდერშიპში, რომ ხალხს უნდა ტექნიკური მთავრობა, რომ ლარის პრობლემა მოგვარდეს, გამყარდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, გადასახადები შემცირდეს, მოწესრიგდეს ეკონომიკა, კრიმინალი მოითოკოს და ა. შ. ბევრ ჩვენგანს, ზოგს მაინც, ამის არ გვჯეროდა, საქართველოში კი არა, ტექნიკურ მთავრობას დანიასა და შვედეთშიც არ ირჩევენ, იქაც ექშენი, ლიდერი და ქარიზმა, ეს ფაქტორები მუშაობს საარჩევნო კამპანიის პროცესში და აქ დაიწყეს, ხალხს ტექნიკური მთავრობა უნდაო. ეს თავშივე არასწორი პოზიცია მთელ კამპანიას გაჰყვა შლეიფად, მეტიც _ პარტიის დნმ-დ გადაიქცა. თუმცა ამ ხალხისაც მესმის, როდესაც არ გაქვს ქარიზმა, ხელში არ გიჭირავს ეს ინსტრუმენტი, ცდილობ ასე, ტექნიკური მთავრობით გაძვრე, გახვიდე ფონს _ აი, ეს გადაგარჩენთ, ხალხო, ტექნიკური მთავრობა _ კომპეტენტური, გამოცდილი მთავრობა, რომელიც ლარსაც დაგისტაბილურებთ, დაგასაქმებთ კიდეც, გადასახადებსაც შეგიმცირებთ და ა. შ.  როდესაც არ გაქვს ის დრაივი, რაც სააკაშვილს ჰქონდა 2003 წელს, ცდილობ, სხვა ტორტი შესთავაზო ხალხს, სხვა გემოვნების ამომრჩეველზე იმუშაო, მაგრამ იმ გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს…

_ ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მათ არც უნდოდათ გამარჯვება და ეს იყო ბრძოლა გარანტირებულად უმცირესობაში და არა უმრავლესობაში მოსასვლელად.

_ და რბილად ჯდომა იმ სავარძლებში… ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება არ უნდოდათ, მაგრამ რამდენად სჯეროდათ, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ ტექნიკური მთავრობის პრინციპიდან ამოსვლა ფუნდამენტური შეცდომა იყო.

_ როდესაც პარტიის შიგნით ვინმე ითხოვდა კამპანიის გამწვავებას, გარკვეული დოზით რადიკალიზაციას, თემების წამოწევას, რაც შესაბამისობაში იყო ელექტორატის განწყობებთან, რა ხდებოდა მაშინ, რას ამბობდნენ?

_ არსებობს პარტიული დისციპლინა. ვიმეორებ, ისინი აკონტროლებდნენ სამდივნოს, პოლიტსაბჭოს და როგორც დაიგეგმა, აეწყო და დადგა რელსებზე ეს კამპანია, ისევე გაგრძელდა. ასეთ ინიციატივას საკუთარ თავზე არავინ იღებს, პარტიის მთავარი ხაზიდან ვერ გადაუხვევ. ვერ ვიტყვი, რომ ყოველ მეორე დღეს იყო ასეთი ინიციატივები სხვადასხვა მხრიდან, რომ კამპანია გავამწვავოთო. თუ რაღაც იყო, სწორედ იმ დისციპლინური მოთხოვნებიდან გამომდინარე ეგრევე ჩერდებოდა, რომ ჩვენ როგორც დავგეგმეთ, რა მესიჯბოქსშიც ვზივართ, იმაში უნდა დავრჩეთ, აქედან შენ მარჯვნივ, მარცხნივ თუ გადაუხვევ, ესე იგი, პარტიის მთავარ ხაზს ღალატობ და შენი ადგილი აქ არ არის.

_ ივანიშვილის ხელისუფლებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმთავითვე მიაწება იარლიყი „უნიათო“. ახლა მაინც თუ აღიარებთ, რომ ეს საბედისწერო შეცდომათაგანი იყო _ მავნებლებს უნიათო შეარქვით და ამ „უნიათო-უნიათოს“ ძახილში კი შეგისრულათ _ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

_ გეთანხმებით… „უნიათო“ პირველსავე თვეებში შეერქვათ, როცა ბევრი მიმართულებით, მართლაც, უნიათობა, არაკომპეტენტურობა გამოავლინეს.

_ ჯაშუშების ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვება უნიათობაა? ან ის ფართომასშტაბიანი ამნისტია, როდესაც წულუკიანმა თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანას ტურისტები დააკარგვინა?

_ ეგ მავნებლობა იყო.

_ ეს იმთავითვე იყო და თქვენ გაიძახოდით „უნიათო-უნიათოს“.

_ გეთანხმებით, მავნებელ და კოლაბორაციონისტ ძალას რომ უნიათოს უწოდებ, მართლაც შერბილებაა. სინამდვილეში, როდესაც მათ სჭირდებოდათ, ჩვენი მეგობრების ციხეებში ჩაყრა იყო თუ რუსეთისთვის ქედის წახრა, ძალიანაც „ნიათიანები“ იყვნენ და ყველაფერი მშვენივრად მოახერხეს, არაფერი უნიათობა არ გამოუჩენიათ. დაბოლოს, არანაირი უნიათოები არჩევნებზე არ გამოდგნენ, სამხედრო სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს თავისი გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებით. ყველა ელემენტი აამუშავეს, რასაც კი შეეძლო მათთვის ხმები მოეტანა. უნიათობაში ნამდვილად ვერ დასდებ ბრალს, ამ ნაწილში მაინც, მაგრამ ამ მავნებლობასთან და რუსეთის მიმართ თავის დახრის პოლიტიკასთან ერთად, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ძალიან არაკომპეტენტურები არიან და პირადი ერთგულებისა და ივანიშვილისადმი ლოიალური და ახლობლური დამოკიდებულების ნიშნით ხვდებიან მთავრობაში. ეს არაკომპეტენტურობა ვლინდება ყველა ნაბიჯზე და ამიტომაც არის ამ დღეში ქვეყანა, სტაგნაცია, ფასები მაღლა მიდის, ლარი გარბის. როგორც კი რაიმე ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე მივა საქმე, საშუალო, ან გრძელვადიან პერიოდზე კი არ ფიქრობენ, ცდილობენ, როგორმე, დღევანდელი, მაქსიმუმ, ხვალინდელი პრობლემა მოაგვარონ, _ ნუ იქნება ოღონდ ბუნტი. ასე რომ, ერთიცაა და მეორეც _ უნიათობაც და მავნებლობაც, მაგრამ ტერმინი სწორად იყო შესარჩევი, გეთანხმებით.

_ ახლა დოლარში არსებული სესხების გალარებას გვთავაზობენ, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საბანკო სექტორს, ისევე მოსახლეობას. თუ ლარი გაიქცა, ბანკები იზარალებენ და თუ შემდეგ ლარი გამყარდა _ მოსახლეობა, ვინც სესხს გაალარებს. თან ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უნდა მოხდეს ამ გალარების სუბსიდირება. გაუგებარია, თქვენ რატომ უნდა იხადოთ ფული იმისთვის, რომ მე სესხი გავალარო? ან პირიქით, მე რატომ უნდა ვაფინანსო თქვენი სესხის გალარება? რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, რას ემსახურება?

_ მაგ ნეგატიურ ეფექტებს ფასების ზრდაც დაემატება. გეთანხმებით, ბანკს თავისი თანხები დოლარში აქვს მოზიდული და თუ ლარში გადაუკონვერტირებ და მერე კურსი გაიქცა, ცხადია, იზარალებს და თუ პირიქით _ ლარი გამყარდა, მსესხებელი იზარალებს. რეფინანსირების სესხები კიდევ ნახევარი %-ით გაძვირდა დოლართან მიმართებით, იმიტომ რომ რისკიანი ვალუტაა. ეს ლარის სესხები უფრო ძვირი იქნება მსესხლებლისთვის, მსესხებლები მარტო კერძო პირები ხომ არ არიან, კომპანიებიც არიან და ეს ეკონომიკის შენელებას გამოიწვევს. პრობლემების მთელი კასკადია, რაც ამ გალარებას უკავშირდება, თან ჩვენი ჯიბიდან, ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ მთელი ამ გადახურდავების პროცესს. ეს თანხები შეიძლებოდა, უკეთეს რაღაცებს მოხმარებოდა და ეკონომიკა წინ წასულიყო და არა, უბრალოდ, შავ ორმოში ჩაგვეყარა, იმიტომ რომ ვიღაცებს დავუკონვერტიროთ. კი, ლარზე მოთხოვნას გაზრდიან და მოკლევადიან ეფექტს მოგვცემს. ახლაც ვნახეთ, დასტაბილურდასავით _ 2.65-2.70-ის მიდამოებშია, იმიტომ რომ 60 მილიონის ჩასხმა დაიწყო და ლარზე მოთხოვნა გააჩინეს. დაასტაბილურესავით, რომ ბუნტი არ ყოფილიყო. ესენი ფიქრობენ, რომ თუ ყველა გაალარებს სესხებს და დოლარი საყიდელი აღარ ექნება, დოლარზე მოთხოვნა შემცირდება, ლარის კურსზე ზეწოლა შემსუბუქდება და დევალვაციის პროცესი შეჩერდება. და რომც გაიქცეს ლარი, თუ ყველას ლარში ექნება სესხები, კურსის ცვალებადობა, პრინციპში, აღარც არავის აანერვიულებს, მთავარია, ფასები არ გაიქცეს. ჯერ ერთი, ყველა არ გაალარებს სესხებს და დიდი ნაწილი დოლარში დაიტოვებს და მეორეც, ტყუილად ჰგონიათ, რომ ფასები არ გაიქცევა. ესენი ფიქრობენ, რაკი ამ ბოლო 2 წელიწადში არ იყო კატასტროფული ინფლაცია, მომავალშიც ასე იქნება. თუმცა ინფლაცია იყო და საგრძობიც, უბრალოდ, კატასტროფული ინფლაცია იმიტომ არ იყო, რომ მსყიდველუნარიანობა დაეცა, ხალხი გაღარიბდა, გაღატაკდა. დოლარში არსებული სესხების გადახდის შემდეგ აღარაფრის საყიდელი ფული არ რჩებოდა და იმიტომ არ გავარდა ფასები ზემოთ კატასტროფულად. ახლა, თუ სესხს ყველა, ან უმეტესობა ლარში გადაიტანს, დოლარი აღარ ექნება საყიდელი და მსყიდველუნარიანობა აიწევს, აუცილებლად მოჰყვება ძალიან მაღალი ინფლაცია. უკვე 4,5,6%-იანი ინფლაცია კი აღარ იქნება, არამედ 15, 20 და 30%-იანი. ამაში ცდებიან ესენი, რახან ფასები მაინც არ გარბის, მოდი, ახლა, სესხები გავალაროთ, რომ კურსმა ხალხი არ ანერვიულოს, ლარი რომც უარესად გაუფასურდეს, ამაზე აღარავინ ინერვიულებს.

_ არ ინერვიულებს კი არა, გაუხარდება კიდეც, სად გარკვეული ძალის მქონე, ვთქვათ, 800 ლარის გადახდა და სად _ გაუფასურებულის.

_ სესხის გადახდის დროს გაგიხარდება, მაგრამ სუპერმარკეტში რომ შეხვალ, იქ გეწყინება. ვიმეორებ, ყველა არ გაალარებს სესხს და რომც ყველამ გაალაროს, ფასები კატასტროფულად გავარდება. ან ერთი მოხდება, ან _ მეორე. როდესაც ეკონომიკა ჯანსაღი არ გაქვს, არ იზრდება, ინვესტიციის შემოდინების მაგივრად რეზერვიდან ფულს ყრი და ასე მანიპულაციებით ცდილობ რაღაც აწიო, ჩაწიო, გაწიო, როგორც კი ინვესტიციებს ანაცვლებ ასეთი ინსტრუმენტებით, ასეთი მექანიზმები როგორც კი შემოგყავს თამაშში, ეგრევე სადღაც გაგიხეთქავს, გაასხამს ეს აუზი და წყალი გავა და დაიღვრება.

_ გაფრენილ კურსს რომ ალაგ-ალაგ რაღაც ნიშნულზე აჩერებდნენ, ეს ხდებოდა სავალუტო რეზერვების ფლანგვის ხარჯზე. კარგად გვახსოვს მთელი ის დაპირისპირება, რაც იყო ეროვნულ ბანკთან, ქადაგიძესთან. მან სავალუტო რეზერვები არ გააფლანგინა, საფუძვლიანად ასაბუთებდა, რომ ეს იყო ტყუილი, ამაო გარჯა, რომ მოიტანდა რამდენიმედღიან შედეგს და ქვეყანას აზარალებდა. ქადაგიძის წასვლისთანავე მისდგნენ სავალუტო რეზერვებს.

_ არ ვიცი, რა დავარქვა ამას, ბოროტება თუ მავნებლობა?! ფაქტი ერთია, ეს უნიათობა ნამდვილად არაა, წინასაარჩევნოდ რომ კურსი შეენარჩუნებინათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს 200 მილიონ დოლარამდე დაახარჯინეს.

_ ქადაგიძეს, მე მგონი, რაც თანამდებობაზე იყო, მაგდენი, ჯამში, არც გაუყიდია.

_ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და ზეწოლის გარეშე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, საკუთარი ცოდნიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. მაგრამ მოხდა ისე, რომ ქადაგიძე რაც წავიდა, თავისი კაცი დააყენეს. ეს ადამიანი მთავრობის ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ხარჯა და ხარჯა. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, შეწყვიტა ხარჯვა და ეგრევე გაფრინდა კურსი. გვენეტაძემ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, არ არის იმდენად სუსტი ეკონომისტი, რომ ეს არ სცოდნოდა. ინვესტიციას რომ ამით ჩაანაცვლებ, ნარკოტიკივით რომ მიაჩვევ და მერე შეწყვეტ, ის შეკუმშული ზამბარა უარესად გაიშლება ერთბაშად. ეს გადასარევად იცოდა და მაინც ხარჯავდა რეზერვებს.

_ ან ერთი მოხდება ან მეორეო, თქვით, მე მგონი, ორივეც მოხდება, ლარიც გაიქცევა და ფასებიც და ხალხიც გამოვარდება ქუჩაში, არის თუ არა პარტია მზად ქუჩის აქციებისთვის? მოსახლეობაში მუხტიცაა და პროტესტიც, თუ გინდათ, ამას დაინახავთ, თუ არა, იძახებთ, _ მუხტი არაა, მუხტი არაა!.. არც 2003 წელს მოხდებოდა რამე, ქუჩაში რომ არ გამოსულიყო ვინმე და პროცესები არ აეგორებინა.

_ 2003-ში სააკაშვილი გვყავდა ბაზარზე. ამ რანგის ახლა არავინ არის.  მაგიტომაც დგას ეგ ამოცანა, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს აქ და მაგიტომაც გვეწყინა ჩვენ და მაგიტომაც გაჩნდა აზრი, რომ გარკვეული გუნდი ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს, როდესაც მის ჩამოცილებას ცდილობდა ყველაფრიდან. არაა საუბარი, იმ სკამზე იჯდება თუ არ იჯდება, არც თვითონ აინტერესებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმაზე იყო საუბარი, რომ პარტიასთან საერთოდ შეხება არ ჰქონოდა, მის მმართველობასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან, აქედან გამომდინარე, არც საქართველოსთან, მაგრამ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ არის და იქნება მთავარი მებრძოლი ოპოზიციური ძალა და ჩვენს პარტიაში არის ხალხი, ვინც, თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს და მოსახლეობას გაჭირვებაში დაუდგება. მე არ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, დაე, ცხოვრებამ თვითონ  გამოაჩინოს ლიდერები. ბევრ მათგანს ქარიზმა არც აკლია და დღეს თუკი ასეთი ხალხი არსებობს საქართველოში, ყველა ჩვენს პარტიაშია. სხვა პარტიებში ასეთ ხალხს ვერ ვხედავ. რაც შეეხება მუხტს საზოგადოებაში, არჩევნებიდან რამდენიმე თვეში არც უნდა ელოდო რაღაც განსაკუთრებულ მუხტს, მუხტი გაიხარჯა არჩევნებზე. ორთქლი გამოვიდა, ხალხმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო, თუმცა დიდი ზეწოლების, მანიპულაციებისა და გაყალბების ფონზე.

_ მე არ ვამბობ, რომ პარტიამ ხალხს უნდა უჩხიკინოს, პირიქით, ხალხშია ეს მოთხოვნა. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება გამწვავებულ სოციალურ ფონზე და მაშინაც იყო, როცა ერთდღიანი მიტინგები იმართებოდა. მაინც, რა იყო ის ერთდღიანი, რამდენიმესაათიანი მიტინგები? მეტს ვერ ქაჩავდით, თუ ბიძინას ნერვებს უფრთხილდებოდით, რომ არ გაბრაზებულიყო?

_ არა, არა, ბიძოს გაბრაზება არ გვანაღვლებდა, უბრალოდ, ვცდილობდით, ჩვენდროინდელ ოპოზიციას არ დავმსგავსებოდით, რომ კარვები გაგვეშალა და რუსთაველზე დავსახლებულიყავით, ამიტომ ერთჯერადი გამაფრთხილებელი აქციები იყო. მეორე მხრივ, ლიდერშიპიც გვაკლდა.

_ ბურჯანაძესა და გაჩეჩილაძეს კი ნუ დაემსგავსებოდით, თქვენს თავს დამსგავსებოდით, რაც 2003 წელს იყავით.

_ 2003 წლისგან განსხვავებით, ამ ჯერზე, ლიდერი არ გვყავდა და თან, სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც იმ 9 წლის მანძილზე შეიქმნა, ახლაც მუშაობს, _ ასე თუ ისე, შუქი არ ქრება, წყალი არ წყდება, გაზი მიეწოდებათ, ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები მოხსნილია, რის გამოც მაშინ ძალიან დიდი მუხტი იყო, კორუფცია ჭამდა ყველაფერს და ყველას, ხალხს ხელი ჩაქნეული ჰქონდა და უნდოდა სწორი ლიდერშიპი და ქარიზმატული ლიდერი, სწორი ხედვებით და იყო ასეთი ლიდერიც მიხეილ სააკაშვილის სახით. პრობლემები ახლაც უხვადაა, მაგრამ ამ პრობლემებს უნდა გამოეხმაურო და პრობლემებიდან შექმნა ერთი დიდი მუხტი. მიშა სააკაშვილი 2003 წელს უცებ კი არ აღმოცენებულა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მინისტრი იყო და ოპოზიციური ხმა არსაიდან ისმოდა, თუ არა მიხეილ სააკაშვილისგან. გაიხსენეთ საირმის ქუჩის სასახლეების ფოტოები ამხელდა თარგამაძეს, სხვა მინისტრებს. მას შემდეგ, რაც გადადგა და ინსტიტუციურად გახდა ოპოზიციონერი, მთელი 2 წელი ტყუილად კი არ დაუკარგვს, _ ერთი მხრივ, მიდიოდა და ყველა პრობლემას ადგილზე ეცნობოდა, ეხმაურებოდა, ხალხს გვერდით ედგა, მაშინ მშენებლობების პრობლემები იყო, უშუქობის, კორუფციის, ათასი პრობლემა იყო. სოფელ-სოფელ მოიარა მთელი საქართველო. მეორე მხრივ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, იმ მწირი თანხებით საქმეც ანახა ხალხს. პრობლემების ავანგარდშიც იყო, ხალხს გვერდით ედგა ამ პრობლემების გადაჭრაში და საქმიანი იმიჯიც შეიქმნა, ასეთი ლიდერი ბოლო 4 წელია, არც გვყოლია. ხალხის მხრიდან ძალიან ბევრ რაღაცაზეა დაკვეთა, მაგრამ ამ დაკვეთებს სწორად არავინ გამოეხმაურა. კი, შეიძლება, ახლა გაზიცაა, დენიც, წყალიც, მაგრამ უფრო მწვავედ დგას მშენებლობის, დასაქმების პრობლემა, ჩვენ თვალწინ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაზეც არანაირი ოპოზიციური ხმა არ ისმის. ამ პრობლემებს წინ წამოწევა და ხალხის კონსოლიდირება სჭირდება, რაც მთელი ეს ბოლო წლები არ ხდებოდა და ახლა პარტიამ უნდა იმუშაოს და ლიდერებიც გამოვკვეთოთ ამ კუთხით. სხვანაირად წარმოუდგენელია, ასე ტექნიკურ მთავრობად არავინ აგირჩევს არც აქ და არც არსად. ისევ და ისევ, შენ უნდა გამოაჩინო საკუთარი სახე, ქარიზმა, მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, იდეალები. იდეის ერთგულება ჩვენი მთავარი ღერძია, რის გარშემოც დარაზმულია ჩვენი სტაბილური ელექტორატი, მაგრამ ამ სტაბილური ელექტორატის გარდა, დანარჩენ ამომრჩეველსაც უნდა მივაწოდოთ, უნდა გავიდეთ და ხალხს დეტალურად უნდა ავუხსნათ, რა არის ეს ჩვენი იდეალები: რომ ესაა უსაფრთხო ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკა, ევროინტეგრაციის პერსპექტივა, შენი ქვეყნით სიამაყის განცდა და არა ის, რაც დღესაა _ მიჯირყვნილ ქვეყნად გადავიქეცით. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ჩვენი პარტიის განახლებული სახე, რა იქნება ჩვენი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში. დიახ, ხელისუფლებაში მოსვლისა და არა დაბრუნების პირობებში. ამ ტერმინს ძალიან არასწორად ამბობენ, ყრილობაზეც ახსენეს და ყურში მომხვდა. არავინ არსად არ ბრუნდება, არავინ არსად არ დაგაბრუნებს, წარსულში დაბრუნება არავის უნდა, მიუხედავად იმისა, იმ წარსულში უკეთესად იყო, თუ არა. ხალხი ან ხელახლა მოგიყვანს ხელისუფლებაში, ან არ მოგიყვანს. 2003-ში სხვა საქართველოში მოხვედი ხელისუფლებაში და ახლა რომ მოხვალ, სულ სხვა ამოცანები გექნება და სულ სხვა გამოწვევების წინაშე იდგება შენი ქვეყანა. ასე რომ, შენ უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში და ეს უნდა ირწმუნოს ხალხმა, ხალხმა უნდა დაინახოს შენი სახე, შენი პროგრამა უნდა იყოს გამჭვირვალე მათთვის, შენი ხელისუფლება პროგნოზირებადი უნდა იყოს, ზუსტად უნდა იცოდეს, რას გააკეთებ, რაც ივანიშვილის შემთხვევაში არ მოხდა, იმიტომ რომ სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა ბევრს და ვერაფერი მიიღო, გარდა იმისა, რომ სალაპარაკოდ დარჩათ, თავისუფლად ვსუნთქავთო და რას ნიშნავს ეს თავისუფალი სუნთქვა, ესეც ბოლომდე არავინ იცის.

_ ვადამდელი არჩევნების იდეა თუ განიხილება რაიმე დოზით რაიმე დონეზე? ამისი ლეგიტიმური საფუძველი თუ არა, მორალური ნამდვილადაა, ერთი მხრივ, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა, დასაქმებას დაჰპირდნენ და არჩევნების მერე მაშინვე შემცირებები დაიწყეს, და, მეორე მხრივ, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მოტყუვდა, ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილს და აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისთვის მიუცია ხმა, ყველა მოტყუებულია _ „ქოცებიც“ მოტყუებული არიან და „ნაცებიც“. და ვიღასია ეს პარლამენტი?

_ ვფიქრობ, თვითონ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. თუ ამომრჩეველი აქტიური იქნება, ხელისუფლება იძულებული გახდება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. მაგრამ ახლა ჯერ ადგილობრივი არჩევნებია და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ადგილობრივ არჩევნებზე მაქისმალური შედეგი უნდა მივიღოთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს გამარჯვების რწმენა დავუბრუნოთ.

 

რევაზ შატაკიშვილი