ზაზა ხატიაშვილი: „ნინო გვენეტაძე გადაიქცა, კაბაში გამოწყობილ მურუსიძედ!”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებაში წესიერი ადამიანი მოვა, აუცილებლად დასჯის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ასევე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და სხვებს, რომლებმაც ქვეყანასა და სასამართლო სისტემაში მდგომარეობა არ გამოასწორეს და კიდევ უფრო დაამძიმეს.

 

ზაზა ხატიაშვილი:

_ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს ძალიან ცუდი თავმჯდომარე აღმოჩნდა. მან ვერ გაამართლა სამოქალაქო საზოგადოების იმედები და, ჩემი შეფასებით, გადაიქცა, კაბაში გამოწყობილ მურუსიძედ. ამიტომ მას ბოლო ერთი წელია, ასე მივმართავ: ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა, ან მურუსიძე კაბაში. ასეთი მურუსიძეები ბევრნი არიან, მაგრამ გვენეტაძე უნდა გამხდარიყო ის ადამიანი, რომელიც სასამართლოს გაკეთილშობილებასა და მისი დამოუკიდებლობის პროცესს დაიწყებდა, მაგრამ ის სრულიად საწინააღმდეგოდ მოიქცა. ყველას კარგად ახსოვს სკანდალი, რომელიც გამოცდებზე იმ პიროვნების გამო მოხდა, რომელიც დაკავშირებული იყო ნინო გვენეტაძე-მურუსიძესთან. ის მისი დოქტორანტი გახლდათ და მოსამართლეთა გამოცდებზე 100 ქულა მიიღო. ამაზე ერთი ამბავი ატყდა და მაშინვე გვენეტაძე-მურუსიძისკენ გაიშვირეს ხელი. ოფიციალური გამოძიებაც ჩატარდა, რომელმაც უკანონობები დაადასტურა. მაგალითად ის, რომ ბილეთის საკითხები ამ ადამიანისთვის წინასწარ იყო ცნობილი და ამისი შედეგი იყო ასეთი მაღალი მაჩვენებელიც. რადგან გამოძიებამ ეს 100%-ით დაადასტურა, დარჩა ის, რომ ამ ადამიანისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ, მაგრამ ბრალს არავის უყენებს. თუ ეს იმიტომ ხდება, რომ დამნაშავე არის ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა, ე. ი. ის უკვე მთლიანად მოქცეულია ხელისუფლების გავლენის ქვეშ. თუნდაც ამ ფაქტის გამო უკვე იმდენად მართვადი იქნება, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლაც რომ უნდოდეს, არავინ გაუშვებს და ბოლომდე კუთხეში ეყოლებათ მიმწყვდეული. ჩემი განცხადება სიმართლესთან ახლოსაა და ამის დამტკიცება ბევრი რამით შეიძლება. მაგალითად იმით, რომ ის ლოიალურად იქცევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოდიოზური ფიგურების მოსამართლეებად დანიშვნის დროს.

_ ლოიალურ მოქცევაში რას გულისხმობთ?

_ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს მოსამართლედ კვლავ დაინიშნენ ლევან მურუსიძე და მამია ფხაკაძე, რომელიც სააკაშვილის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ასევე გვანცა ყუფარაძის მოსამართლე თამარ ალანია, რომელიც ასევე ერთ-ერთი მურუსიძეა კაბაში. სწორედ თამარ ალანიამ, იუსტიციის საბჭოს წევრებთან ერთად, პრესკონფერენცია ჩაატარა ფარულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და განაცხადა, _ ჩვენ ხმას ვაძლევთ ლევან მურუსიძესო. ასეთი ფაქტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ მოსამართლეებს ჩაეტარებინოთ პრესკონფერენცია მსგავს ვითარებაში და ეთქვათ, ერთ კონკრეტულ პირს ვაძლევთ ხმასო და დაერღვიათ სხვისი უფლებები.

ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო მოსამართლე ამერიკიდან, კონკრეტულად ტექსასიდან და მას ამის თაობაზე შეკითხვა დავუსვი. მითხრა, რომ ასეთი რამ ამერიკაში გამორიცხულია, მოხდეს. მსგავსი ფაქტის შემდეგ, ეს ადამიანი, საზოგადოების ზეწოლის შედეგად, აუცილებლად წავიდოდა სასამართლოდან და იურიდიულ საზოგადოებაშიც ვერ გამოჩნდებოდაო. ანუ ყველამ იცის, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მაგრამ გვენეტაძე-მურუსიძისას იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ეს ადამიანი კვლავ მოსამართლედ დაინიშნა. რა თქმა უნდა, დამნაშავე გვენეტაძეა. აქედან გამომდინარე, ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალიან ცუდი თავმჯდომარე, რადგან ყველანაირი უკანონობა, რაც სირცხვილად მიიჩნევა საერთაშორისო ასპარეზზე, ამ საბჭოში კანონდება.

_ ბევრი მას იმით ამართლებს, რომ იუსტიციის საბჭოში გვენეტაძეს მხოლოდ ერთი ხმა აქვს და, ფაქტობრივად, არ შეუძლია, რაიმე შეცვალოს. ასე არ არის?

_ ცხადია, ეს ასე არ არის და მას მხოლოდ ერთი ხმა არ აქვს. პარლამენტის უმრავლესობამ, ანუ „ქართულმა ოცნებამ“, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩია ვახტანგ თორდია, კახა სოფრომაძე და ევა გოცირიძე. ამ სამეულმა ხმა მისცა ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ არჩევას. გოცირიძემ ჩემთან ტელედებატების დროს განაცხადა, _ მურუსიძე რომ აგვერჩია, ამაზე მთელი იუსტიციის საბჭო წინასწარ ვიყავით შეთანხმებულიო. ამის შესახებ იცოდა ნინო გვენატაძემაც და მას ფუფუნება ჰქონდა, რომ მურუსიძისთვის ხმა არ მიეცაო. გოცირიძეს სიმართლე წამოსცდა, რომ მურუსიძის არჩევის დროს იუსტიციის საბჭოს წევრებს როლები წინასწარ ჰქონდათ განაწილებული ისე, რომ მურუსიძე არ დაზარალებულიყო და ის კვლავ გამხდარიყო მოსამართლე. არის თუ არა ეს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული? დიახაც, რომ არის. როცა ასეთი რამეები ხდება, ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, ნინო გვენეტაძეს, სხვაგვარად თუ არ დასჯიდნენ, თანამდებობას მაინც დაატოვებინებდნენ. როდესაც გოცირიძეს პირდაპირ ეთერში სიმართლე წამოსცდა, ვკითხე, _ ეს იცით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია-მეთქი? და უცებ ფერი დაკარგა. მისი უნებური სიმართლე ვთარგმნე და სტრასბურგში წავიღე, როცა ევა გოცირიძის კანდიდატურა იხილებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ამიტომ, სრულიად სამართლიანად, მისი კანდიდატურა ჩავარდა.

_ ამ სპექტაკლში მონაწილეობაზე ნინო გვენეტაძე რომ არ დათანხმებულიყო, ლევან მურუსიძეს ვერ აირჩევდნენ კვლავ მოსამართლედ?

_ ვერ აირჩევდნენ იმიტომ, რომ გვენეტაძე იტყოდა, ამ თამაშს კატეგორიულად ვემიჯნებიო. აქედან გამომდინარე, ვერც როლებს გადაანაწილებდნენ. მურუსიძეს 10 ხმა სჭირდებოდა და ზუსტად ამდენი ხმა მიიღო კიდევაც იმიტომ, რომ „ოცნების“ არჩეულმა სამივე კანდიდატმა მას დაუჭირა მხარი. ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალების“ დროს ათასგვარ სიბინძურეზე აწერდნენ ხელს, კვლავ მოსამართლეებად მოგვევლინენ გვენეტაძის, ბიძინა ივანიშვილის მეოხებითა და ხელშეწყობით. დიდ თამაშში მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. თუ ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა ამაზე თანახმა არ იყო, ის თანამდებობიდან გადადგებოდა. ჩემი ინფორმაციით, იმდენად შეხმატკბილდნენ გვენეტაძე და მურუსიძე, რომ სხვადასხვა შეხვედრებზე ერთად ცეკვავენ და ტორტსაც უკვე ერთად ჭრიან. ახლა ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძე რომ წარედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ასეთი ბაკქანალია არ იქნებოდა სასამართლო სისტემაში. ის არ წავიდოდა კომპრომისზე მურუსიძეებთან.

ნინო გვენეტაძეს მაშინ ჩვენ ვახასიათებდით, როგორც მერყევ და არამყარ პიროვნებას და ეს გამართლდა კიდევაც. პრეზიდენტმა მაინც გვენეტაძე დაასახელა, ამიტომ მას გვერდით დავუდექით იმ მიზნით, რომ გვინდოდა, მურუსიძეების ტყვე არ გამხდარიყო, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა. გვენეტაძე-მურუსიძისა დღეს არაფერს წარმოადგენს სასამართლო სისტემაში. ის არის ისეთივე მარიონეტი, როგორიც, თავის დროზე, კუბლაშვილი იყო, რადგან მის მაგივრად გადაწყვეტილებას იღებდნენ ჩინჩალაძე, მურუსიძე, მეიშვილი და ცერცვაძე. ჩინჩალაძესა და ცერცვაძეს ამ წელიწადს ვადა გასდით და აპირებენ, ეს ადამიანებიც ხელმეორედ დანიშნონ მოსამართლეებად. ანუ, საბოლოოდ, სააკაშვილის რეჟიმის სამკუთხედი აღდგება, ის სასამართლო მანქანა, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა.

_ ე. ი. სამართლიან სასამართლოზე ოცნებაც კი დაასამარეს?

_ ზუსტად ასეა. სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ გვექნება, თუ ისეთი ხელისუფლება არ მოვიდა, რომელიც ამ ადამიანებს პასუხს აგებინებს. მტკიცებულებები მაქვს იმისა, რომ უზენაეს სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოებში ერთ დღეს გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები ერთსა და იმივე საქმეებზე სააკაშვილის რეჟიმის დროს და ასეთ მოსამართლეებს „ოცნებამ“ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ნებისმიერი იურისტი, ნებისმიერ ქვეყანაში გეტყვით, რომ ასეთი გადაწყვეტილება გაყალბებულია. ამის ჩამდენი მოსამართლეები საბრალდებო სკამზე რომ დასვა, ვერავინ ხმას ვერ გაგცემს. თუ ხელისუფლება მოვა, რომელსაც სამართლიანი სასამართლო ენდომება, ამას გააკეთებს კიდევაც. ამ ხელისუფლებას რომ ეს არ უნდა, კარგად გამოჩნდა. ერთი კვირის მოსული იყო ივანიშვილი და მისი ხალხი, რომ ერთ დღეში გამოტანილი გადაწყვეტილების დოკუმენტები მივუტანე წულუკიანს, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორი გახლდათ. სანამ შევიტანდი, კანცელარიაში გავატარე, რადგან ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, გადაეგდოთ და ეთქვათ, ხატიაშვილს ჩვენთვის ასეთი დოკუმენტები არ მოუტანიაო. პირადად მივეცი ხელში მთავარ პროკურორს და ვუთხარი, მოსამართლეები რომ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და ისე „აკულაკებდნენ“ ადამიანებს, ეს არის იმის მტკიცებულება-მეთქი. ორი წლის მერე რომ მოვთხოვე ეს გადაწყვეტილება, ისევ კაბინეტში ედო და შესასწავლად არ ჰქონდა გადაცემული. ივანიშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე გაურიგდა მურუსიძეების სასამართლოს. რეალურადაც მურუსიძეები ივანიშვილის ფულით გამოიჩეკენ და ის აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა ის ჯგუფი, რომელშიც მას ფული ჰქონდა გადახდილი, არ დაშალა.

_ ე. ი. ნინო გვენეტაძემ, ლევან მურუსიძემ თუ სხვა მოსამართლეებმა, რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ, ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვთ?

_ ამ ადამიანებს ხელფასს უხდის ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ხალხმაც მურუსიძეებს დაუჭირა მხარი.

_ ხალხმა როგორ დაუჭირა მხარი მურუსიძეებს?

_ დეკემბერში ლევან მურუსიძის კანდიდატურის განხილვა იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქცია ჩავატარე და ხალხსაც მოვუწოდე, გამოსულიყვნენ და გვერდით დამდგომოდნენ. მაშინ ვთქვი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მყოფი „ოცნების“ არჩეულები მურუსიძეს მისცემდნენ ხმას. ერთმა მათგანმაც რომ არ მისცეს ხმა, გადავრჩებით-მეთქი.  ბიძინას მხარდამჭერები გამოცვივდნენ და ფეისბუქზე ერთი ამბავი ატეხეს, _ ზაზა ხატიაშვილი ამას იგონებს, დაკვეთებს ასრულებს, ბატონი ბიძინა ამას როგორ იკადრებსო?! როცა 25 დეკემბერს მურუსიძე აირჩიეს, ბიძინას გოშიები გაჩუმდნენ, რადგან გამოჩნდა, რომ ხატიაშვილი მართალი იყო და ბიძინა _ მატყუარა. თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში მილიარდერი ფულს უხდის და აფინასებს, ხომ არ გამოვიდოდნენ და ბიძინას არ დაუწყებდნენ ლანძღვას? მაშინ მეც დავწერე ფეისბუქზე: თქვე ნაძირალებო, ბიძინას გოშიებო, ახლა გამოდით და მიპასუხეთ, ბიძინამ ეს იკადრა თუ არ იკადრა? ჯერ სად ხართ, ივანიშვილი, კიდევ ბევრ, რამეს იკადრებს-მეთქი. ხმა ვეღარავინ ამოიღო. თავად „ქართულ ოცნებაშიც“ იყვნენ მურუსიძის არჩევით უკმაყოფილო ადამიანები. პარლამენტარებიც კი ამბობდნენ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღესო. ამას მოჰყვა ის, რომ მაშინვე გამოვარდა ბიძინა და აყვირდა, _ ლევან მურუსიძეს თავი დაანებეთ, ის მსხვერპლიაო! ყველა უკლებლივ გაჩუმდა და დაიკარგა. მათ შორის დაიკარგნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციაში შემხვდნენ. ვგულისხმობ ე. წ. ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ჩემთან ერთად აპროტესტებდნენ ლევან მურუსიძის არჩევას და ამბობდნენ, რომ ის იყო ქვეყნის მტერი. მე მაშინ შევხვდი ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას, ირმა ინაშვილს, გიორგი გუგავას. მათ ვუთხარი, _ ბიძინა არავის შეგიყვანთ პარლამენტში, სანამ ეს თავად არ მოუნდება-მეთქი. ლევან მურუსიძის დანიშვნა სააპელაციო პალატაში სწორედ ამით აიხსნებოდა, რადგან ეს პალატა არის არჩევნების საკითხების გასაჩივრების ბოლო ინსტანცია. არჩევნები თუ გაყალბდება, ის ამით საშუალებას მოგისპობთ, ერთი საარჩევნო უბანიც რომ გადათვალოთ-მეთქი. ჩემი ნათქვამი ბევრს აუხდა. „ლეიბორისტები“ და ბურჯანაძე ბიძინასთან გარიგებულები არ იყვნენ და აპროტესტებდნენ კიდევაც, რომ არჩევნები გაუყალბეს, მაგრამ რომელიმე უბანი გადაუთვალეს? რაც ვთქვი დეკემბერში, ის ასრულდა მომდევნო წლის ოქტომბერში. ასეთი მართვადი სასამართლო სჭირდებოდა ივანიშვილს და მას იყენებს კიდევაც თავის სასარგებლოდ. ყველა დიქტატორი, რომელიც ასე იქცევა, ბოლოს მაინც ცუდად ამთავრებს კარიერას და ცხოვრებას. მაგალითად, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის.

_ თუმცა კუბლაშვილი და მურუსიძე მშვენივრად ცხოვრობენ თავის ქვეყანაში და არავინ მათ პასუხს არაფერზე სთხოვს. მეტიც, აგერ, მურუსიძე იგივე სამუშაოს ასრულებს… ნინო გვენეტაძეც, ალბათ, ასე იქნება. ვცდები?

_ ამიტომ საჭიროა ისეთი ხელისუფლება, როგორიც გერმანიაში მოვიდა ფაშისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ. ისეთი ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ, რომელიც ამაზე წავა. გერმანიაში ნიურნბერგის პროცესი რომ არ ჩატარებულიყო, დღეს გერმანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა არ იქნებოდა და ჩამორჩენილი ქვეყნების რიცხვში ჩაითვლებოდა. იტალიაში მუსოლინის რეჟიმის მოსამართლეებს ეკლესიაში არ უშვებდნენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში იქ ქართული დელეგაცია ჩავიდა და იკითხა, _ ეს ხალხი რატომ დგას გვერდითო? უპასუხეს, _ ეს ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომელთაც უფლება არ აქვთ, სამოქალაქო საზოგადოების გვერდით იდგნენო. ჩვენთან გოცირიძე, სოფრომაძე და თორდია სუფრასთან რომ დასხდებიან, ქართველები მათ სადღეგრძელოს ყანწით დალევენ და დიდ მამულიშვილებს დაუძახებენ. აი, ეს არის ჩვენი უბედურება. სანამ სამოქალაქო საზოგადოების აზროვნება იქამდე არ მივა, რომ საზოგადოების მტრები მიუღებლები გახდნენ ყველასთვის, მანამდე არაფერი გვეშველება.

მარტომ ვიბრძოლე იმისთვის, რომ ევა გოცირიძე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე არ გამხდარიყო. მარტო ვებრძოდი ხელისუფლებას და 7 მილიარდის პატრონ ივანიშვილს. ყველაფერი გავაკეთე იმის დასამტკიცებლად, რომ თუ მოვინდომეთ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაამარცხოს უძლეველის მანტიით შემოსილი ივანიშვილი. ზოგიერთმა კი არჩევნებზე ერთ ტომარა ფქვილზე გაყიდა ხმა. სანამ ხალხი აზრზე არ მოვა და არ იტყვის, მე მინდა ხელისუფლება, რომელიც მურუსიძეებსა და იმ პროკურორებს მომაცილებს, რომლებთან ვიზიტის შემდგომაც ადამიანები კეთილ სიზმრებს ნახულობდნენ და საკუთარ ქონებებს სახელმწიფოს უფორმებდნენო, არაფერი გვეშველება.

არჩევნებზე ორ პარტიას ჰქონდა ფული: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“. ერთმა მურუსიძე შექმნა და მეორემ მურუსიძეებს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ეს გახლავთ ერთი და იგივე ბოროტი ძალა, მაგრამ ხალხმა მაინც მათ მისცა კარტბლანში. არჩევნებზეც კომისიები გადაიბირეს, ან დააშინეს და ისინიც, რაც ამათ უნდოდათ, იმას წერდნენ, შემდეგ კი საჩივრებზე ეს ხმები აღარ გადაითვალეს მურუსიძის დახმარებით. ასე დარჩა საქართველო დამარცხებული, ბიძინა და მურუსიძე კი _ გამარჯვებულები. ხოლო მე ბოლომდე ვიბრძოლე ევა გოცირიძის წინააღმდეგ და გავიტანე კიდეც. ევროპარლამენტის კომიტეტებში წესიერი ადამიანები მუშაობენ. იმათ არ აინტერესებთ, მოცემულ კანდიდატს 7 მილიარდი ქონების მფლობელი ადამიანი უჭერს მხარს, თუ არ უჭერს. გადაწყვეტილებები მაინც გამოაქვთ კანონებიდან, შინაგანი მრწამსიდან და პატიოსნებიდან გამომდინარე. ივანიშვილს, კვირიკაშვილსა და წულუკიანს ეს ხალხი ქართველ პარლამენტარებში აერიათ.

_ რატომ არის საქართველოში აკრძალული მოსამართლის დასჯა იმ დროს, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს? რატომ არიან ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები ხელშეუხებლები?

_ არ არის აკრძალული მათი დასჯა. ეს სისტემა ივანიშვილის შექმნილია, რადგან ის აფინანსებდა მას. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა მისთვის მისაღებია. ის როგორც ემსახურებოდა სააკაშვილს, მასაც ისევე უნდა მოემსახუროს და თუ ოდესმე ქვეყანას ნორმალური ხელისუფლება ეღირსება, მაგათ დაჭერას რა უნდა? დილიდან საღამომდე ერთმანეთს ისე ჩაუშვებენ და იტყვიან, ვინ რომელ გადაწყვეტილებაზე რა უთხრა, თავადაც გაუკვირდებათ. ისე, ჩაშვებაც არ დასჭირდებათ, ფაქტები, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულები აშკარად იკვეთება, არსებობს და ბევრი მათგანი ხელთ გვაქვს კიდევაც.

ასე რომ, ძალიან იოლად შეიძლება არა მარტო რიგითი მოსამართლეების, არამედ თეა წულუკიანის პასუხისგებაში მიცემაც, რადგან ჩემი გადაცემული დოკუმენტები, სადაც აშკარად იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, დამალა. ეს არის გადაბმული ჯაჭვი, რომლის ერთ-ერთი რგოლიც, რა თქმა უნდა, არის ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა. ვალდებულება მას აქვს აღებული სასამართლოს სწრაფ და სამართლიან განვითარებაზე. სასამართლოში ყველაფერი ძალიან ცუდად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მისი დანაშაულიც დიდია. თუ ამ ადამიანს არ უნდოდა უსამართლობებზე ხელის მოწერა, ჯაჭვს არ ჩაებმებოდა ერთ-ერთ რგოლად, ან დატოვებდა თანამდებობას. მას ეს არ გაუკეთებია, ამიტომ ყველაფერზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა.

 

ნელი ვარდიაშვილი