იულონ გაგოშიძე: „საყდრისში ის მოხდა, რაც თალიბანმა ავღანეთში გააკეთა!“

რუბრიკა „ყოფილების“ სტუმარია ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, იულონ გაგოშიძე, რომელიც 2008-2009 წლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა.

_ ბატონო იულონ, არქეოლოგი როგორ მოხვდით ხელისუფლებაში, როგორც დიასპორის სახელმწიფო მინისტრი? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ სამინისტროს არსებობა?

_ ეს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, 2008 წლის იანვარში დამიბარა და მითხრა, ამას ვაპირებ და იფიქრეო. დავთანხმდი! ახლა ეს უწყება აღარ არსებობს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთეს. პრაქტიკულად, მარტო ვიყავი, მინისტრის აპარატი მე შევქმენი. ამ სამინისტროს არსებობა მნიშვნელოვანი იყო, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა საქართველოდან, ძირითადად, შრომისუნარიანი ხალხი, რომელმაც აქ ვერ ნახა სამუშაო. არ ვილაპარაკებ იმაზე, ხელოვნების მუშაკები და მეცნიერები რომ წავიდნენ. ასეთ ხალხს პატრონობა სჭირდებოდა, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ საქართველოსთვის, ფაქტობრივად, ქვეყანა შიმშილს გადაარჩინეს. 2008-2009 წლებში, როდესაც იქ ვმუშაობდი, მათგან ქვეყანაში, ყოველწლიურად, მილიარდამდე დოლარი შემოდიოდა და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის ეკონომიკაში. კაცმა რომ თქვას, დიასპორა ამაზე ცოტა ძნელი სათქმელია, ეს უფრო ხალხის მიგრაცია იყო, მაგრამ სამინისტროს ასე ერქვა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ სამინისტრომ რუსეთთან კონფლიქტის დროს _ 56 ქვეყანასთან გვქონდა ყოველდღიური კონტაქტი და ჩვენი აპარატი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე იყო გადასული. სამჯერ შევძელით, 30-ზე მეტ ქვეყანაში ყოფილიყო ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები ერთსა და იმავე დროს. ჩვენი და ჩვენი დიასპორის დამსახურება იყო, თუნდაც, ისიც, რომ რუსეთში პუტინმა ვერ მოახერხა საქართველოს საწინააღმდეგო ერთი გამოსვლასც კი. მასობრივ გამოსვლას ვგულისხმობ და ებრალიძეებსა და მათ მსგავს გაყიდულ მილიარდერებს არ ვთვლი, რომლებიც პუტინს კუდით ჰყავს დაჭერილი. ხელი შეგვიწყო კიდევ ერთმა რამ: იცით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის წინ რუსეთმა, ჯერ კიდევ, ივნისის ბოლოს ჰაკერული შეტევა მოაწყო საქართველოზე და როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო კონტაქტები მთლიანად დაბლოკილი იყო. ჩვენი პორტალი პირველ აგვისტოს ჩაირთო, რომელსაც 6 თვის განმავლობაში ვამზადებდით, მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და, ფაქტობრივად, ერთადერთი კონტაქტის საშუალება იყო დანარჩენ მსოფლიოსთან. მთელი მსოფლიოს ყურადღება ოლიმპიადისკენ იყო მიმართული და რუსეთს ჩუმად უნდოდა თბილისამდე შემოსვლა. ეს დაიძლია სწორი პოლიტიკის შედეგად, რომ 5 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარმა მთელი რუსული არმია, რომელიც მრავალჯერ აღემატებოდა თავისი ძალით ჩვენსას, შეაჩერა. შემდეგ მთელ მსოფლიოში საპროტესტო აქციები მოვაწყვეთ, ჯაჭვიც კი გავაბით. ემიგრაციაში წასულ ხალხს ყველაზე მეტად ის უჭირს, რომ იქ გაჩენილ ბავშვებს ენა ეკარგებათ, მათ, განსაკუთრებით, ქართული ენის მასწავლებლები და სახელმძღვანელოები სჭირდებოდათ, ამასაც ვახერხებდით სათანადო სამინისტროების დახმარებით. თურქეთსა და რუსეთში ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს ნამდვილი დიასპორაა, მათი ძირითადი თხოვნა იყო, რომ ცეკვის ანსამბლებისთვის აღჭურვილობა ჩაგვეტანა და ამაშიც ვეხმარებოდით. შეხვედრები მქონდა 20-მდე ქვეყანაში და ვცდილობდით, რომ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაცული ყოფილიყო. ჩემი დარგი _ არქეოლოგია, ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილიც მას ეძღვნება, მაგრამ ქვეყანას ზოგჯერ უჭირს და ადამიანი თუ იმ ქვეყნის მოქალაქეა, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს, ამიტომაც წავედი ამ სამინისტროში. ამით ჩემს საქმეს ბევრი რამ დააკლდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებშიც კი, როცა სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, არქეოლოგიური კუთხით არ შემიწყვეტია მუშაობა, ექსპედიციებშიც ვმონაწილეობდი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაშინ ვიმუშავე სწორედ ქართულ ძეგლებზე კვიპროსსა და აზერბაიჯანში. შეიძლება, არქეოლოგიას რაღაც მაინც დააკლდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი მოვიხადე. მიხეილ სააკაშვილმა დამარწმუნა, რომ იქ საჭირო ვიყავი. ცოტა სასაცილო კი იყო, ყველაზე ასაკოვანი გახლდით. ერთმა რუსმა წიგნი დაწერა სააკაშვილზე, სადაც წერია, რომ მან ახალგაზრდული მთავრობა შექმნა და ერთი გამონაკლისია იულონ გაგოშიძე, რომელიც ასაკოვანია, ისიც იმიტომ, რომ სააკაშვილი მისი შვილების მეგობარიაო. ეს არის აბსურდი! ჯერ ერთი, ჩემი შვილები სააკაშვილზე 10 წლით უფროსები არიან და თუ იცნობენ, პირიქით, მე გავაცანი ერთმანეთს. სააკაშვილი ადრე გავიცანი, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა. 80-იან წლებში, ისევ და ისევ, იმის გამო, რომ გული მტკივა, საქართველოში თუ რამე ხდება და მინდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში, ეროვნულ მოძრაობაშიც მომიწია ჩართვა და ზვიად გამსახურდიამ მცხეთაში პრეფექტად გამაგზავნა. ვუთხარი, სოფლის მეურნეობის არაფერი გამეგება-მეთქი, მაგრამ მითხრა, მცხეთა საქართველოს სასულიერო ცენტრია, ყველა სტუმარი იქ მოდის და კაცი გვჭირდება, რომელიც სათანადოდ დახვდებაო. ერთი წელიწადი იქ ვიმუშავე. შეიძლება, ბევრი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ არ ვნანობ. მთავარია, ხომ ვეცადე?

_ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვისაუბროთ. სხვა რომ არაფერი ვახსენოთ, გასულ წელს საყდრისი დაინგრა. დღეს რა მდგომარეობაშია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა?

_ ზოგს ჰგონია, რომ არქეოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა და მასზე ზრუნვა არის ქვეყნისთვის ფუფუნება, ეს ტყუილია! პირიქით, საქართველო ღატაკი ქვეყანაა, არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი, ოქროო, იძახე და მთელ საქართველოში ოქროს გათვლილ-გამოთვლილი რაოდენობა, სულ, 70 ტონაა. შედარებისთვის: რუსეთში, ყოველწლიურად, 2000 ტონას იღებენ, სამხრეთ აფრიკაზე და სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ. ჩვენი სიმდიდრეა ბუნება და ისტორია, ჩვენი წარსული, ე. ი. კულტურისა და ბუნების ძეგლები, ეს არის ჩვენი ძირითადი, მთავარი კაპიტალი. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, კულტურულმა მემკვიდრეობამ შემოსავალი უნდა მოიტანოს. კულტურული და, მათ შორის, არქეოლოგიური მემკვიდრეობა ისეთი რამ არის, რომელიც თუ სათანადო ორგანიზება იქნება, შემოსავალს მოიტანს, გარდა იმისა, რომ არქეოლოგია ქვეყნის იმიჯის შემქმნელია. ყველა ჩამოსული პირველად მუზეუმში მიდის და სიძველეები აინტერესებს. გამოკითხვით დადგენილია, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატებიდან ყოველი მესამე, რომელიც ქვეყნიდან გადის, ამბობს, რომ სიძველეების სანახავად მიდის. იმ ქვეყანის მოქალაქეს, რომელსაც 250 წლის ისტორია აქვს, მას აინტერესებს ქვეყანა, რომელსაც 2500, 5000 და უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. ამის სანახავად მოდიან და ქვეყანაში ფულს ტოვებენ. ტურიზმის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, როგორ უვლი შენი კულტურის ძეგლებს. ამ კუთხით ჩვენთან მძიმე მდგომარეობაა. გვაქვს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, არ არის ცუდი კანონი, მაგრამ ბევრი რამით ნაკლულია.

_ უფრო კონკრეტულად?

_ ჯერ ერთი, დღემდე არ არის მიღებული კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უნდა მიეღოთ და რომლის არმიღებით თვითონ კანონი ვერ მუშაობს. გარდა ამისა, ამ კანონმდებლობაში ერთი სიტყვითაც კი არ არის ნათქვამი კულტურული ლანდშაფტის შესახებ. რა არის კულტურული ლანდშაფტი? ბუნება ღმერთმა შექმნა, მაგრამ ამ ბუნებაში ადამიანი ერევა და მას გარდაქმნის  _ ტყეს გაჩეხს, გაანადგურებს, რაღაცას ააშენებს და ყალიბდება ერთობლიობა, რასაც დღეს ჰქვია თუშეთი, ხევსურეთი თავისი შატილითა და მუცოთი, სვანეთი თავის კოშკებით, ეს არის საოცრება, სადაც თეთნულდს, შხარას, უშბას ხედავ და კოშკები დგას, ეს არის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც ერთხელ არ არის ნახსენები ძეგლთა დაცვის შესახებ კანონში, არადა, მას დაცვა სჭირდება. საზარელი მაგალითი გვაქვს, რომლის შესახებ პატრიარქსაც მოვახსენე: სვანეთში, ამ შესანიშნავ სამყაროში, ერთი გეგმით ოთხი თეთრგუმბათიანი ეკლესია ააშენეს. 10 საუკუნეზე მეტია იქ ეკლესიებს აშენებდნენ, სავსეა სვანეთი ეკლესიებით და ასე თეთრად გამორჩეული არც ერთი არ არის, სულ შეცვალა იქაურობა, ეს არის დანაშაული!

_ საპატრიარქოს გარეშე ხომ არ მოხდებოდა ტაძრების მშენებლობა?

_ არ უნდა ხდებოდეს, რადგან პატრიარქის ბრძანებით სპეციალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, რომლის წევრი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. 12 ეპისკოპოსი ესწრებოდა პატრიარქთან მიღებას და იქ ვთქვი ეს ამბავი. არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს არის ქვეყნის წინაშე დანაშაული. ის, რაც აგრეთვე ვარძიაში მოხდა, საეკლესიო სიწმინდეებზეა ლაპარაკი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ, რაც ეკლესიაში შედის, იმის ხელის ხლება არ შეიძლება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ხშირად ვლაპარაკობთ ბედიის ბარძიმის შესახებ. ბედიის ბარძიმი არ არის ბარძიმი, ის არის ბარძიმის გარსაკრავი, ჩვეულებრივი მილია და მასში ვერაფერს ჩაასხამ. თვითონ ბარძიმი უკვე აღარ არსებობს, ამით შეუძლებელია საეკლესიო წესის შესრულება, ის მუზეუმში უნდა იდოს. დაარქვი საეკლესიო მუზეუმი, რომელიც ყოველთვის არსებობდა, ის იქ უნდა იყოს. იგივე ემართება ფერწერასაც. როგორ შეიძლება, ანჩისხატთან სანთლები დაანთო, ის ორ კვირას ვერ გაძლებს, ეს არის VI საუკუნის ფიცარზე ემკაუსტიკით დახატული ხატი. არც ერთი გამოცემა არ არის მსოფლიოში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატზეა ლაპარაკი, რომ ეს ხატი არ იყოს მოხსენიებული. გააკეთონ, ბატონო, ასლი, რომელსაც იგივე მადლი აქვს, რაც დედანს და მასთან ილოცონ, ეს უნდა იყოს მუზეუმში, ამაზე კამათიც კი არ შეიძლება! ვარძიის პატარა ეკლესიაში, რომელშიც თამარისა და გიორგი მესამის პორტრეტებია გამოსახული, როგორ შეიძლება იქ სანთლების დანთება, არ მესმის! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მონასტერში მცხოვრები ბერები არიან ადამიანები და მათ ყველანაირი საყოფაცხოვრებო პირობები სჭირდებათ. ვარძიას, რაც გადარჩა, ფასადი ჰქონდა, წინა მხარე სულ ჩამოქცეულია. შეიძლება, კანალიზაციის გარეშე არსებობდეს, თუნდაც, მონასტერი? ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და დრო, მათ შორის, ყავლი გასდის ასეთ რაღაცასაც. ის კიდევ განძია. კი, საეკლესიო ქონებაა, მაგრამ შვილიშვილებიც ხომ გვეყოლება და იმათი შვილები, იმათთვის უნდა შევინახოთ, გაფრთხილება სჭირდება. რომ ამბობენ, ვარძიაში დაცვა არ იყოო, რატომ არ იყო? იმიტომ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა რეაქციას იძლევა ანთებულ სანთლებზე და ამიტომ იქ საერთოდ არ ჩაურთავთ. ლატალის მაცხვარიშის 1147 წლის ფრესკულ წარწერაში წინამძღვარი წერს: „ვინც ამ ეკლესიის მამასახლისი იყოს, კუამლისგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დაჰკაროს“. მაშინ ესმოდათ, რომ იქ არ შეიძლება ცეცხლის დანთება.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით გადასახედია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება?

_ გადასახედი კი არა, შესასრულებელია. იქ ბევრი რამე წერია, რომელიც არ შესრულდა. იმ კომისიას, რომელმაც კონკრეტულად ყველა ძეგლზე უნდა იზრუნოს, არ უმუშავია.

_ საყდრისზე ვისაუბროთ…

_ საყდრისში ის მოხდა, რაც თალიბანმა ავღანეთში გააკეთა, როდესაც ბუდას კოლოსალური ქანდაკება ააფეთქა და დაანგრია, ის, რაც ერაყში და სირიაში ამ ბოლო დროს მოხდა, მაგრამ იქ ექსტრემისტებმა გააკეთეს და აქ _ ხელისუფლებამ! ამიტომ ეს უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე _ ის. ეს არის დანაშაული, რომლის გამართლება და პატიება არ შეიძლება!

_ სანამ საყდრისს ააფეთქებდნენ, ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა თუ არა რაიმე სახის კონსულტაციები ამ დარგის სპეციალისტებთან, მეცნიერებთან?

_ ამაზე ლაპარაკი ადრეც იყო, როდესაც „არემჯი გოლდი“ შემოვიდა, კულტურის სამინისტროში დამიძახეს. მაშინ ამ კომპანიას საყდრისი ლოგოში ჰქონდა გატანილი, როგორც სახე უძველესი ოქროს საბადოსი. იყო საუბარი, რომ საყდრისს სტატუსი შეცვლოდა, ნუ იქნება ეროვნული მნიშვნელობის, მივცეთ ჩეულებრივი არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიო. მათ ავუხსენი, რომ ჩვენ არ გვქონდა შეცვლის უფლება. კულტურის მინისტრს ძეგლის სტატუსის მინიჭების უფლება აქვს, მაგრამ მოხსნა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომაზე, ამას უფრო მაღალი ინსტანცია აკეთებს. მერე მივხვდი, რაც ხდებოდა, ეროვნული ძეგლის დანგრევისთვის პატიმრობაა და ჩვეულებრივი ძეგლის განადგურებისთვის _ ჯარიმა. ე. ი. მაშინ უკვე აპირებდნენ საყდრისის განადგურებას. როდესაც ასეთი ძეგლი გაქვს, სიმართლე რომ არ იყოს, უნდა მოიგონო და ჩვენ რა გავაკეთეთ!!! თვითონ ეს ობიექტი რომ დაგვეტოვებინა, ქვეყნისთვის შემოსავალი ათჯერ უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე იქ მოპოვებული ოქრო მთლიანად იძლევა. ჰა-ჰა, 10 მილიონი მისცეს საქართველოს. არ გეუბნებით, რასაც ამოიღებენ. როგორც მე ვიცი, სულ 20 ტონა ოქროა ნაანგარიშები 300 ჰა-ზე და ამის ფართობი იყო 1 ჰა-ზე ნაკლები. შეიძლებოდა ამის დატოვება კუნძულად და დანარჩენი დაემუშავებინათ. ექსტრემალური ტურიზმიც არსებობს, საყდრისის გათხრებზე არასოდეს მიმუშავია, მაგრამ მინახავს, ჩავსულვარ სიღრმეში, ზედაპირიდან 20 მ-ის სიღრმეზე თიხის ჭურჭლის ნატეხს რომ ნახავს კაცი, იქ თაგვმა ჩაიტანა? ან რა უნდა თაგვს 20 მ-ის სიღრმეზე? ეს არქეოლოგიური ძეგლი რომ იყო, ამაზე კამათიც არ შეიძლება! 8 მაღარო იყო, ერთი ბოლომდე შეისწავლეს, ერთი _ ნაწილობრივ, დანარჩენი კი საერთოდ ხელუხლებელი იყო. ახლა სულ განადგურებულია, იმისგან არაფერი დატოვეს.

_ ინტერნეტში გავრცელებულია ვიდეო, რომელიც ფილმ „ჯარისკაცის მამის“ სიუჟეტს ჰგავს. თქვენ წინ ეღობებით ტრაქტორებს, რომ არქეოლოგიური ძეგლი არ გაანადგურონ. რა მოხდა?

_ ეს არის ე. წ. ბერიკლდეები, ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი განადგურდა _ ქრისტეშობამდე IV ათასწლეულის I ნახევრის ნამოსახლარი, რომელიც საქართველოში აქამდე ერთადერთია მიკვლეული. ალბათ, სხვაგანაც არის, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს არის მიკვლეული. მისი არსებობის შესახებ ჩვენ ვიცოდით, რადგან 80-იან წლებში მანდ გათხრები მიმდინარეობდა და მისი არსებობა დადასტურდა. ეს ნამოსახლარი არ იყო ცნობილი, ყორღანები კი შუა ბრინჯაოს უფრო მოგვიანო ხანის, მეორე ათასწლეულისაა ქრისტეშობამდე. 2014 წლის მაისში ჩინურმა კომპანიამ ლიცენზია მოიპოვა ინერტული მასალის მოსაპოვებლად, რომელსაც გზაზე ყრიან, ტკეპნიან და მერე ზემოდან ბეტონს ასხამენ. ინერტული მასალის მოსაპოვებლად ზედაპირს გადაწმენდენ, ნიადაგს ხსნიან და ასაწყობებენ, რადგან ვალდებულები არიან, უკან დაყარონ, მის ქვეშ არსებულ თიხას და კონგლომერატს იღებენ, გზაზე ყრიან და ტკეპნიან, მერე ნიადაგის ფენა ისევ უკან უნდა დაყარონ და რეკულტივაცია ჩაატარონ. ამის დამუშავების ნებართვა მისცეს, დაახლოებით ჰექტარნახევარი გამოუყვეს. ივნისში უკვე შემატყობინეს, რომ ანგრევდნენ. წავედი, ვნახე, ავტეხე ამბავი, შევატყობინე ძეგლთა დაცვის სააგენტოს და გააჩერეს, მაგრამ როდესაც დაანგრევენ, კანონით ისინი ვალდებულები არიან, თანხა გამოყონ იმის შესასწავლად, რაც გააფუჭეს. ამაზე ჩინელებმა უარი განაცხადეს და თქვეს, აღარ ვიმუშავებთო. ამის მიუხედავად, მაინც დავწერე წერილი და ახლად დანიშნულ კულტურის მინისტრს გავუგზავნე, მის წინამორბედთან უკვე გაგზავნილი მქონდა. როდესაც საყდრისი ააფეთქეს, გახსოვთ, როგორ მოხდა _ წერილი გაიგზავნა სამინისტროში და ერთი დღე-ღამის განმავლობაში მოხერხდა ამ წერილის გადაგზავნა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში, იქ ახალი საბჭო შეიქმნა, რომელმაც დადგენილება გამოიტანა, რომ ის ძეგლი არ არის და კულტურის სამინისტროს უკან დაუბრუნდა. სამინისტრომ კი კომპანიას შეატყობინა და ერთ დღეში მოხდა ეს ამბავი. ჟურნალისტებმა ამის შესახებ კითხვა დასვეს, ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი განცხადება აუფრიალა, _ აგერ 4 თვის წინ იულონ გაგოშიძემ ამაზე განცხადება დაგიწერათ და პასუხი არ გაგიციათო. ამის გამო მოვიდა ჩემთან „პოსტ სკრიპტუმის“ ჟურნალისტი და მთხოვა, ის ობიექტი მეჩვენებინა, სადაც მუშაობა გაჩერდა. საჩვენებელი 5 ობიექტი იყო, რომელზედაც, ჩემი აზრით, უკანონოდ გასცეს ნებართვა და არქეოლოგებს არ დაგვეკითხნენ. დედოფლის მინდორზე რამდენიმე ჰა ტერიტორია მოთხარეს, ერთი სამაროვანი არსებობდა, საერთოდ მოისპო, აღარაფერი დარჩა, რაღა ვილაპარაკო?! არავის არაფერი უკითხავს, ისე განადგურდა. ჟურნალისტებთან ერთად წავედი და თბილისთან ამ 5 ადგილიდან ყველაზე ახლოს ეს არის. უკვე დანგრეული უნდა მეჩვენებინა და შემთხვევით მივადექი, რომ თხრიან. მერე გავიგე, თურმე, მეორე ლიცენზია აუღიათ იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე. დავუშვათ, არ იცოდნენ, პირველად რომ გასცეს ნებართვა, ხომ გავაჩერეთ, რატომ აძლევენ ნებართვას იმავე ადგილზე?! თუმცა უნდა სცოდნოდათ, რადგან პროექტში ამ გზის წინასწარ შედგენილი 2011 წლის ივნისში ჩემი დაწერილი არქეოლოგიური ექსპერტიზა დევს. იქ აღნიშნულია, სად შეიძლება თავისუფლად მუშაობა, სად არქეოლოგიური ზედამხედველობაა საჭირო და სად _ წინასწარ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება? ეს ბერიკლდეებიც ამ წერილში მაქვს ნახსენები. რატომ ვახსენე, ისიც არ ვიცი, რადგან ტრასის გადაღმა იყო, მაინც ვთქვი, რომ აქ ასეთი რამე იყო. როცა მივედით, გაირკვა, რომ, თურმე, კარიერზე მუშაობა არ შეუჩერებიათ. პირველად გაცემული ნებართვა, რომელ ადგილზეც იყო, ძირიანად მოთხრილი დაგვხვდა და ახალ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ახლაც გაშიშვლებულია 8000 კვ.მ., დაახლოებით 2 ჰა მთლიანად მოთხრილია. ამის შესახებ ძიება დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. დაგვიძახეს, პოლიციამაც აკრიფა იქ მასალა, სამხარაულის ცენტრში ექსპერტიზაზე უარი თქვეს. რადგან არქეოლოგია იყო, მუზეუმში გამოაგზავნეს, ვნახეთ, IV ათასწლეულის დასაწყისი იყო და შუა ბრინჯაოს ხანა. ძველი აეროფოტოები გვაქვს, 50-იან წლებში გაკეთებული, სადაც კარგად ჩანს ეს ყორღანები, რომელიც ახლა აღარ არსებობს. რას იზამ!..

_ როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ასეთი საკითხებისადმი?

_ სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ქვეყნისთვის საჭირო საქმე და არა ფუფუნება. კულტურული მემკვიდრეობა და ბუნების ძეგლები პატარა ქვეყნებში ძირითადი შემოსავლის წყაროა. მაგალითად, იტალიაში არქეოლოგიიდან შემოსავალი, თუ არ ვცდები, მეორე ადგილზეა, რა თქმა უნდა, ტურიზმის მეშვეობით. ტურისტს შეუძლია ნახოს უძრავი ძეგლი, ასევე მუზეუმში გადატანილი ნიმუშები. ტერიტორია, სადაც უძრავი ძეგლია, ისე უნდა მოეწყოს, რომ ტურისტმა არ გაანადგუროს. ტურიზმი, ამ თვალსაზრისით, სახიფათოც არის. ამის გარდა, შეუძლია, გათხრებს დაესწროს და მესამე _ ტურისტი იხდის თანხას და გათხრებში მონაწილეობს. როდესაც ისრაელში ვმუშაობდი, ევროპიდან 14 კაცი იყო ჩამოსული, რომელთა შორის პროფესორებიც იყვნენ და მუშად მუშაობდნენ, ოღონდ მონაწილეობა მიეღოთ და ყოველ კვირა 400 დოლარს იხდიდნენ. ეს არის ჩვენი სულიერი კაპიტალი, რომელიც ეკონომიკურ კაპიტალად უნდა ვაქციოთ! ეს ქვეყნისთვის არის საჭირო, გეუბნებით, შემოსავლის თვალსაზისით, პირველ ადგილზე გავა. ძეგლთა დაცვის შესახებ კანონში საჭიროა რაღაც ცვლილებების შეტანა. ძეგლი არის იურიდიული სტატუსი, რომელსაც კულტურის მინისტრი ანიჭებს, მაგრამ სანამ ძეგლი გახდებოდეს, კაცი რაღაცას რომ იპოვის, ის ძეგლი არ არის და იმის დაცვა კანონმდებლობით არ არსებობს. ტრაგიკული სიტუაციაა შავი არქეოლოგია და შავი არქეოლოგიური ბაზარი. კანონი კერძო მფლობელობაში არქეოლოგიური ობიექტის ყოფნას არ გამორიცხავს, რასაც იპოვის, ის მისია, მაგრამ განადგურების უფლება არ აქვს იმიტომ, რომ არქეოლოგიაა. ნივთების ძიების მიზნით მერე რომ გააგრძელოს მუშაობა, ეს უკვე კრიმინალი და დანაშაულია. სწორედ აქ არის საჭირო არქეოლოგიური ობიექტის რაღაც საშუალებებით დაცვა. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება და ჩვენ მაინც გარდამავალ პერიოდში ვცხოვრობთ, 70 წელი ვიყავით საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს ფსიქოლოგიას და მთელ მოსახლეობას, ახლა კი დემოკრატიული თავისუფალი საზოგადოება უნდა ავაშენოთ. გარდამავალ პერიოდში ყველგან ხდება, მაგალითად, თურქეთში 70-იანი წლების შემდეგ რომ არეულობა იყო, იქ ცენტრალური თურქეთი გაიძარცვა, უძველესი ცივილიზაციები იყო მცირე აზიაში და დიდი განძი გავიდა ქვეყნის გარეთ. საბედნიეროდ, „მეტროპოლიტენ მუზეუმმა“ დიდი კოლექციები შეიძინა, თურქეთი მაინც ძლიერი ქვეყანაა და ეს განძი 90-იან წლებში უკან დაიბრუნა, მაგრამ რამდენი ინფორმაცია დაიკარგა?! იგივე ამბავი მოხდა ირანში, როდესაც რევოლუცია მოხდა, იქაც შავმა არქეოლოგიამ იმუშავა და, საბოლოოდ, არქეოლოგიური სამუშაოები აიკრძალა. იაპონიაში შეიქმნა უზარმაზარი მუზეუმი აქედან წაღებული ნივთებით. ანალოგიური ვითარება შეიქმნა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ორი შავი ხვრელი _ აფხაზეთი და სამაჩაბლო, სადაც უპატრონოდ არის ყველაფერი და გაედინება. კიდევ ერთი უბედურებაა _ ბაზარზე საქართველოს სახელით კი არ გადის, არამედ რუსეთის! მომავალშიც თუ გამოვლინდა და ამ მასალამ მუზეუმებში დაივანა, ის ვეღარ გამოდგება ქვეყნის ისტორიისთვის, ჩვენი აღარ იქნება, რადგან სხვისი სახელით გაიყიდა და იყიდება დღესაც, მაგრამ დანარჩენ საქართველოშიც არ არის უკეთესი სიტუაცია. მიმდინარეობს უკონტროლო გათხრები და ამას კვებავს ბაზარი. ახლაც რომ გახვიდეთ „მშრალ ხიდზე“, არქეოლოგია იყიდება. მე, რასაკვირველია, არ მაჩვენებენ, რადგან სახეზე მცნობენ, მაგრამ ნამდვილად იყიდება და ინტერნეტშიც დევს ხოლმე. აშკარაა, ქართული მასალები უცხოეთში გადის და, როგორღაც, გატანას ახერხებენ. სანამ საბაჟოს რეფორმა გატარდებოდა, მანამდე იოლად გადიოდა ყველაფერი, ახლა საბაჟოები კარგად მუშაობენ და ასე იოლი აღარ არის რამის გატანა, მაგრამ მაინც გადის. საქართველოში მუშაობენ დილერები, რომლებიც ამ ნივთებს იაფად ყიდულობენ და მერე ძვირად ყიდიან. ამას მოვლა სჭირდება, კანონით აკრძალულია, მაგრამ ვინ დაგიდევს…

_ როგორ შეიძლება ამის კონტროლი და დაცვა?

_ ამის მოვლა ძალიან მარტივია, ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და კულტურის სამინისტროში წერილობით დევს ჩემი ხედვა ამ საკითხთან მიმართებით. როდესაც რაღაც აღმოჩნდებოდა, საბჭოთა პერიოდში ყველაფერს მუზეუმი ყიდულობდა, მაგრამ მაშინ დიდი ქვეყანა იყო, უცხოეთთან კონტაქტი არ გვქონდა და შიგნით ერთადერთი დაწესებულება, სადაც ლეგალურად შეიძლებოდა ამ ნივთზე გასამრჯელოს მიღება, ეს იყო მუზეუმი და ყველაფერი ჩვენთან მოდიოდა. შესაძენი თანხებიც იყო, ახლა მუზეუმს ფული არ აქვს, ღარიბი ბიუჯეტია, მით უმეტეს, შესაძენად ფული არ არის და უამრავი მასალა იკარგება, მაგრამ ინერციით მაინც მოაქვთ ჩვენთან. ამიტომ ვთავაზობ ასეთ რამეს: შეიქმნას პატარა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდება გემოლოგი, რომელიც თვლებზე მუშაობს; ქიმიკოსი, რომელიც ლითონებს განსაზღვრავს; არქეოლოგი, ეთნოლოგი, სათანადო აღჭურვილობით უნდა გამოიყოს ადგილი, როდესაც შემოვა ნივთი, დაიტოვებენ, მის ექსპერტიზას გააკეთებენ, სერტიფიკატი მიენიჭება და თავისი ფასით დაიდება ინტერნეტში, დროდადრო მოეწყობა აუქციონი. ეს აუქციონი შეიძლება იყოს სახელმწიფო, შეიძლება კერძოც, მაგრამ უნდა იყოს ოფიციალური. ამ დროს მოგებული რჩება გამყიდველი, იმიტომ, რომ მაქსიმუმს მიიღებს; მყიდველი, იმიტომ, რომ გადარჩება სიყალბისგან. ბაზარში უამრავი ყალბის მქმნელი გაჩნდა, ხშირად ისეთი ნივთებია, სპეციალისტი ძნელად თუ გაარჩევს ორიგინალისგან. არქეოლოგიურ ნივთს აქვს უცნაური თვისება, მისი ღირებულება და ფასი არასოდეს იკლებს, პირიქით, წლიდან წლამდე რაც უფრო ძველია, მით უფრო იზრდება. სახელმწიფოც მოგებული რჩება, რადგან ანარიცხები ბიუჯეტში წავა. გარდა ამისა, მეცნიერებაც იქნება მოგებული. კიდევ ერთი რამ _ არსებობენ კოლექციონერები. ჩვენს ძეგლთა დაცვის კანონში ისინი ნახსენებიც არ არიან. კერძო კოლექციონერობას არავინ კრძალავს, მაგრამ მათ არც დაცვა აქვთ და ნახევრად ლეგალურ სიტუაციაში არიან. რატომ უნდა იყოს ასე? კერძო კოლექციებიც უნდა დაიცვას სახელწიფომ, ისევე როგორც სამუზეუმო კოლექციები. კერძო მუზეუმები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სახელმწიფოსგან დაცვა იმასაც სჭირდება.

მინდა, კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება _ რომელიმე არქეოლოგიური ძეგლი ტურისტულ ობიექტებად რომ იქცეს, იმას წინასწარ მომზადება სჭირდება. ძეგლისთვის უკონტროლო ტურიზმი ისევე საშიშია, როგორც უკონტროლო გათხრები. ჯერ ერთი, ფეხითაც ნადგურდება, მაგრამ ადამიანს ასეთი თვისება აქვს, რომ რაღაც მოტეხოს და სახსოვრად წაიღოს. ამიტომ მომზადება სჭირდება, ამის გამოცდილება ევროპაში, კლასიკურ ქვეყნებში არის: საბერძნეთი, იტალია; ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთიც; პატარა ქვეყნებში: ლიბანი, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ისრაელი, იორდანია, ერაყი, სირია, ირანი… ამ ქვეყნებში ევროპელი და ამერიკელი მეცნიერები თავიანთი დაფინანსებით სისტემატურად  მუშაობდნენ ბოლო 200 წლის განმავლობაში, ახლა შეწყვეტილია, თანხებიც განთავისუფლდა და სამეცნიერო პერსონალიც. საქართველო და კავკასია წინა აზიის ნაწილია და სწორედ წინა აზიაში დაიბადა მსოფლიო ცივილიზაცია. ეს არის, ფაქტობრივად, სამშობლო ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, შორეულ აღმოსავლეთამდე. ამიტომ ყველა ჩვენკენ ისწრაფვის. ჩვენ ახლა განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვართ, ფაქტობრივად, ეს ხომ მათთვის დაკეტილი ტერიტორია იყო, ახლა თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა. ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება, ნება რომ მივცეთ. ჩამოვიდნენ და ქართველ მეცნიერებთან ერთად აქ იმუშაონ. როგორც აღვნიშნე, ამისთვის საჭიროა მომზადება, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რომ არქეოლოგებს დასახლება შეეძლოთ და მუშახელიც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ფულს ისინი გადაიხდიან. სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. ტურისტული ობიექტები საჩვენებლად უნდა მომზადდეს. შემოღობვაა საჭირო, შიგნით გზების გაკეთება, რომლიდანაც გადასვლა არ შეიძლება, საპირფარეშოები მაინც უნდა იყოს აგებული, დასასვენებელი ადგილები, კვების ობიექტები, ადგილობრივი მოსახლეობა, ალბათ, იქ სუვენირების მაღაზიასაც გახსნის. რამდენიმე ობიექტი, მეტ-ნაკლებად, კარგად არის მოწყობილი, მაგალითად, უფლისციხე, ბაგინეთი, დმანისი, ნოქალაქევი, გონიო, გრემი, მაგრამ უკეთესადაც შეიძლება მოწყობა. უფლისციხე ბევრად კარგად არის მოწყობილი, ვიდრე სხვა ობიექტი, მაგრამ იქაც არის სახიფათო ადგილები, სადაც შეიძლება, ადამიანი გადავარდეს, მოაჯირებია საჭირო. საუკუნეების წინათ გამოთხრილი ქვის საფეხურები ცვდება და მოფრთხლება უნდა. ამის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს, მინითაც შეიძლება შეიფუთოს, რომ თან ჩანდეს და თან შეინახოს. სულ ვფიქრობ ამაზე _ უფლისციხის გადაღმა არის ძველი ნასოფლარი, რომელიც ახლახან დაიცალა. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლებია, რომლის შეკეთება შეიძლება და სასტუმროებად გადაკეთება. უფლისციხე ისეთ ადგილას არის, იქ თუ კაცი ღამისთევით გაჩერდა, აქედან მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ძეგლის დათვალიერება შეუძლია, მაგალითად, ატენის ხეობაში. სასტუმროში დარჩენილ ტურისტს სათანადო მომსახურება ხომ სჭირდება?! მათთვისაც სამუშაო ადგილია, იმ სახლებს კერძო მფლობელები ჰყავს, შესაძლებელია, სახელმწიფო სესხით დაეხმაროს, აღდგეს ეს სახლები და საბოლოოდ, ყველა მოგებული დარჩება.

 

თამარ ბატიაშვილი