დავით სერგეენკოს კომფორტის ზონა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ამჟამინდელი მინისტრი პროფესიით ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგია.

მისი კომფორტის ზონის დასათვალიერებლად არც ახალაშენებული და არც ქალაქგარედ მდებარე ბინისთვის მიმიკითხავს. მინისტრს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბოსტონისა და ბერლინის სამედიცინო სასწავლებლები აქვს დამთავრებული, თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საბურთალოზე, თამარაშვილის ქუჩაზე დაუდევს ბინა.

 

იანვრისთვის ჩვეულ, ყინვიან ამინდში მეტრო „დელისამდე“ ავტობუსს ავყევი, მხოლოდ მანქანებით მოძრაობა იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ სოციალური იყო და ხალხის აზრი გაიგო. ათას რამეს მოჰკრავ ყურს ამ ყვითელ მანქანაში და ეს ისაა, რასაც სოციუმი ნამდვილად ფიქრობს პოლიტიკაზე, ჯანდაცვასა და სხვადასხვა საკითხზე… ზუსტად ასეთი საუბრისთვის ყურის დაგება და შემდეგ შუა გზაზე შეწყვეტა მომიწია, როცა ვაკე-საბურთალოს გამგეობის შენობა გავიარეთ და თამარაშვილის #15-ს მივადექით.

აქ საბურთალოსთვის დამახასიათებელი მანქანების გადატვირთული მოძრაობა და მუდმივ რეჟიმში მომუშავე შუქნიშნები ისევ მწყობრში იდგა. მეც „დელისის“ მეტრომდე არსებულ გაჩერებაზე ჩამოვედი, პატიოსანი მოქალაქისთვის დამახასიათებელი ქცევით ბილეთი ნაგვის ურნაში მოვათავსე და დაბლა, გამგეობისკენ ჩამოვუყევი გზას, ოღონდ, საპირისპირო მხარეს.

ავეჯის, რამდენიმე წვრილმანი და კუთხის მაღაზიის გავლის შემდეგ  კორპუსიც ვნახე #15-ის წარწერით. აქ ხელმარცხნივ შემოვუხვიე და კორპუსებს შორის დარგულ ნაძვის ხეებს შორის მამაკაცების ხმა რომ შემომესმა, მაშინვე მივხვდი, _ მათი ასაკი, დაახლოებით, დღევანდელი სტატიის გმირის ასაკის ტოლი იქნებოდა, თან გავიგებდი, კონკრეტულად რომელ სადარბაზოსა და სართულზე ცხოვრობს ბ-ნი დავითი. დაუყოვნებლივ შეკრებილი ექვსი მამაკაცისკენ გავემართე, ოთხი ცალკე საუბრობდა, ორი _ ცალკე, თუმცა, როცა მათთან მივედი და ყველამ ერთად შემომხედა იმწამსვე შეწყვიტეს საუბარი. მეც ეს მინდოდა და საქმეზე გადავედი:

_ გამარჯობა, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ვარ, მინისტრებისა და სხვა ცნობადი სახეების კომფორტის ზონაზე ვწერ. მაინტერესებს, ბ-ნი დავით სერგეენკო, კონკრეტულად, რომელ კორპუსში ცხოვრობს?

_ აი, იქ, _ მითხრეს და ჩემ უკან მდებარე კორპუსის მეორე სადარბაზოსკენ მანიშნეს ხელით.

_ თქვენ თუ იცნობთ? _ ვკითხე იმ მაღალ კაცს, მეტად აქტიური რომ მეჩვენა.

_ კი, ვიცნობ.

_ როგორია ურთიერთობაში, როგორც მეზობელი?

_ მშვენიერი, კარგი, სალმიანი ბიჭია.

_ ანუ გესალმებათ ხოლმე?

_ დიახ, დიახ, მაგარი კარგი კაცია. არა, კარგი ბიჭია, კაცი კი არა. აგერ, მის კარის მეზობელს დაელაპარაკეთ, _ მითხრა ამ აქტიურმა მამაკაცმა და ოთხიდან ერთ-ერთისკენ მიმითითა. მეც მასთან გადავინაცვლე და იმავე კითხვით მივმართე:

_ ბატონი დავითი როგორია, როგორც მეზობელი? როგორი ადამიანია?

_ კარგი ადამიანია.

_ ხედავთ ხოლმე ხშირად?

_ ძალიან დაკავებულია, თუ შევხვდებით, წასვლისას ან მოსვლისას, თან გვიან მოდის ხოლმე.

_ გადმოდის მეზობლებთან?

_ არა, ისე მიმოსვლისთვის არ აქვს დრო.

_ გმადლობთ, _ ვუთხარი და სადარბაზოსკენ გადავინაცვლე.

პირველსავეში შევედი და უკვე მეორე სართულზე ვიყავი ასული, როცა თავად სერგეენკოს კარის მეზობლის ხმა მომესმა:

_ გოგონი, ეს არა, მეორე სადარბაზოა ამის გვერდით.

_ უი, გმადლობთ, _ ვუთხარი და სწრაფად ჩამოვირბინე კიბეებზე.

_ აი, ის ბინაა მისი, კონდიციონერი რომ აყენია გარეთ, _ მიმითითა.

ისევ მადლობა გადავუხადე და ამჯერად სწორი მისამართით წავედი, ჩვეულებრივი 9-სართულიანი ბინის სადარბაზო იყო, ყოველგვარი ყვავილებისა და ქვითრების ჩასალაგებლის გარეშე (წინა გმირებისგან განსხვავებით). ოღონდ ლიფტი იყო ცოტა განსხვავებული, ნაცრისფერი კარი უნდა გამოგეღო, რომელსაც ნასვრეტები ჰქონდა და ლიფტში შედიოდი.

პირველ სართულზე ქერა, ახალგაზრდა ქალმა გამიღო კარი.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, გაზეთ „ქრონიკა+“-დან, ბატონ დავით სერგეენკოს კომფორტის ზონაზე ვწერ. მაინტერესებს, თუ იცნობთ?

_ არ ვიცი.

_ ანუ არც გინახავთ აქ და არ იცით, ვინ არის?

_ ჯანდაცვის მინისტრზე მელაპარაკებით?

_ დიახ, დიახ.

_ ჰო, ამ სადარბაზოში ცხოვრობს.

_ გინახავთ თქვენ თვითონ?

_ კი, მინახავს ისე, აქ რომ ცხოვრობს ვიცი, მაგრამ პირადად არ ვიცნობ, ახალი გადმოსული ვარ ამ ბინაში.

_ გასაგებია, გმადლობთ.

ახლა ზედა სართულზე გადავინაცვლე. შუა კარზე ზარის დარეკვის შემდეგ იგი შუახნის ქალბატონმა გამიღო, ოდნავ ხუჭუჭა თმა, სათვალე და სანდომიანი სახე ჰქონდა. მასაც იმავე კითხვით მივმართე, რომლითაც პირველ სართულზე მცხოვრებ ქალბატონს, იცნობდა თუ არა სერგეენკოს?

_ კი, ძალიან კარგი კაცია, კორექტული, უმაღლესი დონის, ზრდილი და განათლებული.

_ ე. ი. იცნობთ?

_ კი, ჩემი ძმისშვილიც ძალიან ახლოს იცნობს და იქიდანაც ვიცი.

_ გმადლობთ, ეს მაინტერესებდა.

ამ ქალბატონის კარის მეზობელთან გადავინაცვლე და კარზე დაკაკუნებისას, ვიღაც, 4-5 წლის ბავშვის ხმით და ენის მოჩლექით გამომეხმაურა.

_ ვინ გნებავთ?

_ უფროსები არ არიან?

_ არა, _ მიპასუხა და გაიქცა, ფეხების ბაკუნის ხმა გავიგონე.

შემდეგ სართულზე მხოლოდ მესამე კარზე (ქვემოდან მაღლა ასვლისას) კაკუნის შემდეგ მიპასუხეს:

_ ვინ გნებავთ?

_ ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება.

_ არ ვარ ჩაცმული.

_ მოიცვით რამე, არაა პრობლემა, რამდენიმე წამს წაგართმევთ მხოლოდ.

_ ჰო, მაგრამ მე მცივა (თქვა და გაუჩინარდა).

წამოსვლის გარდა სხვა გზა არ დამრჩენოდა. შემდეგ სართულზე გადავედი, აქაც მხოლოდ მესამე კართან გამიმართლა და ზარის დარეკვის შემდეგ მიპასუხეს:

_ ვინ არის?

_ ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

კარი 16-17 წლის ბიჭმა გამიღო:

_ გამარჯობა, მობრძანდით.

_ არა, გმადლობთ, უბრალოდ, მაინტერესებს, დავით სერგეენკოს თუ იცნობთ?

_ არა.

_ არც გინახავთ აქ არასდროს?

_ კი, ნახვით მინახავს, მაგრამ არ ვიცნობ.

_ კარგი გმადლობთ.

შემდეგ სართულზე გადავინაცვლე. აქ უკვე ყავისფერ კარს მივაკაკუნე, კარგა ხანს მესმოდა, რომ ვიღაც კართან მოსვლას ცდილობდა და ძლივს, ნელი ნაბიჯებით მოდიოდა. კარი შუა ხნის მამაკაცმა გააღო:

_ გამარჯობა, დავით სერგეენკოს თუ იცნობთ?

_ არც ისე კარგად, თითქმის არა.

_ ისე, გინახავთ აქ?

_ კი, ისე გარედან შემიხედავს.

_ გესალმებათ ხოლმე?

_ არ ვიცნობ და ამიტომ იშვიათად, თორემ ისე კი მინახავს.

_ კარგი, დიდი მადლობა. თქვენს ზემო სართულზე ცხოვრობს, ხომ?

_ კი, კი, ზემოთაა.

_ გმადლობთ.

ახლა საპირისპირო მხარეს გადავინაცვლე და ღილაკისთვის უნდა დამეჭირა ხელი, რომელიც ზარის ხმას გამოსცემდა და უკნიდან ხმა მომესმა:

_ იქითაც იგივეა შვილო, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

_ კარგით-მეთქი, _ ვუთხარი და ზემოთ სართულზე გადავინაცვლე, აქ სამივე ბინის კარს ფოტო გადავუღე და ერთი სართულით ზემოთ ავედი, კარი არავინ გამიღო, ამის ზედა სართულზეც იგივე მითხრეს, რომ შორიდან ჰყავდათ ნანახი და თვალი მოკრული, მაგრამ თავად არ იცნობდნენ, ამიტომ ქვემოთ ჩამოვედი. გზად ისევ ვაკაკუნებდი იმ კარებზე, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ არ გამიღეს, იქნებ, ახლა მაინც გამიმართლოს და მიპასუხონ-მეთქი, მაგრამ ამაოდ.

ეზოში ჩამოვედი, სადაც მამაკაცების შეკრება იყო, ახლა ორი მათგანიღა შემორჩენილიყო, ერთი _ სწორედ ის კარის მეზობელი, რომელმაც დამაკვალიანა. ჩემკენ გამოიხედეს და მეკითხებიან:

_ აბა, რა ქენი, ნახე?

_ დიახ, რაც მაინტერსებდა, გავიგე. უშუალოდ ბ-ნ დავითს არ შევხვედრივარ.

_ გასაგებია.

_ კიდევ რამეს ხომ არ მეტყოდით მასზე, როგორც მეზობელზე, რამე შეკრებაზე თუ დადის ხოლმე?

_ კი, შვილო, პანაშვიდი თუა ვინმესი, მაშინ შემოდის და გვერდით გვიდგას ხოლმე, თორემ ახლა ჩვენთან რომ დადგეს გარეთ და გვესაუბროს, ეგრე არაა.

_ ანუ მსგავსი შემთხვევების დროს გადმოდის ხოლმე?

_ დიახ, დიახ ძალიან უბრალო ოჯახია, მეუღლეც ისეთია, უბრალო და უშუალო ურთიერთობაში.

საუბარში მეორე მამაკაცი ჩაერთო:

_ სახლში არც მოსამსახურე ჰყავთ და არც არაფერი, ყველაფერს თვითონ აკეთებენ, თვითონ რეცხავს მეუღლე, ფენს, ძალიან უბრალოდ ცხოვრობს.

_ ვინმემ რამე რომ სთხოვოს, ავად იყოს, ან რამე, არ არსებობს, რომ არ დაგაკვალიანოს. ძალიან უშუალოა. ხანდახან მანქანას გაუშვებს და თვითონ ცენტრალურ გზამდე გავა, გაჩერდება, ან სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდება, ან ტაქსის გააჩერებს და იმით მიდის სამსახურში. ორი გოგონა ჰყავს, სტუდენტები არიან და სასწავლებლად დადიან, მაგრამ მათაც იშვიათად ვხედავთ.

_ რამე ისტორია ხომ არ გადაგხდენიათ ერთად?

_ რამე ისეთი განსაკუთრებული, გასართობი არა, მაგრამ აი, ჩვენს ძმაკაცს დაეხმარა ღვიძლის გადანერგვაში, დღეს ის, ფაქტობრივად, ცოცხალია.

ჩვენი მეზობელი თავიდან ძალიან ცუდად იყო და ვთხოვეთ, _ გვიკვდება, 60 000 აქვთ და მცირე ნაწილი აკლდებათო. _ საბუთები მოიტანეთ ჩემთანო. მიუტანეს. ბევრი რამ მოაგვარა, დღეს გადარჩენილია, ცოცხალია და კარგადაა ჩვენი მეზობელი.

ვინც მივიდა, ყველას დაეხმარა და უთანაგრძნო.

_ ასე გიდგათ ხოლმე გვერდით?

_ კი, კი სულ. თან ძალიან უბრალოა, ასეთი მინისტრი რომ იყოს ყველა, კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე.

ამასობაში, სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, მაღალი, შავი პალტოთი და ქუდით მამაკაცი მოვიდა, ეტყობოდა, რაღაც ავტორიტეტით სარგებლობდა მეზობლებში და ორივემ ამ ახალმოსულისკენ გამახედა, _ აი, ამ კაცს ჰკითხე, როგორია ჩვენი მინისტრიო, თან ერთ-ერთმა აუხსნა, _ ჟურნალისტია „ქრონიკა+“-დან და დავით სერგეენკოზე წერს, აინტერესებს, როგორი მეზობელიაო.

_ ძალიან კარგი, ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ, წესიერი კაცია.

_ მითხრეს, რომ უშუალო ადამიანია.

_ დიახ, დიახ ნამდვილად.

_ კარგი, გმადლობთ, თქვენ ყველას, ბედნიერი დღე.

_ ასევე თქვენც, ველოდებით სტატიას, _ მითხრეს და მეც წამოვედი.

უკან ისე ვერ დავბრუნდებოდი, ჩვენს გმირზე ორიოდე სიტყვა უბნის მაღაზიის გამყიდველებისგან არ გამეგო, ამიტომ სანამ უშუალოდ ამ მოსახვევში შემოვიდოდი და კორპუსებს დავათვალიერებდი, მანამდე ერთ-ერთი მაღაზია შევიგულიანე და თუ ამბები მინისტრის უბრალოებაზე მთლად მითი არ იყო, მაშინ საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ იგი, ან მისი ოჯახის წევრები სწორედ ამ მაღაზიაში დადიოდნენ პროდუქტების საყიდლად.

კუთხის მარკეტის კარის შეღებისას საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სალაროსთანაც ბევრი ხალხი იყო და კონსულტანტიც _ დაკავებული, თუმცა ვიფიქრე, რომ რიგში დგომა რამდენიმე კითხვის გამო, უბრალოდ, არ ღირდა, ამიტომ, შეიძლება, ცოტა „თავხედურადაც“, მაგრამ მაინც მოლარე გოგონასთან მივედი გვერდიდან.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, ბატონ დავით სერგეენკოს თუ იცნობთ?

_ მინისტრს?

_ დიახ, დიახ.

_ უშუალოდ არა, მაგრამ შორიდან ვიცნობ, ვიცი, ვინც არის.

_ აქ შემოდის ხოლმე?

_ თვითონ არა, მეუღლე და შვილები შემოდიან.

_ გასაგებია, გმადლობთ.

ამ გოგონას საშუალება მივეცი, თავისი საქმე გაეგრძელებინა და ახლა კონსულტანტთან გადავინაცვლე. ეს შუახნის ასაკის შავთმიანი ქალი იყო. მასაც იგივე ვუთხარი, _ ჟურნალისტი ვარ და ინფორმაცია მაინტერსებს სერგეენკოზე, როგორი ადამიანი და მომხმარებელია, რამდენად ხშირად გინახავთ და დადის თუ არა თქვენთან- მეთქი?

ერთი ამრეზით კი შემომხედა, მაგრამ მიპასუხა:

_ რა ვიცი, თვითონ არ დადის, მაგრამ ცოლ-შვილი დადის ხოლმე ჩვენთან, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, როგორც მომსახურე პერსონალს და მომხმარებელს, განსაკუთრებული არაფერი.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვუთხარი და გამოვედი.

კართან არ ვიყავი მისული, როცა ამ შავთმიან კოლსუნტანტთან მეორე გოგონა მივიდა, ისიც იმავე მაღაზიის თანამშრომელი და ჩემზე ჰკითხა:

_ რაო, რა მინდაო, რა თქვა?

_ რა ვიცი მე, ვიღაც სერგეენკოო და როგორია ურთიერთობაშიო.

_ აააჰ, გასაგებია, _ უპასუხა მეორემ.

ამ დროს კარი გამოვიხურე და გამოვედი. გზად ისევ ის შესახვევი გავიარე, სადაც ჩვენი დღევანდელი გმირი თავმდაბლურად და უბრალოდ ცხოვრობს (ყოველ შემთხვევაში, როგორც მეზობლებმა თქვეს).

სახლში შუქი ენთო (მოღრუბლულ ამინდში შეგეძლო გარჩევა, რომ ენთო), სადარბაზოსთან ბევრი ნაძვის ხე იდგა (თავს დავდებ, რომ ახლაც დგას).

მაშ, ასე! შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კომფორტის ზონა არის საბურთალო, თამარაშვილის ქუჩა, მშვიდი ჩიხი, სადაც ნაძვის ხეები მარადმწვანობენ.

 

ნინო ტაბაღუა