ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან

დიდი ალბათობაა იმისა, რომ 2017 წელი კიდევ უფრო დაძაბული და პერიპეტიული იყოს; კიდევ უფრო დიდი ვნებათაღელვები და კიდევ უფრო ხმაურიანი სასამართლო პროცესები გველის.

 

„ქრონიკა+“-ის კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე _ ნინო გვენეტაძე:

 

_ ქალბატონო ნინო, მაშინ, როდესაც საუბარი იმაზე, რომ ბევრი მოსამართლე არ უნდა იკავებდეს აღნიშნულ თანამდებობას, აპარატში პირიქით, მათი რიცხვის ზრდა არის შესამჩნევი. თუ შეიძლება, მოსამართლეთა რაოდენობა და მათი რიცხოვნობის ზრდაც რომ გვითხრათ წინა წელთან შედარებით

_ 2016 წელს მოსამართლეთა რიცხვის გაზრდამ საერთო სასამართლოების სისტემაში აპარატის თანამშრომელთა რიცხვის მატება განაპირობა. რადგან ციფრები გაინტერესებთ, გეტყვით, რომ,  მაგალითად, 2015 წელთან შედარებით, როცა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რიცხვი 230 იყო, 2016 წელს 267-მდე გაიზარდა, მათ შორის, სისტემაში წარმოდგენილია 51% ქალი და 49% მამაკაცი მოსამართლე. ამავდროულად, ყველაზე გადატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 79 მოსამართლის ნაცვლად, დღეს 94 მოსამართლე ახორციელებს მართლმსაჯულებას.

_ 2017 წელს როგორ იქნება?

_ 2017 წელს, საერთო სასამართლოების სისტემაში, მოსამართლეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება და მოსამართლეებისთვის გამოყოფილი 319 შტატი შეივსება. ამაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსი გამოაცხადა.

_ ქალბატონო ნინო, მოსამართლეთა კონფერენციას დავესწარი და გულწრფელად გეტყვით, იქ ისეთი ასაკოვანი მოსამართლეები, რომლებიც, ალბათ, შვილთაშვილებს უნდა ზრდიდნენ, არც ისე ცოტანი იყვნენ.

_ ამაზე ასე გიპასუხებთ: მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციის პრაქტიკაში დანერგვა _ მოსამართლეთა უვადო, საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშვნის თაობაზე. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2016 წელს პირველად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული შეფასების მიხედვით, გამოსაცდელი ვადით დანიშნული 12 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა.

_ ანუ სიცოცხლის ბოლომდე, უკაცრავად?

_ საპენსიო ასაკამდე. ეს მოსამართლეები თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ქუთაისის, თბილისის, გორის, ცაგერის, სიღნაღის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში გამწესდნენ.

_ როგორც ვიცი, ვენეციის კომისიის დასკვნაში კრიტიკულად არის შეფასებული მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. არადა, ეს სამოსამართლეო გამოცდილების მქონე კანდიდატებზე სააპრობაციო ვადის დაწესებას ეწინააღმდეგება.

_ აღნიშნულ საკითხზე გარკვეული ცვლილებები მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კანონში დაფიქსირდა და შეღავათი შეეხო მხოლოდ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში გამოსაცდელი ვადის გარეშე გამწესდებიან. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ასევე უვადოდ უნდა ინიშნებოდნენ. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ, ვენეციის კომისიის მსგავსად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ( OECD)  საქართველოს ანტიკორუფციული შეფასების მესამე რაუნდის რეკომენდაციაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას.

_ სასამართლო რეფორმის . . მესამე ტალღაზე ვისაუბროთ, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.

_ მაშასადამე, ამ ცვლილებების განსახორციელებლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მენეჯმენტის დეპარტამენტი ჩამოყალიბდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ეფექტიანად მართვისთვის და დანერგვისთვის. 2017 წლის პირველი ივლისიდან საქმეთა ელექტრონული განაწილება საპილოტე რეჟიმში რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრიდან სრულად დაინერგება საერთო სასამართლოების სისტემაში.

_ ანუ საქმეების ელექტრონულ რეჟიმში გადაყვანას გულისხმობთ? აქამდე არ იყო?

_ მანამდე, იუსტიციის მინისტრმა, უზენაეს სასამართლოსთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, 2016 წლის 28 ივნისს, სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა და შესწავლა დავიწყეთ სისტემის როგორც ტექნიკური გამართულობის, ასევე სამართლებრივი რეგულირების შემუშავების მიზნით. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა ელექტრონული განაწილების წესი დაამუშავა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, პერიოდულად ეცნობა მეზობელი ქვეყნების გამოცდილებას საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის თაობაზე.

_ მაგალითად, რომელი ქვეყნების?

_ მაგალითად, ვთანამშრომლობთ ლატვიის საერთო სასამართლოების ადმინისტრაციასთან. ლატვიელმა კოლეგებმა საქმეთა განაწილების სისტემა გაგვაცნეს, რომელიც ლატვიაში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დამატებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში საპილოტე პროგრამის შემუშავებისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მხარდაჭერით, 27-28 იანვარს, საქართველოს ეწვევა გერმანელი კოლეგა, ბატონი ვაისჰაუპტი. ბატონი ვაისჰაუპტი უკვე იმყოფებოდა საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის შემუშავების საკითხებზე 2015 წელს საქართველოში და კარგად იცნობს სასამართლო სისტემას.

_ ქალბატონო ნინო, მთლიანი სისტემის ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანა და ციფრული მოდიფიცირება თანხებს მოითხოვს და საკმაოდ დიდს. საიდან ელოდებით დაფინანსებას? საქართველოს ბიუჯეტი უკვე გაწერილია

_ სერვერებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის შესაცვლელად თანხების მობილიზება მოხერხდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან. 2015 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან 580 000 ლარი გამოუყო სასამართლოს სერვერის განთავსებისთვის და საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის მოსაწყობად. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ სასერვერო ინფრასტრუქტურის შესაძენად 100 000 ევროს გრანტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო. 2016 წლის დეკემბერში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე ახალი ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვა განხორციელდა, ხოლო ამჟამად სერვერის შესაძენად სატენდერო წინადადება საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

_ რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში რა საკანონმდებლო წინადადებები იქნა წარდგენილი. როგორც გავიგე, ახალი სამსახური, . . დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური იქმნება.   

_ დისციპლინური სამართალწარმოების მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფორმირება მოხდება, რომელსაც დამოუკიდებელი ინსპექტორი უხელმძღვანელებს.

_ თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ, რას გააკეთებს?

_ დამოუკიდებელი ინსპექტორი პროცესის მონაწილე მხარეთა პრეტენზიებსა და საჩივრებს შეისწავლის და თავისი დასკვნით წარდგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.

_ გასაგებია, ანუ დამოუკიდებელი ინსპექტორი თავად მოსამართლეებს გააკონტროლებს?

_ რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში სიახლეა საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების გაფართოებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებიდან განსხვავებულ განმარტებას შემოგვთავაზებს, უზენაესი სასამართლო უარს ვერ იტყვის საჩივრის დასაშვებობაზე.

_ ეს უკვე კარგია! თუ განხორციელდა, რა თქმა უნდა, ვინაიდან მანამდე სისტემატურად ხდებოდა ამის უგულებელყოფა

_ თქვენ წეღან მოსამართლეებზე მკითხეთ: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები დაიხვეწა. კანონის მიხედვით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მოსამართლეთა კანდიდატის უფლება, გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება _ უარი მოსამართლედ გამწესების თაობაზე.

_ სად საჩივრდება?

_ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.  სასამართლოს არსებით სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

_ ქალბატონო ნინო, მოსახლეობას მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებას შეჰპირდით. რას გულისხმობთ?

_ ეს გულისხმობს საბჭოს ვებგვერდზე მოსამართლეობის კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების წინასწარ განთავსებას. დაინტერესებულ დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ პროცესისთვის და სრული ინფორმაცია მიეღოთ წლის განმავლობაში ჩატარებული 2 კონკურსის თაობაზე. საერთო სასამართლოების სისტემაში 104 მოსამართლე გამწესდა, მათ შორის, 20 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი. ახალგამწესებულ მოსამართლეებს შორის 46 ყოფილი მოსამართლეა. არც იმას დავმალავ, რომ 2016 წლის მონაცემებით 13 საქმეზე მოსამართლეს ახსნა-განმარტება ჩამოერთვა, 3 საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათით და 1 საქმეზე მოსამართლეს დისციპლინური სახდელის სახედ განესაზღვრა გაფრთხილება.

_ ფარულ ჩანაწერებსა და უკანონო მოსმენებზე მინდა გკითხოთ, რომლის წინააღმდეგაცქრონიკა+“ თავიდანვე იბრძოდა. რა გააკეთა სასამართლომ ამასთან დაკავშირებით?

_ რაიონული საქალაქო სასამართლოების მიერ 2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერის თაობაზე განხილულია 397 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 340. ეს კი გახლავთ საერთო საქმეების 85,6%. 2015 წელს განხილული იყო 373 შუამდგომლობა, რომელთაგან 306 დაკმაყოფილდა, ანუ 82%. აქვე საერთო სტატისტიკასაც გეტყვით: პირველი ინსტანციის სასამართლოებში შემოსული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 34%-ით და შეადგინა 69624 საქმე, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. განხილული საქმეების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 26%-ით.

_ არადა, მიუხედავად განხილული საქმეების რაოდენობის ზრდისაბოლოს განუხილველად დარჩენილი საქმეების ხვედრითი წილი, 2015 წლის 29%-დან გაიზარდა 2016 წლის 37%-მდე.

_ გეთანხმებით, ამიტომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მართლმსაჯულების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო სამოქალაქო კატეგორიის დავების სწრაფად და ეფექტიანად განხილვის მიზნით. კერძოდ, ყველაზე მეტად დატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბანკო დაწესებულებებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებიდან ნაწარმოები დავები ცალკე ქვეკატეგორიებად გამოიყო ვალდებულებითი სამართლის კატეგორიის დავებში. შესაბამისად, განისაზღვრა მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობა, რომელთაც ამ კატეგორიის დავების განხილვა დაევალათ, რაც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებული დავების 56%-ს წარმოადგენს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბანკო დაწესებულებებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია უზრუნველყოფს სამოქალაქო საქმეთა კანონით დადგენილ ვადაში განხილვას და, ზოგადად, ხელს შეუწყობს გაჭიანურებული სამოქალაქო სამართალწარმოების პრობლემის შემცირებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოებში შემოსული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 6%-ით, ხოლო განხილული საქმეების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით. განხილული საქმეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, პერიოდის ბოლოს განუხილველად დარჩენილი საქმეების ხვედრითი წილი 2015 წლის 22%-დან შემცირდა 2016 წლის 17%-მდე. შემოსული და განხილული სისხლის სამართლის საქმეების ზრდა და, შესაბამისად, განუხილველად დარჩენილი საქმეების ხვედრითი წილის კლების ტენდენცია აღინიშნება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებშიც.

_ „სისხლშიროგორ არის საქმე?

_ შედარებით მაგალითს მოგიყვათ: თუ 2011 წელს სულ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებებში პატიმრობის ხვედრითი წილი 49%-ს შეადგენდა, ხოლო არასაპატიმრო ღონისძიებების _ 51%-ს, 2016 წელს პატიმრობის ხვედრითი წილი 29%-მდე შემცირდა, ხოლო არასაპატიმრო ღონისძიებების _ 71%-მდე დაფიქსირდა (2015 წელს, შესაბამისად, 30% და 70%). საგამოძიებო ორგანოების მიერ პატიმრობის მოთხოვნით შემოტანილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 2011 წელთან შედარებით, რაც 94%-ს შეადგენდა, ხოლო 2015-2016 წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და 61% შეადგინა. თუ 2011 წელს სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრობის შეფარდებაზე შემოსული პროკურატურის შუამდგომლობების 0,1%,  2015 და 2016 წლებში არ დაკმაყოფილდა 35%, რაც, ასევე, ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, მიმდინარე წელს სასამართლომ 75%-ის შემთხვევაში შეამცირა გირაოს თანხის ნაწილი, მაშინ როცა 2012 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 15%-ს შეადგენდა. 2016 წელს ძირითადი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ხვედრითმა წილმა შეადგინა 23%, ნაცვლად 2015 წლის 20%-სა, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ხვედრითმა წილმა _ 9,3%, ნაცვლად 2015 წლის 5%-სა. და, ასევე, არ შემიძლია არ ვთქვა თავისუფლების აღკვეთის შემცირების ვადებზე: თუ 2011 წელს 8 წლის ზემოთ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მსჯავრდადებულთა 12%-ს, ანუ 886 პირს, 2016 წელს შეეფარდა მხოლოდ 7%-ს, ანუ 269 მსჯავრდადებულ პირს.

_ საზოგადოებას ყველაზე მეტად გამამართლებელი განაჩენები აინტერესებს. ამ მხრივ როგორ არის საქმე?

_ 2016 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 227 პირის მიმართ, რაც 3-ჯერ აღემატება 2011 წლის მაჩვენებელს (56 პირი) და 2,2%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. 2016 წელს უზენაეს სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი 5 პირის მიმართ დადგა. მიუხედავად გამოვლენილ სამართალდარღვევათა რაოდენობის ზრდისა, 2011 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდებოდა იმ პირთა ხვედრითი წილი, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე დაკისრებული ჰქონდა პასუხისმგებლობა. 2016 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი _ 60%, ნაცვლად 2015 წლის 72%-სა. დაკისრებულ სახდელებში ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება შემცირდა 16 პროცენტული პუნქტით. და კიდევ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შემცირებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტილი საქმეების ხვედრითი წილი: თუ 2011 წელს საერთო სასამართლოების მიერ დავების 66% წყდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 2016 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ 40% შეადგინა, ხოლო 2015 წელს _ 43%.

_ არასრულწლოვნებზე რას გვეტყვით?

_ მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობაში არასრულწლოვანთა ხვედრითი წილი 2011 წლის 4%-დან შემცირდა 2016 წლის 0,9%-მდე (2015 წელს _ 2%). შეიცვალა სასამართლოების მიერ მსჯავრდადებული არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული სასჯელები: თუ თავისუფლების აღკვეთა 2015 წელს 87 არასრულწლოვნის მიმართ იყო გამოყენებული, 2016 წელს _ მხოლოდ 43 ბავშვის მიმართ გამოიყენა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში. სასამართლოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ასევე, არასრულწლოვანთა განრიდების საკითხსაც: 2016 წელს განრიდების გამოსაყენებლად 14-დან 21 წლამდე ასაკის 105 არასრულწლოვნის საქმე  დაბრუნდა პროკურატურაში (მათ შორის, 32 ბავშვი 14-17 წლის იყო).

_ ქალბატონო ნინო, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებზე რას იტყვით?

_ თავის დროზე, მე ამაზე ხმამაღლა განვაცხადე და ახლაც გავიმეორებ: ამ საკითხებში ჩარევის კომპეტენცია არ გამაჩნია. ამდენად, გამოძიების სრული პრეროგატივაა, გაარკვიოს ყველაფერი და თუ ის საჭიროდ მიიჩნევს, ამცნოს საზოგადოებას ამის შესახებ. სასამართლო პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. ბუნებრივია, ეს გახლდათ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად მაღალი ინტერესის სფეროში და არსებობდა გარკვეული არასასურველი პრეცედენტები. ეს არის პროცესის მონაწილეთა მხრიდან, ხშირად, ზედმეტი აქტიურობა, თუმცა მათ თავისი უფლებამოსილება აქვთ, რაც პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიდა ხელს.

 

თამარ როსტიაშვილი