ოფიციალური ქუთაისის პასუხი ადა მარშანიას, რომლისთვისაც პარლამენტის ადგილმდებარეობა უინტერესო თემაა

 

გასულ შაბათ-კვირას ქუთაისის მოსახლეობის ერთ ნაწილში მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ ვნებათაღელვა გამოიწვია. მიზეზი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, პარლამენტარ ადა მარშანიას განცხადება გახდა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში მიღწეულ შეთანხმებას ეხებოდა და რომლითაც, თითქოს, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შესახებ პოზიციები შეჯერებულია.

მარშანიას თქმით, პარლამენტი დედაქალაქში იმუშავებს და ეს მოხდება მაშინ, როცა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება განხორციელდება. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო ორგანოს გადატანის წინააღმდეგი არავინაა და შეთანხმება მიღწეულია.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ქუთაისელი კანდიდატები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის  თბილისში გადატანა დღის წესრიგში არ დადგებოდა, ხოლო თუ ამ საკითხის ინიცირება მოხდებოდა, მაშინ ისინი გადაწყვეტილებას ხმას არ დაუჭერდნენ.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნების აუცილებლობის თაობაზე განცხადებები პერიოდულად კეთდება მმართველი გუნდის წევრების მხრიდან. არგუმენტად კი ყოველთვის სახელდება ის, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობა ხარჯებს ზრდის და ბიუჯეტი ზარალდება. თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს უფუნქციო და დაცლილი ქუთაისი, ამის შესახებ, რატომღაც, იდეის მომხრეები არ საუბრობენ და რჩება შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც არ ანაღვლებთ. ბუნებრივია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას და შემხვედრ არგუმენტებსაც აჟღერებენ. მათი აზრით, შენობა, რომელიც ქუთაისშია, ენერგოეფექტიანია და მისი შენახვა სახელმწიფოს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე თბილისში არსებული ნაგებობა. სწორედ ხარჯების შემცირების მიზნით აშენდა პარლამენტის გვერდით, ამჟამად, უფუნქციოდ დარჩენილი მთავრობის სახლი, რომლის პროექტიც იტალიელ არქიტექტორს ეკუთვნის. შენობაში სამინისტროების წარმომადგენლებისთვის ყველანაირი პირობა შეიქმნა, რათა მათ საკანონმდებლო ორგანოსთან კომუნიკაცია გაადვილებოდათ და რაც, ბუნებრივია, დღის წესრიგიდან მოხსნიდა იმ პრეტენზიებს, რომელიც, პარლამენტის გადატანის მომხრეების განცხადებით, დეპუტატების  აღმასრულებელ ხელისუფლებასთან სიშორით გამოწვეულ დისკომფორტს უკავშირდება. საყურადღებოა ისიც, რომ, თავის დროზე, დეპუტატების ცხოვრების ხარჯების შემცირების მიზნით, წყალტუბოს ერთ-ერთ უბანში სასტუმროს ტიპის კორპუსების აგება იგეგმებოდა, რაც 2012 წლის შემდეგ განუხორციელებელი დარჩა.

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვნად ფუნქციონირების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ქალაქისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნება ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს და ქუთაისიდან მოსახლეობის გადინებას შეაჩერებს. ისინი მსხვილი ბიზნესის მხრიდან 2012 წლამდე დაანონსებული პროექტების განხორციელებაზე უარის თქმას სწორედ იმ განცხადებებს უკავშირებენ, რომელსაც მმართველი გუნდი პერიოდულად აკეთებდა.

„მე პირადად მქონდა საუბარი ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. მან თავად მკითხა, თუ რას ვფიქრობდი პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით. მას ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვარ. პრემიერმა მითხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს განზრახვა, მაგრამ რადგანაც საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ, შენი აზრი მაინტერესებდაო. გარკვევით მითხრა, რომ ასეთ რამეს არ ვგეგმავთო. სამომავლოდ, პარლამენტთან დაკავშირებით თუ რამე დაიგეგმება, ეს აუცილებლად ხალხთან შეთანხმდება“, _ განაცხადა ქუთაისის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ, გასული წლის ნოემბერში, „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.   ბუნებრივია, ამჯერადაც დავინტერესდით, ფლობენ თუ არა ინფორმაციას ქუთაისელი მაჟორიტარები, რის საფუძველზე გააკეთა ადა მარშანიამ განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში მიღწეული შეთანხმების შესახებ და უცვლელია თუ არა მათი პოზიცია პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?

 

დიმიტრი მხეიძე _ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი:

_ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს. კომისიის მუშაობით ვინტერესდები. ზოგიერთ საკითხში ჩახედულიც ვარ, მაგრამ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე საუბარი არ ყოფილა.

_ სამწუხაროდ, იმფორმაცია გავრცელდა და ბუნებრივია, მოსახლეობა განმარტებებს ითხოვს, თუ რამდენად რეალურია იგი?

_ განცხადება ამ თემაზე შეიძლება გაკეთდეს მაშინ, თუ პრობლემა რეალურია. ამ შემთხვევაში კი ამის საფუძველი არ არსებობს. უამრავი საკითხია საქართველოში გადასაწყვეტი, ვიდრე პარლამენტის ერთი შენობიდან მეორეში გადატანაა, ამიტომ ყურადღება გამახვილებულია სხვა თემებზე. თუმცა ჩემთვისაც, როგორც ქუთაისელისთვის, ბუნებრივია, მნიშვნელობა აქვს, სად იქნება პარლამენტი. აქედან გამომდინარე, იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომელიც ადრე მქონდა.

 

გენადი მარგველაშვილი _ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი:

_ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი მსგავსი არ იქნება. არა მგონია, კონსტიტუციაში ასეთი ცვლილება შევიდეს. ამ შემთხვევაში ვიმეორებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, როცა მან აღნიშნა, რომ ქუთაისში არ იქნება პარლამენტის პრობლემა, არ გადავა პარლამენტი.

 

კობა ნარჩემაშვილი _ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი:

_ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. უბრალოდ, ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მსჯელობა არ ყოფილა.

_ საინფორმაციო საშუალებებში ადა მარშანიას განცხადება გავრცელდა.

_ რა ჩანაწერზე დაყრდნობით გააკეთა მან მსგავსი განცხადება, არ ვიცი. იქნებ, თქვენ ჰკითხოთ?

_ თუკი ეს თემა ისევ გახდება აქტუალური, რას ჰპირდება კობა ნარჩემაშვილი საკუთარ ამომრჩეველს?

_ რასაკვირველია, ჩემი პოზიცია ისეთივე იქნება, როგორც ეს  წინასაარჩევნოდ იყო.

 

ამ დროისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქუთაისის სამივე მაჟორიტარი დეპუტატი წინასაარჩევნოდ გაცემული პირობის ერთგული რჩება და საკითხის ინიცირების შემთხვევაში პარლამენტის თბილისში გადატანას მხარს არ დაუჭერს.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ქუთაისის პირველი პირები, რომლებიც ასევე იმ ადამიანთა შორის იყვნენ, რომლებსაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნება ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნდათ?

 

დავით დვალი _ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე:

_ თუ პარლამენტი თბილისში უნდა გადავიდეს, მაშინ ქუთაისს სხვა ღირსეული ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, უნდა განვიხილოთ, ვიმსჯელოთ. ამ თემაზე დისკუსიაა საჭირო. ეს არ არის საკითხი, რომელიც ასე სწრაფად გვარდება. ჩვენ მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ დაპირებები მმართველი გუნდიდან, რომ ქუთაისის მოსახლეობის პოზიციასა და ინტერესებს გაითვალისწინებენ.

კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ვინმე ფიქრობს, რომ პარლამენტი უნდა გადავიდეს, მაშინ მოსახლეობას უკეთესი უნდა შესთავაზოს, რათა მას არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ერთ ქალაქში ხდება ხელისუფლების ყველა შტოს კონცენტრირება და სახელმწიფოში სხვა ქალაქებისდმი ინტერესი არ არის.

ერთი ადამიანის განცხადება შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში იქნეს აღქმული და განგაშის საფუძველი შესაძლებელია, რეალურად, არ არსებობს. შევეცდები, დავაზუსტო, რამდენად საფუძვლიანია ეს ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება უფლება, განცხადებები გავაკეთო.

 

შოთა მურღულია _ ქუთაისის მერი:

_ ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. ამას ვამბობ დღიდან მოსვლისა. აღნიშნულზე არჩევნების დროს ითქვა და არა მგონია, დღეს სხვაგვარად იყოს დაყენებული საკითხი. მეც ვარკვევ, რამდენად შეესაბამება რეალობას ეს განცხადება. ალბათ, ერთი პიროვნების მოსაზრებაა, ან სხვაგვარად გაიგეს. არარეალურად მეჩვენება ამხელა საკითხის გარშემო დისკუსია ისე მიდიოდეს, რომ არ ვიცოდეთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გაჟღერებული განცხადება მათ უკმაყოფილებას იწვევს. მეტიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გამორიცხავს, საკითხის რეალურად ინიცირება საპროტესტო აქციების მიზეზი გახდეს.

 

გიორგი უკლება _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

_ ჯერჯერობით, არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ. რთულია ისაუბრო, ვიდრე პროექტი არ დაიდება, მაგრამ რაღაც საფუძველი ამ განცხადებას ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, ქუთაისი თავის სიტყვას იტყვის. მჯერა, ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, თუ ეს რეალური მცდელობაა და ასეთ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს. ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი არ დაუშვებს ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებას.

მართალია, წინასაარჩევნოდ შეგვპირდნენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი „შულერების“ გუნდი. „ქართული ოცნებისთვის“ დაპირებას არანაირი მნიშვნელობა რომ არ აქვს, ეს 2012 წლის შემდეგ დასტურდება. მთავარია, ჩვენ ვთქვათ ჩვენი სიტყვა, გამოვიდეთ ქუჩაში და მსგავსი ცვლილება არ დავუშვათ.

 

თემურ ცამციშვილი _ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“:

_ პირველ რიგში, ვისაუბრებ ქუთაისის სამ მაჟორიტარზე, რომელიც არ ჩანს. წინასაარჩევნოდ სამივე მათგანი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს პარლამენტის გადატანას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამავე პოზიციას მყარად დაიცავენ. შესაძლებელია, ადა მარშანიას წამოსცდა ეს, ჟურნალისტებმა გამოსტყუეს ინფორმაცია.

ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი, როცა ასეთ მძიმე პირობებში ერთ ქალაქში ხდება ეკონომიკის კონცენტრაცია სრულად და ამას ემატება ადმინისტრაციული სტრუქტურები. ამ ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისში პარლამენტის არსებობამ შესაბამისად არ იმუშავა ერთი ფაქტორის გამო _ 2012 წელს პირდაპირ გააჟღერა „ქართულმა ოცნებამ“, რომ პარლამენტი გადავა დედაქალაქში. პრაქტიკაში როდის განხორციელდებოდა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან მსგავსმა განცხადებებმა თავისი საქმე გააკეთა და ბიზნესის ინტერესი ქალაქისადმი გაქრა.

წინასაარჩევნოდ შეგვპირდნენ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საერთაშორისო სტანდარტის რამდენიმე სპორტულ დარბაზს და უამრავ რამეს, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს. უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს მივხვდეთ, ვინ გვპირდება და რამდენად შესრულდება იგი.

 

სამსონ გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“:

_ წინასაარჩევნოდ ტკბილ-ტკბილი სიტყვები უხვად გვესმოდა არა მარტო პარლამენტთან, არამედ სწრაფ განვითარებასთან და უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ისეთი ტიპის ხელისუფლება აირჩია, რომელსაც არც წინა 4 წლის განმავლობაში შეუსრულებია დანაპირები და ისინი არც ამ დანაპირებს შეასრულებენ. არჩევნებამდე „ოცნების“ კანდიდატები ერთხმად გაიძახოდნენ, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგებით პარლამენტის გადატანასო. სად არიან ახლა? ცდილობენ, თავი აარიდონ მსგავს საკითხებს გამომდინარე იქიდან, რომ ასე ბრძანა შუშის სასახლის ბატონმა და ერთგული ყმები დავალებებს ასრულებენ.

 

„ქრონიკა+“ ადა მარშანიას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომელიც მედიამ მასზე დაყრდნობით გაავრცელა და არსებობს თუ არა საფუძველი, პარლამენტის გადატანის საკითხი დღის წესრიგში დადგეს?

 

ადა მარშანია _ პარლამენტის წევრი:

_ არასწორად გაავრცელეს. მე ქართულ ენაზე ვსაუბრობდი და ვერ გაიგეს. ასე არ იყო ნათქვამი საერთოდ და მე მგონი, ეს არცაა საინტერესო თემა.

_ ქუთაისის მოსახლეობისთვის ეს ძალიან საინტერესო საკითხია და რას უნდა ველოდოთ?

_ არ ვიცი, ამაზე მსჯელობა წინ გვაქვს. სერიოზულად შეიძლება, კონსტიტუციაში ყველაფერი შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ქვეყნის როგორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას მივიღებთ და აქედან გამომდინარე, როგორი პარლამენტი წარმოგვიდგენია 2020 წელს. თუკი 2-პალატიანი პარლამენტი იქნება, არ არის გამორიცხული, ზედა პალატამ ქუთაისში, ხოლო ქვედა პალატამ თბილისში იმუშაოს. უბრალოდ, დიდი ჯგუფია დეპუტატების, რომელსაც მიაჩნია, რომ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული ქუთაისში ყოფნა და სჯობია, პარლამენტი თბილისში გადმოვიდეს. ზოგს მიაჩნია, რაღაც სტრუქტურები იქ უნდა დარჩეს და 80% გადმოვიდეს, მაგრამ რომელია ეს 20%, რა აზრი აქვს და რატომ უნდა დარჩეს, ეს მსჯელობის საგანია. გაუგებრობა მოხდა, რაღაც ვერ გაიგეს და ისე გავრცელდა ინფორმაცია.

_ ე. ი., ჯერჯერობით, შეთანხმება არ ყოფილა და ქუთაისლებს შეშფოთების მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ?

_ არა, არა შეთანხმება როგორ შეიძლება? იქ ნაწილი მუშაობდა, მხოლოდ ერთი ჯგუფი. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არანაირი შეთანხმება არ არის. ამაზე მთლიანად კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ერთმა ჯგუფმა. იქ უფრო ბევრად საინტერესო საკითხებია, ვიდრე პარლამენტის გადატანა-გადმოტანა. ჩვენ განსაკუთრებული ხედვა გვაქვს ტერიტორიულ დაყოფაზე, რადგან აქედან გამომდინარეობს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ცხოვრება. თუკი საჭიროდ მივიჩნევთ, მოგვიანებით შემიძლია, ამ საკითხზე დაწვრილებით გესაუბროთ.

 

როგორც ჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეთანხმება არ მომხდარა. მართალია, ასეთ განცხადებებს დეპუტატები აკეთებენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისელთა ერთ ნაწილში ეჭვს მაინც იწვევს. ბუნებრივია, რთულია, ვინმე შეეწინააღმდეგოს იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სტატუსი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტია. პარლამენტის ქუთაისში არსებობა კი მნიშვნელოვანია არა მარტო კონკრეტული ქალაქისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. არც ისაა საკამათო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის თბილისში კონცეტრირება დედაქალაქის პრობლემაცაა, რომელმაც რაღაც უნდა გაიღოს, თუკი ეს ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვისაა აუცილებელი.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე