ვანო გალახვარიძე: ,, მე კი საქართველო დავტოვე, დარჩენა აღარ შეიძლებოდა!”

ვანო გალახვარიძე 2010 წლიდან თელავის თვითმმართველობაში საკრებულოს წევრია. იგი არასდროს ყოფილა სახელისუფლებო რგოლის წარმომადგენელი, ყოველთვის უმცირესობაში გახლდათ. ბოლო მოწვევის საკრებულოში სოფელ კონდოლის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ასევე ხელმძღვანელობდა ფრაქციას. საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველო დატოვა და ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ობიექტად იქცა და იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, რათა მის ოჯახს მის გამო პრობლემები არ შექმნოდა.

„ქრონიკა+“-ს ვანო გალახვარიძე ესაუბრება:

_ საკმაოდ გრძელი პოლიტიკური ცხოვრების გზა გაიარეთ, თუმცა, მიუხედავად მრავალი უთანხმოებისა, ქვეყანა არასდროს დაგიტოვებიათ.

_ დიახ. 2004-2006 წლებში „კონსერვატიული პარტიის“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი, 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც ვიყარე კენჭი, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ხმების გაყალბებით მაშინ საკრებულოში ვერ მოვხვდი. 2008 წლის მარტიდან „ქრისტიან დემოკრატების“ წევრი ვიყავი, ანუ დაარსების დღიდან. 2010 წელს კენჭი ვიყარე თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებში და საკრებულოს დეპუტატი გავხდი, 2012 წლამდე უფლება არ მომცეს, რომ საერთო პოლიტიკურ თანამოაზრეებს ფრაქცია შეგვექმნა. მწარედ მახსენდება ის პერიოდი, რადგან ჩვენს არც ერთ ინიციატივას არც კი ისმენდნენ. 2014 წელს უკვე „ქრისტიან დემოკრატები“ ნინო ბურჯანაძეს შეუერთდნენ და სწორედ ამ გაერთიანებული პარტიიდან ვიყარე კენჭი თელავის თემის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში სოფელ კონდოლიდან, სადაც ხმების 70%-ზე მეტი მივიღე. შესაბამისად, საკრებულოშიც მოვხვდი და ფრაქციის თავმჯდომარეც ვიყავი.

2016 წელს გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებში მეყარა კენჭი და ბურჭულაძის პარტიიდან შემოთავაზება მივიღე, საიდანაც ვიყარე კიდეც კენჭი და აი, მაშინ დაიწყო, თუ დაიწყო ჩემი და ჩემი ახლობლების შევიწროება. საბოლოოდ, ცნობილია, რომ თელავში სესიაშვილმა გაიმარჯვა, მე კი საქართველო დავტოვე, რადგან, უბრალოდ, ჩემი იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა.

_ უფრო კონკრეტულად, რა მიზეზით დატოვეთ ქვეყანა?!

_ „ოცნების“ წარმომადგენლებისთვის თავიდანვე მიუღებელი ვიყავი. თუ თვალს გადაავლებთ და საკრებულოს სხდომებს ნახავთ, ადვილად მიხვდებით, რა შეურიგებელი ბრძოლა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების თავგასულობასთან, ამავდროულად, გუბერნიიდან მიღებულ მითითებებს ვაკრიტიკებდი. მაგალითად, მახსოვს, რომ გუბერნიამ, კერძოდ, გუბერნატორმა, დავალება გასცა, თელავის თემის მუნიციპალიტეტს 1 მილიონად შეფასებული მძიმე ტრანსპორტი „კამაცუ“ დროებით სარგებლობაში გადასცემოდა, რომელიც ბიუჯეტიდან სერიოზულ დაფინანსებას ითხოვდა და ისედაც მწირი შემოსავლებისა და ბიუჯეტის ფონზე შეუძლებელი იყო სხვის საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლა-პარტონობა. ე. ი. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან ფულს ვართმევდით. მაშინ საკითხი დავაყენე, _ ან გვაჩუქონ, ან თავად მოუარონ… სანაცვლოდ საკრებულომ არ დამიჯერა, თუმცა ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა გამაფრთხილეს, რომ გუბერნატორი ჩემი გამოსვლით განრისხდა და დამემუქრა, _ თუ ჭკუით არ მოვიქცეოდი, ჩემს ფრაქციას დაშლიდნენ.

_ ანუ გუბერნატორი გებრძოდათ?

_ პირადად ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამს. მე არ ვიცი, იგი მებრძოდა თუ მისი სახელით სხვები, თუმცა როცა გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი მეყარა, ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით ფრაქცია დატოვა, რამაც კანონმდებლობით ფრაქციის დაშლა გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ ხელფასი არ მქონოდა, ადამიანებს კი დაენახათ, რომ დამსაჯეს… სამაგიეროდ, სხვებისთვის გამხდარიყო მაგალითი, რომ მათაც მოუწევდათ დასჯა და ჩემ გვერდით ყველა ადამიანი დაისჯებოდა. ასეც მოხდა, _ ჩემი ძველი მეგობრები თუ თანამოაზრეები ყველა ცდილობდა, ჩემთან ურთიერთობას მორიდებოდა, რადგან მათ კონკრეტულად სთხოვდნენ, რომ ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონოდათ, პრობლემები შეექმნებოდათ სამსახურებრივადაც და სხვა მხრივ. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ერთადერთი ადამიანი, საკრებულოს წევრი (თუმცა, _ არა ჩემი ფრაქციის), მაგრამ ჩემი თანამოაზრე, ზაზა რაიბული, ჩემ გამო არაერთხელ გააფრთხილეს და რისკის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ მან თავის პრინციპებს არ უღალატა და ბოლომდე გვერდით მედგა ერთგულად. ფინალში არჩევნები წავაგე. მეორე ტურის ჩანიშვნამდე თვითმმართველობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა და მაღალ თანამდებობაზე სამსახური შემომთავაზა. ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგა იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მე არ შემეძლო იმ პარტიის კანდიდატის დასახმარებლად მემუშავა, რომელი პარტიაც ქვეყანას დღითი დღე ღუპავს.

მხოლოდ ერთ წინადადებას ვამბობ უკვე ათეული წელია: „ქვეყანა იღუპება, ვუშველოთ, ხალხო!“ მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო არ ჩანს. სწორედ ამას მოჰყვა ჩემი დაბარება სახელმწიფო აუდიტში, სადაც, ძირითადად, მეკითხებოდნენ, საიდან ვფინანსდებოდი, რა თანხები მქონდა დახარჯული საარჩევნოდ, ანუ შემოსავლებისა და გასავლის დამალვის დაბრალება უნდოდათ… იმავე პერიოდში გამაფრთხილებელი შეტყობინება მივიღე: „ვანო, ფრთხილად!“ და მივხვდი, _ ჩემ დასასჯელად უკვე ყველაფერზე იქნებოდნენ წამსვლელები.

_ დღეს სად ხართ?

_ დღეს უკვე ამერიკაში ვარ მეც და ჩემი კოლეგა მეგობარი ზაზა რაიბულიც.

_ საბოლოოდ წახვედით?

_ არა, გვაიძულეს, ქვეყანა დაგვეტოვებინა… რამდენიმე ადამიანმა არჩევნების დასრულების შემდეგ გაგვაფრთხილა, რომ სუს-ში მუშავდებოდა გეგმა, როგორ უნდა დავეპატიმრებინეთ და ჩვენზე სისხლის სამართლის დანაშაული შეეთითხნათ. ასევე, იმ ჩვენმა კეთილის მსურველებმა გვირჩიეს, დროულად დაგვეტოვებინა ქვეყანა და ამით მაინც გადაგვერჩინა თავი.

_ რატომ? რატომ უნდა აღეძრათ საქმე?

_ ვერ ხვდებით, რა ხდება საქართველოში? სამაგალითო დასჯა იწყება, ვინც ხელისუფლების აზრის წინააღმდეგ წავა, ყველა დაისჯება.

_ ზაზა რაიბულსაც იგივე უთხრეს?

_ იგივე გაუმეორეს.

_ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვინ გეუბნებოდათ?

_ ჩვენ საქართველოში ოჯახები გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ახლა მთავარია, ამიტომ, ამ ეტაპზე, იმ ადამიანების ვინაობას ვერ ვასაჯაროებთ, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოდესღაც ჩვენც დავბრუნდებით და სიმართლეს ვიტყვით.

_ ზაზა რაიბული სხვა ფრაქციის თავმჯდომარე იყო, კერძოდ, „მრეწველების“ და სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა, თუმცა, როგორც ამბობთ, მასაც ასევე დევნიდნენ…

_ ზაზა რაიბული ჩემი მეგობარია და ის სწორედ ჩემი მეგობრობის გამო არაერთხელ გააფრთხილეს. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მეგობრობა დასჯადია. მერე რა, რომ ის სხვა ფრაქციისა და პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო?! გგონიათ, ეს რამეს ნიშნავს? და რა გგონიათ, იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ვანო გალახვარიძე მისაღები იყო? ბუნებრივია, _ არა.

_ დაბოლოს, რას ეტყოდით თქვენს ამომრჩეველს, ვინც, თავის დროზე, აგირჩიათ?

_ მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველა თქვენგანის უფლება დამეცვა, თხოვნა შემესრულებინა, მაგრამ შეუძლებელი ვერ შევძელი… სანამ ქვეყანას სახელისუფლებო რგოლი ძირეულად არ შეცვლის, მანამდე არ ვიცი, რა გვეშველება, დავტოვე საქართველო და ჩემს ამომრჩეველთან ერთად დავტოვე ჩემი ოჯახიც. რა იქნება ხვალ, ზეგ?! აუცილებლად დავბრუნდები. ვწუხვარ, რომ დღეს ადამიანები საქართველოში ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯებიან.

 

თელავის თემის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. საკრებულოში კი განგვიმარტეს, რომ საკრებულოს დეპუტატს კანონმდებლობით შეუძლია, სამსახურში და საკრებულოს სხდომებზე 6 თვე არ გამოცხადდეს, ეს კანონმდებლობით დადგენილია. შესაბამისად, რომელი დეპუტატი სად არის, არ იციან და, ამ ეტაპზე, არც ინტერესდებიან. გაგონილი აქვთ, რომ გალახვარიძემ და რაიბულმა ქვეყანა დატოვეს, თუმცა დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარისთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, ვერც მათ უფლებამოსილებაზე იმსჯელებენ.

 

მაკა მოსიაშვილი