ნატო ქათამაძე: ,,ქუთაისს ჰყავს მავნებელი მერი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს!”

იშვიათია ქალაქი, სადაც რამდენიმე მდინარე ჩამოედინებოდეს. ქუთაისი იმ ქალაქთა შორისაა, რომელსაც ეს პრივილეგია ხვდა წილად, მაგრამ მისი სათანადოდ გამოყენება ვერა და ვერ ხერხდება. მეტიც, მდინარეების გასწვრივ არსებული ტერიტორიები მკვდარ ზონებად იქცა და ანტისანიტარიის კერებს წარმოადგენს.

წესით, მდინარეების სანაპირო რეკრეაციული ზონების ნაწილს უნდა შეადგენდეს და იგი მოსახლეობის თავშეყრის ადგილებად გამოიყენებოდეს. ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, პირიქითაა. ქალაქის სხვადასხვა უბანში დაკლაკნილი კალაპოტები თავისი წყლის მასით  იგნორირებულია და მხოლოდ ნაგავსაყრელის ფუნქციას ატარებს.

მდინარე ოღასყურა სათაფლიის მღვიმიდან იწყება, რომელიც ქუთაისის დასავლეთ ნაწილს ორად ჰყოფს. იგი, ძირითადად, მჭიდროდ დასახლებული უბნების ტერიტორიაზე მიედინება. მართალია, ერთი შეხედვით, მშვიდისა და მცირეწყლიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სწრაფი წყალმოვარდნებით ხასიათდება და შედეგებიც შესაბამისია მოჰყვება. ბოლო წლების განმავლობაში მდინარე რამდენჯერმე გადმოვიდა კალაპოტიდან და როგორც საცხოვრებელი, ისე სავაჭრო ობიექტები დატბორა. იმის გამო, რომ გარშემო არსებული მშენებლობების მიზეზით კალაპოტი, დროთა განმავლობაში, დავიწროვდა, დიდი ოდენობის წყალს ვერ ატარებს. პრობლემები, რომელსაც ოღასყურა ქმნის, სხვა ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის დიდი „დამსახურებითაც“ წარმოიშობა. კალაპოტი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების პოლიგონადაა გადაქცეული. მდინარეში ფეკალური მასებიც ბლომად ჩაედინება, რაც მასში ცოცხალ ორგანიზმებს ანადგურებს. სპეციალისტები ოღასყურას მკვდარ მდინარედაც მოიხსენიებენ.

მდგომარეობა, ასევე, საგანგაშოა მდინარე რიონის ირგვლივაც, რადგან იგი მოსახლეობამ და სავაჭრო ობიექტებმა ნაგავსაყრელად გადააქციეს. ქუთაისელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილბას, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში, რუსთაველისა და ჯაჭვის ხიდებს შორის, არსებული მონაკვეთი იწვევს _ ადგილი, რომელიც არა მარტო ადგილობრივების, არამედ, უცხოელი ტურისტების გადაადგილების მარშრუტში შედის. მიუხედავად პრეტენზიებისა, ქალაქის თვითმმართველობიდან, ჯერჯერობით, არაფერი კეთდება იმ ადამიანთა გამოსავლენად, რომლებიც ცენტრალურ ნაწილში ლოკალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ავტორებად გვევლინებიან.

2012 წლის არჩევნების დროს ოღასყურის საკითხს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის, ნატო ქათამაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა. მმართველი გუნდი მაშინ მოსახლეობას მდინარის კალაპოტის დაღრმავება-გაწმენდასა და პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას ჰპირდებოდა, მაგრამ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ეს დაპირებაც დღემდე შეუსრულებელია.   წინასაარჩევნო დაპირების დავიწყების გამო ხელისუფლებას ყოფილი თანაგუნდელი ნატო ქათამაძეც აკრიტიკებს და მთელ პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებს

 

ნატო ქათამაძე _ ქუთაისის საკრებულოს წევრი:

_ ოღასყურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება 2014 წლის არჩევნების დროს ჩემთან ერთად ქალაქის მერის მიერ გაცემული დაპირებაცაა, თუმცა მერს, რატომღაც, დაავიწყდა. საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი მე დავაყენე და, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გავიდა. შევარცხვინე ჩემი კოლეგები და ვთქვი, რომ თითოეული მათგანის სახელსა და გვარს ხმამაღლა ვიტყოდი, თუკი პრობლემის მოგვარებას მხარს არ დაუჭერდნენ. მხარდაჭერა მივიღე და იგი მოწონებულ საკითხთა ნუსხაში შევიდა, თუმცა 2015 წლის ბიუჯეტში ვერ აისახა. როცა მოვიკითხე, ქალაქის მერმა მითხრა, რომ უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სხვა რამე იყო. ამის შემდეგ ავდექი და ადგლობრივი მოსახლეობის 3 ათასამდე ხელმოწერა შევაგროვე. მდინარე ოღასყურის სანაპიროსთან განთავსებული მე-13, მე-15, მე-17 საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებიც შემოგვიერთდნენ, რადგან წყალმოვარდნების დროს ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე არიან. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ უკანასკნელთა სამსახურიდან განთავისუფლებისა. ის, რომ ადიდებული მდინარე ზიანის მომტანი ხდება, ხელმოწერებით დააფიქსირეს 35-ე, 23-ე სკოლებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც. შემოგვიერთდნენ საზკვების ობიექტების მეპატრონეებიც. პარალელურად გავაკეთე საექსპერტო დასკვნა და გადავაგზავნე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში.

_ რა ეწერა საექსპერტო დასკვნაში?

_ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა სამუშაოების წარმოება, რადგან შესაძლებელი იყო, მდინარეს გამოეწვია სავალალო შედეგები. მაგალითად, მოყვანილი იყო ის, რომ იგი, პერიოდულად, ჯებირებიდან გადმოდის და ქალაქს ტბორავს. სამწუხარო ფაქტიც მოხდა, როცა ადიდებულმა ოღასყურამ, რამდენიმე წლის წინ, ერთი ბავშვის სიცოცხლეც კი შეიწირა. ერთი შეხედვით, პატარა, უწყინარი მდინარეა, მაგრამ თუკი ადიდდება, მას სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში თავადაც ჩავედი. ვიბრძოლე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 2015 წლის სექტემბერში ნაპირსამაგრი სამუშაოების სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ჩემთან ერთად და, სხვათა შორის, ქალაქის ვიცე-მერ მიქიაშვილის თანხლებით, მდინარის კალაპოტის გარშემო არსებული ტერიტორიები დაიარეს. ამის შემდეგ მათაც თავიანთი დასკვნა დადეს და სამინისტროს წარუდგინეს.

_ მიუხედავად ამ დასკვნებისა, აღნიშნული საკითხი ვერც 2016 წლის ბიუჯეტში აისახა. რატომ?

_ დიახ, ასეა. 2016 წლის ბიუჯეტში კვლავ რომ არ აისახა, სამინისტროში ისევ ჩავედი. ხან ვეხვეწებოდი, ხან ვეჩხუბებოდი ყველას, რათა საკითხი დაძრულიყო. შემპირდნენ, რომ სტიქიების ნაწილში გადავიყვანთო და ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა, რომელსაც უკვე მთავრობაზე უნდა გაეტანა, რათა თანხა ჩამორიცხულიყო.

მოხდა ისე, რომ ფინანსთა სამინისტროშიც მომიწია მისვლა. მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ქალაქის მერს ესაუბრა, რომელმაც, თურმე, განუცხადა, რომ ამ მდინარის კალაპოტის გაკეთება არ არის ასე აუცილებელი, რადგან სხვა რამეები უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულიაო. მე მას ვკითხე, _ შოთა მურღულიასი უფრო სჯერა, თუ იმ 3 ათასი კაცის, რომელთა ხელმოწერებიც ჩამოვიტანე-მეთქი? ჩვენ არცთუ სასიამოვნოდ დავშორდით ერთმანეთს. ამის შემდეგ მომიწია ინფრასტრუქტურის სამინისტროში მისვლა, სადაც მითხრეს, რომ ფინანსთა სამინისტროდან დაგვირეკეს და სამუშაოები დაფინანსდებაო. ქუთაისში ჩამოვედი და ხალხს საკითხის გადაწყვეტა მივულოცე, მაგრამ მურღულიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს თემა დაბლოკილიყო. საკრებულოს სხდომაზე მას ბრალი წავუყენე, სადაც მითხრა: „ქალბატონო ნატო, თქვენ არ იყავით ის ადამიანი, რომელიც თავს იწონებდით და ხალხს ეუბნებოდით, უკვე დაფინანსებულიაო? ააა, მოატყუეთ ხალხი?“ დიახ, მურღულიას უნდოდა, საქმე ისე წარმოეჩინა, თითქოს, ნატო ქათამაძემ ამომრჩეველი მოატყუა. დღესაც ვამბობ, _ სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ამ საკითხს ბოლომდე მივყვები. აქვე მინდა ვთქვა, რომ დაუშვებელია ის, რასაც შოთა მურღულია აკეთებს. ქუთაისს ჰყავს მავნებელი მერი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს.

 

„ქრონიკა+“ შეეცადა, ქალაქის ვიცე-მერისგან ინფორმაცია მიეღო, თუ როგორია ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია და როდის იგეგმება ოღასყურის კალაპოტის გაწმენდა?

 

ნოდარ მიქიაშვილი _ ქუთაისის ვიცე-მერი:

 

_ საპროექტო წინადადებამ საკრებულოზე მოწონება დაიმსახურა. ზოგადად, საკანონმდებლო ორგანომ 45 მილიონის სამუშაოები მოიწონა. ოღასყურაც ერთ-ერთი მათგანია, რომლის კალაპოტის სრული რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე ცოტა მეტია საჭირო. თუმცა მაშინაც ვამბობდი და დღესაც ვამობ, რომ ოღასყურის კალაპოტის რეაბილიტაციის მთავარი ნაწილი არის ავტოქარხნის ე. წ. პირველი გადასასვლელი. იმ ტერიტორიის მოწყობით პრობლემა მოგვარდება. წელს ეს სამუშაოები გათვალისწინებული არ არის. მერიამ და საკრებულომ, ამ ეტაპზე, საჭიროდ არ მიიჩნიეს, 2 მილიონ ნახევარი ლარი ამ მიმართულებით დაიხარჯოს.

_ სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა წყალმოვარდნების დროს მდინარე ქალაქს ტბორავს. ამის მიზეზი სწორედ კალაპოტია, რომელიც თითქმის ამოვსებულია ნარჩენებით. გაწმენდითი სამუშაოები მაინც თუ იგეგმება?

_ რა თქმა უნდა, თებერვალ-მარტში გაიწმინდება, ანუ კვარტალში ერთხელ „სპეციალური სერვისები“ გაწმენდით სამუშაოებს კრიტიკულ ადგილებზე ჩაატარებს. მას შემდეგ, რაც ასეთი სამუშაოები უკვე ჩატარდა, ბუხაიძისა და ავტოქარხნის დასახლებების მოსახლეობას პრობლემა არ შექმნია. თუმცა ნალექის რაოდენობაც არ ყოფილა დიდი.

_ სამწუხაროა, რომ თავად მოსახლეობაც მდინარეში ყრის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენებს, რაც კალაპოტის ამოვსების მიზეზი ხდება. ხომ არ გეგმავს თვითმმართველობა საჯარიმო სანქციების განხორციელებას, ან სხვა სახის ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით?

_ სახელმწიფომ ამ კუთხით ძალიან კარგი პროგრამა შეიმუშავა. ჩვენ სპეციალურ სტრუქტურას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, სად გვჭირდება კამერების დამონტაჟება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა, ოღასყურის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. გეთანხმებით, უამრავი რაოდენობის ნარჩენი იყრის თავს უკვე გაწმენდიდან რამდენიმე დღეში. ვფიქრობთ, კამერების დამონტაჟება, გარკვეულწილად, პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება. თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ არის მოქალაქეების დაჯარიმება. კარგი იქნება, თუკი თავად მიხვდებიან, რომ მდინარის კალაპოტის ნაგავსაყრელად გამოყენებით ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უქმნიან პრობლემებს.

_ ოღასყურას ფეკალიების ჩადინებაც აბინძურებს. მოსახლეობას სველი წერტილები პირდაპირ მდინარის პირას აქვს მოწყობილი. ეს არის მიზეზი, რომ ოღასყურა ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ სახელდება. როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას?

_ ქუთაისში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის კუთხით. დაიდგმება 2 გამწმენდი ნაგებობა და ფეკალური მასა, რომელიც შესაძლებელია, მდინარეში ჩაედინებოდეს, ან ღვარსადენზე იყოს მიერთებული, მხოლოდ გამწმენდ სისტემაში მოხვდება.

_ ქუთაისელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ქალაქის ცენტრში არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებით წითელი და ჯაჭვის ხიდების გასწვრივ. ფაქტობრივად, ეს ადგილები ნაგავსაყრელებადაა გადაქცეული. თვითმმართველობას ძალიან ადვილად შეუძლია გამოარკვიოს, თუ ვინ ყრის იქ ნარჩენებს. ყველამ იცის, რომ, მოსახლეობასთან ერთად, ტერიტორიას ირგვლივ არსებული სავაჭრო ობიექტებიც აბინძურებს.

_ ზუსტად იგივეა, რაც ოღასყურასთან დაკავშირებით. სხვა გამოსავალს აქაც ვერ ვხედავთ. ტელევიზიითაც ხშირად გადის კლიპები, რომ ნარჩენები არ უნდა დავყაროთ. სხვა გზა არ არის გარდა იმისა, რომ კამერები დავაყენოთ, რათა მოსახლეობა ჯარიმის შიშით მოერიდოს ნარჩენების დაყრას.

 

გარემოს დამცველები მდინარე ოღასყურასთან დაკავშირებით ხშირად აკეთებენ განცხადებებს. ისინი არა მარტო იმ საშიშროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მისი მოულოდნელი ადიდების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, არამედ მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც საუბრობენ, რომელიც საფრთხის შემცველია და არ არის გამორიცხული, სხვადასხვა სახის ეპიდემიის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

 

ციცინო თურქაძე _ პროფესორი:

 

_ საჭიროა, კომპლექსურად შეფასდეს. პირველ რიგში, აუცილებელია განისაზღვროს დაბინძურების საფრთხეები. ფაქტია, რომ ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური დაბინძურების რისკები ნამდვილად არსებობს. ამას გარდა, შესასწავლია სანაპირო ზოლი, რათა გაირკვეს, დაცულია თუ არა შესაბამისი სტანდარტები. მდ. ოღასყურა მცირე მდინარეა და, შესაბამისად, 25 კმ.-მდე სიგრძის მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლი უნდა შეადგენდეს 10 მ.-ს, რომელიც მდინარის კალაპოტის კიდიდან აითვლება. ამ ზოლში უნდა მოქმედებდეს სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისგან დასაცავად. აღნიშნული საკითხები ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს.

დასავლეთ საქართველოს ყველა მდინარის წყალი, საბოლოოდ, შავ ზღვაში ჩაედინება. მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ არ გვექნება სუფთა ზღვა, თუკი დიდი და მცირე მდინარეები დაბინძურებულია.

ცალკე თემაა წყალუხვობა, წყალმოვარდნები და გამოწვეული საფრთხეები, რაც მწვავე საკითხია და რასაც ამძაფრებს ოღასყურის სანაპირო ზოლის გასწვრივ განვითარებული მოუწესრიგებელი, ხშირად, ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე არსებული ინფრასტრუქტურა. მდინარის გასწვრივ ყველა თვითნებურად აგებული შენობები თუ ავტოფარეხები უნდა აიღონ, რაც ზღუდავს მის კალაპოტს და ხელს უშლის მდინარის უმთავრესი მოვალეობის შესრულებას.

 

წელს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებს ელის. სავარაუდოდ, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მდინარე ოღასყურის საკითხი ისევ წამოიჭრება და, ტრადიციულად, პრობლემის მოგვარების თაობაზეც გაკეთდება დაპირებები, მაგრამ რთული სათქმელია, ისინი ამჯერადაც მხოლოდ ადამიანების გულის მოგების მიზნით დარიგდება, თუ მათ მართლა მოჰყვება რეალური ქმედებები?..

 

ხვიჩა ვაშაყმაძე