ნიკა რურუა: „ივანიშვილი საქართველოს ორღობედ ვერ გადააქცევს“

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი _ ნიკა რურუა.

_ ჩატარდა მრავალათასიანი ყრილობა და ივანიშვილმა საწადელს ვერ მიაღწია, ვერ ჩამოაშორა სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქმედუნარიანად გააგრძელოს მოღვაწეობა და შეძლოს უმთავრესი _ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება?

_ მთავარი ამოცანა მართლაც ქვეყანაში არსებული ამ ანომალიური სისტემის შეცვლაა. გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელსაც არანაირი თანამდებობრივი ანგარიშვალდებულება არ აქვს ხალხთან, ანუ ივანიშვილმა რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღოს, ის არაფერზე პასუხს არ აგებს. დემოკრატიაში მთავარი არის ანგარიშვალდებულება, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე. ხალხი აფასებს ამ გადაწყვეტილებებს და მის ავტორს თავიდან ირჩევს, ან გადაირჩევს, რაც ივანიშვილის შემთხვევაში გამორიცხულია _ მას თანამდებობა არ უჭირავს. ამიტომ მან რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ გადავირჩევთ და ერთ მარიონეტს ჩაგვინაცვლებს მეორე მარიონეტით. ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხისმგებელიც ის უნდა იყოს ამ გადაწყვეტილებებზე. თუ ივანიშვილს პოლიტიკური მოღვაწეობა სურს, მან თანამდებობა უნდა დაიკავოს და ეს პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს, მაგრამ ის სწორედ ამ პასუხისმგებლობას გაექცა და ცალსახად ოლიგარქიული სისტემა მოიგონა, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს ერთი, პასუხს აგებს _ მეორე, რითაც წაგებული რჩება მხოლოდ ხალხი, ხალხს არ აქვს არანაირი საშუალება, გადაირჩიოს უვარგისი გადაწყვეტილების მიმღები, რადგან ის არ ზის არანაირ თანამდებობაზე. ეს უნდა დავამთავროთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მოხდა, ივანიშვილს ენმ-ს დანგრევის გეგმა ჩაუვარდა, ეს ყრილობამ დაადასტურა. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, აუცილებელი იყო, მაგრამ, ცხადია, არასაკმარისი, _ საქმის 75%, შეიძლება, მეტიც ახლაა გასაკეთებელი. ივანიშვილმა ჩვენთან ვერ მოახერხა ის, რაც წარმატებით მოახერხა „რესპუბლიკელების“, „თავისუფალი დემოკრატების“, „გირჩის“, თუ ბურჭულაძის პარტიების შემთხვევაში. ეს პარტიები, უბრალოდ, გაქრნენ, ბურჭულაძე ოპერას დაუბრუნდა, „რესპუბლიკელები“ დაიშალნენ, ალასანია პოლიტიკიდან წავიდა, „გირჩი“ კი მარიხუანას ზრდის თავის ოფისში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ენმ-ს შიგნითაც გაჩენილიყო ბზარები და შემდეგ ამ ბზარებს ეს ქმედუნარიანი ოპოზიციური პარტია დაენგრია, რაც არ მოხდა. ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: პირველ რიგში, ამომრჩევლის, აქტივისა და ლიდერების სიმტკიცემ, ერთობამ. პარტია ვერ დაანგრია, მაგრამ, როგორც ვიცით, საკმაოდ დიდი ჯგუფი გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“. ხშირად ამბობენ, რომ პარტია გაიყო, კი არ გაიყო, პარტიიდან ნაწილი გავიდა და უკვე არსებულ პარტიაში გადაინაცვლა. საზოგადოებისთვის დიდი სიურპრიზი იყო ამ ჯგუფის პარტიიდან გასვლა და, ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან მიღებული მანდატების შენარჩუნება. ხალხს ხმა არ მიუცია „ევროპული საქართველოსთვის“, მან ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ფაქტია და ამას ვერაფერი შეცვლის.

_ ამ პარტიის, „ევროპული საქართველოს“ არსებობა საზოგადოებისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ენმ-ს ამომრჩეველმა არც ამ პარტიისა და არც ბლოკის არსებობის შესახებ იცოდა.

_ არც მე ვიცოდი, მართალი გითხრათ.

_ აქამდე ენმ-ს მალაშხიას პარტიასთან ბლოკი ჰქონდა, როგორც ახლა განმარტავენ, მეტი დაფინანსების მისაღებად და კომისიაში მეტი წევრის ყოლის მიზნით. როგორც ახლა ირკვევა, თავის დროზე, ამავე მიზეზებით ახსნეს „ევროპულ საქართველოსთან“ დაბლოკებაც, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ _ მიიღო თუ არა ანალოგიური შეთავაზება „ივერიამ“? „ივერიის“ შექმნისთანავე გაჩნდა ვარაუდები, რომ იგი საარჩევნოდ პარტიად იქცეოდა და ბლოკში ვიხილავდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ ბლოკი ასე აუცილებელი იყო, რატომ გახდა საჭირო წერეთლის მამის პარტიასთან დაბლოკება და არ მოხდა ეს დაბლოკება საზოგადოებისთვის, ასე თუ ისე, ნაცნობ „ივერიასთან“?

_ „ივერიას“ ასეთი შეთავაზება არ მიუღია. „ივერია“, თავისი არსით, ანალიტიკური ცენტრია და არც გვქონია მიზნად პოლიტიკურ პარტიად გადაქცევა. ჩვენი პლატფორმის პოლიტიკური პარტია უკვე არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და საჭირო არ იყო ამომრჩევლის დაბნევა. ამის გამო, გადამწყვეტ მომენტში, მე არჩევნებში მონაწილეობა მივიღე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არც ვიყავი ჩართული პარტიულ მუშაობაში. ახლა უკვე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ესეც ნიშანდობლივია, რატომ არ ვიყავი მაშინ. პარტია საკმაოდ იზოლირებული, საკმაოდ ჩაკეტილი იყო და თავდაცვით ზღუდეებს ამოფარებული. შიგნით ბევრ ხალხს აღარ უშვებდა, არ იღებდა ახალ იდეებს და ამიტომაც ვერ მოხერხდა ეფექტიანად მუშაობა ხალხის მობილიზების თვალსაზრისით, რაც ივანიშვილის დასამარცხებლად იყო საჭირო.

_ თავის დროზე, თქვენს ინტერვიუებში, მათ შორის, „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუებშიც, ხშირად საუბრობდით „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმების აუცილებლობაზე. მაშინ ამ პრობლემებზე კორექტულად და მინიშნებებით საუბრობდით, რომელმაც ახლა იჩინა თავი? უფრო სწორად, ახლა გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი?

_ დიახ, სწორედ ამ პრობლემებზე ვსაუბრობდი.  გაიხსენეთ ჩვენი ძველი ინტერვიუები, არაერთხელ  გიკითხავთ, _ ემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას?“ ჩემი პასუხი იყო: „არა“. რასაც მოსდევდა კითხვა: „მაშინ, რატომ არ ხართ პარტიაში?“ ყოველთვის ვამბობდი, რომ პარტია საჭიროებს შინაგან რეფორმას, დებიუროკრატიზაციას, რომ საჭიროა, პარტია გახდეს უფრო ჰორიზონტალური, უფრო გამჭვირვალე და არ მართავდეს ვიწრო ჯგუფი. იყოს მეტი ჩართულობა, მეტი კავშირი ხალხთან. ამ პრობლემებზე ვსაუბრობდი, უბრალოდ, პერსონალიებზე არ ვსაუბრობდი. პერსონალიებზე ახლაც არ ვსაუბრობ და არც ვისაუბრებ, რადგან მთავარია, პრინციპები. თუ პარტიას გამარჯვება სურს, უნდა იყოს მაქსიმალურად ღია, გახსნილი, ახალი იდეებისთვის, ახალი ხალხისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს პარტია, რომელიც მოძრაობს. დაჭაობებული კი არაა, მოძრაობს, ვითარდება, წინ მიდის, იღებს ახალ იდეებს, არის თვითკრიტიკული, არ არის ქედმაღლური. პარტიას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბოლო წლებში ის აღარც ერთიანი იყო და აღარც მოძრაობდა.

_ ჯერ ეს ლიდერშიპს არ ეხება, მაგრამ უკვე გამოიკვეთა მავნე ტენდენცია. პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების შემდეგ მხარდამჭერთა ნაწილმა დასვა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხვდა პოლიტსაბჭოში მეგი გოცირიძე, მაია ორჯონიკიძე, რასაც სხვა მხარდამჭერებისა თუ პარტაქტივისტების მხრიდან მოჰყვა სრულიად გაუგონარი, წამლეკავი ისტერიკა, რომ ეს არაა საჭირო, ამ კითხვის დასმა არ შეიძლება, ასე არ უნდა ვწეროთ და ა. შ. ხომ არ დავდგებით იმ პრობლემის წინაშე, დრაკონს რომ ამარცხებენ და თავად ხდებიან დრაკონები? თუ მხარდამჭერს კრიტიკას, მეტიც _ კითხვის დასმას აუკრძალავ, ისევ იმ პრობლემებთან მივალთ, რაც წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ იდგა. პრინციპი და ამომრჩეველთან საუბრის ტონი იყო მიუღებელი და არა პერსონალიები. მხარდამჭერის, ამომრჩევლის პოზიცია სრულიად ბუნებრივია _ თუკი არ ითვალისწინებ ჩემს აზრს, არც გაიტერესებს და მეტიც, კითხვის დასმის უფლებასაც არ მიტოვებ, მე არ მინდა ძალა, რომელიც კითხვასაც არ დამასმევინებს.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. მართალი ხართ. დიალოგი ერთადერთი სწორი გზაა, რაც ყოველგვარი პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს. სხვანაირად არ გამოვა. ყველა კითხვის დასმის უფლება აქვს ყველას, მით უმეტეს, მხარდამჭერს და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ. პოლიტსაბჭო არაა პარტიასთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმატი. პოლიტსაბჭოს წევრობა აუცილებელი არ არის, ისედაც მოვუსმენთ ყველას. ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ ბევრი ფორმატი. პოლიტსაბჭოსთან შეიქმნება საზოგადოებრივი, სათათბირო საბჭო, სადაც რაოდენობრივი შეზღუდვა არ იქნება და ყველას შეეძლება მონაწილეობა. უქმდება სამდივნოები და მათ ნაცვლად შეიქმნება მიმართულებები. სამდივნოები დაწყობილ და ხანგრძლივი დემოკრატიის ქვეყნებში შეიძლება, ეფექტიანიცაა, მაგრამ ჩვენთან ბიუროკრატიულ სახეს იღებს და ხდება ჩაკეტილი ორგანიზმი, გარესამყაროს წყდება. შეიქმნება მიმართულებები და ეს მიმართულებები იმუშავებენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. პარტიის პროგრამა შემუშავდება სწორედ ამ მიმდინარეობების მუშაობის შედეგად _ ხალხის აზრისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. ამომრჩეველთან ურთიერთობას ვაპირებთ ბევრად უფრო მჭიროდ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეიძლება წარმართონ ბიუროკრატებმა, ის უნდა წარმართონ პოლიტიკოსებმა, რომელთაც მუდმივად აქვთ ხელი პულსზე და იციან, რა აწუხებს ხალხს, რაა მოსაგვარებელი. არაფორმალური მმართველობის გარდა, ამ ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს, რომლის მოგვარება ახლავე, ამ ხელისუფლების პირობებშივეა შესაძლებელი, იგივე საცობების პრობლემა, რომელიც მთელ ქალაქს, საქართველოს აწუხებს. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა საწყისი განათლების სრული უვარგისობა. საჯარო სკოლები არის კატასტროფულ მდგომარეობაში. აქედანვე, ამ პირობებშივე უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემაზე, ყოველ შემთხვევაში, იდენტიფიკაცია მაინც მოვახდინოთ პრობლემების. ძალიან დიდი პრობლემაა ენერგოუსაფრთხოების სივრცეში. ივანიშვილის დაკვეთით, „გაზპრომთან“ გაფორმდა სრულიად კაბალური ხელშეკრულება, რომელიც გააძვირებს გაზს და კიდევ უფრო დაუმძიმებს სიტუაციას ჩვენს მოქალაქეებს. რაც მთავარია, რუსეთს ზეწოლის ახალ ბერკეტს მიანიჭებს, რომელიც ძლივს ჩამოვართვით. წინა ხელშეკრულება ბევრად კარგი იყო, ჩვენს ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარებით ვიღებდით გაზს, ახლა ავიღებთ ფულს და ამ ფულით ნაკლები გაზი მოგვივა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გაზი გაძვირდება, ან უნდა მოხდეს ისევ სუბსიდირება ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს ფული ისევ სხვა სფეროებს მოაკლდება. საბოლოდ, გაირკვა, რასაც ვამბობდით, საყოველთაო დაზღვევა არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, სერგეენკომ უკვე ღიად გამოაცხადა, რომ რიგ კლინიკებში აღარ გავრცელდება საყოველთაო დაზღვევა, რადგან ეს კლინიკები შემჩნეული არიან კორუფციული სქემების გამოყენებაში. ეს იყო მოუფიქრებლად გაკეთებული პოპულისტური პროგრამა, არათუ ჩვენთვის, ძალიან მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი ძალიან ძვირი პროგრამა და იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროგრამას ხელისუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა. უამრავი პრობლემაა, რომელზე მუშაობაც ახლავეა დასაწყები.

_ ყრილობას და პოლიტსაბჭოს არჩევის წესს რომ დავუბრუნდეთ, კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა პოლიტსაბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ასეთ მოკლე დროში შეუძლებელი იყო არჩევის ახალი წესის შემუშავება და დანერგვა, მაგრამ საინტერესოა სხვა რამ: ახლა, ამ პირობებში, როცა პარტიაში დარჩენილი იყავით თანამოაზრეები, ამ წესით დაკომპლექტება მოხერხდა, მაგრამ ის ჯგუფი რომ არ გასულიყო პარტიიდან, იმ შემთხვევაში, რანაირადღა მოხდებოდა დაკომპლექტება, კვოტებს გაიყოფდით?

_ ვერ გეტყვით, მაშინ როგორ მოხდებოდა, ძნელია ახლა ეს თქვა… ჩვენ პრინციპი ავიღეთ ასეთი, პოლიტსაბჭოში შეყვანილი იქნენ ის კანდიდატები, რომლებმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ასევე ის ხალხი, ვინც კომპეტენტური წვლილი შეიტანა ამ უთანასწორო ბრძოლაში და ვისაც აქვს პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება. ასევე რეგიონული ორგანიზიაციები კონფერენციებით აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს. ასევე საბჭოში შევიდა მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, რომელმაც კონკრეტული წვლილი შეიტანა ამ პროცესში.

_ სწორედ აგან გააჩნინა აზრთა სხვადასხვაობა, თუ მათი წვლილი წვლილი იყო, იმათი არ იყო? და ა. შ.

_ რა თქმა უნდა, მაგრამ წყენის დრო არ არის, არავის არავისი ღვაწლი არ გვავიწყდება, ყველას საერთო მიზანი უნდა გვამოძრავებდეს და ყველას ერთი რამ უნდა გვაერთიანებდეს, ჩვენი ბედის ჩვენს ხელში აღება, ჩვენი ქვეყნის მყარ პოზიციებზე დაბრუნება. საქართველო გაქრა საერთაშორისო რუკიდან, საქართველოში სუფევს სრული სოციალური ანარქია, ძალიან გაუცხოებულია ხალხი ერთმანეთისგან, დანაშაულმა ისევ იმატა, დღე არ გადის, ბანკი არ დააყაჩაღონ, არ გაძარცვონ და რამე ტრაგიკული შემთხვევა არ მოხდეს, ამას ყველა წინ უნდა აღვუდგეთ. თუ დავირაზმებით, უკეთესად ცხოვრება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, ბევრად კომპეტენტური ხელისუფლება გვყავდეს და იმ ხელისუფლებისა და ხალხის თანამშრომლობით ბევრად გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიური ბედნიერების ხარისხი. პატარა ქვეყანა ვართ, საქართველო არ არის რუსეთი, ან ჩინეთი, რომ მისი რეფორმირება ძნელი იყოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქართული ნიჭის უნიკალურობას. ჩვენ ეს დავამტკიცეთ, საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები თითქმის ყველა სფეროში. დღეს ეს ნიჭი საზღვარგარეთ გაედინება, რადგან აქ არ აქვს ასპარეზი. ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ერთი სული აქვს, საქართველოდან უცხოეთში გადაბარგდეს, რომ იქ იპოვოს ასპარეზი, ესაა ტრაგედია. მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ ებრაელები, ჩავიდნენ ისტორიულ სამშობლოში და, ფაქტობრივად, უდაბნოში დააარსეს სახელმწიფო, რომელიც დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, ჩვენ ასეთი ქვეყანა შეგვინარჩუნეს წინაპრებმა და რა უფლება გვაქვს, დღეს ის ქართველებისგან დავცალოთ? რა უფლება გვაქვს, შევქმნათ ისეთი მავნებლური, გავერანებული და გაჩანაგებული გარემო, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან? პირიქით, დემოკრატიული საქართველოს შენებას უნდა მივუძღვნათ ეს ძალიან დიდი ნიჭი, რომელიც ამ ერში არის, მაგრამ ამ ნიჭს სჭირდება ასპარეზი, წვრთნა. ნიჭი თავისთავად არ იძლევა რეზულტატებს, თუ დისციპლინა არ ახლავს. ეს დისციპლინა უნდა მოვიგონოთ ჩვენი თავისთვის და მსოფლიოს ის სასწაული ვაჩვენოთ, რომელიც შეგვიძლია, რომ ვაჩვენოთ. საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა, თუ ქართული ნიჭი სწორი მიმართულებით წარიმართება. თუ საწყისი განათლება გვექნება კარგი, თუ ერთმანეთს კი არ დავჭამთ, არამედ გადავალთ თემატურ დებატებზე, კამათზე, კამათი კარგია, მაგრამ არა პრინციპით _ ყველაფერი ან არაფერი, უნდა ვისწავლოთ კომპრომისის ხელოვნება, უნდა ვისწავლოთ სამოქალაქო სოლიდარობა. ყველანი უნდა აღვუდგეთ წინ ქვეყნის დაქუცმაცებას ოკუპანტის მიერ. ყველამ უნდა იგრძნოს, რომ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი, რომ ქვეყნის ბედი წყდება აქ და არა სადღაც უცხო ქვეყნებში, კაბინეტებში. მოტივაცია თუ გაიზრდება, ჩვენ შევძლებთ ამას. ჩვენ ეს შევძელით! გავერანებული, არშემდგარი სახელმწიფოსგან საქართველო ფუნქციონირებად სახელმწიფოდ იქცა, რატომ? იმიტომ, რომ ხალხი მობილიზდა და ჩამოყალიბდა სისტემა, გატარდა რეფორმები, რომელიც სამაგალითოა არა მარტო უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, ან დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, არამედ უამრავი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენი კაბინეტის წარმომადგენლები, როგორც რეფორმების მრჩევლები, მუშაობენ აფრიკის, აზიის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ძალიან წარმატებული მოდელი გვქონდა რეფორმებისა და ამით მხოლოდ ვამაყობ, როგორც ნაწილი ამ პროცესების, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გაკეთდა ძალიან ბევრი, მაგრამ წინ კიდევ მეტია გასაკეთებელი. უნდა ვკონცენტრირდეთ მომავალზე და მომავალი უნდა მივცეთ ქართულ ნიჭს, ქართულ ენერგიას, საქართველოს მოსახლეობის პოტენციურად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, მის ახალგაზრდობას, რომელიც დღეს ფრუსტრირებულია, და ქვეყნიდან წასვლა უნდა, რაც სრულიად დაუშვებელია. ეს გამოიწვია დღევანდელმა მმართველობამ, ეს გამოიწვია იმ ნიჰილიზმმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ითესებოდა ხალხში. ეს გამოიწვია რუსულმა პროპაგანდამ, რომელიც გვარწმუნებს, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, რომ ყოველთვის ვიღაცაზე ჩამოკიდებული ერი უნდა ვიყოთ. ეს გამოიწვია ივანიშვილის რიტორიკამ, რომ საქართველო პატარა ორღობეა, პატარა სოფელია და ჩვენ დიდ მოთამაშეებს ფეხებში არ უნდა გავებლანდოთ; ეს ყველაფერი მავნებლური ილუზიებია, რომლისგანაც დროზე უნდა გავთავისუფლდეთ.

_ ბატონო ნიკა, დამთავრდება თუ არა ის რიტორიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავდა ბოლო 4 წლის მანძილზე, ვგულისხმობ დაუსრულებელ ბოდიშების ხდას, ე. წ. თავზე ნაცრის ყრას.

_ გულწრფელ მობოდიშებასა და დაშვებული შეცდომის გაკვეთილად მიღებაში ცუდი არაფერია, საჭირო და აუცილებელიცაა, მაგრამ ბოდიშების ფარისევლურად მოხდა, თავზე მართლა ნაცრის ყრა უიმედო საქმე მგონია და არაა ღირსეული. დამაზიანებელიცაა, როდესაც ბოდიში არაგულწრფელია და რაღაცის გამო იხდი, მაშინვე თვალში ხვდება ყველას, აკომპლექსებს შენსავე მხარდამჭერსაც და ეჭვის ბაქტერია შეაქვს ჯანსაღ სხეულში. თუ საქმის კეთება და სიტუაციის გაუმჯობესება გვინდა, ვერანაირი ბოდიში და რევერანსი, სამსახიობო ოსტატობა ვერ გიშველის, უნდა ვეძებოთ პრობლემების მოგვარების გზები, უნდა გავიაზროთ გაშვებული შესაძლებლობები, რაც უნდა გაგვეკეთებინა და ვერ გავაკეთეთ. თუ შეცდომები იყო, იმ შეცდომების მიზეზებზე ვილაპარაკოთ.

_ მე მგონი, უკვე დროა, „ნაცმოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომები კი არა, ის შეცდომები გააანალოზოს, რაც ბოლო 4 წლის მანძილზე დაუშვა.

_ რა თქმა უნდა და დრო მოვიდა, ვილაპარაკოთ მომავალზე, ეს თვითგვემა არის ივანიშვილისა და რუსული პროპაგანდის მითში ნებაყოფლობით შესვლა. არ უნდა შევიდეთ მათ შეთითხნილ მითში. მართლა ვინ გველაპარაკება და რომელ სისხლიან 9 წელიწადზე გველაპარაკებიან? ესაა „ეფესბეს“ კაბინეტებში მოგონილი, აბსოლუტურად ყალბი კლიშე, ეტიკეტი, რომელიც არ უნდა მივიწებოთ. ეს 9 წელიწადი იყო სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, წინსვლის, რეფორმების ურთულესი წლები. იმ წლებში უამრავი რაღაც გაკეთდა, რაც ძალიან საამაყოა საქართველოსთვის, გაკეთდა ბევრად მეტი კარგი, ვიდრე ის შეცდომები, რაზეც ლაპარაკია. ნაწილი ამ შეცდომებისა, უბრალოდ, მოგონილი და ტყუილია. ის გადაჭარბებები და, ზოგ შემთხვევაში, დანაშაულები, რომელიც მოხდა ძალოვნების მხრიდან, გარდაუვალიც იყო.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ სახელმწიფოს არარსებობის რეალობიდან გადავდიოდით სახელმწიფოს შექმნის რეალობაზე. სახელმწიფო უცბად ისე გაძლიერდა, რომ მისგან თავდაცვის მექანიზმები ამავე სიჩქარით არ გაძლიერდა. და ეს აბოსლუტურად უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც მაშინ შევიძინეთ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა, თუ მას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები კარგად არ გააკონტროლებს, ასეთ შეცდომებს დაუშვებს, ან სრულიად უმოქმედობაში გადავარდება, არც არაფერს გააკეთებს და არც შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც დღესაა. დღეს ჩვენი კონტრდაზვერვა, დაზვერვა აბსოლუტურად გადასულია შიდაპოლიტიკური ოპოზიციის კონტროლზე. დღეს საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები გაჯეჯილებული არიან. მიდის ხალხის მასობრივი რეკრუტირება, ათასი მითის შემოგდება, ათასი ლეგენდის გამოგონება, ხალხის დემოტივიზაცია, რომ რუსეთის გარეშე არაფერი მოხდება. ივანიშვილის ხელისუფლებამ მთლიანად გაუხსნა ხელ-ფეხი რუსულ პროპაგანდას, რუსულ სპეცსამსახურებს. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი აფათურებს რუსეთი ხელს და წარმოიდგინეთ, ამერიკაში რომ ამას ბედავს, საქართველოში რამდენს გაბედავს და ბედავს კიდეც. ამიტომ შეცდომებზე დაუსრულებლად ლაპარაკს, სჯობს, იმ შეცდომების, ოღონდ ნამდვილი და არა გამოგონილი შეცდომების, მიზეზები გავაანალიზოთ, რომ აღარ განმეორდეს. არა მითოლოგიური, არამედ, რაციონალური, ლოგიკური აზროვნებით ვიფიქროთ მომავალზე, რომ ქვეყანას წინსვლა ჰქონდეს. დღეს ქვეყანა არის მაჩანჩალა სახელმწიფოდ გადაქცეული, საქართველო დღეს მუშაობს ინერციით, ეს არის სრულიად დაუშვებელი, ეს არის სრულიად გამანადგურებელი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, არჩევნების გზით არაფორმალური მმართველობის დასრულება? ესეც ხომ უკვე ვნახეთ, არჩევნების გზით ის ხელისუფლებას არ თმობს და შემდეგშიც ყოველთვის გააყალბებს, ან, ბოლოს და ბოლოს, წავა და იყიდის არჩევნებს _ მოისყიდის დამშეულ მოსახლეობას.

_ არ მიმაჩნია, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ოლიგარქის დამარცხება, შეიძლება, თუ კარგად იმუშავებ. საჭიროა მუშაობა, ბევრი მუშაობა ხალხთან, საჭიროა პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, კარგი პროგრამის შემუშავება და ამ პროგრამის ხალხისთვის გაცნობა, მაქსიმალურად მეტი ამომრჩევლის მობილიზება არჩევნებისთვის.

_ თუ გაგვიყალბებს? გაგვიყალბა კიდეც.

_ პარტიას უნდა ებრძოლა და დაემტკიცებინა ეს გაყალბება. ეს პარტიამ არ გააკეთა, სწორედ იმ ლიდერშიპის ქვეშ, რომელიც დღეს გამოეყო პარტიას და ცალკე გავიდა. პარტიამ უნდა დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა, აჩემებით არ ხდება ეს, ფაქტები უნდა დადო, რომ გაგიყალბეს. თუ ხალხის ნების წართმევის მტკიცებულებები იარსებებს და გამოიკვეთება, რომ ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენა მდგომარეობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ხალხი ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. თუ ხელისუფლება არ ჩაატარებს ხელახალ არჩევნებს, ხალხი, უბრალოდ, გაყრის მათ. გამოსავალი ყოველთვისაა. მთავარია, ხალხმა ირწმუნოს თავისი ძალა, რომ ისაა საკუთარი ბედის გამგებელი. ყველანაირი სიტუაციის შეცვლა შეიძლება მოტივირებული ადამიანების ხელით. უბრალოდ, დღეს ივანიშვილი შეგნებულად ნერგავს ნიჰილიზმს, რომ თქვენ არაფერი შეგიძლიათ, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, და იქნებით ასე, მიტოვებული ორღობესავით. თუ ეს კლიშე მივიღეთ, ძალიან მალე მართლა ორღობედ გადავიქცევით. ამიტომ საჭიროა მომავალზე ფიქრი. პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი გადაჭრის გზების კარგად მოფიქრება და შემდეგ ხალხამდე ამის მიტანა. თუ ამას წარმატებულად მოვახერხებთ, აუცილებლად არჩევნების გზით, კონსტიტუციური გზით შეიცვლება ხელისუფლება.

_ ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავთ?

_ არაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობა შეცდომებს შეცდომებზე უშვებს. „გაზპრომთან“ გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება მათი ერთ-ერთი დიდი შეცდომაა და, როგორც ჩანს, ისინი გააგრძელებენ ამგვარი და სხვაგვარი შეცდომების დაშვებასაც და ხალხის მოთმინება არაა არც უსაზღვრო, არც უვადო. ეს საქართველოა, საქართველო ვერ გეყოლება მუდმივად დამორჩილებული. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ქართული საზოგადოება თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. იტყვის ღირსეულად, მშვიდობიანად, და ძალიან მტკიცედ. ივანიშვილი საქართველოს ორღობედ ვერ გადააქცევს. ქვეყნის ორღობედ ქცევა არ არის ის პერსპექტივა, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს და შეეგუება. საქართველო უნდა იყოს თანამედროვე, ფუნქციონირებადი, ევროპული ქვეყანა, სადაც არის ღირსება, სიამაყე, ნიჭისთვის ასპარეზი და სადაც ყოველდღიური ბედნიერების ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს.

 

რეზო შატაკიშვილი