თამაზაშვილის დამოკლეს მახვილი _ ორი!

ელდარ გრიშიკაშვილის ოჯახის მკვლელობის შემდეგ თელავში ცნობილი გახდა, რომ განსვენებული მამა-შვილის წინაშე მათი ოჯახის უახლოესმა მეგობარმა, გოგა რეხვიაშვილმა, დაიფიცა და თქვა, რომ მკვლელსაც იპოვიდა და მკვლელობის დამკვეთსაც.

გოგა რეხვიაშვილს უშიშროებაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა, იყო ნიჭიერი ოპერი და მისი სიტყვა მხოლოდ სიტყვად რომ არ დარჩებოდა, ეს ცნობილი გახლდათ. ასევე ყველამ კარგად იცოდა, რომ მას „ქექიასთან“ (ელდარ გრიშიკაშვილი) განსაკუთრებული ახლო ურთიერთობები აკავშირებდა. შესაბამისად, რეხვიაშვილის არსებობის დღის წესრიგიც იქ უნდა დამდგარიყო, სადაც გრიშიკაშვილების ოჯახის განადგურების საკითხი გადაწყდა.

რამდენიმე თვეში გოგა რეხვიაშვილი მოკლეს(!!!)!

მისი მკვლელობა შემთხვევითი იყო თუ გამიზნული, დღეს ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან დანაშაული ვინც ჩაიდინა, ის დაისაჯა, მისი უზენაესი სასამართლოს განაჩენი დღემდე ამ ფორმით ინახება არქივში:

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა #1290-აპ 12 მარტი, 2007 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა:

1998 წლის 24 ივნისს გ. კაზალიანი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თელავში არსებულ კაფე „ბაროკოში“. კაფეში, დაახლოებით, 22 საათზე მივიდა თელავის რაიონის სოფ. … მცხოვრები, გ. რეხვიაშვილი. გ. კაზალიანმა კაფეში შესულ გ. რეხვიაშვილს შესთავაზა, რომ მათთან ერთად დაელია შამპანური, რაზედაც ამ უკანასკნელმა უკმეხად უპასუხა. გ. კაზალიანმა ჰკითხა, თუ რომ რატომ ექცეოდა ასე, ჯერ ერთი, სკოლელები იყვნენ და ასევე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მის სიდედრთან და სხვა ნათესავებთან. ამაზე გ. რეხვიაშვილი განაწყენდა და გ. კაზალიანი წაიყვანა სასადილო „აფსაიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგი სცემა და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნაცემი გ. კაზალიანი გ. რეხვიაშვილმა აღნიშნულ სასადილოსთან დატოვა. ასეთი შეურაცხყოფით განაწყენებულმა გ. კაზალიანმა გადაწყვიტა, შური ეძია და მოეკლა გ. რეხვიაშვილი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი თავისი კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ-2106“ მარკის ჟიგულით თავის ავტოფარეხში მივიდა … ქუჩის #37-ში, საიდანაც აიღო 5,44 მმ კალიბრიანი, 1974 წლის ნიმუშის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „აკს-74“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდითა და საბრძოლო ვაზნით. ავტომატთან ერთად მან აიღო 16 მმ კალიბრიანი, ერთლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც ყოველგვარი ნებართვის გარეშე ინახავდა. შეიარაღდა რა გ. კაზალიანი, დაუწყო ძებნა გ. რეხვიაშვილს, რათა მოეკლა იგი. გ. კაზალიანი კვლავ მივიდა კაფე „ბაროკოსთან“, სადაც მის ავტომანქანაში ჩასხდნენ მისი მეგობრები _ გ. სუხიტაშვილი და ბ. მზექალაშვილი. გ. კაზალიანმა გ. სუხიტაშვილი მიიყვანა თავის სახლში, კავკასიონის ქუჩაზე და იქ დატოვა, ხოლო თვითონ და ბ. მზექალაშვილი გაემართნენ ქალაქის ცენტრისკენ. გ. კაზალიანმა მოძებნა თავისი ძმა დ. კაზალიანი, უამბო მასსა და გ. რეხვიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ და თავისი განზრახვა გაანდო, რის შემდეგაც დაიწყეს ქალაქში სიარული, რათა ენახათ გ. რეხვიაშვილი. ქ. თელავში მოძრაობისას ისინი შეხვდნენ კ. ელანიძეს, რომელიც იმყოფებოდა გ. ურჩუხაშვილის მანქანაში. გ. კაზალიანმა მათაც უამბო მასსა და გ. რეხვიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ და უთხრა, რომ უნდოდა მოეძებნა გ. რეხვიაშვილი, რათა საქმე გაერჩიათ და გაეგო, თუ რატომ სცემა. ბ. მზექალაშვილი, კ. ელანიძე და გ. ურჩუხაშვილი შეეცადნენ, დაეწყნარებინათ იგი, მაგრამ გ. კაზალიანი მაინც წავიდა თელავის რაიონის სოფ. … მიმართულებით. კ. ელანიძე და გ. ურჩუხაშვილი გაჰყვნენ მას ამ უკანასკნელის მანქანით. გ. რეხვიაშვილის სახლთან მივიდნენ, დაახლოებით, 01 საათზე. გ. კაზალიანმა დაუძახა გ. რეხვიაშვილს, რომელიც „ტტს-1“ სისტემის #ნჟ-2518 პისტოლეტით შეიარაღებული გამოვიდა საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკართან. ავტომატით შეიარაღებულმა გ. კაზალიანმა, ყოველგვარი საუბრისა და საქმის გარჩევის გარეშე, განზრახ მკვლელობის მიზნით, ერთჯერადი რეჟიმით, ავტომატიდან სროლა დაუწყო გ. რეხვიაშვილს. გ. კაზალიანმა ესროლა, დაახლოებით, 22 ტყვია. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გ. რეხვიაშვილი მიწაზე დაეცა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან ესროლა გ. კაზალიანის ძმამ _ დ. კაზალიანმა. სროლების შედეგად გ. რეხვიაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ვაზნების შედეგად თავის ქალასა და მიმდებარე ორგანოების ტლანქი დაზიანება გახდა სიკვდილის უშუალო მიზეზი. იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. კაზალიანი და სხვები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო გ. კაზალიანმა დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალა. მოგვიანებით, მსჯავრდადებულ გ. კაზალიანის ადვოკატ თ. ბეჟაშვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აუცილებელი გახდა კაზალიანის სამედიცინო შემოწმება. კაზალიანმა, ბუნებრივია, დანაშაული აღიარა და სასჯელი მოიხადა, თუმცა რეხვიაშვილის მკვლელობის იქით კვლავ დარჩა კითხვები.

თამაზ თამაზაშვილის კახეთის სამმართველოს უფროსობის ხანაში მომხდარი ეს გახმაურებული მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ვინც ამ საქმის გახსნა ან გამოძიება გადაწყვიტა, ყველა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. პირველი იყო რეხვიაშვილი, მეორე კი ვანო ახალმოსულიშვილი, რომელიც ელდარ გრიშიკაშვილის ბიზნესპარტნიორი გახლდათ. მისი გარდაცვალებაც საეჭვო გარემოებებს ემთხვევა, დღემდე ოჯახი და მისი ახლობლები მიიჩნევენ, რომ ახალმოსულიშვილი მოწამლეს. მას არა ინფარქტი, არამედ მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა. მთავარი არგუმენტი კი ერთია _ ყველა გარდაცვლილი დაინტერესებული იყო გრიშიკაშვილების მკვლელობის გამოძიებით.

ასევე აბსურდული ბრალდებით დააკავეს ლუკა რამაზაშვილი, რომელიც ელდარ გრიშიკაშვილის ოჯახის ახლობლად და ბიზნესპარტნიორად სახელდება. მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას აწუხებს, კვლავ უცვლელია. ცნობილია, რომ გოგა რეხვიაშვილი გარდაცვალებამდე გააფრთხილეს, შეშვებოდა გრიშიკაშვილის საქმის გამოძიებას, რაზედაც მისგან მკვახე უარი მიიღეს. ასევე ცნობილია, რომ გრიშიკაშვილის მკვლელობის საქმეში ინახებოდა ნივთმტკიცებები მკვლელის ქურთუკის სახით, რომელიც შეძლებდა მკვლელობის გახსნას, თუმცა საქმე კვლავ თაროზეა. გრიშიკაშვილის ოჯახის ამოწყვეტას მოჰყვა მისი ახლობლების უნაური გარდაცვალებები. 2012 წლამდე საქმე არავის გამოუძიებია, 2012 წლის მერე კი სულ არავინ დაინტერესდებოდა. პასუხი მარტივია: ეს მკვლელობები სახელმწიფო დაკვეთა იყო? მაშინ იმდროინდელი პასუხისმგებელი პირი თამაზაშვილი საქმეს არ გახსნიდა. შავი სამყაროს მიერ შეკვეთილი მკვლელობა იყო? მაშინ რა უშლიდა ხელს ძალოვან სტრუქტურებს, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ?! თელავში ყველამ იცის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:

როდესაც თამაზ თამაზაშვილი კახეთის შს სამმართველოს უფროსად დაინიშნა, ელდარ გრიშიკაშვილი სამმართველოში დაიბარა, ბიზნესმენმა კი შეუთვალა, _ შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე, ვისაც საქმე აქვს, თავად მოდის ჩემთან. ამის შემდეგ მათი გადაკვეთის წერტილები შეიცვალა. „ქექია“ (ელდარ გრიშიკაშილი) თამაზაშვილს არ აღიარებდა, თამაზაშვილის გავლენების გაძლიერებას კი თელავსა და კახეთში „ქექია“ უშლიდა ხელს.

„ქექიების“ ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ პანკისი გაიხსნა და ნარკოვაჭრობაც ზენიტში ავიდა!

 

 

 

მაკა მოსიაშვილი