სააკაშვილის „მეხუთე კოლონა“, ივანიშვილის „GDS ფოსტალიონობა“, ვასაძის „TVმაგნატობა“ და ჩვენ რა ვქნათ, ჩვეეენ?!

10475382_10203642260712476_1622516998_n

გამარჯვებამ მოდუნება იცის… მაგრამ, თუ ქვეყნის ხელისუფლება გქვია და იმაზეც გაქვს პრეტენზია, რომ „იბერია უეჭველად“ შენი ხელდასხმით უნდა გაბრწყინდეს, ორმაგად უნდა იფხიზლო, ე, მანდ, არ ჩამეძინოს და ქვეყანა თავზე არ დამექცესო, მაგრამ ეს ყველაფერი მართებულია სწორედ მხოლოდ მაშინ, როცა ასე აზროვნებენ ისინი, ვისაც სამშობლოსათვის უბრძოლია, სისხლი დაუღვრია და ვისაც ქრონიკული ძილქუში არ სჭირს იმავე სამშობლოს სვე-ბედის გამო!..

საქართველოში უკვე დიდი ხანია, მიგვაჩვიეს აზრს, რომ ჩვენ მაგივრად სხვები ან სხვა ქვეყნებში ფიქრობენ და ამიტომაც არის, რომ ხან ოკეანისგაღმელი მეგობრების დირექტივებით ვიმართებით და ხანაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების კარნახით გვიწევს საკუთარი სახელმწიფოს მართვა!

როგორი აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და, ზოგადად, მსოფლიო გლობალური პოლიტიკის გათვალისწინებით რა პოლიტიკური მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას?.. თითქმის დადასტურებულია, რომ შემოდგომაზე „ნაცმოძრაობა“ მძლავრ საპროტესტო აქციებს დაიწყებს, ოღონდ იქამდე საპილოტე, გამაფრთხილებელი აქცია „მშვიდობის ხიდზე“ გიგი უგულავას მხარდასაჭერად უკვე გამართა და იქ შეკრებილი საზოგადოების უმრავლესი ნაწილი სახალხოდ გვიცხადებდა იმას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია!.. ვიდრე „ნაცმოძრაობას“ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ „ააწყვეტინებს“ და კიდევ არაერთ მათ წევრს მიუჩენს ადგილს „მატროსოვის“ „ასობნიაკში“ იქამდე როგორც „ქრონიკა+“-თან ამას წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა „ნაცმა“ გვითხრა, ყველაფერი მივა იქამდე, რომ საიდანაც მოვედით, ანუ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ!.. ანუ მე, _ გივია ვასილიჩს, იგივე გივი თარგამაძეს, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობა დამაბრალა, რომლის უშუალო მითითებითაც 3 დღე ჯერ ფოთში და შემდეგ თბილისში „მოდულის“ შენობაში წინასწარი პატიმრობა მომესაჯა, თუ თავმოყვარეობა მაქვს, უნდა გავიდე „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო მიტინგზე და ვასილიჩს ჯერ შევაფურთხო მინგრეულ ყბაში, ხოლო შემდეგ მეორე ყბაში მოვდო იმ იმედით, რომ პროპორციულად გაუსწორდება!.. „ნაცმოძრაობის“ მიტინგის პარალელურად კი გვერდზე დავუდგე იმ ადამიანებს, რომლებსაც შვილები მოუკლეს, უწამეს, დაასახიჩრეს, სამშობლოდან გააქციეს, გაუუპატიურეს, ქონება წაართვეს და ჩემსავით სახლები გადაუწვეს, ხომ?!. ჰოდა, მე რომ ასე ვფიქრობ, სხვა ჩემზე მეტად დაზარალებული განსხვავებულად რატომ იფიქრებს, ნეტა?!. ე. ი. საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მოსალოდნელია და ამ დაპირისპირებას არა მხლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ ამოძირკვა მოჰყვება, რადგან ხელისუფლების ვალია, დამნაშავე დააპატიმროს არა მხოლოდ არჩევნების წინ, არამედ მაშინ, როცა კი კანონდარღვევას ექნება ადგილი და თუკი „ნაცმოძრაობა“ დღეს ასე „გვებლატავება“, ეს, უპირველესად, ამ ხელისუფლების ბრალია და მათი დამსახურებაა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი კვლავ პარლამენტში დატოვა!..

„ჩვენ მაგივრად სხვაგან ფიქრობენ-მეთქი!“ – ვთქვი და ცამდე მართალი ვარ, რადგან ჩვენი ხელისუფლებების მაგივრად, ჩვენი პარლამენტისა და ჩვენი სასამართლოების მაგივრად, უდავოდ, სხვაგან ფიქრობენ, თორემ რა ედგა წინ ან მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, ანდა იმ ადეიშვილის, რომელიც „რუხ კარდინალად“ იყო ქცეული საქართველოში და დღეს რომელიღაც ქვეყნიდან ჭკუას გვასწავლის?!.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას, რომლის მინისტრები – ბენდუქიძე, ვაშაძე, იაკობაშვილი, შაშკინი, კეზერაშვილი და ასე შემდეგ იმ ქვეყნის მოქალაქე გყავს, რომელ ქვეყანასთანაც ყოველ 4-5 წელიწადში ომი გაქვს და ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციას, შემთხვევითია?! ან რომელ ქვეყანაში ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი უცხო ქვეყნის მოქალაქე გყავდეს და, იმავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცსაც უცხო ქვეყნის პასპორტი ედოს ჯიბეში?!. მე ადრეც ვწერდი, თუმცა გვიან, მაგრამ ახლა ხომ გაიგო საზოგადოებამ, რომ კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქე ყოფილა, გრიგოლ ვაშაძე – რუსეთის, თემურ იაკობაშვილი – ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე, როგორც მრავალი სამინისტროს ნამინისტრალი შაშკინი?!. მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლებას, „მეხუთე კოლონას“ სხვას რომ ეძახდა, გვერდზე ჰყავდა საკუთარი მინისტრების სახით და ეს ნაძირალები სხვას დებდნენ ბრალს ჯაშუშობაში, აპატიმრებდნენ და სხვისკენ იშვერდნენ ხელებს!

რუსული პოლიტიკის ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ მათ ამა თუ იმ ქვეყნის ხელში ჩასაგდებად ძალისმიერი მეთოდები აღარ სჭირდებათ, რადგან ადგილზე კარგა ხნით ადრე ჰყავთ ჩანერგილი თავისი ერთგული კადრები და მათი მეშვეობით იმაზე მეტს აღწევენ, ვიდრე ამას ომითა და სისხლისღვრით მიაღწევდნენ!..

დაუწერელია კანონია, – თუ შენ ჩემს ქვეყანაში შოულობ დიდძალ ფულს, თუ გინდა, რომ ერთ დღეში არ გაკოტრდე, მაშინ უნდა გაითვალისწინო ჩემი ინტერესებიც და როდესაც მე გიბრძანებ, ისე უნდა იმოქმედო, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ბოლომდე გაკოტრდები, ან არადა, მოკვდები!.. – ასე ფიქრობენ ყველგან, მათ შორის, რუსეთშიც, სადაც რამდენიმე ქართველმა მართლაც დიდძალი ფული იშოვა და ამ კაპიტალდაბანდებისთვის რუსეთის ხელისუფლებას მათთვის ხელი არ შეუშლია, თუ გამოვრიცხავთ კვანტრიშვილისა და პატარკაციშვილის ფაქტებს!..

ბადრი პატარკაციშვილის დაარსებული ტელეკომპანია „იმედი“ იყიდებაო, გავრცელდა ინფორმაცია და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისგან მართლაც შევიტყვე, რომ ისინი ახალ მფლობელს შემოდგომაზე ელიან!!! მიუხედავად იმისა, რომ პატარკაციშვილის ოჯახი „იმედის“ გაყიდვას თითქოსდა არ აპირებდა, „დიდი თამაშის“ გათვალისწინებით გაყიდის, რადგან მათთვის ეს ტელეკომპანია, ამ ეტაპზე, ფინანსური ზარალის გარდა არაფრის მომტანია და თანაც, პოლიტიკურ იარაღად მის გამოყენებას ხომ საერთოდ ვეღარ შეძლებენ?!. ამიტომ „იმედელები“ შაყირობენ, – სექტემბრიდან „იმედის დილა“ ზარების რეკვით დაიწყება და დასრულდება ან პატრიარქის შეგონებებით, ანდა შვიდგზის ლოცვებითო!..

მერედა, რატომ მაინცდამაინც სექტემბერში უნდა მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ გასხვისება, ანდა უკვე გაყიდული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა?!. სავარაუდოდ, ალბათ, იმიტომ, რომ – სექტემბრიდან საქართველო პოლიტიკის ახალ რელსებზე უნდა გადავიდეს და ამისთვის მძლავრი ტრიბუნა ესაჭიროება მომავალ მფლობელს თავისი იდეოლოგიის გასამტკიცებლად ისევე, როგორც ბადრი პატარკაციშვილი იყენებდა მას პოლიტიკაში მოსასვლელად!

არადა პოლიტიკაში და, მით უმეტეს კი, მის მაღალ იერარქიებში, ისე მარტივად ვერ მოდიან, როგორც ეს რიგით მოკვდავებს ჰგონიათ, რადგან დეპუტატობა რომ დეპუტატობაა, იმასაც კი „ზევით“ განსაზღვრავენ, გეკუთვნის თუ არა და ნუ დამიწყებენ ახლა შეგონებას გინდა მსახიობები, გინდა რეჟისორები და, მით უმეტეს, მედია-დეპუტატები, რომ ჩვენი ავტორიტეტი იყო განმსაზღვრელი დღეს და გუშინ პარლამენტში, ანდა საკრებულოში რომ ვისხედითო!.. ასე ხდებოდა გუშინ, გუშინწინ და დღესაც. ჰოდა, რა გამოდის?!. არჩევნებზე არ მივდივართ, მაგრამ მაინც ის იმარჯვებს, ვინც „ზევით“ უნდათ ხომ?!

პოლიტიკური ველი რიგითი მოქალაქეების სათამაშო მინდორი არ არის, რადგან სწორედ პოლიტიკური თამაშის წესები განსაზღვრავს კონკრეტული თუ მსოფლიო პოლიტიკის ბედ-იღბალს. ჰოდა, საქართველოში სწორედ ის დროა, ხელისუფლების შესაცვლელად იფიქროს „მავანმა“ და სწორედ ამიტომ არის საჭირო ის ტრიბუნა, რომელიც არ იყიდებოდა, მაგრამ ხვალ და ზეგ აუცილებლად გაიყიდება!..

კახელები ხუმრობენ, – მილიარდერი ავირჩიეთ და ხელში ღარიბაშვილი შეგვრჩაო!.. ამიტომ სექტემბერში გეგმური შიდაკოალიციური არევ-დარევა დაიწყება, რადგან პრემიერი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, უკვე პარტიული ნიშნით არ დააკომპლექტებს!..

ბიძინა ივანიშვილი დიდი ღვთისმოსაობით და, მით უმეტეს, სასულიერო პირებისადმი მოწიწებით ვერ დაიკვეხნის, რადგან ყველას გვახსოვს ქართულ მედიაში გამოქვეყნებული სასულიერო პირების ინტერვიუები, სადაც ისინი გულის ტკივილით აღნიშნავდნენ, რომ ეს მეცენატი კაცი, რომელსაც ერთ-ერთი სტუმრობის დროს ხატი მივართვით საჩუქრად, ხატისთვის ზედ არ შეუხედავს, – კედელზე მიაყუდეთო, – უთქვამს!..

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმიც ვერ ჰქონია ბატონ ბიძინას მაინცდამაინც სიყვარულიანი დამოკიდებულება, რადგან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ბატონმა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ საპატრიარქოში არის დიდი პრობლემები და ამ პრობლემებს გამოსწორება სჭირდებაო!..

ბატონი ბიძინას მიერ ხელდასხმული პარლამენტი ხომ, საერთოდ, ანტიმართლმადიდებლურ კანონებს კანონებზე იღებს და რასაც პატრიარქი ამბობს, არ გაყიდოთო, სწორედ იმას ყიდიან და თითქოს ჯინაზეო უფრო მეტი თავგამოდებით, ანუ სახეზეა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ფარული დაპირისპირება და ეს დაპირისპირება აშკარა სწორედ მაშინ გახდა, როცა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიმართლმადიდებლურ, ანტიდისკრიმინაციულ კანონს ღიად დაუპირისპირდა და უკანონობის დაკანონება უწოდა!..

ქართული მიწების გასხვისებაზეც ხმამაღალი მოწოდება გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა, მაგრამ მილიარდერის უმრავლესობამ „ქოში უკუღმა ყარა“ და თითქოს კვლავ ჯინაზე, მორატორიუმი მაინც მოხსნა მიწების გაყიდვის კანონზე!..

საზოგადოება ამ ყველაფერს შორიდან აკვირდება, ისევე როგორც ყურადღებით აკვირდება თითოეული პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწის გამონათქვამს და როცა შარშან, 17 მაისს, ერთ-ერთმა რიგითმა მომიტინგემ ხმამაღლა თქვა, – თბილისი ამსტერდამი ვერასოდეს გახდება, მით უმეტეს, წითელი ფარნების ქალაქიო… ამ სიტყვების შემდეგ ლევან ვასაძე მაშინვე მისაღები გახდა საზოგადოებისთვის, რადგან უფრო მოგვიანებით, იმავე ვასაძემ, იმაზე მკაცრი განცხადება გააკეთა ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით, ვიდრე პირველად და თქვა: ეს პარლამენტი თუ ასე გააგრძელებს, კინწისკვრით გასაყრელები გახდებიანო!..

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება-მეთქი, თავშიც ვთქვი. ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინათ სწორედ „იმედელებისგან“ შევიტყვე, რომ ტელეკომპანია „იმედს“, ასევე წარსულში რუსეთში მოღვაწე, ამჟამად კი საქართველოში დაბრუნებული ლევან ვასაძე ყიდულობს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის მამაა, არის ღრმადმორწმუნე, ეთაყვანება ქართულ ტრადიციებს და ქართულ მენტალობას…

ლევან ვასაძეს ზურგს უმაგრებს საპატრიარქო, რადგან მისი და კათოლიკოს-პატრიარქის აზრები, როგორც ამბობენ, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს როგორც კონსტიტუციური მონარქიის საკითხებში, ასევე საქართველოს ორიენტირების შემთხვევაშიც და რა გასაკვირია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ სწორედ ამ იდეოლოგიით დაიწყოს მაუწყებლობა და ხან სოროსის ფონდს არ ამოეფაროს და ხანაც, რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს?!. თუ ლევანი პოლიტიკაში მოდის, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ მისი მისამართითაც უეჭველად გაჩნდება კითხვები, რადგან ბატონი ვასაძის კაპიტალი, ისევე როგორც ივანიშვილის, პატარკაციშვილისა და მრავალთა, სწორედ რუსეთის ფედერაციიდან იღებს სათავეს და, ალბათ, ბატონ ლევანს იმასაც გაუხსენებენ, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის კარზე არცთუ ხელწამოსაკრავი თანამდებობა რომ ეკავა… სავარაუდოდ, ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას თვინიერად დაელოდება ყველასგან „მიჯირყვნილი“ პრეზიდენტი მარგველაშვილი, რადგან იგი ლევან ვასაძის ახლო მეგობარია და მეტიც, ვასაძეებსა და მარგველაშვილებს ერთმანეთთან ნათელ-მირონობა აკავშირებთ!..

ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად გამოიშიგნა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე, მეგობრებო…

„კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

73-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ომიანობისა თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეირარებული ამბოხის, ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევბში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში და 48 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად!

კონსტიტუციის 73 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი კი, პრეზიდენტ მარგველაშვილს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში დადგენილი წესით აძლევს უფლებას – დაითხოვოს პარლამენტი!!!

ანუ თუ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ პროვოცირებით ქაოსური ვითარება და, იმავდროულად, გადატრიალების საშიშროება შეიქმნა, პრეზიდენტ მარგველაშვილს 73-ე მუხლის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პარლამენტის დათხოვნა შესძლებია და ამაზე მეტი რა უფლებაღა უნდა დაეტოვებინათ მისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს საქართველოში?!. ისე, პუტინთან შეხვედრაც არ არის მარგველაშვილისთვის აუხდენელი ოცნება და ვინც იცის, რომ მისი პირველი სიდედრი კრემლის კარზე მიღებული ქალია – დასკვნებსაც მალე გააკეთებს!

მართალია, ლევან ვასაძე მუდმივად ამტკიცებს, რომ პოლიტიკაში არასოდეს მოვალო, მაგრამ ასე ამბობდა ყველა ის, ვისაც დიდი კაპიტალდაბანდება ჰქონდა, თუმცა პატარკაციშვილიც მოვიდა პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილიც და მოვა ვასაძეც, აბა, სად წავა?!. და სწორედაც რომ მილიარდერის გუნდის საპირწონე შეიქმნება ყველა პარამეტრით!.. ვასაძე გავლენიანი ფიგურაა, მას ჰყავს არაერთი ცნობილი მეგობარი და რადგან ლევან ვასაძის პოლიტიკური ვექტორი, გემოვნება რუსეთისკენ იხრება, საქართველოში მას ძალიან ბევრი ადამიანი გაჰყვება!..

ის, რომ შემოდგომა უეჭველად ცხელი იქნება, ამაზე დღეს ბევრი ფაქტორი მეტყველებს და, მათ შორის, ის განხეთქილებაც, რომელიც კოალიციურ ოცნებაშია სახეზე!.. ალასანია თავის თამაშს ითამაშებს, „რესპუბლიკელები“ – თავისას, „ეროვნული ფორუმი“ – თავისას, „კონსერვატორები“ – თავისას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ქართველი ხალხი მათ არც ერთს არ დაუჭერს მხარს, რადგან პოლიტიკურად დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ბიძინამ გააცოცხლა და დღემდე ის უბერავს მათ პოლიტიკურ არსებობას სულს!.. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი შემოდგომიდან ჟურნალისტობას იწყებს და საკუთარი ტელეგადაცემა ექნება, არც ეს არის შემთხვევითი და რაღაცნაირად დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა თავისი კოალიციის ქება-დიდებით კი არა, თუ ნამდვილი ჟურნალისტობა უნდა, საკუთარი გუნდის კრიტიკით უნდა დაკავდეს, რომელსაც არაერთი საბედისწერო შეცდომა აქვს დაშვებული და რომელიც ხალხთან მჭიდრო კავშირით ვერაფრით დაიკვეხნის!.. ასე რომ, წინ დიდი რყევებია ბატონებო, გისურვებთ კარგ დასვენებას, ძალების მოკრებას და დედაქალაქში დაბრუნებულებს დასვენებულ ჭკუაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას!..

                                                                                                      ირინე გოგოსაშვილი