ხათუნა ლაგაზიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ გაშლით ყველაზე მოგებული „ქართული ოცნებაა“!

„ნაციონალური მოძრაობა“ ოთხად გაიყო, გიორგი ვაშაძის ჯგუფისა და „გირჩის“ შემდეგ პარტია ბოკერია-უგულავასა და სააკაშვილის მომხრეებად დაიყო. პარტიის წევრთა ნაწილი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის მზადებას აანონსებს, სამომავლო გეგმებზე კი, როგორც ისინი აცხადებენ, 20 იანვარს ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრებენ. პარტიის გაყოფამ ანალოგიური პროცესები გამოიწვია საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოში. კონფიგურაცია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა, ხელისუფლებისთვის უაღრესად კომფორტულია, _ ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა კი აცხადებს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განთავისუფლება „ქართული ოცნებისა“ და ბოკერია-უგულავას ჯგუფის შეთანხმების შედეგია, რომელიც, ჯერ კიდევ, 2016 წლის მაისში დაიდო. როგორც გოგავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, სწორედ ეს გაახმოვანა პრემიერის მეგობარმა დავით კოღუაშვილმა მაისში, როდესაც განაცხადა, რომ უგულავა მეტ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას ციხის გარეთ.

„კოღუაშვილმა მაშინ იჩქარა და კარტები გახსნა, რისთვისაც „გარიყეს“ კიდეც პარტიიდან. უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ ბოკერიას ჯგუფმა „რევოლუციური სცენარი“ ჩაუშალა სააკაშვილსა და ახალაიას დაჯგუფებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ფრთა გადატრიალებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა უკრაინიდან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების არჩევანი შეზღუდული იყო: თუ უგულავას ციხიდან გამოსვლაზე უარს იტყოდა, მინიმუმ, ორთვიან არეულობას მიიღებდა ქვეყანაში თავისი მიტინგებით, შეტაკებებით, ცემა-ტყეპით, ხაბაზის „ავტომაიდნით“ და მოლოტოვის კოქტეილებით „თავისუფალი ზონისგან“. ეს პროცესი დააქცევდა ქართულ ეკონომიკას. უგულავას გარეთ გამოსვლა აშკარაა, რომ გააძლიერებს ბოკერიას ფრთას „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დავაში. ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა, რადგან უგულავას განთავისუფლებაზე შეთანხმებით ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და „ნაციონალური მოძრაობა“ გახლიჩა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებსა და ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მიღებულ კონფიგურაციაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე:

_ თუ, ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრს გადავხედავთ, მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთებისგან გაჯერებული ოპოზიციური სპექტრი. გავიხსენებ: „მოქალაქეთა კავშირის“ დაშლისას ყველაზე მხცოვანი დეპუტატი იყო პატივსაცემი ადამიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი და მან ამ კავშირის დაშლა ასე შეაფასა: „მოქალაქეთა კავშირი“ კი არ დაიშალა, გაიშალაო. ანალოგიურ ფაქტთან გვაქვს ზუსტად საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში. ერთი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მივიღეთ ოთხი სხვადასხვა ზომის, კალიბრისა და პერსპექტივის პარტია, ასევე „ნაციონალებით“ მსუყედ დაკომპლექტებული ხელისუფლება, ანუ „ქართული ოცნება“. ეს სურათი სწორედ ასეთი შეფასების საშუალებას გვაძლევს: „ნაციონალური მოძრაობა“ გაიშალა და ერთი, რაშიც დარწმუნებული გახლავართ, ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს სხვადასხვა დაჯგუფება სხვადასხვა დროსა და მომენტში ერთმანეთთან უფრო გამონახავს საერთო ენას, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ანუ თუ ხელისუფლება სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, ან ფეხს წამოკრავს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ძალებით ეკვეთება „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს რეალობა დღეს არ ჩანს, არცთუ ისე ახლო მომავლის პერსპექტივაა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მივიღეთ „ნაციონალური“ ფრთებისგან საკმაოდ გაჯერებული პოლიტიკური სივრცე. ნოემბრის სიტუაციას რომ შევხედოთ, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ყამირი იყო და თითქმის არ ჩანდა პოლიტიკური პერსპექტივის მქონე ძალა, დღეს უკვე ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ორი მსხვილი პარტია მივიღეთ, აღარ ვსაუბრობ ვაშაძის პარტიასა და „გირჩებზე“. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ „ნაციონალებმა“ ქართული პოლიტიკური სპექტრი გააჯერეს. ფაქტობრივად, მათ სხვა პროდასავლური ძალისთვის თითქმის არ დატოვეს ადგილი. მიუხედავად იმისა, რა დაღი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილ ყველაზე მსხვილ, ბოკერია-უგულავას ჯგუფს, დამერწმუნეთ, გადამწყვეტ მომენტში ამომრჩეველი ნაკლებად იფიქრებს იმაზე, _ რატომ და როგორ გამოვოდა ციხიდან გიგი უგულავა. ამომრჩეველსა და, განსაკუთრებით, ქართველ ამომრჩეველს, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და იმ ფონზე, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ქარიზმატული და პოპულისტური ლიდერების ნაკლებობაა, უგულავას შანსი რჩება, საკუთარ და გუნდის პოლიტიკურ კარიერაზე იზრუნოს. თუმცა ასე მარტივიც არ იქნება მისი გზა. ბუნებრივია, მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ის, რომ დღეს დაშლილი „ნაციონალებიდან“ რომელიმეს მომავალში ისეთივე მასშტაბური წარმატების მიღწევის შანსი ჰქონდეს, როგორც 2003 წელს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჰქონდა დიდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთი პერსპექტივა არ ჩანს.

_ როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს ამ ორ გაყოფილ ჯგუფს?

_ ამ დაშლამ, რეალურად, დაასუსტა ორივე ფლანგი. ის, რაც ვერ შეძლო ვაშაძისა და კუბლაშვილის პარტიიდან გამოსვლამ, შეძლო ამ მსხვილი ჯგუფის გამოსვლამ. რეალობაა, რომ ერთ მხარეს გავიდა იდეოლოგიური ბაზის ინტელექტუალური ელიტა, რომელთაც თუ ვერ მოახერხეს ქარიზმატულ-პოპულისტური ელფერის დამატება საკუთარ გუნდში, „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციების ათვისება ემუქრებათ და ამაზე მეტს ვერ მიაღწევენ. რაც შეხება სააკაშვილის მხარეს დარჩენილ ფლანგს, თუ ისინი რეალურ განახლებას შეძლებენ, თუ ამის ძალა, ადამიანური და ფინანსური რესურსიც ეყოფათ, ეს შეიძლება, ერთგვარად, მეორე სუნთქვის ტოლფასი ცვლილება აღმოჩნდეს იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც ნებისმიერი ქართული პარტია, მაინც ერთგვარი კარჩაკეტილი, კლანური ორგანიზმი იყო. იმ ლიდერების უმეტესობამ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ავსებდნენ, პარტია დატოვა, სივრცე თავისუფალია ახალი სახეებისა და ახალი ლიდერების გასაჩენად და გამოსაზრდელად, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს შეიძლება მათთვის მეორე სუნთქვის ტოლფასი ცვლილება აღმოჩნდეს. ისიც უნდა ითქვას, რომ უაღრესად გაუჭირდებათ ამ ცვლილების განხორციელება გამომდინარე იქიდან, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი სუსტია, როგორიც არ ყოფილა, თუნდაც, 2012 წელს და რაც მთავარია, ლიდერი ჰყავთ უპერსპექტივო და თვალსაწიერ მომავალში არ ჩანს. ეს დიდ პრობლემებს უქმნის შემდგომი განვითარებისთვის, განახლებისთვის თუ გადატვირთვისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ფონზე დასავლეთის პოლიტიკური ფლანგი „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფით შეჯერდა, იმიტომ, რომ ახლად გამოყოფილ გუნდს შეიძლება ყველაფერი დავწამოთ, მაგრამ ანტიდასავლურობას ვერ დავწამებთ, ისინი ყოველთვის იყვნენ დასავლური იდეების გამტარებლები და, შესაბამისად, პროდასავლური პარტია იქნება. ამ ფონზე საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოთამაშის შემოსვლაა მოსალოდნელი უსუფაშვილისა და მისი გუნდის სახით. ის წუხილები, რომელიც გვქონდა, რომ დასავლური ფლანგი ძალიან დასუსტდა, ამ გაყოფისა და უსუფაშვილის შემოსვლის შედეგად ეს ფლანგი საკმაოდ გაჯერდება პოლიტიკურად აქტიური ფიგურებით და პარტიებით.

_ ამ კონფიგურაციის პირობებში „ქართული ოცნება“ როგორ პოზიციაში აღმოჩნდება?

_ ყველაზე კომფორტული და მოგებული ამ ახალი კონფიგურაციით, უდავოა, „ქართული ოცნებაა“. როგორც აღვნიშნე, „ნაციონალური მოძრაობა“ ორად კი გაიყო, მაგრამ ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. გარდა ამისა, კლიშეების მიწებებას რომ მოვერიდოთ, ფაქტი ის გახლავთ, რომ დღეს პოლიტიკურ არენაზე ის პოლიტიკური ჯგუფები დარჩნენ, რომლებთანაც ურთიერთობა „ქართული ოცნებისთვის“ მაქსიმალურად კომფორტულია. კონსერვატიულ-ნაციონალისტურ ფლანგზე ასეთი არის „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტშივე და აქეთ უკვე პროდასავლურ და ლიბერალურ ფლანგზე ახლად გაჩენილი ბოკერია-უგულავას პარტიული წარმონაქმნი. ორივე მათგანთან ხელისუფლებისთვის ურთიერთობა უაღრესად კომფორტულია _ ეს ერთი და უკვე სააკაშვილის გარშემო დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ უქმნის ისეთ დისკომფორტს „ქართულ ოცნებას“, როგორსაც შეუქმნიდა, თუნდაც, ორი-სამი თვის წინ. ასე რომ, ეს კონფიგურაცია „ქართული ოცნებისთვის“ ხანგრძლივი, მშვიდი და აუღელვებელი პოლიტიკური ცხოვრების საწინდარია. ერთადერთი, თუ მკვეთრი სოციალური აფეთქება არ მოხდა, ეს განლაგება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კი არა, შექმნა, მისთვის არის იდეალური, მშვიდი და ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების საწინდარი. ჩვენი ხელისუფლება თუ ვერ მოერევა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, პოლიტიკური ძალა, რომელიც მის შერყევას შეძლებს, ამ ეტაპზე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი შრომისა და გარჯის შედეგად ეს მიიღო, რადაგან ეს კონფიგურაცია თავისით არ შექმნილა, პოლიტიკური სივრცის ასეთ გადანაწილებასა და განლაგებაში ლომის წილი კი არა, 100% „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის, თუმცა იმ პოლიტიკურ ფიგურანტებს არ უნდა დავუკარგოთ, ისინი საინტერესონი აღმოჩნდნენ „ქართული ოცნებისთვის“, რომ ასეთ პოლიტიკურ პარტნიორობაში და თამაშში წამოჰყოლოდა მათ „ოცნება“.

_ მართლა ასეთი თავსატეხი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“?

_ თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 8 ოქტომბრის არჩევნებზე აიღო, 500 000 ხმა ცოტა არ არის; თუ იმასაც შევხედავთ, რომ მაჟორიტარული არჩევნები, რეალურად, არ არის არჩევნები; თუ რევოლუციურ რეჟიმში არ მიდის პროცესი (2012 წლის არჩევნები მშვიდობიანი რევოლუცია იყო და ამიტომ გახლდათ გამონაკლისი), როგორც წესი, მაჟორიტარულ არჩევნებში, 100-დან 90 შემთხვევაში, თუ მეტად არა, ყოველთვის ხელისუფლება იმარჯვებს. ფაქტობრივად, არჩევნებიც არ არის, ეს არის ხელისუფლების ყულაბაში თავიდანვე არსებული ხმები. რომ მოვხსნათ მაჟორიტარული არჩევნების შედეგები, ნახეთ, როგორ გადანაწილდა ხმები: პროპორციული სიის მიხედვით, დაახლოებით, 47 იყო „ქართული ოცნების“ პროცენტი და 27% _ „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, გასაგებია, რატომაც იყო „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ დისკომფორტი. ყველაზე მარტივი პასუხი ეს იქნება, _ ერთადერთი ოპოზიციური ძალა იყო, რომელიც რეალურად მას თავის ტკივილს უჩენდა, დანარჩენი კი ვნახეთ, როგორ მარტივად გადაირეცხნენ ქართული პოლიტიკური სცენიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკურ წარსულსაც ჩაბარდა. ერთადერთი, ვინც შეძლო ფეხზე დგომა და რეალური ოპონირების გაწევა, „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს და შორს მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირობებში ძალიან გაჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ შევსება ახალი, პერსპექტიული პოლიტიკური ლიდერებით, თუმცა ამის შანსი არის, რადგან სივრცე გაჩნდა იმ ფლანგზე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი თავი დაინახონ, მაგრამ ეს სივრცე რამდენად მომხიბვლელი იქნება მათთვის, უკვე მეორე თემაა სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივა თვალსაწიერ მომავალში არ ჩანს. ამდენად, პერსპექტიულ და წარმატებულ ადამიანებს რამდენად გაუჩნდებათ აქ ყოფნის სურვილი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა იქნება. კიდევ ერთი, რის გამოც „ქართული ოცნება“ სრულ ნირვანაშია, გახლავთ ის, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კი არ იქნება უკვე კრიტიკის მთავარი ობიექტი, დარტყმები მასზე კი არ წავა, არამედ მთავარი შერკინება ამ ორ „ნაციონალურ“ ჯგუფს შორის მოხდება. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს ხმებს გაუყოფენ, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ კრიტიკისთვის ყველაზე ნაკლები დრო დარჩება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებიდან გამომდინარე, მტრული „ნაციონალური“ ჯგუფის ერთმანეთთან ჭიდილს დრო მოხმარდება, სულ მცირე, ამ 2017 წლის არჩევნებზე, მეორე ადგილისთვის ბრძოლის ამბიცია სხვა პარტიებს გაუჩნდება. ამ ეტაპზე არსებულიდან რაც ჩანს, ალბათ, ირმა ინაშვილის პარტია ეცდება, რომ მეორე ადგილს შეეთამაშოს, მით უფრო, თუ ეს ხელისუფლების ინტერესშიც იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად იქნება დარტყმის ობიექტი და მშვიდად შეეძლება ამ არჩევნებზე თავისი პოზიციების გამყარების გაგრძელება, ამჯერად უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. არ მინდა, უფრო მკვეთრი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ ის ხალხი, რომელიც სააკაშვილს გამოეყო, გაცილებით მოქნილი იქნება ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ვიდრე სხვა ინტელექტუალური ძალები. ამით იმის თქმა მინდა, რომ მისი დადანაშაულება ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, დამერწმუნეთ, გაცილებით რთული იქნება და ამას გვიჩვენებს მომავალი პოლიტიკური თვეები იმიტომ, რომ მათ საკმარისზე მეტი ინტელექტი აქვთ იმისთვის, ეს იარლიყი თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე არ აიკრან. ფაქტი ფაქტად რჩება _ დღევანდელი ხელისუფლებისთვის კომფორტულია მათთან ყოფნა. ერთი მხრივ, „პატრიოტთა ალიანსი“ როცა უზის და, მეორე მხრივ, ახალი, 21-კაციანი ფრაქცია, მისთვის პარლამენტი გაცილებით კომფორტულია, თორემ გარეთ არავინ არის, ვინც ხელისუფლებას შეაწუხებს. პარლამენტში, შიგნით, გაცილებით კომფორტულია, ამ ფონს თავად პარლამენტში დარჩენილი „ნაციონალებიც“ ქმნიან არა შეგნებულად, იმიტომ, რომ ძირითადი დამრტყმელი ძალა და ძირითადი ორატორები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ეჭიდებოდნენ და უმრავლეს შემთხვევაში სიტყვიერ შეჭიდებაში გამართლებულები „ნაციონალები“ გამოდიოდნენ ხოლმე, ინტელექტუალურ-ორატორული ელიტა ახალ ფრაქციაში გადავიდა. სააკაშვილის გარშერმო დარჩენილი მკვეთრი ოპოზიცია 6-კაციანი ფრაქციის სახით არის, რომელიც პარლამენტში ამინდს სწორედ იმ მიზეზის გამო ვერ შექმნის, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, რადგან მთავარი ორატორები ბოკერია-უგულავას მხარეს გადავიდნენ. ისინი კვლავ ეცდებიან ოპოზიციური როლის შესრულებას, თუმცა ეს არ იქნება ისეთი სიმკვეთრის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის ფორმატში იყო. დღევანდელი პოლიტიკური სივრცე ხელისუფლებისთვის ამიტომაც არის უაღრესად კომფორტული განლაგება.

 

თამარ ბატიაშვილი