რა კავშირი აქვს სოსო გოგაშვილს ზუგდიდელი მძღოლების ხმაურიან აქციასთან?!

წელიწადზე მეტია, ზუგდიდი საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ისინი თურქული კომპანია „მეტროს“ შემოსვლას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ უმუშევრობა ემუქრებოდათ. საპროტესტო გამოსვლების, შიმშილობისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების მიუხედავად, მძღოლებმა ვერაფერს მიაღწიეს. პირიქით, სამართალდამცველებმა ისინი აქციების დროს დააკავეს და ადმინისტრაციული ჯარიმებიც გამოუწერეს. დღეს უკვე მძღოლები ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს ასახელებენ, რომლებიც თურქულ კომპანიას ლობირებენ.

ვინ არის თურქული კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი? რატომ გაწირა ხელისუფლებამ ქართველი მძღოლები უმუშევრობისთვის? ვინ არიან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თურქულ კომპანიას ლობირებენ?

ამას ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზუგდიდი-თბილისის საქალაქთაშორისო ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, ბესიკ თაქთაქიშვილი:

_ მალე ცნება _ ქართველი მძღოლი _ აღარ იარსებებს და მოგონებად დარჩება ის წლები, როდესაც ძველი ავტომანქანების მიუხედავად, ქართველი მძღოლები და მეწარმეები ტვირთების გადაზიდვას ახერხებდნენ, მგზავრები გადაჰყავდათ ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში. თურქული და სომხური გადამზიდავი ფირმების მიერ ისე შევვიწროვდით, ქართული გადამზიდავი კომპანია თითქმის აღარ არსებობს. ეს თვალნათლივ ჩანს, თუ თბილისის ცენტრალურ ავტოსადგურში გაივლით. იქ მისული ვერც კი მიხვდებით, საქართველოში ხართ თუ თურქეთში. ნუთუ, სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება?! ჩვენ ვართ გადამზიდავები და ხელშეკრულების საფუძველზე ვმუშაობთ შპს „გეგესთან“ ჩვენი კუთვნილი დიდი ტევადობის ავტობუსებით. 22 წელია, ამ საქმიანობას ვეწევი და თბილისი-ზუგდიდის მარშრუტზე ვმუშაობ. შემოვიდა თურქული კომპანია „მეტრო“ და, პრაქტიკულად, საქმე წაგვართვა. წელიწადზე მეტია, ამაზე ვიბრძვით, მაგრამ შედეგი არ ჩანს. 6 თვეზე მეტია, „მეტროს“ თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავს. 3 წლის წინ ბათუმის ხაზზე დაიწყო მოძრაობა, ზაფხულში საკურორტო სეზონზე მგზავრობის ფასია 30 ლარი, ახლა _ 25. ზუგდიდიში 15 ლარად დაიწყეს მგზავრობა, მაგრამ ორი თვე 10-ლარიანი აქცია გააკეთეს, თუმცა მკაცრად განსაზღვრული ფასი არ აქვთ, ზოგი 10 ლარად გადაჰყავთ, ზოგი 15-ად, როგორც მგზავრები გვეუბნებიან, ვაჭრობა მიდის და არანაირი კონტროლი არ არსებობს. მარტო ზუგდიდი-თბილისის მარშრუტზე 315 ადამიანია, რომელნიც ერთ კომპანიაში ვართ დასაქმებულნი, ამ 315 ადამიანის უკან კიდევ რამდენი ხალხი დგას, ფაქტობრივად, უმუშევრები დაგვტოვეს. ამ კომპანიამ ჩვენი სადგურიდან ბათუმში მიმოსვლა საერთოდ გააჩერა.

_ თქვენი აქციების შესახებ მედიასაშუალებებით ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან აქეთ მოჰყვა თქვენი დაკავებები. ხელისუფლების წარმომადენლებსაც ხვდებოდით, რას გეუბნებოდნენ? ერთი შეხედვით, რთულია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვიღაცას საქმიანობა აუკრძალო…

_ ალბათ, უწყება არ დაგვრჩა, რომ არ შევხვედროდით. ეკა ბესელიას რომ შევხვდით, აქეთ გვკითხა, _ რას გვთავაზობთო? მე რა უნდა შევთავაზო, თვითონ არის კანონმდებელი, ბერკეტი ხელში უჭირავს და ხალხის არჩეულია, რაღაც საკანონმდებლო რეგულაციები ხომ უნდა დაწესდეს ადგილობრივსა და შემოსულს შორის? ჩვენ მეტს არაფერს ვითხოვთ! ის რომ შემოვიდა და ვიღაცამ შემოიყვანა, ზღვარი ხომ უნდა იყოს?! ადგილობრივ მოსახლეობას პირიდან ლუკმა გამოაცალო და უცხო ქვეყნიდან შემოსული გაამდიდრო, ეს არის სამართალი?! ეს ჩვენი მონაპოვარია, ჩვენი შექმნილია, ამის გამო ომი გვაქვს გავლილი, 25 წელზე მეტია, ეს კომპანია არსებობს და 22 წელია, ამ ხაზზე დავდივარ. 1994 წელს დავიწყე, აქ რომ მგზავრს დავსვამდი, ჩავიდოდი თუ არა ზუგდიდში, არ ვიცოდი, ისეთი დღეები გამოვიარე. ამას არავინ ითვალისწინებს! ამ ხნის მანძილზე ჩავარდნა არ გვქონია, შემოვიდა „მეტრო“, დაიწყო ბათუმიდან და ჩვენი რეისი საერთოდ გაჩერდა, რამდენს გავუძლებთ?! რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ?! საქართველო სხვაგან არის, რომ გადავსახლდეთ?! ეს ჩვენი შექმნილი და მონაპოვარია, ავაწყვეთ, დღემდე მოვიტანეთ, მოვიდა ვეშაპი და ჩვენი გადაყლაპვა უნდა. მაგათ მანქანებს ვერ დათვლი, ტრასაზე რომ მიდიხარ, სულ ისინი გხვდებიან, ულევია… როგორც ვიცი, თურქეთში მატარებლის ლიანდაგი ახლა გააკეთეს, ავტობუსები უმოქმედოდ დარჩა და ყველა აქ შემოყარეს. ორთაჭალაში ტევა არ არის, „პირიმზესთან“ ნახეთ, რამხელა ტურისტული კომპანია აქვთ გახსნილი, ეს კაცი მთელი საქართველოს აღებას აპირებს. არ მეშინია, ხმამაღლა ვაცხადებ, ეს კაცი, ვინმე გალიფი, არის კრიმინალი, დევნილი, თავის ქვეყანას არ უნდა, ამათ კიდევ წითელ ხალიჩაზე დაჰყავთ. 7 კაცის მკვლელია, აქედან ერთ-ერთია საკუთარი ძმა. ამდენი ხანია, ამ საქმეზე ვიბრძვით და ინფორმაციები გვაქვს, ზოგი გაზეთებიდან შევაგროვეთ, ზოგიც პირადად მოვიძიეთ და კარგად ვიცით ეს ამბავი. განა, მარტო ტრანსპორტი, მთელი ადგილობრივი სამშნებლო კომპანიები ჩაძირა, თურქეთიდან სამშენებლო მასალები იაფად შემოიტანა და ესენი გააჩერა. სამშენებლო და სატრანსპორტო ბიზნესი ადგილზე სულ გაანადგურა. ისიც ვიცით, რომ ამ კომპანიის მანქანები განუბაჟებელია და ისე მოძრაობენ. თან რას აკეთებს _ ბათუმისა და თურქეთის რეისს აერთიანებს, რომ გადასახადები დამალოს. ვინ უჭერს ხელისუფლებიდან მხარს, არ ვიცით, თუმცა ამაზე საუბრები იყო…

_ კონკრეტულად?

_ ზუგდიდში ამ კომპანიის წარმომადგენელია ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას ძმა, რომელიც პირდაპირ, აშკარად შემოვიდა, ჭიდაობა დაგვიწყო და სამუშაო წაგვართვა. არ დაგვიმალა, პირდაპირ გვითხრა, _ თქვენ ებრძვით ხელისუფლებასო. ვკითხეთ, _ ვის გულისხმობთ ხელისუფლებაშიო? პირდაპირ ეკა ბესელიასკენ გაიშვირა ხელი და ვიღაც სოსო გოგაშვილისკენ, ვინ არის, არ ვიცი.

_ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა…

_ პირდაპირ თქვა, თქვენ ამ ხალხს ებრძვით, ამ საქმეს ეს ხალხი ლობირებსო…

_ პირდაპირ ასე თქვა?

_ პირდაპირ გვითხრა, კი არ დაგვიმალა, იქ მარტო მე კი არ ვიყავი, 10-ზე მეტი კაცი ვიყავით შესული. გუბერნატორთან, ეკა ბესელიასთან, საკრებულო იყო თუ მერია, შეხვედრა გვქონდა, ზუგდიდში ყველას შევხვდით.

_ ეკა ბესელიას რომ შეხვდით, არ ჰკითხეთ კაკულიას მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ?

_ როგორ არა! გაირკვა, საიდან წამოვიდა ეს აზრიო, ძალიან შეიცხადა, არავითარი საერთო არ მაქვს მაგათთანო. 300 ხელმოწერით გავუგზავნეთ წერილი პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდგომ გუბერნატორთან გადმოაგზავნეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

_ ახლა რა მდგომარეობაში ხართ, როგორ მუშაობთ?

_ წუხელ სალარომ 5 ბილეთი გაყიდა და ისე წამოვედი. ზარალში ვარ, როგორ ავანაზღაურებ ამ ხარჯებს? დღევანდელი ფასით 420 ლარის საწვავია საჭირო, რომ ზუგდიდში თბილისიდან წავიდე და ჩამოვიდე. არ ვჩერდებით, მაინც ვაგრძელებთ მოქმედებას, ვიბრძვით, იქნებ, ვიღაცამ ყურადღება მოგვაქციოს და ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანოს. მძღოლების 99%-ს ბანკის ვალები გვაქვს. მე პირადად იმ ფულით ჩემი საჭიროებისთვის კი არ შემიძენია რამე, მანქანა გამოვცვალე, რომ მგზავრებს კომფორტულად ემგზავრათ. ყველა ამ დღეში ვართ. „მეტროს“ მანქანებზე არანაკლებია ჩემი და უკეთესი მომსახურება მაქვს. 10 ლარზე რომ გადაიყვანეს, პრაქტიკულად, მთელი კლიენტურა წაგვართვეს, 5 ლარი ადამიანებისთვის რაღაცას ნიშნავს, გაჭირვებაა.

_ ასე თურქული კომპანიაც ხომ წაგებაზე იქნება?

_ იმ თურქმა მთელ საქართველოში, სოფელში ერთი მოსახლე რომ არის, იქაც რომ დანიშნოს ავტობუსის რეისები, იმის ბიუჯეტს არაფერი შეეტყობა, მილიარდერია. თვითონ თურქული კომპანიები დევნიან, ეს კაცი დევნილია და ძებნილი თურქეთის სახელმწიფოს მიერ, კრიმინალია, გამოქცეულია, სააკაშვილმა მისცა მოქალაქეობა. რაღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს, მე არ ვარ კონკურენციის წინააღმდეგი, შემოვიდეს და ფული დააბანდოს, მაგრამ რეგულაციები ხომ უნდა არსებობდეს?! წავიდეთ, აბა, თურქეთში, ჩემს საკუთარ ძმას არ ამაყვანინებენ ავტობუსში თავიანთ ტერიტორიაზე იქ რომ შემხვდეს, აქ კიდევ ყველაფერი შეიძლება, რომ უცხოელებს ჩაუგდონ ხელში?!

_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?

_ 6-კაციანი ნდობის ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, სადაც გაერთიანებულები ვართ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მძღოლები. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მინდა მივმართო, 15 წუთი დაგვითმოს და შეგვხვდეს, რომ ბატონ კვირიკაშვილს ავუხსნათ, რა ხდება, ვინ არის ეს გალიფი და რას უკეთებს ადგილობრივ ხალხს. ისინი ადგილობრივმა ხალხმა აირჩია, არც თურქებს აურჩევიათ და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და ვალდებულები არიან, მოგვისმინონ მაინც. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეებს კანონი არ გვიცავს! აქციების მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სხვა არაფერი ვიცი, მძღოლად დავიბადე და მძღოლად უნდა მოვკვდე. თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, აქციები კი არა, შესაძლებელია, ყველა ღონე ვიხმაროთ, ჩემს უკან ოჯახში 10 ადამიანი დგას, რა ვაჭამო და რა ვასვა?! ჩაცმასა და კომფორტზე არ ვლაპარაკობ, შავი პური რომ მივუტანო, იმის საშუალება არ უნდა მქონდეს?!

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ავტოსადგურებისა და გადამზიდავთა ლიგის“ გამგეობის თავმჯდომარე _ ავთანდილ ენუქიძე:

_ ვიცით, რომ თურქეთი და საქართველო ერთმანეთთან თანამშრომლობს და სამგზავრო გადაზიდვებზე მუშაობენ, ეს შეეხება საქართველოდან თურქეთში მოძრაობის პროცესს. ამ პროცესში წარმოიშვა ეს საკითხი და კომპანია „მეტროსთან“ ურთიერთობა ქართულმა მხარემ დაიწყო. „მეტრო“ აქ ჩამოვიდა და სადგურში ადგილი მოითხოვა, რომელიც კანონიერია, იქირავა ბაქანი, ოფისი და მუშაობა დაიწყო. მუშაობის პროცესი წელიწადნახევარი გაგრძელდა, ლაპარაკია იმ მუშაობაზე, რომელიც აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობდა, თუმცა აქაც შეიძლება ჩაიხედოს კაცმა და ნახოს, რომ წესით, როდესაც ორ ქვეყანას შორის ასეთი მუშაობა მიმდინარეობს, საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ პარიტეტი დაცული იყოს. ძალიან რომ დავკონკრეტდეთ, რამდენი მანქანაც მუშაობს იქითა მხრიდან, იმდენი უნდა მუშაობდეს აქეთ, რაოდენობრივი პარიტეტი დაცული უნდა იყოს. იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა იქ ქართველებს არ ამუშავებს, ტრანსპორტს ძალიან ბევრი დეტალი აქვს, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება გითხრან, მოდი და იმუშავე, ვინ გიშლისო, მაგრამ იქ რომ გადავალ და ბაქანზე დავდგები, რომ ჩასხდომა დაიწყოს, ისიც დადგება, ან იქ თავის ხალხს დააყენებს და სანამ მათი მანქანის ჯერი არ მოვა, შენ არ გაგიშვებენ. ამ საკითხს სულ არ ეხება, მაგრამ გეტყვით _ ბათუმიდან სტამბულში თვითმფრინავით რომ გაფრინდეთ, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქართველი კაცი გადავიდეს ხოფაში, აიღოს ბათუმი-სტამბულის ბილეთი და მერე უკან დაბრუნდეს.

_ რატომ?

_ იგივე საერთაშორისო შეთანხმება რომ იყო, ჩვენები იმ კანონით მუშაობენ, რომ გარკვეული ფასი დაწესდა, ამ ფასს თურქული მხარე იმის გამო არღვევს, რომ ქართველები იქით მიიზიდონ და თურქის ბილეთი იქიდან აქეთ გასაყიდი და ქართველის ბილეთი აქედან იქით გასაყიდი და უკან წამოსასვლელი, თუ გადახვედი ხოფაში გიჯდება 1/3-ით უფრო იაფი, ვიდრე ბათუმის სალაროში რომ აიღო, ამას არავინ აკონტროლებს, იმიტომ რომ პატრონი არ ჰყავს არც ავიაციას და არც არავის, არც ეკონომიკის სამინისტროშია ვინმე, რომ მოიკითხოს. დასასჯელია თურქული მხარე, ასევეა დასასჯელი იმაზეც, რომ წლების მანძილზე არ იცავდა იმ წესს, რომ პარიტეტი დაცული ყოფილიყო, მაგრამ ამას იმდენი ზიანი არ მოჰქონდა, საერთო ბაზრისთვის შეიძლება მოაქვს, მაგრამ მოძრაობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არ მოჰქონდა ამხელა ზიანი, ყოველ შემთხვევაში, გამოჩენილი ზიანი.

_ რას ჰქვია გამოჩენილი ზიანი?

_ რას და „მეტროს“ მფლობელი ვინმე გალიფი რომ მიეჩვია აქ ყველაფერს, წინა მთავრობიდან დაიწყო და მერე ამ მთავრობამაც გააგრძელა, მთელი ბათუმი აყიდინეს, იქ მუშები გაიფიცნენ, მშენებლობების გამო მთელი ამბავი ატყდა, „ინტურისტი“ აქვს ნაყიდი, სანაპირო ზოლში ძალიან სერიოზული ობიექტი აქვს ამ კაცს შეძენილი, რომელიც, თავის დროზე, მძღოლი იყო და თურქულ კომპანიაში მუშაობდა. გაზეთში გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანი თურქეთის ხელისუფლების მიერ იყო ძებნილი შეკვეთილი მკვლელობების გამო, იქით ვერ გადადიოდა და წლებია, აქეთ იყო გადმოსული. არ ვიცი, რა გააკეთა, თანხა გადაიხადა თუ ქვეყანამ მიიღო, შევიტყვე, რომ თურქეთში გადასულა, ეს მისი საქმეა, მაგრამ ამ კაცს ყველაფერი შეუქმნეს აქ. ამის შექმნამ გამოიწვია ის, რომ მადა ჭამაში მოდის და მეორე ხაზი გააკეთა _ ბათუმი-თბილისი. აქ კანონის დარღვევა არ არის, იმიტომ, რომ ცხონებულმა ბენდუქიძემ საერთოდ გააუქმა ყველა ტენდერი, ამას ბაზარი დაარეგულირებსო, მაშინაც ვსაუბრობდი ამაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ მომისმინა. კი ბატონო, ბათუმის დაყენების უფლება აქვს. რატომ დააყენა? იმიტომ, რომ ბათუმი კი არ აინტერესებს, ძირითადად, ამ ყველაფერს თურქული რეისით აფორმებს. თურქეთის რეისში რომ მიდის, ბათუმის მგზავრი მიჰყავს.

_ ამაში რა ინტერესი დევს?

_ საერთაშორისო გადაზიდვა იმას ნიშნავს, რომ მგზავრობა იწყება ერთი ქვეყნიდან და მთავრდება მეორე ქვეყანაში. პირდაპირ წერია საგადასახადო კოდექსში: ქმედება, რომელიც იწყება აქ და მთავრდება სხვაგან, დღგ-სგან განთავისუფლებულია. ჩათვალეთ, რომ ეს კაცი დღგ-სგან აბსოლუტურად განთავისუფლებულია. ეს თავისუფლება მას იმის საშუალებას ანიჭებს, რომ ბილეთის ფასი როგორც უნდა, ისე ათამაშოს. ახლა კანონში მეორე რამე წერია, რომ არსებობს დემპინგური ფასი, რომელიც გამოანგარიშებულია რაღაც ფორმულებით და ნორმალური, საღი გონების ადამიანს, რომ მანქანამ აქედან აქამდე იმოძრაოს და იმაზე ნაკლებ ფასად, უბრალოდ, მანქანა ვერ იმოძრავებს, მას ამ დემპინგურ ფასს კაციშვილი არ სთხოვს, როგორც უნდა, ისე არეგულირებს. სხვათა შორის, ეს ზოგიერთ სხვა გადამზიდავზეც ვრცელდება. ეს ყველაფერი გალიფმა კარგად გამოიყენა, ბათუმზეც დადის, მაგრამ თურქეთს შირმად იყენებს. ახლა ახალი მარშრუტი მოიგონა და ერევანი-ბათუმი გახსნა, ესეც საერთაშორისო ხაზია, ერევანში იწყება და ბათუმში მთავრდება, ესეც დღგ-სგან თავისუფალია, შემოვა „წითელ ხიდზე“, მოჰყვება იქიდან და ამ ხალხს ბოლომდე იყვანს, კაციშვილი პასუხს არ სთხოვს, დღგ-ს არ იხდის, რადგან საერთაშორისო რეისია, წესით ამას კიდევ მეორე სახელი ჰქვია, _ კაპოტაჟი. რომ შემოვიდა, საერთაშორისო მგზავრის გარდა, არავის აყვანის უფლება არ აქვს, ამასაც არავინ აკონტროლებს, უფრო სწორად, ძალიან ძნელი გასაკონტროლებელია, იმიტომ, რომ ტრანსპირტის სამინისტრო არსებობდა და ახლა არსებობს ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სააგენტო. არ ვიცი, რამდენი თანამშრომელი ჰყავთ, მაგრამ ის ვიცი, რომ იქ ტრანსპორტელი სულ სამი კაცია, დანარჩენი ტრანსპორტთან შეხებაში არ არის, მისი ხელმძღვანელი, ხმალაძიდან დაწყებული, ტრანსპორტის გაგებაში არ არიან. ტელეგადაცემაში რამდენჯერმე მიმიწვიეს, ვითხოვდი, რომ სააგენტოს ხელმძღვანელთან პირდაპირ მესაუბრა, მაგრამ არ მოვიდა. დამიჯდეს წინ და დამელაპარაკოს, მაგრამ ტრანსპორტზე ვერ დამელაპარაკება, რადგან ეს კაცი შეხებაში არ არის და საერთოდ არ იცის ეს სფერო, ის ორი კაცი კი, რომელიც ამ სააგენტოში მუშაობს და სფერო იცის, არაფერს წყვეტს.

_ ბატონო ავთო, ტელევიზიით გამოდიხართ, პრესასთან საუბრობთ, ხელისუფლების ყურამდე ხომ მისულია ეს ინფორმაცია, რატომ არ ხდება რეაგირება?

_ ეს გამოსვლები 2014 წელს დავიწყე, ამის შემდეგ ხდება ასეთი რაღაც: 2014 წელს, ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, გალიფს იბარებენ და მან თავისი საქმე იმით „გააპრავა“, რომ 500 000 შემოიტანა სახელმწიფოში. ოფიციალურად გადაიხადა ნახევარი მილიონი ლარი ღარიბაშვილის დროს! მანამდე დაგვემუქრა, მთავრობაში ფული მაქვს გადახდილიო. ვიცი, რომ ეს ასეა, მაგრამ ფაქტი თუ არ გაქვს, ამის გამო ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ.

_ რისთვის გადაიხადა ნახევარი მილიონი?

_ კეთილი ბიჭია და საქართველოს ეხმარება! თუ არ ვცდები, „სოლიდარობის ფონდში“ გადაარიცხინეს! 2016 წლის გაზაფხულზე ცნობილი ბიზნესმენების შეკრება ჩატარდა, კვირიკაშვილი ახალი არჩეული იყო და ამ გალიფს საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ დოკუმენტები მიაწოდეს, რომ ისიც იყო მიწვეული. მიიყვანეს და როგორც კარგი ბიზნესმენი რამდენიმეს შორის დაასახელეს, რომ საქართველოს აშენებს და ნახევარი მილიონი ისევ შეიტანა. სხვათა შორის, იმ დაჯილდოებას ქსნის მინის ტარის ქარხნის დირექტორი და ერთ-ერთი მოწილე ესწრებოდა, რომელიც თურქია. დეტალურად ვიცი, იმან რომ დაინახა გალიფი, თურქეთის ელჩს უთხრა, _ ამას აქ რა უნდა, ეს კრიმინალიაო. თვითონ თურქს ეწყინა, რომ ეს იქ დაინახა. ეს მიჩქმალ-მოჩქმალეს, კვირიკაშვილმა საერთოდ არ იცოდა, ჩაუდეს დოკუმენტები და ეს კაცი მიიყვანეს, გვარები წაიკითხეს და კვირიკაშვილს ამ გალიფისთვის მადლობა გამოაცხადებინეს. დარბის ახლა ეს გალიფი და ასახელებს ხელისუფლების ჩინოვნიკებს, რომ ისინი მფარველობენ, დააფრიალებს მათთან გადაღებულ სურათებს! აშკარაა, რომ მას ვიღაც მფარველობს.

_ ზუგდიდელმა მძღოლებმა მითხრეს, პირდაპირ თქვეს, თქვენ ხელისუფლებას ებრძვით და ამ საქმის უკან ბესელია და გოგაშვილი დგანანო…

_ მე სხვა ინფორმაცია მაქვს, უფრო მაღალი ჩინი აქვს და, პრინციპში, იმასთან შედის ბესელიაც, გოგაშვილიც და კიდევ ბევრი სხვაც… ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დასახელებისგან. როგორც კი ფაქტობრივი მასალა მექნება, თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაჟღერებ.

_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ თურქული კომპანია საერთაშორისო რეისის ეგიდით ადგილობრივ გადაზიდვასაც აწარმოებს და გადასახადებს არ იხდის. ეს ხომ დანაშაულია?

_ ამაზე ლაპარაკს რომ იწყებ, გეუბნებიან, _ ბაზარი თავისუფალია, თუ კაცს შუძლია, მუშაობს. კი ბატონო, მაგრამ ამის უკან ხომ უნდა ჩაიხედო, რას აკეთებს?! გალიფმა თურქეთიდან 400 მილიონი წამოიღო და შეუძლია, ხალხი უფასოდაც ატაროს. დღეს რომ ადგე და თქვა, მგზავრი უფასოდ უნდა ვატაროო, ეს თითქოს კეთილი ჟესტია, მაგრამ როცა სისტემურ პრობლემაზეა ლაპარაკი, სისტემას ანგრევ. მაშინ მეორე რამეს ვიტყვი: სახელმწიფომ არც დღგ აიღოს, არც საშემოსავლო, არც მოგების გადასახადი და ერთი ვნახოთ, როგორ შეინახავენ ამდენ პარლამენტარს და ამდენ საბიუჯეტო ხელფასზე მცხოვრებ ხალხს! ასე როგორ შეიძლება, მშიერი დატოვა, სულ მცირე, 400 კაცი ზუგდიდის მხარეს, 400 კაცი ბათუმის მხარეს, თითო ავტობუსის მძღოლის უკან, კიდევ, 5-5 ოჯახი მაინც დგას.

_ საკანონმდებლო ხარვეზთანაც ხომ არ გვაქვს საქმე?

_ საკანონმდებლო ხარვეზთან ის საქმე გვაქვს, რომ დარღვეული აქვთ დემპინგური ფასები, კაპოტაჟის სისტემა, აქ რომ არის ავტოსადგური, მიდის და მეორე სადგურს აკეთებს, ცოტა ძნელი გასაგებია, მაღაზია მაღაზიის გვერდით უნდა იყოს, მაგრამ სადგური რომ გაუკეთა ახლა გვერდით ზუგდიდში, იქიდან მოჰყავს მგზავრი 5 ლარით იაფად, უნდა, რომ ჯერ ესენი ყველა დააქციოს და მერე ბილეთი 20 ლარი რომ ღირს, 30 გახადოს. რაც თურქებმა ბულგარელებთან გააკეთეს, ქათამი რომ შემოჰქონდათ, დაუგდეს ფასი, ერთი წელი წაგებაზე იმუშავეს და მერე როგორც კი ბულგარელები ბაზრიდან გამოაგდეს, ათი იმდენი მოიგეს. ეს არის კაპიტალიზმის მგლური პრინციპი, ვისაც ბევრი ფული აქვს, ასე უნდა გააკეთოს. ეს სახელმწიფომ უნდა არეგულიროს, რომ საკუთარი მოსახლეობა მშიერი არ დარჩეს!

_ გამოსავალი?

_ ყველა უნდა იყოს კანონმორჩილი. ვინც კანონს არღვევს, სადაც რა დააშავა, დავიჭერდი. იმ კაცმა კი, ვინც ჯილდო დაიმსახურა, უნდა მიიღოს. მორალს ამორალური კაცი არ უნდა მიკითხავდეს, მეტი არაფერი. ჩვენ ახლა ერთ სფეროზე ვსაუბრობთ და თითქმის ყველა სფეროში ასეთი სიტუაციაა…

 

ლავრენტი ალანია _ ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი:

_ 2006 წლის შემდეგ, როდესაც კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო, გაუქმდა კანონი ტრანსპორტის რეგულირების შესახებ. სატრანსპორტო სფეროში მრავალი დარღვევა ხდება და მისი რეგულირება მხოლოდ ბაზარსაა მინდობილი. შესაბამისად, კონკურენცია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, აზარალებს ზუგდიდელ მძღოლებსა და მათ ოჯახებს, რადგან დღეს საქართველოში, უმუშევრობის საკმაოდ დიდი მაჩვენებლის პირობებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ტრანსპორტით და ვაჭრობით ირჩენს თავს.

„ქრონიკა+“ თურქულ კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ორგანიზაციის ფილიალებში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ოპერატორები აცხადებენ, რომ არ იციან ხელმძღვანელი პირების საკონტაქტო ნომრები. გასაიდუმლოებული აღმოჩნდა ასევე ზუგდიდში ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ვახტანგ კაკულიას ნომერი. „ქრონიკა+“ ფოთის მერს ირაკლი კაკულიასაც დაუკავშირდა, მაგრამ მან ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა და შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

თამარ ბატიაშვილი