სამხედრო პოლიციიდან განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ

საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციას, უპირველესად, სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ემსხვერპლნენ. დაახლოებით 140 კაცი იანვრიდან კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და თებერვლის ბოლოდან მათ უმუშევრობა ემუქრება. პოლიციელები ხელისუფლების დამოკიდებულებით შეურაცხყოფილი არიან და უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავენ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ერთ-ერთი დათხოვნილი, შოთა მათითაიშვილი:

_ სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის მეორე ასეულის საქმის მწარმოებლად ვმუშაობდი. ჩვენი ცალკეული ქვედანაყოფი ტერიტორიულად ორთაჭალაში, გვარდიის დეპარტამენტის გვერდით ვიყავით. 5 დეკემბერს შემთხვევით გავიგეთ, რომ სამოქალაქო შტატები, სამოქალაქო პოლიციის ოფიცრის ადგილები უნდა გაეუქმებინათ, ანუ ჩვენი შტატები აღარ იქნებოდა და უკვე ბრძანებას ველოდებოდით.

_ შტატები რა მიზეზით გაუქმდებოდა?

_ ამაზე საერთოდ არაფერს ამბობდნენ. როგორც ბოლო განცხადებები ვნახეთ, საუბარია რაღაც ოპტიმიზაციაზე და ა. შ. ზუსტად 21 დეკემბერი იყო, ჩვენმა მეთაურმა, მამუკა ამაშუკელმა, მოგვაწყო და გამოგვიცხადა, რომ ბრძანება უკვე მოსულია, კადრების განკარგულებაში ხართ გადასულები, თქვენი შტატები გაუქმდა და სამსახურიდან თავისუფალი ხართო. სახლში წამოვედით.

ჩვენთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს სამხედრო ოფიცრებიც (როგორც გავიგეთ, კაპიტნების ნაწილს კომპენსაცია მისცეს). აკადემიადამთავრებული ხალხი გაუშვეს, ვისაც თავისი სამხედრო კოდი აქვს მინიჭებული. რა თქმა უნდა, ზოგიერთი დატოვეს. ვინ რა კრიტერიუმით დატოვეს, ან გაუშვეს, ამის შესახებაც არაფერი ვიცით.

_ ბრძანების წაკითხვისას ადგილზე ახსნა-განმარტება ხომ არ მოგითხოვიათ?

_ ამაზე რეალური პასუხი არავის ჰქონდა. მეთაურის განცხადებით, ეს გენერალური შტაბიდან წამოსული ბრძანება იყო, რაც ადგილზე შეასრულეს კიდეც. ჩვენ რაღას ვიტყოდით, როცა უკვე არაფერს აზრი არ ჰქონდა? მხოლოდ გავაპროტესტეთ, _ ეს ყველაფერი უცებ რატომ მოხდა, წინასწარ რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რომ რეორგანიზაცია უნდა ჩატარებულიყოო?!

_ რა გიპასუხეს?

_ არაფერი, ისევ და ისევ, ბრძანება გენშტაბიდან არის წამოსული და ჩვენ შევასრულეთო. კადრებში გადაგვიყვანეს.

_ კადრებში გადაყვანა რას გულისხმობს?

_ იანვარ-თებერვალში კადრების განკარგულებაში ვართ. იანვრის ხელფასს, ჩვეულებრივად, სრულად ჩაგვირიცხავენ, ხოლო თებერვლისას, დაახლოებით, ნახევარს და მერე მორჩა, თავდაცვის სამინისტროდან სრულიად განთავისუფლებული ვიქნებით. კი აცხადებენ, რომ ვინც კომპენსაცია არ მიიღო, სამსახურში დაინიშნებიანო, მაგრამ დიდი ეჭვი გვეპარება, ეს ფარსია.

_ ასე რატომ ფიქრობთ?

_ ვისაც პატრონი ჰყავდა, უკვე სხვადასხვა განყოფილებაში ნიშნავენ, მაგალითად, ოპერატიულში. ვინც „უპატრონოები“ ვიყავით, ასევე დავრჩით, არც არავის იმედი გვაქვს. ამიტომ არ მჯერა, რომ სამსახურში დამაბრუნებენ, იმედიც არ მაქვს. რახან ამდენი გააკეთეს, წინასწარ არ გაგვაფრთხილეს და ასე ერთი ხელის მოსმით გამოგვყარეს (საახალწლოდ ასეთი ე. წ. საჩუქარი გაგვიკეთეს), იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ესენი ისევ სამსახურებში დაგვნიშნავენ. ვითომ კადრების განკარგულებაში ვართ, რეალურად კი გარეთ ვრჩებით.

_ რას აპირებთ?

_ გვინდა, რომ სასამართლოს მივმართოთ. ამის შემდეგ ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება. იურისტები მოვნახეთ, სარჩელი უნდა შევიტანოთ და პროცესებს გავყვებით. ექვსი წელი სამხედრო პოლიციაში ვმსახურობდი. როდესაც დავინიშნე, სავალდებულო წოდება რიგითი მქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ხელმძღვანელობას ჩემი მუშაობა მოეწონა, სამოქალაქო შტატზე გადამიყვანეს. ეს ადგილი ადრე კაპიტნის შტატი იყო. მაშინ პატრულის სამმართველოში შევდიოდით.

დაახლოებით ორი წლის წინათ ბატალიონად გადაგვაკეთეს, ეს ჩვენი აღმოსავლეთ დანაყოფი შეიქმნა. შემდეგ მე ისევ გადმომიყვანეს, სამოქალაქო, კაპრალ-სპეციალისტის შტატზე დამნიშნეს. კაპიტნის შტატზე აღარ, რადგან ერთ-ერთი ასეულის საქმის მწარმოებელი ვიყავი.

ახლა მინისტრის განცხადებაში მოვისმინე, სამსახურიდან კაპიტნის შტატზე ვინც იყო, ისინი დავითხოვეთო. ამ დროს ჩემთან ერთად თანამდებობაზე ასევე სხვა კაპრალ-სპეციალისტები იყვნენ და ისინიც გაუშვეს. ანუ არ განასხვავეს, თანამშრომელი რამდენი წელი მუშაობდა, რა სპეციალობა, რა გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, დარწმუნებული ვარ, პირად საქმეებსაც არ გადახედეს, რადგან ისეთი კატეგორია გაგვიშვეს, ვისაც პირადი საქმე სუფთად გვქონდა, არც საყვედური მიგვიღია, არც ახსნა-განმარტება დაგვიწერია და მადლობების მეტი არაფერი მიგვიღია. ამიტომ გასაშვები ხალხი რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ესეც არ ვიცით.

_ სასამართლო გზით რის მიღწევას ცდილობთ?

_ გვინდა, რომ სამსახურებში დავბრუნდეთ, რადგან არასამართლიანად გამოგვიშვეს. მივიჩნევთ, რომ ამ გადაწყვეტილებასთან სამართალს არაფერი საერთო არ აქვს, ძალიან ბევრი ნიუანსია დარღვეული. სამომავლოდ, რასაკვირველია, სამსახურში აღდგენას ვითხოვთ. აღმოსავლეთ ბატალიონში, როგორც მოგახსენეთ, შტატი გააუქმეს და იგივე თანამდებობაზე დაბრუნება ვერ მოხერხდება, მაგრამ დეპარტამენტში სამსახურში დაგვაბრუნონ და მერე გადაწყვიტონ, ეს კონკრეტულად სად და როგორ განხორციელდება.

_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო თქვენს აღნიშნულ მოთხოვნას გაიზიარებს?

_ რატომღაც, გვგონია, რომ სასამართლომ ჩვენი არგუმენტები უნდა გაიზიაროს, რადგან კანონი საჯარო სამსახურის შესახებ თავზე დაიმხეს. ასე უცებ რეორგანიზაციის ჩატარება და ერთ კვირაში სამსახურებიდან ხალხის გაყრა წარმოუდგენელი ამბავია. როგორც ვიცი, რამდენიმე თვით ადრე მაინც უნდა მოგვაწერინონ ხელი რაიმე დოკუმენტზე და რეალობა გაგვაცნონ, რომ შესაძლოა, რეორგანიზაცია ჩატარდეს; რომ ამის შემდეგ თქვენ კადრების განკარგულებაში გადახვალთ და მერე ან დაინიშნებით, ან _ არაო. იმედიანად ვართ. არიან თანამშრომლები, რომლებიც ბიულეტენზე იყვნენ გასულები, ან გუშინ დახურეს და სამსახუიდან მაინც გაუშვეს. ეს აშკარა დარღვევაა. როდესაც თანამშრომელი ბიულეტენზეა, მას კადრების განკარგულებაში ვერ გადაიყვან. ამიტომ სასამართლო ხელისუფლების იმედი გვაქვს, რომ სიმართლის მხარეს დადგება.

_ სხვა სტრუქტურებისთვის ხომ არ მიგიმართავთ?

_ სახალხო დამცველის ოფისში ვიყავით საჯარო მოსამსახურეების უფლებების დამცველ დავით ნემსაძესთან. გვიპასუხეს, რომ ყველაფერი დარღვევებით გაკეთდა და სასამართლოს მიმართეთო. ჩვენი იურისტები გვყავს და, შესაბამისად, საქმის კურსში ჩავაყენეთ. დანიშვნისა და განთავისუფლების თაობაზე ჩვენი ბრძანებები გამოვითხოვეთ და სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს.

_ როდის აპირებთ სარჩელის შეტანას?

_ იურისტების გადაწყვეტილებით 17 იანვრისთვის ვგეგმავთ სარჩელის შეტანას. ხაზს ვუსვამთ, რომ ოპტიმიზაცია უნდა განხორციელებულიყო არა ჩვენი სამსახურიდან გაშვებით, არამედ ამისთვის სხვა ხარჯები უნდა შეემოკლებინათ. პატივცემულები ბოლო მოდელის „ლექსუსის“ ჯიპებით რომ დაბრძანდებიან, ჯერ ამდენ პრემიასა და საწვავს რომ ითვისებენ, ცოტა ისე გაეკეთებინათ, რომ სამსახურიდან გაყრა ჩვენ არ შეგვხებოდა. ამისთვის სხვა ხარჯები შეემცირებინათ და უფრო საკუთარი დანახარჯები მოეკლოთ, რათა ათასობით ადამიანი უმუშევარი არ დავრჩენილიყავით.

სამხედრო პოლიციაში ეს პროცესი ჩვენ შეგვეხო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ხალხის განთავისუფლება მთელ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. ზოგადად, თავდაცვის უწყებაში ხალხის სამსახურებიდან ასე უაზროდ გაყრა არასამართლიანად მიმაჩნია.

სასამართლოს ჩვენი კუთხით მივმართავთ და ვნახოთ, იქ როგორ განვითარდება პროცესები.

_ ფიქრობთ, რომ ამ ოპტიმიზაციის პროცესში თავიანთი თანამდებობრივი ხარჯები არ შეიმცირეს?

_ რასაკვირველია, საკუთარი თავისთვის არავის არაფერი შეუმცირებია. ეს ჯოხი ისევ იმ ხალხზე გადატეხეს, ვინც დღე და ღამე შრომობდა. პირადად, როგორც მოგახსენეთ, ექვსი წელია, ვმუშაობ და ჩემი საქმე ფორმაა. იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ბაკალავრის ხარისხი მაქვს. ახლა რომ ასე უცერემონიოდ გამომიშვეს, მათ ვეკითხები, სად წავიდე? მეტი ხელობა არ მაქვს.

ასევე ჩემთან ერთად გაათავისუფლეს უფროსი ლეიტენანტები, კაპიტნები,  რომლებიც ათი წელია, მუშაობენ, ჩვენი ყველას საქმე სამხედრო ფორმაში ყოფნაა. მეტი ხელობა არ გაგვაჩნია, არ ვართ მჭედლები, ხუროები, სხვა საქმე არ ვიცით, უბრალოდ, როდესაც სახელმწიფო ასეთ ნაბიჯს დგამს, თავდაცვის სამინისტროს კუთხით რაღაც ალტერნატიული ხომ უნდა შემოგვთავაზოს?

_ ამ საკითხზე მინისტრთან რამე სახის კონტაქტი ხომ არ გქონიათ?

_ 5 დეკემბერს ყური რომ მოვკარი, ჩვენი სამსახურებრივი შტატები უქმდებოდა, პირადად მე წერილი მივწერე. მეუღლე ძალიან მძიმედ მყავს, ხუთჯერ აქვს ხერხემლის ოპერაცია გაკეთებული ექიმების დაუდევრობის გამო. პირადად მივმართე მინისტრს თხოვნით, ამ მდგომარეობაში მყოფს სამსახური შემინარჩუნეთ-მეთქი. ამ წერილმა თავდაცვის სამინისტრო მოიარა. მოადგილეს, გენშტაბის უფროსს გაუგზავნეს, მერე ისევ დეპარტამენტის უფროსს დააწერეს, მან _ მოადგილეს და ისიც ჩვენ, აღმოსავლეთ ბატალიონს გადმოგვაწერეს. ამ ბატალიონში ეს შტატები თუ უქმდებოდა, ჩვენ ვინ დაგვნიშნავდა? ამათ ისევ უკან, დეპარტამენტში გადაუგზავნეს, როგორც ხდება ხოლმე, საქმე ჩამოწერეს და ურნაში გადაუძახეს. შესაბამისად, განცხადებამ წრეზე იტრიალა და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ჩვენთან არიან ოთხ, ხუთშვილიანი თანამშრომლები, არ ვიცი, ზოგს მეუღლე დაღუპული ჰყავს. დღევანდელ დროში სამსახურის პოვნა ძალიან გართულებულია. ახლა კი საახალწლოდ სტრესი მივიღეთ, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს. თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ, რადგან ასეთი დამოკიდებულების ღირსი ნამდვილად არ ვიყავით. წლებია, აქ ვმუშაობთ და ჩვენი ძალა და ღონე ამ სამხედრო პოლიციას შევალიეთ. სრული მარაზმი და დანაშაულია, რაც მათ ჩაიდინეს.

ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მაინც თავის სიმაღლეზე დადგება. იურისტებიც გვეუბნებიან, რომ საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა. ბოლომდე ვიბრძოლებთ! გმირ ბიჭებს, ომის მონაწილეებს აგდებენ დაკავებული თანამდებობებიდან. რაც შეეხება ე. წ. ოპტიმიზაციას, ქამრები თვითონ შემოიჭირონ და ჩვენს ხარჯზე ნუ გადააქვთ ეს ყველაფერი, თორემ ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ.

 

„ქრონიკა+“-ის მეორე რესპონდენტიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. მას, გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის დასახელება არ სურს:

_ მეც სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის საპატრულო ასეულის უფროსი პატრული, უფროსი ლეიტენანტი ვიყავი. ჩემი ფუნქცია იყო სამხედრო ნაწილების კონტროლ-პატრულირება ქალაქის ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროზე რიცხული ავტომანქანების კონტროლი, საბუთების შემოწმება, მათი ესკორტირება, ვინც თავდაცვის სამინისტროს ესტუმრებოდა. ასევე სამხედრო კოლონების, ტექნიკის გაცილება, ზოგადად, სამხედრო კონტროლი.

ერთ დღესაც ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ, სავარაუდოდ, ჩვენი შტატები უქმდებოდა. ამაზე კოლეგამ დამირეკა და არა რომელიმე ხელმძღვანელმა პირმა. მეორე დღეს სამსახურში მივედით, გადავწყვიტეთ, რომ მეთაურთან ავსულიყავით. უფროსობისგან მაშინ შევიტყვე, რომ ჩვენი შტატები რამდენიმე დღეში გაუქმდებოდა. ეს იყო და ეს. 21 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, მოგვაწყვეს და გვითხრეს, რომ აღარ ვართ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, _ დამთავრდა ჩვენი კარიერა, შეგვეძლო, ფორმა გაგვეხადა, საბუთები ჩაგვებარებინა და ა. შ.

_ გადაწყვეტილებას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ თქვენგან პროტესტი არ მოჰყოლია?

_ არა, რადგან კადრების განკარგულებაში ვართ და თუ ბევრს ვიყვირებთ, სავარაუდოდ, იმ ერთი თვის ხელფასსაც დავკარგავთ. კონკრეტულად, ეს არავის უთქვამს, მაგრამ ამაზე გარკვეული მინიშნებაც გაკეთდა. ავიღებთ იმ ერთი თვის ხელფასს, გავა ეს პერიოდი და ამით დამთავრდება ყველაფერი. ანუ არავის ალტერნატიული გზა არ შემოუთავაზებია. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ვიყავით კადრების განკარგულებაში, როდესაც ჩვენმა სამსახურმა სახელი შეიცვალა, ბატალიონი გავხდით. გადაგვიყვანეს კადრების განკარგულებაში და გვითხრეს, რომ იქნებოდა ოთხი ეტაპი. თუ ამ ოთხ ეტაპს წარმატებით გავივლიდით, ჩავირიცხებოდით და ღირსეული თანამშრომლები ვიქნებოდით. ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, დრო გვქონდა, ჩავაბარეთ. მანამდე შესაბამისი კურსებიც გავიარეთ და სამუშაოზე დავინიშნეთ. ასე ჰაერზე არ მივსულვართ და სამსახურში ჩვენი მიღება ნეპოტიზმის ნიშნით არ მომხდარა, ახლა კი გვითხრეს, რომ თქვენ აღარ ხართ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებიო. შესაბამისად, ჩვენი პერსპექტივაც ბუნდოვანია. რაიმე დაპირება რომ ყოფილიყო, კიდევ იმედი გვექნებოდა. თავიდან მოვემზადებოდით და ყველაფერს ვიზამდით, რომ ჩვენი თავი უფრო წარმოგვეჩინა.

მაგრამ არავის მადლობაც არ გადაუხდია ჩვენთვის. მარტო ბატალიონის მეთაური კი არაა, არის დეპარტამენტი, მას ჰყავს ხელმძღვანელი, მოადგილეები… ერთი ადამიანი მაინც უნდა მოსულიყო და ეთქვა, რომ რა ვქნათ, გიშვებთ, ასე მოხდაო. მადლობა მაინც გადაეხადათ, რომ ხალხი ამდენი წელია, სამსახურს თავს სწირავს.

ჩვენ ავაწყვეთ ეს სამსახური, ეს ბატალიონი. მთელი თვენახევარი გარეთ ვიდექით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მანქანებში გვეძინა. ხის ქვემოთ იყო ჩვენი ოთახი, მოსასვენებელიც, სამუშაოც და ყველაფერიც. ამაზე არ ვწუწუნებდით, რადგან ეს ქვეყანას, ჩვენ გვჭირდებოდა, იქ ერთმანეთის გვერდით ვიდექით. მერე შენობაში სადაც შევედით, ჩვენივე ხელებით დავასუფთავეთ. მოკლედ, სამსახური ფეხზე დავაყენეთ, იმ ხელმძღვანელობას გვერდით დავუდექით. იმ დროებამ ასე მოითხოვა.

წვიმა იყო თუ ქარი, ჩვენი ადგილი იმ ერთი ხის ქვეშ იყო, რომელიც მერე გაპუტეს კიდეც. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამსახური და აქ მარტო ხელფასი არ ყოფილა. ხელფასიც მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ პირობებში ადამიანი მარტო ხელფასის გამო ვერ გაძლებდა. სამსახური აქამდე მოვიყვანეთ, ცოტა აეწყო, ამ დროს ადგნენ და გამოგვიშვეს.

_ ვის მიმართეთ?

_ როგორც უკვე აღინიშნა, იურისტებთან ერთდ ვიყავით და სასამართლოს მივმართავთ.

_ რას იმედოვნებთ?

_ მთელ ამ პროცესს თავისი საფეხურები აქვს. სამსახურიდან გაშვებისას ადრევე უნდა გაგაფრთხილონ. ამაზე დეტალურად ვერ მოგახსენებთ, უკეთესად იურისტებმა იციან. ბიჭებს კომპენსაცია მისცეს და ღმერთმა შეარგოთ, ხუთი და იმდენი მიეცეთ, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? ისე გამოვიდა, რომ სამხედროები სამხედროები არიან და ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ჩვენც გვყავს ოჯახები, პრობლემები გვაქვს და ამ დროს მადლობის სათქმელადაც კი არავინ შეგვხვდა. საყვედური მაინც ეთქვათ, უვარგისები ხართ და სამსახურიდან ამიტომ გიშვებთო. კადრების განკარგულებაში პირველ თვეს ჩვეულებრივ ხელფასს ვიღებთ, რასაც ვიღებდით, მეორე თვეში, როგორც ვიცი, 19 დღის ფულს მოგვცემენ და ამით ყველაფერი დამთავრდება.

ჩვენი მიზანი სასამართლოს გზით სამსახურში აღდგენაა. ჩვენ აქ ბანკებიდან და სხვა სამსახურებიდან არ მოვსულვართ. როდესაც 21 წლის გავხდი და ფორმა ჩავიცვი, დღემდე მეცვა და საკუთარი თავი სხვანაირად არც წარმომიდგენია. უბრალოდ, ახალგაზრდა ბიჭები ვართ და კარიერა ერთი ხელის მოსმით დაგვინგრიეს. ახლა, 40-50 წლის რომ ვიყო, უკვე პენსიაზე გავიდოდი და ვიტყოდი, რომ კაი, ასაკი ხელს აღარ მიწყობს-მეთქი, მაგრამ ყველაფერს ახლა ვიწყებთ, რამდენიმე წელია, ეტაპობრივად წინ მივდივართ და უნდა განვვითარებულიყავით.

სპეციალური კურსები გაგვატარეს. მაშინ რატომ გვატარებდნენ, ჩვენს განათლებაზე ფულს რატომ ხარჯავდნენ? მინისტრი ჩვენთან არც ყოფილა, არც მოუკითხავს, სამხედრო პოლიციის ბატალიონები საერთოდ სად დგას. ერთ-ერთი მოადგილე შარშან ახალ წელს მოვიდა, ეგონა, რომ სხვაგან იყო მისული და სამხედრო პოლიციაში აღმოჩნდა. ესეც არ იცოდა. ისიც თქვა, რომ ამ შენობაში კარგი საშინელებათა ფილმის გადაღება შეიძლებაო. დაგვცინა, შეურაცხყოფა მოგვაყენა, ხოლო ჩვენ დღემდე ადგილზე ვიყავით, ვითმენდით და საქმეს ვაკეთებდით, რადგან იგი გვიყვარს და სხვაგან თავი ვერ წარმოგვიდგენია. ჩვენი მოწოდება ეს არის.

კაცს შეეშინდა, ისეთ შენობში იყო მოსული. ხოლო ჩვენ ამ შენობაში გვეძინა, საქმეს ვაკეთებდით. რამდენ ხანსაც სამსახურში ვიყავით, ამდენი მშობლიურ სახლში არ ვყოფილვართ. დამატებით საათებშიც ვმუშაობდით და ყველა ხელმძღვანელობას გვერდით ვედექით. პირად საქმეში მხოლოდ მადლობები გვაქვს.

ჩვენთან ჰაიჰარად ხელფასს არავინ იღებდა.

უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება ყველას ცუდად შემოუბრუნდება, რადგან ასეულობით ადამიანის ოჯახი ულუკმაპუროდ დატოვეს. მათ შვილებს თოვლის ბაბუამ, ალბათ, ბევრი საჩუქარი მიუტანა, ამ ხალხის შვილებს კი არაფერი ერგოთ. ბანკის ვალები ყველას აქვს და არაფერი, ერთ მშვენიერ დღესაც იღვიძებ და ფიქრობ, შვილს სახლში პური საიდან მივუტანო?! შოკოლადზე ლაპარაკიც ზედმეტია.

დასავლეთ მიმართულების ბატალიონშიც ანალოგიური რამ განახორციელეს. იქიდინაც 40 თანამშრომელი სახლში გაუშვეს, აღმოსავლეთ ბატალიონიდან კი 100 კაცი გაგვიშვეს. ყველა მზად არის, ხმამაღლა გამოთქვას პროტესტი, არავის ეშინია. კადრების ვადა როცა გავა და სასამართლო გზასაც შედეგი თუ არ მოჰყვა, მერე უკვე სხვადასხვა ზომას მივმართავთ.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. მათგან ასეთი შინაარსის განმარტება მივიღეთ: 

_ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის საქმის მწარმოებლის, შოთა მათითაიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ შოთა მათითაიშვილი სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონში საქმის მწარმოებლად მუშაობდა, რომელიც ამჟამად იმყოფება კადრების განკარგულებაში.

აღნიშნული რეორგანიზაცია შეეხო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონებს.

ფუნქციურად სამხედრო პოლიციის ბატალიონებს უძლიერდებათ სამხედრო ფუნქციები და მათი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით, არამედ დაემატება მობილურობის მხარდაჭერის რეკოგნოსცირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადისა და ტყვეთა დაცვის კონტროლის ფუნქციები, რაც თავისთავად მოითხოვს სამხედრო ელემენტებს.

შესაბამისად, ბატალიონებში გაუქმდა ე. წ. ვარსკვლავიანი თანამდებობები, სადაც შეიძლებოდა დანიშნულიყო როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ან სპეციალური წოდების მატარებელი პირები და საშტატო ერთეული ჩანაცვლდა სამხედრო საშტატო ერთეულით, ერთადერთი სამოქალაქო შტატი არის იურისტის შტატი.

ასევე საპატრულო ასეულები და მასში შემავალი საპატრულო ჯგუფები შეიცვალა სამხედრო პოლიციის ასეულებით და გადავიდა ასეულებში შემავალი ოცეულების სისტემაზე, რამაც გამოიწვია ბატალიონებში ოფიცერთა გაზრდილი რაოდენობების შემცირება (საპატრულო ჯგუფებში თითქმის ნახევარი ოფიცრის შტატი იყო).

ყოველივე ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიზანი იყო ბატალიონებში სამხედრო კომპონენტების გაზრდა, რაც განაპირობებს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო პოლიციის ბატალიონებში.

რაც შეეხება კომპენსაციების გაცემისა და რეორგანიზაციის შედეგს, მოგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რეორგანიზაციის შედეგად კადრების განკარგულებაში გადავიდა სამხედრო პირების შემდეგი რაოდენობა: 76 ოფიცერი და 88 კაპრალ-სერჟანტი, 209 ოფიცერმა კი ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 197 500 ლარი შეადგინა, ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:

  • ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი _ 10 ათასი ლარი;
  • კაპიტანი _ 14 ათასი ლარი;
  • მაიორი _ 18 ათასი ლარი;
  • ვიცე-პოლკოვნიკი _ 23 ათასი ლარი;
  • პოლკოვნიკი _ 29 ათასი ლარი.

ოპტიმიზაცია შეეხო, ძირითადად, სამოქალაქო პირებს, რომელთა რაოდენობაც შეარაღებულ ძალებში 4870 იყო. მათგან „ვარსკვლავიან“ შტატზე (საშტატო ერთეული, რომელიც იძლევა პირის სამხედრო წოდებით, სპეციალური წოდებით, ან სამოქალაქო პირად (მოხელედ) დანიშვნის შესაძლებლობას) დანიშნული 3181 პირი და 1689 შტატგარეშე მოსამსახურე. ამ დროისთვის კადრების განკარგულებაში 502 სამოქალაქო პირია გადასული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრისა და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების  გზით უნდა განხორციელდეს.

ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებით გამოიხატა. შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით 389 556 ლარი დაიზოგა, რომელიც მინისტრისა და მისი მოადგილეების 10  მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. მთლიანობაში დაიზოგა 1 მილიონ ლარზე მეტი.

2016 წელს თავდაცვის სამინისტროს 670- მილიონიან ბიუჯეტში  67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33% ტექნიკის, ტყვია-წამლისა და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53%-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსებისა და ეფექტიანად განკარგვის საკითხს ეხება.

 

გელა მამულაშვილი