თეა წულუკიანის კომფორტის ზონა

ერთადერთი იმათგან, რომელსაც არსებულ რუბრიკაში (ჯერ) შევეხეთ, იუსტიციის მინისტრია, რომლის საცხოვრებელი სახლიც შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქგარეთ, სოფელ დიღომში აღმოჩნდა. ეს ისეთი დასახლებული პუნქტია, რომ მინისტრის საცხოვრებელი აქ აშენებულ სახლთაგან დიდად არც გამოირჩევა და რომ არ იცოდეთ, ყვითელ სახლში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თეა წულუკიანი ცხოვრობს, ამას მხოლოდ დაკვირვებით ვერც გამოიცნობთ. თუმცა ნამდვილად არის ის ნიშნები, რაც გაფიქრებინებს, რომ ამ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ და გალავანშემორტყმულ სახლში ვიღაც „მნიშვნელოვანი“ ცხოვრობს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შუადღის 15:00 საათზე სოფელ დიღმისკენ მიმავალ გზას დავადექი და მეტროსადგურ დიდუბიდან ტაქსით გადავწყვიტე წასვლა. სადგომზე პირველსავე ტაქსის მძღოლს ფასზე შევუთანხმდი და ვუთხარი, რომ სოფელ დიღომში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მინდოდა მოხვედრა, _ არ ვიცი, ეგ სად არისო. _ მაშინ, თეა წულუკიანის სახლთან მიმიყვანე-მეთქი. _ ეგ ვიცი, სადაც არისო, _ მიპასუხა და გავუდექით გზას. ტაქსისტი რომ ძალიან დაგვეხმარა (მე მასალის მომზადებაში და თქვენ წულუკიანის კომფორტის ზონის გაგებაში), ამაზე ქვემოთ მოგიყვებით.

ამინდი ხელს მიწყობდა, მოტივაცია მაღალი იყო, ტაქსის მძღოლიც _ მხიარული. გზაში შენობების დათვალიერებისას ყველაფერს მიხსნიდა. აქვე, სოფლის შესასვლელთან,  თბილისის საქალაქო სასამართლოც აღმოჩნდა და მარჯვნივ მოვუხვიეთ, უკვე სოფელში შევედით. სოფლის კვალობაზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ერთ შეფოთლილ ხეს ვერ ნახავთ, სამაგიეროდ, კერძო სახლებია ერთმანეთს მიბჯენილი, ნაწილი კი იმხელა ეზოში დგას, შეგშურდება, ამხელა მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთ ადამიანს რომ ეკუთვნის. შესახედავად სახლები მართლაც გამორჩეულია, მაგრამ მთავარი აქ ერთი, სოფლის შესასვლელიდან მოშორებული ყვითელი, ორსართულიანი და გალავანშემორტყმული სახლია, რომლის გარეთაც კამერები და დაცვის თანამშრომლებია მობილიზებული.

როგორც გავიგე, იგი თავიდან სოფლის ჩვეულებრივი, ერთსართულიანი სახლი ყოფილა, რომელსაც მეორე სართული თავად თეას სურვილით დაუშენეს და სტრასბურგიდან მოკარნახე მინისტრის მითითებებს მამამისი და მისი ძმა ასრულებდნენ.

დანიშნულების ადგილზე მისვილისთანავე დაცვის თანამშრომელი შემომეგება, რომელმაც, მართალია, არაფერი თქვა, მაგრამ თავისი მობილური გადამცემი მოიმარჯვა და ვინმე „ზემდგომს“ ინფორმაცია გადასცა, რომ დასაცავი ობიექტის ირგვლივ ვიღაც საეჭვოდ დაიარებოდა.

მანქანა შევაჩერეთ, სახლისთვის ფოტოს გადაღება მინდოდა, სახლს უკან მიშენებული მცირე ზომის ასანთის კოლოფის მაგვარი სივრციდან კოხტად ჩაცმული დაცვის თანამშრომელი გამოვიდა და თავი დამიქნია, _ რა გინდათო? ამის ნიშნად, მეც მანქანიდან გადავედი და ახსნა დავიწყე:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, ცნობადი სახეების კომფორტის ზონაზე ვწერ, თუ შეიძლება, მცირე ინფორმაცია მაინტერესებს ქალბატონ თეაზე. შეგიძლიათ, მითხრათ რაიმე, ვთქვათ, რამდენად ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ არაფერი არ შემიძლია. თუ შეიძლება, ფოტოები არ გადაიღოთ.

_ კი ბატონო, შიგნით არ ვიჭრები, უბრალოდ, გარედან ვიღებ ფოტოს, ეს ქუჩა ხომ ქ-ნი თეას საკუთრება არ არის? კერძო საკუთრებას არ ვეხები, ფოტოს ვიღებ.

_ გასაგებია, მაგრამ თქვენ გამო მე შემექმნება პრობლემა, გთხოვთ, გამითვალისწინეთ.

_ კარგი, _ ვეუბნები, _ არაფერს ვეხები. მანქანაში ვჯდები და გზას ვაგრძელებ. მეზობლებთან ვაპირებ გადასვლას და მათთვის კითხვის დასმას.

ჩვენი მთავარი გმირის სახლი ისეთ ადგილზე მდებარეობს, რომ მისი საცხოვრებლის უკან პატარა ქუჩას შემდეგი სახლისკენ მიჰყავხარ, რომელიც ხსენებული ყვითელი სახლის უკან მდებარეობს, მაგრამ ისეთი შემოკავებული ტერიტორია არ აქვს, როგორც გმირის სახლს, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ამ სახლის კართან მისვლა, დაკაკუნება და ამბის გაგება.

მეც არ ვაყოვნებ, მანქანას ოდნავ მოშორებით ვაყენებ და ამ სახლს ვუახლოვდები.

დიდ, შავ კარზე ახალი წლის აღმნიშვნელი, ნაძვის ტოტებით გაკეთებული გვირგვინია მიმაგრებული. იმის შიშით, რომ შეიძლება, უცებ ძაღლი დამესხას თავს, ფრთხილად მივდივარ სახლის კართან და, მართლაც, წინიდან წვრილი ხმით მყეფარი თეთრი პატარა „ქოფაკი“ მეგებება, თან ჩემკენ ისე მოიწევს, რომ ვიცი, ვერ გამგლეჯს, მაქსიმუმ, ფეხზე წამავლოს კბილი. მეც არ ვუშინდები და წინ მივიწევ. ჩემსა და ამ „ქოფაკს“ შორის ბრძოლა გაიმართა, მაგრამ აშკარად ვერ მომერია და კართან მივიჭერი, ეს თეთრი ძაღლი გარს მივლის და ყოველ კაკუნზე უფრო ეძალება ყეფას. მეც არ ვნებდები და კაკუნს ვაგრძელებ, თუმცა ამაოდ. ფანჯრიდან ვხედავ, როგორ დევს დივანზე კუბოკრული პლედი და იმედი მაქვს, რომ ვიღაც წამოდგება, კარს გამიღებს. ხუთწუთიანი კარზე კაკუნის მერე ვხვდები, რომ არავინ არაა მისი გამღები და ისე ვტოვებ იქაურობას, ამ ძაღლს ზურგს არ ვაქცევ და უკან ისე გამოვდივარ. ახლა შემდეგი მეზობლის სახლის მონახულება გადავწყვიტე და თან ხელს ის მიწყობს, რომ ეზოები აქ შემოკავებული არ არის.

ახალი სახლის კარზე ვაკაკუნე, იქ, სადაც მასპინძლის სახლის ჩუსტები იყო მობილიზებული, აქ რომ არავინ მიპასუხა, მეორე კარს მივადექი, ესეც შავი იყო, დაბურული და იგივე ახალი წლის გვირგვინი ეკიდა. კარზე ვაკაკუნე, არავინ მიპასუხა, ასე განმეორდა სამჯერ, თუმცა შემდეგ ყრუ ხმა მომესმა და გადავწყვიტე, კარი შემეღო. ასე აღმოვჩნდი უზარმაზარ ოთახში, რომლის მარჯვენა კუთხეშიც, გამათბობელთან, 70 წლამდე მამაკაცი იჯდა. სათვალე ეკეთა და ჩემკენ ვერ ტრიალდებოდა, მივხვდი, რომ სიარული უჭირდა. ახლოს მივედი, გაზის გამათბობლისთვის ხუფი მოეხსნათ, ეტყობოდა, რომ მოხუცს მეტი სითბო სჭირდებოდა. სათვალიდან ამომხედა:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ქ-ნი თეა წულუკიანის კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერესებს, თქვენთან როგორი დამოკიდებულება აქვს, როგორც მეზობელთან?

_ ჰო, მეზობელია და კაი გოგო არის, მინისტრი რომ გახდა, ცოტა დრო აქვს სამეზობლოდ.

_ ანუ მანამდე დადიოდა ხოლმე?

_ დიახ, დიახ.

_ პირადად იცნობთ?

_ დიახ.

_ ურთიერთობაში როგორია?

_ თავისუფალი გოგოა.

_ ახლა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს აქ?

_ აი, მეუღლე ნაღდად არ მინახავს.

_ დადებითი პიროვნებაა თეა?

_ კი, კი ძალიან. აქ მარტო ცხოვრობს, დედ-მამა აქ არ არის. მარტოკა იყო.

_ ახლა შეხება არ გაქვთ?

_ ახლა არა, ვერ ვარ კარგად, მაგრამ სახლის მშენებლობა რომ იყო, მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა, სწავლობდა თუ მუშაობდა და სამშენებლო ამბებში ვეხმარებოდით, წყალი ან რამე თუ სჭირდებოდათ, ყურადღებას ვაქცევდით სამეზობლო.

_ ისე, იცის ხოლმე სამეზობლოში გადმოსვლა, ან რაიმე მსგავსი?

_ არა, ნაღდად არა, დრო არ აქვს, ადრე გადის და გვიან ბრუნდება ხოლმე ძალიან.

_ კარგი, ძალიან დიდი მადლობა, _ ვეუბნები და ვემშვიდობები. წამოდგომას იწყებს და ვთხოვ, რომ არ წამოდგეს, მაგრამ ჩემი თხოვნა ამაოა. ორივე ერთად გამოვდივართ გარეთ და მაცილებს.

_ იქით გვერდზე მეზობელს ელაპარაკეთ? _ მეკითხება.

_ რომელ სახლში? _ ვეკითხები მეც.

_ აი, იმაში, _ მეუბნება და სწორედ იმ სახლისკენ იშვერს თითს, საიდანაც წეღან თეთრ „ქოფაკს“ ძლივს დავაღწიე თავი.

_ კი, იქ ვიყავი, მაგრამ კარი არავინ გამიღო, ალბათ, სახლში არ არიან.

_ მოიცა, ვნახო, მანქანა თუ დგას, იქნებიან, თუ არადა, მართლა გასულები აღმოჩნდებიან.

როცა თავისი თვალით ნახა, რომ ადგილზე მანქანა არ იდგა, მომიბრუნდა და მითხრა:

_ არ დგას მანქანა, შვილო, წასულები არიან ნამდვილად. არადა, ნათესავები არიან თეასი და ბევრ რამეს გაიგებდით.

(სხვათა შორის წეღან რომ კარზე ვაკაკუნე, სადაც მასპინძლის ფეხსაცმელი შევნიშე, ამ ყურადღებიანი მოხუცის აბაზანა ყოფილა, კიდევ კარგი, დიდხანს არ გავაგრძელე მასპინძლის ლოდინი კართან.

_ სამეზობლოშია ჩემი ქალი გადასული, თორემ ისიც გეტყოდა ორიოდე სიტყვას.

_ მადლობა თქვენ, ბატონო, _ ვუთხარი და წამოვედი.

გზაზე ჩემი ერთგული ტაქსის მძღოლი, რეზო მელოდებოდა და უკანა გზაზე, როცა ამ ბატონის სახლიდან გამოვედი, შორიდან შევნიშნე, რომ დაცვაც, რომელიც პირველად შემეგება, უკან გამომყოლია. ყურადღება არ მივაქციე და მანქანაში ჩავჯექი.

_ ყველა შენ გეძებს, მგონი, _ მეუბნება რეზო, _ რატომ ააწრიალე ეს ხალხი? არ დაგვიჭირონ, გოგო.

_ არა, ნუ ღელავ, კერძო საკუთრებაში არ ვიჭრებით, უბრალოდ, მეზობლებს ვუსვამთ ორიოდ კითხვას, _ ვამშვიდებ და ამ ჩიხიდან სოფლის მთავარ გზაზე გავდივართ.

აქ ქუჩაში ერთი კაცი შემომხვდა, მანქანა გავაჩერეთ, სწრაფად გადმოვედი, ვუხსნი, ვინც ვარ და ვეკითხები:

_ ქ-ნ თეას თუ იცნობთ?

ხმას არ იღებს და მიყურებს.

_ რამე შეხება გაქვთ? აქ ხომ ცხოვრობთ, ბატონო?

ისევ მიყურებს, ტრიალდება და ზურგს მაქცევს. მიდის.

აშკარად ვხვდები, რომ რაღაც დალაგებულად ვერ არის საქმე, დაცვა ისევ საქმის კურსშია, სახლის გალავანს ჩვენთან ერთად არტყამს წრეს და დროდადრო გადამცემზე საუბრობს.

მანქანის ფანჯარას დაბლა ვწევ, ცოტათი იბნევა, არ ელოდება, რომ ამას გავაკეთებ, მასაც ვუხსნი, ვინ ვარ, მერე ვეკითხები:

_ იცნობთ ქ-ნ თეას?

_ არა.

_ როგორ, მის სახლს ხომ იცავთ?

_ კი.

_ მერე, არ იცნობთ?

_ არა.

_ არანაირი შეხება არ გქონიათ?

_ არა.

_ არასდროს მოგსალმებიათ?

_ არა.

_ არც გინახავთ ოდესმე?

_ არა.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვეუბნები და გზას ვაგრძელებთ.

ცალსახად მომატყუეს, არაუშავს. შორიდან ვხედავ, რომ ქუჩის ბოლოში ბირჟის მაგვარი „წარმონაქმნია“. ბირჟას ორი ჯეელი და ერთი გრძელი ხის სკამი ამაგრებს. მათკენ მივიწევთ. მანქანის სვლას ვანელებთ. გადმოვდივარ და ვეუბნები:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, ქ-ნ თეა წულუკიანზე მაქვს ორიოდე კითხვა.

_ არაფერი ვიცით.

_ არ გინახავთ არასდროს?

_ არა, საერთოდ („ვაბშე“).

_ თვალიც არ მოგიკრავთ?

_ არა.

_ კარგი, გმადლობთ. მანქანაში ვჯდები. მე და რეზო იმაზე ვმსჯელობთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ჩვენს გმირს იცნობს, მაგრამ თითქმის ყველას კარი დახურულია. დაცვა ისევ უკან მოგვყვება. გადავწყვიტეთ, გავეცალოთ იქაურობას და თბილისში დავბრუნდეთ.

სოფლიდან გამოვედით და ყვითელი სახლი ნელ-ნელა უკან ჩამოვიტოვეთ. დაცვას საზრუნავი გავუჩინეთ, მეზობლებს _ კითხვები, თეასთვის კი ვინ იცის, იქნებ, პირველები ვიყავით ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრები, შეიძლება არა, მაგრამ ერთი კია _ შესანიშნავად იცავს სახლსაც და თავსაც.

„ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება მოვასწარი. იმედია, სტრასბურგში განათლებამიღებულ და ნამუშევარ იუსტიციის მინისტრს  პირადი კომფორტის ზონის მიმართ საჩივარი არ ექნება სიმშვიდის დარღვევის თვალსაზრისით, თორემ მასთან საქმის მოგება რეალობას ამცდარი ილუზიაა და ეს მაშინ, როცა მის პირად კომფორტს არც კი შევხებივართ. მხოლოდ დაცვის თანამშრომელსა და უსაფრთხოების კამერებს გავუჩინე კითხვები ჩემს ვინაობასთან დაკავშირებით, ეს იყო და ეს.

თბილისში დავბრუნდით. უკან გამოსვლისას ვხვდებოდი, რატომ აირჩია ხალხმრავალი ადგილით შეწუხებულმა იურისტმა სოფელი, თანაც ისეთი, რომ არც ისე შორს ყოფილიყო დედაქალაქისგან.

მაშ, ასე! თეა წულუკიანის კომფორტის ზონაა სოფელი დიღომი, სიმშვიდე, გალავანი და ყვითელი, ორსართულიანი სახლი, რომლის რემონტშიც თეას პირადი წვლილი მიუძღვის.

 

ნინო ტაბაღუა