ზურაბ თოდუა: ,,260-ე მუხლით სანქციის გავრცელება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სრული პარადოქსია!”

სამართლიანი სასამართლო, ისევ გადაუჭრელი პრობლემაა ხელისუფლებაგამოცვლილ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების რამდენიმესაფეხურიან აუცილებლობაზე საუბრობენ, ამ დრომდე, სასამართლო სისტემაში დაგროვილი ხარვეზები თუ იურიდიული ლაფსუსები იმედისმომცემ ფონს, ნამდვილად არ ქმნის.

რა ფაქტებს აწვდის ,,ქრონიკა+”-ს ადვოკატი ზურაბ თოდუა და რატომ თვლის, რომ სასამართლო სისტემაში მხოლოდ რეფორმების დაანონსება და ცალკეული მოსამართლეების დანიშვნა, ან განრიდება სიტუაციას ვერ გამოასწორებს? რას ნიშნავს აბსურდამდე დასული უცხო ქვეყნის მოქალაქის ქეისი, რომელსაც ქართული სასამართლო ბიუჯეტის სახელით ძარცვავს?!

 

ზურაბ თოდუა:

ეხება ქართველ კაცს, რომელიც 1990 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების  სრულუფლებიანი მოქალაქეა. მას საქართველოსთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ მისი სამშობლოა და აქ ჰყავს შვილთაშვილი. პერიოდულად, საქართველოში სწორედ მის სანახავად ჩამოდის ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, 2015 წლის ზაფხულში, იგი თბილისის პრესტიჟულ უბანში სამართალდამცველებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და 50 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. სამი დღე პატიმრობაში ჰყავდათ, შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიება 10 ათასი ლარის გირაოთი შეუცვალეს. რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელმაც საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ამ ადამიანს შორის, შესაბამისად, ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ასევე სასამართლომ ავტომანქანის მართვის უფლება და ის უფლებები ჩამოართვა, რასაც საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ითვალისწინებს. რაც ყველაზე საინტერესოა, მას ჩამოერთვა საარჩევნო უფლება, ანუ აეკრძალა აირჩიოს როგორც კონგრესმენი, სენატორი, ასევე ამერიკის პრეზიდენტი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ. მე არ მაქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კონფიდენციალურობის დარღვევის უფლება, მისგან ნებართვა არ გამაჩნია გვარ-სახელის გამჟღავნების თაობაზე, ამიტომ ამ ადამიანის ვინაობას ვერ გისახელებთ, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფაქტი ნამდვილია და დოკუმენტაციაც მოგიტანეთ.

შორენა გუნცაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მოსამართლე გახლდათ. მის მიერ განხილული ერთ-ერთი საქმე არც ისე სახარბიელოდ დამთავრდა საქართველოსთვის ევროპულ სასამართლოში. შემდეგ მას უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, მაგრამ მოსამართლედ კვლავ აღადგინეს. ამ მოსამართლემ ევროპული სირცხვილი აჭამა საქართველოს. საუბარი მაქვს საღინაძის საქმეზე. გუნცაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ საღინაძის უკანონო პატიმრობა დაადგინა 6 თვისა და 24 დღის მანძილზე.

ბათუ საღინაძე შს სამინისტროში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელიც კახა კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე დააპატიმრეს. მოსამართლე მას პატიმრობის ვადას სრულიად დაუსაბუთებლად უგრძელებდა და ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეს ადამიანი 6 თვე და 24 დღე მას უკანონოდ ჰყავდა დაპატიმრებული.

მაშინ ასე იყო, _ მოსამართლეს პროკურორი მიმართავდა: პატიმრობა გამიგრძელე ორი თვით, სამი თვითო და მოსამართლეებიც სიტყვის  შეუბრუნებლად, დასაბუთების მოძიების გარეშე აგრძელებდნენ ვადებს. ბიუჯეტს 15 ათასი ევრო დაუჯდა ეს საქმე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ საღინაძეს ეს ფული საქართველოს ბიუჯეტიდან იმისთვის გადაუხადეს, რომ გუნცაძე მას უკანონოდ აპატიმრებდა. ეს მოხდა 2011 წელს და საღინაძეს 2012 წელს თანხა გადაუხადეს.

_ ამის გამო მოსამართლისთვის პასუხი არავის მოუთხოვია?

_ რა თქმა უნდა, არავის მოუთხოვია, საყვედურიც კი არ უთქვამთ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მოსამართლე რომ უსამართლო გადაწყვეტილების გამო ვინმეს დაესაჯოს, ასეთი რამ საქართველოს სინამდვილეში არ მომხდარა. უამრავი უკანონო გადაწყვეტილებაა ცნობილი, რომელიც მოსამართლეებმა გამოიტანეს, მათ გამო ადამიანები ციხეში წლობით იყვნენ გამომწყვდეულები, შემდგომ გამართლდნენ და დევნილის, ან პოლიტპატიმრის სტატუსიც მიენიჭათ, მაგრამ არავის უფიქრია იმ ხალხის დასჯა, ვინც ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანა. ასევე ვიტყვი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც აშკარად ჩანს მოსამართლეთა დანაშაულის კვალი. მათი დასჯის პრეცედენტი არ არსებობს. მოსამართლეთა შესაფერისობას მათ თანამდებობასთან გარკვეული კანონი წყვეტს. ამიტომაც არასდროს ედავებიან და არც ითვალისწინებენ იმას, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტი, ან პიროვნება დაზარალდა. ჩვენი კანონმდებლობით ეს განსჯადი არ არის. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ასეთი მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხს შეეხება, რადგან ასეთ დროს, მოსამართლეც იქნება, გარკვეულწილად, გადაწყვეტილებების მიღებისას შებოჭილი და მისთვის ადამიანის ბედი სულერთი არ იქნება. როგორც ვიცი, სხვა ქვეყნებში ეს პრობლემა არ დგას, რადგან იქ მოსამართლემ იცის, რომ საკუთარი რწმენით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომელიმე სტრუქტურის კაბინეტებიდან წამოსული დავალება არ უნდა შეასრულოს. სხვა, ცივილიზებულ ქვეყნებში პროკურატურაში, პოლიციაში ვერავინ წარმოიდგენს, რომ მოსამართლეს შეიძლება დაურეკონ და კონკრეტული ადამიანის მიმართ გააგრძელებინონ, ან შეამცირებინონ პატიმრობის ვადა. ჩვენთან კი სწორედ ასე ხდებოდა წლების განმავლობაში და ახლაც გრძელდება. ქართული სასამართლოს დონე ევროპული სტანდარტებიდან ძალიან შორს დგას.

_ თქვენ მითხარით, რომ მოსამართლე გუნცაძე მეორედაც აირჩიეს ამ თანამდებობაზე. როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატის ბიოგრაფიას იხილავს მოსამართლის ვაკანსიაზე, ანგარიშს არ უწევს მის გადაცდომებს, რომელიც ამ სამსახურში მუშაობის დროს ჰქონდა? მით უფრო, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ამ მოსამართლის არაკანონიერ განაჩენებზე წერია და ამით ბიუჯეტმა ამხელა ზარალი მიიღო, მათთვის არაფერს უნდა წარმოადგენდეს?

_ როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ საკითხებზე არ ფიქრობენ, თორემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ასეთი დასკვნა „მგლის ბილეთი“ უნდა იყოს მოსამართლისთვის და ის ამ სფეროს საერთოდ აღარ უნდა გააკარონ. ეტყობა, ისინი, სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ, როცა მოსამართლეებს ირჩევენ.

_ რა კრიტერიუმები აქვთ, იქნებ, მეც გამიმხილოთ?

_ იუსტიციის საბჭო ამ კრიტერიუმებს არ ასაჯაროებს, ამიტომ, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს არის მორჩილება. სხვანაირად ადამიანი, რომელმაც ევროპის მასშტაბით სირცხვილი აჭამა ქვეყანას და ხალხის ყულაბაც _ ბიუჯეტი _ სოლიდური თანხით დააზარალა, კვლავ მოსამართლის სკამს როგორ უნდა ისაკუთრებდეს? ჩემთვის რომ დაეჯერებინა და ჩემი საჩივრები დაეკმაყოფილებინა, ბიუჯეტიც ხომ არ დაზარალდებოდა. ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ მე ტყუილად არ ვჩიოდი და დაუსაბუთებელი მოთხოვნაც არ მქონია.

_ მოსამართლეთა ბიოგრაფიები ისეთი საინტერესოა, არც კი დაგაცადეთ აშშ-ს მოქალაქის მოსამართლისგან „კურიოზულად“ დასჯის საქმეზე საუბარი. გისმენთ, გავაგრძელოთ…

_ როგორ შეიძლება, ქართულმა სასამართლომ თავისი იურისდიქცია, გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაავრცელოს? ეს ხომ აბსურდი და სისულელეა? მიკვირს, რომ ეს საკითხი ვერც პროკურორმა, ვერც ადვოკატმა და ვერც მოსამართლემ გააანალიზა. ამ საქმეში ახლახან ჩავერთე და ამ ადამიანის ყოფილ ადვოკატსაც ამიტომ შევეხე. რასაც გეუბნებით, თვალნათლივ წერია მოსამართლე გუნცაძის გამოტანილ გადაწყვეტილებაში. პლუს, ამ ადამიანს სამი წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და თითქმის ყველაფრის უფლება ჩამოართვეს, ასევე გადაახდევინეს 10 ათასი ლარი. ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მოსამართლეს ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს მოქალაქის მიმართ, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყნის მოქალაქეზე რომ გამოგაქვს მსგავსი გადაწყვეტილება, ერთი წუთით ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ სხვა ქვეყანაში ასეთი რამეების აკრძალვის უფლება არ აქვს, რადგან იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება? ასეთია ზოგადი პრინციპი _ კანონის მოქმედება დროში, სივრცესა და პირთა წრის მიხედვით, რომელიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უხეშად დაირღვა. სასამართლომ ეს ადამიანი ვალდებული გახადა, კვირაში ერთხელ მივიდეს პრობაციის სამსახურში და დააფიქსიროს მისი საქართველოში არსებობა. იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, პრობაციის ოფიცერს შეუძლია, პროკურატურას მიმართოს, რომ ერთ-ერთმა პრობაციონერმა კანონი დაარღვია, არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიების დაწყება მოითხოვოს, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

_ ანუ ამ ადამიანს 50 გრ მარიხუანის გამო სამი წლით სახლში დაბრუნების საშუალება ჩამოართვეს?

_ ასე გამოდის, მაგრამ თუ მას უნდა, რომ აშშ-ში დაბრუნდეს, ყოველთვიურად სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს. ფულის გადახდის შემთხვევაში მას არ მოუწევს პრობაციონერისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, მაგრამ თუ არ გადაიხდის და არც ვალდებულებებს შეასრულებს, მაშინ დააპატიმრებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თუ ეს ადამიანი აშშ-ში დაბრუნდა და არც ფულს გადაიხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველ თვე, მაშინ შვილთაშვილის სანახავად, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, საზღვარზევე დააპატიმრებენ. თუმცა თუ ეს პიროვნება აშშ-ში საჭესთან დაჯდება, გახსნის ფარმაცევტულ, ან საადვოკატო ფირმას და მიშაობას დაიწყებს, ან იქ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ როგორ აღსრულდება მასზე მიღებული გადაწყვეტილება, არ ვიცი. იმედია, თავად გუნცაძეს მაინც ეცოდინება. ეს პიროვნება აშშ-ში ან აფრიკაში საჭესთან რომ დაჯდეს, მას უკვე დარღვეული ექნება მიღებული გადაწყვეტილება და როგორ აპირებენ ამის გაკონტროლებას, ეს ამ მოსამართლეს უნდა ჰკითხოთ. ალბათ ერთი საშტატო ერთეული უნდა გამოეყოს პრობაციის სამსახურს, რომელიც სამი წლის განმავლობაში გააკონტროლებს, აშშ-ს მოქალაქე დაარღვევს თუ არა საქართველოს განაჩენს. ფულის გადახდის შემთხვევაშიც მხოლოდ პრობაციის სამსახურში გამოცხადებისგან იქნება თავისუფალი, მაგრამ სხვა დანარჩენისგან _ არა.

_ და ეს კაცი არ დაბრუნდა ცოლ-შვილთან აშშ-ში?

_ დიახ, წავიდა და იქიდან იხდის პატიოსნად ფულს, რომ პრობაციის სამსახურმა მასზე დევნა არ დაიწყოს. ე. ი. მოსამართლის მიერ მიღებული უსამართლო და გაუაზრებელი გადაწყვეტილებით ქართული ბიუჯეტი აშშ-ს მოქალაქეს ძარცვავს. ამ დღეებში აუცილებლად მივმართავთ პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს უკანონობა.

_ პრეზიდენტი რაღა შუაშია?

_ პრეზიდენტს შეუძლია, განკარგულება გამოსცეს და აშშ-ს მოქალაქე შეიწყალოს, თუმცა ისიც საინტერესოა, როგორ უნდა შეიწყალოს აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტმა?

_ თქვენ ისე საუბრობთ, უცხოეთის მოქალაქემ საქართველოს კანონი თუ დაარღვია, იგი კანონიერად ვერ დაისჯება?

_ ცხადია, ამას არ ვამბობ. შეიძლება, უცხოეთის მოქალაქე დაჯარიმდეს, ან დააპატიმრონ, მაგრამ ის, რაც გუნცაძემ გადაწყვეტილებაში ჩაწერა, აბსურდია და უკანონობა. მსგავსი პრაქტიკა უკვე მქონდა. ორჯერ ვიყავი ადვოკატად ჩართული უცხოეთის მოქალაქის საქმეში ბათუმში. ერთი იყო სერბეთის და მეორე ბულგარეთის მოქალაქე. პროკურორმა ორივეჯერ მოითხოვა, რომ მათზე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კანონი გავრცელებულიყო, მაგრამ სასამართლომ ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, _ უარი უთხრა პროკურორს მათთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევასა და პრობაციის სამსახურში გამოცხადებაზე და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა. ეს გააკეთა ბათუმის მოსამართლემ და თბილისის სასამართლოს მოსამართლემ რაღაც აბსურდი ჩაიდინა. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეების მიერ სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენას, ასეთ შემთხვევებში მათზე სხვა ნორმები მოქმედებს. 260-ე მუხლით სანქციის გავრცელება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სრული პარადოქსია.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გუნცაძემ მიიღო, რომელიმე კანონით აკრძალულია? ან პროკურორს რატომ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდნილი მოთხოვნის დაყენების უფლება რომელიმე პირის მიმართ? პროკურორიც ხომ იურისტია და მან კანონი კარგად უნდა იცოდეს.

_ პირდაპირ გეტყვით: მოსამართლეს უარი უნდა ეთქვა პროკურატურის უგუნურ მოთხოვნაზე და მხოლოდ ჯარიმით უნდა შემოფარგლულიყო. პროკურორები ხშირად ითხოვენ ადამიანების უკანონოდ დასჯას იმიტომ, რომ მათ ასე მიაჩნიათ, მაგრამ სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ მედიატორი იყოს და განსაზღვროს, რომელია მართალი ან მტყუანი. გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც შეუძლებელია, მოსამართლემ არ უნდა მიიღოს. ამ ადამიანს საქართველოში უკვე საკმაო თანხა გამოსძალეს. 10 ათასის გარდა წელიწადნახევრის თანხა აქვს გადახდილი იმიტომ, რომ პრობაციაში გამოცხადება არ მოსთხოვონ. ჯამში ეს არის 15 ათასამდე და პროცესი კიდევ გრძელდება.

_ მოსამართლეების მიერ არაკანონიერი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტები კიდევ გაქვთ?

_ ეს იმდენად ბევრია, რომ, ალბათ, ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, თუმცა გადაწყვეტილებას არაკანონიერი რომ დაარქვა, უზენაესი სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა გეკავოს ხელში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება, მოსამართლე შემოგიტრიალდეს და გითხრას, ჩემი შინაგანი რწმენით მივიღე გადაწყვეტილებაო. ბოლო წლების სტატისტიკა მართალია არ გამაჩნია, მაგრამ უფრო ხშირად რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს ჩარევები წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში, უკეთესი იქნება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და ისინი არ შედის საკასაციო საჩივრების სტილში.

ეს იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო ძალიან იშვიათად ერევა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში. 90% მას კი მიმართავს, მაგრამ საქმის განხილვაზე დაუშვებელი საკასაციო საჩივრით უარს ეუბნებიან.

_ უარს ეუბნებიან მოქალაქეებს სამართლიანობის დადგენაზე?

_ ევროპული სამართლით სამართლიანი სასამართლოსთვის ორი ინსტანციის გადაწყვეტილება სტანდარტად არის მიჩნეული, მაგრამ თუ ამას დავეყრდნობით, უზენაესი სასამართლო არც უნდა არსებობდეს და იქ მომუშავე თანამშრომლები არც უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან. არადა, ფაქტია, იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული და მეტად სოლიდური ხელფასებიც აქვთ. რომ არ არსებობდეს ეს რგოლი, არ იქნებოდა ევროსტანდარტის საწინააღმდეგო, მაგრამ რადგან არსებობს, ის უნდა იყოს მოქმედი და არა ბუტაფორიული. არსებითად უნდა იხილავდეს იქ საქმეებს, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში ხდებოდა და თავიდან არ უნდა იცილებდნენ მას. არსებითი განხილვა გულისხმობს იმას, რომ თუ საკასაციო საჩივარი მხარეს დასაბუთებულად აქვს წარმოდგენილი, სასამართლომ ყველა გარემოება უნდა შეამოწმოს: უზენაესშიც უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომები, რომელსაც არსებითი განხილვები მოჰყვება. როდესაც მხარე დასაბუთებულად ამბობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა ესა და ეს კანონები არ გამოიყენეს, საკასაციო ინსტანციამ რატომ არ უნდა განიხილოს ის? მიმაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ დაკარგა თავისი ფუნქცია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ფაციფუცობს, როცა ეს ხელისუფლებას სჭირდება. ის უკანონობის დასაკანონებელ, სახელისუფლებო მანქანად იქცა და მას შეიძლება ხელისუფლების მოსამსახურე, სათადარიგო პროკურატურაც კი დავარქვათ.

_ გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უზენაესი სასამართლო დასჭირდა და ის ასეთი ფორმატით მომუშავე სასამართლო სისტემის ერთ-ერთ რგოლად აქცია, მაგრამ მეოცნებე ხელისუფლებას ხომ შეეძლო, მისთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინა? მით უმეტეს, რომ მის ხელმძღვანელად დაინიშნა უზენაესი სასამართლოდან დევნილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე. როდესაც კანონმდებლობის ავკარგიანობაზე ვსაუბრობთ, რატომღაც, ყოველთვის პარლამენტისკენ ვიშვერთ ხელს, მაგრამ თავად უზენაეს სასამართლოში თუ უნდათ რაიმეს შეცვლა, ხომ შეუძლიათ, კანონპროექტი დაწერონ და პარლამენტში შეიტანონ? იქნებ, მათმა მცდელობებმა შედეგი გამოიღოს?

_ სააკაშვილის მთავრობას კანონმდებლობა იქითკენ ჰქონდა მიმართული, რომ რაც შეიძლებოდა ხანგრძლივად შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ამისთვის მათ უამრავი ნორმა მიიღეს როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და სხვა სამართალში და საკანონმდებლო ცვლილებებიც განახორციელეს. 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა და წინა მმართველი ძალის დანატოვარი სახელისუფლებო ბერკეტები მოირგო. ისინიც შესანიშნავად იყენებენ იმ კანონებს, რომელიც ადეიშვილის დროს მიიღეს. იგივე ხდება უზენაესი სასამართლოს შემთხვევაშიც, პროკურატურაშიც, რადგან კვლავ ძალაშია ძველი კანონები, რომელიც ადრე მომუშავე პროკურორებზე იყო მორგებული, თუმცა ამჟამადაც მშვენივრად იყენებენ მას პროკურატურის თანამშრომლები და მისი შეცვლის სურვილიც არ უჩნდებათ. განსხვავება ის არის, რომ ამ კანონებს და სტრუქტურებს წინათ „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა თავის სასარგებლოდ, ახლა კი „ქართული ოცნება“ _ მმართველი პოლიტიკური ძალა იყენებს. თქვენს კითხვაზე, _ უზენაეს სასამართლოში რატომ არ იცვლება მუშაობის წესი? _ მე გეუბნებით, რომ ძველ ხელისუფლებას უფუნქციო უზენაესი სასამართლო აწყობდა, როგორც სათადარიგო პროკურატურა და ამ ხელისუფლებასაც აწყობს მისი უფუნქციობა. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს უკანონობებისგან თავის დაღწევის ორი გზა დარჩენიათ: გაურიგდნენ პროკურორსა და მიიღონ მაქსიმალურად სასარგებლო გადაწყვეტილება _ საპროცესო გარიგება, ანდაც იბრძოლონ ბოლომდე და დაადგნენ ევროსასამართლოს გზას. მით უფრო, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ძალიან სწრაფად ეუბნებიან უარს. უარის შაბლონები აქვთ შემუშავებული და შიგნით მხოლოდ გვარ-სახელებსა და საქმეების ნომრებს ცვლიან. ამის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, უკვე შეიძლება, ევროპის სასამართლოს მიმართონ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ საპროცესო გარიგებების სქემებიც არ შეუცვლია ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ „ნაციონალების“ დროს გაცილებით დიდი თანხები იყო და ახლა შემცირებულია. ამ ხელისუფლებას საპროცესოებით უფრო უნდა, რომ შეთანხმებები მოხდეს და საქმეები ევროსასამართლოში არ წავიდეს. მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე არ ზრუნავენ.

 

ნელი ვარდიაშვილი