რატომ გარბიან პოლიტპატიმრები საქართველოდან?

10563523_10203642101268490_665816224_n

ზაზა სამხარაძე ავღანეთის ომის მონაწილეა. 15 წელი სამართალდამცველ სისტემაში იმუშავა, არც სამაჩაბლოს ბრძოლები დაკლებია და არც – აფხაზეთის. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციაშია. ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. 26 მაისის ღამით მისი შვილი, ნიკა სამხარაძე დააკავეს, დიღომში პოლიციის სამმართველოში ისე სცემეს, მხედველობა დაუზიანეს. მოგვიანებით, მამაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საპატიმრო პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

ორი წელი ცდილობდა, საზოგადოებაში ადგილი ეპოვა, ორი წელი ცდილობდა, შვილის ოპერაციის თანხა ეშოვა, გამოსავალი საქართველოდან წასვლა აღმოჩნდა – ის შვილთან ერთად ავსტრიის მთავრობას ჩაბარდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ახლა ემიგრანტია და საქართველოში დაბრუნდება თუ არა, ჯერ არ იცის.

„ქრონიკა+“ ზაზა სამხარაძეს ავსტრიის ლტოლვილთა ბანაკში დაუკავშირდა. ინტერვიუ ისეთივე ტკივილითაა სავსე, როგორც თავად ემიგრანტის ცხოვრება:

_ ზაზა, თქვენი ისტორიით დავიწყოთ, როგორ აღმოჩნდით ციხეში?

_ ოპოზიციაში ვიყავი, აქციებსა და ყველა საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად ვმონაწილეობდი. ბოლოს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრი ვიყავი. პირველი დიდი დაპირისპირება ხელისუფლებასთან მოხდა 7 მაისს, როცა ჩავატარეთ აქცია „ამხილე ჯალათი“. 12 კაცი დაიჭირეს ამ აქციის დროს. შემდეგ უკვე „სახალხო კრების“ აქციები დაიწყო. მეც და ჩემი შვილიც ამ აქციებში აქტიურად ვმონაწილეობდით. 26 მაისს დამაკავეს. მე გამოპარვა შევძელი. მეორე დილას აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი დაკარგული იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში ვეძებდი და ბოლოს გარდაბანში, წინასწარი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ვიპოვე, 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. იქიდან რომ გამოვიდა, ვეღარ ვიცანი. თავის არეში სასტიკი დაზიანებები მიაყენეს და მხედველობას უჩიოდა. წავიყვანე ექიმთან, აგული უჯილაურთან. მან შეძლო, უფრო სწორად, გაბედა და გამოკვლევა ჩაუტარა.  მითხრა, რომ „არამიანცში“ წამეყვანა, დაუფიქსირდა ლიმფომა. საშინელ მდგომარეობაში იყო. ადვოკატ ნონა ფილაურის ოფისში ჩავატარეთ პრესკონფერენცია და სტრასბურგში გავაგზავნეთ საჩივარი, რომელსაც მეც მოვაწერე ხელი. ამ ამბიდან მესამე დღეს დამაკავეს. მანამდე იყო პროვოკაციის მცდელობა: სპეცოპერაციას ერქვა პირობითი სახელი „თაიგული“. ჩემს მეუღლეს თაიგული გამოუგზავნეს სახლში, ჩემი პროვოცირების მიზნით. მართალია, იმ დღეს ეს პროვოკაცია ჩაიშალა, მაგრამ, მოგვიანებით, ისევ ამ საქმეზე დამიჭირეს, გამასამართლეს და მომისაჯეს ორი წელი. კიდევ 35 წელს მპირდებოდნენ, უარი უნდა მეთქვა სტრასბურგის საჩივარზე და რამდენიმე პიროვნებისთვის უნდა დამედო ხელი. ამ პროცესებს რუსთავის პოლიციის უფროსი, ჯალათი ვალერი დუღაშვილი ხელმძღვანელობდა. პროკურორი, სხვათა შორის, მირზა სუბელიანი იყო – ჯალათი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულებაშია გენინსპექციის უფროსი. ლარისა ლიპარტელიანი იყო მოსამართლე, რომელმაც ორი წელი უსაფუძვლოდ მომისაჯა. მოკლედ, ჩემი საქმე შეკერეს.

_ დაკავების მერე სად გადაგიყვანეს?

_ გლდანის ციხის ცნობილ ჯოჯოხეთში. იქ კარგა ხანს მომიწია ამ ჯოჯოხეთის ყურება და საკუთარ თავზე გამოცდა. როგორც იტყვიან, კარგა გვარიანად გამსისხლეს, მერე გადამიყვანეს „მატროსოვზე“, იმიტომ რომ მე ყოფილი სამხედრო ვარ, პოლიციელიც. სხვათა შორის, ზვიად ბერაძეც იქ მოიყვანეს, ცოტა გვიან.

_ რას ითხოვდნენ თქვენგან, მხოლოდ სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას, თუ სხვა მოთხოვნებიც ჰქონდათ?

_ ათასნაირ სიბინძურეზე უნდა მომეწერა ხელი. მაგალითად, იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რომ ველოდებოდით რუსთაველზე კარგად შეიარაღებულ რუსის ჯარს და მსგავს სისულელეებს. ნორმალური ადამიანი ამაზე ხელს როგორ მოაწერდა? არც მე მოვაწერე, რა თქმა უნდა. არც მიღიარებია ჩემი „დანაშაული“, ისე გამოვედი ციხიდან. როცა პარლამენტმა დადგენილება გამოსცა, მეც იმ დღეს, 13 იანვარს გამოვედი „მატროსოვიდან“.

_ განთავისუფლების მერე როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

_ თავისუფლება ერთია და მერე, ისე მოხდა, რომ ოთხი თვე ჰაერში ვიყავით გამოკიდებული მე და ჩემი შვილი. სახლი არ გვქონდა, კარი არ გვქონდა, საარსებო საშუალებები არ გვქონდა, მე ზედიზედ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოვხვდი საავადმყოფოში, ინსულტი დამემართა. ციხიდან ჯანმრთელი არავინ გამოსულა, განსაკუთრებით გლდანის ჯოჯოხეთის მერე. შემდეგ მოხდა ისე, რომ სამსახური დავიწყე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რუსთავის მე-16-ში, სოციალურ მუშაკად. დღესაც რემონტშია ეს ციხე. რაც მანდ დავიწყე მუშაობა, პატიმართან შეხება არ მქონია. 30 პატიმარი იყო სულ დარჩენილი და როცა მე მივედი, გაიყვანეს. მათთან საუბრის საშუალება არ მომეცა. რატომ არ მომცეს, ეს მეორე საკითხია. აუცილებლად შევძლებდი ნებისმიერი პატიმრის ინტერესებისა და უფლებების დაცვას, მაგრამ ამის საშუალება და გასაქანი არ მომცეს. რამდენჯერმე მოვითხოვე სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, მაგრამ არავის არ გადავუყვანივარ.

_ ზაზა, იმ სისტემაში მოგიხდათ მუშაობა, სადაც პროკურორი, რომელმაც თქვენ გაგასამართლათ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ხომ არ შეხვედრიხართ მირზა სუბელიანს ამ პერიოდში?

_ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ თავი ამარიდა, არც ტელეფონზე უპასუხია, ერთი-ორჯერ კი შემოვიდა „მატროსოვზე“, მაგრამ ხმა არ გაუცია ჩემთვის. მაშინ უკვე ნანა ლეჟავას ის გადაცემა გასული იყო, ორივეჯერ წინ დავუდექი, მინდოდა გავსაუბრებოდი, მაგრამ ხმა არ გამცა. პატიმარი ვიყავი, ვიცოდი, რომ უნდა გამოვსულიყავი, ზედმეტი შარი აღარ მინდოდა, არც მე გამოვყოლილვარ მაინცდამაინც.

_ სამსახურიდან რატომ წამოხვედით?

_ სამსახურიდან იმიტომ წამოვედი, რომ, ჯერ ერთი, ნიკას ჯანმრთელობა ძალიან მძიმეა, მეორეც, თავს ძალიან დაბლოკილად და ძალიან ცუდად ვგრძნობდი, გასაქანი არ მქონდა, არ ვაკლდებოდი პოლიტპატიმრების არც ერთ აქციას, აპრილის აქციებზეც ვიყავი და ა. შ., მაგრამ ხომ გრძნობ ადამიანი, რომ არაფრად გაგდებენ, გითვალთვალებენ, დაგდევენ, გისმენენ.

_ ახალი ხელისუფლების პირობებშიც?

_ დიახ, დიახ, აუცილებლად, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი! მაგრამ ჩემთვის, მაგალითად, და ჩემნაირებისთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, უამრავი ადამიანისთვის, არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ხელისუფლება, მაღლა რომ დგანან, იმათთვის. ჩემი სუბიექტური აზრია: ქართველისთვის და საქართველოსთვის ხელისუფლება ნამდვილად არ შეცვლილა. ვინ მართავს ქვეყანას? ისევ ის „ნაციონალური მოძრაობა“. მოდით, დავიწყოთ აქედან – ვაჟა ლელუაშვილი ყველამ კარგად იცის, დათა ახალაიას ყოფილი მოადგილე, დღეს ძალიან კარგად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანის გაუბედურება მაგის კისერზე და მაგის სინდის-ნამუსზეა. მაგის კაბინეტში იგეგმებოდა ყველაფერი, მათ შორის, ჩემი დაკავებაც მაგის კაბინეტში დაიგეგმა. დღეს ძალიან კარგად გრძნობს თავს და რუსთავის მაჟორიტარი რომ არის ზვიად ძიძიგური, საარჩევნო პერიოდში უკვე ჩახუტებულები დადიოდნენ მაგის მანქანით, ერთად ისხდნენ. ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მაქვს რუსთავში; შემდეგ ლევან ტყეშელაშვილი, რუსთავის „კუდის“ უფროსი, დასავლეთ საქართველოში მუშაობს „სუსში“; ასევე ზაზა ტატიკიშვილი, ქვემო ქართლის „კუდის“ უფროსი. ახლა ისიც დასავლეთ საქართველოს ზონაშია, ძალიან კარგად გრძნობენ თავს; ვასო ბესელაშვილი, რომელმაც ჩემი ოჯახი გააუბედურა, ვალერი დუღაშვილის შვილი სასამართლოზე ცდილობდა პროვოკაციების მოწყობას; ვახო დანელია, „კუდის“ თანამშრომელი, რომელმაც თორნიკე არევაძე დაიჭირა, გივიკო გაჩეჩილაძე, დათო იოვაშვილი, ვასო ბალახაძე, ერთი ქალაქიდან იცით, რამდენი კაცი ვიყავით დაპატიმრებული?

თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ხალხი, მაგალითად, გიორგი მშვენიერაძე, დაწინაურებულია. ყველა პოლიტპატიმარმა იცის თავისი „მოკეთის“ ადგილსამყოფელი, ვინ სადაა. ლარისა ლიპარტელიანი, მოსამართლე, თბილისში გადაიყვანეს, დააწინაურეს და ა. შ. რამე შეიცვალა?! არაფერიც არ შეცვლილა!

_ და ამის გამო მიიღეთ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება?

_ ამის გამო და მარტო ამის გამო არა. საბედნიეროდ, კარგი ადამიანები არ დალეულა და არც დაილევა, ღმერთმა არ გამოლიოს ასეთი ადამიანები, ორი კარგი მეგობარი მყავს, ჩემი თანამებრძოლები ოსური და აფხაზური ომების მერე, პატარა ბიჭები იყვნენ მაშინ, მე გვარდიის ოფიცერიც ვარ, ყოფილი, ძალით შევყარე მაშინ აკადემიებში და ახლა თანამდებობებზე არიან. მოდით, სახელებს და გვარებს ნუ დამასახელებინებთ, იმიტომ რომ სპეცსამსახურებში მუშაობენ. მაგათმა გამაფრთხილეს. ბოლოს არც კი მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მითხრეს, რომ ათი დღე, მაქსიმუმ, ორი კვირა, ზაზა, მერე ისევ დაიწყებენ შენ წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას და აუცილებლად დაგიჭერენო. კიდევ გიდგამენ სპექტაკლს, ისევ ემზადებიან შენ დასაჭერად, მოდი, რა, გაერიდეო. თან მიზეზიც მქონდა ნიკას წამოყვანა აქეთ. მაშინაც კი გადაწყვეტილი იყო ამ ქვეყანაში სამკურნალოდ წამოყვანა.

_ როდის წახვედით საქართველოდან?

_ მოდი, მაგასაც არ ვიტყვი, როდის წავედი, 15 ივნისს უკვე ჩავბარდით ავსტრიის მთავრობას მე და ჩემი შვილი. მოვითხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი, მივიღებთ კიდევაც და ახლა დაიწყება ნიკას მკურნალობა. თქვენ წარმოიდგინეთ, მეც მმკურნალობენ. გულზე მაქვს პრობლემები.

_ ანუ ის, რაც ქართულმა სახელმწიფომ თქვენთვის ვერ გააკეთა, აკეთებს უცხო ქვეყანა…

_ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, ჩვენთვის მოეხედა, არავინ არ მოხედა ნიკას, არავინ არ გაიკარა. კაციშვილს ხმა არ ამოუღია, რამდენჯერ მივმართე, ორჯერ მოვხვდი საავადმყოფოში. ერთხელ არაფერი, მეორედ „არამიანცში“ გადამიყვანეს, რუსთავმა არ მიმიღო, მარჯვენა ხელ-ფეხი წართმეული მქონდა. ღვთის წყალობით და ერთ-ერთი კარგი ექიმის, გოგიტა გეგელაშვილის დამსახურებით, ფეხზე დავდექი. თანხის ნაწილი ჯანდაცვის სამინისტრომ ჩამირიცხა, მეგობრები დამეხმარნენ. ნიკას საკმაოდ ძვირიანი ოპერაცია უნდა გაუკეთდეს თვალებზე და თავის ტვინზე. ამიტომაც წამოვედი აქეთ, რომ შვილი გადამერჩინა. ამას დაემატა ისიც, რომ გამაფრთხილეს ჩემი ხელახლა დაჭერის თაობაზე, სხვა რა უნდა მექნა? იქნებ, თქვენ მითხრათ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? საკუთარი სამშობლოდანაც ლტოლვილად ვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დედა 92 წელს ქართულ-ოსურ კონფლიქტს შეეწირა, უფრო ზუსტად, ქართულ-რუსულს. ორი წლის მერე ეს ბავშვი ასე იზრდება. დედამისი არ ახსოვს. ორი წლიდან ასე ხელიხელჩაკიდებულები მოვდევთ ერთმანეთს, ამ ბავშვის მოკვლა მოინდომეს. ვის მოვაკვლევინებდი?! თავს შევაკლავ და ნიკას სიცოცხლეს არავის დავუთმობ. მიუხედავად ამისა, სხვა ჩემს თანამებრძოლებზეც იყო გაფრთხილებები. ვინც კი დამისახელეს, ყველა გავაფრთხილე: ბიჭებო, ფრთხილად იყავით, ან გაასწარით აქედან-მეთქი.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, რადგან დაუჯერებელია, სახელმწიფომ, რომელმაც პოლიტპატიმრებად აღიარა ეს ადამიანები, გამოუშვა, ისევ დაჭერაზე წავიდა? ამას მეუბნებით?

_ რა თქმა უნდა, მაშინ რატომ მქონდა და რატომ მაქვს დიდი პრეტენზიები ქ-ნი თეა წულუკიანის მისამართით? მანანა კობახიძის მისამართით? – მეტი რა უნდა ვქნათ, ციხეებიდან გამოვუშვითო. ციხეებიდან ისედაც გამოვიდოდით და ასედაც, გათავდებოდა ეს სასჯელი და გამოვიდოდით. ვინ რა ქულა დაიწერა და ვის წინაშე, ეს კიდევ მაგათ სინდისზე იყოს. ამდენი ქონებაწართმეულია, ამდენი გაუბედურებული ადამიანია, სახელმწიფოს კი, თურმე, ბიუჯეტი არ აქვს, რომ ეს ხალხი დააკმაყოფილოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაზე ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს. სახელმწიფოს უჭირსო და თავიანთთვის ხომ კარგად არიან? 40-ათასიან პრემიებს ხომ კარგად იღებენ?! ეს ხომ აქვთ?! არ მეთანხმებით? მეორეც, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მთელი ზონდერბრიგადა, რაც კი ჰყავდა მიშას და ახალაიას, ყველა იქაა თავმოყრილი. გინდათ, პირველი თავმჯდომარე, გინდათ, ახლა რომ ჰყავთ, ისინი იყვნენ ზონდერები. ახლა „სუსის“ უფროსობას ითხოვს ის დარბაისელი, ყველანი ზონდერები იყვნენ, ყველა დაფიქსირებულია სახეებით და მთელმა ქვეყანამ კარგად იცის, ეს ხალხი რომ ასეთ მაღალ თანამდებობებზე სხედან. ჯანდაბას ეს თანამდებობა, რამდენი მათხოვარია დღეს ქვეყანაში, ხედავთ? მსოფლიოს მესამედი მაქვს მოვლილი, ასეთი რამ არსად მინახავს.!!!

ზონდერებს უნდა დავუბრუნდე: ცუხიშვილი დათო, ესეც კარგად ვიცი, ჩემთვის ზონდერია პროკურორი მირზა სუბელიანი, მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანი, ძალიან ბევრნი არიან.

_ საქართველოში როდის დაბრუნდებით?

_ საქართველოში არ ვიცი… სანამ ის დრო არ დადგება, რომ არ შემეშინდება თავისუფლად გავლის, არ შემეშინდება იმის, რომ ცუდად გავხდები და ვინმე არ მიპატრონებს, მანამდე არა მგონია, ან შეიძლება საერთოდ არ ჩამოვიდე, არ ვიცი, როგორ წავა საქმე. სიტუაცია როგორ იქნება. ჯერჯერობით, ჩემთვის ისევ ის „ნაცმოძრაობაა“ ხელისუფლებაში. ერთ წელიწადში მოიდგამენ წელს და „ნაციონალებზე“ უარესები გახდებიან. არ სხვისდება მიწები? უცხოტომელებით არ ივსება ქვეყანა? არ ვიწროვდება საზღვრები? თუ შეიცვალა რამე?

მე ასე მასწავლეს სკოლაში, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს. სანამ ხალხის მმართველობა არ იქნება, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. ხალხის მმართველობა კი როდესმე იქნება? მე გეკითხებით თქვენ და პასუხი თუ გაქვთ, ნუ დამზარდებით.

უახლოესი ხუთი-ათი წელი ჩემი დაბრუნების შანსი აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრება მაქაურობა, ჩემი ქვეყანაა, ჩემი მშობლიური მიწაა. ღამე არ გავა, არ დამესიზმროს, დღე არ გავა, ამ ქვეყანაზე არ ვიფიქრო. მოდი, ასე ვთქვათ, ჩემთვის პირველი არის ჩემი შვილის სიცოცხლე, ახლა სწორედ შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი… 1989 წლიდან დაწყებული არ დამისვენია, ისე ვემსახურე სამშობლოს, 1986-88 წლებში ავღანეთში ვიყავი. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს მქონდა ქორწილი და საკუთარ ქორწილში რომ კაცი გაილახები რუსი ჯარისკაცის მიერ! ვარაზის ხევი რომ გადავკეტეთ, იქ ნიჩბებით დაგვჩეხეს. მერე დაიწყო სამაჩაბლოს ომი, მე იქიდან ვარ წარმოშობით, ჩემი მეუღლე ავნევიდან იყო, მე ნაბაკევიდან ვარ, ზნაურის რაიონიდან, მერე გადაება აფხაზეთის ომი, მერე 2008 წლის ომი, ჯანდაბა, უბედურება. ჩემი წილი რაც გასაღები იყო ამ ქვეყნისთვის, გავიღე. აქაც გავიღებ ჩემს წილს, არ დავისვენებ, სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ სჭირდება კი ვინმეს ეს თავგანწირვა?!

 

                                                                                                    ელისო კილაძე