ლარის კურსი თებერვალში

ლარის კურსი ახალი წლიდან კვლავ ყურადღების ცენტრშია. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ ლართან მიმართებით 2,9 ნიშნულს მიაღწია _ ეს მოსალოდნელიც კი იყო, როგორც ექსპერტები ამბობენ, თუმცა მოსახლეობა ამას არ ელოდებოდა და დიდი იმედით ეგებებოდა ახალი წლის დადგომას, გალარების პროგრამას და ლარის დასტაბილურებას.

მიმდინარე წლის ლარის გამყარებასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ექსპერტების მოლოდინები არაერთგვაროვანია. 17 იანვარს ძალაში შევიდა გალარების პროგრამა, რომელშიც ცოტა ხნის წინათ ცვლილება შეიტანეს და რომლის თანახმადაც, სესხების ლარში გადატანა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მათ შორის: ინდმეწარმეებს, რომლებსაც სასესხო დავალიანება აშშ დოლარში ჰქონდათ როგორც 2015 წლის პირველი იანვრის, ისე 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით და მიმდინარე დავალიანება ექნებათ გალარების დღესაც.

სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო 2015, ან 2016 წელს. აგრეთვე, ის ფიზიკური პირები, რომელთა სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 ათას დოლარს აღემატებოდა 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით.

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსისთვის 20 თეთრის გამოკლებით. ასეთი სესხის სუბსიდირება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა, 2018 წლიდან კი აღნიშნული ცვლილება 200 ათას ლარამდე სესხებსაც შეეხება.

წელს უნდა ამოქმედდეს რეგულაციები ონლაინსესხებზე და დაწესდეს ზღვრული მაჩვენებელი ჯარიმაზე, რომელიც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებებიც შედგა და ფაქტი სახეზე გვაქვს, იგეგმება მთელი რიგი იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლიც მსოფლიო ბანკმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ბანკს მისცა.

ყოველივე ამის ფონზე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გაცვლითი კურსის მერყეობაზე სწორი რეაგირებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში, ძლიერი საგარეო შოკის ზეგავლენის მიუხედავად, მაინც არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა: „ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკა მცირდება.

ყველა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი პროგნოზები აქვს. კურსის გაუფასურების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით“, _ ამბობს გვენეტაძე, თუმცა პროგნოზები ნამდვილად ერთია და რეალური სურათი _ მეორე. ხელოვნურად ლარის გამყარება რომ უფრო უარყოფით შედეგებს მოიტანს, ამაზე არავინ დაობს, თუმცა არცთუ სახარბიელო პროგნოზს გვთავაზობენ ექსპერტები, რომლებმაც „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ლარის კურსის პროგნოზირება უფრო წინასწარმეტყველისთვის განკუთვნილ თემად მოიხსენიეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სიტუაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ სისტემა გამჭვირვალე არ გახდება და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ნახვა შესაძლებელი არ იქნება.

მაშ, ასე! _ გალარების პროგრამა, „გაზპრომთან“ „მიღწეული“ შეთანხმება, გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, რა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მთელი რიგი ფაქტორები ეროვნულ ვალუტაზე და რა იქნება მისი მაჩვენებელი ახალი წლის თებერვალში? „ქრონიკა+“ აღნიშნული კითხვებით რამდენიმე ექსპერტს მიმართავს. ისინი თავიანთი გამოცდილებითა და საქმიანობის სპეციფიკით ეროვნულ ბანკსა და ბანკთაშორის სავალუტო ბაზარს საკმაოდ კარგად იცნობენ.

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე:

_ ლარებში ათი ათასამდე სესხის გაცემა, პრაქტიკულად, ბანკების ვალდებულებების ნაწილს, დეპოზიტების ნაწილს, სტრუქტურას ნაკლებად შეცვლის, რადგან ყველა ცდილობს, რომ დანაზოგები დოლარში იყოს და არა _ ლარში. აქედან გამომდინარე, ბანკები იძულებულები არიან, რომ ეს ლარის დეპოზიტები მიიღონ, რომლის, დაახლოებით, 95% დოლარშია გაცემული. რაც შეეხება თვითონ ლარში გაცემას, ამ შემთხვევაში, თავისთავად, არსებობს გარკვეული სავალუტო რისკი.

არ ვიცი ეროვნული ბანკი რას მოუხერხებს ამ ღია სავალუტო პოზიციას? თუ ე.ბ.-მ ამაზე თვალი დახუჭა, მაშინ არაფერი შეიცვლება, თუ ღია სავალუტო პოზიციის დაცვა მოითხოვა და, ასე ვთქვათ, სავალუტო რისკების დაბალანსება, მაშინ ბანკებს დოლარის დეპოზიტების შემცირება და ლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის აწევა მოუწევთ. არ ვიცი, რამდენად პოზიტიური იქნება ეს ყოველივე, ყოველ შემთხვევაში, საბანკო სისტემაში საკმაოდ სარისკო პროცესია.

ე.ბ.-მ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ლარის კურსი რაღაც დერეფანში მოაქციოს, მაგრამ ეს იქამდე ვერ მოხდება, სანამ გამჭვირვალე საანგარიშო სისტემა არ შემოვა საბირჟო პრინციპების გამოყენებით, როგორც ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე იყო, რადგან დღეს არსებული მექანიზმი არ იძლევა ობიექტური სავალუტო კურსის ჩამოყალიბების საშუალებას და ხშირ შემთხვევაში კურსი საერთოდ აცდენილია სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რაც ე.ბ.-ს პრეზიდენტმა დააანონსა, რეფინანსირების სესხების შემცირებას გულისხმობს, რაც გამოიხატება საპროცენტო განაკვეთის აწევით, ეს ე.ბ.-ს აქამდე უნდა გაეკეთებინა, სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ყოველთვის ატარებდა ამ მითითებას, რომლის შესრულებაც, რასაკვირველია, დადებითი მოვლენაა (თუმცა აქამდე უნდა შესრულებულიყო).

რაც შეეხება „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას, აქ ვერ ვხედავ დიდ რისკებს, ჩვეულებრივი ტრანზიტია, აქ მიზანშეწონილია, უბრალოდ, არაგრძელვადიანი ხელშეკრულების დადება, თუმცა, შეიძლება, გარკვეულ ასპექტებში კორექცია მოხდეს.

არ ვფიქრობ, რომ ტარიფთან თუ სხვა თემებთან მიმართებით გარკვეულ გავლენას გამოიწვევს.

_ როგორია თქვენი პროგნოზი თებერვალში ლარის კურსთან მიმართებით?

_ მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რაიმე ჭურჭელი რომ წყლით გადაავსოთ, ნებისმიერი მცირე რყევაც მის გადასხმას იწვევს, ლარის კურსიც ასეა. სანამ საფონდო ბაზარი აქტივიზებული არ იქნება და განვითარების ტენდენციები არ დაიწყება, მუდმივად რყევებია მოსალოდნელი. თუ არ შეიქმნა ის საინვესტიცო არხები, რომელიც კორპორაციულ, ეკონომიკის რეალურ სექტორში არ იქნება მიმართული, მანამდე ლარის პრობლემა ყოველთვის იდგება, ნებისმიერმა რამემ შეიძლება ლარის რყევა გამოიწვიოს და მაშინ, როცა 2 ან 3 ბანკს შეუძლია ატრიალოს ლარი ისე, როგორც უნდა, რასაკვირველია, ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება.

თვითონ სისტემა, ვაჭრობის პრინციპი ნებისმიერ წამს სპეკულაციური მოქმედების საშუალებას იძლევა და, საერთოდ, შეიძლება, წამში ააგდონ ლარი მაღალ ნიშნულამდე. ყოველთვის  ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით სისტემის შეცვლამდე და ამ გალარების პროგრამამ გარკვეული ეფექტი შეიძლება იქონიოს, მაგრამ ეკონომიკის რეალურ სექტორში უცხოური ინვესტიციების ნაკადის გარეშე (არა პირდაპირი, არამედ ფასიანი ქაღალდების სფეროში) არაფერი გამოვა. მანამდე კი სულ ვიქნებით ასეთ მდომარეობაში, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, გამყარდეს და მერე ორმაგად გაუფასურდეს. სანამ სისტემა არ შეიცვლება, სულ ასე ვიქნებით.

 

ირაკლი თედორაძე _International council of Economics and Law -ის დამფუძნებელი:

_ გალარების პროგრამის დასრულება და თებერვლის ლარის კურსი ასე მალე ვერ გამოიწვევს შედეგს, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, თვითონ პოლიტიკა, როცა ლარში უნდა გაიცეს სესხები და უძრავი ქონება გრძელვადიან  პერსპექტივას ემსახურება, რომელიც ეკონომიკაში ლარის მასას გამოაჩენს,  მაგრამ, რომ ვთქვათ, პროგრამის დაწყებიდან ორ კვირაში რაიმე სერიოზულ შედეგებს მივადგებით, არასწორია და მსგავსი მოლოდინი საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს.

მთავრობის მიდგომა ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგია. ნებისმიერი ქყვეყანა, პირველ რიგში, პატივს სცემს თავის ეროვნულ ვალუტას, ჩვენთან არ მომხდარა დოლარის 100%-იანი ჩანაცვლება, აქ მხოლოდ ლარის გამოყენება გახდა სავალდებულო, მაგრამ ეს არ არის პანაცეა და მხოლოდ ამ პროგრამაზე არ უნდა შეჩერდეს მთავრობა კმაყოფილი არ უნდა დაჯდეს. მათ უნდა გამოასწორონ ლარის სავაჭრო ბალანსი, ინფრასტრუქტურული პროექტები, აქ საჯარო სექტორებში აუცილებლად უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია და სხვა ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს, იგივე საწარმოო რეზერვები უნდა შეიქმნას და ეკონომიკამ უნდა შეძლოს, რომ საქართველო გარკვეული პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

რაც შეეხება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას, ვიტყვი, რომ საქართველო, რომლიც ევროპაში ასოცირებას ესწრაფვის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუკვეთდა სომხეთს ტრანზიტს და ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, რადგან ამ ტრანზიტზე უარის თქმა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ევროპისკენ სწრაფვისას, ამიტომ ჩვენ მოგვიწია დავთანხმებულიყავით რუსეთის მუხანათურ გეგმას, იგი კარგა ხნის წინ გათვალა რუსეთმა და ხედვები და სტრატეგია შეიმუშავა. მთავრობის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ადრე არ დაიწყეს ალტერნატიული რესურსების მოძიება, მაგრამ დღევანდელი შედეგები მაქსიმალური შესაძლებლობიდან საუკეთესო გამოვიდა, რადგან რუსეთი, რომელიც აგრესორია და არასამართლიანი წესებით მოქმედებს, მასთან სამართლიანი ნორმებით და დიპლომატიური ეთიკით საუბარი გამორიცხულია, თუ არ მოუნდება, არ  დაიწყებს საუბარს. გამომდინარე აქედან, დღევნდელი მიღწეული შედეგი, რა თქმა უნდა, კარგია, პლუს ეს არის 2018 წლამდე და მანამდე მთავრობას ვადა აქვს, რომ მისი პოზიციები გაამყაროს. შეიძლება, ორ წელიწადში სხვა სურათი დაიდოს, თორემ თუ ასე გავაგრძელეთ და ბუნებრივი აირის გარეშე დავრჩით, 2 წელიწადში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ფასის გაზრდა.

_ ისევ ლარის კურსს დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, ე.ბ.-ის მოქმედებები რამდენად უწყობს ხელს ეროვნული ვალუტის გამყარებას?

_ მე როგორც ვიცი, ე.ბ. აუცილებლად გამოიყენებს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და ესეც აუცილებლად შეუწყობს ხელს ლარის გამყარებას და თუ იგი საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევებს ქართულ ინტერესებს დაუმატებს, დეფოლტი, რომელიც შეიძლებოდა რომ გვქონოდა, აღარ იქნება.

მოკლევადიან პერიოდში, ვფიქრობ, რომ ლარმა მცირედით, მაგრამ გამყარება უნდა გვაჩვენოს, თუმცა ეს არ იქნება ძირეული გამყარება, ამას უნდა ველოდოთ ტურისტული სეზონის გახსნისას, როცა ინვესტიციები წამოვა და შეიძლება, ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყოს, თორემ თებერვალში ეს გალარება აუცილებლად გამოიღებს შედეგს, შესაძლოა ისეთს არა, როგორიც გვინდა და რაც გვინდა, მაგრამ დადებითი დინამიკა უნდა შევნიშნოთ.

აუცილებლად ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ, რადგან პესიმიზმში არ ღირს ცხოვრება. გაუფასურების პიკი ახალ წლამდე იყო, როცა ხალხი ყველაფერს ყიდულობდა, ეს რამდენიმე თვით ადრე ვივარაუდე, მაგრამ დღეს უკვე აღარ გვაქვს განგრძობითი ხარჯვის პერიოდი, ამას პლუს გალარება, პლუს  გათვალისწინებული რჩევები (თუ გაითვალისწინებს ე.ბ.), ამან სტაბილური წინსვლა, მართალია ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უნდა გვაჩვენოს.

 

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ გალარების პროგრამა, გარკვეულწილად, გაზრდის ლარით განხორციელებული ოპერაციების რისკის საფასურს და ამან შეიძლება, გარკვეულწილად, გაზარდოს თითოეული ტრანზაქციის ღირებულება, ან, კიდევ, ე. წ. უსაფრთხოების ბალიშები, რა შეღავათიც უძრავი ქონების რეალიზატორებთან და შუამავლებთან უკვე დაფიქსირდა. თქვენ იძულებული იქნებით, რომ ფასები ლარებში დააფიქსიროთ, როცა არ ხართ გარანტირებული, რომ ეს კურსი, მეტ-ნაკლებად, სტაბილური იქნება. თქვენ სარეალიზაციო ფასად უნდა აწარმოოთ ფასდანამატი, უსაფრთხოების ბალიში, რომ თქვენი ბიზნესი და შემოსავალი რისკებისგან დაიცვათ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ფასების მატებაზე, თუმცა რამდენად, ამას დრო გვიჩვენებს.

ახლა ლარზე ათას რამეს ამბობენ, ამიტომ საფუძველი არ მაქვს, რომ რამეში ეჭვი შევიტანო, მაგრამ ის გითხარით, რაც შეიძლება მომავალშიც მოხდეს. ეს ჩვეულებრივი ბიზნეს სიფრთხილის გამოხატულებაა, ხოლო ის, რომ ქართული საბანკო სექტორის დიდი ნაწილი უცხოური კაპიტალის ხელშია და ადგილობრივი აქტივების წილი გაცემულ სესხებსა და კრედიტებში საკმაოდ მოკრძალებულია, ეს უფრო გაგრძელდება (იყო დრო, როცა 22 წლის წინათ საქართველოში 229 ბანკი გვქონდა და დადგება დრო, როცა საქართველოში 8-9 ბანკი იქნება). ამისკენ მიდის ბრძოლა. ფეხბურთის ჩემპიონატში 32 გუნდი თამაშობს ფინალში კი 2 გადის. იგივე პრინციპია აქაც.

„გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებას ეკონომიკაზე ერთბაშად არ ექნება ისეთი მკვეთრი რევოლუციური შედეგები, რომ რაღაც გაკეთდება და ხვალიდან უკვე რევოლუციური ცვლილებები მოხდება. ისეთი მექანიზმი უნდა შევიმუშავოთ, რომელიც გაცილებით მეტ შემოსავალს მისცემს საქართველოს, ვიდრე ამ ერთი შემთხვევით. სპეციალისტები ახლა ითვლიან იმ ზარალს, რაც საქართველომ განიცადა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ „გაზპრომზე“ ჩვენი ზემოქმედების ბერკეტები გაცილებით სუსტია, ვიდრე პირიქით.

იმის თქმა, რომ ეროვნული ინტერესები გაიყიდა გადაჭარბებულია და აბსურდადაც მიმაჩნია, თუმცა რაციონალური მოქმედებები უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გამოყენების, არამედ სამეწარმეო კულტურის, ბიზნესის პრინციპების დალაგების მხრივ. უფრო კომპეტენტურ და კვალიფიციურ კადრებს უნდა მიეცეს გასაქანი ნებისმიერი თანამდებობის დაკავებისას, თანამშრომელმა თავის სამუშაო ადგილზე ქვეყნის ინტერესების დაცვა უნდა შეძლოს. მოისპოს ის შემთხვევა, როცა ნათესაური, ან ახლობლური ნიშნით ანტიპატრიოტულ საქმიანობას ვეწევით.

_ თებერვალში ლარის კურსის მკვეთრ რყევას არ ელოდებით?

_ თებერვალში მაინც აპოკალიპსურ შედეგებს არ ველოდები, გარკვეული პოზიტიური ნიშნები არის და სავალუტო ფონდმაც, სხვათა შორის, დადებითი შეფასება დადო, რომელიც ორ ციფრთან მიახლოებული არ არის, მაგრამ სხვების ფონზე მაინც კარგია. უკან გადამსროლელ მკვეთრ რყევას ნამდვილად არ ველოდები.

ზოგიერთი ბანკირის შეხედულებით კი თებერვალში ბანკების მდგომარეობა მკვეთრად უარყოფითისკენ შეიცვლება, თუმცა ეს მოსახლეობაზე არა და მათ საქმიანობაზე შეიძლება აისახოს.

ფრაგმენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერვიუდან (რომელიც ზემოთ ვახსენე), პასუხი კითხვაზე, თუ როდის დასტაბილურდება ლარი?

„მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია კურსის მოკლევადიანი პერიოდის ცვლილების პროგნოზირება. ამავე დროს, როგორიც უნდა იყოს მოლოდინებით გამოწვეული კურსის მოკლევადიანი მერყეობა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ის ყოველთვის უბრუნდება გრძელვადიან, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებულ ტრენდს, რადგან შეუძლებელია ფუნდამენტური ფაქტორებიდან მნიშვნელოვნად გადახრილი კურსის დიდხანს შენარჩუნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას. გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის დინამიკა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე და, მეორე მხრივ, ინფლაციის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, ის მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში“, _ ამბობს გვენეტაძე.

 

ისღა დაგვრჩენია, თებერვალს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი იქნება იგი მოსახლეობისა და არაპროფილური აქტივების მფლობელი ბანკებისთვის?

 

ნინო ტაბაღუა