გულია მუსტაფაევა – სიკეთე ქალისგან, რომელიც ბედნიერია!

ადამიანი, რომელიც ეხმარება მათ, განსაკუთრებული ზრუნვა რომ სჭირდებათ. ქალი, რომელიც სხვების სიხარულით ყოველდღე ხარობს და არაფერი ენანება სხვისი ბედნიერებისთვის. გულია მუსტაფაევა წარმოშობით აზერბაიჯანელი ქართველია. იგი დიდი ხანია,  აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტებსაც ეხმარება, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია სჭირდებათ, დაჰყავს თეატრში, მუზეუმში, კინოში. იგი ეხმარება ქალებს, რომლებსაც რთული ცხოვრება ხვდათ წილად, ბავშვებს, რომელთაც  ბედნიერი მომავალი ოჯახისგან არ მოჰყოლიათ.

გულია მუსტაფაევა არის ადამიანი, რომელმაც, სულ რაღაც, ორი წელია, ის სიკეთე გაასაჯაროვა, რასაც ყოველდღე აკეთებს, მიზეზი _ სხვების დაინტერესება და კონკრეტული პიროვნებებისთვის მეტი სიკეთის კეთებაა.

„საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი“ „ქრონიკა+“-ის ინტერესის ობიექტი გახდა, რადგან  არის პერსონა, რომელიც სიკეთეს ბედნიერებისთვის არიგებს.

მაშ, ასე! გაიცანით ქალი, რომლისთვისაც განათლებული დედა  ჯანსაღ ოჯახს ნიშნავს.

 

_ ქალბატონო გულია, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

_ გრძელი სახელი მაქვს, გიულტაკინ მუსტაფაევი „ყვავილისნაირს“ ნიშნავს, მაგრამ მოკლედ გულიას მეძახიან. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ ეროვნებით აზეირბაჯანელი. 47 წლის გავხდი, დედა თბილისელი მყავს, აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და დღემდე აქ ცხოვრობს, ბოლნისელი მყავს მამა, რომელიც, სამწუხაროდ, ადრე გარდამეცვალა, 9 ან 10 თვის ვიქნებოდი და დედაჩემი თავის სახლში წამოვიდა, თბილისში. აქ 73-ე აზერბაიჯანულ სკოლაში ვსწავლობდი,  ასევე მყავს ერთი და. ძალიან მშრომელი და ალალი დედა მყავს, ბევრი იცნობს თავისი კეთილი საქმეებით და ძალიან პოზიტიური და კეთილი ადამიანია. სკოლის მერე ჩავაბარე მოსკოვში, საინჟინროზე, მექანიკურ ფაკულტეტზე.

18 წლის გავთხოვდი სომხური ეკლესიის ეზოში.

მყავს ორი გოგონა, 27 და 25 წლის. უფროსი  ექთანია, მეორე გოგო პიარმენეჯერია, ის დაოჯახებულია და ქართველი სიძე მყავს.

დედა უკვე პენსიონერია, მაგრამ მაინც თავის კეთილ საქმეებს აკეთებს. აზერბაიჯანელები რომ ჩამოდიან რეგიონებიდან და ენა არ იციან, ის ყველგან მიჰყვება, ყველას ეხმარება. ალბათ, დედისგან ასე გავიზარდეთ, ასე ვხედავდით სულ, რომ ადამიანს უნდა დაეხმარო, რამდენი ღამე გაუთენებია სამშობიაროში. ქართული ენა არ იცის და ვერ დავტოვებ მარტოო.

ძალიან ბევრ ბავშვს ქართული სახელები დაარქვეს.

ადრე გავთხოვდი, მეუღლემ იმის საშუალება არ მომცა, რომ მემუშავა და ძალიან ვწუხდი იმაზე, რომ არაფრის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მაინც ყოველთვის აქტიური ვიყავი, ყველა აზერბაიჯანულ კონცერტზე დავდიოდი, ყველა სპექტაკლზე,  ქართულების გარდა, რა თქმა უნდა. ვცდილობდი, რომ მაინც არ დავრჩენილიყავი სახლში. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ბავშვებს ესწავლათ.

ბოლო 2-3 წლის წინ უკვე აქტიურად დავიწყე, საჯაროდ ადამიანების დახმარება, ყოველთვის ვიმალებოდი, თუ ტელევიზია იყო, არ მიყვარდა, თან მეუღლე არ მიშვებდა. ბავშვებსაც ვეხმარებოდი, ახლაც მიგზავნიან სურათებს _  ეს ის ბავშვია, თქვენ რომ დაეხმარეთ, აი, ეს ის ოჯახია, სკამი რომ უყიდეთ და ა. შ. ამ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებდი, რადგან ჩემი თავის რეკლამა არ მიყვარს, მაგრამ მერე მივხვდი, სხვებსაც უნდა დაანახო, რომ ეს გაჭირვებული ადამიანები მართლა არსებობენ და უნდა დავეხმაროთ.

მარტო ვერაფერს გააკეთებ, ან ძალიან დიდი შემოსავალი უნდა გქონდეს. ჩემს დას, დისშვილებსა და ჩემს გოგოებს ვეუბნები, _ ამ ბავშვს უჭირს, ტანსაცმელი ან საჭმელი არ აქვს, მომცემ 50 ლარს ხელფასიდან? და ძალიან დიდი სიამოვნებით მაძლევენ ჩემი შვილებიც, დისშვილებიც და ასე ვეხმარები ოჯახებსა და იმ  სტუდენტებს, რომლებიც ქირით ცხოვრობენ და გადასახადის გადახდის საშუალება არ აქვთ, ან აკლდებათ.

ამ ბოლო დროს დავიწყეთ ასე საჯაროდ გამოქვეყნება და სხვებიც ცოტა გვეხმარებიან, მაგრამ ისე არ გროვდება ხოლმე, ყველაფრით უზრუნველვყოთ ოჯახები.

ბოლოს, აი, იმ პატარა ბიჭს დავეხმარე ცოტა მაინც, რომელიც სადგურის მოედანზე ლიმონს ყიდის და ამ დროს ძალიან წარმატებული სპორტსმენია.  პირველი მე ვიყავი, როცა იმ ოჯახში მივედი, შევხვდი მაგ ბავშვს და აქვე წავიყვანე სახლთან კაფეში, მერე იყო სიუჟეტი ამ ბავშვზე და ძალიან მიხარია, რომ ბევრმა გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი, თუმცა მხარდაჭერა არ არის 10 ან 100 ლარი ჩაუდო ჯიბეში, ვფიქრობ, რამე ბინა ვუქირავოთ უკეთეს მდგომარეობაში და  ბინის ქირა უზრუნველვყოთ. ძალიან შემიყვარდა ეს ბავშვი, ძალიან კარგი და ალალი ბავშვია.

_ თავიდან როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ ორგანიზაცია დაგეარსებინათ?

_ სულ მქონდა ეს იდეა, მაგრამ რადგან მეუღლე არ მიშვებდა, თავს ვიკავებდი.

ერთი წლის წინ, დეკემბერში, უკვე დავარეგისტრირე ორგანიზაცია, რადგან სადაც მივედი და ვინმეს რაიმე დახმარება ვთხოვე გაჭირვებული ადამიანებისთვის, ყველგან მკითხეს, ვინ, რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრძანდებითო? ამან მიბიძგა, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. კიდევ კარგი, ჩვენს ქვეყანაში ადვილია დარეგისტრირება. ოფისი არ მაქვს, არ ვფიქრობ, რომ ეს დიდ რამეს ნიშნავს, თუ საქმის კეთება გინდა, ოფისის გარეშეც გააკეთებ. სახლში ვხვდები ხოლმე.

დარეგისტრირებამდე ჩემმა უმცროსმა გოგომ  მითხრა: „დედა, შენ იმხელა პოტენციალი და ენერგია გაქვს, რომ ეს უნდა გააკეთოო!“ _ ჰოდა, გავაკეთე!

_ მომიყევით თქვენს ორგანიზაციაზე, რამდენი ადამიანია გაწევრიანებული?

_ ჩემს ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება ნებისმიერი ეროვნებისა და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აქვს. ასე ოფიციალურად  სამოცდაათამდე წევრია. ძალიან აქტიურები არიან, ორი განსაკუთრებით. ორივე აზერბაიჯანელია. ვცდილობთ, რომ ყველა კარგი დღე აღვნიშნოთ.

_ რას აკეთებთ ხოლმე, რას საქმიანობთ ერთად ორგანიზაციაში?

_ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  ახალგაზრდობა განვითარდეს, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს თვითრეალიზაციაში. რისი გაკეთებაც სურთ, ყველაფერში გვერდით ვუდგავართ. სემინარებს  ვატარებთ. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩავატარეთ სემინარი „ქალის როლი ისლამში“,  ანუ ღმერთი როგორ აფასებს ქალს. ძალიან ბევრი არასწორი აზრია და ძალიან ბევრს არ წაუკითხავს ყურანი, ამიტომ არასწორი ინტერპრეტაციები ხდება.

„ნაადრევი ქორწინება“, „ბიზნესი და განვითარება“, ასეთი სემინარებიც ჩაგვიტარებია. ამ ყველაფერს ორგანიზებას ვუკეთებ.

აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 9 აპრილს, აზერბაიჯანელი გამოჩენილი მწერლების დღეებს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს და სხვ.

_ რა არის თქვენი დევიზი?

_ ჩემი დევიზია, ქალს შეუძლია ყველაფერი უკეთესი, ბედნიერი, ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ერთი ნასწავლი კაცი _ ერთი ნასწავლი კაცია და ერთი ნასწავლი ქალი _ მთელი ნასწავლი ოჯახია. ჩვენ ჯანმრთელი ოჯახები უნდა გავზარდოთ, ამ ჯანმრთელი ოჯახებისთვის უნდა გვყავდეს განათლებული გოგოები და განათლებული ოჯახები. ხელს ვუწყობ ყველა გოგოს, ვისაც უჭირს, რომ განათლება მიიღოს.

_ რას ნანობთ ცხოვრებაში?

_ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს, მართლა ვამაყობ, რომ მე გავზარდე ისინი და ასეთები არიან, მაგრამ ერთადერთი ის ვინანე, რომ ადრე დავოჯახდი და ცოტა სხვანაირი ცხოვრება შემეძლო შემექმნა. უფრო მეტს შევძლებდი. მე ვერაფერი გავაკეთე. ჩემი ქმარი არ მიშვებდა.

_ სირთულეები, რაც შეგხვედრიათ ცხოვრებაში?

_ ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა, ასე დეტალურად ვერ ვიტყვი. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მეორედ გვაჩუქა ცხოვრება და ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ  პატარა რაღაცებზე არ ღირს წუწუნი. ბედი ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას და არა ბედმა ადამიანი.

_ რამე განუხორციელებელი იდეა გაქვთ?

_ მინდა, გავხსნა საერთო საცხოვრებელი, სადაც მოვლენ ქალები, ბავშვები, რომელთაც წასასვლელი არ აქვთ. ქალებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ენა და უფლება. ოჯახიდან გამოქცეული, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი მინდოდა გამეხსნა, მაგრამ ერთმა ზერბაიჯანელმა თვითონ მითხრა, _ ნუ გააკეთებთ მაგას ქ-ნო გულია, თორემ იმდენი ქალი მოვა, რომ ბოლოს ადგილი აღარ გექნებათ და კაცები არ გაპატიებენ ამასო. ეს არ გამიკეთებია ჯერ.

მერე მართლა დავფიქრდი, რადგან ჩვენს მენტალიტეტში ძალიან რთულია, როცა წამოხვალ, მერე იქ დაბრუნდე. ძალიან ბევრ რამეს იტანენ ქალები.

ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ვიფიქრე გოგოებთან შეხვედრაზე. ჯანდარაში ვიყავი, გარდაბანში, იორმუღანლოში სკოლის ბავშვებს შევხვდი, შარშან ვიყავი საგარეჯოში, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობის პირველი ფესტივალი ჩავატარეთ.

რამდენი რამეა შექმნილი გარეთ და რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ქალებმა ამით?!

სტუდენტები დამყავს თეატრში, კინოში, ბიბლიოთეკაშიც მყავდა ბავშვები წაყვანილი, ყველაფერში ხელს ვუწყობ სტუდენტებს, რომ განვითარდნენ და ჩვენი კულტურა დაინახონ. ახლა აზრად მაქვს სინაგოგაში და სიონშიც წავიყვანო ეს ბავშვები. ძალიან ბევრი არსად ყოფილა და იმ დღეს ერთმა სტუდენტმა  მითხრა, პირველად ვარ ოპერაშიო. ბიბლიოთეკაში ჩამოვატრე. მთავარია, საზოგადოებაში გამოვიდნენ, ცხოვრება მარტო იმისთვის კი არ არის, რომ ჭამო და დაიძინო.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანებათ რაიმე?

_ სამშობლოსთვის არ მენანება არაფერი და შვილებისთვის. ყველაფერი გვიყვარს საქართველოში, რამე თუა გაფუჭებული ქუჩაშიც, ყველაფერს ვასწორებთ, იმიტომ რომ ჩვენია. მართლია, აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ ჩვენი სამშობლო საქართველოა, აქაური მოქალაე ვარ, ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ, ძალიან ბევრი მგობარი გვყავს.

_ რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

_ აზერბაჯანელი, სომეხი, ქართველი, რუსი, მთავარია ადამიანი იყოს და ყველაფერი გააკეთოს სამშობლოსთვის. სამშობლო მხოლოდ ქაღალდი არ არის, როგორც ილიამ თქვა. ადამიანი იყოს და სინდისი ჰქონდეს.

_ ყველაზე ძვირფასი ვინ არის თქვენთვის?

_ ჩემი შვილები.

_ ვინმე თუ გყავთ ისეთი, ვისაც ჰგავხართ?

_ სხვათა შორის, რამდენი ხანია, წინასწარმეტყველივით ვწვალობ, ბავშვობიდან  რასაც ვამბობდი, ხდებოდა ხოლმე და მართლა ვფიქრობდი, რომ ამას მკითხავდი, მაგრამ ვიცი, რომ არავის ვგავარ. მე ვარ მე.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

_ ველაპარაკები მეგობრებს, ვუსმენ მუსიკას, ეს ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კლასიკა, მაგრამ შეიძლება უცებ ისეთ ჟანრს მოვუსმინო, რომ ძალიან შორს ვიყოთ ერთმანეთისგან, როგორც მე და შური. არაფერი და არავისი არ მშურს, პირიქით, მიხარია ყველაფერი. ყველა ერის დღესასწაულს აღვნიშნავ, პასკას ვყიდულობ, კვერცხს ვღებავ.

_ სისტემაში რას შეცვლიდით?

_ არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ხალხის აზროვნების ხარისხია ცოტა ასამაღლებელი. ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი, ნუ ველოდებით რამეს. თვითონ უნდა ვიმოქმედოთ.

ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავატარებ გაკვეთილებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის ენის ცოდნა, რომელშიც  ცხოვრობ. ყველაფერს ჩვენსას უნდა ვუპატრონოთ და დავიცვათ.

_ რისი კეთება არ გიყვართ და გეზარებათ?

_ არაფრის კეთება არ მეზარება. ერთია, ძალიან იშვიათადაა, ღამით რომ  არ მძინავს, დილით ადგომა მეზარება მხოლოდ.

_ თავისუფალი ხართ?

_ კი, ვარ.

_ რა არის თავისუფლება?

_ ის, რომ გინდა, ბედნიერების შექმნა და აკეთებ ყველაფერს, რაც ბედნიერებას ქმნის.

_ რა გახარებთ?

_ ხალხის სიხარული, ადამიანების გახარებული და გაბედნიერებულლი სახეები. მშვიდობა.

_ ვინ არის გულია მუსტაფაევა?

_ ქალი, დედა, ბედნიერი.

_ რამდენი ადამიანი იმსახურებს თქვენს სიყვარულს?

_ მთელი საქართველო იმსახურებს. ყველა მიყვარს, ყველას ვეფერები, ბავშვს, დიდს, მოხუცს, ქუჩაში მოწყალების მთხოვნელს, გამარჯობას ვეუბნები, ვიკითხავ. ყველა მიყვარს, მართლა. ყველა ჩემი შვილია.

_ წლების მერე რა შედეგს გამოიღებს თქვენი მუშაობა?

_ ქალები იქნებიან თავისუფლები, განვითარებულები, წარმატებულები და გაღიმებულები, მე ასე მგონია, თუნდაც ხუთი ქალი რომ იყოს, მაინც გახარებული ვქნები.

_ რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?

_ ვაფორმებ უნივერსიტეტებთან მემორანდუმს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეთანხმებულები ვართ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ასევე ვგეგმავ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობას.

ვგეგმავ, რომ ქალები რომელიმე ისლამურ სახელმწიფოში, ვთქვათ, ირანში წავიყვანო, რომ დავანახო, რა ხდება იქ.  ჩემი რწმენა არის ისლამი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ ტერორიზმზე და მინდა დავანახო იმათ, ვისაც წავიყვან, რომ ისლამი არის სიყვარული, რომ მერე რა, თუ იქ ქალები თავშლიანები არიან. ისინი უნივერსიტეტებში დადიან, შვილებს ზრდიან, კაცებს მიჰყავთ შვილები სკოლებში თუ ბაღებში, მერე  ცოლები დაჰყავთ სასწავლებელში, ან სადმე, სხვაგან, სეირნობენ ან რაიმე სხვა.

_ გურმანი ხართ?

_ კი, თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოს ვიცნობ. ძირითადად, ქართულ საჭმელებს ვაკეთებ: საცივი, აჩმა, გოზინაყი, ყველაფერი ქართული, ფხალეულებზე ზედმეტია საუბარი, აზერბაიჯანულ, სომხურ საჭმელებს ვამზადებ. ჩვენ ქართულად ვცხოვრობთ, თუმცა ებრაულ ქადებს და ლობიანებსაც ვამზადებ არაჩვეულებრივს.

_ რისი იმედი გაქვთ?

_ იმის, რომ ჩვენი საქართველო აყვავდება, რადგან იმსახურებს, საქართველო ყოველთვის კულტურით მაღალი იყო. იმედი მაქვს, რომ მშვიდობა იქნება და ბედნიერები იქნებიან ჩვენი ქართველები და არა გაჭირვებულები. მინდა, ერთად დავდგეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს პატრონები, გავაკეთოთ ყველაფერი ერთად. არ ვთქვათ, მე არ მეხება და არ მაინტერესებსო.

ყურანში წერია, თუ  შენი მეზობელი მშიერია, შენ როგორ უნდა დაიძინო? _ სულ ასე ვართ, ყველას სატკივარი გვტკივა. დედასგან გადმოგვედო, ეტყობა. ჩემს შვილებსაც გადავეცი იგივე, ყველას სატკივარზე სტკივათ მათაც, ისინიც მოდიან და მეუბნებიან, ვის რა სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

_ რა იქნება თქვენი სათქმელი საზოგადოებისთვის?

_ ვიყოთ აქტიურები, შევქმნათ ჩვენ თვითონ, ყველაფერს სიკეთით შევხედოთ და სიკეთე დავინახოთ. ჩვენ თვითონ ვქმნით ბედს და არავის არაფერი დავაბრალოთ,  ბოროტები არ ვიყოთ. არ მიყვარს ეს ბოროტება და შური. მადლობა ღმერთს, ყველა თავისუფალია საქართველოში და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ნუ ჰგონია ვინმეს, რომ გაჭირვებას ვერ ვხედავთ და ძალიან მდიდარი ვარ.

როცა მინდა რაიმეს გაკეთება, მაშინ ვაკეთებ, ამას იმიტომ ვლაპარაკობ და სურათებს იმიტომ ვდებ, რომ ვინმე დაეხმაროს. ამბობენ ხოლმე, ღმერთი უშველოსო, მაგრამ მარტო ღმერთი ვერ უშველის, ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდით, შექმნილი უნდა შევინარჩუნოთ და არ დავანგრიოთ.

არ დავკარგოთ ის სტუმართმოყვარეობა, რაც სულ იყო აქ და განვვითარდეთ, ვიყოთ ქართველები და ასე ვიცხოვროთ, რატომ უნდა მივბაძოთ სულ სხვას, როცა ბევრი ღირებული რამ ჩვენი გვაქვს, უნდა ვიყოთ მყარად და მომავლის იმედი გვქონდეს.

 

მეიდანზე, სომხური ეკლესიის ეზოში დავტოვე წარმოშობით აზერბაიჯანელი ქართველი გულია მუსტაფაევა, რომელიც სტუდენტების, ყველა ეროვნების ქალის და, საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის დახმარებისთვის მუდამ მზადაა.

 

ნინო ტაბაღუა