როგორ ებრძვის საქართველო ,,ფულის გათეთრების” პოლიტიკას ტრენინგების მეშვეობით

როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, ტრენინგები უტარდებათ, როგორ უნდა ებრძოლონ დანაშაულს, რომელსაც ხალხი „ფულის გათეთრებას“ უწოდებს. როგორც ამბობენ, ამ ღონისძიების ფარგლებში უცხოეთიდან აღნიშნული საქმის სპეციალისტები მოიწვიეს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ქართველებს უზიარებენ. ტრენინგში მონაწილეობს ასევე ადვოკატთა ასოციაცია, რომელსაც იქ წარმოადგენს ეთიკის კომისიის წევრი, სამართლის დარგის სპეციალისტი, გიორგი ტურაზაშვილი. ჩვენც სწორედ ბატონ გიორგის შევხვდით. მასთან საუბარი საინტერესო იმითაც აღმოჩნდა, რომ დაგვპირდა, „ქრონიკა+“-ის კითხვებსაც გახდიდა ამ შეხვედრებზე განსჯისა და მსჯელობის საგნად.

რა ხდება „ფულის გათეთრების“ კუთხით ჩვენს ქვეყანაში? რას ასწავლიან უცხოელები ქართველ სამართალდამცველებს და რა სახის კითხვები აქვს „ქრონიკა+“-ს აღნიშნულ საკითხზე?

გიორგი ტურაზაშვილი:

_ ევროკავშირმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დირექტივა მიიღო, 2010 წლიდან კი საქართველომ საკუთარი პოზიცია გამოხატა, რომ ის მზად არის ამ დანაშაულთან საბრძოლველად. მთავარ პროკურატურაში არსებობს სამმართველო, რომელიც ამ დანაშაულს ებრძვის და მას აქვს კიდევაც წარმოებაში მსგავსი საქმეები. მეც მყავს ამერიკელი და ბრიტანელი კლიენტები, ინვესტორები, რომლებიც ფულის გათეთრების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

_ რადგან საქართველოში ასეთ საქმეებს იძიებენ, ე. ი. ქართველებმაც გაათეთრეს ფული?

_ ჩემს კლიენტთან დაკავშირებით იმდენად რთული პროცესებია, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი, ვინ და რა ჩაიდინა. უკვე მეორე წელია, გამოძიება მიმდინარეობს და ბოლო ჯერ არ უჩანს. საქართველოს ბანკები გადარიცხვებს ახორციელებენ და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სწორედ აქ მოხდეს ფულის გათეთრება. არის სხვა სფეროებიც, სადაც ფულის გათეთრების ალბათობა დიდია და არ გამოვრიცხავ, ასეთი ფაქტები იქ ხდება კიდევაც. მესამე წელია, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ვარ და ბევრი რამ მოვისმინე და გავიგე. დონორი ორგანიზაციების მეშვეობით თითქმის ყველა საჭირო სეგმენტია ჩართული ტრენინგში და ერთობლივი შეხვედრებიც ტარდება, სადაც ვეცნობით ფულის გათეთრების მექანიზმებს, რისკებსა და ა. შ. ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა, რომ ფულის გათეთრების ყველაზე მეტი რისკი ბანკებშია.

_ სანამ გვეტყვით, რატომ ჩაითვალა ყველაზე რისკისშემცველად ბანკები და არა სხვა სტრუქტურები, იქამდე, იქნებ, საზოგადოებას მარტივად აუხსნათ, რას გულისხმობს ტერმინი ფულის გათეთრება?

_ ფულის გამთეთრებელი არის პირი, რომელსაც აქვს „შავი ფული“. „შავ ფულში“ იგულისხმება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფინანსები, ან ქონება. შეიძლება ისიც, რომ ფული არ იყოს დანაშაულებრივი, მაგრამ არც კანონიერი გზით იყოს მოპოვებული, ანუ როცა დარღვეულია ადმინისტრაციული, ან სხვა კანონმდებლობა და მისი გვერდის ავლით აქვს მიღებული. მაგალითად, როცა მეწარმე დამალავს გადასახადს და საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლით, სახელმწიფოსთვის დაკანონებული შემოსავლის გადახდის გარეშე აიღებს თანხას. იმ ფულს, რომელიც ამ ფორმით დარჩა, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენებს და ა. შ. ამ მიზნით ის წარმომადგენლობითი ხასიათის პირებს დაუკავშირდება და მათთან შეთანხმების შემდეგ შეიძენენ ქონებას, რომელშიც ამ მეწარმესაც აქვს ინტერესები. შემდეგ მან, შეიძლება, ახალი კომპანია შექმნას და ეს ქონება პარტნიორულ წილში ჩადოს, ის გაასხვისოს და ა. შ., ანუ კვალი არიოს. არსებობს ტერმინი პრედიკატი, რაც ნიშნავს იმ დაუსაბუთებელ, უკანონო მდგომარეობას, რომლითაც ამ ადამიანმა კვალის არევა დაიწყო და ხელი მიჰყო უკანონოდ ხელში ჩაგდებული მატერიალური რესურსის გაკანონიერებას, იგივე გათეთრებას. მიზანი კი ის გახლდათ, რომ უკანონობის პირველი სახე დამალულიყო. ამიტომაც ვამბობ, რომ ფულის გამთეთრებლის შეცნობა ადვილი არ არის და მას ხანგრძლივი მონიტორინგი სჭირდება.

არსებობს ფულის გათეთრების სხვადასხვა ფორმა და მეთოდიც. ერთ-ერთი არის ინტერნეტის მეშვეობით ფულის გათეთრება. იქმნება ვებგვერდები, რომლითაც მომხმარებლებს მომსახურებას უწევენ. მისი რეალური მფლობელი არ იდენტიფიცირდება და არავინ იცის, ვინ არის ის, თუმცა ვებგვერდიდან ყიდის მედიკამენტებს, ტანსაცმელს, ნივთებს. ასევე შეიძლება ინტერნეტში ვინმეს თამაშები ჰქონდეს და მომსახურეობა ფასიანი იყოს. ამ ვებგვერდის მფლობელი საზოგადოებასთან ნდობას ამყარებს, თანხებს იღებს და უცებ ვირტუალურ ხელშეკრულებას მოქალაქეებთან წყვეტს, გადახდილ თანხებს კი ითვისებს. მისი მოძებნა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ბანკებში ფულის გათეთრებას თანხებზე დანიშნულების მითითებებით ახდენენ. ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების შეძენა, იურიდიული მომსახურება, აუდიტი; ასევე ერთი ქვეყნის ბანკიდან მეორე ქვეყანაში თანხის გადარიცხვა, თითქოს იქ რაიმე უნდა შეიძინოს, მერე იმ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადარიცხვები, რა დროსაც, საბოლოოდ, ფული იკარგება. ასეთი საქმეები აქვთ საქართველოს პროკურატურის იმ სამმართველოში, რომელიც ამ სახის დანაშაულს იძიებს. ეს დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით განიხილება და მას იურიდიულ ენაზე ჰქვია: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფრჩხილებში კი მითითებულია _ ფულის გათეთრება.

ასეთი საქმე წარმოებაში მეც მაქვს და მას უკვე სასამართლო იხილავს. ერთ-ერთ პიროვნებას ბრალად წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლი. სახელმწიფო ცდილობს, მას დაუმტკიცოს, რომ იურიდიულად რეგისტრირებული კომპანია არ ჰქონდა, არც სხვა ლეგალური წარმონაქმნი და სხვადასხვა სახის ქონებას სავაჭრო ოპერაციებისთვის იყენებდა: ყიდულობდა და ყიდდა. ასეთი ბრალდება პირის მიმართ შეიძლება მცდარია და ის არ იყოს ფულის გათეთრება. რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა ახალია, არ გამოვრიცხავ, რომ საგამოძიებო ორგანოები ექსპერიმენტებსაც ატარებდნენ მსგავსი საქმეების შექმნის თვალსაზრისით. ცდილობდნენ, ყველაფერს ფულის გათეთრება დაარქვან, რათა მერე დააკვირდნენ, როგორ დაიცავს ბრალდებული თავს სასამართლოში, რას იტყვის მოსამართლე და ა. შ. თუმცა ასევე სხვა კლიენტი მყავს, რომელიც ამ ფორმის დანაშაულის გამო დაზარალებულია. მთავარ პროკურატურაში, ჩემი აქტივობით, ათეული ტომია ამ საქმეზე შექმნილი, მაგრამ ვხედავ, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე გამომძიებელი და პროკურორია კვალიფიციური აღნიშნულ საკითხებში.

_ საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, მაღალჩინოსნებიც ახერხებენ ფულის გათეთრებას, „ატკატებს“, ასევე პოლიტიკაში დიდი რაოდენობის „შავი ფული“ ტრიალებს, რომელიც არჩევნების დროს თეთრდება ხოლმე. ასეთ საქმეებს თუ სწავლობს მთავარი პროკურატურის თქვენ მიერ აღნიშნული სამმართველო?

_ ასეთ საქმეებს რომ სწავლობდნენ, ამის შესახებ არ მსმენია, თუმცა გეთანხმებით, რომ ასეთი დანაშაულები შესაძლებელია, ხდებოდეს და ის ძალიან სახიფათოა. ნარკოტიკების კრიმინალური გზა ჩვენს ქვეყანაზეც გადის. წესით და რიგით, მას ყველა სახელმწიფო მანქანა უნდა ებრძოდეს, თუმცა ამ გზას გარკვეული მიმზიდველობაც აქვს და გზაგამტარი სახელმწიფოები ამ სახის კრიმინალს 100%-ით არ ებრძვიან, რის სანაცვლოდაც ისინი შემოსავლებს ღებულობენ, რომელიც, რა თქმა უნდა, უკანონოა და „შავი“. არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხები შემდეგ დემოკრატიული პროცესებისთვის გამოიყენებოდეს _ არჩევნებისთვის, რეფორმებისთვის და ა. შ. არსებობს განვითარებადი, ან ნაკლებადგანვითარებადი სახელმწიფოები, სადაც მაფიოზური კლანები სამთავრობო სექტორებში მოქმედებენ. ეს პროცესები ძალიან ჰგავს სიმსივნიდან განვითარებულ მეტასტაზებს, რომლებიც, საბოლოოდ, ღუპავს ადამიანს, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ ქვეყანას.

_ ვთქვათ, ადამიანმა სხვადასხვა დანაშაულებრივი, „შავი გზით“ დიდი ფული სხვა ქვეყანაში იშოვა, საქართველოში ჩამოიტანა და პოლიტიკურ პროცესებში დააბანდა, დააფინანსა პარტიები, მედია, მოისყიდა პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და ამით წარმატებული გახდა. ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და არც მოხდებაო, ალბათ, ვერ ვიტყვით, არა? ანუ სწორედ ეს არის ფულის გათეთრება. მით უფრო, როცა პოლიტიკური პარტიები ე. წ. შემოწირულობებით ცოცხლობენ და მათთან ფულის დაბანდება რთული არ არის. იქნებ, ერთი პრეცედენტი მაინც გაიხსენოთ, როცა პროკურატურა ასეთი საკითხით დაინტერესდა?

_ საინტერესო საკითხს შეეხეთ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით გამართული ამ შეხვედრების არსიც ის გახლავთ, რომ აღნიშნული საქმეებით დაინტერესება უნდა გამოხატოს პროკურატურამ, შს სამინისტრომ და უშიშროებამ. კანონი იმის საშუალებას იძლევა, რომ საეჭვო მდგომარეობის დროსაც დაიწყოს გამოძიება. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფომ ასევე პრევენციული ზომები მიიღოს. არ გამიგია, ეს უწყება ასეთ საკითხზე აღძრულ საქმეს იძიებდეს. შეიძლება, არ ახმაურებენ. ამიტომ კარგი იქნება, ერთი პრეცედენტი მაინც დაუშვან და საზოგადოებას დაანახვონ, რომ ეს სფეროც არ არის მიჩუმათებული და უყურადღებოდ დატოვებული, ანუ შერჩევითი სამართალი არ მოქმედებს და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი ყველა კანონიერად ისჯება. აქ ჟურნალისტების როლიც დიდია. ამ საკითხით თქვენ რომ დაინტერესდით, ძალიან კარგია, რადგან სახელმწიფო სექტორში მომუშავეებმა, პოლიტიკაში ჩართულმა ადამიანებმაც უნდა გაიგონ იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ეს ინფორმაციები აქვს და, ადრე თუ გვიან, ამასთან დაკავშირებით კითხვებს დასვამს. მე აუცილებლად გავაცნობ აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს იმ კითხვებს, რომლებსაც თქვენ მისვამთ და ყველას ვეტყვი, რომ რისკები არა მხოლოდ ბანკებსა და კერძო ინვესტორებშია, არამედ პოლიტიკასა და სახელმწიფო სტრუქტურებშიც უნდა ვეძებოთ.

_ ბოლო პერიოდში იმასაც ვხედავდით, არჩევნების წინ, როგორ იქმნებოდა სოკოებივით პოლიტიკური პარტიები. პარტიას ვერ შექმნი, თუ გარკვეული დაფინანსება არ გაქვს და ვერც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვები ამის გარეშე. არა მგონია, სამართალდამცველები დაინტერესებულიყვნენ, ახლად აღმოცენებულ პარტიებს საიდან გაუჩნდათ ფინანსები? ინტერესი ამის მიმართ რატომ არ უნდა იყოს?

_ ჩემი აზრით, ეს ეჭვი საფუძვლიანია და ცხადია, მეც მაქვს. ფულის გათეთრება თავისი ბუნებით ძალიან ახლოს დგას კორუფციასთან. მაინც, რა შეიძლება იყოს ახლად შექმნილი პარტიების მიზანი? პირველ რიგში, ალბათ, ფული. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, არჩევნების პერიოდში პარტიებმა დაფინანსება მიიღონ. არის პარტიები, რომლებიც პარლამენტში ვერ ხვდებიან, მაგრამ სახელმწიფო მათ მაინც აფინანსებს. არჩევნების შემდეგ კი ისინი წყვეტენ პარტიულ საქმიანობას და აღარაფერს აკეთებენ. ამჯერად ასეთ პარტიებს არ დავასახელებ, მაგრამ მედიის საშუალებით ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ისინი. ასეთი ქმედებაც ახლოსაა ფულის გათეთრებასთან. რა თქმა უნდა, არც ამაზეა აქვს დაინტერესება სახელმწიფოს. ასეთი პარტიები, პერიოდულად, არჩევნების წინ ცოცხლდებიან, ფულს აკეთებენ და მერე პოლიტიკურ ასპარეზს ტოვებენ.

_ რადგან მსგავსი საკითხებით არავინ ინტერესდება და პრეცედენტსაც არ ქმნიან ასეთი დანაშაულის გამოვლენის, ან აღკვეთის მიზნით, არ ფიქრობთ, რომ მათ შორის რაღაც გარიგება, ან კავშირიც არსებობდეს?

_ შესაძლებელია, ასეც იყოს და მათ შორისაც არსებობდეს რაიმე გარიგება, არამატერიალური კორუფცია და ვიღაცას აწყობდეს ასეთი პარტიების არსებობა. უნდა ვაღიაროთ, რომ თითქმის მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება მოქცეულია ხოლმე ქვეყნის სათავეში მოსული პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ. შესაბამისად, შეიძლება, რომ ამ ძალამ გავლენა იქონიოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და არავინ გააკაროს იმ პარტიებს, რომლებიც მას ე. წ. ოპოზიციად სურს, რომ წარმოაჩინოს. სინამდვილეში კი ეს არის მათგან მართული, ხელშეწყობილი და ხელშეუხებელი ოპოზიცია. როდესაც მას ეს პარტიები დასჭირდება, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს, მაგრამ ვისი ფული მიდის მათ ჯიბეებში? სახელმწუფო ბიუჯეტში თანხები, ძირითადად, გადასახადებიდან შედის, რომელსაც ხალხი იხდის. ხალხის შეგროვილი თანხები კი სწორ სახელმწიფო ქმედებებს უნდა მოემსახუროს და ის არავინ უნდა მიითვისოს. იმდენად მძიმეა ეს მდგომარეობა, რომ ერთი მუხლი, რომელსაც ამ დანაშაულს მიუყენებ, არ არსებობს. აქ შეიძლება რამდენიმე მუხლით წაუყენონ ბრალი.

_ ბოლო დროს ყველა ფიქრობს, რომ პოლიტიკაში „წასვლა“, ანუ ამ პროცესებში მონაწილეობა მომგებიანია. პრივატულ საუბრებში ეს ხალხი არც იმას მალავს, რომ უნდათ, ცოტა „ამოისუნთქონ“ და ფული იშოვონ. ანუ პოლიტიკა ფულის საჭრელ დაზგად გადაიქცა და ვინც იქ მიდის, ფაქტობრივად, საკუთარ კეთილდღეობას იწყობს. ასევე, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების დროს, ხმის მიცემისთვის, გარკვეულ პირებს ფულს უხდიან, აქციებზე ხალხი ფულით მიჰყავთ. ასეთი ამბებს მედიასაშუალებებშიც აშუქებენ და პროკურატურის სამმართველო, რომელიც ასეთ დანაშაულს სწავლობს, ერთხელ მაინც რატომ არ უნდა ინტერესდებოდეს აღნიშნული ფაქტებით?

_ კიდევ ერთი საინტერესო თემა წამოწიეთ. ერთი შეხედვით, ეს არ არის ფულის გათეთრება, რადგან მას კანონიერი სახე არ ეძლევა, თუმცა როცა პოლიტიკური მიზნებისთვის გარკვეულ პირებს ფული გადაეცემათ და მათი აქტივობების შედეგად ვიღაც პოპულარობას მოიპოვებს, ან გარკვეულ ლეგალურ სამსახურში დაკავდება, შეიძლება, ეს ქმედებები ფულის გათეთრების ერთ-ერთ ფორმადაც განვიხილოთ. თუმცა გეთანხმებით, რომ როცა საინფორმაციო საშუალებებით მსგავსი ფაქტები გაჟღერდება, ის აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი და ეს კანონში პირდაპირ წერია. დიახ, უნდა დაინტერესდნენ, თუმცა ამ ინტერესს  ნაკლებად ვხედავთ. სამწუხაროდ, პოლიტიკური სფერო საქართველოში მართლაც არის ხელშეუხებელი და ეს კედელი დასანგრევია. ამ საქმეს პირდაპირ გამოძიებით თუ არ დაიწყებენ, შეიძლება, მონიტორინგი, დაკვირვება მაინც დაიწყონ, რადგან  ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკური პროცესები დიდ გავლენას ახდენს. ასეთი გზებით ვიღებთ ხელისუფლებებს და ფულის გათეთრებების გზით მოსულ ხელისუფლებას რომ უფრო მეტი შანსი აქვს, იგივე საქმე უკვე ზედა ეშელონებიდან აკეთოს, ეგეც ცნობილია.

უახლოეს მომავალში ამ საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია მორიგი ტრენინგი და როგორც შეგპირდით, თქვენ მიერ წამოწეულ თემებს იქ აუცილებლად განვიხილავ. საერთაშორისო ორგანიზაციები მართალია, ამ საკითხების მიმართ ჩვენს გააქტიურებას ცდილობენ, მაგრამ თემა თავად თუ არ წამოვწიეთ, მას იქ ავტომატურად არ დააყენებენ. ტრენინგს ასევე ესწრებიან უცხოეთიდან ჩამოსული, ამ საქმეში ჩახედული ადამიანები და მათ ქვეყნებში ეს როგორ ხდება, ამასაც ვიკითხავ. ყველაზე რისკისშემცველად, ფულის გათეთრების კუთხით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ბანკებია მიჩნეული, შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლები _ ბუღალტრები, აუდიტორები, ადვოკატები… უკვე შექმნილია სახელმძღვანელოები უცხო ენებზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი ფულის გათეთრებისგან და როგორ ვებრძოლოთ მას. თუ საკითხისადმი დაინტერესება გაიზარდა, შეიძლება მერე სხვა სფერო გამოიკვეთოს და ყველაზე საფრთხის შემცველად ჩაითვალოს.

_ საადვოკატო სფერო რატომ მიიჩნევა ფულის გათეთრების მხრივ რისკის შემცველად?

_ ჩვენმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, მკაცრი განცხადება გააკეთა და მეც ვეთანხმები, რომ ადვოკატის ინსტიტუტის ხერხემალი კონფიდენციალურობაა. კანონი კი გვავალდებულებს, რომ თუ საეჭვოდ მივიჩნიეთ ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხული თანხების, ჰონორარების  წარმომავლობა და წყარო, მაშინვე უნდა მივმართოთ ადვოკატთა ასოციაციას და ისინი თავად მიმართავენ პროკურატურის სამსახურს, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს და გარკვეული მოკვლევა ჩაატაროს, არის თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ფულის გათეთრების ნიშნები? ალბათ, გაინტერესებთ, რა დროს შეიძლება გაუჩნდეს ადვოკატს ასეთი ეჭვი?

საქმე ის არის, რომ ადვოკატმა, შეიძლება, 50 ათასი ლარის ფარგლებში მიიღოს თანხა და დანიშნულებად მითითებული იყოს ჰონორარი. სინამდვილეში კი ეს ფული განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ გათეთრდეს. პრინციპი ასეთია, კლიენტის მიზანია, ადვოკატს ეს ფული ბანკიდან გამოატანინოს, მერე შეუთანხმდეს და გარკვეული ნაწილი, უკვე ლეგალიზებული, უკან დაიბრუნოს; ან ადვოკატმა მისი სახელით რომელიმე კომპანიაში წილი შეიძინოს, მშენებლობაში ჩადოს და ა. შ. მკითხველისთვის ეს პროცესი უფრო ნათელი რომ გახდეს, ვიტყვი, რომ ადვოკატს უფლება აქვს, არასაადვოკატო საქმიანობაც განახორციელოს _ იყოს წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში მყოფი ადამიანებისა და აქედან გამომდინარე, მას სხვა ქვეყნიდან ჩაურიცხონ თანხები, უთხრან, რომ მათი სახელით შეიძინონ ესა თუ ის შენობა, ან მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა და წილი ჩადოს. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია, თანხის რაოდენობას, დანიშნულებას დააკვირდეს და კლიენტს ჰკითხოს, რისთვის უნდა ეს შენობა და ა. შ. ადვოკატები არ ვართ მკვლევარ-გამომძიებლები და ადამიანის უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ასეთ დროს კანონი გვავალდებულებს, შევამოწმოთ, საეჭვო ხომ არ არის ამ ფულის ბუნება? იყო შემთხვევები, როცა ადვოკატებიც გაეხვივნენ შარში.

_ ხომ შეიძლება, ადვოკატი შეცდეს, მოეჩვენოს, რომ მის სახელზე  გადმორიცხული ფული საეჭვოა და კონფიდენციალური მონაცემები, ამ ფორმით, პროკურატურის ხელში აღმოჩნდეს? ასეთ დროს ვინ არის მტყუანი და ვინ _ მართალი?

_ დიახ, ადვოკატმა შეიძლება, საეჭვოდ მიიჩნიოს არასაეჭვო ტრანზაქცია და ამ მიზნით გაასაჯაროოს და შესაბამის სამსახურს კლიენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ასეთ დროს მისი მოქმედება კონფიდენციალურობის დარღვევა იქნება და არ არის გამორიცხული, თუ ეთიკის კომისიაში საჩივარი შემოვიდა, მისი ლიცენზიის შეჩერებამდეც კი მივიდეს საქმე. ამიტომ ადვოკატი უნდა შეეცადოს, არ დაარღვიოს ეს პრინციპი, მაგრამ არც ისე გააკეთოს, რომ ვინმეს დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი აღმოჩნდეს. მან კლიენტთან ურთიერთობისას ოქროს შუალედი უნდა გამონახოს, რომლის დაცვაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

_ დაბოლოს, ფულის გათეთრების სქემები ყველაზე მეტად როგორ ქვეყნებში მუშაობს? იქ ხომ არა, სადაც საგადასახადო სისტემა კაბალურია, სიღარიბეა, სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეებისგან მხოლოდ ითხოვს და თავად არ ეხმარება?

_ ფულის გათეთრების სქემები სხვადასხვა ქვეყნებსაა მოდებული და მხოლოდ ერთ ქვეყანაში არ თეთრდება. ფული თეთრდება ბანკებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით ქვეყნიდან ქვეყანაში და ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, ფულის გათეთრება დაიწყო იაპონიაში, ჩინეთში, მაგრამ მისი ჩამდენი ყოფილა რუსი ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. მასში რამდენიმე ადამიანი, ან ჯგუფია ჩართული და ხშირად ერთიანი ძალისხმევით აღწევს შედეგს.

ნელი ვარდიაშვილი