კომბლე VS ჯეჯელავა

განათლების მინისტრი ჯეჯელავა რომ ქართულ ზღაპრებს ერჩის და ყველგან ძალადობა ელანდება, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია _ ჯეჯელავას ფოლკლორის მიმართ ძალადობა კი უკვე ფოლკლორად იქცა. ისიც მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით აგრესიული კომბლეს მიმართ ბრძანდება, ჰოდა, ამასწინებზე ვფიქრობდი, რას იზამდა, უფრო სწორად, რას უზამდა კომბლე ჯეჯელავას, რეალობის პერსონაჟი რომ იყოს და არა ზრაპრის-მეთქი?

ამას რა გამოცნობა უნდა? ამხელა შეურაცხყოფას და ამდენ ჭორაობას ნამდვილად არ აპატიებდა, ჩამოიღებდა ჭერიდან ერთ კარგ კომბალს, თავში ჩასცხებდა და კბილებს დააკრეჭინებდა. მაგრამ ეს მოვლენების მეტისმეტად ძალადობრივი განვითარებაა, თუმცა, რა, თავად მინისტრს რომ ჰკითხო, კომბლე ხომ მოძალადეა? მოვლენების ამგვარ განვითარებაზედ ხელი ავიღოთ, ისედაც ძალადობაში სდებს ბრალს მინისტრი ჯეჯელავა მას და ბრალს ნუ დავამძიმებინებთ. ამიტომ ჩვენც ავდგეთ და საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მივცეთ. სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ კომბლეს სასამართლოსთვის მიემართა.

ე. ი. კომბლე თავისი კომბლით მიმართავს სასამართლოს.

ბატონო მოსამართლევ, მე ვარ კომბლე. ამდენი ხანია, მშვიდად ვცხოვრობდი შორეულ ფოლკლორში, ბედნიერი კაცი ვიყავი და მინდა გითხრათ, დღემდე ვარ, დღემდე ახსოვს ჩემს ქართველობას ჩემი ამბავი და დღემდე უყვებიან ჩემს ამბავს შვილებსა და შვილიშვილებს, ნამდვილად არ შეგაწუხებდით, ამ თქვენს განათლების მინისტრს მეტისმეტად რომ არ შევეწუხებინე. მოსდგა ამ ქართულ ზღაპრებს და მოსვენებას არ გვაძლევს, ფოლკლორში არ გვაყენებს, გაიძახის, შესაცვლელია ქართული ზღაპრებიო. ბატონო მოსამართლევ, ვიდრე პირადად ჩემს გასაჭირზე მოგახსენებდეთ, ეგებ, თქვენ მაინც შეაგნებინოთ მაგ კაცს, როგორმე, ფოლკლორი, ხალხური ზღაპრები როგორ უნდა შეცვალოს, როგორ უნდა გადაგვაკეთოს? რას გვიპირებს, რას გვეძალავება? განა, ვინმე ან მას, ან ვინმე მწერალს უშლის, რომ დასხდნენ და ახალი დაწერონ, თუ ჩვენ არ მოვწონვართ? ჯერ ერთი, მისდღემში მე სასკოლო პროგრამაში არა ვყოფილვარ, ჩემზე ზღაპარი პროგრამაში არა ყოფილა და ეგ ვისი ტიკიტომარაა, მაგას ვინ ჰკითხავს, დედები, მამები თავიანთ შვილებს ჩემზე ზღაპარს მოუყვებიან თუ არა? აი, მაგისთვის რომ ხეირიანად მოეყოლათ ჩემი ზღაპარი, ან თვითონ მაგას რომ წაეკითხა, იმას არ ილაპარაკებდა, რეებსაც ამბობს და არც რცხვენია. მაგ დალოცვილს წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს?

ჰაერზე რომ ვილაპარაკო, ყველაფერს წესით და რიგით მოგახსენებთ, ბატონო მოსამართლევ. როგორც არაერთხელ ბრძანა, მას, თურმე, ჩემთან ორი პრეტენზია ჰქონია: ის, რომ ცუდი მეცხვარე ვარ და, თურმე, მოძალადეც ვარ. ბატონო მოსამართლევ, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, მაგ კაცმა წერა არ ვიცი და კითხვა ნამდვილად არ იცის! ბატონო მოსამართლევ, არსად „კომბლეს“ არც ერთ ვერსიაში ნახსენები არაა, რომ მე მეცხვარე ვარ. არ ვარ მეცხვარე, არა! გააგებინეთ! ბატონ ბიძინასაც ჰყავს ზებრა, პინგვინი, და მეპინგვინეა? მეზებრეა? თუ კითხვა არ იცის, უჭირს ან ეზარება, აგერ არქივშიცაა და ინტერნეტშიც დევს 1963 წელს ელენე ყიფშიძის შესანიშნავად წაკითხული კომბლე და ის მაინც მოისმინოს! კომბლეც იმიტომ მქვია, რომ კომბლებსა ვთლი და ჭერში ვაწყობ. რას გადამეკიდა, რას მაბრალებს ამ მეცხვარეობას? გადამეკიდა, რატომ ჰყავს 2 ცხვარიო, რატომ მეტი არა ჰყავსო. ჯერ ერთი, ბატონო მოსამართლევ, მე 2 ცხვარი მყავს ზღაპრის ყველაზე მოკლე ვერსიაში, ერთ-ერთ ვერსიაში სამი ცხვარი მყავს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო ვრცელ ვერსიაში, საერთოდ, ოთხი ცხვარი მყავს, რომელიც შემდეგ მთელ ფარად იქცა.

თუ აქამდე არ იცოდა, ახლა მაინც მომისმინოს და გაიგოს, სანამ თავში ვდრუზე კომბალი და მართლა მოძალადედ ვიქეცი. ყველაზე მოკლე ვერსიის მიხედვით, ორი ცხვარი მყავდა, რომელიც თვითონ ბალახობდა, დილით მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა. მე, კიდევ, კომბლებს ვთლიდი და ჭერში ვაწყობდი. ერთ საღამოსაც, რომ არ დაბრუნდნენ, წავედი მათ საძებნად, ჯერ მელია შემხვდა, შემდეგ დათვი, არც ერთს არ ჰყავდა შეჭმული ჩემი ცხვრები, თუმცა, როგორც იცით, ისინი შეხვედრიან ჩემს ცხვრებს და ჩემი შიშით არ შეუჭამიათ. ბოლოს მგელი ვნახე, რომელიც უტიფრად მატყუებდა, რომ ჩემი ცხვრები არ უჭამია, დავაკრეჭინე კბილები, კბილებში ჩიჩია ჰქონდა და, დიახაც, ვდრუზე კომბალი, გავუჭრი მუცელი და ამოვიყვანე ჩემი ცხვრები, ჩემი ცხვრები დავიბრუნე. ამიტომ ვარ მოძალადე, რომ პასუხი ვაგებინე? სამართალი აღვადგინე? რას მერჩის ეგ თქვენი მინისტრი, სასამართლოსთვის უნდა მიმემართა? სად იყო სასამართლო? თუ სასამართლო იყო, სად იყო პოლიცია, პროკურატურა, რას დანავარდობდა კრიმინალი მგელ ბესელიას გამოშვებულ კრიმინალებივით? მომიტევეთ, ბატონო მოსამართლევ, ტყემალი ვერ მივართვი იმ ნამსუგარეცხილ მგელს, რომ ჩემი ცხვრებისთვის მიეყოლებინა, ანდა, სულაც, ქონდარში შეკაზმული რომ ვერ მივართვი, როგორც თქვენს ექსმინისტრ ხადურს უყვარდა. ჩვენს დროს მამაპაპური სამართალი იყო და, მინდა გითხრათ, ის ჩვენი სამართალი უფრო ხშირად ჭამდა პურს, ვიდრე დღეს მაგ თქვენი ჯეჯელავას მთავრობის ხელში ჭამს პურს. დავუბრუნდები ჩემს ამბავს: სხვა ვერსიაში მე სამი ცხვარი მყავდა, სწორედ იმ ვერსიაში, როცა კაცებმა მკითხეს, კომბლე, რა კომბლებს აკეთებო? გარკვევით ვთქვი, _ მე ეს ხელობა ვიცი და ამან უნდა მაცხოვროს-მეთქი. გააგებინეთ ჯეჯელავას, ჩემი ხელობა კომბლების კეთებაა! არ ვარ მეცხვარე! არა! მაგ სამცხვრიან ვერსიაში პირველი მგელს მივადექი, რომელსაც კბილებში ხორცი ჰქონდა ჩარჩენილი, უნდა მომეკლა, მაგრამ მგელმა მითხრა, ნუ მომკლავ და ბედსა გწევო. წავიდა ეს მგელი, იქ მეცხვარეებს დიდი ფარა ჰყავდათ ცხვრების, იმ მეცხვარეებს ოქროს ბატკანი მოსტაცა, მეცხვარეები მას გამოუდგნენ და ის ფარა მე დამრჩა, მე გამოვრეკე. ახლა ამას რომ მოისმენს ეგ თქვენი ჯეჯელავა თავისი ენჯეოშნიკური კლაუზნიკობით, ქურდადაც გამომაცხადებს და მესამე პრეტენზიასაც წამომიყენებს, მაგრამ ეს ასე იყო და ეს ზღაპარია, ზღაპარი და ზღაპარს თავისი ლოგიკა აქვს, ჰაგიოგრაფიას _ თავისი და ყველგან თავისი მოკლე ჭკუით ნუ დააბოტებს, თქვენი კვნესა მე, ბატონო მოსამართლე. იმასაც მოგახსენებთ, მას მერე, რაც ცხვრები გამოვრეკე, სოფელში მკითხეს, _ სამი ცხვარი არ გყავდა, ახლა ამდენი საიდან გყავსო? ვუთხარი, რომ ტყეში გავუშვი და გამრავლდნენ. ამას რომ ჯეჯელავა მოისმენს, მეოთხე პრეტენზიასაც წამომიყენებს, რომ მე მატყუარა ვარ. მაგრამ უნდა მოვახსენო, რა ჩემი ბრალია რომ ხალხი ბრიყვია და ყველა სისულელის სჯერა? იქნებ, ჯეჯელავამ ამიხსნას, ბატონი ბიძინა რომ ხალხს უფასო ფულს დაჰპირდა და იმათ დაიჯერეს, ვისი ბრალი იყო, იმ ბრძენი კაცის, თუ იმ სულელების, ვინც ეს სისულელე დაიჯერა? თან მე ამ ხუმრობისთვის, გაშაყირებისთვის დავისაჯე კიდეც, თანასოფლელებმა მომბაძეს, სამი ცხვარი იყიდეს, ტყეში გაუშვეს და მგელმა რომ შეუჭამა, მომადგნენ და სახლი დამიწვეს! ჯეჯელავას ვეკითხები, _ ბატონ ბიძინას დაუჯდა ასე ძვირი თავისი ხუმრობა? გადაუწვა ვინმემ შუშის სასახლე? კენჭი კი ესროლა? სხვა რა გზა მქონდა, ავიღე ნახშირი, ჩავყარე გუდაში, თავზე ხურდა ფული დავაყარე, აი, თქვენ ერთ მინისტრს რომ უყვარს, ბღუჯა და წავედი, მივედი ერთ სალაროსთან, ყარაულს მივაბარე, დილით შარი მოვდე, რომ ის გუდა ფულით მქონდა სავსე, დავემუქრე ხელმწიფესთან ჩივილით, იმათ, ოღონდ არ გვიჩივლოო და ფულით სავსე გუდა მომცეს. სოფელში რომ მკითხეს, ნახშირი წაიღე და ფული როგორ მოიტანეო? ვუთახრი, რომ ფულზე გავცვალე. ადგნენ, სახლები დაწვეს, დადიოდნენ და გაიძახოდნენ, ფულს ნახშირზე ვცვლითო, მაგრამ ვინ გაუცვლიდა? ჩემი ბრალია? ადგნენ და ახლა ცოლი მომიკლეს, წავიღე ეს ჩემი მკვდარი ცოლი და ერთ კაცს მივადექი, რომელსაც სამი ლამაზი ქალი ჰყავდა, _ ღამე გამათევინე-მეთქი. ეს ჩემი მკვდარი ცოლი კედელზე ავაყუდე, _ რომ ჰკითხეს, _ იქ ვინ დგასო? ვუთხარი, მორცხვია და მოჰკიდეთ ხელი, მოიყვანეთ-მეთქი. ხელი რომ მოჰკიდეს და წაიქცა, ცოლი მომიკალით-მეთქი, ჩივილით დავემუქრე და სამი ქალი გამომატანეს. ახლა ამაზე გაგიჟდნენ ჩემი სოფლელები, ერთი მკვდარი ცოლი წაიყვანე და სამი ცოცხალი როგორ მოიყვანეო? როგორ და მკვდარს ცოცხლებში ცვლიან-მეთქი. რა ჩემი ბრალია, რომ დაიჯერეს, ცოლები დახოცეს და მკვდარში ცოცხლები არავინ გამოატანა. ან ის რა ჩემი ბრალია, ჩემი მოკვლა რომ დააპირეს და ერთმანეთი ამოვახოცინე? ამ ვერსიის მიხედვით, მე არსად მიძალავია, მგლისთვისაც არ მიხლია ხელი, არც კომბალი, ყველა ჩემზე ძალადობდა:  სახლი დამიწვეს, ცოლი მომიკლეს, მე მკალვდნენ და მე თავს ვიძვრენდი ჭკუით. რას მერჩის ეგ თქვენი განათლების მინისტრი, ჭკუა რატომ მქონდა და მოხერხება? თავი უნდა მომეკვლევინებინა? კმაყოფილი იქნებოდა?

ახლა რაც შეეხება მორიგ ვერსიას: მორიგი ვერსიით, მე არათუ მეცხვარე არ ვიყავი, საერთოდ ცხვრები არ მყავდა. ძროხა მყავდა, აი, ისე, როგორც მულტფილმშია. ერთ წელს ბერწად დარჩა ეს ჩემი ძროხა, გადავწყვიტე, გამეყიდა და ცხვრები მეყიდა, მაგრამ თაღლითების ხელში ჩავვარდი, ყასბებმა პირი შეკრეს, თხის ფასად გავაყიდინოთო, აიჩემეს, თხა არისო, ყველა პირზე მადგებოდა, თხა არისო, ბარემ ვიცოდი, რომ ძროხა იყო, მაგრამ რა მექნა? იძულებული გავხდი, თხის ფასად გამეყიდა, ერთი კი ვქენი, რაკი თხაა, თხის პატრონს თხის კუდი მაინც მარგუნეთ-მეთქი და მომცეს ამ ჩემი ძროხის კუდი. ერთ დღეს გავიგე, რომ ეს ყასაბი ავად გამხდარა, ჩავიცვი როგორც ექიმმა, ხალათის ქვეშ დავმალე იმ ჩემი ძროხის კუდი, ერთი კაი შინდის კომბალი და მივადექი იმ ყასბის სახლს. მოსამსახურეებს ვუთხარი, რომ მე ვიცოდი მისი წამალი, _ დავალევინებ, ოფლს მოადენინებს, მაგრამ ყვირილს ატეხს და არ შემოხვიდეთ, ნიავი დაჰკრავს და უარესი მოუვა, ეგებ, ვერც გადარჩეს-მეთქი. შემიშვეს, ვანახე ძროხის კუდი და ვკითხე, _ რა არის-მეთქი? _ ძროხის კუდიაო. _ ჰოდა, თუ ძროხის კუდია, რად წამართვი თხის ფასად-მეთქი?! და მოვდე და მოვდე შინდის კომბალი. არც საშველად ვინმე შემოვიდა და ბოლოს შემეხვეწა, _ ოღონდ ნუ მომკლავ და ორმაგად გადაგიხდიო. ოქროს ფულებით სავსე ქისა ამოიღო. მე, ბატონო მოსამართლევ, პატიოსნად მარტო ჩემი ძროხის საფასური ავიღე! დანარჩენი უკან მივუგდე. იმ ფულით 4 ცხვარი ვიყიდე. იმ 4 ცხვარს ერთხელ, ბალახობისას, ჯერ მელია შემოხვდა, შემდეგ მგელი, ორივე შეეშვა ჩემი შიშით, მაგრამ დათვი არ შეშინდა და შემიჭამა. მე მელიაც ვნახე, მგელიც, მაგრამ არც ერთისთვის კომბალი არ დამიკარებია, იმიტომ რომ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მივაგენი მათ ტუჩკბილზე, დათვს ვუნახე ჩიჩია და დავაყრევინე ჩემი ცხვრები. ამის შემდეგ ყველა შიშით გარს უვლიდა ჩემს ცხვრებს, ცხვრები თავისუფლად დაბალახობდნენ და მრავლდებოდნენ, ბოლოს ისე გამრავლდნენ, მთელი მთა-ბარი თეთრად გადაპენტეს! გააგებინეთ ეგ ჯეჯელავას _ მთელი მთა-ბარი თეთრად გადაპენტეს! ეგ კი მომდგომია და გაიძახის, 2 ცხვარი რატომ ჰყავსო. კომბლებს რატომ თლის და ჭერში რატომ აწყობსო? თქვე კაი ხალხო, აგერ ეგ თქვენი ბრძენი კაცი ხან ტიტას თხრის, ხან მაგნოლიას, ხან ზღვით დაატარებს, ხან რკინგზით იმოტოლა ხეებსა და კრინტს არ ძრავთ და ჩემი კომბლების თლა და ჩემს ჭერში შეწყობა რა სალაპარაკო გამიხადეთ? ან ისეთი კაცის განათლების მინისტრად დანიშვნა რა გაგიხდათ, ზღაპრები რომ მაინც ბოლომდე ექნება წაიკითხული და ყველაფერს უკუღმა არ გაიგებს? სად ნახა, სად წაიკითხა მაგ შეჩვენებულმა, რომ როდესაც ჩვენი ამბავი მთავრდება, _ ჭირი იქა,  ლხინი აქაო, ქატო იქა, ფქვილი აქაო, რომ „იქა“-ში მეზობლები იგულისხმება? ბატონო მოსამართლევ, ეჭვი მაქვს, მაგას ჩვენი ზღაპრები კი არა, ბოლომდე „თხა და გიგოც“ არ აქვს წაკითხული, იქამდე აქვს წაკითხული, თხა რომ დაეტაკება გიგოს. გიგოსი რა გითხრათ, მაგრამ თქვენ რა დაგეტაკათ, ეგ კაცი რომ განათლების მინისტრად გიზით და ცალკე მთელ დღევანდელ საქართველოს გასწავლით ჭკუასა და ცალკე _ აქეთ ჩვენ არ გვასვენებს ფოლკლორში? ბატონო მოსამართლევ, მოვითხოვ, ჩემი შეურაცხყოფისთვის მას დააკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ათასი ბღუჯის ოდენობით; და დააკისროთ გამასწორებელი სამუშაოები _ იმ ბღუჯა ფულებით ბლომად ცხვარს ვიყიდი და მაგას მეცხვარედ ავიყვან. ეგება, მერე მაინც გაიგოს, ვინაა ჩვენ შორის მეცხვარე.

 

რეზო შატაკიშვილი