რეაქცია „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ მასალაზე – გიორგი კვირიკაშვილი ქართველ გამომგონებელს შეხვდა!

„ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ცნობილ ქართველ გამომგონებელს, თემურ მაისურაძეს, „ტრამპის გამომგონებელი“ შეარქვეს. მკითხველს შევახსენებთ, რომ გაზეთის პუბლიკაცია ეხებოდა ძმებ მაისურაძეების მიერ შექმნილ ე. წ. მართვადი გამჭვირვალობის მინას, რომლითაც აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია (მის გაპრეზიდენტებამდე) დაინტერესდა.

როგორც ცნობილია, ეს გახლავთ ქართველი მეცნიერის ერთ-ერთი გამოგონება. მისი მეორე გამოგონებით კი, რომელიც ისრულ გადამყვანებს შეეხებოდა, რუსეთის რკინიგზა დაინტერესდა.

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, გახლავთ რუსული სტანდარტის ლიანდაგებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, საქართველოში რაიმე ცვლილების გაკეთება ლიანდაგებზე შეუძლებელია, თუკი ეს ცვლილება ნებადართული არ იქნება რუსეთის ფედერაციის ფედერალური რკინიგზის სისტემის შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. სწორედ აღნიშნულ უწყებას გადაეგზავნა ქართველი გამომგონებლის, თემურ მაისურაძის პროექტი ისრული გადამყვანების შესახებ.

ვინაიდან „ქრონიკა+“ ერთი თვის წინ წერდა ამის შესახებ, მკითხველს მოკლედ შევახსენებთ, რას ეხებოდა გამოგონება:

მსოფლიო სარკინიგზო პრაქტიკაში ისრულ გადამყვანს მატარებელი ერთი ლიანდაგიდან მეორეზე გადაჰყავს. თითო ასეთ გადამყვანს ერთი მილიონი ტონის დატვირთვის შემდეგ გამოცვლა სჭირდება, თემურ მაისურაძის მიერ შექმნილ ნიმუშს კი 4,5 მილიონი ტონა სიმძიმის გადატარების შემდეგ ახლით შეცვლა სჭირდება. ერთი ისრული გადამყვანი 25 ათასი დოლარი ღირს, ეს გამრავლებული 4-ზე უდრის 100 ათას დოლარს. ქართული გამოგონების თვითღირებულება კი არაუმეტეს 8 ათასი დოლარისაა. ანუ 4 ისრულ გადამყვანს, რომელიც, ჯამში, 100 ათასი დოლარი ღირს, ერთი ისრული გადამყვანი ცვლის, რომელიც 8 ათასი დოლარი ღირს. დღემდე არსებულ ყველა ისრულ გადამყვანს დემონტაჟი ოთხჯერ სჭირდება, ამ უკანასკნელს კი, ერთხელ. ყველა ისრულ გადამყვანს ე. წ. მავნე ღრიჭო აქვს, ანუ როდესაც თოვლი მოდის, იქ არსებული ღრიჭოები ივსება და მერე ვეღარ ირთვება, სანამ ადამიანი არ მივა და ხელით არ გაასუფთავებს. თემურ მაისურაძის ისრულ გადამყვანს მავნე ღრიჭო არ გააჩნია. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია ევროპის ჩრდილოეთ სარტყლისთვის.

სწორედ ამ გამოგონებით დაინტერესდა რუსეთის ფედერალური რკინიგზა მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა გამოგონებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ექსპერტიზაზე გადააგზავნა სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე პირველის სახელობის რკინიგზის მაუწყებლობის უნივერსიტეტში. იქიდან პასუხი მოვიდა: სასწრაფოდ ჩამოვიდეს გამომგონებელი დეტალების დასაკონკრეტებლად. სანკტ-პეტერბურგში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე თემურ მაისურაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ქრონიკა+“-ს და რკინიგზის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქრონიკა+“-ის გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თემურ მაისურაძეს სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე შეხვდა და იმ პროექტით დაინტერესდა, რომლის შესახებაც გამომგონებელმა ჩვენთან ისაუბრა. კვირიკაშვილი თემურ მაისურაძეს მეორეჯერაც შეხვდა. ამჯერად, რუსეთიდან მისი ჩამოსვლის შემდეგ. გამოჰკითხა, როგორ ჩაიარა შეხვედრამ რუს სპეციალისტებთან და მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაეჭირა იმისთვის, რაც ქვეყნის პროგრესს წაადგებოდა.

 

ამჯერად, სანკტ-პეტერბურგში ვიზიტის შესახებ „ქრონიკა+“-თან დეტალებზე საუბრობს გურამ სართანია _ რკინიგზის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთი სექტორის ხელმძღვანელი, რომელიც თემურ მაისურაძეს ამ ვიზიტის დროს თან ახლდა და რომელიც, შეიძლება ითქვას, უკვე ოფიციალურ მხარეს წარმოადგენს:

_ ბატონო გურამ, როგორც თემურ მაისურაძემ „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნა, თქვენ ისრული გადამყვანების პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ხართ. სწორედ თქვენ წარუდგინეთ ის, თავის დროზე, რკინიგზის ხელმძღვანელობას, თუმცა თავიდან უარი მიიღეთ.

_ ეს იდეა 2000 წლიდან მოდის. თემურ მაისურაძეს უნიკალური სისტემა აქვს შექმნილი _ გადაუჭრელ პრობლემათა გადაჭრის თეორია.

_ ვიცით, ეს მისი სადოქტორო დისერტაცია და ლექციათა კურსის    თემაა.

_ გაგიკვირდებათ, მაგრამ ნებისმიერ სფეროში, მაგალითად, მედიაში რაღაც გადაუჭრელი პრობლემა რომ უთხრათ, მისი მოგვარების გზებს გასწავლით.

_ ყოფითი პრობლემებიც თუ შედის ამ ყველაფერში? მაგალითად, პრობლემური მეზობელი მყავს და მასთან ურთიერთობას ვერ ვაგვარებ…

_ ანუ ინტრიგანი მეზობლის განეიტრალებას გულისხმობთ? ეს უკვე სამართლებრივ სფეროს ეკუთვნის. თემურს შეუძლია შემდეგი: მაგალითად, პირველი მობილური ტელეფონები რომ გამოვიდა, მათ უზარმაზარი დამაკავშირებელი ანტენები ჰქონდა. თემური პირველი იყო, ვინც ეს ანტენა დააპატარავა. შემდეგ ეს ანტენები მწარმოებლებმა საერთოდ გააქრეს, ანუ ტელეფონში ჩადეს. თემურ მაისურაძეს კი ეს მანამდე ჰქონდა გაკეთებული. იგივე ჩვენი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ _ ასი წლის განმავლობაში ეს იყო პრობლემა რკინიგზაში, რომელიც ბევრ პარამეტრში უარყოფითად აისახებოდა მთლიან სტრუქტურაზე. სიჩქარე, ტექნიკური გაუმართაობა, სისტემატური პრობლემები თოვლისა და ყინვის დროს, მაღალ სიჩქარეებზე გადასვლის შეფერხებები, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა. თემურ მაისურაძე დაჯდა, ეს ყველაფერი ერთ „ტომარაში“ მოაქცია და იდეალური რამ შექმნა. სამწუხაროდ, გამოგონებათა უმეტესობა არ ფასდება. რენესანსის გენიას, ლეონარდო და ვინჩის, პირველი ჰელიოკოპტერი, ჯერ კიდევ, როდის აქვს გამოგონილი და დღესაც თაროზეა შემოდებული. მე ბევრს ვკითხულობ ამ თემაზე და ყველა გამოგონება 10-15 წელი, ზოგჯერ, მეტსაც აგვიანებს.

_ მიზეზი რა არის?

_ ჯერ ერთი, დროს წინ უსწრებს და მეორეც, გააჩნია, რომელ ქვეყანაშია გამოგონილი. საქართველო ჯერ არ მიიჩნევა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შემქმნელ ქვეყნად და, ამასთან ერთად, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ლიცენზირება, დაპატენტება, ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან მიზერულია. ამერიკაში ერთ-ერთ უნივერსიტეტს უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი ცდებისა და გამოკვლევებისთვის, ვიდრე საქართველოს. ეს არის ტექნიკური განვითარების აუცილებელი პირობა, ჩვენთან კი ჯერ ძალიან გვიჭირს ამ მიმართულებით. დღესდღეობით ორი პროექტი ჩავაბარეთ. ერთი მათგანი „ონკანების“ სრულიად გენიალური პროექტია და 100 ათასი ლარი უნდა გამოგვიყონ. სანაცვლოდ გვთხოვენ ასი ათასი ლარის გამოკვლევის ჩატარებას.

_ ჩვენს მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ _ ისრულ გადამყვანს…

_ წინა ხელისუფლების დროს ეს პროექტი თაროზე შემოდეს, ამიტომ ხელი ჩავიქნიეთ. სადაც მივიტანეთ, ყველას ინფანტილური დამოკიდებულება ჰქონდა. ბოლოს რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ ტექნიკური საბჭო შექმნა, სადაც პრობლემური ინოვაციები განიხილება. ამ საბჭოზე ოპონირების რეჟიმში გავიტანეთ. ერთ-ერთმა რუსეთში გადააგზავნა, _ აი, ასეთი რაღაცა გააკეთა ქართველმა გამომგონებელმა და, იქნებ, თქვენ შეისწავლოთო. იქიდან პასუხი მოვიდა, რომ ვინ არის ეს ხალხი, სასწრაფოდ გაგვაცანითო. თემური ამ დროს საქმის კურსში არ იყო. გავარკვიეთ, რომ ეს იყო ცნობილი მეცნიერი და აკადემიკოსი გოვოროვი, რომელიც ნომერ პირველი ავტორიტეტია სარკინიგზო საკითხებში. წავიდა მიწერ-მოწერა და სანკტ-პეტერბურგში  ჩასვლა გვთხოვეს. გოვოროვმა თემურ მაისურაძეს მისწერა, მე 30 წელია ამაზე ვსაქმიანობ და თქვენ 30 წლით გამასწარითო.

_ ამის შემდეგ ჩახვედით სანკტ-პეტერბურგში?

_ დიახ _ მე და თემურ მაისურაძე. იქ შემოგვთავაზეს, რომ ერთობლივი საწარმო შეგვექმნა.

_ რომ ჩამოხვედით, რა რეაქცა ჰქონდათ საქართველოში?

_ არ შეიძლება არ აღინიშნოს რკინიგზის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელების მხარდაჭერა და წვლილი. თემურ მაისურაძეს ეკონომიკის მინისტრი, ბატონი გიორგი გახარიაც შეხვდა, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ამ ეტაპზე სანკტ-პეტერბურგი თავის თავზე იღებს ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას, საცდელი ნიმუშების დამზადებას, გამოცდას სპეციალურ პოლიგონზე, „გოსტ“-ის მინიჭებისა და სახელმწიფო სტანდარტში ჩასმის ინიციატივას. ეს არის უზარმზარი რამ. ახლა ბევრი ეტაპია გასავლელი, მაგრამ ვმუშაობთ, რომ თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდეთ. საქართველოს მხარემ, სავარაუდოდ, გარკვეული ფინანსური ვალდებულება უნდა აიღოს, თან პატენტიც ჩვენია. ახლა ეს ყველაფერი იურიდიულად არის გასამართი. იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, ისევ ჩასვლა მოგვიწევს სანკტ-პეტერბურგში და ამჯერად ჩვენთან ერთად მოდის რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ვასილ ხორავა. ასე გადაწყვიტა გენერალურმა დირექტორმა. სხვათა შორის, ძალიან სწორად მიუდგა საკითხს ბატონი ბახტაძე. ეს მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან რუსეთის ფედერალურმა რკინიგზამ ნახა, რომ საქართველოს რკინიგზაში თანამედროვე მენეჯმენტია, პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ცდილობს, სისტემა თანამედროვე მიდგომებსა და სტანდარტებში მოაქციოს.

_ „ქრონიკა+“-ის პუბლიკაციის შემდეგ, როგორც ვიცით, თემურ მაისურაძეს კვირიკაშვილი შეხვდა.

_ დიახ, შაბათს შეხვდნენ, ჩვენ 13 დეკემბერს გავფრინდით, პრემიერს კი ოთხი დღით ადრე შეხვდა. კვირიკაშვილისგან ასეთი მესიჯი იყო, რომ თუ სამეცნიერო წრეებიდან დადებითი დასკვნა იქნებოდა, როცა ჩამოხვალთ, კიდევ შევხვდეთ და ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან ერთად გავიაროთ, მზად ვარ, ამას მხარი დავუჭიროო. გასული კვირის ორშაბათს, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელძღვანელებს, ბატონ მამუკა ბახტაძესა და ვასილ ხორავას, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ ამ საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

 

თამარ როსტიაშვილი