ლალი მოროშკინა სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადება!

10525455_10203642038506921_14757530_n

სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ევროპაში წასვლამდე მან სკანდალური განცხადებები გააკეთა, მაღალჩინოსნები დიდი ოდენობის პრემიის მიღებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა ის, რომ მოროშკინა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს ამბავი ამით არ დასრულდება, მოროშკინა დანებებას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ სამართალს საქართველოში ვერ იპოვის, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

თბილისში დაბრუნებული ლალი მოროშკინა „ქრონიკა+“-მა ჩაწერა:

_ საფრანგეთში ნამდვილად გექნებოდათ აურზაურის შემდეგ ამოსუნთქვის და დამშვიდების საშუალება. პრემიების სკანდალურ თემაზე რა ანალიზი გააკეთეთ?

_დასვენებული ნერვებით რომ გადავხედე ვითარებას, ასეთი სურათი გამოიკვეთა – ვინც უსამართლოდ მომექცა, უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს. ევროპაში უქმად არ ვყოფილვარ, სრული მხარდაჭერა მივიღე ევროსტრუქტურებიდან. შევხვდი ადამიანის უფლებათა დაცვის სტრასბურგის ოფისის წარმომადგენლებს და მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა პროექტი პატიმარი ქალებისთვის პაემანის ოთახის მოსაწყობად, მაგრამ ბაჩო ახალაიას ბრძანებით ეს პროექტი გაუქმდა. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გვინდოდა ამ პროექტის განხორციელება. როგორ შეიძლება, რომ პატიმარმა ქალმა ქმარი და საკუთარი შვილი ვერ ნახოს?! ევროპაში პატიმრებისთვის შვებულებაც კი არსებობს და თუ ჩვენ მართლა გვინდა ევროპაში ინტეგრაცია, პატიმართა უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, პატიმარი ქალებისთვის პაემანის ოთახების მოსაწყობად 3 მილიონ ლარამდე გამოიყო, თუმცა 2013 წლის ბოლოს ეს თანხა აორთქლდა და არაადეკვატურად დიდი ოდენობის პრემიებში გაიწერა (40-40 ათასი ერთი თვის პრემია სასჯელაღსრულების ტოპმენეჯმენტს). წინა ხელისუფლების დროს დაახლოებით 2000 პატიმარი ქალი იყო საქართველოში, ახლა მათი რიცხვი ხუთასამდე შემცირდა, თუმცა ამდენი გაუბედურებული ოჯახი ცოტა როდია და მათ ნამდვილად სჭირდებათ ყურადღება სახელმწიფოსგან. პატიმრების წახალისება, შვებულებაში გაშვება ჩვენს პატიმრობის კოდექსშიც წერია, თუმცა ასეთი რამ პრაქტიკაში არ ხდება, პროცესის ლიბერალიზაცია, ევროსტრუქტურების რეკომენდაციები სრულიად იგნორირებულია.

_რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი?

_სამსახურიდან უსამართლოდ გამიშვეს, შრომითი ხელშეკრულება უხეშად დამირღვიეს. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში გავიგე, რაც, თავისთავად, ვანდალიზმია და არაფერი აქვს საერთო ცივილიზებულ ურთიერთობასთან. თუ საქართველოში ვერ ვიპოვე სამართალი, ეს საქმე ევროსასამართლოში წავა. ყველანაირი წინაპირობა არსებობს საიმისოდ, რომ ეს საქმე მოვიგო. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საფრანგეთის პრეფექტურამ პოლიტიკური თავშესაფარი შემომთავაზა, რისგანაც ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, რადგან თავშესაფრის მიღების შემთხვევაში რამდენიმე წელი არ შემეძლება საქართველოში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ფრანგებისგან ასეთი თანადგომისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ჯერ სამართლიანობის აღდგენას დაველოდები! იმ შემთხვევაში, თუ სოზარ სუბარი 20 ივლისამდე (კანონის თანახმად, ეს ბოლო ვადაა) არ აღმადგენს სამსახურში, ავტომატურად სარჩელი შედის სასამართლოში. ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სამართალს, ალბათ, ქართული სასამართლოს პირობებშიც მივაღწევ, თუ არადა, პროცესი ევროსასამართლოში გაგრძელდება. სამსახურიდან დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ის დაასახელეს, თითქოს მე სამსახური უმიზეზოდ გავაცდინე, სინამდვილეში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს მალხაზ ჩიკვილაძესთან ვიყავი შეხვედრაზე, რომელიც მთხოვდა, რომ დიმიტრი დარბაისელთან მიმართებით ლოიალური ვყოფილიყავი. ქვეყნის უმაღლესმა პირებმა შემომითვალეს, სამინისტროდან საჩივარი გაიტანეო. მათ კარგად იციან, რომ ეს არის ჯაჭვი, რომელშიც ჩაბმულია არცთუ ცოტა ადამიანი. სამწუხაროა, რომ ჩემს განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია, არადა, ევროპა პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირში შესვლის მოსურნე ქვეყნებს, რომ მაღალჩინოსნებს ხელი არ დააფარონ. და კიდევ: ცალკე პასუხს მოვთხოვ იმ ცილისწამებაზე, რომელიც ჩემი მისამართით გაისმა და 1600-ლარიანი ხელფასი 30000-ად „მოეჩვენათ“, რათა ჩემთვისაც მოეცხოთ ჩირქი.

_პოლიტიკურმა პარტიებმა არ შემოგთავაზეს კომპანიონობა?

_რა თქმა უნდა, იყო ასეთი შემოთავაზებები, ამ თემის კიდევ უფრო მძლავრად აგორებას მთავაზობდნენ, მაგრამ არც ერთის არ მჯერა. საბოლოოდ, ამ პერიპეტიებში ინდივიდუალურ მოთამაშედ დავრჩი. აქ აზარტის მომენტიც არის – ძალიან მინდოდა კარგი საქმის კეთება პენიტენციურ სისტემაში და ვიღაც-ვიღაცების გამო ამ საქმეს არ მივატოვებ, დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ აუცილებლად მივაღწევ მიზანს. ცხადია, შემიძლია შევეშვა ამ ყველაფერს, ბიზნესი დავიწყო, მაგრამ მაქვს იმის ჟინი, რომ პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლა გავაგრძელო.

_თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ საქართველოში სასიკეთო ძვრები არ არის. კარგს ვერაფერს ხედავთ?

_საქმის კარგად მკეთებელი ადამიანების რიცხვი უნდა გაიზარდოს – ასეთი ტენდენცია მართლაც იკვეთება, მაგალითად, ჩინებულად მუშაობს ჩვენი მედია, ოპერატიულად აშუქებს პროცესებს, ჩვენს ჟურნალისტებში არის ერთმანეთისადმი სოლიდარობის განცდა და ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები პოლიტიკოსებზე კარგად აკეთებენ დასკვნებს.  მაღალჩინოსნების ცუდ საქმეებს მეორედ და მესამედ თუ ვამხელთ, ამას ისინი ვეღარ გაბედავენ და უკვე რეალურად გავხდებით ევროპის ნაწილი. იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების დაბალი დონეა, 40-ათასლარიან პრემიებს რომ გამოწერ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ხაზინის ფლანგვა…

 

                                                                                                დავით თავართქილაძე