ახმეტა ფულის გარეშე და ჩავარდნილი ბიუჯეტი

ახმეტის საკრებულოს 30 დეპუტატი ჰყავს, მუნიციპალიტეტს კი 31 461 მცხოვრები. 2017 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა ახმეტის თვითმმართველობისთვის, რადგან ამ წელს საკრებულომ გამგეობას ბიუჯეტი არ დაუკმაყოფილა და მუნიციპალიტეტიც ბიუჯეტისა და ფულის გარეშე დარჩა. მიზეზები ბევრია, სახელისუფლებო გუნდი ფიქრობს, რომ ოპოზიცია კეკლუცობს და ამით უნდა, ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი თავის პიარზე იმუშაოს, ოპოზიციაში კი სხვა რამეს ამბობენ.

ენმ-ახმეტის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი, ბიუჯეტის არმიღებას „ქრინიკა+“-თან ასე ხსნის:

_ ეს არ იყო ახმეტის პრობლემებზე მორგებული ბიუჯეტი, ეს იყო ნათესავ-მეგობრების დასაქმებაზე, პრემიებსა და ხელფასებზე მორგებული ბიუჯეტი. ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ჩვენი ფრაქციის წევრებმა და არა მარტო ჩვენი ფრაქციის წევრებმა. ჯამში, 16 ხმა უნდოდათ, რომ ბიუჯეტი მიეღოთ, თუმცა ბიუჯეტს მხოლოდ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ საკრებულომ ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტი უნდა მიიღოს?

_ კანონით გამგეობას ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ევალება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფლებამოსილი პირები ცოტა ადეკვატურად იაზროვნებენ, ბიუჯეტის პროექტში შესაბამის კორექტირებას შეიტანენ და საკრებულოზე ისე წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ფულადი რესურსები პრობლემების საპირწონედ გადანაწილდება, მზად ვართ, რომ ბიუჯეტს მხარი დავუჭიროთ. თუ აქ მხოლოდ ფასადური კორექცია იქნება და შინაარსი არ შეიცვლება, მაშინ ჩვენი ფრაქციის წევრები კვლავ მხარს არ დაუჭერენ ბიუჯეტს.

_ აპრილში რომ მოხდეს საკრებულოს დათხოვნა, მაშინ რა იქნება?

_ თვითმმართველობის არჩევნებამდე სახელმწიფო მმართველობაში გადავა. თუმცა მე არ მინდა, ასე შორს წავიდე და ვფიქრობ, რომ მინიმალურ პასუხისმგებლობას მაინც გამოიჩენს „ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლება, რაიონის რეალურ საჭიროებებს გაითვალისწინებს. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განხორციელდეს. ჩვენ ყველა ვარიანტში იმ გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს, სადაც ჩვენი მონაწილეობა იქნება მისაღები, ან იმას დავუჭერთ მხარს, რაც უფრო კარგი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებისთვის. კარგად გვესმის, რომ საკრებულო ერთ-ერთი შესაძლებლობაა ბრძოლისა, რაც შეიძლება მეტი დაიხარჯოს ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ ბიუჯეტის სახსრებიდან. თუ ამას თავს ვერ ვართმევთ, სჯობია, საკრებულო დავითხოვოთ, ვიდრე ვიღაცებმა ბიუჯეტის ფული ტყუილად ჭამონ: თავიანთ ნათესავებს გაუწერონ პრემიები, ხელფასები და თავის შინაურებს ტენდერები მისცენ. მოკლედ: ჩვენთვის ბარიერი არ არის საკრებულოს დათხოვნა-არდათხოვნა, ჩვენთვის პრობლემაა, რომ ბიუჯეტი არაადეკვატურია და მხოლოდ ადეკვატურს დავუჭერთ მხარს.

 

ირაკლი უჯირაული _ საკრებულოს დეპუტატი და ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე:

_ ბიუჯეტის კანონპროექტში აღმოჩნდა, რომ სოცპაკეტში თანხები შემცირებული იყო იმ ფონზე, როცა ძალიან მცირედ მოიკლეს ადმინისტრაციული ხარჯები, მაგალითად, საწვავზე. ასევე 2015 წელს საწვავისთვის 60 ათასი ლარი თუ იყო გამოყოფილი, 2017 წლისთვის 81 ათასი ლარი მოითხოვეს. გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წელს ბენზინი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე 2016 წელს და ახლა ჯერ მომატებულიც არ არის, გაჩნდა კითხვა, _ თუ 2015 წელს, როცა საწვავი შედარებით ძვირი იყო, მუნიციპალიტეტს 60 000 ლარის ჰყოფნიდა, რატომ გახდა აუცილებელი, უკვე გაიაფებული საწვავის ფონზე საწვავის შესყიდვის ხარჯი გაზრდილიყო?

ამიტომ საბიუჯეტო პროცესის ასეთი ფორმით შემცირება ჩვენთვის მიუღებელია. ე. ი. ვამცირებთ სოციალურ პაკეტებს, სოციალურ პროგრამებს და უფრო მეტს ვტოვებთ ადმინისტრაციულ ხარჯს? ჩვენი ფრაქციისთვის ეს იყო მიუღებელი. თქვენთან ინტერვიუში არაერთხელ მითქვამს, რომ საკრებულოს არც ერთ კომისიაში არანაირი საკითხები არ გადის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა, რომ რაღაც დაწერილი მოიტანოს და საკრებულომ კვერი დაუკრას, გამგეობას რაღაც ციფრები შეაქვს და კაცმა არ იცის, იმ ციფრების უკან რა დგას. მაგალითად: ბიუჯეტში არის მუხლი _ ხიდები და გზები. აი, ამ მუხლის გასწვრივ წერია რაღაც ციფრი და გამგეობა გვეუბნება, რომ ხიდებისა და გზებისთვის მინდა ეს თანხა. ამ დროს ჩვენ არ ვიცით, სად რომელი გზა, რომელი ხიდი უნდა გაკეთდეს, საჭიროა ამის გაკეთება, თუ არ არის საჭირო? ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ საკრებულო მაქსიმალურიად უნდა იყოს ჩართული არ პროცესში, რომ არ დარჩეს შესაბამისი კითხვები, რა სად მიდის. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ფრაქციამ თავი შეიკავა და მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს. მთლიანობაში, ბიუჯეტი ჩავარდა. სამწუხარო, იცით, რა არის? მუშაობა იმაზე კი არ მიდის, რომ  საკრებულოს წევრებთან ერთად მოხდეს შეთანხმება ამა თუ იმ საკითხზე, ერთად ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე და იგი ყველასთვის მისაღები იყოს, არამედ მუშაობა მიდის იქით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს, როგორმე 16 ადამიანის ხმა მოაგროვოს და ასე გაიტანოს და დაამტკიცოს ბიუჯეტი. მეტი არც არაფერი ანაღვლებს. ასე რომ, წელს ეს ტრადიცია დაირღვა და 2017 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის გარეშე შევხვდით. მგონი, ეს ერთადერთი პრეცედენტი საქართველოში ამ წელს ჩვენ შევქმენით. ახლა გვეუბნებიან, დასხედით, იმსჯელეთო. თუმცა მე მაინც ვხედავ, რომ აღმასრულებელს სურს, იმ უმრავლესობის დარჩენილ ნაშთათნ იმუშაოს და როგორმე მაინც მოაგროვოს 16 ხმა. ანუ მათ ვიწრო პარტიული მოლაპარაკებების გამართვა უნდათ დეპუტატებთან, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს „სეპარატისტული მიდგომები“ ვერ შედგება, რადგან ამ პროცესში ჩვენ ჩავერთვებით და ვნახოთ, რა იქნება.

_ შემოიტანეს თუ არა ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი?

_ ჯერჯერობით, არ შემოუტანიათ. შესაბამისად, ახალ ვარიანტში როგორ არის გაწერილი საკითხები, ჯერ არ ვიცით.

_ 2016 წლის გარდამავალი ნაშთი რამდენი დაგრჩათ?

_ აი, კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: გარდამავალი ნაშთი წლიდან წლამდე გადმოგვყვა, თუ არ ჩავთვლით ცენტრალური ხელისუფლებიდან გადმორიცხულ თანხებს. ისიც აუთვისებელია და 745 000 ლარი დაგვრჩა, ჯამურად კი მილიონ რვაასი ათასია. ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ საბიუჯეტო პროცესი მოშლილია. როგორ შეიძლება, 7-მილიონიანი ბიუჯეტიდან ტრანსფერის გარდა, დაახლოებით, მილიონი გქონდეს გაუხარჯავად დარჩენილი? ანუ, რეალურად, ბიუჯეტი არ იგეგმება. თუ გასულ წლებში გამგეობა საკრებულოს რასაც შესთავაზებდა, საკრებულოც ეთანხმებოდა, წელს ასე არ ხდება. ამ დღეებში მუშაობა მიდის იმაზე, როგორ განაწილდეს ეს ნაშთი, თუმცა ოფიციალურად ჯერ არც ეს დოკუმენტი შემოსულა ჩვენთან.

უფრო დეტალურად რომ გითხრათ, მილიონ ას ოთხმოცდასამი ლარი ბიუჯეტში ასასახია, საიდანაც 783 000 ლარი გასანაწილებელია და დანარჩენი თანხა კი გარდამავალი ღონისძიებებისთვისაა საჭირო. ზოგიერთი პროექტი არ შესრულდა, ზოგი დასასრულებელია და ა. შ.

თანხა სოფლის პროგრამაშია ასათვისებელი. წარმოგიდგენიათ, შვიდას რაღაცა ათასი ლარი მოდის სოფლის პროგრამაზე და აქედან ასი ათას ლარზე მეტი ასათვისებელია! ე. ი. სოფლის პროგრამებში სამუშაოები არ შესრულებულა.

_ თუ ჩავარდება?

_ იმ შემთხვევაში, თუ სამი თვის მანძილზე საკრებულომ ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოახერხა, საკრებულოს დაითხოვენ, ანუ თუ პირველ აპრილამდე ბიუჯეტს ვერ დავამტკიცებთ, მაშინ, კანონის მიხედვით, დათხოვნილი ვიქნებით, შემდეგ პირდაპირ სახელმწიფო მმართველობა შემოვა და კანონის შესაბამისად გამგებელი რჩება თავის ადგილზე. პრემიერ-მინისტრი უკვე მას ავალებს, რომ საკანონმდებლო უფლებებიც შეითავსოს და საკრებულოს ფუნქციებიც არჩევნებამდე. თუმცა ვფიქრობ, რომ პროცესი აქამდე არ მივა და უფრო ჯანსაღი, ალტერნატიული გზაც გამოინახება.

_ თუ საკრებულომ თავად გაამზადა ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი?

_ ჩვენც მაქეთ მიგვყავს საქმე, ანუ თანხა, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ასახული (743000 ლარი ნაშთის სახით), თუ საკრებულო მოვახერხებთ ამ საკითხზე შეთანხმებას, ეჭვი მაქვს, რომ დამტკიცდება. თვითონ პროცესი ისე დაიწყო, რომ გარდა სურვილისა, დავსხდეთ, გავიაროთ, გავაანალიზოთ ეს საკითხები, ჯერჯერობით, ოპოზიცია არ ვართ ჩართულები ამ საკითხში. რამდენიმე დღის წინ მცდელობა იყო, ყოფილი კოალიციის წევრებს დაუძახეს და სთხოვეს, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო, მაგრამ, როგორც ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. პირიქით, მკვეთრი უთანხმოება წარმოიშვა და, შესაბამისად, ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაიშალნენ.

_ რას უკავშირებთ საკრებულოს ასეთ მუშაობას? გასულ წელს ორჯერ მოითხოვეთ თავმჯდომარის იმპიჩმენტი. ეს ხომ არ არის ერთი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტი თქვენთვის მიუღებელია?

_ საკრებულოს თავმჯდომარე საერთოდ არ ასრულებს თავის მოვალეობას. უკვე მესამე წელია, საკრებულოს ხელმძღვანელობს და შედეგი სახეზეა. ეს კაცი თავიდანვე მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, თავმჯდომარე ვერაფერს გაბედავდა, შესაბამისად, მას უნდა, რომ საკრებულო სანოტარო კანტორად აქციოს. ყველა მათი გეგმა დარღვევაა, საკრებულომ არ მიიღო მონაწილეობა მათ სპექტაკლში და, შესაბამისად, სანოტარო სახელწოდებაც აღარ აქვს. შესაბამისად, ხმამაღლა ვსვამ კითხვას, _ ვინ არის საკრებულოს თავმჯდომარე?! როცა რომელიმე ორგანიზაციაში პროცესი მოშლილია, ვისი ბრალია?! რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის! რატომ არის „ქრონიკა+“ ყველაზე აღიარებული და სამართლიანი გაზეთი? _ იმიტომ, რომ მას ჰყავს კარგი ხელმძღვანელი! ასეა, ჩემო ბატონო, საკრებულოც. ჩვენს საკრებულოს არ ჰყავს ხელმძღვანელი, იგი მოწყვეტილია რეალურ გარემოს და ამიტომ საკრებულოც ეს წლები სულ ჩიხში იყო. დღესაც ვამბობ, პროცესი მოშლილია, სამუშაო გარემო არ ყოფილა, მუნიციპალიტეტთან ჯანსაღ პოლემიკაში არ შევსულვართ ხალხის ფულის დასაგეგმად და შედეგი? _ უკეთესი პროდუქტი ვერ მივიღეთ. დღეს ეს 743 000 ლარი, დარჩენილი თანხა, რომ მოანდეს საკრებულოს, ჩვენი დამსახურებაა და არა თავმჯდომარის. საკრებულოს თავმჯდომარე კი კვლავ ცდილობს, რომ რამდენიმე კაცს, ვინც მხარი დაუჭირა სამარცხვინო ბიუჯეტს (მართალია, ვერ მიიღო, მაგრამ მაინც), მათ დააგეგმინოს დარჩენილი თანხაც.

_ ბიუჯეტში თქვენი მთავარი მოთხოვნა რა არის?

_ ადმინისტრაციული ხარჯის მკვეთრი შემცირება და სოციალური პროგრამის გაძლიერება; სწორი ინფრასტრუქტურული პროგრამების დაგეგმვა და თანხის შესაბამისად განაწილება. ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების საწვავებისა და ბედნიერი ცხოვრების მოწყობას მხარს ვერ დავუჭერთ, ფული არის ხალხის და არა გამგეობის.

 

  1. S. უფულოდ დარჩენილი ახმეტის ბედი კი ბეწვზე კიდია. რა იქნება მომავალში, უცნობია. თუ არც ერთი მხარე არ დათმობს პოზიციას, გაზაფხულზე ახმეტა საკრებულოს გარეშე დარჩება და მას სახელმწიფო მმართველობა გადაიბარებს.

 

მაკა მოსიაშვილი