მაია ორჯონიკიძე: „100 ათასი კაცი ერთი კვირა რუსთაველზე და დამთავრებულია ივანიშვილი“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მწვავე პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და პუბლიცისტი, ქალბატონი მაია ორჯონიკიძე:

_ ქალბატონო მაია, ყველა, მხარდამჭერებიც, მოწინააღმდეგეებიც და, უბრალოდ, მოსეირეებიც მოუთმენლად ელოდნენ, რა მოხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, 20 იანვარს. ეს მოლოდინი, გარკვეულწილად, „ნაცმოძრაობის“ ნაწილის გასვლამ პარტიიდან გაანელა. მოხდა უპრეცედენტო რამ, რაც აქამდე საქართველოში არ მომხდარა: რეალურად, პარტიის აქტივმა და მხარდამჭერებმა განსაზღვრეს პოლიტიკური პარტიის ბედი… ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ აღნიშნულ პროცესს?

_ მართლაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ყველას კარგად მოგვეხსენება, 1991 წლიდან საქართველოში, ტრადიციულად, როდესაც მმართველი პარტიები ხელისუფლებიდან მიდიოდნენ, მყისიერად იშლებოდნენ ხოლმე, რადგან ეს პარტიები იქმნებოდა სპეციალურად არჩევნებისთვის და მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას კარგავდნენ, არსებობასაც წყვეტდნენ. წინა პოლიტიკური პროცესებისგან თვისობრივად განსხვავებული მოვლენა სწორედ ეს იყო _ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშალა. მეორე და კიდევ უფრო საინტერესო ფაქტი ისაა, რომ პარტიის ბედი კაბინეტებში კი არ გადაწყდა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობის, პარტიის აქტივისა და მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდა მისი მომავლის განსაზღვრა. ცხადია, მხოლოდ პარტიის პოლიტსაბჭოს ჯანსაღი ნაწილი ვერ გასწვდებოდა ამ დიდ საერთო საქმეს, პარტიის მხარდამჭერებმა უდიდესი როლი შეასრულეს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენაში, თუმცა, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს წევრთა პრინციპული ნაწილის კენჭისყრაზე გამარჯვებამ ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა „ნაცმოძრაობის“ იდენტობის შენარჩუნებას. საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი რამ მართლაც არასოდეს მომხდარა და ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენა იყო _ პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ საკუთარი პარტიის დაცვა!

იდეისა და საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა რეალურად შეაჩერეს ამ პარტიის დამსახურებულად  უპირობო ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ჩამოშორების პროცესი და „ნაციონალური მოძრაობა“ გადაარჩინეს არა ბოკერია-უგულავას, არამედ, პირდაპირ ვთქვათ, _ ივანიშვილის ხელში ჩავარდნას. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ რა უდაბნო მოაწყო და როგორ გაკრიფა პოლიტიკური ველი ივანიშვილმა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, მან, პრაქტიკულად, ყველა პროდასავლური პარტიის განეიტრალება მოახერხა და პლუს, მთავარ პროდასავლურ პარტიაში განხეთქილების შეტანაც, რაც, საბოლოდ, ამ ე. წ. უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფის პარტიიდან გამოყოფით დასრულდა, ხაზს ვუსვამ _ გამოყოფით, რადგან პარტია არ დაშლილა და არ გაყოფილა, პარტიას გამოეყო მხოლოდ ერთი ჯგუფი, რაც მოვლენებით მდიდარ „ნაცმოძრაობის“ ბიოგრაფიაში იქამდეც არაერთხელ მომხდარა. გამოყოფა და გაყოფა სხვადასხვა რამეა, გაყოფაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, როდესაც გაყოფილი ნაწილები მიახლოებით მაინც თანაზომადია. თანაც არაერთხელ სამართლიანად ითქვა, რომ პარტია, უპირველესად, მისი მხარდამჭერი ხალხია, ამ ხალხის უდიდესი უმრავლესობა კი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ენმ-ს ცნობს და არა უგულავა-ბოკერიას.

_ ქალბატონო მაია, თქვენ ეს პროცესი პირდაპირ დაუკავშირეთ ბიძინა ივანიშვილს. გამიჯნულებს სწორედ ეს აღიზიანებდათ, როდესაც მათ მოქმედებებს ივანიშვილს უკავშირებდნენ და მასთან გარიგებაში სდებდნენ ბრალს. გამორიცხავთ, რომ მათ საკუთარი ამბიციაც ჰქონოდათ, თავად ყოფილიყვნენ პარტიის მართვის სადავეებთან? იქნებ, ისინი სწორედ ის ჯარისკაცები არიან, რომლებმაც ერთ დღეს გენერლობა ისურვეს და გენერლის გვერდზე გაწევაც ამის გამო გახდა საჭირო? და, იქნებ, ეს სწორედ ინტერესთა თანხვედრა იყო _ ბიძინას სჭირდებოდა სააკაშვილის პარტიიდან ჩამოშორება და ბიძინასგან დამოუკიდებლად _ ე. წ. გამიჯნულებსაც? ანუ მათ შორის არანაირი გარიგება არ ყოფილა და ეს იყო კლასიკური ინტერესთა თანხვედრა?

_ გარიგება ისეთი სიტყვაა, რომ ზოგს წარმოუდგენია _ ორი ადამიანი დაჯდება და ფურცელზე რაიმე შეთანხმება დაწეროს. არადა, გარიგების მრავალი ფორმა არსებობს. მე შეთქმულების თეორიების და პოლიტიკური სპეკულაციების მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ როდესაც ასეთ მჭიდრო ვადაში, სამიოდე თვეში, ამდენი ფაქტი „ემთხვევა“ _ ყველა შემთხვევაში ეჭვები გიჩნდება. დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ამ პროცესებს ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს _ ივანიშვილისა და გამიჯნულთა სპეციფიკური ურთიერთობები, მინიმუმ, 2012 წლიდან უნდა იღებდეს სათავეს. ჩვენ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური საბუთები, ამ ეტაპისთვის, არ გაგვაჩნია და 100%-იანი დარწმუნებით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ელემენტარული ანალიზის უნარი. მაგალითისთვის: სტალინმა რომ კატინში პოლონელი ოფიცრები დახვრიტა, ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს მსოფლიო მხოლოდ „პერესტროიკის“ შემდეგ გაეცნო, მხოლოდ მას მერე, რაც სსრკ-ს უშიშროების არიქვები გაიხსნა. რამდენიმე ათეული წელი ეს დოკუმენტები მსოფლიოსთვის უცნობი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ 40 ათასი პოლონელი ოფიცერი გერმანელებმა კი არა (როგორც ამას საბჭოთა პროპაგანდა იუწყებოდა), საბჭოთა ჯარმა დახვრიტა…

რატომ გავიხსენე ეს ამბავი? არის მოვლენები, რაზეც ჩვენ შესაძლოა, პირდაპირი მტკიცებულებები არ გაგვაჩნდეს, მაგრამ მათი ანალიზისა და ფაქტების შეჯერების შედეგად ამ მოვლენის კონტურები იხატებოდეს.

რასაც ვაკვირდები, ზოგადად, ივანიშვილის მეთოდია ადამიანების არა, უბრალოდ, დაშანტაჟება-დაშინება, არამედ მათი ნაკლოვანებებისა თუ ინტერესების საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენება. ვეჭვობ, რომ ამ ორი მხარის ინტერესთა თანხვედრა მოხდა, სწორედ ესაა გარიგების არსი. ბაჩო ახალაია 4 წელია, ციხეში ზის და მერე რა? მასთან რამე შედეგს მიაღწია ივანიშვილმა? ივანიშვილი ძლიერი იმათთანაა, ვინც სინდისთან არის მწყრალად, თორემ ზნეობრივ, პრინციპულ ადამიანებთან ივანიშვილი ვერასოდეს ვერაფერს გააწყობს. ივანიშვილი კი არა, სტალინი და ჰიტლერი ვერ გააწყობს ვერაფერს, როდესაც მორალური კრიტერიუმები და პრინციპები გაქვს. როდესაც გარეშე ზეგავლენისთვის შეუვალი ხარ, შეუძლებელია შენთან გარიგება თუ მორიგება. ივანიშვილს სწორედ ამიტომ სძულს სააკაშვილი, რადგანაც სააკაშვილთან გარიგება შეუძლებელია, სააკაშვილს ვერ გაურიგდები. ივანიშვილთან შეიძლება გარიგება, ბოკერიასთანაც შეიძლება გარიგება, უგულავასთანაც _ ეს არის მთავარი. პირადად მე მჯერა, რომ მათ შორის გარიგება არსებობს, მაგრამ რა სახისაა ეს გარიგება, ვინ ვის რას შეჰპირდა, ეს მეორე საკითხია და ამაზე ზუსტი ინფორმაცია, ბუნებრივია, მე ვერ მექნება, თუმცა ისიც მსმენია, რომ ბოკერიაზე ბიძინას ჯიბის პროკურატურაში გამზადებული ორი საქმე დევს და ამ საფრთხის ასაცილებლად მას „ნაცმოძრაობისგან“ მიშა სააკაშვილის ჩამოშორება შესთავაზეს. როგორც ჩანს, სააკაშვილის ჩამოცილება პროგრამა მაქსიმუმი იყო, პროგრამა მინიმუმი კი -პარტიის გახლეჩა. ბოკერიას ძალები არ ეყო პროგრამა მაქსიმუმს და, დიდი ალბათობით, ივანიშვილმა უგულავა სწორედ ამ საქმის დასაგვირგვინებლად გამოუშვა, მაგრამ იმანაც ვერაფერი გააწყო, რადგან არავინ ელოდა პარტიის მრავალრიცხოვან მხარდამჭერთა მხრიდან ასეთ მასობრივ და ორგანიზებულ წინააღმდეგობას. ეს იყო ჩვენი მართლაც თავგანწირული პარტაქტივის, მხარდამჭერებისა და, რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს იმ ნაწილის დამსახურება, ვინც მხარი არ დაუჭირა მიშას პარტიისგან იზოლირების ივანიშვილისეულ გეგმას.

ეს იყო ჭეშმარიტად სამოქალაქო აქტი და სწორედ ამ გზით იბადება და იზრდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც უკვე აღარაა უბრალოდ უტყვი, მორჩილი და „ინერტული მოსახლეობა“.

_ მთელ ამ ბოლო დროის პროცესებში რა იყო თქვენთვის ყველაზე მიუღებელი: სუსტი, გამარჯვებაზე არაორიენტირებული საარჩევნო კამპანია, წლების მანძილზე ე. წ. თავზე ნაცრის ყრა, თუ საკუთარი ამომრჩევლებისადმი აგდებული დამოკიდებულება, რაც ლანძღვის ნიაღვრითა და „ჯოგის“ ძახილით დაგვირგვინდა?

_ მოვლენები ისე ელვის სისწრაფით განვითარდა, რომ რამდენიმე თვის წინანდელი ამბები ამ გადასახედიდან სრულიად სხვაგვარად ჩანს. მოვლენათა ჩემეული აღქმაც შესაბამისად იცვლებოდა. მოკლედ გეტყვით: ყველაზე მიუღებელი, ცხადია, პარტიის ლიდერების ნაწილის მხრიდან საკუთარ ამომრჩეველთა მიმართ გამოხატული გასაოცარი აგრესია იყო, სრულიად წარმოუდგენელი სწორედ იმ ევროპის პოლიტიკური სტანდარტებით, რომლისკენ აღებული გეზიც გამიჯნულთა ლიდერებს მხოლოდ ლიტონი დეკლარაციულობის დონეზე აღმოაჩნდათ.

რაც შეეხება არჩევნებს, „ნაცმოძრაობის“ სუსტ საარჩევნო კამპანიაზე მეტად თავად არჩევნების პროცესმა გამაოგნა და არა იმდენად ივანიშვილის მხრიდან მასობრივმა და მრავალფეროვანი დარღვევებით წარმოებულმა „არჩევნებმა“, რამდენადაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა მხრიდან ამ დარღვევებისა თუ გაყალბებების მიმართ დამოკიდებულება-რეაგირებამ. ამაზე ადრეც ბევრი მაქვს ნათქვამი და მეტს აღარ განვავრცობ, თუმცა თავად ეს ფაქტი (რომელიც წინ უსწრებდა ბევრ შემდგომ „სიურპრიზებს“), უკან რომ იხედები, ერთი ჯაჭვის რგოლად აღიქმება, რადგან, მოგვიანებით, აშკარად გამოჩნდა, ე. წ. გამიჯნულთა მიზანს არ წარმოადგენდა პარტიის არჩევნებში გამარჯვება, რაც ბუნებრივად გამოიწვევდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და სწორედ აქ იკვეთებოდა გამიჯნულთა და ივანიშვილის ინტერესები _ მიშას ჩამოსვლა არც ერთ მხარეს არ აწყობდა. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ _ კატასტროფული პოლიტიკური ვითარება, სადაც რუს ოლიგარქს და რუსეთის „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილ კერძო აქციონერს ქვეყნის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტი უჭირავს და ამ ბერკეტს ქვეყნისთვის სასიკეთოდ რომ არ გამოიყენებს, ალბათ, აღარავის ეპარება ეჭვი. არსებული პოლიტიკური გარემოს კარდინალური შეცვლა კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, რაც ხელს არ აძლევდა არც ერთ და არც მეორე მხარეს. ორივე მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობა არ შექმნილიყო. ცხადია, ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებდა და ამას შეეწირა ქართული დემოკრატიაც და ამომრჩევლისა თუ ქვეყნის ინტერესებიც.

_ თქვენ გამოაქვეყნეთ სტატია, სადაც ბოლო პროცესები გააანალიზეთ. რამე თუ შეიცვალა თქვენს დამოკიდებულებაში?

_ ალბათ „გამოცხადებული შეთქმულების ქრონიკას გულისხმობთ“. ამ სტატიაში შეგნებულად შევეცადე მკითხველისთვის ჩემი დასკვნები თავზე კი არ მომეხვია, არამედ ის მოვლენები, რომელიც სულ ახლახან ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა, მკითხველთან ერთად გამეანალიზებინა და ლოგიკური ჯაჭვის განვითარებით, ჩემთან ერთად მიმეყვანა იმ ბუნებრივ დასკვნამდე, რომლამდეც პირადად მივედი. ცალკეულ მოვლენებზე მას მერეც შემეცვალა აზრი. მაგალითად, მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს მოვლენები დაიწყო არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დღეს კი მგონია, რომ, მინიმუმ, ეს პროცესი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლის დღიდანვე დაიწყო მუშაობა მისი გუნდიდან ჩამოსაშორებლად _ ყოფილი გამიჯნულებისთვის და დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის ეს იყო ზეამოცანა. ვიმეორებ, არ ვარ მიდრეკილი კონსპიროლოგიისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ანალიზის უნარი არ მქონდეს. და თუ თვალწინ ფაზლი გაქვს მიმობნეული, ეს ფაზლი, უბრალოდ, უნდა ააწყო, გაამთლიანო და სურათიც დაიხატება. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უამრავი რამის მოწმე გავხდით. რა ხდებოდა ადგილებზე? „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ხედავდნენ ხელისუფლების მხრიდან რაც კეთდებოდა მათ წინააღმდეგ, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეგირება არ იყო. მაგალითად, ერთ-ერთი აქტივისტი მიყვებოდა, თუ როგორ დაუკავშირდნენ  ოთო კახიძეს და მოუყვნენ კონკრეტულ საარჩევნო დანაშაულზე, _ ასეთი რამ ხდება და, ნუთუ, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, რომ ამას წინ აღვუდგეთო? რაზეც ოთო კახიძეს მოკლედ მოუჭრია: არ არსებობსო. უამრავი მსგავსი ისტორია მაქვს მოსმენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ნაცმოძრაობის“ არჩევნებში წაგება კარგად დაგეგმილი და შეთანხმებული ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც გახლდათ „ნაცმოძრაობისთვის“ თავის მოჭრა, ანუ „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთგათიშვა და სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობის მოსპობა. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე არის ის, რაც იყო ეს ბოლო ოთხი წელიწადი და სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ ივანიშვილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც: მართვადი, უმოქმედო და კონფორმისტული ოპოზიციის არსებობა დასავლეთის თვალში ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დემოკრატიულობის დამამტკიცებელი ანტურაჟი გახდებოდა. იმ მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ამ ბოლო თვეებში მიმიღია, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად ხდებოდა პარტიის მუშაობის საბოტაჟი, განსაკუთრებით რეგიონებში. ვიტყვი იმასაც, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს _ მაქვს სარწმუნო ცნობები, რომ მთელი ეს წლები, რაც სააკაშვილი უკრაინაშია, მასთან ჩადიოდნენ და სისტემატურად აწვდიდნენ დამახინჯებულ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებსა თუ კონკრეტულ ადამიანებზე მისი უახლოესი „მეგობრები“, თანამებრძოლები, ისინი, რომლებმაც ბოლოს ნიღბები ჩამოიხსნეს და სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდნენ. და რა არის ეს, თუ არა შეთქმულება?! თვალებში უყურებდნენ კაცს და მის წინააღმდეგ გეგმა დიდი ხნის მოფიქრებული ჰქონდათ!

ამას წინათ ფეისბუკში თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯარო კედელზე ღიად მომწერა: ბოლოს გიგა ბოკერია ივლისში რომ იყო მიშასთან ჩასული, გიგამ რამდენიმე პირობა წაუყენა, მიშა დასთანხდა და ბოლოს მაინც გადააგდოო. თამარას ვერსიით, იმ პირობებიდან პირველი ის იყო, რომ საქართველოში მიშა საჯაროდ აღარ უნდა გამოჩენილიყო, არ უნდა ეაქტიურა, თურმე, იმიტომ, რომ მიშა მითიურ შუაშისტებს აფრთხობს და პარტიას მათ ხმებს აკარგვინებს. რა საინტერესოა _ საკუთარი პარტიის ერთგულ მხარდამჭერებს „ჯოგს“  უწოდებდე, მათი ხმების დაკარგვა არ განაღვლებდეს და ე. წ. შუაშისტების ხმების გულისთვის მიშასგან „დამალვას“ ითხოვდე! და თუ „დამალვაა“, რატომ უნდა დამალულიყო, მაინცდამაინც, მხოლოდ სააკაშვილი და არა მასზე ბევრად უფრო არარეიტინგული ბოკერიაც? სრული ალოგიკურობაა მათივე გადმოსახედიდანაც კი. თამარას მიერ ნახსენებმა სააკაშვილისთვის ბოკერიას მიერ წამოყენებულმა მეორე პირობამ კი საერთოდ გამაოგნა _ პირობის არსი ის იყო, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებდა, მიშა სააკაშვილს პრემიერმინისტრობაზე უარი უნდა ეთქვა. ახლა ამიხსენით _ „ევროპული საქართველო“ რომ დაირქვეს, რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ, პარტიის ლიდერს წინასწარ ადებინებდე პირობას, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაშიც კი მან უარი უნდა განაცხადოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თუნდაც ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ? სად ხედავთ აქ დემოკრატიის, გამჭვირვალობის, თავისუფალი არჩევანის რეალიზების, ან, თუნდაც, ამომრჩეველთა პატივისცემის ნიშნებს?

ჩემი აზრით, სწორედ ესაა გარიგების სუფთა ნიმუში, თუმცა კიდევ უფრო მეტად ეს სააკაშვილისთვის წაყენებულ ულტიმატუმს ჰგავს და ძალიანაც კარგი, რომ მან ეს „პირობები“ არ შეასრულა, თუ, რასაკვირველია, მთელი ეს ისტორია სიმართლეს შეეფერება. არ ვიცი, რამდენად ასახავს რეალობას თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ჩემთვის მოყოლილი ეს ისტორია, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს სააკაშვილზე კი არა, სწორედ ბოკერიაზე ლაპარაკობს ძალიან ცუდად, თუმცა თამარამ ეს ისტორია სწორედ სააკაშვილის „გასაშავებლად“ მომითხრო.

და ჯამში რა გამოდის? მაქსიმალურად იყენებ სააკაშვილის ელექტორალურ რესურსს და თავად მას არანაირ უფლებას არ უტოვებ? თუ მათ ასე სურდათ სააკაშვილისგან გამიჯვნა, გამიჯვნოდნენ არჩევნებამდე და გასულიყვნენ არჩევნებზე დამოუკიდებლად, მაშინ ხომ არ იქნებოდა ამდენი ლაპარაკი გამიჯნულთა უზნეობაზე და არ მიენიჭებოდათ ის დეფინიცია საზოგადოებისგან, რაც მიენიჭათ? უზნეობაა, გამოიყენო მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის ფინანსები, გინდოდეს მიშა სააკაშვილის პარტია, მისი ამომრჩევლების ხმები და არ გინდოდეს მიშა. თუ მათთვის სააკაშვილი ასეთი უცხო სხეული იყო, რატომ არ განაცხადეს ამის შესახებ ღიად არჩევნებამდე? ადრე კარგი იყო, ახლა გახდა მიუღებელიო, _ ასეთ „არგუმენტსაც“ გაიგონებთ. კი ბატონო! მაგრამ ერთ თვეში, ერთ დღეში ხომ არ გახდა „მიუღებელი“?! გამიჯნულიყვნენ 8 ოქტომბრამდე, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც აღარავინ ეტყოდა, _ მოპარული ხმებით შეხვედით პარლამენტშიო. არ უნდათ მიშა სააკაშვილი? კეთილი ენებათ, ჰყოფნოდათ გამბედაობა, საკუთარი რესურსით გასულიყვნენ არჩევნებზე და იმდენი ხმა მიეღოთ, რამდენიც ეკუთვნოდათ!

მაგრამ როდესაც არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან ერთად ველოსოპედით სეირნობ, შედიხარ პარლამენტში სააკაშვილის დივიდენდებით და მხოლოდ პარლამენტში შესვლის შემდეგ უპირისპირდები, ამას რა ჰქვია?!.

მე ამ ყველაფერს 8 ოქტომბრის შემდეგ მივხვდი, თორემ მანამდე ნახეთ ჩემი ფეისბუკის თაიმლაინი, რას ვწერდი, როგორ ვგულშემატკივრობდი იგივე ელენე ხოშტარიას, იგივე სერგო რატიანს, რომლებიც განსაკუთრებით მომწონდა. მეც, ისევე როგორც ძალიან ბევრი, ვენდე ამ ხალხს, იმიტომ რომ როდესაც შენ თავად წამსვლელი არ ხარ მსგავს რამეზე, იოლად ვერც სხვაზე დაიჯერებ. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ელენე ხოშტარია, მიშას პოლიტიკური დივიდენდებით პარლამენტში შესული, შემდეგ სკაიპით ჩართულ მიხეილ სააკაშვილს ხელების ქნევას დაუწყებდა და ძახილს, _ ფეხზე მკიდია შენი აზრები, შენ „ვაფშე“ ვინა ხარო? მიშა სააკაშვილს რომ აღარ უნდოდა „მოქკავშირი“, წავიდა და თავისი პარტია შექმნა. ესენი ახლა კი არ უნდა წასულიყვნენ, ამდენი თავის გაბანძების შემდეგ, როდესაც მართლა საყოველთაო ანტაგონიზმი დაიმსახურეს, არამედ თავიდანვე უნდა წასულიყვნენ. არაერთხელ გამიგია, უკვე „ქოცებიც“ კი ამათ ლანძღავენ. იმ „ქოცს“ შეიძლება მიშა და  „ნაციონალები“ არ მოსწონდეს, მაგრამ იმდენი კი ესმის, რომ უზნეობაა, როდესაც მეგობარს, თან იძულებით დევნილობაში მყოფს მეგობარს, ასე ღალატობ.

და, საბოლოო ჯამში, მიშას კი არ უნდა უერთგულო, შენს ქვეყანას და შენს პრინციპებს უნდა უერთგულო, შენს თავს უერთგულო. უმარტივესი რეცეპტი არსებობს, როგორ არ უღალატო არავის _ უბრალოდ, არ უღალატო საკუთარ თავს, ანუ შენსავე სინდისს. და თუ საკუთარ თავს არ ღალატობ, სხვასაც ვერ უღალატებ. მათ უღალატეს ჯერ საკუთარ სინდისს, საკუთარ თავს და ამის მერე ამომრჩეველს, ქვეყანას, საერთო საქმეს და ბოლოს _ მიშას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, არავის არ უყვარს მოღალატე! „ქოცსაც“ კი არ უყვარს. თავიდანვე წასულიყვნენ, შარშან წასულიყვნენ, ან თუნდაც ამ ზაფხულს და ეყარათ კენჭი ამ „ევროპული საქართველოს“ სახელით იმთავითვე, რა უშლიდათ, თუ ამოცანა არ ჰქონდათ?

_ არანაირ ეჭვს არ გიჩენთ, რომ ეს „ევროპული საქართველო“ უშუალოდ არჩევნების წინ შეიქმნა, „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში? არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს იყო გეგმა B და თუ მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობას“ ვერ ჩამოაშორებდნენ და მთლიანად ვერ აიღებდნენ ხელში პარტიას, „ევროპული საქართველო“ სწორედ სათადარიგოდ შექმნეს? 

_ რასაკვირველია… თან ეს ამომრჩეველმა საერთოდ არ იცოდა და სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, წარმოდგენაც არ ჰქონდა ხალხს, რომ „ნაცმოძრაობა“ კოალიციის სახით იყო პარლამენტში წარმოდგენილი. „ევროპული საქართველო“ კვალიფიციური სუბიექტი გახდა, დაფინანსება მიიღო და ეს სრულიად მკაფიო სურათს ქმნის, რომ ეს იყო სწორედ სათადარიგო საპარლამენტო პლატფორმა. როგორც ჩანს, თავიდანვე ითვალისწინებდნენ ალბათობას, რომ შეიძლებოდა, არ გამოსვლოდათ „ნაცმოძრაობის“ უზურპაცია და მეორე პლატფორმაც სახელდახელოდ იმისთვის შეიქმნა, რომ დაფინანსების გარეშე არ დარჩენილიყვნენ და ასე უმტკივნეულოდ გადასკუპებულიყვნენ ტოტიდან ტოტზე. ბუნებრივია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „გამიჯნულებს“ ყველაფერი დიდი ხნის წინათ ჰქონდათ მოფიქრებული. ადრეც ჰქონია „ნაცმოს“ კოალიცია შოთა მალაშხიასთან ერთად, მაგრამ ამჯერად შოთასთან არ ისურვეს და გიგი წერეთლის მამის პარტიასთან ერთად შექმნეს კოალიცია. თუ რატომ, ამის პასუხი ზედაპირზე დევს _ შოთა მალაშხია „დაგმე მიშა“ ტიპაჟი არაა და მის პარტიაში გადასკუპება არ გამოუვიდოდათ. ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს ამომრჩეველი ორჯერ მოატყუეს: პირველად 2012 წელს, მეორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 2012-ში ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, 2016 წელს კი „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობის უპრინციპო და მერკანტილურმა ნაწილმა. პირველად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გააცურეს, მეორეჯერ კი, _ საკუთარი პარტიის მხარდამჭერები. ორივე ცუდია, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეორე ბევრად ამაზრზენია. აღარაფერს ვიტყვი ბაქრაძის, ბოკერიას, ოთო კახიძის „სიბრძნეებზე“, რაც პარტიიდან გასვლის დღეს ბრიფინგზე აფრქვიეს, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც უგულავას 20-წუთიანმა სპიჩმა მოახდინა ჩემზე. გიგი უგულავამ სააკაშვილს „ჯართი“ უწოდა. სააკაშვილი თუ ჯართია, თავად ვინაა?! მაგ „ჯართმა“ შექმნა მთელი ეს გუნდი და პოლიტიკოსებად აქცია. ჰო, კიდევ, გამწარებულმა ეს ბრძანა: ჩემთვის მიშა დამთავრდაო“..

ჩემთვის და, მინიმუმ, ნახევარი საქართველოსთვის ეგენი დამთავრდნენ, რა ვქნათ, ახლა, წყალში გადავყაროთ? როდესაც ადამიანს, ან ჯგუფს აქვს იმაზე მეტი ამბიცია, ვიდრე უნარები, სწორედ მაშინ ხდება ასეთი ტრაგიკომიკური ამბები. ეს მარტო უგულავას არ ეხება, მაგრამ მას ყველაზე მკაფიოდ ეტყობა, რომ დაუკმაყოფილებელი ამბიცია აწუხებს, რეალურად მიშას ეჯიბრება და როგორც ჩანს, მთელი ის წლები ეჯიბრებოდა, რაც მიშას გვერდზე გაატარა. პოლიტიკოსს აუცილებლად სჭირდება ქარიზმა, შემდეგ იმის გულწრფელი რწმენა, რასაც თავად ამტკიცებს, დაბოლოს, ყველაზე მთავარი, რაც სჭირდება, ძლიერი ნებაა, უგულავას კი ნებელობის ნასახი არ ატყვია, დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

_ კამპანია გააჩაღეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ინტელექტისგან დაიცალა. ამას წერს იგივე ხუხაშვილიც და სხვებიც. ხუხაშვილი რომ არ შევაწუხო, იქნებ, თქვენ ამიხსნათ, რატომაა, ვთქვათ, ნინო კალანდაძე უინტელექტო და სად გამოვლინდა ბობოხიძის ინტელექტი, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილზე რომ იწევდა საცემად? ამიხსნას ვინმემ, რატომაა უინტელექტო იგივე ნიკა რურუა, რომან გოცირიძე, ზალიკო სამადაშვილი, ეკა ხერხეულიძე?..

_ იგივე ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი…

_ და გამიჯნულთაგან რომელია გერტრუდა სტაინი, ეგებ, დაგვდონ პატივი და გაგვაცნონ?

_ ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა რეალობაში და ეს რეალობა ჩეკავს თავის პირმშოებს და ზუსტად ამის მაგალითია ხუხაშვილი, როგორც მე ადრე შევარქვი _ დიადი ხუხა. ამდენად ხუხაშვილის სიბრძნეების კომენტირებას არ ვაპირებ _ ფსევდოექსპერტებისა და კარის ანგაჟირებული „ყოვლისმცოდნეების“  კომენტირება ერთობ უმადური საქმეა. კი, მეც მსმენია ასეთი აზრი, რომ ინტელექტის მატარებელი ხალხი „იქით“ მეტია, „აქეთ ვიღა დარჩა“ და  ესაა უმეცარი, ზედაპირული განცხადება, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ ლიდერებს არავის დასაწუნი ინტელექტი არ აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, დაგვანახეთ, რაში გამოიხატება „გამიჯნულების“ ინტელექტი? მარტივად რომ ვთქვათ, ინტელექტი მაღალორგანიზებული გონებაა და არა ვირეშმაკობა, რომელიც ემპირიულად შეძენადია და დიდ ინტელექტს არ მოითხოვს, ის უფრო ყოფით სფეროს მოიცავს. ასეთი მაღალი გონების ხალხი რომ ყოფილიყო, მსგავს პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჩაიდენდა? და ამას თუ ვერ ხვდებიან, რა უქნეს საკუთარ თავებს _ რეალობა დაანახებს არჩევნებზე… სად ჩანს მათი ინტელექტი, თავები რომ დაიჭრეს საკუთარი ხელით? ხალხს თავი რომ შეაძულეს და მოღალატეების სახელი აიკრეს? შეიძლება, მე და თქვენ ამ სიტყვას მოვერიდოთ და მოღალატეები არ დავუძახოთ, მაგრამ ჩვენ ვუწოდებთ თუ არა, ამისგან ღალატის ფაქტი  გაქარწყლდება? დიახ, უწესობა და ღალატია დევნილ ადამიანს, მით უფრო, მეგობარს ზურგში დანას როცა ჩასცემ, როდესაც მისი მდგომარეობით სარგებლობ, რომ ის ვერ ჩამოდის და საკადრის პასუხს ვერ მოგაგებს! შარშან ხომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არანაირი პრობლემა არაა თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობა? მას მერე ასეთი რა შეიცვალა, რომ ომი ატეხეს ცარიელი სკამის გამო და უტიფრად გაღმა ედავებიან, _ სააკაშვილი საკამსაა ჩაბღაუჭებულიო. ცნობილი ჩეკისტური მეთოდია _ დააბრალო სხვას ის, რაც თავად ხარ. სწორედაც თავად არიან სკამებს ჩაბღაუჭებულები და აქეთ აბრალებენ სააკაშვილს. უტიფრად გამოდიან და ამბობენ, _ მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში წითელი ხაზი გადაკვეთა, ყოფილი თანამებრძოლები გვიწოდაო.

არიქა, როგორ ამოიღო კაცმა ხმა! იმაზე არავინ ლაპარაკობს, რამდენ ხანს გრძელდებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფარული ომი და მისი მხარდამჭერების ღიად ლანძღვა _ ჯოგი, ტოქსიკური ბალასტი, ბელადომანი, ფანატიკოსი _ სიტყვა არ დარჩა, მიშას მომხრეების მიმართ რომ არ გამოესროლათ! და როდესაც შენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ბელადომანებს უწოდებ, ავტომატურად სააკაშვილიც ხომ „ბელადია“? რამდენ ხანს გრძელდებოდა მიშას მხარდამჭერებისა და აქტივისტების გამარგინალების მცდელობები, ბულინგი, შეგნებული სტიგმატიზება, რომლებმაც, განსაკუთრებით, რეგიონებში გამოიარეს ათასი უბედურება, დევნა, სამსახურის დაკარგვა, შიმშილი, ზეწოლა მმართველი რეჟიმის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ, იდეის ერთგულების გამო. სწორედ ესაა მოქალაქეობაც და პატრიოტიზმიც და ასეთ ადამიანებს რომ ჯოგს, ბნელს, ფანატიკოსს უწოდებ, რა უფლება გაქვს? რამდენი ხანი ითმინა ამ ხალხმა და რამდენი ხანი ითმინა მიხეილ სააკაშვილმა იმ ზუგდიდის ჩართვამდე, ახლა რომ ასე ხელზე დაიხვიეს?! იქნებ, ამოეღოთ ეს დირე საკუთარი თვალიდან? ესაა წმინდად ბოლშევიკური პრაქტიკა, როდესაც შენთვის არასასურველ ადამიანებს მუდმივად იარლიყებს აწებებ. და ამას ჰქვია ინტელექტი? ისინი არა მხოლოდ მორალთან არიან მწყრალად, არამედ პოლიტიკოსებიც არ არიან, რადგანაც ნამდვილი   პოლიტიკოსი დიპლომატიცაა _ ის არასოდეს გამოვა და თავის თუნდაც ყოფილ თანამებრძოლს, რომელიც, მით უმეტეს, იძულებით პოლიტიკურ დევნილობაშია, „ჯართს“ არ უწოდებს, უბრალოდ, საკუთარ თავს არ აკადრებს ამას.

_ ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ივანიშვილის რეჟიმს? აქვს თუ არა აზრი ასეთი რეჟიმის დროს არჩევნებს, როგორც დემოკრატიის ინსტრუმენტს?

_ ისტორია გვანახებს, რომ დიქტატორული რეჟიმები პროცედურულ დემოკრატიას მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების შესანიღბ შირმად იყენებენ, რეალურად კი ასეთ პირობებში არჩევნები ყოველთვის ფარსად იქცევა თავისი ტრადიციული გაყალბებებით. „დიქტატურა არჩევნებით არ აგებს. ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით“, _ ეს სიტყვები კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის და სწორედ ივანიშვილზე საუბრისას გამოიყენა მან ეს ფრაზა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამიტომ პირადად მე არანაირი ილუზია არა მაქვს, რომ ივანიშვილი, თუკი ჩვენი ხალხი ამის უფლებას მისცემს, ოდესმე თავის ძალაუფლებას ვინმეს დაუთმობს, მით უფრო, არაფორმალურს, არალეგიტიმურს. ცხადია, რევოლუცია უკიდურესი გამოსავალია, როცა ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავენ, საარჩევნო უფლება კი სწორედ ასეთთა რიგს განეკუთვნება. ამიტომ ვიცი რა არსებული სავალალო მოცემულობა, მიმაჩნია, რომ არჩევნებით ივანიშვილის რეჟიმს ვერასოდეს მოვიშორებთ და 20/30-მდე კი არა, სიცოცხლის ბოლომდე აჯდება ქვეყანას მუამარ ყადაფივით. დიახ, დიქტატურის პირობებში არჩევნების მოგება შეუძლებელია. დიქტატორს ვერასოდეს მოუგებ დემოკრატიული გზით _ ის ყოველთვის გაგიყალბებს არჩევნებს. მისი დამარცხების ერთადერთი გზა სახალხო გამოსვლები და ამბოხია. და ამბოხი სულაც არ ნიშნავს აუცილებლად სისხლისღვრას და ეს დადასტურდა 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“. როდესაც მოსახლეობის კრიტიკული მასა ქუჩაში გამოდის, ასეთ დროს არც ჯარი ესვრის საკუთარ ხალხს და არც პოლიცია, რადგანაც ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და მათაც იციან, რომ ხალხი მხოლოდ დიდმა გასაჭირმა გამოიყვანა გარეთ, რადგან პოლიციელსაც ჰყავს დედა, შვილები, მეზობლები და ნათესავები, მან მშვენივრად იცის, რა ქვეყანაში ცხოვრობს და შს მინისტრის ბრძანებაც არაა მისთვის კანონი ასეთ დროს. ასე რომ, ქუჩის საპროტესტო აქციებს ბევრი რამ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ახლად გამოყოფილი „ევროპელები“ დაცინვითა და ქილიკით მოიხსენიებენ „რევოლუციურ სცენარს“, თითქოს იმ პარტიის წევრები არ ყოფილიყვნენ წლების განმავლობაში, რომელმაც 2003 წელს სწორედ უსისხლო რევოლუციით შეცვალა ქვეყნის ისტორია. ეს ადამიანები ასევე არ სცნობენ ხალხის პროტესტის უფლებას, რადგან კონფორმიზმის ტყვეობაში ჩაფლულებს გადაავიწყდათ ის მთავარი, რის გამოც ადამიანები მიდიან პოლიტიკაში _ უკეთესობისკენ შეცვალონ არსებული რეალობა, რაც ადამიანის მოწოდება უფრო უნდა იყოს, ვიდრე, უბრალოდ, პროფესია. ამ ადამიანებმა მიიღეს ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში _ 4 წლით საპარლამენტო სკამები, მშიერი საქართველოს პირობაზე კარგი ხელფასი და მათთვის ხალხის პროტესტი და მსგავსი თემები, როგორც ჩანს, მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნაზეა აქტუალური. და მერე რა, რომ ეს სავარძლები 600 000 ადამიანის მოტყუების ფასადაა მიღებული?! ისინი არაფრით დათმობენ ამ სკამებს და თუ ბიძინას რეჟიმი 2020 წლამდე გაძლებს, იქამდე კბილებით დაიცავენ საკუთარ, მაგრამ არა ჩვენს უფლებებს. ამიტომ ახლად გაევროპელებული ყოფილი ნაცმოელების იმედზე მტერი იყოს, ჩვენ ისევ იმ ხალხს დავუდგებით გვერდით, ვინც პრინციპებს, იდეას და საკუთარ ამომრჩეველს არ უღალატა და დღეს განახლებულ და მედროვეთაგან დაწმენდილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

რაც შეეხება ივანიშვილს, მისი მოცილების რეცეპტი მარტივია _ 100 ათასი კაცი ერთი კვირა რუსთაველზე და დამთავრებულია ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი და კოლაბორაციონისტული  რეჟიმის ბოგინი. მაგრამ ამ ხალხის ორგანიზების უნარი საქართველოში მიშა სააკაშვილის გარდა დღეს, სამწუხაროდ, არავის აქვს. გამიჯნულებს კი ამის არც უნარი ჰქონიათ ოდესმე და არც _ სურვილი. ამიტომაც არ უნდოდათ სააკაშვილის გამარჯვება _ სააკაშვილი მუდამ მოითხოვს ქმედებას, რატომ უნდა იმოქმედონ, ირბინონ, რაღაცა აკეთონ, ნერვები იშალონ, როდესაც გასული 4 წელიწადი მშვენივრად გავიდნენ ფონს თავზე ნაცრის ყრითა და ბიძინას ჯიბის ოპოზიციონერობით და ახლაც სჯერათ _ ასე ისხდებიან, მინიმუმ, კიდევ 4 წელიწადი, ირბენენ ევროპარლამენტში, პარიზში, ლონდონში, სტრასბურგში, ვაშინგტონში… ხელფასი ექნებათ, თანამდებობა ექნებათ, რაც იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 70% ღატაკია და მშიერი, არცთუ ისე ცუდი პერსპექტივაა. ეს ადამიანები დღევანდელი კვერცხით ცხოვრობენ და ხვალინდელი ქათამი არ უნდათ, რადგან მათი ინტერესები სახელმწიფოებრივი კი არა, პირადია. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და ისე მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ უფრო მწარე ტყუილი ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა იგემეს 2016 წელს და ამას ხალხი არ პატიობს, საკუთარ ხალხს ომს ვერ მოუგებ, შეიძლება ტაქტიკურად გაიმარჯვო, მაგრამ ვაი, ამ გამარჯვებას, ეს ხომ პიროსის გამარჯვებაა, როდესაც ტაქტიკურად იმარჯვებ, მაგრამ სტრატეგიულად წაგებული გაქვს. ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მას უკვე ჰყავს სამოქალაქო საზოგადოება _ ერთ მუშტად შეკრული იდეის გარშემო და როდესაც ამის საჭიროება დადგება, ყველა ჩვენგანი ამის მომსწრენი გავხდებით!

 

რეზო შატაკიშვილი