ბიძინა ივანიშვილი იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ

 

2015 წლის აგვისტოში მე, ,,ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ე.წ. ცოცხების კადრების სრული ვერსია გავავრცელე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ნარატივი სწორედ ამ კადრების დამონტაჟებული ვერსია იყო. ჩემ მიერ გავრცელებული კადრებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ცოცხების კადრები დადგმულია  და რეალურად საქმე გვაქვს დამონტაჟებულ სცენასთან, სადაც სულიერად დაავადებულ პატიმრებს დასცინიან. 2012 წლის საარჩევნო სპეცოპერაცია რუსული სპეცსამსახურების დაკვეთილი იყო. ეს მოგვიანებით გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც კადრების ავტორი მოსკოვში მიიწვიეს და დააჯილდოვეს კიდეც.

ჩემ მიერ ე.წ. ცოცხების კადრების სრული ვერსიის  გამოქვეყნებას უსწრაფესი რეაქცია მოყვა, ერთი მხრივ, ,,ეს შენ გეხებამ“ გაავრცელა საგანგებო განცხადება და კადრების წარმომავლობის გარკვევა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, მეორე მხრივ, სახალხო დამცველმა ორჯერ მიმართა პროკურატურას ჩვენი სამაგალითო დასჯის მოთხოვნით. სახალხო დამცველის მოქმედებაში იმდენად მკაფიოდ ჩანს სუს-ის დაკვეთის კვალი, უჩა ნანუაშვილმა კომენტარის გაკეთებაც კი ვერ გაბედა. როგორც ,,გაირკვა“, უჩა ნანუაშვილისთვის მიუმართავს პირს, რომელსაც საკუთარი თავი კადრებში ამოუცნია და სამართლებრივი რეაგირება მოუთხოვია გამოქვეყნებულ მასალაზე. ფაქტში, თავისთავად, არაფერია საგანგაშო, რომ არა ორი უმნიშვნელო დეტალი _ კადრებში  აღმოჩენილ პირს არასოდეს უჩივლია იმ პირისთვის, რომელიც მას ამ კადრებში აწამებს და მკაფიოდ ისმის მისი ხმა, ისევე როგორც უჩა ნანუაშვილს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ პირის პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სამოქალაქო წესით დავაა აუცილებელი, მათ შორის, პირს, რომელიც თავს მიიჩნევს დაზარალებულად, შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი მატერიალური კომპენსაცია, მაგრამ პატივისა და ღირსების შელახვისთვის პროკურატურაში არ ჩივიან, დიდი ალბათობით, სახალხო დამცველის მიმართვებს მიღმა სწორედ სოსო გოგაშვილი ითხოვდა დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორის სამაგალითო დასჯას.

საბედნიეროდ, საქართველოს პროკურატურამ  გოგაშვილის  დაკვეთა არ შეასრულა, სუს-ის უფროსის მოადგილის  ზეწოლების მიუხედავად, აბსურდული ბრალი არ წამიყენეს, საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ,,მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ პერსონალური მონაცემების გამოქვეყნების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს რეაგირების უფლება, ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმით  კანონის დარღვევის პირველი შემთხვევისას 1000-ლარიანი ჯარიმა, მეორე შემთხვევისას კი 5000-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და იურიდიული პირის ლიკვიდაცია დგება მხოლოდ  იმ შემთხვევაში,  როცა საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებას ეხება, რაც 2015 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. გელა ღურწკაიამ და პირთა ჯგუფმა  „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანეს, რასაც ჩვენი მიმართვისა და შესაბამისი მტკიცებულებების გადაცემის შემდეგ  ამ პირების დაკავება  მოჰყვა კიდეც.

მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ სოსო გოგაშვილის პერსონალური მოთხოვნა არ შეასრულა, ფარშის დისტრიბუტორმა გეგმა მოიყვანა მოქმედებაში და მეორე დღესვე ე. წ. უკრაინული ვიკილიქსის მეშვეობით გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილისა და კობა ნაყოფიას ე. წ. სატელეფონო ლაპარაკი, სადაც საუბარია ვინმე ელისოს 4000  $-ით დაფინანსებაზე და ხვედელიძის ადეიშვილთან შეხვედრაზე, რომლითაც ადეიშვილი კმაყოფილი დარჩენილა.

ერთხელ უკვე დავწერე და განვმეორდები: არანაირი უკრაინული ვიკილიქსი და სხვა ტიპის საიტები ბუნებაში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფი, „რეპორტიორის“ დამფუძნებლის, ნუგზარ ფოფხაძის  ხელმძღვანელობით, რომელიც  ბოლო ოთხი წელია, პირდაპირაა დაკავშირებული ყველა იმ ბინძურ სკანდალთან და ჭორების გავრცელებასთან, პირადი ფირების ჩათვლით, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ამ პერიოდის განმავლობაში იხილა. ნუგზარ ფოფხაძე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემს გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, სისტემატურად ავრცელებდა ჭორებს, რომ ეს გაზეთი მისია და მას შეუძლია ნებისმიერი რამ გამაკეთებინოს. ფოფხაძის ამ „უტკის“ პირველი მსხვერპლი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც მისი უძლეველობის მითი დაიჯერა. სწორედ  ამ მიზნით შეუქმნეს მას სააგენტო „რეპორტიორი“ და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სუსი-დან ყოველთვე 27 000 $-ით აფინანსებდნენ. მოგვიანებით, როცა „ქრონიკა+“-მა ე.წ. კახელების კლანის მხილება დაიწყო, ექსპრემიერის სიმამრი,  თამაზ თამაზაშვილი, დაინტერესდა რატომ ვბედავდი მე მათზე წერას, რადგან ყოველთვე ფოფხაძის ხელით 20 000 $-ს მიგზავნიდა. როგორც მაცნობეს, თამაზაშვილმა შესჩივლა კიდეც რეზო ამაშუკელს: ყოველთვე სხვადასხვა პროექტისთვის  80 000 დოლარი მიაქვს ფოფხაძეს, ახლა 100 000 დოლარს ითხოვს და როგორც გაირკვა, არც ელისო კილაძესთან მიაქვს მისთვის გაგზავნილი თანხაო. საბოლოო ჯამში, თამაზაშვილი დიდხანს და დაჟინებით ითხოვდა ფოფხაძესთან „რაზბორკას“, მაგრამ „რეპორტიორის“ დირექტორის, გიორგი მამაცაშვილის  მეშვეობით ფოფხაძემ მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დააშანტაჟა, _ თუ შენი სიმამრი თავს არ დამანებებს, პრესკონფერენციას მოვიწვევ და ბევრ საინტერესო რამეს მოვყვებიო. ასე ჩაიფარცხა ეს საქმე, „რეპორტიორის“ შავი ფულით დაფინანსება სუს-ის უფროსის შეცვლამდე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც მალხაზ ჩიქვილაძე მირიან მჭედლიშვილმა შეცვალა, მსგავსი პროექტების დაფინანსება  საერთოდ შეწყდა. მეტიც, ბიძინა ივანიშვილს, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით,  მაგიდაზე უდევს  ყველა იმ პირის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჟურნალისტის სია, რომელიც ღარიბაშვილის პერიოდში სუსი-დან დაფინანსებას იღებდა.

რის სანაცვლოდ მოიპოვა ფოფხაძემ და „რეპორტიორმა“ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის ნდობა? ეს მოხდა  „წარმატებული“ სპცოპერაციის შემდეგ, რომელიც ღარიბაშვილის მოადგილის, გელა ხვედელიძის თანამდებობიდან ჩამოშორებას  ისახავდა მიზნად. თამაზაშვილის ორგანიზებით იმ პერიოდში უკვე იყო აგორებული ე.წ. კვერცხების სკანდალი, რომელსაც არანაირი საერთო გელა ხვედელიძესთან არ ჰქონდა. მეტიც, ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაკავებული კვერცხების კონტეინერის „განთავისუფლება“ სწორედ თამაზაშვილმა ითხოვა და მისივე  დავალებით ახსნეს ლუქი დაკავებულ კონტეინერებს. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ეძებდა ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა ხვედელიძის მამხილებელ მასალებს, მაგრამ უშედეგოდ. „ქრონიკა+“-ის არქივში ინახება არაერთი კონკრეტული პირის ინტერვიუ, რომელშიც ისინი დეტალურად ყვებიან, როგორ ავალებდნენ მათ ხვედელიძის ფარულ ჩაწერას, რომელსაც მერე ბიძინა ივანიშვილს მიუტანდნენ (ერთ-ერთი ბოლო ყოფილი პარტიზანი იყო, რომელიც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მზად არის, პროკურატურას შესაბამისი ჩვენებაც მისცეს). არც ეს გეგმა განხორციელდა. სწორედ ამიტომ,  ღარიბაშვილის გარემოცვის მიერ, ნუგზარ ფოფხაძის სახლში, ლაშა ამირეჯიბთან გელა ხვედელიძის შეხვედრა  დაიგეგმა. შს მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის თხოვნით მივიდა. ლაშა ამირეჯიბის კითხვებს ე.წ. კვერცხებთან დაკავშირებით უპასუხა, სრული სქემა აუხსნა და როცა საუბარი დასასრულისკენ მიდიოდა, ლაშა ამირეჯიბთან „რეპორტიორის“ დღევანდელი დირექტორი, გიორგი მამაცაშვილი გადაჯდა და მეგობრულად „ურჩია“, გიორგი ფარესიშვილთან ურთიერთობას თავი დაანებე, მასზე საშინელი ფირი არსებობსო. ლაშა ამირეჯიბი გიორგი მამაცაშვილს გაკვირვებული ეკითხება, _ შენ საიდან იცი ამ ფირის არსებობის შესახებო? გიორგი მამაცაშვილის პასუხზე, _ ფარესაშვილის ფირი „ასავალ-დასავალში“ შემოაგდეს, მე მოვიპარე და წამოვიღეო, ლაშა ამირეჯიბი ისევ კითხულობს, _ რას შვება ამისთანას ფარესიშვილი ამ ფირზეო? და ამჯერად უკვე ნუგზარ ფოფხაძე  პასუხობს, _ რას აკეთებს და ტ…ნაურ…ს, შე ჩემაო. გელა ხვედელიძე მთელი ამ ხსნის განმავლობაში ჩუმად ზის და არც ერთ სიტყვას არ ამბობს. მოგვიანებით, სწორედ ეს ჩანაწერი გამოიყენეს შს მინისტრის მოადგილის  წინააღმდეგ, როცა მას არჩადენილი დანაშაული დააბრალეს. გამოძიებას არ დაუკითხავს არც გიორგი მამაცაშვილი, არც ნუგზარ ფოფხაძე, არ უკითხავს, სად ინახებოდა წლების განმავლობაში ის ფირი, რომელიც, გიორგი მამაცაშვილის  თქმით, „ასავალ-დასავალიდან“ მოიპარა, სად და როდის ნახა ნუგზარ ფოფხაძემ ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, თუ არ უნახავს, საიდან იცის, რა იყო აღბეჭდილი ამ ფირზე?

სამაგიეროდ,  ამ „დამსახურებისთვის“ მიიღო  ნუგზარ ფოფხაძემ „რეპორტიორი“, „რეპორტიორმა“ _ სუს-ის დაფინანსება და ტექნიკა.   ამიტომაც სწყალობდა მას  პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

ნუგზარ ფოფხაძე დიდხანს და დაჟინებით ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის ნდობის მოპოვებას, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, არც პრემიერობის, არც პრემიერობიდან წასვლის მერე ბიძინა ივანიშვილმა ფოფხაძესთან შეხვედრა არ ისურვა, რამაზ ჩხიკვაძის გასვენებაში დემონსტრაციულად  ხელიც არ ჩამოართვა. როგორც ჩანს, მოქალაქე ივანიშვილი ბევრად უფრო კარგად იყო  ინფორმირებული ფოფხაძის წარსულზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. გიორგი მამაცაშვილის რამდენიმე თხოვნის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილმა მკაფიო უარი თქვა, _ არ ვარ მზად ამ შეხვედრისთვისო.

მოგვიანებით, ფოფხაძესა  და გიორგი მამაცაშვილს  პროკურატურაში მაინც მიიყვანენ და დაკითხავენ, ჩხრეკები ტარდება როგორც ფოფხაძისა და მამაცაშვილის საცხოვრებელ სახლებში, ისე სააგენტო „რეპორტიორის“ ოფისში („ქრონიკა+“-მა ეს ინფორმაცია იმავე დღეს იცის, რადგან ამ პერიოდში უკვე ვმუშაობთ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც რუსული სპეცსამსახურების გეგმის გაშიფვრას ისახავს მიზნად). სახლებიდან  და ოფისიდან მიაქვს კომპიუტერული ტექნიკა და კულუარული ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანის პირადი ინტიმური კადრები, ეს ის პერიოდია, როცა ინტერნეტსივრცეში პირველად გამოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ პირველი ფირი მოსკოვიდან ერთ-ერთი სამეცნიერო  კვლევითი დაწესებულების  ინტერნეტ-მისამართიდან აიტვირთა რიგითი მეცნიერ-თანამშრომლის მიერ, მეორე და მესამე ფირი ასევე მოსკოვიდან, ამჯერად უკვე ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი გაბედავას მიერ. ფოფხაძის მოსკოვური წრის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ არის მისი პირდაპირი ან ირიბი კავშირი  ამ ფირების ატვირთვასთან, მეორე საქმეა რამდენად მოახერხებს მთავარი პროკურატურა მტკიცებულებებით  დაამაგროს და ისე გამოაცხადოს გახსნილად აღნიშნული საქმე. სწორედ ამ მომენტით ისარგებლა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა და ფოფხაძე-მამაცაშვილის ტანდემი საბოლოოდ  დაითრია.

ის, რომ სოსო გოგაშვილმა ნუგზარ ფოფხაძის საცხოვრებელი სახლის გზა ისწავლა, ამას ჩვენი წყაროები კარგა ხნის წინ ადასტურებდნენ, მიუხედავად მისი თანამდებობებისა, გოგაშვილის  გავლენის სფეროები საკმაოდ შეზღუდულია. კამპანია, რომელიც მან „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ წამოიწყო, არცთუ კარგად ორგანიზებულია, მასში სულ სამი   სააგენტო: ,,რეპორტიორი“, „მარშალპრესი“ „ექსკლუზივნიუსი“ (სამივე მათგანი სწორედ სუს-ის შავი ფულით ფინანსდება). ორი გავლენის აგენტი, ზაზა დავითაია და ნინო ჯღარკავა მონაწილეობს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ასავალ-დასავალში“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“ ჩემზე გამოქვეყნებული მასალების უკან  ნუგზარ ფოფხაძე იდგა. სწორედ მას სთხოვდა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 10 000 ლარს „საერთო გაზეთის“ რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა დავითაიას ყოველთვე არცთუ მაღალ ანაზღაურებას უხდის იოსებ გოგაშვილი, პერიოდულად, ამხნევებს კიდეც, _ მიდი, ელისოს მიაწექიო. რაც შეეხება ნინო ჯღარკავას, ის ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის უფროსია, ამავე კორპორაციაშია დასაქმებული მისი შვილი და ძმისშვილი, ხოლო ბინის კრედიტიც კი იოსებ გოგაშვილმა დაუფარა მესამე პირის მეშვეობით. სულ ეს არის იმ ადამიანების  ჯგუფი, რომელსაც იოსებ გოგაშვილი ცილისწამების, ჭორისა და ბინძური ბრალდებების  გასავრცელებლად „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ იყენებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს იაფფასიანი სკანდალები ჩემი 4000 $-ით დაფინანსებაზე, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, ხვედელიძე-ადეიშვილის კოორდინაციის შესახებ, ფართო მასებისთვის გათვლილი არ არის, გათვლილია მხოლოდ ერთ კაცზე და ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი.  არჩევნების მერე გოგაშვილი არაერთ სკანდალში გაეხვია, ამ სკანდალების გამო მას სუს-ში სერიოზულად შეუზღუდეს ფუნქციები და საკონტროლოდ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვამ ალექსანდრე ტაბატაძე დაუნიშნა. პანდორას ყუთი უკვე გაიხსნა. „ქრონიკა+“-ს სისტემატურად უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც მას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და ბიზნესის უკანონო „დაკრიშვაში“ ამხელენ (ერთ-ერთი ასეთი მასალა ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერშიც ქვეყნდება). სწორედ ამ მასალების გამოქვეყნებამ დააფრთხო სოსო გოგაშვილი, ჯერ ის შვებულებაში გავიდა, ახლა კი ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნოს, რასაც ვწერთ, ეს მიხეილ სააკაშვილის დაკვეთაა და ფულსაც სწორედ ის მიხდის. მიუხედავად გოგაშვილისა და მისი გავლენის აგენტების მცდელობისა, ბიძინა ივანიშვილს სოსოს ცრემლების   აღარ სჯერა, ბოლო სკანდალი, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა, ამჯერად უკვე ბიზნესმენებს უკავშირდება.

ის, რომ ბიზნესმენთა ფედერაციაში დაპირისპირებაა და ვანო ჩხარტიშვილს შენობის გამო უჩივიან, ამის შესახებ ,,ქრონიკა+“ უკვე წერდა, ასევე დეტალურად ვწერდით  იმ  ბიზნესდავების შესახებ, რომელიც ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს, თამაზ ნიჟარაძესა და სოსო დოლიძეს, ფოთის წისქვილქარხანასა და ჩხარტიშვილს შორის მიმდინარეობდა. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ბიზნესმენები ერთმანეთს უკვე სასამართლოს მიღმა საჯარო განცხადებებით უპირისპირდებოდნენ. როგორც გაირკვა, სიტუაციას პირადი გამორჩენის მიზნით, სწორედ სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ურევდა, რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესმენთა ჯგუფის სახელით გენო მალაზონია ასულა, მას ივანიშვილისთვის დეტალურად მოუყოლია, რას „ჩალიჩობდა“ გოგაშვილი და რა დოზით იყო ის ჩართული ბიზნესმენთა შორის სიტუაციის გამწვავებაში. ბიძინა ივანიშვილი ისე გაცეცხლებულა, ტელეფონი აუღია და უჩა მამაცაშვილის თვის დაურეკავს, _ ეს გოგაშვილი  ყ…ე  რით ვერ მოაშორეთ აქაურობას, ვინ აგდია, ამდენის უფლებას რომ აძლევს საკუთარ თავს, ბევრი აღარ მალაპარაკოთ, ახლომახლო გავლილი არ დავინახოო! გენო მალაზონიასთან შეხვედრის მერე ბიძინა ივანიშვილს პირადად დაუწყია გარკვევა, როგორ და ვისი მეშვეობით მოხვდა ,,ქართულ ოცნებაში“ ფარშის ყოფილი დისტრიბუტორი, ვისი რეკომენდაციით დაინიშნა სუს-ში მაშინ, როცა 2012 წლის არჩევნების დროს გელა ხვედელიძე მას ოფისშიც კი არ უშვებდა და ბორდიურზე იჯდა მორჩილად ახალი ამბების გასაგებად, რომელსაც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ახალაიას უწყებას მისივე მეზობლის მეშვეობით გადასცემდა.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით,  უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის ზარის მერე მეტისმეტად შეწუხებულა, პირადად დაურეკავს გენო მალაზონიასთვის, _ თუ რამე პრობლემები გაქვთ, საქმის კურსში ჩამაყენეთ და ყველაფრის გარკვევაში  მე პირადად დაგეხმარებითო. უჩა მამაცაშვილის მერე ბიძინა ივანიშვილს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  მამუკა ხაზარაძესთან დაურეკავს, _ რა სასამართლო პროცესები და საჯარო დაპირისპირებები გამართეთ, ბიზნესმენები ხართ, დასხედით და  „პა ბიზნესუ“ დაილაპარაკეთო.

როგორც ჩანს, ამჯერად, სოსო გოგაშვილის გეგმები საბოლოოდ ჩავარდა, ბიზნესმენები მისი ჩარევის გარეშეც და ბიძინა ივანიშვილის რჩევით საქმიანად გაარკვევენ  ურთიერთობებს. ცნობილი ბიზნესდავები აღარ გაგრძელდება და საჩვენებელი დაპირისპირებებიც  დასრულდება.

დაბრუნება თუ არა შვებულებიდან ფარშის დისტრიბუტორი?

საკითხავი აი, ეს არის!!!

 

P.S.„ქრონიკა+“-ს სოსო გოგაშვილისა და მისი გავლენის აგენტურის გამოწვევა მიღებული აქვს. უკან დახევას არ ვაპირებთ და ამ ორგანიზებულ ჯგუფზე მომდევნო ნომრებში ბევრ საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ.

 

ელისო კილაძე