სუსის უფროსის მოადგილე კუდის აგენტი იყო?!

25 დეკემბერს საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 39 წელი გავიდა. პატრიარქი საიუბილეო ღონისძიებებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ დასწრებია. დაპირისპირება, რომელიც საპატრიარქოს შიგნით წლების განმავლობაში არსებობდა, უკვე საჯარო გახდა. პატრიარქის ტახტისთვის ერთმანეთს რამდენიმე დაჯგუფება ებრძვის. ამის ნათელი დასტური იყო 22 დეკემბერს ჩატარებული სინოდის სხდომა და სხდომამდე განვითარებული მოვლენები. სინოდის წევრები უკვე ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს.
„ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, საპატრიარქოში ბევრად უფრო მძიმედაა საქმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით და გარედან ჩანს. სინოდის წევრები ორ ბანაკად არიან გაყოფილი, ერთი მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი მღვდელმთავრები, ხოლო, მეორე მხრივ, ის მეუფეები და მათდამი დაქვემდებარებული ღვთისმსახურები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, პატრიარქის სიცოცხლეშივე მოახდინონ ცვლილება,მისი იძულების წესით გადაყენების გზით, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა.
ამ სცენარის განხორციელებისას მისი ავტორები და შემსრულებლები მიმართავენ ბოლშევიკური ხანის „ენკავედეს“ მუშაობისათვის დამახასიათებელ ფორმებს და მეთოდებს, საკუთარი მომხრეების მოსყიდვას, მოწინააღმდეგეების კომპრომეტირებას, მათ მოშორებას და მიმდინარე დესტრუქციული მოვლენების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გაშუქებას.
22 დეკემბრის სინოდის სხდომის ჩატარებას წინ უძღოდა პატრიარქის მომხრეების დისკრედიტაციის მცდელობა.
ქვეყანაში მთავრობებისა და პოლიტიკური ლიდერების ცვლილებების კვალდაკვალ ყველა კვლევა ადასტურებდა, რომ საზოგადოებაში მაღალი ნდობის ხარისხით სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სარგებლობს, ამიტომ პატრიარქის დისკრედიტაცია მარტივი ნამდვილად არ იქნება. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა მისი მომხრეების დისკრედიტაციის მცდელობა, ბოლო დროს, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ ყველასათვის მოულოდნელად, საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინას ეწვია. დელეგაციას მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე ) ხელმძღვანელობდა. ნატოში სტუმრობის ფაქტმა, როგორც ჩანს, ხელისუფლების გარკვეული წრეები და საპატრიარქოს რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ნაწილი შეაშფოთა და ამ ფაქტის მერე დაიწყო პატრიარქის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ შავი პიარის აგორება.
პირველი სამიზნე სწორედ მიტროპოლიტი თეოდორე გახდა. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მედიამ იგი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მითვისებაში დაადანაშაულა. „ქრონიკა +“-ს, თავის დროზე, სანდო წყარომ „კუდში“ საეკლესიო პირებზე მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის ნაწილი მიაწოდა. მეუფე თეოდორე ჭუაძე, ამ ინფორმაციის მიხედვითაც კი, სხვა მეუფეებისგან განსხვავებით, არანაირ საეჭვო კავშირებში მხილებული არ არის, არც დამნაშავეთა სამყაროსთან და „კანონიერ ქურდებთან“ მისი კავშირი იკვეთება, თეოდორე ჭუაძე წლების განმავლობაში ქ.თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ და მას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ბელგიაში ქართული სათვისტომოს წინამძღვართან, ოთარ ქურციკიძესთან. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე თეოდორე სამომავლოდ კათოლიკოს პატრიარქის მემკვიდრედ მოიაზრება.
ასევე საჯაროდ დაიწყო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დადანაშაულება საპატრიარქოში მიმდინარე უარყოფითი პროცესების თითქოს წაქეზება-მართვაში, რაც პატრიარქის მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ გაჟღერდა. იყო დრო, პეტრე ცაავა ახალაიების მზეს იფიცებდა და როლანდ ახალაიას ორდენებით აჯილდოებდა, ხელისუფლების შეცვლის მერე კი მეუფე პეტრე მეოცნებე გახდა და ის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად ეხმარებოდა „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ დანელიას. გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, ოთარ დანელიამ მეუფე პეტრეს მარტვილში სახლიც კი აჩუქა. აღარაფერს ვამბობ იმ არაერთ პიკანტურ სკანდალზე, რომელშიც მეუფე პეტრე პერიოდულად ეხვეოდა ხოლმე. „ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, მეუფე პეტრეს მუდმივად ჰქონდა კავშირი რუსეთში მცხოვრებ „კანონიერ ქურდებთან“ ( კლიმენტი კეკუტია ), ქართული წარმოშობის ბიზნესმენებთან ( მაგ. ნაული ჯანაშია, ქ.მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ), ასევე მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენ პაატა ხურცილავასთან და ა.შ. მრევლში გავრცელებული აზრით, მეუფე პეტრე ასევე მოიაზრებს საკუთარ თავს კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრედ.
მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთი სამიზნე პატრიარქის პირადი დაცვა და მისი ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი გახდა, რომელიც, ამავდროულად, უწმინდესის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი ) სიძეა. ამჯერად, მისი მბრალდებელი მეუფე იაკობი გამოდგა. მეუფე იაკობი აქტიურ ასპარეზზე ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს გამოჩნდა, მისი აქტიურობა ღარიბაშვილის მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, ხოლო ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის მერე იაკობი, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილმა გადმოიბარა.
„ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, პატრიარქსა და მის გუნდზე რადიკალური შეტევის ორგანიზატორი და მთავარი მოქმედი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილია, რომელიც, დღეის მდგომარეობით, შვებულებაში იმყოფება და თუ მისმა შანტაჟმა არ გაჭრა,მაშინ სამსახურში ვეღარ დაბრუნდება.
როგორ დაიწყო სოსო გოგაშვილის ურთიერთობა ეკლესიასთან და „კუდთან“? ტყუილად ფიქრობთ, რომ რამე შემეშალა და სუს-ი უნდა დამეწერა. „ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შვებულებაში მყოფი მოადგილე წინა ხელისუფლების დროს „კუდთან“ აქტიურად თანამშრომლობდა და მას ამ საქმეში მისივე „ნახალოვკელი“ მეზობელი, „კუდის“ თანამშრომელი ეხმარებოდა.
„ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, „კუდის“ თანამშრომელი, რომელმაც სოსო გოგაშვილი გადაიბირა, გიორგი (გოგიტა) პაპაშვილია. ეს ის პერიოდია, როცა სოსო გოგაშვილს „ნახალოვკაში“ მაღაზია აქვს და ფარშის დისტრიბუციითა დაკავებული, პაპაშვილი მას თან „კრიშავდა“ და თან ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.
გოგიტა პაპაშვილი წინა ხელისუფლების დროს ჯერ ენერგეტიკის სამინისტროს, მოგვიანებით კი გარემოს დაცვის სამინისტროს ოდეერი იყო. როცა გოგიტა პაპაშვილი სამსახურებრივი გადაცდომების გამო ჩამოაქვეითეს, იგი პატრონაჟის ქვეშ „კუდის“ უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილმა აიყვანა. „კუდში“ მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა, რომ გოგიტა პაპაშვილმა ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის აქტივისტი სოსო გოგაშვილი გადაიბირა. ერთი მათგანი ვაჟა ლელუაშვილი, მეორე მათგანი გია ჩიხლაძე იყო, ვაჟა ლელუაშვილი ციხეში ზის, გია ჩიხლაძე სუს-ში მუშაობს, ხოლო გოგიტა პაპაშვილი გოგაშვილმა სუს-ში მისვლისთანავე მოიშორა თავიდან. ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ მან „კუდთან“ მისი თანამშრომლობის დოკუმენტაცია გაანადგურა, მაგრამ ამ დოკუმენტების ასლები რამდენიმე ადგილას ინახება და თუ ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, მისთვის ძნელი არ უნდა იყოს ამ ინფორმაციის გადამოწმება.
პირველი „სერიოზული“ დავალება სოსო გოგაშვილმა 2011 წლის მაისში შეასრულა. 2011 წელს, 26 მაისის სისხლიანი დარბევის მერე, ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის რამდენიმე წევრმა რუის-ურბნისის ეპარქიის ყინწვისის მთავარანგელოზის სახელობის მონასტერს შეაფარა თავი. „ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფელის თაობაზე ინფორმაცია „კუდს“ სწორედ სოსო გოგაშვილმა მიაწოდა. ჩვენი წყარო ადასტურებს, რომ ეს გოგაშვილის „კუდთან“ პირველი თანამშრომლობა არ ყოფილა. ე.წ. ყინწვისის საქმეში შეტანილი „წვლილის“ გამო სოსო გოგაშვილმა სამუდამოდ გაიფუჭა ურთიერთობები რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობთან (აქიაშვილი ), რომელიც პატრიარქის ბიძაშვილია. სწორედ მეუფე იობის წინააღმდეგ იყო მიმართული სოსო გოგაშვილის ერთ-ერთი პირველი სადამსჯელო ნაბიჯი, როგორც კი „ანტრიკოტა“ სუს-ში დაინიშნა. საპატრიარქოში გოგაშვილის ინტერესების გამტარებელმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი ) „ანტრიკოტას“ ცოლის ახლო ნათესავს, მეუფე სვიმეონს ( ცაკაშვილი), მეუფე იაკობის გაზრდილ და ნდობით აღჭურვილ პირს, გოგაშვილის დავალებით ახალი სურამისა და ხაშურის ეპარქია შეუქმნა მეუფე იობის ეპარქიული ტერიტორიის ხარჯზე.
სწორედ ქორეპისქოპოსი იაკობი გამოიყენება სოსო გოგაშვილის მხრიდან საპატრიარქოში რადიკალური პროცესების გასაღვივებლად. არავისთვის უცხო არ არის, რომ იაკობი ხშირად სტუმრობდა „ანტრიკოტას“ „მოდულის“ შენობაშიც. ახლაც, სწორედ იაკობი იბრძვის პატრიარქისათვის დაცვის მოსაშორებლად და ამით უწმინდესის ძმისშვილის პოზიციების შესასუსტებლად. გოგაშვილის ხელი ურევია მეუფე თოდორეს (ჭუაძე) დისკრედიტაციის საქმეში, რომელიც მან სუს-ის მიერ დაფინანსებული მედიის საშუალებით განახორციელა. გოგაშვილის ხელშია სიმბოლურ ფასებად გასხვისებული ქონების სრული ბაზა და ამ ინფორმაციას იგი სხვადასხვა დაპირისპირებისა და გავლენის მოსაპოვებლად ხშირად იყენებს. მაგრამ, ამასთან, საგულდაგულოდ მალავს კომპრომატებს საკუთარი „გუნდის“ წევრის, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) შესახებ, რომელიც მართლაც ფლობს უზარმაზარ ბინას ჭონქაძისა და ჩიტაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ელიტარულ სახლში. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ტაბუდადებული თემაა. სხვათა შორის, მეუფე გრიგოლი წარსულში ოთხჯერნასამართლევია:
147-ე მუხლის III ნაწილი _ `თაღლითობა კვალიფიციური სახით~; 1983 წ.
150-ე მუხლის II ნაწილი _ `ქურდობა~; 1983 წ.
144-ე მუხლის II ნაწილი _ `კვალიფიციური ქურდობა~; 1985 წ.
196-ე მუხლის II ნაწილი _ `ყალბი ბეჭდისა და სხვადასხვა საბუთების დამზადება~ 1987 წ.
სწორედ ეს პიროვნებაა სოსო გოგაშვილის ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც გამწვავებული სიტუაციის ფონზე გამოჩნდება საჯარო კომენტარებით და ღიად დაიჭერს პატრიარქის მოწინააღმდეგეების მხარეს.
შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ სოსო გოგაშვილისთვის აუღებელ ციხესიმაგრეს, შორენა თეთრუაშვილს, მეუფე პეტრემ შავი პიარი აუგორა, რომელიც, თავის დროზე,საკუთარ სახლში იფარებდა მეგის ქარდავას და სხვა ცნობილ დამნაშავეებს და სწორედ მან შეუწყო ხელი ქვეყნიდან მათ გაყვანას.
სოსო გოგაშვილს დაუფარავი სურვილი აქვს, ხელთ ჩაიგდოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების სადავეები. ტაქტიკური თვალსაზრისით ეს პროცესი მის მიერ კონტროლირებად ისეთ პროცესებში ჰპოვებს განვითარებას, როგორიც არის საკუთარი კადრებით დაკომპლექტებულ და თავისი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ეპარქიებში, რაც შეიძლება, მეტი აგენტი აღკვეცოს ბერად და მღვდლის ხარისხი მიაღებინოს, რათა შემდგომ მათი დესანტირება მოხდეს დაუმორჩილებელ ეპარქიებში _ შესაბამისი პროპაგანდისა და იქ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ასე მაგალითად, აჭარის რეგიონში ასეთ გავლენიან პირს წარმოადგენს მამა სერგი რუხაძე,ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, რომელსაც „ანტრიკოტა“ აქტიურად იყენებს მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ. სერგი რუხაძის მეშვეობით იღებს გოგაშვილი ინფორმაციას როგორც მეუფე დიმიტრის საქმიანობის შესახებ, ასევე მისი მეშვეობით ხდება პატრიარქის ძმისშვილზე არაერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაც.
ბოლო პერიოდში სოსო გოგაშვილი საპატრიარქოზე გადაცემული მიწების, ფერმებისა და სხვადასხვა მეურნეობის ბედითაც დაინტერესდა, ის ხშირად სტუმრობს ეპარქიებს, მეფუტკრეობის,მეცხოველეობისა და სხვა სახის მეურნეობებს, რათა მათი ინვენტარიზაცია მოახდინოს და თავისი სამომავლო ზრახვების განხორციელების მიზნით სამეურნეო ხელმძღვანელებად ასევე თავისი ნდობით არჭურვილ პირებს ნიშნავს.
„ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის გეგმებში აქტიურად იკითხება ორი მიმართულება: პირველი _ იმ ძალების გეგმები, რომელსაც წლების განმავლობაში სოსო გოგაშვილი აქტიურად ემსახურება და რომლებიც უკვე ათი წელია, უშედეგოდ ცდილობენ ან ფიზიკურად მოსპონ პატრიარქი, ან მოახდინონ მისი ჩანაცვლება თავისი კანდიდატურით და მეორე _ საკუთრივ სოსო გოგაშვილმა შეინარჩუნოს თავისი გავლენები არჩევნებზე საპატრიარქოში ჩანერგილი მისივე აგენტურის მეშვეობით. რამდენად მოახერხებს სოსო გოგაშვილი საკუთარი გეგმების განხორციელებას, ეს უკვე ახალი წლის დასაწყისში გაირკვევა, რადგან სუს-ში იმდენად მძიმე დაპირისპირებაა დაწყებული, რომ პროცესების ფინალის პროგნოზირება, ამ ეტაპზე, ყველას უჭირს. „ქრონიკა +“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, რომ „კუდთან“ სოსო გოგშვილის თანამშრომლობის სხვა ფაქტებსა და დოკუმენტებს მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მიაწვდის.

ელისო კილაძე