რატომ ჩავიდა კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში?

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალში, სამხედრო ქალაქი გაშენდება. ამის თაობაზე მწირი ინფორმაცია ქართული მედიით უკვე გაჟღერდა. „ქრონიკა+“ პირველია, რომელმაც სამხედრო ქალაქის მშენებლობისა და გუდაუთის დახურული სამხედრო ბაზის ფოტოები მოიპოვა.

რა ხდება გალში? რომელი ჰესი უნდა ამუშავდეს და რატომ სტუმრობდა ოკუპირებულ აფხაზეთს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე? იგეგმება თუ არა რუხში ბაზრობის გახსნა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ქრონიკა+“-ს საინტერესო ფაქტებს აწვდის აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, ზულფი აჩუსბა:

_ გალის რაიონის სამხედრო ქალაქად გამოცხადება კრემლის პოლიტიკის გამარჯვების ზენიტია. 2008 წლის ომის შემდეგ ბუფერული ზონის შექმნა გალის რაიონის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას ისახავდა მიზნად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტის დაყოფით გალსა და ოჩამჩირე-აკარმარას მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 (ოცდახუთი) ახალი საგუშაგო და 7 (შვიდი) სამხედრო ბაზა უნდა აშენდეს. აკარმარას დასახლება მთლიანად დახურულ სამხედრო გარნიზონად გამოცხადდება, სადაც განთავსდება სამხედრო ვერტმფრენების ბაზა, ანგრები და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები. ასევე, სიმაღლეებზე სოფ. პრიმორსკში, ღალიძგაში, სათანჯოში, ლეკიხონასა და ჩეღალში გზების გაყვანა მიმდინარებს, სადაც საცეცხლე წერტილები ამუშავდება და ვერტმფრენსაწინააღმდეგო დანადგარები დამონტაჟდება. რკინიგზის გაყვანა დრანდა-პირველი გალის მონაკვეთზე მეოთხე წელია, განახლდა. ძველი განძელების აყრა ზაფხულში დაიწყო. გზის ნაპირზე მაღალი ძაბვის ახალი ბოძები დააყენეს, სადენების გაყვანა პრიმორსკამდე შესრულებულია. სამუშაოები ოკუპაციის ხაზამდე გრძელდება. დღეის მონაცემებით, გალის დაბალი ზონის სოფლებში, ასობით ჩამოყვანილი სამხედრო სანგრების მშენებლობით არის დაკავებული. ოკუპანტების გეგმის მიხედვით, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ 3 მ. სიგანისა და 5 მ. სიღრმის სანგრები გაკეთდება. სქემის ასეთ დაგეგმარებას ორი დანიშნულება აქვს: მძიმე ტექნიკისთვის გათვალისწინებულ სამხედრო სანგრებში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ელექტოსადენები ჩაიდება. ასევე გალის მაღალი ზონის სოფლებში რამდენიმე საგუშაგო ბეტონის ფილებით გამაგრდება და წყალსაწრეტი დრენაჟებიც გათვალისწინებული იქნება. ძირითადად, ახალი ბლოკპოსტების მშენებლობა ასეთი პრინციპით არის დაგეგმილი და შეიარაღების შესანახადაც გამოიყენება.

რუსი გენერლების გათვლით, საომარი ვითარების შექმნისას ენგურს გაღმა მდებარე ქართულ სოფლებში ოკუპანტების ჯარი მძიმე ტექნიკით ჩადგება. აფხაზეთიდან შემოჭრის შემთხვევაში, ოკუპაციის ხაზის მოსაზღვრე სოფლებში, ბლოკ-საგუშაგოებს გახსნიან და ბუფერულ ზონას აღადგენენ, ასევე, რუსულ ბაზებს იმ ადგილებში განალაგებენ, სადაც 2008 წლამდე იყვნენ დისლოცირებული: ლიაში, ზუგდიდში, თორსაში, ცაიშსა და სენაკი-მენჯის გზაზე. საომარ სიტუაციაში, გენერალიტეტის გეგმის მიხედვით, ოკუპანტები მძიმე ტექნიკით თეკლათთან, ფოთის გადასახვევის მოპირდაპირედ, ახალ საგუშაგოს გახსნიან. ეს ადგილი ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილია, საიდანაც სენაკის სამხედრო ბაზასა და ფოთის ცენტრალურ ტრასას გააკონტროლებენ. ასევე, ფოთში ორივე რუსული სამხედრო ბაზა აღდგება და ზღვის აკვატორია გაკონტროლდება. ამ გეგმის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქცია შერჩევითი იქნება, ისინი ამაზე შეთანხმებულები არიან, ამიტომ სამხედრო გეგმის განხორციელებას, შეიძლება, რეალური ომი არც დასჭირდეს. აფხაზეთის ოკუპაციის ხაზის სიახლოვის სოფლებში _ ფიჩორში, ოტობაიაში, რეფსა და სიდაში ერთი კვირაა, დამატებით მუშები და სანგრების გასათხრელად საჭირო სპეცტექნიკა კრასნოდარიდან ჩამოიყვანეს. 15 დეკემბერს ოჩამჩირეში ახლად აღდგენილ რკინიგზის სადგურში განძელებითა და ლიანდაგით დატვირთული ეშელონი ჩამოდგა. პირველადი მოხრეშვითი სამუშაოები პრიმორსკამდე უკვე შესრულებულია. ფიჩორის სამხედრო ბაზა დღეს ოკუპირებულ დაბალ ზონაში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა, საიდანაც მთლიანად ზღვის აკვატორია კონტროლდება და უახლესი რადიო-ლოკაციური დანადგარებითაა აღჭურვილი. გუდაუთის ბაზაში მძიმე ტექნიკა და სამხედრო ვერტმფრენები განაახლეს. იქ განთავსებული მძიმე შეიარაღება კი აკარმარის გზაზე ახლად გაშენებულ საგუშაგოებში გადაანაწილეს.

ბაბუშერას აეროპორტში 10 ოქტომბერს რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები, შეხვედრა დახურული იყო, აზომვითი სამუშაოები და დაგეგმარება შტაბში ერთი კვირა მიმდინარეობდა. მაკეტის მიხედვით ძველი ასაფრენი ბილიკი მთლიანად განახლდება, დაემატება ახალი 210 მეტრი სიგრძისა და 13 მეტრი სიგანის ბილიკი. ბაბუშერას აეროპორტი სამხედრო დანიშნულების იქნება. სანგრებთან ერთად შეიარაღების დიდი საწყობი აშენდება. აეროპორტამდე ახალი მისასვლელი გზა გაჰყავთ. სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც აფხაზურ შეიარაღებას ჰყავდა, М8, МИГ29, МИГ31, შესაკეთებლად მაისში რუსეთის ქალაქ ტულაში ჩაიყვანეს. მანამდე მფრინავები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს მაიკოპის სამხედრო-სასწავლო ცენტრში გადიოდნენ. აფხაზი მფრინავების ნაწილი კრასნოდარის მეშვიდე წითელი არმიის კუტუზოვის სახელობის სამხედრო ბაზაში დაასაქმეს, ხოლო გამოცდილი მფრინავების ნაწილი ისევ სოხუმში დააბრუნეს. ყველა მათგანს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს და პასპორტებთან ერთად „ფბს“-ს საშვებიც დაურიგეს. მათი შრომითი ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბთან არის გააფორმებული.

აფხაზეთის მოსახლეობას ასეთი ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჯერ არ ახსოვს… ალბათ, „ჩემი რესპუბლიკის“ ოკუპაცია დასასრულისკენ მიდის.

(შენიშვნების მიუხედავად, ზულფი აჩუსბამ აფხაზეთი მაინც ცალკე მოიხსენია, თუმცა, მისივე თქმით, აფხაზი ხალხი, როგორც არასდროს, ისეა დაფიქრებული).

_ ბოლო დროს განვითარებული ეს მოვლენები სოხუმში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამართული ხალხმრავალი მიტინგების მიზეზი გახდა.

რაულ ხაჯიმბას მინსკის „კგბ“-ს სკოლა აქვს დამთავრებული, ის „ფბს“-ს პოლკოვნიკი და წარმატებული თანამშრომელი იყო… კრემლმა დაგვისვა პრეზიდენტად, ამიტომაც ჩქარობს რუსეთი გეგმის შესრულებას, რომ აფხაზებს არაფერი აფხაზური არ დარჩეთ. კრემლის სამხედრო გენერლებმა მფრინავებიც შეარჩიეს: უფროსი მფრინავი ნოდარ გერზმა, ადგურ კვიწინია, გიორგი ფაჩულია, არდაშ კარნეციანი, ინალ გუმბა, ზურიკ ეშბა, ვადიმ კვიწინია. მათ ვინაობას აფხაზური ოპოზიციის ლიდერი `ქრონიკა+”-ს უმხელს.

გარდა პუტინის მორჩილებისა, დე ფაქტო პრეზიდენტი კრემლმა დასაყრდენად ერთი მთავარი მიზეზის გამო შეარჩია: რაულ ხაჯიმბა არის თურქი, რაულ ხაჟი-ოღლი, ასიმილირებული აფხაზი. მამამისი ჯერ ოჩამჩირეში ცხოვრობდა, შემდეგ გადასახლდნენ სოხუმში. ხაჯიმბა „კგბ“-ს სკოლაში ვლადისლავ არძინბას რეკომენდაციით მიიღეს. ოკუპირებულ აფხაზეთში მისი დე ფაქტო მმართველობის პერიოდში შემოვიდა თურქული სამშენებლო კომპანიები, ასევე, რამდენიმე ტურისტული ფირმა. ხაჯიმბა მოლაპარაკებას აწარმოებს თურქეთთან „ქვეყნებს შორის“ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, აფხაზეთში თურქ მოძმეთა ბატალიონი ჩამოაყალიბა. ჯარისკაცთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. განსხვავებით სხვა შემთხვევებისა, მათ თურქეთის მოქალაქეობა უნარჩუნდებათ, დაურიგდებათ სპეციალური ფორმები, სადაც საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთია მითითებული. რუსეთის წყლების გავლით სოხუმში სამშენებლო მასალებით დატვირთული გემების მიმოსვლა დიდი ხანია, დე ფაქტო ხელისუფლების ბიზნესის შემოსავალია, თუმცა საზღვრის დაცვის კატარღები თურქეთში, ერთი წლის წინ, რუსეთის წყლებით გაიყვანეს და სამხედრო დანიშნულების კატარღებად გადააკეთეს. ათივე კატარღა 26 ივლისს სოხუმის პორტში შემოიყვანეს. საქართველოში ეს ისე, უბრალოდ, გეჩვენებათ? დაახლოებით ერთი წლის შემდეგ რუსეთი აფხაზეთში აფხაზ რიგით ჯარისკაცსაც არ დატოვებს ჯარში. კრემლთან გაფორმებული ახალი ვალდებულებების მიხედვით, წვევამდელები რუსეთის არმიის ქვედანაყოფებში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან და პირიქით.

აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოყვანილი ჯარისკაცებისთვის ოჩამჩირესა და სოხუმში, „ნოვი რაიონში“,ევროსტანდარტების ბაზა შენდება, სასწავლო და საწვრთნელი ცენტრით. ეს ყველაფერი გალის რაიონის სამხედრო გარნიზონად გამოცხადებას ემსახურება. ჩვენ მშვიდობა გვინდა. ის, რაც აფხაზმა ხალხმა გადაიტანა, ამის განმეორებით გადატანას ვერ შევძლებთ. რასაც ახლა კრემლი აკეთებს, დენთის სუნი ასდის და ამას ვეწინააღმდეგებით.

საქართველოში ბევრი ჭკვიანი ექსპერტია, მაგრამ ხმაურიანი აზრი გამოკვეთილად ვერ მოვისმინე, რა შეიძლება ამ ნაბიჯმა მოიტანოს სამხედრო თვალსაზრისით საქართველოსთვის და გაურკვეველი ბედის აფხაზეთისთვის? მესმის, მიშა აღარაა სათავეში, მაგრამ ექპერტების აზრიც თან წაიღო? ახლა ერთადერთი საზრუნავის გამო ვწუხვარ, ჩვენს გადარჩენაში, თქვენი ხმაური ჩვენს სათქმელსაც მსოფლიოს გააგონებდა და პროტესტსაც გაამყარებდა.

 

_ იცით, საქართველოში აკარმარას დახურული სამხედრო ნაწილი ევროპისთვისაც ანგარიშგასაწევ საშიშროებას რომ წარმოადგენს?

აკარმარა-კაკვას უღლტეხილზე, შახტებში მთლიანად რუსული სპეცსამხედრო ტექნიკა მუშაობს. მიწისქვეშა ბილიკებს, ვერტმფრენების ანგრებსა და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებისთვის სპეციალურ სანგრებს ისევ სამხედრო მუშახელი ასრულებს. საერთაშორისო კონვენციით ამოღებული „ჰაუბიცის“ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები მონტაჟდება. რუსეთს თავდაცვის შეიარაღებაში აკარმარა რიგით მეორე უძლიერესი სამხედრო ბაზა იქნება, საიდანაც რუსეთი თურქეთ-საქართველოს სახმელეთო გზას და აკვატორიას, საქართველოს ყველა სამხედრო ბაზას გააკონტროლებს. ამ გეგმის განხორცილების შემთხვევაში რუსეთი აფხაზეთისა და საქართველოსთვის, სხვა დროს გადადგმულ ნაბიჯთან შედარებით, ყველაზე საშიშ ოფიციალურ ანექსიას სჩადის.

ტერიტორია მთლიანად ჩაკეტილია და მხოლოდ რუსი სამხედროები, გენერლები და კავშირგაბმულობის სპეციალისტები არიან დაშვებული. ისინიც „ფბს“-ს სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან. სამუშაო საათებში მობილური ტელეფონებით სარგებლობაც ეკრძალებათ. გალის სოფლებიდან, ბაზების სიახლოვეს, მოსახლეობის გასახლებაც იგეგმება. სოფელ სიდაში ჰექტრობით ჩაის პლანტაციის ტერიტორიაზე შენიღბული მიწისქვეშა მუხლუხა ჯავშანმანქანებისა და საზენიტო დანადგარებისთვის სანგრების მშენებლობა მაისამდე გადაიდო. გეგმაში ეს ადგილი მაიკოპის ბრიგადის „РТ2“ საგუშაგოს სახელით არის აღნიშნული, გენერალიტეტის გეგმა კი მთლიანად გალის ტერიტორიას მოიცავს.

ამ გეგმის მიხედვით, ენგურის ცენტრალურ ხიდზე ფსოუს საბაჟო პუნქტს გადმოიტანენ, ოკუპაციის ხაზი მთლიანად ჩაიკეტება და სამხედრო-სათვალთვალო საგუშაგოები განთავსდება. სამხედრო ქალაქის შემოგარენში ოკუპაციის ხაზზე ფეხით მოსიარულეთა საწინააღმდეგო ნაღმები განთავსდება, გადასასვლელ ფონებზე დაგეგმარების მიხედვით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ორწყებად დალაგდება, სამხედრო ქალაქის მშენებლობაზე საქართველოს ხელისუფლებაც ინფორმირებულია.

როცა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ვარდნილ ჰესის წყლის დაფარული ტურბინების დასათვალიერებლად აფხაზეთში ჩავიდა, მან მშენებარე ბლოკ-საგუშაგოები გაიარა. პრიმორსკისა და რეჩხის სანაპირო, სადაც მიწისქვეშა ანგრების მშენებლობა მიმდინარეობს, კალაძემ ფეხით მოიარა, რადგან მშენებლობის გამო მანქანით გადაადგილება, ზღვის ნაპირამდე, შეუძლებელი იყო.

რუსებისთვის სამხედრო ქალაქში აუცილებელია უწყვეტი ელექტროენერგია და სწორედ ამიტომ დაგეგმილია აფხაზეთის ოკუპაციის პირველი დღეებიდან გაჩერებული ვარდნილჰესის ამოქმედებაც. ჰესის აღდგენის გეგმა წელიწადნახევრის წინ დაიდო და ერთადერთ მიზანს _ ოკუპანტების ხელშეწყობას, სამხედრო ქალაქის მშენებლობასა და რკინიგზის გაყვანას ემსახურება. შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი, ვსევოლოდ გრიაზნოვი, კახი კალაძეს მეგზურობდა. საქართველოს ხელისუფლება გალის სამხედრო ქალაქის შენებლობაში ჩართულია. საბაჟოს ენგურის ხიდზე გადმოტანის შემდეგ, ზუგდიდის სოფელ რუხში ერგნეთის მსგავსი დიდი ბაზრობა უნდა აშენდეს. „რუხი მოლიც“ ამ პროექტის ნაწილია.

საბოლოო ანექსიისთვის, კრემლი დევნილების გალში დაბრუნებას გეგმავს. იმ ოჯახებს დააბრუნებენ, რომელთა წევრებს ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, ანუ ვინც არაოფიციალურად დღესაც მიმოსვლას ახერხებს. მათ დე ფაქტო მთავრობა, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ოფიციალურ სახეს მისცემს და საკუთარ სახლებში დაბრუნებას შესთავაზებს.

სამხედრო ქალაქის მშენებლობის გამო ვისაც გასახლება მოუწევს, იმ ოჯახებს ოჩამჩირესა და სოხუმში გარემონტებულ ბინებს გადასცემენ. ამ საერთო საცხოვრებელი კორპუსების რემონტი ერთი წელია, მიმდინარეობს. მაშინ გავრცელდა ხმები, თითქოს სამხედროებს ჩაასახლებდნენ, თუმცა დღეს ცნობილია, რომ კორპუსები უფრო საშიში გეგმისთვის შეკეთდა. ყველა ოფიციალურად დაბრუნებულ დევნილზე პასპორტს გასცემენ, ამ პასპორტით ისინი ავტომატურად რუსეთის მოქალაქეები ხდებიან და შეუფერხებლად ივლიან ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთში. ახლა მათ აფხაზეთში მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ, თითოეულ ოჯახს გადამწვარი და დაბომბილი სახლების შესაკეთებლად თანხას გადაუხდიან, ან თანხებს სამშენებლო კომპანიებს ჩაურიცხავენ და გარემონტებულ სახლებში შეასახლებენ. ოკუპაციაც უხმაუროდ ჩაივლის.

მოსახლეობას ახალი პასპორტის ორ ვერსიას შესთავაზებენ: ნეიტრალურ პასპორტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის ფლობას ნიშნავს და ყველა იმ შეღავათით, დახმარებებითა და ჯანდაცვის მომსახურებით ისარგებლებს, როგორიც რუსეთის სრულუფლებიან მოქალაქეებზე ვრცელდება. მეორე შემოთავაზებით, პასპორტის მიხედვით, აფხაზეთის რეპუბლიკის მოქალაქე ხდები და აქ გავრცელებული შეღავათები შეგეხება. ორივე შემთხვევა საქართველოსთვის დამღუპველია _ კარგავ მოქალაქეებს, რომლებზეც საქართველოს იურისდიქციას ვერ განახორციელებ და დაკარგავ ტერიტორიასაც. მიზანი და განზრახვის იდეაც ის არის, რომ ოკუპანტები იარაღის ენით შენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვას შემოგედავებიან, როგორც რუსეთის მოქალაქეებზე. თუ დავფიქრდებით, ოკუპანტების გადაწყვეტილებას აფხაზეთის „ყირიმიზაციის“ ლოგიკური ახსნა აქვს და ანექსიის ყველაზე ტაქტიკური სვლაა. ამ გეგმას მეორე მხარეც აქვს: წინააღმდეგობის გაწევისას საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლის მორიგი მიზეზიც იქნება, რაც კრემლის სასიცოცხლო გეგმაა. რუსი გენერალიტეტის რუკაზე რუსული ბაზების განთავსების ადგილებიც დატანილია. როგორ ფიქრობთ, რას ელოდებიან ის ოლიგარქები, რომლებიც რუსეთში ბიზნესმებობენ, „ფბს“-ს გენერლები, თუ პოლკოვნიკები, მინისტრები, რომლებიც პუტინის პატრონობით დღითი დღე მდიდრდებიან, მთელი აგენტურა ჯერ ისევ რუსეთიდან მოქმედებს. თუ საქართველოში დაიჯერებენ, პუტინი მათ ჩამოყვანას ამ  დროისთვის ინახავს.

_ აფხაზეთი საქართველოა, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და საქართველო პატრიოტების სამშობლოა, ამიტომაც ვერ შეძლებს რუსეთი ამ გეგმის განხორციელებას, მაგრამ რას ფიქრობენ აფხაზები? რუსეთი ხომ მათ საკუთარ კუთხეს ართმევს? რა განწყობაა ადგილობრივ მოსახლეობაში? (ეს იყო კითხვა, რომელიც აფხაზური ოპოზიციის ლიდერისთვის აუცილებლად უნდა დაგვესვა. კითხვის შემდეგ ზულფი აჩუსბა აშკარად სიტყვაძუნწი გახდა)

_ სად არიან აფხაზი ახალგაზრდა მეომრები? _ ახალგაზრდები ნარკოტიკზე დამოკიდებული გახადეს, რომ მოსპონ, ან ადვილად გამოაშტერონ, გამოთიშონ ყველაფერ აფხაზურს… ხალხის განწყობას ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გამოხატავს. სოხუმის ქუჩებში მრავალათასიანი მიტინგები, დამიჯერეთ, რუსეთშიც უკვირთ… რაც ოპოზიციის გაბედული ნაბიჯია…

_ მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ აფხაზი მოსახლეობა დაფიქრდეს, რომ ჩვენს სამშობლოს ერთი ოკუპანტი ჰყავს?

_ საქართველოში აფხაზეთზე სახარბიელო ვითარება არაა, ხალხი ჩვენთან უფრო ამბობს სათქმელს, ვიდრე თქვენთან. რუსეთს საქართველოში მეტი დასაყრდენი აქვს, ვიდრე აფხაზეთში. აქ ერთი ხაჯინბაა…

 

ელისო კილაძე