გარდაბნის ნარკოტრაფიკი და მდუმარე ხელისუფლება!

10551878_10203641860022459_1179159962_n

„ ვაჟა ლელუაშვილი თანამშრომლობს, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგ წარმომადგენლებთან, რომლებიც დღესაც არიან თანამდებობებზე. აქ „ხელი ხელს ბანს“ პრინციპი მოქმედებს. ლელუაშვილს აქვს კომპრომატები ძალიან ბევრ ჩინოსანზე და, ეტყობა, ეფექტურად იყენებს ამ კომპრომატებს“ – აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ვრცელ ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ქვემო ქართლის რეგიონთან დაკავშირებით დღემდე „ვიპ-პერსონად“ რჩება „კუდ“-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, რომლისთვისაც პასუხი ახალ ხელისუფლებას არ მოუთხოვია. „ქრონიკა+“ მამუკა არეშიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან კიდევ ერთ საინტერესო მონაკვეთს აქვეყნებს:

„გარდაბანს აქვს საკვანძო მდგომარეობა თბილისამდე მიმავალ სატრანზიტო ხაზებთან მიმართებით. მარნეული მაინც უფრო მოშორებულია დედაქალაქიდან, გარდაბანი კი თან უფრო ახლოა, თან მისი დიდი ნაწილი აზერბაიჯანის საზღვარია. აქედან ერთი დიდი ნაწილი არის ტყე, მეორე ნაწილი კი არის ტბა. ასე რომ, ამ საზღვრის გადალახვა არ არის ძალიან რთული. იქ მდებარეობს სოფელი ვახტანგისი. რომელიმე სახლის უკანა ეზოში რომ გახვალ, უკვე აზერბაიჯანში ხარ. ასე რომ, მე მაქვს ინფორმაცია ნარკოტიკების ტრანზიტთან დაკავშირებით. შეიძლება ეს არ არის იმ დონის ნარკოტრაფიკი, როგორიც, მაგალითად, წითელ ხიდზე სამ ტონამდე ნარკოტიკი რომ დააპატიმრეს, მაგრამ აქ არის საყოფაცხოვრებო ნარკოტიკებზე საუბარი, რომელიც მოხმარებისთვის გადმოაქვთ და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თემაა ოქრო. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული დაკვირვება ჰმართებს საქართველოს ხელისუფლებას.

_ სადაური ოქროა?

_ ეს უკვე ის კითხვაა, რომელიც პროკურატურის და უშიშროების გამოსაძიებელია. ეს ოქრო მოძრაობს საზღვარზე აქეთ-იქით; რაც შეეხება იარაღს, იქ ერთ-ერთ ეზოში ბოლო დრომდე იდგა „ურალი“, რომლითაც შემოიტანეს იარაღი.

_ ტრანზიტი გაკეთდა, თუ აქ დარჩა?

_ აქ დარჩა. დაიჭირეს ეს „ურალიც“ და მისი პატრონებიც. საბოლოო ჯამში, „ურალი“ აღმოჩნდა ისევ იმ ეზოში, სადაც უნდა ყოფილიყო, მართალია იარაღი ზედ აღარ იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი ჩაიფარცხა. გამქრალია პატრონიც.

_ იარაღს რა ბედი ეწია?

_ არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გაქრა ეს იარაღი. რა ხდება, იცი? მე ვლაპარაკობ მხოლოდ ფაქტებით და ეს ის ფაქტებია, რომელიც ცნობილია ყველა გარდაბნელისთვის, ისევე როგორც ლელუაშვილთან დაკავშირებული ფაქტები. არსებობს კუდ-ის თანამშრომლის, კახა აბაშიძის წერილი ვანო მერაბიშვილის სახელზე, სადაც ის ამბობს, რომ 2008 წლის თორმეტ აგვისტოს, როდესაც ის პოსტზე იდგა ნორიოს ბაზასთან და იქ რუსთავის კუდი იცავდა ამ ბაზას, იმიტომ, რომ ნორიოს ბაზის სპეცრაზმი წასული იყო ომში, მათ ვაჟა ლელუაშილისგან მიიღეს ბრძანება, რომ დაეტოვებინათ ბაზა დაცვის გარეშე. ეს ბიჭი სწერს მერაბიშვილს, _ ისე სწრაფად მოვხსენით პოსტები, რომ შუქის ჩაქრობაც კი დაგვავიწყდაო. მერე დავბრუნდით და ჩავაქრეთო. ჩვენ რომ ვკითხეთ ლელუაშვილს, _ რატომ უნდა დავტოვოთ ამხელა ბაზა უპატრონოდო? _ თქვენი საქმე არ არის, რასაც გიბრძანებთ, ის შეასრულეთო, _ იყო ლელუაშვილის პასუხი. მეორე დღეს, როცა ბაზა გახსნეს, გაირკვა, რომ დაკარგულია 200 ათასი დოლარის ღირებულების ამუნიცია. ე. ი. ვიღაცას სჭირდებოდა ეს ამბავი, ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა. ომის დროს სამხედრო ობიექტის მიტოვება არის სისხლის სამართლის დანაშაული.

_ სამხედრო ტრიბუნალია.

_ კი, ტრიბუნალია, პრინციპში, და ვანო მერაბიშვილმა არ მიაქცია მაშინ ყურადღება. მერე ვიცი, რომ იგივე წერილი დაწერა უკვე ამ ხელისუფლების პირობებში აბაშიძემ. თუ აბაშიძე ტყუის, მაშინ იგი უნდა იყოს დასჯილი. თუ არადა, საქმე გამოძიებული უნდა ყოფილიყო და დამნაშავეები დაეკავებინათ. ისე, ძნელი მისახვედრი არ არის: აბაშიძე რომ ყოფილიყო დამნაშავე, მერაბიშვილის დროს რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენია?  ასეთი მდგომარეობაა და ასეთი ხალხი, ლელუაშვილს ვგულისხმობ, კიდევ განაგებს რაიონს.“

                                                                                                                 დავით დევიძე