კახა კალაძის კომფორტის ზონა

ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე ვიცე-პრემიერი. დაიბადა სამტრედიაში და გაიცნეს იტალიიდან. შრომით მიაღწია „მილანამდე“ და მერე ჩამოვიდა საქართველოში. იყო სპორტსმენი და ახლა ქვეყნის ვიცე-პრემიერია, თუმცა მანამდე იყო „ქართული ოცნება“ და ენერგეტიკის მინისტრობა.

დღეს „კომფორტის ზონა“ კახი კალაძეს ეთმობა. მაშ, ასე! _ ვარსკვლავბიჭუნა სამტრედიიდან.

ქონების დეკლარაცია ნამდვილად შთამბეჭდავია და მისი კარიერული წარსულის შესახებ რომ არ ვიცოდეთ, მართლაც დასაფიქრებელი იქნებოდა, მინისტრს, ან, თუნდაც, ვიცე-პრემიერს ასეთი ქონებრივი შესაძლებლობა საიდან აქვს? თუმცა, როგორც ამბობენ, ფეხბურთელისთვის ოთხი ბინა (აქედან ორი კიევში), სამი საცხოვრებელი სახლი, რვა მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ორი ავტოფარეხი, თხუთმეტი მსუბუქი ავტომანქანა, ორი მოტოსატრანსპორტო საშუალება და ექვსი ფერწერული ტილო (სამი ლადო გუდიაშვილისა და სამი ელენე ახვლედიანის) გასაკვირი სულაც არ არის.

თქვენთვის მისი „კომფორტის ზონის“ ადგილმდებარეობის მოსაყოლად, პირველად, მისამართი უნდა გემეგო.

თავიდან საბურთალოზე, საკმაოდ მაღლა, ბურძგლას ქუჩას (თითქმის პატარა გორაა) მივადექი, რომელზედაც ახალაშენებულ და მშენებარე სახლებს შორის უკვე ყვითლად შეღებილი კორპუსი იყო აღმართული. კორპუსის წინ მცირე ზომის ახალდარგული  ხეებია და კორპუსში შესასვლელად რამდენიმე საფეხურიანი კიბის ავლა გიწევს. ამ კიბეებზე ასვლისას გოგონა შევნიშნე და ვკითხე:

_ უკაცრავად, კახი კალაძე ამ ბინაში ცხოვრობს?

_ ცხოვრობდა, როგორც ვიცი, მაგრამ გადავიდნენ.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვეუბნები და კორპუსში შევდივარ, რომ ზუსტად გავარკვიო, ცხოვრობს თუ არა აქ ნამდვილად ვიცე-პრემიერი?

კორპუსი შიგნიდან საცხოვრებელ სახლს ჰგავს, რუხი ფერის მთავარი შესასვლელიდან დიდ ფოიეში ინაცვლებ, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხარედ კედელი ჰყოფს, ოღონდ ეს უკანასკნელი ისე ოსტატურადაა მოთავსებული ამ მხარეებს შორის, რომ ამ კედელში ლიფტის ჩაყენებაც კი მოახერხეს. ახლა მთავარი იყო, ის მხარე ამერჩია, რომელშიც აწ უკვე ვიცე-პრემიერი ცხოვრობდა. როგორც ყოველთვის, ამ რუბრიკაში, „კომფორტის ზონის“ დათვალიერებისას, ალღოთი ვხელმძღვანელობ, რომ იმის კარს არ მივადგე, ვისზეც გიყვებით, არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. პირველ სართულზე კარი არავინ გამიღო და ამიტომაც მეორე სართულზე გადავინაცვლე. თეთრი კარიდან სანდომიანი სახის შუახნის ქალმა გამოიხედა და ვეუბნები:

_ გამარჯობა, ამ კორპუსში კახი კალაძე ცხოვრობს?

_ კი, ცხოვრობდა მაღლა სართულზე.

_ ახლა აღარ ცხოვრობს?

_ არა, გადავიდნენ.

_ სანამ აქ იყვნენ, შეხება გქონდათ? როგორი მეზობელი იყო?

_ ფანტასტიკური, ძალიან კარგი. თვითონ აქ არ ცხოვრობდა, მილანში თამაშობდა მაშინ და იშვიათად ჩამოდიოდა ხოლმე.

_ ისე, რაიმე შეხება გქონდათ?

_ გამარჯობა-გაგიმარჯოს, მხოლოდ. მის დედ-მამასთან უფრო მეტი შეხება მქონდა, ძალიან კარგი ადამიანები არიან.

_ ახლა საერთოდ არავინაა აქ?

_ არა. ახლა აღარავინ.

_ ხომ არ იცით, სად გადავიდნენ?

_ მგონი, წყნეთში არიან ახლა.

მადლობას ვუხდი, ვემშვიდობები და შემდეგ სართულზე ავდივარ (ვიცი, რომ სტატიის გმირი მაღალ სართულზე ცხოვრობდა და მეტი შანსია, აქ უკეთ იცნობდნენ მას). კარს ახალგაზრდა, ფეხმძიმე გოგო მიღებს:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, რამდენიმე კითხვა მაქვს კახი კალაძესთან დაკავშირებით, თუ გქონიათ შეხება, როგორი მეზობელი იყო?

_ მე ძალიან პატარა ვიყავი, აქ რომ ცხოვრობდა, მაშინ იტალიაში იყო წასული და არ მახსოვს, არ ვხვდებოდი ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ ზემოთ ცხოვრობდა.

_ და სახლში არ არის ვინმე, რომელსაც შეხება ჰქონდა მის მშობლებთან მაინც?

_ სამწუხაროდ, გასულები არიან.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვეუბნები და ისევ მაღლა მივიწევ. დროდადრო, სართულებს შორის, კიბის დასრულებისას, ხელმარჯვნივ, თეთრი კარი მხვდება, მაინტერსებს, რისთვის არის განკუთვნილი, თუმცა გაღებას ვერ ვახერხებ და მორიგი ბინის კარზე ვაკაკუნებ. იქიდან ხმა მოისმის:

_ ვინ არის?

_ ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე კითხვა მაქვს კახი კალაძესთან დაკავშირებით… _ აღებს.

_ ამ კორპუსში ცხოვრობდა ხომ კახი კალაძე?

_ კი.

_ რამე შეხება გქონიათ? როგორი მეზობელი იყო?

_ ძალიან კარგი.

_ გიკითხავდათ ხოლმე, როცა გხედავდათ?

_ იშვიათად, არ იყო ხოლმე ხშირად აქ, მილანში თამაშობდა.

_ მშობლები იყვნენ?

_ მშობლები კი, უშუალოდ ვიცნობ, კარგი ადამიანები არიან და იციან მოკითხვა, მოსალმება.

_ გმადლობთ.

რადგან ამ ბინაში აღარ ცხოვრობს, გადავწყვიტე, სხვა მისამართზე გადავინაცვლო, თუმცა, მანამდე, პირველ სართულზე მუქ ყავისფერ კარს ვადგები (ეს უკვე მარცხენა მხარეა ამ კორპუსისა) და იქიდან სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი გამოდის:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, კახი კალაძეზე მაინტერესებს, თუ როგორი მეზობელი იყო თქვენთვის?

_ არავითარი სიახლოვე არ მქონია. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ აქ ცხოვრობდა.

_ არ გხვდებოდათ ხოლმე?

_ მამა კი, თვითონ ბიჭი _ არა. არ ჩამოდიოდა, იტალიაში იყო. მამამისს კი ვიცნობდი, კარგი ადამიანია, კარგი მოსაუბრე.

_ გმადლობთ, _ ვეუბნები და ის კარს ხურავს, მე კი გასასვლელისკენ მოვდივარ. ცოტა იმედი გამიცრუვდა, მეგონა, ბევრისმნახველი ადამიანი მეტ ინფორმაციას მომაწვდიდა, მაგრამ არა უშავს. ახლა სხვა მისამართზე უნდა გადავინაცვლო. იქ, სადაც ჩვენი ვიცე-პრემიერი ნამდვილად ცხოვრობს და, თავისთავად, იმ ობიექტებიდან, რომელიც საცხოვრებლად აქვს მითითებული, ირიცხება ის ორი ბინა, რომელიც უკრაინაშია. ასევე, ერთ-ერთი მეზობლისგან მიღებული ინფორმაციით, საცხოვრებლად წყნეთში გადავიდნენ, ამიტომ წყნეთისკენ მქონდა გეზი აღებული, როცა საცხოვრებელი ბინების ჩამონათვალს და მისამართებს უკეთ გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე, რომ ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მითითებულია მისამართი და 364 კვ.მ.-ის ფართი (ვიფიქრე, მისთვის „სამსახურში“ ვაკიდან სიარული უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე წყნეთიდან ყოველდღე ჩამოსვლა), ამიტომაც ჭავჭავაძის ქუჩას მივაშურე.

ცენტრალური ვაკის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრები, უნივერსიტეტებია განთავსებული. იქ, სადაც მთავრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსი, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიები იწყება. ქუჩა კენტი რიცხვებითაა დანომრილი. საპირისპირო მხარეს ილიაუნია (ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი). გზებზე საცობი, ხოლო გაჩერებებზე ყვითელი ავტობუსების მომლოდინე სტუდენტების „ჯარი“.

კენტების გაყოლებაზე „სდასუს“ (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი) შეხვდებით, მანამდე „მზიურის“ ჩასასვლელია თავისი რკინის ფიგურებით და მოკირწყლული გზით, ყოველთვის ბევრი ბავშვით და სიმწვანით. რამდენიმე მშობელს ბავშვი მოჰყავს სასეირნოდ, ამინდი არც ისე კარგია, სადაცაა, იწვიმებს, თუმცა ჩანს, რომ არც მშობლებს და არც მათ პატარებს ეს არ აღელვებთ, რადგან სუფთა ჰაერზე ყოფნა ურჩევნიათ.

ამასობაში „იმ“ კენტს ვადგები, სადაც უნდა შევიდე. გზის პირას, ცენტრალურ ქუჩაზე, მაღალი, ახალაშენებული კორპუსია აღმართული. პირველი სართული მაღაზიებითაა დატვირთული. საცხოვრებელი კორპუსის მარჯვენა მხარე (წინა მხრიდან) ისეა დაპროექტებული, რომ მანქანებს სარდაფში და მცხოვრებლებს (დანარჩენ მანქანებსაც) კორპუსში, ან ეზოში შეეძლოთ შესვლა _ ანუ ცარიელია, თავისუფლად შეიძლება მოძრაობა.

სანამ კორპუსში შეხვალთ, დაცვის კაბინა უნდა გაიაროთ, სადაც მორიგე და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანი ისხდეს. კაბინასთან შლაგბაუმიცაა, „არასასურველი“ მანქანების კერძო საკუთრებაში შესვლის აღსაკვეთად.

კორპუსს ორი სადარბაზო აქვს: მარჯვენა _ შავი მინის კარით, რკინის გისოსებით, მარცხენა _ ნაცრისფერი. ორივე მათგანში შესვლა მხოლოდ იმ კოდის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც თითოეულ ბინას ინდივიდუალური აქვს.

დაცვის სისტემა _ თანამედროვე.

ვხვდები, რომ ამ სადარბაზოში კოდის გარეშე ვერ შევალ (რომელიც არ ვიცი), ამიტომ დაცვის კაბინას ვუკაკუნებ, რომელშიც სამი მამაკაცია. ერთ-ერთი მათგანი გამოდის:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, ცნობადი სახეების „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. როგორც ვიცი, კახი კალაძე ცხოვრობს ამ კორპუსში, შეგიძლიათ, კარი გამიღოთ, რომ მეზობლებს ვკითხო მის შესახებ? მაინტერესებს, როგორი მეზობელია? შეხება აქვთ თუ არა მასთან და ასე შემდეგ.

_ გამარჯობა, კი, აქ ცხოვრობს მეათე სართულზე, მეც მეზობელი ვარ, მაგრამ დაცვას დავუძახოთ, აბა, _ მეუბნება და დაცვას ეძახის. ისიც ყავით ხელში, შავ ტანსაცმელში ჩაცმული გამოდის გარეთ და მასაც იმავეს ვეუბნები, რაც წეღან ავხსენი.

_ გამარჯობა, გასაგებია, რაც გაინტერესებთ, მაგრამ ასე, ნებართვის გარეშე, კარს ვერ გაგიღებთ, დავრეკავ, _ მეუბნება და ტელეფონს იმარჯვებს, რეკავს. ამასობაში იმ მაღალ, ქერა მამაკაცთან ვსაუბრობ, რომელმაც წეღან მითხრა, რომ მეზობელი იყო.

_ როგორც აღნიშნეთ, კალაძეს იცნობთ, როგორი მეზობელია?

_ კი, ვიცნობ. სამეზობლოში ძალიან კარგი ადამიანია, სალმიანი. თუ რაიმე დახმარება სჭირდება ვინმეს, ყველას მხარში უდგას და ძალიან პოზიტიური, დადებითია.

_ ანუ გესალმებათ ხოლმე, როცა გხედავთ?

_ კი, რა თქმა უნდა, სალმიანი და წესიერი კაცია.

მადლობას ვუხდი და ამასობაში ის დაცვაც გვიბრუნდება, წეღან რომ „უფროსობასთან“ გადარეკა.

_ ახლა ველაპარაკე უფროსს და მითხრა, კალაძის პრეს-სამსახურს დაუკავშირდესო.

_ კალაძესთან არ მივდივარ. მხოლოდ მეზობლების აზრი მაინტერესებს, _ ვუხსნი.

_ მე ასე მითხრეს, არ ვიცი, _ მპასუხობს და სამივე ერთად იმას მირჩევს, რომ ზარის საშუალებით გამოვიკითხო მეზობლების აზრი. მეც სხვა გზა არ მრჩება და სადარბაზოსთან მივდივარ, თან ის მამკაცი მომყვება, წეღან რომ მითხრა, მეზობელი ვარო.

_ აი, რომელიმე ღილაკს მიაჭირე გვარის გასწვრივ, აუხსენი, ვინ ხარ და ყველაფერს გეტყვიან.

_ კარგი, _ ვეუბნები და თეორიულ მითითებას პრაქტიკულად ვახორციელებ. აქვე ვიტყვი, რომ ჩამონათვალში, სადაც ბინის მფლობელების გვარებია მითითებული, არ იყო კალაძის, თუმცა იყო ნოღაიდელის გვარი, ეს სწორედ „ის“ ნოღაიდელია, რომელზეც ახლა გაიფიქრეთ. ჰოდა, საინტერესო იყო, რას ფიქრობდა და როგორი მეზობელი იყო მისთვის ვიცე-პრემიერი, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად არავინ მიპასუხა. ამიტომ მორიგ ბინაზე გადავედი.

ღილაკს თითი დავაჭირე და პასუხმაც არ დააყოვნა.

_ ვინ არის? _ მეკითხებოდა პატარა ბავშვის ხმა.

_ ჟურნალისტი ვარ, უფროსები არ არიან?

_ კი.

_ დაუძახე, თუ არ შეწუხდები, _  ვეუბნები და ისიც მირბის. რამდენიმე წუთში „უფროსიც“ მოდის და თავიდან ვუხსნი ვინაობას.

_ აქედან ჩავწეროთ, კარგი? _ მეუბნება და ვხვდები, რომ შიგნით შეშვებას არც აპირებდა, თუმცა მაინც ვთხოვე შეშვება, _ აქედან მირჩევნიაო, _ მითხრა და მეც ინფორმაციის მოპოვება ვამჯობინე.

_ კარგი, მაინტერესებს, როგორი მეზობელია კახი კალაძე თქვენთვის?

_ ძალიან კარგი მეზობელია, თბილი ურთიერთობა გვაქვს, მისი ბავშვები ჩვენთან შემოდიან ხოლმე და ძალიან სალმიანია თვითონაც, მთლიანი ოჯახი. სხვა მეზობელზე ისეთს ვერ ვიტყვი, როგორც კახაზე.

_ ანუ ხშირად ხვდებით ხოლმე?

_ კი, კი როცა აქაა.

_ მის შვილებთანაც გაქვთ ურთიერთობა?

_ კი და თვითონაც ყოველთვის ბავშვებს მოიკითხავს ხოლმე, როგორ ხარ და ა. შ. მარტო, სალმის გარდა ძალიან თბილია. ოღონდ მართლა და მეტი რა მეთქმის.

_ ძალიან დიდი მადლობა.

_ არაფრის, ნახვამდის, _ მეუბნება და მეც ვემშვიდობები.

ჯერი შემდეგ მეზობელზე მიდგა, რომელიც კალაძის ბინის ქვედა სართულზე ცხოვრობს. მასაც, რა თქმა უნდა, ვინაობას ვუხსნი და კითხვის დასმას ვიწყებ, მაგრამ სახლში შეშვებაზე ვერ ვიყოლიებ.

_ როგორი მეზობელია თქვენთვის კალაძე?

_ ძალიან კარგი მეზობელია.

_ ხშირად ხედავთ?

_ ხშირად არა, მაგრამ შეძლებისდაგვარად.

_ გესალმებათ, გიკითხავთ ხოლმე?

_ კი.

_ გმადლობთ.

_ არაფრის, _ მეუბნება და მალევე სხვა მეზობელთან გადავდივარ.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, კახი კალაძეს თუ იცნობთ?

_ პირადად არა, მაგრამ ვიცი, რომ აქ ცხოვრობს, მეათე სართულზე.

_ თქვენ ვერ ხედავთ ხოლმე?

_ იშვიათად, მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი.

_ გესალმებათ ხოლმე?

_ კი, კი ყველას ესალმება ხოლმე.

ამ უკანასკნელსაც მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე. ამასობაში სამივე მამაკაცი გარეთ იდგა და გულისყურით ელოდებოდა, როდის გამოვიდოდი _ მგულშემატკივრობდა. მათ დახმარებისთვის მადლობა გადავუხადე.

გარეთ სხვა არავინ იდგა, ციოდა და წვიმა იწყებოდა. კორპუსს ავხედე, გარედან ყველა ბინას კონდიციონერი ეყენა, მუაჯირს იქით მზიურის სიმწვანე იშლებოდა.

დღე დამთავრდა. ვიცე-პრემიერის „კომფორტის ზონა“ ვაკეშია, _ იქ, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი, გადატვირთული მოძრაობა და რამდენიმე „განათლების კერაა“.

 

ნინო ტაბაღუა