ვასილ პაპავა: „არაბული გაზაფხულის“ საფრთხე იმდენად დიდია, საჭიროა პრევენციული ზომები!“

გასულ კვირას თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს ზურგიდან ესროლა. „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“, _ დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის თურქეთის პოლიციაში მსახურობდა და ივლისის პუტჩის დროს პოლიციიდან დაითხოვეს.

მოიტანს თუ არა ქვეყნებს შორის კონფლიქტის გაღრმავებას რუსი დიპლომატის მკვლელობა? რა შანსი არსებობს, რომ „არაბულმა გაზაფხულმა“ კავკასიამდე ჩამოაღწიოს? რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანა ტერორიზმის საფრთხეებისგან დავიცვათ?

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავა:

_ დავიწყოთ იქიდან, რომ „არაბულმა გაზაფხულმა“, საერთოდ, მთელი რეგიონი და შეიძლება ითქვას _ მსოფლიო, უსაფრთხოების ზრდის დილემის წინაშე დააყენა. გამომწვევ მიზეზებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რეალური მოთამაშეები გადახსნილია და „არაბული გაზაფხული“ ვინც დაიწყო, ამის გარკვევა ძნელია. შეიძლება გამოვკვეთოთ, ვინ სარგებლობს ამ დაპირისპირებებით. თავისთავად სირიის კრიზისი „არაბული გაზაფხულის“ ყველაზე სისხლიანი გამოვლინებაა, ჩვენთანაც ახლოს არის და დაინტერესებულნიც უნდა ვიყოთ, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება რუსეთის ელჩის მკვლელობას, გვახსოვს, რომ ბოლო წლებში თურქეთსა და ჩვენთან, ახლო მდებარე სახელმწიფოებში, სხვადასხვა ტერორისტული აქტი ხდებოდა. კავკასიამდე, ჯერჯერობით, არ მოუღწევია იმიტომ, რომ თურქეთისა და ირანის სპეცსამსახურები ძალიან ძლიერები არიან და ამ ტერორისტულ აქტივობას აკავებენ. თუ ეს სახელმწიფოები დასუსტდნენ, თავისთავად, ამ უარყოფითმა მოვლენებმა, შეიძლება, გადმოინაცვლოს კავკასიისკენ. ისტორიიდან გვახოვს, რომ ახლო აღმოსავლეთი არასდროს გამოირჩეოდა დიპლომატიური ეტიკეტისადმი დიდი პატივისცემით, გავიხსენოთ მე-19 საუკუნეში ირანში რუსეთის ელჩის, გრიბოედოვის მკვლელობა, ან 4 წლის წინათ ლიბიაში ამერიკის ელჩის მკვლელობა ტერორისტების მიერ. ეს ბოლო ფაქტი, რუსეთის ელჩის მკვლელობა, სწორედ ამის გამოვლინებაა, რომ თვითონ ეს სახელმწიფოები არიან დამყარებული ძალის კულტზე. ისინი თავის სიძლიერეს ძალის გამოყენებით აღწევენ, ტერორისტული აქტი ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი გამოვლენაა და ისინი ცდილობენ, მოწინააღმდეგე გატეხონ: როდესაც ელჩია დაუცველი, მაშინ უბრალო მოქალაქეებს ამ კუთხით არ გამოძებნიან. ვინ ჩაიდინა მკვლელობა, ამის დადგენა საკმაოდ რთულია. შეიძლება, რამდენიმე ვერსიაზეც ვისაუბროთ. პირველი _ იმ მეომრებისთვის, რომლებიც ალეპოში წლები იყვნენ გამაგრებულნი და რუსული ავიაციის მასშტაბური მხარდაჭერით სამთავრობო არმიამ ეს ქალაქი გაათავისუფლა, ეს უდიდესი ფსიქოლოგიური გარდატეხაა ამ სისხლიან კონფლიქტში. თავისთავად, შესაძლოა, რომ ამ ტერორისტებს, მებრძოლებს, ულევი ფინანსური რესურსი აქვთ, მათ სავსებით შეეძლოთ გადაებირებინათ თურქეთში ეს პიროვნება, დაცვის წევრი, თუ პოლიციელი და ჩაედინათ ტერორისტული აქტი. არის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, ის არის, უბრალოდ, მებრძოლების მომხრე, „მარტოხელა გმირი“. ის მოქმედებდა თავისი მოტივაციით და როგორც ტერორისტების გულშემატკივარი ისლამისტი, მან ეს საკუთარ თავზე აიღო და შემდეგ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ისეთ ტერორისტულ აქტებზე, რომლებიც არ ჩაუდენიათ.

_ ამას რატომ აკეთებენ?

_ ეს კეთდება იმიტომ, რომ სხვა, უცხო ქვეყნების დონორებს დაანახვონ თავიანთი სიძლიერე, რომ მათზე ღირს ფსონის დადება. ეს ერთგვარი რეკლამირება და მარკეტინგია, უხეშად რომ ვთქვათ. მესამე ვერსია შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ გვახსოვს, 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალებას რა მასშტაბური რეპრესიები მოჰყვა, დააპატიმრეს ასობით უმაღლესი რანგის ოფიცერი, უშიშროების კადრები, ძალოვანი უწყებებიდან ათასობით ადამიანი დაითხოვეს და იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანის პროისლამისტური და ხავერდოვანი ისლამიზაციის პოლიტიკამ სრულიად დაასუსტა თურქეთში საერთო ქემალისტური ძალები, რომლებიც ასობით წლები მართავდნენ თურქეთს, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან, თავისთავად, მათი მასშტაბური წმენდა, შესაძლებელია, მათი მხრიდან ერთგვარი შურისძიება იყო და ისლამისტური კარტის გათამაშება, რომ ბზარი გაეჩინათ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში. გვახსოვს, შარშან რუსული თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს თურქეთის საზღვართან, რა გამოიწვია მან, ფაქტობრივად, სიტუაცია ომამდე მივიდა, მაგრამ შემდეგ თურქეთმა უკან დაიხია და სიტუაცია რუსეთთან ძლივს დაალაგა.

_ როგორც ფიქრობთ, ელჩის მკვლელობა გამოიწვევს ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირებას?

_ ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინმა ოსტატურად გამოიყენა ელჩის მკვლელობა და დიპლომატიური მანერით ჩაერთო. შეხვედრას რომ დავაკვირდეთ, რომელიც ამ მკვლელობის შემდეგ შედგა მეორე დღეს თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის, სირიის საკითხზე ყალიბდება ტრიუმვირატი. ეს სამი სახელმწიფო, გარკვეულწილად, შეთანხმებულად იმოქმედებს ამ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ თურქული რეგულარული არმია უკვე ალეპოს ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ ელბახთან დგას, რომელიც 2-3 წელია, ისლამური სახელმწიფოს ხელშია; თავისთავად, ირანელები თავიდანვე იყვნენ ჩართულნი სირიის კონფლიქტში და, დაახლოებით, 4000 ირანელი ომობს ბაშარ ასადის მხარეს; რუსეთზე ხომ ზედმეტი იქნება საუბარი. ანუ ამ ფაქტმა ბზარი კი არ გააჩინა რუსეთ-თურქეთს შორის, პირიქით, დააახლოვა, იმის ნაცვლად, რომ ბევრი ვარაუდობდა, ეს გამოიწვევდა დაპირისპირებას. რუსეთმა თურქეთს ყური არ აუწია, მთელ რიგ კულუარებშიც იყო საუბარი, რომ რაღაც დათმობებზეც კი წავიდა სირიის მიმართ. განცხადებაც კი გააკეთა ლავროვმა, რომ კი, ჩვენ სირიაში კანონიერი ხელისუფლების დაპატიჟებით ვიმყოფებით, მაგრამ თურქული არმია, რომელიც არ არის კანონიერი ხელისუფლების მიერ დაპატიჟებული, მასაც შეუძლია იმოქმედოს სირიის ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთო. საუბრის ტონი დიპლომატიურ ხრიკად რომ აღვიქვათ, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ რუსეთის ინტერესები სირიაში გათვალისწინებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს ავტონომიური ქურთული ერთეული. ქურთული პრობლემა კიდევ თურქეთისთვის რა დიდი გამოწვევაა, ეს ჩვენთვის ცნობილია.

_ ტერორიზმის უსაფრთხოების კუთხით რა უნდა გააკეთოს და რა ზომები უნდა მიიღოს საქართველომ?

_ წლების მანძილზე საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციით ძლიერ დასუსტდა. დასუსტდა მისი ეკონომიკა, რეგიონში გავლენა, აქედან გამომდინარე, შეიარაღებული ძალები და ჩვენ ვდგავართ არა სეპარატიზმის გამოწვევის, არამედ ახალი უხილავი ძალის, ე. წ. რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხის წინაშე. თვითონ ევროპაშიც ამდენი გახშირებული ტერაქტი თავისთავად ეს არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კატასტროფული მოვლენების გამოძახილი. რომ ყოფილიყო სიტუაცია დალაგებული, ამ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმების ქვეშ, ევროპაში დღეს ასეთი სავალალო შედეგი არ იქნებოდა. რადგან ჩვენ ახლო აღმოსავლეთს ვესაზღვრებით, პირველ რიგში, თავისთავად, უნდა განმტკიცდეს იმ სახელმწიფოებთან და იმ ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, ესმით ამ რეგიონის სპეციფიკა. შეიძლება, კიდევ, რომ გაიზარდოს ძალოვანი უწყებების დაფინანსება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სეგმენტს ვერ გავაკონტროლებთ, ეს თურქეთისა და ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებსაც უჭირთ, მაგრამ პრევენციული ზომები რომ მისაღებია, ფაქტია. ვნახეთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩვენთან ზომები მიღებულია, საქართველოში ისლამური სახელმწიფოს ემისრები დააკავეს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთოდ არ დაფიქსირებულა სირიაში გადასული საქართველოს მოქალაქე. ეს ზომები ეფექტიანი რომ არ ყოფილიყო, თავისთავად არც ამაზე აისახებოდა. მებრძოლების ჩართვა გრძელდება სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ საქართველოდან არ დაფიქსირებულა, ამაზე არც უცხოური მედია წერს, არც რუსული, რომელსაც სურს, საქართველო ტერორისტების მხარდაჭრაში დაადანაშაულოს. ეს ზომები ეფექტიანობაზე მეტყველებს, მაგრამ საფრთხე იმდენად რეალური და დიდია, არც კონფლიქტის დასასრული ჩანს, ჯერჯერობით, საჭიროა, სპეცსამსახურებზე და ძალოვან უწყებებზე კადრებისა და დაფინანსების გაზრდა და, პირველ რიგში, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ტერორიზმთან ბრძოლაში.

 

თამარ ბატიაშვილი