არის თუ არა „ქექიების“ მკვლელობის საქმე თამაზ თამაზაშვილის დამოკლეს მახვილი?!

1998 წლის იანვარში თელავის რაიონის სოფელ შალაურში სახლში მისულ ელდარ გრიშიკაშვილსა და მის ვაჟს ავტოფარეხში ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანი დახვდა, რომელმაც ჯერ მამა მოკლა, შემდეგ შვილს ესროლა, სროლაზე სახლიდან პაპამ გამოიხედა და ისიც ადგილზე მოკლა. რამდენიმე წუთში ელდარ გრიშიკაშვილის ცოლის ხმა გაისმა, რომელიც მკვლელმა დაჭრა. მაშინ ამბობდნენ, რომ ელდარ გრიშიკაშვილის ვაჟი (მასაც ელდარი ერქვა) ადგილზე არ გარდაცვლილა. როცა დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ხმებით, შვილი, გაურკვეველ ვითარებაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დიდი უბედურებიდან გადარჩა მხოლოდ დედა, მარიეტა გრიშიკაშვილი, რომელსაც დღემდე ჯოჯოხეთურად უწევს ოჯახის წევრების გარეშე ცხოვრების გაგრძელება…

სწორედ ამ მკვლელობის დროს კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თამაზ თამაზაშვილი იყო. მკვლელობის საქმე გაუხსნელად დარჩა. თელავში დღემდე სჯერათ, რომ ელდარ გრიშიკაშვილის ოჯახის განადგურების გეგმა სახელისუფლებო მაფიას აწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობიდან უკვე 18 წელიწადზე მეტია გასული, მკვლელობების საქმე თაროზე დევს.

 

 

ვინ იყო ელდარ გრიშიკაშვილი?

 

ელდარ გრიშიკაშვილს, მეტსახელად „ქექიას“, თელავში ყველა იცნობდა. იმ პერიოდისთვის იგი არა მარტო რაიონში, არამედ რეგიონში ცნობილი ბიზნესმენი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახის კუთვნილი ქონება დაუცველი დარჩა. დღევანდელი გადასახედიდან ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის საძოვრები და, მათ შორის, ტელეკომპანია „თანამგზავრის“ 40%-იანი წილია…

ტელეკომპანია „თანამგზავრი“ 1991 წელს დაარსდა. არხი თელავის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაუწყებლობს. ტელეკომპანია კერძო/საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს.

ტელეკომპანიის მფლობელები არიან: მარია გრიშიკაშვილი (40%), დავით მანია (40%) და ენრი კობახიძე (20%). ტელეკომპანიის მფლობელობა 2012 წლის მარტში შეიცვალა და ზურაბ ქუმსიაშვილი დავით მანიამ ჩაანაცვლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის თანახმად: „დავით მანია ერთადერთი პარტნიორია, რომელსაც სხვა კომპანიებშიც აქვს წილები. მის მფლობელობაშია ადრე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის საკუთრებაში არსებული საკონსულტაციო კომპანია „კონსალტინგი“. მანია „Gრუპპო Vია“-სა და „M.D. გრუპის“ დირექტორიცაა. ამ ორი კომპანიის წილთა სრული მესაკუთრეა პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავა. ლევან ქარდავას მეუღლე მაკა მანია და დავით მანია ერთსა და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულნი სოხუმში, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ისინი და-ძმანი არიან“.

თელავში ცნობილია, რომ ელდარ გრიშიკაშვილს, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, დაუნდობელი ომი ჰქონდა გამოცხადებული კახეთში არსებულ ნარკოტკების გასაღებასა და რეალიზაციასთან. სწორედ ამ პერიოდში პანკისის ხეობა ერთ-ერთ კერად მიიჩნეოდა, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდებოდა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის ე. წ. სპეციალური საგანგებო სამსახურიც კი დააარსა ახმეტის მუნიციპალიტეტის შს რაიონულ განყოფილებაში. თუმცა პანკისის ხეობაში არსებული ეს პრობლემური ჭაობი 2003-2004 წლამდე მაინც ვერ განეიტრალდა. თელავში „ქექიების“ მკვლელობასთან დაკავშირებით ხმამაღლა არავინ საუბრობს, თუმცა კულუარულად ყველამ იცის, რომ გრიშიკაშვილების ოჯახის ამოწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ნარკოდანაშაულთან აქტიური სამოქალაქო ბრძოლა იყო.

ფაქტი ერთია _ „ქექიების“ მკვლელობის გაუხსნელი საქმე თამაზ თამაზაშვილის დამოკლეს მახვილია. ბუნებრივია, იბადება კითხვა, _ თუ მაშინდელი ხელისუფლებისთვის შევარდნაძისა და თარგამაძის დროს, შეუძლებელი იყო გრიშიკაშვილების მკვლელობის გახსნა, მაშინ რატომ ვერ გაიხსნა საქმე 2012 წლის მერე, როცა სასამართლოც და პროკურატურაც თავისუფალი იყო?.. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ 2003-დან 2012 წლამდე არც უცდია მაშინდელ ხელისუფლებას ამ საქმის გახსნა. სამაგიეროდ, გრიშიკაშვილის ოჯახის წევრებს (კუთვნილი ქონება ტელეკომპანია „თანამგზავრი“) მძიმე ომის გადახდა მოუწიათ მაშინდელ ხელისუფლებასთან. იმავე პერიოდში აბსურდული ბრადებით დააკავეს ელდარ გრიშიკაშვილის მეგობარი და მარჯვენა ხელი, ლუკა რამაზაშვილი. რამაზაშვილმა საპატიმრო მხოლოდ 2012 წლის მერე დატოვა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით.

მთავარი კითხვა ერთია: რატომ არ იხსნება „ქექიების“ საქმე? ვინ დგას ამ შემზარავი მკვლელობის მიღმა? ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ ეს საქმე კვლავ გაუხსნელთა რიცხვში გადიოდეს? და მთავარი: აწუხებს თუ არა თამაზ თამაზაშვილს პროფესიული სინდისი?

 

ქვათა ღაღადი…

90-იან წლებში კახეთში მასობრივად დიწყო საფლავის ქვების გაქრობა სასაფლაოებიდან. დღემდე არც ერთი დაკარგული საფლავის ქვის საქმე არ გახსნილა. რა გახდა ასეთი დანაშაულის გაუხსნელობის მიზეზი, კვლავ კითხვის ნიშანს ტოვებს.

სოფელ კურდღელაურში ერთი კაცი ცხოვრობს, რომელსაც დღემდე ეშინია, მედიასთან თავისი ვინაობა გაამხილოს. მისგან ინტერვიუ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი პირობით ავიღე, რომ მის ვინაობას არ ვიტყოდი.

_ ამბობენ, რომ მაშინ საფლავის ქვებს სადღაც ბაზაზე აგროვებდნენ და თქვენ ამ ბაზის შესახებ იცოდით.

_ რთულია იმ პერიოდის გახსენება, დიდი სატვირთო მანქანა მქონდა და იმით აზერბაიჯანსა და სომხეთში ტვირთი გადამქონდა, ამით ვარჩენდი ოჯახს. ერთ დღესაც ჩემმა ახლობელმა (ის ბიჭი დაიღუპა) მითხრა, რომ დაკვეთა იყო, ერთ-ერთი ბაზიდან აზერბაიჯანში რაღაც უნდა გადამეტანა და სოლიდურ გასამრჯელოს მომცემდნენ. ბაზაზე მისული რას ვხედავ? _ თუ კახეთში სადმე საფლავის ქვები დაკარგულა თუ მოუპარავთ, ყველა იქაა, ახლაც მწვავს სინდისი, მაგრამ რა ვქნა?! მოკლედ, დავტვირთეთ და დანიშნულების ადგილზე წავიღეთ. უკან დაბრუნებულს გასამრჯელო მომცეს და მითხრეს, რომ ეს არსად უნდა მეთქვა, თორემ თამაზაშვილთან მექნებოდა საქმე.

_ თამაზაშვილს იცნობდით?

_ არა, არ ვიცნობდი, ახალი დანიშნული იყო სამხარეო პოლიციის უფროსად, საიდან უნდა მცოდნოდა? მე პოლიციაში არ მიმუშავია, ის, კიდევ, „შოფერი“ არ ყოფილა.

_ გასაგებია, მაგრამ რატომ გიხსენეს, მაინც და მაინც, თამაზაშვილი?

_ გამაფრთხილეს, რომ მასზე არ უნდა მელაპარაკა.

_ ანუ თამაზაშვილით დაგემუქრნენ?

_ კი, თამაზაშვილით დამემუქრნენ.

_ მოპარული გადაგქონდათ და უცნაური არ რის, რომ პოლიციის უფროსით გემუქრებოდნენ?

_ მაშინ 90-ანი წლები იყო და პოლიციელები კრიმინალებზე დიდი დამნაშავეები იყვნენ, ეს ყველასთვის ცნობილია და არც გასაკვირი არის არაფერი.

თუ ჩემთან მოსაუბრის ლოგიკას გავყვებით, დიდმა გენერალმა მარნის საძირკვლის ჩაყრა მოპარული საფლავის ქვების ბიზნესით დაიწყო, ე. ი. არც ერთ დროში რეალურად არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა არ დაინტერესებულა თამაზაშვილის საქმიანობით, არც ერთ ხელისუფლებას არ შეუფასებია, პოლიციის გენერალი გულგრილად ეკიდეობოდა თუ არა სამსახურებრივ საქმეს, დანაშაულის გახსნას და ა. შ.

  1. S. რა დროც არ უნდა გავიდეს, თელავში ყველას ემახსოვრება, რომ თამაზაშვილის მოღვაწეობა კახეთში გაუხსნელი საქმეების სერიებით თარიღდება! რა დროც არ უნდა გავიდეს, კახეთში ყველამ იცის, რომ იმ პერიოდში არსებული არც ერთი გახმაურებული საქმე არ გამოძიებულა! რა დროც არ უნდა გავიდეს, ვინც ამ დანაშაულებებს გადახედავს, ყოველთვის დასვამს კითხვას, _ დღემდე რატომ არავის დაუკითხვას გენერალი?! ბოლოს და ბოლოს, როდის იზეიმებს სამართალი?!

 

 

მაკა მოსიაშვილი