„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა მეკვლის ფეხისა და ყრილობის იმედადაა დარჩენილი

მართალი გითხრათ, არც მე ვიცი არაფერი და, მგონი, არც ფართო საზოგადოებამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მამები და პოლიტსაბჭოს წევრები როგორ უყურებენ ტრადიციულ. თუ არატრადიციულ ცრურწმენებს, მაგალითად, მეკვლეობის ინსტიტუტს და ჰქონდათ თუ არა დამახსოვრებული, ვინ იყო პარტიის ოფისში მეკვლე 2016 წლის დადგომისას.

იმედია, ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამენ და არც ჰქონდათ ჩანიშნული, თორემ ენმ-ს ყველა წარუმატებლობის გამო, რაც პარტიამ 2016 წელს იწვნია, პასუხი რომ იმ მეკვლეს მოსთხოვონ, ალბათ, საერთოდ უნდა მოიკვეთონ. ერთი რამე კი ზუსტადაა ცნობილი _ ვისაც 2016 წელს ამ პარტიის წარუმატებლობა ყველაზე მეტად დაბრალდა მისივე თანამებრძოლების ნაწილის მხრიდან, ანუ მიხეილ სააკაშვილს, იგი მეკვლე ნამდვილად ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზით, რომ სკაიპქოლები მეკვლეობაში არ ითვლება, საზღვარი კი ნამდვილად არ გადმოუკვეთავს…

როგორი იქნება ახალი 2017 წელი პარტიისთვის, ამ ახალი პოლიტიკური წლის პირველსავე თვეში გადაწყდება, როცა ყრილობა გაიმართება: ან ახირებულ-გამიჯნულებთან ერთად გააგრძელებენ გზას პოლიტიკურ ბილიკებზე, ან მათ გარეშე. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იყო განვლილი წელი, როგორ დაიწყო და დაასრულა იგი პარტიამ, ძნელი სათქმელი კია, მაგრამ ცალსახა პასუხი მაინც არ არსებობს:

2016 წელს ენმ-მ თავის მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, გაზარდა, მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაემარცხებინა. ასე რომ, წარმატება-წარუმატებლობის ეს ბალანსი, ზოგადად, პარტიის პოლიტიკური საქმიანობისა და განვლილ წელს ჩატარებული ღონისძიებების საზომადაც გამოდგებოდა:

მხარდამჭერები მეტი მიიზიდეს, მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მაგრამ ერთმაც და მეორემაც ახალ მიმართულებებს დაუდო სათავე და სწორედ გასულ წელს გამოვიდა სააშკარაოზე ბევრი ის დაპირისპირება, რომელიც პარტიაში, სავარაუდოდ, უკვე მრავალი წელია, არსებობს და, პირველ რიგში, გიგა ბოკერიასა და მის ირგვლივ დაჯგუფებული პოლიტსაბჭოს წევრების დაპირისპირებით გამოიხატა პარტიის დამფუძნებელთან და ბოლო დრომდე უცვლელ თავმჯდომარესა და ლიდერთან _ მიხეილ სააკაშვილთან.

კაცმა რომ თქვას, ენმ-ს მომხრეთა დიდი ნაწილი 2016 წელს სულაც არ მიიჩნევს წარუმატებლად სწორედ იმიტომ, რომ პარტიის ლიდერშიპში არსებული უთანხმოება არ დაიმალა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ეს ნაწილი რადიკალური პოზიციითაა ცნობილი და თუკი მომხრეთა ნაწილი ჯერაც არ კარგავს დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების იმედს, რადიკალები მიიჩნევენ, რომ პარტიის ერთიანობის შესახებ მითის გარშემო შემოქსოვილი ჯაჭვი სწორედ იქ უნდა გაწყდეს, სადაც წვრილია.

რადიკალებში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხედვის მომხრეები და მისი ლიდერობის მოსურნეები არ შედიან _ რადიკალები მეორე მხარესაც ჰყავს და მათ შორის პირველი სწორედ ისაა, ვინც, რეალურად, არც პარტიის წევრია და არც პოლიტსაბჭოს, მაგრამ მეორე ბანაკის შემადგენლობას თუ დავუჯერებთ, პროცესების მართვაში თუ დაჩქარებაში სულაც არ აქვს უმნიშვნელო როლი _ როგორც მიხვდებოდით, თამარ ჩერგოლეიშვილზეა საუბარი, რომელიც ადრიდანვე აცხადებდა საჯარო სივრცეში, რომ გიგა ბოკერიაც და მისი თანამოაზრეებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა თანაპარტიელები დაარწმუნონ, არც სააკაშვილს ვემიჯნებით და რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ პარტიის წინსვლისა და განვითარებისთვის ვაკეთებთო, მერე კი, როცა დარწმუნების რესურსი ამოიწურება, უნდა ადგნენ და წავიდნენო.

თუ მას დავუჯერებთ, 2016 წლის ბოლოს სწორედ ეს კამპანიაა დაწყებული: ჯერ ელენე ხოშტარიამ ისაუბრა შიდა დაპირისპირებაზე, მერე დავით ბაქრაძემ, ახლახან დავით დარჩიაშვილმა დააანონსა, რომ სააკაშვილი კონფრონტაციასთან და რევანშთან ასოცირდება, ენმ-ს ახალი პოლიტიკა კი ეროვნული თანხმობისკენ და, ზოგადად, შერიგებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ამის შემდეგ უკვე გიგა ბოკერია იტყვის სათქმელს და ნათელს მოჰფენს პროცესებს, ხოლო შემდეგ უკვე ყრილობა გადაწყვეტს, რა გზას დაადგეს პარტია და, შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დარჩებიან „ახირებულები“ (ჩერგოლეიშვილის ტერმინით „რაციონალები“) პარტიაში, თუ ცალკე გასვლა და სხვა პარტიის შექმნა მოუწევთ?

მანამდე კი ენმ-ს აქტივისტებთან ორივე ფლანგი ცალკე მუშაობს: სააკაშვილი ყრილობის სავარაუდო დელეგატებს ხან ქუთაისში, ხან ზუგდიდში და ხანაც ბათუმში ერთვება და თავის მოსაზრებებს უზიარებს, ხოლო გიგა ბოკერია და მის ირგვლივ დაჯგუფებულები, ასევე, ადგილზე ხვდებიან აქტივს და თავიანთი პოზიციის ტირაჟირებისთვის სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებენ.

2016 წელს ენმ-ს პარტიული აქტიურობის ყველაზე კურიოზული ფაქტი კი ისაა, რომ ენმ-ს ლიდერშიპი ამ დრომდე არაა შეთანხმებული, საით უფრო მეტი მხარდამჭერია _ სააკაშვილის თუ ბოკერიას მხარეს? ასევე, არ არსებობს შეთანხმებული პოზიცია იმაზე, თუ ვისი ხმები სჭარბობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებში _ ახალი სახეების თუ მათი, ვინც ენმ-ს სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო დაუჭირა მხარი?

თუ სააკაშვილს დავუჯერებთ, ის, რასაც „ახალი სახეებისა“ და „ენმ-ს ახალი პოლიტიკის“ მომხრეები ასაბუთებენ, მისთვის მიუღებელია და „დამარცხების რიტორიკასთან“ ასოცირდება. სააკაშვილმა ბოლო ჩართვის დროს პირდაპირ თქვა, რომ ენმ-ს არ აქვს ბოდიში მოსახდელი, რადგან პარტია უკეთესი საქართველოსთვის, უკეთესი საზოგადოებისთვის იბრძოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ამისთვის მიეღწია.

ამ პოზიციას პირდაპირ ომს უცხადებენ „ახალი სახეების“ აპოლოგეტები და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება წარმოუდგენელია მხოლოდ ენმ-ს მხარდამჭერების ხმებით, ამიტომ საჭიროა არა მარტო ე. წ. შუაშისტების, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიმხრობაც იმისთვის, რომ პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 900.000 ამომრჩევლის ხმა მიიღოს და „ქართული ოცნება“ დაამარცხოს:

თამარ ჩერგოლეიშვილის გამოთვლით, სწორედ ამდენი ხმაა საჭირო გამარჯვებისთვის, ამ ხმების მიღებას კი ის ართულებს, რომ სააკაშვილი უფუნქციო და არარსებულ ძალაუფლებას ებღაუჭება და პარტიისთვის ახალი თავმჯდომარის არჩევას ეწინააღმდეგება, ხოლო რადიკალი ენმ-ელების რიტორიკა და რევანშისტული განწყობა აფრთხობს ამომრჩეველს და ასევე, დასავლეთსაც, რომელსაც ადგილზე არეულობის პერსპექტივა, მაინცდამაინც, არ ხიბლავს.

ყრილობა, საბოლოოდ, დამოკლეს მახვილივითაა აღმართული ენმ-ის თავზე და ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება ის. მანამდე კი ორივე მხარე ურთიერთბრალდებებით ერთობა _ სქრინების ომი, წამოძახება-წამოყვედრება, „პეროიანებისა“ თუ „ბნელების“ წოდება ერთმანეთისთვის სწორედ ამ გართობის გამოვლინებაა. სოციალურ ქსელებში კანტიკუნტად, მაგრამ ისეთებიც გამოერევიან, რომლებიც ორივე მხარეს არათუ მოუწოდებენ, ავალდებულებენ კიდეც შერიგებას და ამას იმით ხსნიან, რომ ერთადერთ პროდასავლურ ძალას და ივანიშვილის რეალურ, გონიერ კონკურენტ პარტიას არ აქვს დაშლის უფლება…

რასაკვირველია, ამ გადასახედიდან ყველაზე მოგებული ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ამ ყველაფერს „ჰარი პოტერის სასახლიდან“ მშვიდი და ირონიული ღიმილით გადმოსცქერის. ვინ, ვინ და მან მაინც ძალიან კარგად იცის, როგორი იქნება მისთვის 2017 წელი: ისეთივე წარმატებული, როგორიც 2016 წელი იყო _ მისმა ბანკებმა წელი დიდძალი მოგებით ჩაამთავრა, რაც წამოიწყო, ყველა საქმე ისე დაასრულა, როგორც უნდოდა, არც ზვიგენს დაჰკლებია საჭმელი და არც _ ზებრას, ხეებიც გადააცურა შეკვეთილში, განმუხურის ბულვარიც იყიდა და ახლა ახალი მოგებისკენ და ახალი ხეებისკენ უჭირავს თვალი…

ისე, ინტერესს მოკლებული არც იმის ცოდნა იქნებოდა, ბიძინას მეკვლე ვინ იყო 2012 წელს… ცრურწმენებისადმი მის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, იგივე მეკვლე უნდა ჰყავდეს, მაგრამ 2017 წლის სიმბოლოს, ცეცხლოვანი მამლის ასტროლოგიურ დახასიათებაში აღნიშნული „ცეცხლოვანი მამალი ბუნებით რევოლუციონერია“, აშკარად, მოსვენებას დაუკარგავდა…

 

ლაშა ბერულავა