მშვიდობით, სოსო!
2015 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი რამ განისაზღვრა _ ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი.
უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვ.
ამ უსაფრთხოების სამსახურის ხერხემლად კი ერთი ზემო მაჩხაანელი ბიჭი გვევლინება, _ ბიჭი, რომელსაც სოფელში „ჩალიჩას“ ეძახდნენ; ბიჭი, რომელსაც სოფლად დიდი ვალებით იცნობდნენ; ბიჭი, რომელსაც არც ევროპული განათლება მიუღია და არც აქაური ვიცით რამე; ბიჭი, რომელიც მხოლოდ ერთხელ არის გამოჩენილი ეკრანზე და მაშინაც ეკონომიკის ექსპერტის რანგში. და ასე ფარშის გამყიდველად, ეკონომიკის ექსპერტად, ყველა ბანკისგან დევნილად გამოცხადებული იოსებ გოგაშვილი ქვეყანას იბარებს, _ რისთვის?! ვისთვის?! _ არავინ იცის. მისმა ნაღვაწმა კი დიდი როლი ითამაშა ქართულ პოლიტიკაში და უპრიანი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია შინაპატიმრობაში დასვა და საკუთარ სახელმწიფოში პოლიტიკოსები დევნილებად აქცია.
სოსო!
რადგან დიდი ადამიანები უკვალოდ არ ქრებიან, შეგიძლია თქვა, რომ დიდთა შორის ერთ-ერთი დიდი იყავი, რომელთანაც ანგარიში „ქრონიკა+“-მა სამართლიანად გაასწორა. განსხვავება ერთი იყო _ ჩვენ არ გდევნიდით, შენ კი ჩვენი დევნის სურვილი გქონდა… უკვალოდ ვერ წახვალ, მაგრამ რამდენად დიდად შეფასდები, ამას საზოგადოება განსჯის…
ფიქრობ, რომ რთულია ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რაც ახლა გაქვს და დააფასო ის შესაძლებლობები, რომლებიც ახლა გეძლევა? ხშირად ამჯობინებ უმოქმედებას და ბედნიერ მომავალზე ოცნებას, ან წარსულის გახსენებას? არ იცი, როგორ ორიენტირდე აწმყოზე? გგონია, რომ სხვების ცხოვრება უფრო საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე შენი? მაშინ დროა, დაიწყო ცხოვრება „აქ და ამჟამად“.
იმისთვის, რომ იყო განუწყვეტლივ ბედნიერი, იმ წუთებშიც კი, როცა დიდი განსაცდელი და სევდა გაქვს, საჭიროა: გქონდეს უნარი, ისიამოვნო აწმყოთი და გიხაროდეს, რადგან უარესიც შეიძლება მომხდარიყო.
მაგალითად, როგორ წარმოგიდგენია, შენზე, ერთ მშვენიერ დღეს, სახელმწიფომ დევნა გამოაცხადოს? ან როგორ შეცვლი შენს წარსულს, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ შენი მოღვაწეობა შეისწავლოს და ამისთვის პასუხი მოგთხოვოს კითხვებზე?
გასაგებია, რომ არავის სურს, უყვარდეს ჩვეულებრივი ადამიანი ჩვენში. ისიც გასაგებია, რომ შენ გინდოდა, შენი მთელი ეს მოღვაწეობა არაჩვეულებრივად შეფასებულიყო. თუ დავფიქრდებით, ალბათ, მართალი ხარ. კი, შენ შენი მუშაობით არაჩვეულებრივი ნაღვაწი დატოვე, დიახ სწორედ შენს მუშაობას უკავშირდება ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება, ამ ქვეყნის მოქალაქეების ღირსებისა და პატივის შელახვის მცდელობა! დიახ, 2012 წლის მერე რასაც ითხოვდა საზოგადოება, რომ დასმენა და მოსმენა აღმოფხვრილიყო, პირადად შენ მაინც გვისმენდი და გვაყურადებდი. დიახ, შენ შეძელი საეკლესიო შიდა რევოლუციების მოხდენა, მამაოებით საქმეების მოგვარება. ვიცოდით, რომ სადაც ვიყავით, იქ ყველგან სადღაც შენც იყავი, განსხვავება ერთი იყო… _ ჩვენ სიმართლის თქმის არ გვეშინოდა, რაც უფრო მეტად ცდილობდი ადამიანების დევნას, პარტიების დაშლას, სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურს, ჩვენ უფრო მეტი მოტივაცია გვიჩნდებოდა, მართალ ადამიანებად დავრჩენილიყავით. მართალი კი მხოლოდ გულწრფელი ადამიანია.
ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო. შენი დამსახურებაა დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკოსების გაქრობა, ისინი არ მოკვდნენ, არც უკვალოდ გაქრნენ, უბრალოდ, თამაშიდან გავიდნენ და თუ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი თამაშს ტოვებს, მაშინ იმ სახელმწიფოში განსხვავებული აზრი დევნილია, დევნილი აზრი კი დემოკრატიის დასაფლავების ტოლფასია… გეგონა, რომ თუ ბევრ პარტიას დაშლიდი, ამით უფრო მეტს მიიღებდი პირველი მოქალაქისგან, მაგრამ აქაც შეცდი, _ ვისთვისაც შენ თავის მოწონებას ასე ძალიან ლამობდი, მათ შენში ის ყველა რესურსი ამოწურეს, რისთვისაც ეს წლები გიმსახურეს…
ამბობენ ხოლმე, როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, ვერავინ შეძლებს უმკურნალოს თავის სულს. ვერავინ ჩამოუჯდება თავთან და ეტყვის, _ ესეც გაივლის. ეს ჯადოქრობა თავად უნდა გააკეთო, თავად უნდა დააყენო საკუთარი თავი ფეხზე. თუმცა ფეხზე დამდგარმა ის საქმე უნდა გააგრძელო, რომელიც შენია და არა სხვისი.
შრომა ყოველთვის დაგვიფასებია. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, ფარშის გამყიდველი იყავი თუ ვექილი?! თუმცა როცა სახელმწიფოს უსაფრთხოებას ვინმეს ვანდობთ, მის პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმშიც უნდა გვქონდეს ჩვენეული დადებითი შეხედულება. ნათქვამია, თოფი მეთოფეს და მეთოფე კი სოფელსო. და თუ კაცს თოფი არ დაუჭერია ცხოვრებაში, მეთოფე რომ არ გახდება, ეს ხომ ვიცით. წარუმატებლობის ბოლო საფეხური წარმატების პირველი საფეხურია. იქ დაასრულე, სადაც დაიწყე. რთულია ვიმსჯელოთ ერთ ქიზიყელ ბიჭზე, რომელსაც რა უმაღლესი განათლება აქვს, დღემდე გაურკვეველია; რთულია ვიმსჯელოთ ბიჭზე, რომელმაც რა გამოცდილებით მიაღწია ამ საფეხურს, არავინ იცის; რთულია და დიახ, მტკივნეული იყო, შენთვის მოგვებარებინა ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაც არაპროფესიონალ ერთ სოფლელ ბიჭს ანდეს.
ქვეყანა, რომელიც ჩვენია, უბრალოდ, „ქრონიკა+“-მა ვერ დავთმეთ, ვერ ვაჩუქეთ სოსოს. ახლა, ჩვენო სოსო, სადაც გინდა, იქ იყავი, რა სფეროც გინდა, ის განაგე, წასული ხარ და ეს ყველამ იცის. სუს-ში ზეიმია! ზეიმია, რომ იქ აღარ ხარ! უხარიათ, რომ შენს საკუთარ თანამშრომლებს მაინც აღარ მოუსმენ და დარდობენ, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების ბევრი საიდუმლო მიგაქვს თან. თუ ჩემს ქვეყანას რამე საფრთხე დაემუქრა, თუ ჩემი ქვეყნის განსაკუთრებული საიდუმლო მტრის ხელში აღმოჩნდა, მე ვიტყვი, რომ შენ უნდა დაგკითხონ და შენ უნდა გასცე პასუხი ყველა კითხვას.
დრონი მეფობენ და არა მეფენი…
შენზეა ნათქვამი, იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოსო…
სოფლად გელიან, დაპირებული ეკლესიის აშენებას ელოდებიან შენგან, გალავანს მიღმა გასუსული დიდხანს ვერ დაჯდები, იქაც კითხვები აქვთ, კარის მეზობლებს, იქაც პრეტენზიები აქვთ მივიწყებულ ნათესავებს,
სუს-ი შენთვის ქერის ორმო აღმოჩნდა, მაგრამ მაგ ორმომაც იცის ამოცარიელება. ნეტავ, ვიცოდე, სად ხედავ მომავალში შენს თავს?..
გზამშვიდობისა, სოსო!..
მაკა მოსიაშვილი