ხელოვანი, „ნიჭიერი“ ბიჭი მისიით და მისი ეტლი

ისტორია, რომელსაც დღეს გიყვებით, არის ბიჭზე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თერჯოლაში, ბავშვობიდან ხელოვნება იტაცებდა და 5 წლის ასაკში მიხვდა, რომ მისი ადგილი სცენა იყო. სწორედ ეს გახლდათ მასაზრდოებელი წყარო, რომლითაც ადრენალინი და ემოცია უნდა დაეხარჯა, თავისი სათქმელი ეთქვა საზოგადოებისთვის, ის, რაც შიგნიდან მოდიოდა.

ბიჭი მისიით არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ის ეტლი, რომლითაც გადაადგილდება და ის სფეროები, სადაც მოღვაწეობს. ის ცეკვავს და ცეკვავს ეტლით. ის მუშაობს და ისევ თავის სავარძელში.

მოკლედ, ეს თემო არაბიძეა, რომელიც საზოგადოებამ ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტიდან გაიცნო. დღეს თემო ბანკში მუშაობს და ბიჭი, რომლის ადგილიც სცენაზეა, ყოველდღე საფინანსო ოპერაციების რუტინას ასრულებს.

 

_ თემო, თავდაპირველად, შენზე ცოტაოდენი მოგვიყევი.

_ თემო არაბიძე ვარ, მოცეკვავე, ვუკრავდი გიტარაზე, დაახლოებით ოთხი წელი ვმღეროდი, მერე ავარიის გამო ყბა დამიზიანდა და ისე აღარ გამომდიოდა სიმღერა, როგორც ადრე.

უკვე 6 წელია, თბილისში ვცხოვრობ და იშვიათად მიწევს ხოლმე თერჯოლაში ჩასვლა, ძალიან მიყვარს იქაურობა, თუმცა ვერ ვახერხებ ხოლმე და ბევრს ჰგონია, რომ არ მიყვარს, არადა, პირიქითაა, _ არის გარკვეული მოგონებები, რომელიც ჩემს ქალაქთან დაკავშირებით არ მსიამოვნებს, მაგრამ ვცდილობ, რომ თავი ავარიდო იმ თემებს, რადგან საზოგადოება სხვანაირად იღებს ხოლმე რაღაცებს _ ნეგატიურად.

_ ავტოავარია როდის შეგემთხვა და რა ვითარებაში?

_ 2009 წლის 16 აგვისტოს მეგობრები ქალაქში ვსეირნობდით. 19 წლის ვიყავი. ზოგადად, არ მიყვარს სისწრაფე, თან სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი, ცეკვას ვასწავლიდი, მაგრამ ჩემი პირველი სამსახური იყო და საიდანაც მაშინ მოვედი, მზიდავი, მტვირთავი ვიყავი, არ მეთაკილებოდა, რადგან იქ   ჩემი ნაშრომის ჰონორარს ვიღებდი.

იმ დღესაც ხელფასი ავიღე და მეგობრებს მონატრებული ვიყავი, ერთ-ერთი მეგობარი ჯარში მიდიოდა, უნდა აღგვენიშნა. დაჟინებული თხოვნით მათ წავყევი და ის წამი იყო, როცა საჭესთან მჯდომ მეგობარს ვეუბნებოდი, შეენელებინა და ასე სწრაფად არ ეტარებინა, რომ მდინარეში გადავცვივდით, ლოდებს დავენარცხეთ და მარტო მე დავზიანდი იმათგან.

15 დღის მანძილზე კომაში ვიყავი, გადარჩენის იმედიც არ იყო, შემდეგ თბილისიდან ოთარაშვილი ჩამოიყვანეს და მან გადამარჩინა, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. თვითონაც 1% მომცა სიცოცხლის გადარჩენის შანსი. ისიც, თუ გამოვიდოდი კომიდან,  კიდურებს ვერ ავამოძრავებდი, ფხიზელ კომაში ვიქნებოდი და მორჩა. მაგრამ 15 დღის მერე, მალევე, ჩემი თავის რეაბილიტაცია მოვახდინე და ახლა მხოლოდ ის დეფექტი დამიტოვა, რომ ვერ დავდივარ. 7 თვეს ვიწექი მხოლოდ.

_ ვინ გივლიდა?

_ დედა, მამა, და. ოჯახი ძალიან მაგრად მედგა გვერდით და როცა ასეა, მაშინ ძალიან ძლიერად გრძნობ თავს, ყველაფრის გადალახვა შეგიძლია. დღეს რომ ასე ვარ, ეს ოჯახის დამსახურებაა ყველაზე მეტად.

ახლა თბილისში ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ, ჩემი ყველაზე მაგარი „ძმაკაცია“.

_ არის შანსი, რომ გაიარო?

_ ფეხებს ვამოძრავებ და 100%-იანი გავლის შანსიც არის, მაგრამ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ოპერაციას ისრაელში აკეთებენ, რომელიც 6 თვეში იმის შანსს იძლევა, რომ გავიარო, დაახლოებით 50 000-მდე ჯდება, თუმცა ეს ყველაფერი იდეაში.

_ გაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ არასდროს არაფერი მინანია, არც ის, რომ იმ მანქანაში ჩავჯექი, რადგან ჩვენი ბედის წარმმართველები თვითონ ვართ და დღეს ის თემო არაბიძე არ ვიქნებოდი, რაც დღეს ვარ და ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე.

_ რა გიხარია ყველაზე მეტად?

_ ჩემი ოჯახის ბედნიერება და საზოგადოება, რომელსაც უხარია ის, რასაც ის აკეთებს, ახალი დღის გათენება, მომღიმარ სახეს რომ ვხედავ, ძალიან მახარებს _ საზოგადოება მახარებს, ზოგადად. თუნდაც ქუჩაში გამვლელი ბავშვი, რომელიც ჩემთან მორბის და მეუბნება, ფოტო გადავიღოთო.

_ ჰგავხარ ვინმეს?

_ ალბათ, არავის, მე ვარ მე, _ თემო არაბიძე, არ მიყვარს მიბაძვა. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ახალ წელს მინდა, რომ დიდი ხურჯინი მოვიკიდო და ხალხმრავალ ადგილას დავდგე, ტკბილეულით გავახარო ბავშვები.

_ ვისთვის არ გენანება ხოლმე რამე?

_ ჩემი დისთვის.

_ ყველაზე მეტად რას აფასებ? რას სცემ პატივს ადამიანში?

_ რაც შეიძლება, მეტი პოზიტივი უნდა იდოს, ბედნიერება და რაც უნდა ცუდად იყოს ადამიანი, უნდა ეცადოს, რომ ნეგატიური კი არა, პოზიტიური ენერგია გადადოს.

_ რა ასაკში გყვარებია ყველაზე მეტად?

_ მე, ზოგადად, სულ შეყვარებული ვარ, მაგრამ სერიოზულად მიყვარდა 2012 წელს და ჩვენი ურთიერთობა დასრულდა 2014 წელს. დაახლოებით „ჯინსების თაობას“ ჰგავდა, რადგან ჩვენ გაქცევა გვინდოდა და ვერ მოვახერხეთ, შემდეგ სხვები ჩაერივნენ, მაგრამ მართლა გაგიჟებით გვიყვარდა ერთმანეთი. ეს პირველი სიყვარულია და სულ ჩამრჩება.

_ ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს.

_ სცენა. ბავშვობიდან ხალხურ ცეკვებს ვცეკვავდი და საიდუმლოს გაგიმხელთ: არ მიყვარდა სამეჯლისო ცეკვები, მაგრამ ახლა ქართულს ვერ ვიცეკვებ ეტლით, ამიტომ სპორტული ცეკვები ვარჩიე.

_ მსახიობობა თუ გიცდია?

_ მიმაჩნია, რომ მსახიობი ვარ, რომელიც არასდროს გამოსულა და არ უთამაშია ფილმში, მაგრამ ყველანაირ როლს მოვირგებ, ტირილის დროს ისე შემიძლია ვიტირო, რომ არც ხელოვნური ცრემლები გამოვიყენო და არც სხვა საშუალება. მგონია, რომ არაოფიციალური მსახიობი ვარ, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი სცენა ითამაშოს. არ მიცდია, დიდ კინოში მოვსულიყავი, რადგან არავინ შემიწუხებია და მგონია, რომ ვიღაც ისეთი გამოჩნდება, რომელსაც დავაინტერესებ. ახლა კი სცენარს ვწერთ მე და ჩემი მეგობარი, სათაურს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ „უსაზღვრო“ ჰქვია.

_ ვინ გყავს მესაიდუმლედ?

_ არავინ. ჩემი წიგნი ჩემს ცხოვრებაზეა, რომელსაც ჰქვია „მეცამეტე მოცეკვავე“. ეს რატომ ჰქვია, სიმართლე ვთქვა, არ ვიცი. მიყვარს ეს ციფრი, უბრალოდ, ბევრ რამესთან ასოცირდება, 13 იანვარს ჰქონდა დედაჩემს დაბადების დღე, 13 იანვარს მქონდა ფინალი და გავიმარჯვე, ბევრჯერ გამიმარჯვია ცხოვრებაზე, არასდროს დამიყრია ფარხმალი. წიგნის გამოცემას ცოტა დრო სჭირდება, უფრო ბიოგრაფიული გამოდის, ჩემს ცხოვრებაზეა და, სავარაუდოდ, ერთი წელიც დამჭირდება, მერე პრეზენტაცია იქნება და იმ სცენარშიც ბევრი რამეა ამ წიგნიდან.

_ სისტემაში რა არის პრობლემა შენთვის, როგორც ეტლით მოსარგებლისთვის?

_ ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემაა და მგონია, რომ საზოგადოება არ არის დამნაშავე ბევრ რამეში. ვერ ვხვდები, რატომ აკრიტიკებს სხვა ეტლით მოსარგებლე მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც ისინი ეცოდება. უბრალოდ, ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ და მათაც შეუძლიათ, რომ იარსებონ, იმუშაონ, სცენაზე დადგნენ და თუნდაც საჯარო სამსახურში იმუშაონ. აქ არის სახელმწიფოს ბრალი. ის პირობები რომ შექმნას სახელმწიფომ, რაც შშმ პირებს სჭირდებათ, ის ინფრასტრუქტურა, რაც შშმპ-ებს ქუჩაში გამოსვლის საშუალებას მისცემს (არაფერს ვამბობ დასაქმებაზე), შშმპ-ებიც მიხვდებიან, რომ უნდა გამოვიდნენ, რადგან რაღაცის კეთება შეუძლიათ. საზოგადოებას კი ეცოდება ისინი იმიტომ, რომ მათ ხშირად ვერ ხედავენ, აბა, დაინახონ ხშირად და პირიქით, მეტი პოზიტივი იქნება! ასეთი ადამიანები (შშმ პირებს ვგულისხობ) ძალიან პოზიტიურები და დადებითები არიან, იმდენად მძლავრი ენერგია მოდის მათგან, რომ, ძალაუნებურად, შენც იღიმი.

ახალი ავტობუსები რომ შემოიყვანეს, ჩემს მაგალითს გეტყვით:

პირველ რიგში, ეგ ჩვენს ქვეყანაზე არაა გათვლილი, გერმანული მოდელია, თან ამბობენ, რომ მას პანდუსი აქვს, არა! არ ქვს! _ პანდუსი არის ავტობუსზე დამაგრებული ლიფტი, რომელიც ავტომატურად გადმოდის და უკანვე იკეცება, რომლითაც ეტლით მოსარგებლე და ხელჯოხიანი ადის. ახალ ავტობუსებს გადმოსაშლელი ხიდები აქვს და ჩვენ არ გვაქვს ისეთი გაჩერებები,  რომელიც გერმანიაშია (ისევ მოდელის გამო). პირველ რიგში ეს უნდა მოწესრიგდეს, სტანდარტულად უნდა გაჩერდეს და ეს ხიდი გადმოუშვას. მინდა, რომ პლუსებზე ვისაუბრო, მაგრამ იძულებული ვარ, ნეგატიური მხარეებიც აღვნიშნო. თუნდაც მძღოლმა არ იცის მისი მოხმარება: როცა რუსთაველზე გაჩერებაზე ამ ავტობუსს ველოდი, მოვიდა, მაგრამ ჯერ მძღოლმა ვერ გაიგო, რომ მე უნდა მესარგებლა და წავიდა, მერე 10 წუთში მეორე მოვიდა, იგივე 61 ნომერი ავტობუსი, იმის მძღოლიც ვერ მიხვდა და მერე მგზავრმა დაუძახა, ეტლით მოსარგებლე ამოდისო, დაფაცურდა ეს მძღოლი, თან ამ გაჩერებაზე იმხელა დაქანებაა, რომ ფიზიკურად ვერ ავიდოდი, მძღოლი შედგა ხიდზე და გადასაწევად ექაჩებოდა, მერე უთხრეს, _ როგორ გადმოშლი, ზედ დგახარო? ძლივს გადმოსწია ხიდი, მერე გაასწორა ავტობუსი, გადმოშალა ბორდიურზე, მაგრამ ისე არ იყო ბორდიური დაგებული, რომ ნორმალურად ავსულიყავი, _ დაგეხმარებითო, _ მითხრეს. ვუთხარი, _ იმიტომაა ეს ახალი ავტობუსები შემოყვანილი, რომ დახმარება არ უნდა დამჭირდეს-მეთქი, მაგრამ იმ დღეს ძლივძლივობით ჩავედი ბარათაშვილის ხიდამდე.

ჩემი მაგალითი იყო იმისა, რომ ვითომ ახალი სისტემა არ მუშაობს, რაც შეეხება საზოგადოებას, იგი თვითონ ყალიბდება, როცა სახელმწიფომ უნდა შეუქმნას პირობები. მე რომ მარტო გამოვიდე და ამ პრობლემებზე ვიყვირო, მეეჭვება, რამე შევცვალო. იყო დრო, როცა გამოვდიოდი და ვყვიროდი, მაგრამ უკვე აღარ.

ძალიან ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ გვერდით არ მიდგანან და კიდევ ძალიან ცუდი ისაა, რომ მთავრობას ეტლით მოსარგებლეები დასაქმებული ჰყავს და შშმ პირები აპიარებენ, რომ მთავრობა ამას აკეთებს, არადა, რეალურად, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. მიხარია, რომ იმ ეტლით მოსარგებლემ გარკვეული ჰონორარი აიღო და იქ მუშაობს, მაგრამ საზოგადოებას ძალიან ატყუებენ, რადგან რეალურად რამდენიმე მათგანია დასაქმებული და გარეთ, კიდევ, საზოგადოებაში, არავინ ხედავს ეტლით მოსარგებლეებს.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ დედა. ეს ის არის, მონატრების სურვილს რომ ვერასდროს დავიკმაყოფილებ. დედა უყვარს ყველა შვილს, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ვკამათობდით და თუ დასკვნამდე ვერ მივიდოდით, ერთმანეთის აზრს პატივს ვცემდით. 2011 წელს გარდაიცვალა, ჩემს ავარიაზე უფრო დიდი, უდიდესი ტრაგედია და ტრავმა იყო ჩემთვის, მაგრამ ამაში ისევ მე და მამაჩემს ჩემი და დაგვეხმარა. ის არის და, ვის გამოც ყველაფერს გავაკეთებ.

_ სირთულეები, რომელიც ცხოვრებაში შეგხვედრია?

_ მიყვარს სირთულეებთან ბრძოლა, მაგრამ 2011 წელს დედა ძალიან ცუდად იყო და ის სირთულე ვერ გადავლახე, რომ ახლა ის გვერდით არაა. როცა, უბრალოდ, ზიხარ და არაფრის შეცვლის მოტივაცია არ გაქვს, ეგ იყო ერთადერთი დეპრესია ჩემს ცხოვრებაში _ მივჩერებოდი კომპიუტერის ეკრანს და არ ვიცი, რას ვაკეთებდი. ასეთი მდგომარეობა გრძელდებოდა კარგა ხანს, სანამ ჩემს ცხოვრებაში სანდრა რუსლოვსი არ გამოჩნდა.

_ რას ნიშნავს, სანდრა რულოვსის გამოჩენა?

_ დედა რომ ცუდად იყო, მეც იმ პერიოდში ვიწექი საავადმყოფოში. ერთ დღეს მოითხოვა კალამი, ფურცელი და წერილის წერა დაიწყო. ყურადღება არ მიმიქცევია და ასე, უბრალოდ, დაწერა წერილი, რომლის ადრესატიც, თურმე, ყოფილი პიველი ლედი ყოფილა.

დედის გარდაცვალებიდან გადის 6 თვე და ერთ დღეს ისმის ტელეფონის ზარი, რეკავს მამაკაცი. ჩემი და პასუხობს, იმ რეჟიმზე რთავს ტელეფონს, რომ მე და მამაჩემსაც გვესმის ხმა. იკითხა დედაჩემი, _ ქ-ნ მაგულის სთხოვეთო. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან სანაცნობოდან ყველამ იცოდა, რომ დედა აღარ იყო ცოცხალი. _ ეს რომ უთხრა ჩემმა დამ, ისე შეიცხადა ამ კაცმა, თითქოს დედაჩემი მისთვის ძალიან ახლობელი ყოფილიყოს. რამდენიმე წუთში ხელახლა დარეკა და თქვა, _ სანდრას დავალებით ვრეკავ, სახლში თუ ხართო და ვუპასუხეთ, რომ ვიყავით. _ კარგი, მაშინ, ქუთაისიდან მოვა წარმომადგენელი თქვენთან და გაგესაუბრებათო. ისევ დეპრესიაში ვიყავი. ზაფხული იყო, 17 აგვისტო, 2 წელი და 1 დღე იყო გასული ავარიიდან, ყველანაირი მოტივაცია და მუხტი ჩამქრალი მქონდა. უცებ, მთელი უბანი მანქანებით გადაივსო და ვნახე, რომ ჩემ წინ სანდრა იდგა. ვიფიქრე, უკვე იმდენად გავგიჟდი, რომ ტელევიზორიც კი მელანდება-მეთქი და სანდრას რომ მივჩერებოდი, მისი ღიმილი, გამოხედვა ახლაც მახსოვს.

დედის წერილი მოიტანა, ჩემი ფოტოები, რომელიც, თურმე, მისთვის გაუგზავნია და დედაზე გაიგო ყველაფერი. იმ დღის მერე სულ მეხმარებოდა. ჩემი არაბიოლოგიური დედაა, რომელმაც იმ ჭაობიდან ამომიყვანა, სადაც ვიყავი.

თანხობრივადაც დამეხმარა, ბინითაც, ძალიან კარგი მეგობარია, მე დღეს რომ ჩემი საკუთარი სახლი მაქვს, ამაში სანდრას დიდი როლია. მერე პროექტი მოვიგე და ჩემს სახლში გადავედი. ახლაც მაქვს კონტაქტი. 23 დეკემბერს მისი დაბადების დღეა და ყოველთვის გამორჩეულად ვულოცავ.

_ აქ, ბანკში როგორ მოხვდი?

_ „თავისუფალი უნივერსიტეტი“ დავამთავრე, ბიზნეს-ადმინისტრირება და რატომ დავამთავრე ეს, მაგასაც ვერ ვხსნი, სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ერთადერთი ახსნა მოვუძებნე ის, რომ სიახლეები მიყვარს. მერე ეს ბანკი თვითონ დამიკავშირდა 2015 წელს, თავი შევიკავე, რადგან ჩემი ადგილი სცენაზე იყო და ჩემს თავზე ვმუშაობდი, ადამიანების კარგ განწყობაზე, თუმცა მერე დავიღალე და მინდოდა, სხვა რამეში მეცადა ბედი. ხელოვანისთვის საინტერესოა ასეთი სამსახურიც.

ჯერ საჯარო სამსახურში მინდოდა იმიტომ, რომ საზოგადოება მაინტერესებდა. ამ ბანკში მერე თვითონ გავაგზავნე მოთხოვნა, ტრენინგები გავიარე, არაჩვეულებრივად ჩავაბარე და დღეს საოპერაციო განყოფილებაში ვმუშაობ. ძალიან მომწონს ეს სამსახური, მაგარ გუნდთან მიწევს მუშაობა და ძალიან კომფორტულია ჩემთვის.

_ კლიენტები როგორ იღებენ, როცა ეტლით გხედავენ?

_ აქ ფანტასტიკურად დამხვდნენ, არ იყო შეცოდება, პირიქით, ძალიან ჩვეულებრივად. რაც შეეხება კლიენტს, როცა მოდის, ჩვეულებრივად ვემსახურები და მერე თუ სალაროში უნდა რამე ოპერაციის განხორციელება, თავისთავად გამოვდივარ და უცებ გაუკვირდებათ ხოლმე, თუმცა ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ერთის გარდა, რომელსაც უთქვამს: მე გავაკეთებ, არ გინდათო. ბევრს გაჰკვირვებია, მაგრამ იმდენად, რომ გახარებიათ და უთქვამთ, _ ძალიან კარგია, თემო, აქ რომ ხარ, დიდ პოზიტივს გვაძლევო. ზოგი მცნობს, ზოგი _ ვერა, მაგრამ ეს ყველაფერი მსიამოვნებს.

ყველაზე მეტად კვირა დღეზე მწყდება გული, რომ სამსახურში ვერ მოვდივარ, იმიტომ, რომ აქ ყველანაირი კომფორტი მაქვს და მიყვარს გუნდი, ვისაც ვხვდები. და კიდევ არის „პარაკლუბი“ _ ჩემი გუნდი, შშმ პირების, რომელშიც რამდენიმე სპორტსმენია გაწევრიანებული და აქტიურად მისდევს სპორტს. ამიტომაა, რომ ვამბობ, ორი გუნდი მყავს-მეთქი.

შეიძლება, ზოგჯერ ძალიან დაღლილი მივდიოდე სახლში, მაგრამ მიხარია, ეს დაღლა იმდენად სასიამოვნოა.

თუ დღეს სცენაზე არ ვდგავარ, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ დროებით გამოვსულიყავი იმ მდგომარეობიდან. ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული, კონკურსებზე საზღვარგარეთ გასვლა მიწევდა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე აღარ ცდილობდნენ, რომ დავეფინანსებინეთ. ბოლოს ყაზახეთში ვიყავი, საიდანაც მე-2 ადგილი ჩამოვიტანე და იმდენად ძლიერი კონკურენტი შემხვდა, 15 წლის მანძილზე მსოფლიო და 4 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მაქსიმ სედაკოვი იყო მეტოქე, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა და ის ჩემი მეგობარია. მის გვერდით მეორე ადგილი ძალიან დიდი შედეგია.

ახლა მომავალი წლიდან შეჯიბრებებზე გასვლა მიწევს და ჩემი გუნდის დიდი იმედი მაქვს, რომელიც გვერდით მიდგას და ზუსტად ვიცი, რომ მხარს დამიჭერს. ის ძალას მაძლევს, უფრო მეტი გავაკეთო.

_ ბავშვობიდან რა გენატრება ყველაზე  მეტად?

_ სკოლაში წასვლა და ის დეტალი, როცა სახლიდან გასვლისას დედა პირჯვარს მსახავდა.

_ რას ელოდები ცხოვრებისგან?

_ არასდროს ვკლავ დღევადელ დღეს ხვალინდელის იმედით. ველოდები, რომ ჩემგან ოფიციალური მსახიობი შედგეს, ძალიან მინდა ფილმში, სერიალშიც, თეატრშიც თამაში. მითამაშია კიდევაც თეატრში და ეს რაღაც სულ სხვა განზომილებაა. ადამიანმა თეატრი თუ არ იცის, მისგან მსახიობი არ გამოვა, ძალიან მაგარი რამეა, 3დ-ში უყურებ ცხოვრებას.

_ რა მუსიკას უსმენ ხოლმე?

_ რაც მსიამოვნებს, იმას, ყველა ჟანრს ვუსმენ, ძალიან მიყვარს კარაოკეში სიარული და მე თვითონაც ვმღერი კარაოკეს დონეზე. ძალიან ვაფასებ ქართულ მუსიკას, პირველ რიგში, ჩემსას.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ?

_ ვწერ წიგნს, ან მეგობრებთან ერთად ვარ. ცხოვრებაში ბევრი მეგობარი დავკარგე და მეტი შევიძინე. მეგობრებთან ვუყურებ ფილმებს, იმიტომ, რომ ძალიან მონატრებულები არიან. განსაკუთრებით საყვარელი ფილმი მაქვს, „ხელშეუხებელნი“ ჰქვია, ქართულებიდან კი „თეთრი ბაირაღები“ და „დათა თუთაშხია“.

_ შენი დევიზი რა არის?

_ კონკრეტულად არ მაქვს, მაგრამ მაინც სცენამდე მივდივარ სულ.

_ საყვარელი გამონათქვამი?

_ მე თვითონაც მაქვს გამონათქვამები, მაგრამ საყვარელია „ცხოვრება ისეთი რამეა, თუ ადამიანი სუსტია, ხან ერთ ტყავში გსვამს, ხან _ მეორეში, ამიტომ ძლიერი უნდა იყო!“

_ რას გაძლევს ყოველი ახალი დღე?

_ სიყვარულს, პოზიტივს და იმას, რომ ცხოვრება ძალიან მშვენიერია და ახალს ქმნი და მე ეს შემიძლია. ყველაზე მეტად ვერ ვიტან წუწუნს, რადგან ეს არის ძალიან ცუდი რამე, ეგ არ შეიძლება!

_ ვინ არის თემო არაბიძე?

_ ჩვეულებრივი „კა(რგ)ი ტიპი“, არავის ვგავარ. ჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც დაბადებულია თავისი საქმის საკეთებლად სცენაზე და თუ შეეძლება, რამე სიკეთეც დათესოს. მოკლედ რომ ვთქვა, თემო არაბიძე.

_ რა გაძლევს ხვალინდელი დღის იმედს?

_ ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, ჩემი გუნდი. და მოდის თაობა, რომელმაც იცის, ჩვენ როგორი ადამიანები ვართ და რა გვჭირდება. ერთხელ ბარათაშვილზე, გაჩერებაზე ვიდექი და ერთი ბავშვი მოვიდა, მე-5-6-კლასელი იქნებოდა, მეუბნება, _ დაგეხმარებითო. ეს იმიტომ, რომ ავტობუსები ადაპტირებული არ არის, თორემ შეურაცხყოფას კი არ გაყენებთო. იმდენად საყვარელი და პოზიტიური იყო, რომ ძალიან გამახარა.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ იყვნენ მეტად აქტიურები, ერთმანეთს დაუდგნენ გვერდით. არ აქვს მნიშვნელობა, რა ერის, ან რელიგიის წარმომადგენელი იქნება, ადამიანს სცენ პატივი და არ შეეშინდეთ, არ იცხოვრონ ვინმეს, ან რაიმეს შიშის ქვეშ. იყვნენ მეტად აქტიურები, გულწრფელები, კიდევ უფრო მეტად კეთილები და მინდა, რომ კარგად იყვნენ, ერთმანეს სცენ პატივი: მე თუ  სხვანაირად გადავაადგილდები, გიშლი ხელს რამეში? _ არა; სხვანაირად თუ ვცეკვავ, გიშლი ხელს რამეში? _ არა; და მე თუ სხვანაირი შეხედულება მაქვს, ხომ არ გახვევ თავს? არ უნდა გაღიზიანდე ამაზე.

_ რა არის მომავალი გეგმები?

_ არ მიყვარს დაგეგმვა, რადგან არაფერი გამოვიდა წინასწარ დაგეგმილი, ამიტომ ახლა მხოლოდ ჩემს სამსახურზე, მომავალზე, კარიერაზე ვფიქრობ, რომ მისია მაქვს და უბრალოდ, მინდა, ის მივიყვანო ბოლომდე, მისია კი იმ შშმ პირებისთვის მეტი მოტივაციისა და ენერგიის მიცემაა, რომლებიც სახლში სხედან ჩაკეტილები.

 

მისიის აღსრულებას ყოველდღე ხელახალი ენერგიით იწყებს ხელოვანი, რომელიც საუბრის დასრულების შემდეგ ისევ სამსახურის საოპერაციო კაბინაში დაბრუნდა ისე, რომ შესვენებისთვის განკუთვნილი დროც ჭამისთვის კი არა მკითხველისთვის მოტივაციის მისაცემად დახარჯა.

ის ყოველ წუთს ბედნიერებას ეძებს. ის არის ხელოვანი, ბიჭი მისიით.

 

ნინო ტაბაღუა