მეგი გოცირიძე: „პოლიტსაბჭომ 4-ჯერ წააგო არჩევნები – ეს ლიდერშიპი უნდა წავიდეს!”

„ნაციონალურ მოძრაობასა“ თუ, საერთოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი _ მეგი გოცირიძე:

_ ქალბატონო მეგი, როდესაც მთელი 4 წლის განმავლობაში ებრძოდით ამ ხელისუფლებას, თქვენი მხატვრული წიაღსვლებით თუ დოკუმენტების ფრიალით, წარმოიდგენდით, რომ კიდევ 4 წლით გახანგრძლივდებოდა ივანიშვილის ხელისუფლება?

_ ნამდვილად არ ველოდი ამას. ნანა დევდარიანს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა. ეს იყო ტოტალურად გაყალბებული არჩევნები. არჩევნები გაყალბდა არჩევნებამდე, საერთოდ არარსებული მისამართები იყო შეტანილი სიაში, მე ფაქტები დავდე და კიდევ შემიძლია მილიონჯერ დავდო ეს ფაქტები. პირდაპირ ეთერში მაქვს წაკითხული გვარები. იუსტიციის სამინისტრომ უპრეცედენტო რამ გააკეთა, ყალბი აიდი ბარათები დაბეჭდა. როდესაც აიდი ბარათებზე საუბრობდნენ, წულუკიანი „მხეცის ბეჭედზე“ გველაპარაკებოდა, გედევან ფოფხაძე კი კომიტეტის სხდომაზე აცხადებდა, _ არ ვიცი, „მხეცის ბეჭედია“ თუ ნიშანია შიგნით, მაგრამ არ ავიღებ ამ აიდი ბარათს და მორჩაო. მე ერთუჯრედიანი ინტელექტუალი მხოლოდ საქართველოში ვნახე და ეს არის გედევან ფოფხაძე! არ ავიღებო, თქვა და აიღო ეს ბარათი და, თურმე, იმდენად კარგი ყოფილა, ათიათასობით დაბეჭდეს! ამაზე ყველგან დაიწერა.

_ კი, ეს ყველაფერი ითქვა, დაიწერა, მაგრამ ამაზე საუბრობდა თქვენი პარტია?

_ პარტია… პარტია ინფორმირებული იყო, სოციალურ ქსელში სახელებით და გვარებით იწერებოდა, ვის მისამართზე ვინ იყო მიწერილი, იწერებოდა არარსებულ მისამართებზე, უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები წერდნენ, რომ საელჩოები ბლოკავდნენ, სიებში არ შეჰყავდათ… არჩევნები გაყალბდა არჩევნებამდე და ამას ხელი შეუწყო, დიახ, იმ პასიურობამ, დიახ, არ იყო სათანადო პროტესტი არჩევნებამდე, პარტია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო, ამაზე აქცენტს არ აკეთებდა. კარდაკარ რომ დადიხარ, სულაც არ ნიშნავს, რომ სიებს აკონტროლებ.

_ საერთოდ, რა აზრი აქვს, დეპუტატობის კანდიდატი რომ აიღებს თავს და კარდაკარ დაიარება? გჯერათ, რომ მაგ დროს ვინმე დარწმუნებულია, მათი პრობლემები კარს მიმდგარ პოლიტიკოსს ვითომ აწუხებდეს? კარს მიმდგარ პოლიტიკოსს იღებენ, როგორც ხმების მათხოვარს, რომელსაც არჩევნების წინ გაახსენდა მათი ხმები.

_ ვერ დაგეთანხმებით. როდესაც ოჯახებში მიდიხარ, ამას სხვადასხვა დანიშნულება აქვს: რეალურად არკვევ, შენი მხარდამჭერი ვინ არის და რამდენი.

_ ამ ამბავს ხომ აქტივისტიც მოგიტანს? რამდენჯერაც არ უნდა მომადგეს კარზე ადა მარშანია, ხმას მივცემ?

_ ის ადა მარშანია ხომ გაიგებს, რომ ხმას არ მისცემ? რომ არავინ აძლევს ხმას, ან აძლევს ათიდან ერთი?

_ და, აი, თქვენი პარტიის კანდიდატები რომ დადიოდნენ ჭონაზე, რას იგებდნენ? რომ იგებდნენ არჩევნებს? ამბავს როგორმე აქტივისტიც  მოიტანდა, ხმას აძლევდნენ თუ არა თქვენს კანდიდატს. ენერგია ამაზე უნდა დახარჯულიყო, თუ იმაზე, რომ მწვავე კამპანია წარმოებულიყო, მთელი ყურადღება იმაზე გადატანილიყო, რომ არჩევნები ყალბდებოდა არჩევნებამდე?

_ რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ აპირებდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას, რამდენჯერაც არ უნდა მისდგომოდა სერგო რატიანი, ვერ მოხიბლავდა იმით, ბუკლეტს რომ გადასცემდა. გეთანხმებით, ყურადღება უნდა გადატანილიყო იმ არარსებულ მისამართებზე, დაშინებებზე, უფასო სასადილოების ბენეფიციარები რომ გაიყვეს ინაშვილმა და „ოცნებამ“, 50-50 ლარები რომ გადასცეს, მათთვის ხმა რომ მიეცათ. სამარშრუტო ტაქსებით დაატარებდნენ ამ ხალხს და ეს არ უნდა გადაეღო პარტიას? ამ 50-ლარიანების ფრიალი არ უნდა გადაეღოთ? ჰქონდათ ეს ინფორმაცია! _ ჰქონდათ! არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით! დარბეული უბნები არ უნდა გადაღებულიყო?

_ რა იყო ეს, უბრალოდ, გულგრილობა, უთავბოლობა თუ მიზანმიმართული პასიურობა?

_ ამ გადასახედიდან, როგორც ვხედავ… მთელი ეს გამიჯვნობანა, მთელი ეს პინგ-პონგი, მომხრეების დაგმობა, იმ მომხრეებისგან გამიჯვნა, რომლებსაც წლების მანძილზე დაუმსახურებელი ტალახი ხვდებოდათ, ბოკერიებისთვის მოქნეული ცოცხი, ჯოგის ძახილი, იმის ძახილი, რომ თქვენი ხმები არავის სჭირდება, ამ გადასახადედიდან, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არ იყო უთავბოლობა, ეს იყო მიზანმიმართული ინერტულობა. ამ პოლიტსაბჭომ 4-ჯერ წააგო არჩევნები, დამთავრებული ამბავია, რა! ეს ლიდერშიპი უნდა წავიდეს. ამათ პოლიტიკის, არჩევნების ან არაფერი გაეგებათ, ან მიზანიმიმართულად აკეთებენ ამას, რომ „ნაცმოძრაობას“ არ გაემარჯვა. მოგებული არჩევნები წაგვაგებინეს!

_ კარგით, ახლა, გარკვეულ უბნებზე იყო ასე, სანდრა რულოვსს მართლა მოგებული არჩევნები წააგებინეს, მაგრამ თქვენ გჯერათ და გინდათ დამაჯეროთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ მთელ ქვეყანაში მოიგო არჩევნები?

_ დიახ, ჩვენ რომ არ მოგვეგო არჩევნები, ის უბედურება არ დატრიალდებოდა, რაც დატრიალდა. მთელი იმ უბედურებების მერე, რაც ხდებოდა, ჯერ ბავშვი დაახრჩვეს, რომ ჩვენ დაგვბრალებოდა, ცოცხები დადგეს, რაღა არ მოიგონეს, _ ორგანოებით ვაჭრობა, ათასი უბედურება. ყველამ გაიგო, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და, ამ ყველაფრის ფონზე, „ნაცმოძრაობა“ ყველგან მეორე ტურში გავიდა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა ფეხზე დაიკიდა „ოცნება“, საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე.

_ დაიკიდა, თუ დაიფინა, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ.

_ ეგ კანონის ხარვეზია, ამომრჩევლის ნახევარმა „ოცნებას“ უთხრა: კი, „ნაცმოძრაობა“ აღარ მინდა, მაგრამ თქვენ, საერთოდ, ვინ ხართ? ამომრჩევლის ნახევარი არჩევნებზე არ მივიდა, ვინც მივიდა, იმის ნახევარმა მისცა მათ ხმა, პრაქტიკულად, 23-24%-მა აირჩია ესენი და საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, ეს ხომ აბსურდია?

_ ახსენეთ, ყველამ გაიგო, რომ რასაც „ნაცმოძრაობას“ აბრალებდნენ, ბლეფი იყოო. როგორ ფიქრობთ, ყველამ გაიგო, რომ ბლეფი იყო ორგანოებით ვაჭრობა, რასაც აბრალებდნენ და ჩირქს სცხებდნენ სანდრა რულოვსს? სადმე რომელიმე არხზე გავიდა სამეცნიერო-პოპულარული ფილმი იმაზე, თუ საერთოდ როგორ ხდება ორგანოების გადანერგვა? ან ვინმემ სიტყვიერად მაინც განუმარტა ხალხს, რომ ასე თირკმლების ამალია ჯიბლაძისგან ნათხოვარი „კლეჩატი“ „სუმკებით“ თრევა არ ხდება? მიიჩნევდით, რომ ეს არის ბინძური ჭორი, რომელზედაც პასუხის გაცემა არ ღირს. საზოგადოების ნაწილმა კი არ იცის, როგორ ხდება ამ ორგანოების გადანერგვა და სჯერა ასეთი ზღაპრების.

_ გეტყვით: მეც მეგონა, რომ ასი კაცი არ მოიძებნებოდა საქართველოში, ვისაც იმის ახსნა სჭირდებოდა, რომ თირკმლების გადანერგვა ასე არ ხდება, რომ საშვილოსნოები არავის არაფერში სჭირდება. მე მჯეროდა, რომ ამიტომ არ უხსნიდნენ ხალხს ამას, მაგრამ… მას შემდეგ, რაც ვნახეთ, თუ როგორ შეუწყვეს ხელი სანდრას დამარცხებას, ვნახეთ, თურმე, როგორ ხვდებოდა სანდრას შტაბის ხელმძღვანელი კონკურენტს, ვნახეთ, როგორ დაირაზმა მთელი ლიდერშიპი სანდრას წინააღმდეგ, როდესაც სრულიად სამართლიანად უარი თქვა მეორე ტურზე, როგორ დაასდეს ბრალი მას ამომრჩევლის დეზორგანიზებაში… თურმე, სანდრამ მეორე ტურზე უარი თქვა ისე, რომ ლიდერშიპმა არ იცოდა ეს. ეს იყო ტყუილი! აქ ისე ეწყობა ყველაფერი ერთმანეთს, რომ მიზანმიმართულს ჰგავს ეს ყველაფერი!

_ გინდათ თქვათ, რომ მიზანმიმართულად არ ხდებოდა იმ ბინძური ჭორების გაქარწყლება, რაც სანდრა რულოვსზე იყო აგორებული?

_ რასაკვირველია. სანდრამ როგორ მოიგო, იცით? „ქართული ოცნების“ კანდიდატი საკუთარ სოფელში დადო ბეჭებზე ჰოლანდიელმა სანდრა რულოვსმა. სანდრამ, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, ხმების 30% აიღო და იმ ახალმა სახეებმა, რომლებმაც მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა, კიდევ პარტიის ფული დახარჯეს, იწვალეს, იმუშავეს, არც ერთს არ აუღია მაგდენი პროცენტი! როდესაც პირველი ტური ასე ტოტალურად გაყალბდა, „ოცნებას“ მეორე ტურში არ უნდა შევყოლოდით. ხომ ვნახეთ, 50 ოლქიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50-ვე წააგო და ეს იმთავითვე ცხადი იყო! ჩვენი ლიდერი ამბობდა, რომ როდესაც პირველი ტური ასე ტოტალურად გაგვიყალბეს, არავითარი აზრი არ აქვს მეორე ტურში მონაწილეობას, ყველას წაიღებენ, შეიძლება ერთი-ორი მოგიგდონო, მაგრამ არც ამას გააკეთებს ბიძინა, ყველას წაიღებსო, სამარცხვინოდ წავაგებთო, ამიტომ იბრძოლეთ, რაც პირველ ტურში აიღეთ, ის ხმები დაიცავით და 27-ით კი არა, შეიძლება, 35-40 დეპუტატით შეხვიდეთ პარლამენტშიო. არ დაუჯერეს, შეცვივდნენ პარლამენტში. არჩევნებამდეც არ აკლებდნენ და არჩევნების მერე საერთოდ გაემიჯნენ ამომრჩეველს. ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, _ არ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, აგერ თარხნიშვილმა პირდაპირ დაუწერა ეს, რაში გვჭირდებით თქვენ, თქვენმა უკრაინელმა დირექტორმა მომიქსია თქვენი თავი და ჩვენ რომ ფეხებზე დაგიკიდოთ, მერე რას შვრებითო? ეს დაუწერა ამომრჩეველს თარხნიშვილმა!  ესაა პარტია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამომრჩევლები აირჩიოს და არა ამომრჩეველმა აირჩიოს პარტია.

_ ლელა ქებურიამაც ხომ განაცხადა მხარდამჭერების ნაწილზე, სულიერ არსებებადაც არ განვიხილავო.

_ ლელა ქებურია ბოლო წუთამდე ქოცი იყო და ის „ნაციონალი“ ვერასოდეს გახდება, იმიტომ რომ ბუნებაში ყოფილი ქოცი არ არსებობს, ასევე ხოშტარია ელენე, ოთო კახიძე, ვერასოდეს გახდებიან „ნაციონალები“, იმიტომ რომ ბუნებაში ყოფილი ქოცი არ არსებობს. სამივე ჩვეულებრივი ქოცი იყო.

_ ოთო კახიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

_ მანამდე ფორუმზე დედას გვაგინებდა, ქოცი იყო. თბილისის ფორუმზე პოსტავდა და მიტინგებზე დადიოდა ეგეც და ლაკა ხოშტარიაც.

_ საერთოდ, რა პროცესებიც „ნაცმოძრაობაში“ დატრიალდა, ვის აწყობდა და აწყობს ეს ყველაფერი?

_ იმათ, რომელთაც სააკაშვილის დისტანცირება უნდოდათ და უნდათ საკუთარი პარტიიდან, ესაა ბიძინა ივანიშვილი და ის ხალხი, ვინც ივანიშვილს ამ სურვილის განხორციელებაში ეხმარება. არ ვიცი, ავტომატურად თუ მიზანმიმართულად, მაგრამ როდესაც შენ, პუტინსა და ივანიშვილს ერთი სამიზნე გყავთ, შენ ხარ ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და მტერთან თანამშრომლობ, მე ასეთ ადამიანებთან არ შეიძლება, რომ შეხება მქონდეს.

_ მოდის ყრილობა და თუ ყრილობა თქვენთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, რას იზამთ?

_ პოლიტსაბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავმჯდომარის საკითხი ღიად რჩება და ეს საკითხი აღარ უნდა დადგეს. კიდევ თუ დააყენებენ, ბუნებრივია, წააგებენ. თუ იქ 20 კაცს აკონტროლებენ, 7 ათას კაცს ვერანაირად გააკონტროლებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საკითხი რომ ისევ დადგეს, როდესაც ჩვენი პარტიის ლიდერი სკაიპით ჩაგვერთვება, ამ პარტიის სულისჩამდგმელი, ეს 7 ათასი კაცი ფეხზე რომ ადგება და აპლოდისმენტებით შეეგებება, რა მოხდება იქ? დევნილობაში მყოფი ადამიანი ნომერ პირველ პოლიტიკოსად აღიარა ევროპის უდიდესმა ქვეყანამ, ეს ადამიანი დღეს იქ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ფრონტის ხაზი სწორედ უკრაინაზე გადის და ვისაც ეს არ ესმის, იმას რა ესაქმება სააკაშვილის პარტიაში? უნდა წავიდნენ!

_ ანუ თქვენ ამბობთ, ის ნაწილი, რომელიც პოლიტსაბჭოზე ახალი თავმჯდომარის არჩევას ემხრობოდა, საერთოდ უნდა წავიდეს პარტიიდან?

_ სააკაშვილმა გარკვევით თქვა, მადლობა გადაუხადა იმ 25 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა 7-ათასკაციანი ყრილობის მოწვევას და თავმჯდომარის საკითხის ღიად დატოვებას. მადლობა გადაუხადა და ღიად თქვა, რომ მე მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემს დისტანცირებას პარტიიდან მხარი არ დაუჭირესო. მე გეკითხებით თქვენ, იმ ადამიანებთან ერთად როგორ ვიბრძოლო ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლებიც ივანიშვილთან ერთად ებრძვიან სააკაშვილს? უნდათ, რომ მიშა პარტიას ჩამოაცილონ!  ივანიშვილს სხვა რა უნდა? სანამ ივანიშვილს სააკაშვილის სუნთქვა ესმის ყურში, სადაც არ უნდა იყოს, იქამდე მოსვენებას კარგავს, არ არის ადეკვატური. აქედან გამომდინარე, მე იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც რაც ივანიშვილს უნდა, იგივე უნდა, როგორ ვებრძოლო იმავე ივანიშვილს, ვინც სამიზნედ გვყავს მე და სააკაშვილს ერთად?

_ თუ თავმჯდომარის არჩევა საერთოდ აღარ დადგა დღის წესრიგში და პარტიის ეს ნაწილი პარტიაში დარჩა, თქვენ რას იზამთ? დატოვებთ პარტიას?

_ მათ, ვინც 4-ჯერ წააგო არჩევნები, უნდა წავიდეს, ლიდერშიპში ვერ დარჩებიან და ახლა, თუ რიგით წევრებად იქნებიან იმ პარტიაში, რომლის მხარდამჭერებსაც გაემიჯნენ, იმ ადამიანებს გაემიჯნენ, რომლებმაც მიიყვანეს და წითელ სავარძლებში ჩასვეს, ვისი ხმა უნდა იყვნენ, ვის წარმოადგენენ ეგენი? თან ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდაო, თან ამდენი ავიღეთ, მეტი ხმა არ აგვიღიაო. კი გაყალბდა, მაგრამ ჩვენ მეტი არ აგვიღიაო… აბსოლუტურად აჭრილები არიან, რადიკალურად განსხვავებულ რაღაცებს წერენ და ლაპარაკობენ. ფაქტი ერთია, ხმები არ დაიცვეს! როდესაც ეუბნები, რატომ არ დაიცავი ხმები და რატომ არ გვაბრძოლე,  გეუბნებიან, 900 ათასი ხმა გჭირდებოდა, ბიძინა რომ დაამარცხოო და 900 ათასი ამომრჩეველი არ გვყავსო. ეს არის ზუსტად ივანიშვილის ლოგიკა. რა 900 ათასი ამომრჩეველი?! რის 900 ათასი ამომრჩეველი?! ვინ რა იცის, რეალურად, რა სიები იდო? საერთოდ ცინიზმზე გადავიდნენ და გაიძახიან, რომ, თურმე, მიშამ დაგვაკარგვინა ხმები! ესაა უდიდესი შეურაცხყოფა იმ 500 000 ამომრჩევლის, რომელმაც სწორედ სააკაშვილის გამო მოგვცა ხმა! „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება არა კაკო ბობოხიძესთან, არამედ მიხეილ სააკაშვილთან. სააკაშვილზე რასაც ახლა ლაპარაკობენ, ეს ეთქვათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, აბა? ეთქვათ, რომ ეს პარტია მიშას ემიჯნებოდა და ვნახავდით, თუ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს. სააკაშვილს იმაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა, რაც პარტიას გაუკეთა? მარტო ერთმა მიშამ მოუტანა პარტიას 500 ათასი ხმა. სულ რომ ფეხებით დაეკიდონ, გაგიჟდნენ და ცოფები ყარონ, ვინ რა ხმები აიღო, ძალიან კარგად ვიცით! მაჟორიტარებმაც კი, 90%-მა, მიშას გამო აიღო ის ხმები, რაც აიღო. ამას ვიტყვი ყველგან, ეს არის რეალობა, რაზეც გიჟდებიან, წივიან და კივიან. ბოკერიამ იყაროს ერთხელ მაინც კენჭი მაჟორიტარად! 20-25 წელია, პუტჩისტობიდან მოყოლებული, პოლიტიკაშია, ერთხელ იყაროს მაჟორიტარად კენჭი და რამდენ ხმას აიღებს, ვნახოთ, რა! ზიზღის კოეფიციენტი რამხელა აქვს, ვნახოთ. ჩემი ცოლის დაქალების (თარხნიშვილის ცოლის) ჩატარებული კვლევებით, თურმე, ბაქრაძე რომ უფრო მაღალრეიტინგულია, ვიდრე მიშა სააკაშვილი, ეგ ხომ სასაცილოა?  ბელადომანიას რაც შეეხება, გიგა ბოკერიას ბელადი არის ლევან რამიშვილი და სულიერი მამაც. იქით მოიკითხონ ბელადები. ჩვენ ვებრძვით ივანიშვილის რეჟიმს, ჩვენ ბელადი არ გვყავს, ჩვენ გვყავს პარტიის ლიდერი, ყველა პარტიას ჰყავს ლიდერი. შეუძლებელია პარტია ლიდერის გარეშე და ახლა ბოკერიას უნდა, რომ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ბოკერია აღიაროს მიშას საპირწონე ლიდერად და ეს რომ ბოდვაა და სრული აბსურდია, უნდა შეეგუოს. იცის ეს მანაც და პირველი ლედობა რომ უნდა, იმანაც იცის. რაც უნდათ, ის ქნან.

_ გინდათ თქვათ, რომ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელმა ლიდერშიპმა სააკაშვილი გამოიყენა ხმების მოსაზიდად?

_ აუცილებლად. მიშას ავტორიტეტი და ჩვენ გამოგვიყენეს, მიშას მხარდამჭერები, ამომრჩეველი, როგორც გვიწოდეს, ჯოგი.

_ თქვენ არ გახსოვთ და მინდა გაგახსენოთ, სააკაშვილისთვის და მისი მომხრეებისთვის პირველად არ უწოდებიათ ჯოგი… სააკაშვილის მხარდამჭერები ჯოგად 2003 წელს მოიხსენია ედუარდ შევარდნაძემ.

_ ეგ ნამდვილად აღარ მახსოვდა, მაგრამ ის კარგად მახსოვს, რაც მაგის ძახილს მოჰყვა… როგორც დამთავრდა, ისე დამთავრდება ახლაც ზოგიერთისთვის. ზუსტად მაგ ე. წ. ჯოგმა მოიყვანა და ჩასვა ეგ 27 დეპუტატი იმ წითელ სავარძლებში, ზუსტად იმ ყოჩის ავტორიტეტით მოვიდნენ ამ ქოცდუმაში, გოსდუმის ფილიალი რომაა საქართველოში. კვიციანთან, ადა მარშანიასთან და ინაშვილთან ერთად რომ დაჯდები, კობა ნარჩემაშვილი რომ გეყოლება იქ და ვანო რომ ციხეში იქნება ამ დროს… რა გააკეთეს ამით, ხმების არდაცვით და იქ შევარდნით? თავპირის მტვრევით რომ შეცვივდნენ? ჩვენი პოლიტპატიმრები ნარებზე დატოვეს და თვითონ წითელ სავარძლებში ჩასხდნენ. 4 წლით გაუხანგრძლივეს ადამიანებს პატიმრობა. ამათმა რომა შამათავა ციხეში ჩატოვეს! ივანიშვილმა არჩევნების ინსტიტუტი გააუქმა და ეს გაუთეთრეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და სავარძლებში ჩასხდნენ. ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთო. რა ტრიბუნა უნდა გამოიყენონ? ახლა „რუსთავი 2“ ხომ მიაქვს ივანიშვილს, ეგ ტრიბუნა ურტყან თავში ივანიშვილს. აი, რაში უნდა გამოიყენონ! ძალიან კარგი ტრიბუნა ჰქონდა „რესპუბლიკურ პარტიას“, პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავდა, სამი მინისტრი ჰყავდა და 22 ათასი ხმა აიღეს. რომელ ტრიბუნაზეა ლაპარაკი? რისი გამკეთებლები არიან?

_ ამ შიდაპარტიული ძიძგლაობის გადამკიდე, ფრიად კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, აღარავის ახსოვს, დაისვენა ლანძღვისგან, კრიტიკისგან.

_ იმიტომაც, რომ ბიძინას დაგეგმილია ეს ყველაფერი. ბიძინას დაგეგმილია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა. ახლა მარგველაშვილს გაიქნევს, ბერას აკურთხებს, ალბათ, პრეზიდენტად, მეფედ, მერე ეს გამიჯნულები, პეროიანები, ბლანჟეებიანები,  „სვეცკები“, დედადუ და მამადუ ხიდაშელ-უსუფაშვილები გაერთიანდებიან და რა ვიცი, ერთ 5%-ს მოაგროვებენ, ბიძინაც მიეხმარება, რომ ბარიერი გადალახონ და დანიშნავს ოპოზიციად.

_ ეს 2020 წლის გეგმაა?

_ ხო, მაგრამ ესაა სრული აბსურდი, ქვეყანაში რაც ხდება, ლარს გაფერადება კი არა, ლარს უნდოდა გამყარება, მიშას დაჭერა კი არა, ლარი უნდა დაეჭირათ. ეს ხელისუფლება ამ ზამთარს თუ გადააგორებს, გაზაფხულიდან აქ ისეთი ამბები დაიწყება…

_ გასაგებია, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ლიდერი არ არის და ქუჩაში ხალხი გამოცვივდება, ამით რევოლუციას კი არა, ბიშკეკს მივიღებთ.

_ რევოლუციას სულაც არ ვფიქრობ, პროტესტის ტალღაზეა საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, სულ ტარდებოდა საპროტერსტო აქციები, ვინ ჰყავდათ ლიდერეები, ეკა ბესელია? ხალხი იყო იქ, ხალხი იყო მოტივირებული.

_ ლიდერი ხომ მაინც უნდა, რევოლუციამდე მიმყვანი თუ არა, მიტინგის ჩამტარებელი მაინც?

_ მერე, არიან ჩვენთან, ლიდერების მეტი რა არის? ვინც ივანიშვილს ებრძვის, ყველა ლიდერია, ვისაც არ ეშინია, პატრიოტი, მებრძოლი ადამიანია.

_ კი მაგრამ, მაშინ ამ 4 წლის მანძილზე, რატომ არ ააგორეთ ტალღა?

_ იმიტომ, რომ ესენი გვაკავებდნენ, „არასვეცკური“ იყო აქციები! მსოფლიოში არსებობს ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც ასეთ უბედურებებს არ აპროტესტებენ, რაც აქ ხდება? ამათ „სვეცკად“ მოინდომეს, თეთრი ხელთათმანებით რომ შესულიყვნენ ლაკები და მაკები პარლამენტში. იქ მიკროფონები, ტრიბუნა გამოეყენებინათ და ვინ პლანს როგორ ეწევა, იმაზე ელაპარაკათ.

_ ეს პარლამენტი გაატანს 4 წელი?

_ გამორიცხული ამბავია, ქვეყანაში უკიდურესი სიღატაკეა, ამის გაძლება, უბრალოდ, შეუძლებელია, ოთხი წელი კი არა, 4 თვე რომ გავა, ნახავთ აქ, რაც მოხდება. მთელ საქოცეთს ერთიანად აჟრიალებს და ისეთს დააჟრიალებს ამათ ხალხი…

_ ხო, მაგრამ ცოტა ხომ არ აზვიადებთ? ხომ ფაქტია, რომ დიდმა ნაწილმა ისევ ამათ მისცა ხმა?

_ რომელმა დიდმა ნაწილმა?

_ ვინც მივიდა არჩევნებზე, იმათმა დიდმა ნაწილმა.

_ ნახევარი საქართველო არ მივიდა.

_ გასაგებია, ნახევრის ნახევარმა ხომ მისცა ხმა?

_ ნახევრის ნახევარი არის ადმინისტრაციული რესურსი. სიპებში, იცით, რა ხდება? _ 150 ათასით გაზრდილია შტატები, გადაამრავკლეთ 4-ზე და ეგაა, მეტი კი არაა. ადმინისტრაციული რესურსის მოყვანილია ეს ხელისუფლება. ჩვენ ნახევარი მილიონი მივედით და „ნაცმოძრაობას“ მივეცით ხმა, ნახევარ მილიონ ადამიანს ეხუმრებით თქვენ?

_ და იმ მეორე ნახევარ მილიონს თქვენ ეხუმრებით, გინდ ადმინისტრაციული დაარქვით, გინდ კორპორაციული?

_ რას იზამს? გამოვა და დამიპირისპირდება, რატომ აპროტესტებო? ძალიან მალე ის ხელფასები აღარაფერში ეყოფათ და ეგენიც ჩვენს მხარეს დადგებიან, აგერ ნახავთ. ჩვენ გავუშვით შანსი, როდესაც ხმები არ დავიცავით. ეს შეცდომა დაუშვა ლიდერშიპმა, პოლიტპატიმრები ციხეში ჩატოვეს, მარტო ამიტომ ღირდა, რომ ეს რეჟიმი დაგემთავრებინა.

_ კი მაგრამ, იქნებ, მართლაც არ იყო საკმარისი მუხტი ქუჩაში გამოსასვლელად? ეს ყველაფერი ამაო თავგანწირვა იქნებოდა და ქვეყნის არევა.

_ მეტი რაღა უნდა აირიოს? ეკონომიკა არავინ იცის, სადაა, ყველაფერი ჩამოშლილია, ქრთამის მიცემა ჩვეულებრივი ამბავია, უბედურება ტრიალებს ქვეყანაში. მუხტი ასე არ იწევა, არჩევნებამდე მუშაობა იყო საჭირო. იმისთვის, რომ მუხტი აწეულიყო, 4 წლის მანძილზე ივანიშვილის კოლბას არ უნდა მოცილებულიყავი! „ვარდების რევოლუციამდე“ 2 წელი სახლში არ შევსულვართ, 2 წელი ვაჯანჯღარეთ შევარდნაძე! ყველა ხედავდა, რომ არჩევნები ყალბდებოდა, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მუხტი აწეულიყო. ეს ყველაფერი ხელოვნურად გაკეთებული იყო, რომ მუხტი არ ყოფილიყო და მერე ეთქვათ, მუხტი არააო.

 

რეზო შატაკიშვილი