თემურ ჯანაშია: ,,პრეზიდენტის დაცვა იგივეა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა”

ja2

სახეზე ვიცნობდით. ჯერ შევარდნაძეს იცავდა, მერე მიხეილ სააკაშვილს. სამსახური ისეთი ჰქონდა, უმეტესად, კადრს მიღმა უწევდა ყოფნა. ინტერვიუები არასოდეს მიუცია მანამ, სანამ ქართულმა მართლმსაჯულებამ კურიოზული ე. წ. პიჯაკების საქმე არ დაიწყო. ახლახან გაირკვა, რომ პიჯაკები, რომელზეც გენერალ თემურ ჯანაშიას ბრალი წაუყენეს, საერთოდ არ იყო მისი შეძენილი.

 

რაკი სიტყვაძუნწი გენერალი ადვოკატთან ერთად პიჯაკების საქმეზე მოვიხელთე, სიტუაციით ვისარგებლე და რამდენიმე არაფორმალური კითხვაც დავუსვი:

 

_ ბატონო თემურ, ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებ, უნდა გკითხოთ: აგვისტოს ომის იმ ცნობილ ეპიზოდზე, რომელსაც ათასნაირი ინტერპრეტაცია მიეცა, იყო თუ არა დაბომბვის საშიშროება და რატომ აღმოჩნდა სააკაშვილი მიწაზე?

 

_აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი იშვიათად იყო პრეზიდენტის სასახლეში. ომის პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდით საბრძოლო პოზიციებთან ახლოს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ავიაცია, რომელიც საზღვრისპირა პერიმეტრს ბომბავდა. მახსოვს, დავით კეზერაშვილის ესკორტს ერთი თვითმფრინავი დაედევნა და რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო. მაშინ ესკორტში მყოფები გადარჩნენ. სწორედ ამის გამო სტრატეგია შევიცვალეთ, გადაადგილება უფრო ფარულად ხდებოდა გაშლილი ესკორტით. ყველა გადაადგილებას, ფაქტობრივად, სხვადასხვა მარშრუტი ჰქონდა, პრეზიდენტ სააკაშვილს შეუმჩნევლად ვატარებდით.

 

იმ დღეს უცხოელებთან შეხვედრა გვქონდა. გორის ცენტრში უმართავი სიტუაცია იყო, ადგილზე ძალიან ბევრი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ადგილობრივი მოსახლეობაც შეკრებილი იყო, მათთვის ერთადერთი იმედი პრეზიდენტის დანახვა იყო, უნდოდათ ენახათ, რამდენად მხნედ გამოიყურებოდა. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. ჩემს სახლშიც დადიოდნენ ჩემი ახლობლები. აინტერესებდათ, ევაკუაცია გავუკეთე თუ არა ჩემს ოჯახს. რა თქმა უნდა, მოსვლისთვის სხვა მიზეზებს იგონებდნენ, მაგრამ, ძირითადად, ეგ აინტერესებდათ, იმიტომ, რომ ქვეყანა ბრძოლის ხაზზე იდგა, ეს იყო ომი და ძლიერ აგრესორს ვებრძოდით.

 

ამ შეხვედრის დროს, უცხოელებთან საუბრის შემდეგ, განაპირას მდგომმა ორმა სამხედრომ თვითმფრინავი შენიშნა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოემართებოდა. სამხედროების შეძახილის შემდეგ ჟურნალისტების პანიკა ატყდა. ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივებიც იყვნენ. ამ პანიკის შემდეგ უსწრაფესად გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი საევაკუაციო მანქანით გაგვეყვანა, რადგან, ძირითადი ესკორტის მანქანები ჩახერგილი იყო. გადაადგილების დროს ასეთი რამ მოხდა: დაცვის თანამშრომელი, რომელიც პრეზიდენტის წინ აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა, ბორდიურთან წაბორძიკდა და წაიქცა,  მის შემდეგ პრეზიდენტი მოდიოდა და უკან მოჰყვებოდა დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც მას ზურგს უფარავდა. წაქცეული წინა თანამშრომელი სააკაშვილს ფეხებში გაებლანდა, იგი დაეცა და მარჯვენა ხელის მთელი მტევანი ასფალტზე გადაიტყავა. როგორც ჩანს, სწორედ აუტანელი ტკივილის გამო აქვს კადრში ასეთი სახე. დაცვის დანარჩენი თანამშრომლები ინერციით მიყვნენ მას. სხვათა შორის, მომდევნო დღეების კადრებში კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს ხელი შეხვეული აქვს. სულ ეს იყო ის ეპიზოდი, რომელსაც ათასგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თვითმფრინავი თავს დაგვტრიალებდა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ის ადგილი დაებომბა, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა.

 

აი, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, ამხელა ტკივილის მერე, ამ წაბორძიკების შემდეგ, მოძრაობა რომ გავაგრძელეთ,  თანამშრომლები გარშემო ხალხს აწყნარებდნენ, რომ პანიკა არ ყოფილიყო. ამ დროს სააკაშვილს შეწუხებული სახე აქვს და, რეალურად, ეს შეწუხებული სახე არის, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო, რომ გადატყავებული ხელი სტკივა და მეტი არაფერი, თორემ იქ ჩემს სახეს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მშვიდად ვარ, არც სხვა თანამშრომელია დაპანიკებული… ეს იყო, უბრალოდ, შეწუხებული ადამიანის სახე, მეტი არაფერი.

 

სხვათა შორის, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დაბომბვის რეალური საფრთხე არსებობდა.

 

თუ გახსოვთ, როცა სტრატეგიული გამანადგურებელი ჩამოვარდა, მაშინაც ეს ინფორმაცია წინასწარ მივიღეთ. პრეზიდენტი სასახლიდან გამოვიყვანეთ, ფაქტობრივად მთელი ღამე ქუჩაში დავდიოდით. ამ დაძაბული სიტუაციის გამო ღამეები არ ეძინა.

 

_ ანუ საფრთხე იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაებომბათ?..

 

_ კი… რეალური საფრთხე იყო და ამის შესახებ გაგვაფრთხილეს… მეტსაც გეტყვით: ჩვენთან ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც გვითხრა, რომ რუსებმა გააფრთხილეს, საელჩოს თვითმფრინავი აეროპორტიდან გაეყვანათ, რადგან აეროპორტის დაბომბვას აპირებდნენ. ეს ის პერიოდია, როცა რუსები უკვე თბილისის მიმართულებით წამოსვლას გეგმავენ. დიდი ძალისხმევის შედეგად, რამდენიმე ევროპელი პრეზიდენტი ჩამოვიდა დასახმარებლად, რამდენიმე ელჩიც, რომლებმაც აეროპორტში კარვის გაშლის და იქ ყოფნის სურვილი გამოთქვეს. ასე გვიჭერდნენ მხარს! ფაქტობრივად, 24 საათი სააკაშვილი დანარჩენ მსოფლიოსთან ხაზზე იყო. ყველაზე სასაცილო, რაც გახლდათ, მე მირეკავდნენ ხან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხან რომელიღაც ქვეყნის ელჩი, ხან ვინ რეკავდა და ხან _ ვინ, დღემდე არ ვიცი, ვინ საიდან იგებდა ჩემს ნომერს…

 

_ ბატონო თემურ, 2003 წელს, როცა შევარდნაძე დარბაზიდან გაიყვანეთ და სააკაშვილმა მას ჩაი დაულია, იფიქრებდით, რომ სააკაშვილის შეთავაზებას მიიღებდით და დათანხმდებოდით, მისი დაცვის ხელმძღვანელი ყოფილიყავით?

 

_ მოდით, ასე ვთქვათ, სააკაშვილს ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია, ეს იყო ჩვეულებრივად სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. 2004 წლის 25 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა. 27 იანვარს პრეზიდენტის დაცვის უფროსის მოადგილედ დავინიშნე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე არ ვიცი, გადაწყვეტილება კონკრეტულად ჩემზე რატომ მიიღეს. რა თქმა უნდა, მანამდე ბევრი წელი ვიმსახურე, გამოცდილებაც მქონდა, თვითონ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც ერთი პრეზიდენტი დაცვის სამსახურს არ მოერგება, ამიტომ, დაიცვა პრეზიდენტი, უდავოდ დიდი პასუხისმგებლობაა.

 

_ სააკაშვილი ჯიუტი იყო? ხშირად ჯიუტობდა, თუ დამჯერი დაცვის ობიექტი იყო?

 

_ პრეზიდენტი დაცვის სამსახურს არ მოერგება. დაცვის სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა დაიცვას პრეზიდენტი, ამასთან ერთად, უნდა დაიცვას მისი იმიჯი, საქმიანობა, იმიტომ, რომ პრეზიდენტის საქმიანობა ბევრ ისეთ საკითხს მოიცავს, რაც დაცვისთვის ძნელად პროგნოზირებადია. პრეზიდენტს ცალკე შეხვედრებიც აქვს. შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს, რომ სხვა ქვეყანაში მარტო წავიდეს. მილიონი ვარიანტია, ყველაფერს ვერ გაწერ, დაცვის სამსახური მოქნილი უნდა იყოს. პრეზიდენტს და მის უნარ-ჩვევებს უნდა აეწყოს. რა თქმა უნდა, 36 წლის პრეზიდენტის დაცვა ძირეულად განსხვავდება 70 წლის პრეზიდენტისგან, იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა აქტივობაა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს შემოთავაზება ტრადიციული შემოთავაზებაც არ იყო, ჩვეულებრივი სამხედრო ვიყავი, ბრძანება მივიღე და მუშაობა იქ გავაგრძელე, სადაც გამამწესეს. ის პრობლემაც იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ მერე მეგონა, ვიღაცა თვალს გამაყოლებდა, _ აი, ეს შევარდნაძეს იცავდა… იმიტომ, რომ ჩვენთან იმის შეგნება არ არის, ვიღაცას რომ იცავდი, ეს მოვალეობაა. სიტყვაზე: მღვდელი, რომელსაც მრევლი ჰყავს და რომელიმე კონკრეტული პირი ცუდ რამეს თუ ჩაიდენს, მღვდელსაც ვსდიოთ, რატომ ზრუნავდი იმის სულიერ განვითარებაზეო?!

 

_ არ გიჯერებდათ?

 

_ სააკაშვილი აბსოლუტურად პრაგმატული ადამიანია. თუ დასაბუთებულ უარს მიიღებდა, იმ შემთხვევაში დაგიჯერებდა. ერთ მაგალითს გეტყვით: პრეზიდენტი ბათუმში მიფრინავდა. ამ დროს ბაჩო ახალაიამ დამირეკა და გამაფრთხილა, რომ აფხაზებმა „EDES 200 “ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განგაშით დაქოქეს, რაღაცისთვის ემზადებიანო… შეიძლება, მაშინ სასწავლო პროცესი იყო, დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა. პრეზიდენტი აეროპორტში გახლდათ, მეც გზაში ვიყავი, ბათუმში წასვლას არ ვაპირებდი. ამ დროს უკვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ვიყავი, კონტინგენტი, სამსახური ძალიან დიდი იყო და ხანდახან შეხვედრებზე პირადად არ ვახლდი ხოლმე. აეროპორტში რომ მივედი, თვითმფრინავში დამხვდა. ვუთხარი, ასეთი და ასეთი ამბავია, აფხაზეთში განგაში გამოცხადდა და რა ვქნათ, გაფრენის რეკომენდაციას თავდაცვის სამინისტრო არ გვაძლევს-მეთქი. მიყურებს ღიმილიანი თვალებით და, _ კაი, ახლა, რა ვქნაო, ბათუმში ყოველდღე დავდივარ, ხან მესტიაში დავფრინავთ, ახლა რომ არ გავფრინდეთ, მერე ყველა გაფრენაზე განგაში უნდა გამოაცხადონ, ამიტომ ახლა უნდა გავფრინდეო. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, იმიტომ, რომ, ზოგადად, ქვეყნის ლიდერი არასდროს არაა მხდალი, არც შევარდნაძე იყო მხდალი, არც სააკაშვილი. თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანი პრეზიდენტი ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ ის განსაკუთრებულია, მას მოსახლეობა უჭერს მხარს, ამიტომ არ შეიძლება, პრეზიდენტს სიმხდალის ელემენტები ჰქონდეს. რა ვქნა, სამსახურის უფროსი ვარ და გვერდით დავუჯექი. მკითხა, _ შენ სადღა მოდიხარო? _ რა ვიცი, წამოვალ მეც, მეტს ვერაფერს ვიზამ-მეთქი. გაეცინა. რა თქმა უნდა, ბათუმში ჩავედით, მერე უკან მანქანით დავბრუნდი. არასოდეს შეშინებია მსგავს სიტუაციაში.

 

ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც დამისაბუთებია. მთავარი იყო, როგორ დაუსაბუთებდი და რამდენად აუხსნიდი საფრთხის იმ შედეგებს, რაც ამა თუ იმ მოქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ასეთ დროს ყველაფერს პრაგმატულად უდგებოდა.

 

_ ბატონო თემურ, ერთია პიჯაკებისა და ქიშმირის პალტოს საქმე, რომელზეც ბრალი წაგიყენეს და მეორეა რეალური პრობლემა, რომელიც მხოლოდ თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს. პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად იქნებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათ შორის, რუსული სპეცსამსახურების სამიზნეც. შევარდნაძის პერიოდისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა პრეზიდენტზე თავდასხმის, არც ერთი ჩანაწერი და ვიდეომასალა არ მოხვედრილა სხვა ქვეყნის ხელში. ეს ფაქტია.

 

_ თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ საქმეში მარტო არ იყო, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადაადგილების უზრუნველყოფაში მუდმივმოქმედი გეგმები იყო, დაცვით ღონისძიებებში ისინიც იყვნენ ჩართულნი, ამიტომ მარტო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ნუ დავაბრალებთ. დაცვის სპეციფიკაში ამას წრეებს ვეძახით: პრეზიდენტის დაცვა ქვეყნის საზღვრის დაცვიდან იწყება, _ ვთქვათ, ერთი წრე შეიძლება შემოვავლოთ, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წრე, შემდეგ შს სამინისტროს წრე, ასე ნელ-ნელა ეს წრეები მცირდება და პრეზიდენტამდე მოდის. პრეზიდენტის ბოლო ხაზი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პირადი დაცვაა. იმის იქით მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის დაცვა იგივეა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

 

_ როგორი ადამიანია მიხეილ სააკაშვილი? მუდმივად ვრცელდებოდა ჭორი, რომ ის ძალიან მძიმე ხასიათისაა, გადაწყვეტილებებში დიქტატორია, ხშირად ჩხუბობს, ვიღაცეებს სცემს, საფერფლეებს ისვრის და ა. შ. რეალურად და გულწრფელად მაინტერესებს, როგორია თქვენი თვალით დანახული მიხეილ სააკაშვილი?

 

_ საფერფლის თემაზე სულ მეცინება, იმიტომ, რომ მიშას ცხოვრებაში არ მოუწევია სიგარეტი და რატომ უნდა ჰქონოდა საფერფლე, დღემდე ვერ გავარკვიე, მისი ხასიათი როგორ აღვწერო?..

 

_ როგორსაც იცნობთ…

 

_ ჩემს თვალში მიხეილ სააკაშვილი იმდენად დიდი ენერგიით აღსავსე ადამიანია, მის ტემპს ჩვეულებრივი ადამიანი ვერც აჰყვება. თუ კაბინეტში ჩხუბობდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ, იმის ნიშანი იყო, რომ ვიღაცას ეკამათებოდა, ან ვიღაცის აზრს ყურადღებას აქცევდა. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არასდროს იღებდა. მე მახსოვს, ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს ყოველთვის რაღაც თათბირი ჰქონდა, იქ იქნებოდა ძალოვანი მინისტრები, თუ ეკონომიკური გუნდი… ვერ ვიტყოდი, რომ ერთპიროვნულ, დიქტატორულ გადაწყვეტილებას იღებდა. ხასიათი ჰქონდა რბილი. ალბათ, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ საპრეზიდენტოდ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, მე ასე მგონია. შეიძლება, ვიღაცამ ფეთქებადი დაარქვას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ფეთქებადობა რომ ჩაივლიდა, ჩვეულებრივად რბილი მეგრელი რჩებოდა. ყველაზე მეტი კონფლიქტი, ალბათ, მე მქონდა, როგორც დაცვის უფროსს…

 

_ რაზე ეჩხუბებოდით?

 

_ მილიონ რაღაცაზე „მიჩხუბია“, ამ ჩხუბს ისეთ ჩხუბად ნუ აღიქვამთ, თითქოს ერთმანეთს ხელს ვურტყამდით, ან ვუყვიროდით. ჩვენი ჩხუბი შემოიფარგლებოდა დაცვის ღონისძიებებზე კამათით. ხანდახან რაღაც სხვა თემებზეც გვისაუბრია, მაგრამ ყოველთვის, სხვა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დამოკიდებულებას რომ ვუყურებდი, ისეთი შემთხვევა ყოფილა, რაღაცაზე ნაწყენი, მეორე წუთში, შერიგებაზე წამოსულა. თუ გეჩხუბებოდა, მეორე წუთში დაგირეკავდა… ყველაზე მარტივ რაღაცაზე ვიჩხუბებდით, რაღაც პერიოდის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ მთლად ისე არ იყო, როგორც თვითონ ეგონა და თავის მოსაქონად ბევრჯერ მომაძახებდა ხოლმე, „ხო, როგორც ყოველთვის, შენ იყავი მართალი“… (იცინის)

 

_ ეს ადამიანის კარგი თვისებაა და არა ცუდი… ახლა პიჯაკებისა და ქიშმირის პალტოზე მითხარით, რომელიც თქვენ არ გიყიდიათ…

 

_ კი, პიჯაკები და ქიშმირის პალტო ჩემს დროს არ არის ნაყიდი, ჩემი წინამორბედის დროსაა, მხოლოდ ყიდვის პროცესს შევესწარი… თვითონ სიტუაცია კომიკურია, ჩემამდე დახარჯულ ფულსაც მე მედავებიან და ჩემამდე ნაყიდ პიჯაკებსაც… ხატია ბუნიათიშვილისთვის გაგზავნილ თაიგულზე ვაღიარებ, რომ ჩემი შეძენილია.

 

_ ბატონო თემურ, ელოდებით თუ არა, რომ ამ ყველაფრის გამო  არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და გენერალ კაცს თაიგულისა და არშეძენილი პიჯაკების გამო ციხეში მოგიწევთ ყოფნა?

 

_ რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია… სხვათა შორის, ჩემი უცხოელი კოლეგები (ბევრი პენსიაზეა გასული, მათთან ურთიერთობა მაქვს, ხან ჩავდივარ) სულ იცინიან, _ არ გეწყინოს, ისეთ გენერალს რა ვუთხარით, პენსიაში რომ გავა და სასამართლოებში არ ივლისო.

 

_ სხვებსაც ატარებენ სასამართლოებში?

 

_ მსგავსი შემთხვევებიც იყო, მაგალითად, ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა, რომელიც ამჟამადაც მუშაობს, ერთ-ერთია, რომელმაც ალიევის დაბრუნების დროს წინა პრეზიდენტი აეროპორტში გააცილა და თვითმფრინავით მოსკოვში გაუშვა. მითხრა, მეც დამდევდნენ სამი თვე, მაგრამ ისინი მთლად გიჟები არ იყვნენ, თავი გამანებეს იმიტომ, რომ მიხვდნენ, ჩემს მოვალეობას ვასრულებდიო. ალბათ, საბოლოო ჯამში, ესენიც მორჩებიან ამ სისულელეს და დაამთავრებენ, რა ვიცი…

 

 

 

ელისო კილაძე