სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა შალვა თათუხაშვილი?!

sw3

2006 წელს ნავთლუღში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გამოძების ოფიციალური ვერსიით დადგინდა, რომ 2006 წლის იანვარში სასჯელაღსრულების პირველი დაწესებულების პატიმარმა დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა მას ციხიდან გაქცევა შესთავაზა. ამ ინფორმაციის საფუძველზე 2006 წლის 12 იანვარს დაიგეგმა და ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა.

ხელისუფლების შეცვლისთანავე, ე. წ. გახმაურებულ საქმეებთან ერთად, ნავთლუღის სპეცოპერაციის გამოძიებაც დაიწყო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შალვა თათუხაშვილიც დაიბარეს. ამ დღიდან შალვა თათუხაშვილის ცხოვრება ერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმს დაემსგავსა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მისი უცნაური გარდაცვალებით დასრულდა.

დაკითხვაზე შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს დაიბარეს _ მას გამომძიებელი დავით ძნელაშვილი დაუკავშირდა და ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში მისვლა მოსთხოვა. პოლიციაში მას ადვოკატები და ძმები გაჰყვნენ. მეორე დღეს, გამთენიისას, შალვა თათუხაშვილი სამმართველოს შენობიდან პოლიციელების თანხლებით გამოიყვანეს, ოჯახის წევრებს მასთან მიკარების საშუალება არ მისცეს, მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახის წევრების განმარტებით, შალვას მისმა ძმამ რამდენჯერმე დაურეკა. პირველ ზარზე მან უპასუხა, რომ გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ, მეორე ზარზე (9:30 წუთი) კი უპასუხა, რომ, დაახლოებით, 2-3 საათში მივიდოდა სახლში. 11 საათისთვის მათ სახლთან ML-ის ჯიპი გაჩერდა, სახელმწიფო ნომრით 577, საიდანაც შალვა თანმხლებ პირებთან ერთად გადმოვიდა. მან ოჯახის წევრებს განუმარტა, რომ სახლში მისივე თხოვნით მიიყვანეს, რადგან ტანსაცმელი უნდა გამოეცვალა. ამ დროისთვის სახლში მისი და-ძმები და დედა იმყოფებოდნენ. მან ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ცრუ ჩვენება მიაცემინეს, ახალაიების წინააღმდეგ მამხილებელ ცრუ ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს. ჩაალაგა თავისი პირადი ნივთები და სახლიდან შეუმჩნევლად ისე წავიდა, რომ თანმხლებმა პოლიციელებმა ვერც კი შეამჩნიეს. თითქმის საათიანი ლოდინის შემდეგ პოლიციელები სახლში შევიდნენ, მაგრამ შალვა თათუხაშვილი ვერ იპოვეს. სწორედ ამ დროს, ოჯახის წევრების განმარტებით, დარეკა შალვას მობილურმა ტელეფონმა, რომელიც, როგორც გაირკვა, სახლში დატოვა. ტელეფონის ზარს ოჯახის ახლობელმა უპასუხა. პროკურორი რეკავდა. მასაც აუხსნეს, რომ შალვა სახლში არ იყო და არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

„ქრონიკა+“-მა მოიპოვა შალვა თათუხაშვილის ორივე ჩვენება და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალური და ალექსანდრე გეჯაძის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა.

 

რას წერს შალვა თათუხაშვილი პირველ ჩვენებაში?

„2006 წლის იანვრის თვეში ვიმყოფებოდი სამსახურში „მოდულის“ შენობაში. ამ დროს მე და იქ მყოფი სხვა თანამშრომლები: ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი მაზმიშვილი, დავით კუხიანიძე, ოლეგ მელნიკოვი შეგვკრიბა დირექტორმა დავით ახალაიამ და გვითხრა, რომ იგეგმებოდა ღონისძიება ნავთლუღის ავტოსადგურში, სადაც უნდა მომხდარიყო ვიღაც პირებზე იარაღის გადაცემა. კონკრეტულად, ვის რა უნდა გადაეცა და სად, ჩემთვის უცნობი იყო. დეტალები იცოდა მხოლოდ დათა ახალაიამ. მე დათა ახალაიამ დამავალა, წამეყვანა ჩემი სპეცრაზმი, რომელიც ღონისძიების შემდგომ უზრუნველყოფდა პერიმეტრის დაცვას. მე სხვა როლი მექნებოდა ამ ოპერაციაში, რასაც მოგვიანებით მეტყოდა. ჩვენების მიხედვით, შალვა თათუხაშვილმა ბრძანება გასცა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სამსახურებრივი მანქანით წასულიყვნენ ნავთლუღში და მისი ბრძანების გარეშე არაფერი მოემოქმედათ. ნავთლუღის ავტოსადგურში მისვლისას მას შეხვდა დათა ახალაია, მასთან ერთად იყვნენ ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, ოლეგ მელნიკოვი, გიორგი დგებუაძე, დათა ახალაია შეიარაღებული ავტომატური იარაღით, ასევე შეიარაღებული იყო ყველა თანმხლები პირი. თათუხაშვილის განკარგულების თანახმად მოეწყო ჩასაფრება. `ჩასაფრებიდან 20 წუთში ავტოსადგურის ტერიტორიიდან ყვირილის ხმა მომესმა, კერძოდ, შეძახილები იყო, დაახლოებით, ასეთი შინაარსის: არ გვესროლოთ, გვიშველეთ!.. ამ დროს ავტოსადგურის ტერიტორიიდან დავინახე, გამოვარდა სამი უიარაღო ბიჭი, რომელსაც შემოჰყვა დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი. მითითებულმა პირებმა მიზანმიმართულად დაიწყეს სროლა ამ სამი უიარაღო ბიჭის მიმართულებით ავტომატებიდან, ხოლო ერთი გამოეყო და გარბოდა ოდნავ მარჯვნივ. ჩემსა და მათ შორის დარჩენილი იყო, დაახლოებით, ათი მეტრი. აღნიშნულის დანახვისთანავე, რადგან დათა ახალაია და მასთან ერთად მყოფი პირები ესროდნენ მათ, მე მივიღე საბრძოლო მდგომარეობა, ოდნავ ჩავიმუხლე და მოვახდინე რამდენიმე, დაახლოებით, 5-6 გასროლა. მე ვისროდი იმ პირების მიმართულებით, რომლებიც ჩემკენ მორბოდნენ. მოვარტყი თუ არა, არ ვიცი. პარალელურად, დათა ახალაია და მისი თანმხლები პირები დამიზნებით ესროდნენ როგორც ამ ორ პირს, ასევე ოდნავ მარჯვნივ გაქცეულ პირს. სროლების შედეგად მოხვედრილი ტყვიების გამო სამივე პიროვნება ასფალტზე დაეცა. მას შემდეგ ამ სამმა პირმა მოძრაობა შეწყვიტა. სროლები შეწყდა. 5 მეტრში დავინახე, რომ დათა ახალაია შეჩერდა ძირს გაუნძრევლად დაგდებულ პირთან, თავზე ავტომატი დაადო, ერთი საკონტროლო გასროლა მოახდინა და ნიღაბი მოიხსნა“, _ წერს პირველ ჩვენებაში შალვა თათუხაშვილი. მისივე განმარტებით, 2007 წელს მან ფსევდონიმით „დათო“ გამოძიებას ჩვენება მისცა, რომელიც იყო ცრუ და, რეალურად, სამი პირის ლიკვიდაციაში სპეცდანიშნულების რაზმს მონაწილეობა არ მიუღია. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა დათა ახალაია, სამი პირის ლიკვიდაციაში კი მონაწილეობა მიიღეს მან, გიორგი დგებუაძემ და  ლევან ქარდავამ.

სწორედ ამ ჩვენების მიცემის შემდეგ მიიყვანეს სახლში პირადი ნივთების წამოსაღებად შალვა თათუხაშვილი. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის უკიდურესად აღგზნებული იყო, არაადეკვატურად და არაბუნებრივად იქცეოდა. ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, სად იმყოფებოდა შალვა თათუხაშვილი სახლიდან წასვლის მერე.

 

თათუხაშვილის მეორედ დაკითხვის ოქმი 2014 წლის 18 მარტით თარიღდება.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არსებობს მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ სახლიდან, თითქოს, გაპარული შალვა თათუხაშვილი სოფ. წალასყურში, მისი სახლიდან მეორე ჩასახვევში, დააკავეს, ბორკილები დაადეს და  წაიყვანეს. პირველი დაკითხვის დროს პროკურატურამ შალვას ორი ადვოკატი აუყვანა, რომლებიც იყვნენ: თაღლითობისთვის გასამართლებული და გუბაზ სანიკიძის რეკომენდაციით პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებული „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრისა და ყოფილი პოლიციელის, ზურაბ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს თანამშრომლები. სწორედ ეს ადვოკატები ახლდნენ შალვა თათუხაშვილს პირველი დაკითხვის დროს პროკურატურაში, სადაც ის, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, აწამეს კიდეც.

ერთ-ერთი ადვოკატის, ვახტანგ თანიაშვილის მიმართ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში არაერთი საჩივარი არსებობს, სადაც მას კლიენტები უჩივიან, რომ პროკურატურასთანაა შეკრული და მან ხალხი დაღუპა. გარდა ამისა, შალვა თათუხაშვილი ისე ჩასვეს მოწმის დაცვის პროგრამაში, რომ ამაზე მისი წერილობითი თანხმობა არ არსებობს.

სახლიდან შალვა თათუხაშვილის „გაპარვის“ მერე, მალევე, პროკურორის დადგენილებით, შეწყვიტეს მოწმის დაცვის პროგრამა და არც გამოუძიებიათ, სად და რატომ, რა მიზეზით გაიპარა მოწმე. გამოძიების ვერსიით, გამოდის, რომ შალვა თათუხაშვილი 24 დღე ტყეში იჯდა და იქიდან ისანში კლუბში წამოვიდა არყის დასალევად, სადაც, თითქოს, გაწევ-გამოწევის გამო დააკავეს და თან პარიკი აღმოაჩნდა, პლასტმასის პისტოლეტთან ერთად.

2014 წლის 18 მარტის ჩვენებაში თათუხაშვილმა, რატომღაც, მეორედ გაიმეორა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიცემული პირველი ჩვენების დეტალები. ამავე ჩვენებაში მას გამომძიებელი კითხვას უსვამს: როგორც გამოძიებისთვის არის ცნობილი, თქვენ თვითნებურად მიატოვეთ დაცვის სპეციალური ღონისძიება. ამ დროის განმავლობაში სად იმყოფებოდით?

რაზეც შალვა თათუხაშვილი პასუხობს: „ამ დროის განმავლობაში ვცხოვრობდი როგორც ზემო ფონიჭალაში, ისე სოფელ თელეთში ახლობლებთან. პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა არანაირი ზეწოლა და ზემოქმედება, დაცვის სპეციალური ღონისძიება მივატოვე თვითნებურად საკუთარი გადაწყვეტილებით. საქმის სხვა ფაქტობრივი ღონისძიებების შესახებ მე უკვე მიცემული მაქვს დეტალური ჩვენება, რაც სრული სიმართლეა“ (ციტატის დასასრული). გამოძიებას არ დაუსვამს კითხვები, ვინ იყვნენ ის ახლობლები, რომლებთანაც შალვა თათუხაშვილი თელეთში ცხოვრობდა? შესაბამისად, ამ ფაქტის ირგვლივ არც არავინ დაკითხულა.

მოწმე შალვა თათუხაშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. დათა ახალაიას ინტერესების დამცველმა ირაკლი ზაქარეიშვილმა  დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს შალვა თათუხაშვილის გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმი და გვამის ფოტომასალა წარუდგინა.

 

რას წერს ალექსანდრე გეჯაძე დასკვნაში?

წარმოდგენილ ფოტომასალაზე გვამს აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმში ასახული არ არის, კერძოდ:

ვრცელი, მოლურჯო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე, ოქმში ასახული ნაჭდევის ირგვლივ.

მარცხენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე შუა და ზემო მესამედების დონეზე რამდენიმე ხაზოვანი ფორმის მოწითალო მცირე ზომის ნაჭდევები (ოქმში ასახული ერთი, შედარებით დიდი ზომის ნაჭდევთან მიმდებარედ); მარცხენა ტერფის გულის ზედაპირზე ქუსლის ძირის პროექციაზე სამი ერთმანეთთან ახლოს მდებარე მოწითალო უბანი, ნაჭდევი, ან სისხლნაჟღენთი (ფოტოსურათის ხარისხის გათვალისწინებით გამიჯვნა ძნელია).

მარჯვენა ხელის მტევნის ზურგის ზედაპირზე ლატერალურად მოწითალო ნაჭდევი; მარჯვენა მუხლის სახსრის წინა შიგნითა ზედაპირების საზღვარზე უფრო შიგნითა ზედაპირისკენ მუქი მოწითალო მოგრძო მოყვანილობის სისხლნაჟღენთი.

გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმის მონაცემებით, შეუსაბამობაა ზურგზე (წელის არეში მარჯვნივ და მის ზემოთ ხერხემლის პროექციაზე) არსებული ორი დაზიანების შეფასებასთან მიმართებით,  კერძოდ, ოქმში მითითებულია, რომ ხერხემლის პროექციაზე განლაგებული დაზიანება წარმოადგენს სისხლნაჟღენთს, ფოტომასალით კი იგი უნდა წარმოადგენდეს ნაჭდევს, ხოლო წელის არეში მარჯვნივ, 1,5 სმ და 1,2 სმ ზომის დაზიანების ხასიათი საერთოდ არ არის აღწერილი და ფოტოსურათით იგი უნდა იყოს ტრავმული (გარდა სისხლნაჟღენთისა), ან არა ტრავმული წარმოშობის უბანი (მხოლოდ წარმოდგენილი ფოტომასალით აღნიშნულის გამიჯვნა შეუძლებელია).

ცხადია, გამოძიებას არ გაუცია პასუხი კითხვაზე, სად და რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანებები შალვა თათუხაშვილმა.

კიდევ ერთი მოწმეა გიორგი ასლამაზიშვილი, რომელიც ლილოში მდებარე ღამის კლუბში შალვა თათუხაშვილთან ერთად იმყოფებოდა ღამის კლუბში, სადაც ისინი ისანი-სამგორის პოლიციამ დააკავა. პოლიციაში მიყვანის მერე ისინი დააცალკევეს, ნარკოლოგიური გამოკვლევის შემდეგ გიორგი ასლამაზიშვილი გაათავისუფლეს, ხოლო შალვა თათუხაშვილზე უთხრეს, რომ ის ახლობლებთან იმყოფებოდა და არ ენერვიულა. გიორგი ასლამაზიშვილმა ამის შემდეგ შალვა თათუხაშვილი 20 მარტს ნახა სოფ. თელეთში მდებარე ბენზოგასამართი სადგურის გვერდით. შალვამ ასლამაზიშვილს უთხრა, რომ ის პროკურატურაში სცემეს და აჩვენა კიდეც ზურგზე არსებული დაზიანებები, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოლოს გიორგი ასლამაზიშვილმა თათუხაშვილი გარდაცვალების დღეს ნახა, თბილისიდან დაბრუნებული მათთან სახლში 23 მარტს მივიდა. ოჯახის წევრების გარდა სახლში მეგობრებიც იმყოფებოდნენ, ხოლო თავად შალვას მოწმის განმარტებით, გაუხდელად, გვერდზე გადაბრუნებულს ეძინა. რაღაც პერიოდის მერე გიორგი ასლამაზიშვილი ამბობს, _ რამდენი ხანი უნდა ეძინოს შალვასო? და ცდილობს მის გაღვიძებას. გადმობრუნების დროს ხედავს, რომ ზედა ტუჩი გალურჯებული აქვს. „მე დავიყვირე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახათ, ასევე ვნახე სხეულის ზედა ნაწილი მკერდი, მუცელი ჰქონდა ოფლიანი, შალვა არ სუნთქავდა, პირიდან რამე არ გადმოდიოდა და ზედა ტუჩი გალურჯებული ჰქონდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შალვას ძილისას არ აღენიშნებოდა ხველა, ქოშინი, ჩქარი სუნთქვა, ან რაიმე სახის შფოთვა, რაც ჩვენს ყურადღებას მიიქცევდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიგებდით. მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი იქ ყოფნისას შალვას ძილში სხეულის მდგომარეობა არ შეუცვლია და ეძინა გვერდულად, მარცხენა მკლავზე. ამის შემდეგ ოჯახში ატყდა პანიკა, ოთახში შემოვიდა შალვას დედა, იმ მომენტში ჩვენ ყველა ვაანალიზებდით, რომ შალვა ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეანიმაციული ღონისძიების შედეგად შალვა თათუხაშვილი გადარჩებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შეაგვიანდა და როცა ექიმი მოვიდა და შალვა თათუხაშვილი ნახა, თქვა, რომ შალვა გარდაცვლილი იყო“, _ წერს ჩვენებაში გიორგი ასლამაზიშვილი.

ასეთ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა შალვა თათუხაშვილი. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას მხოლოდ საკვები და ორი ჭიქა ღვინო ჰქონდა დალეული. არსებობს ვარაუდი, რომ თათუხაშვილი მოწამლეს, რადგანაც სასამართლოზე ჩვენების შეცვლას აპირებდა, თავიდან მოიშორეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და ძნელია, კონკრეტულად, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

კიდევ ერთი მოწმე, რომელსაც პროკურატურა დათა ახალაიაზე ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დათო კუხიანიძეა, ის ამჟამად უკრაინაში იმყოფება.

დათო კუხიანიძის ინტერვიუს „ქრონიკა+“-ის ამავე ნომერში შემოგთავაზებთ.

 

ელისო კილაძე