ვინ იყო ენმ-ს ზუგდიდის შტაბის ნდობით აღჭურვილი პირი 2016 წლის არჩევნებზე?

uy8

წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბევრი თანამშრომელი ისევ თანამდებობაზე დარჩა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც. ზოგი დააწინაურეს კიდეც _ ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების გამო.

 

კაცმა რომ თქვას, ეს ხელისუფლების ცვლის დროს მოსალოდნელი პროცესია: პრინციპულები მიდიან, მანამდე ჩრდილში მდგარნი ისევ აგრძელებენ ჩრდილში დგომას და მუშაობას, უპრინციპოები და საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებულები კი მომენტს ხელიდან არ უშვებენ, განსაკუთრებული ყნოსვის წყალობით მაშინვე გრძნობენ, საით უბერავს ცვლილებების ქარი და ამ ქარის ქროლვის მიხედვითა და მიმართულებით ირხევიან „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.

 

მაგრამ აქ კიდევ ერთი „მაგრამ“ არსებობს. თუნდაც ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავიდანვე ცუდ ტონად იყო მიჩნეული წინა ხელისუფლებასთან გამიჯვნა და ახალი რეალობისადმი მორგება. მათ, ვინც ენმ-ს ნავიდან „ოცნების“ ნავში ისკუპა, ხალხმა „ვირთხები“ შეარქვა და მათი ხსენებისას სწორედ ეს სიტყვა თავის დროზე გამოუყენებია თითქმის ყველა იმ ენმ-ელს, რომელსაც ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილისგან განდგომა, ზოგიერთის აზრით კი, ღალატიც ბრალდება.

 

თუ ენმ-ს ყრილობამდე ერთი თვით ადრე მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ და ამ პროცესებზე წარმოდგენას შევიქმნით „ფეისბუქზე“, ასევე სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში აქტიურობის მიხედვით, დავასკვნით, რომ სრული ისტერია სახეზეა. ამასთან, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ვნებების დუღილში ჭეშმარიტება ორთქლდება და ეს ორივე დაპირისპირებულ მხარეს ეხება, თუმცა ე. წ. ახირებულებისა თუ „გამიჯნულებისგან“ წარმოებულმა კამპანიამ, რომელიც ახალაიებისა და ქარდავების სახელის წამდაუწუმ ხსენებასა და მიხეილ სააკაშვილთან მათ დაკავშირებაში გამოიხატება, მკვეთრად გამოკვეთილი და მიზანმიმართული სახე უკვე მიიღო.

 

მოკლედ რომ აღვწეროთ, ლოგიკა ასეთია: მიხეილ სააკაშვილმა რეალობის აღქმა დაკარგა, მას საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ხალხის განწყობაზე არასწორ წარმოდგენას უქმნის დათა ახალაია, აქტიურობს მეგის ქარდავა, რომელიც ენმ-ს იმ წევრებთან, ვინც პარტიის ღირებულებებს მხარს უჭერს, მაგრამ წარსულში ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ემიჯნება, ტელეფონით რეკავს, ან მის ახლობლებს არეკინებს, ემუქრება და პასუხს სთხოვს იმისთვის, რომ, თუნდაც, სადღაც, სუფრასთან, მისი სადღეგრძელო არ დალიეს. ეს კიდევ არაფერი _ მეგის ქარდავას ახლობლები დეპუტატებსაც კი ემუქრებიან. მაგალითად, ლელა ქებურიას მეგისის ნათესავი ემუქრებოდა…

 

მოკლედ, იხატება „ახალაიების გუნდის“ ამარა დარჩენილი, რეალობას მოწყვეტილი და დაბალრეიტინგული მიხეილ სააკაშვილის ხატი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე, ქუჩასა და ივანიშვილის ძალადობრივ დამხობაზე ოცნებობს და არ იცის, რომ ხალხში მუხტი არ არის. მიხეილ სააკაშვილმა, თურმე, ისიც კი არ იცის, რომ ახლა 2003 წელი არ არის, სულ სხვა რეალობაა და ქუჩაში ვერავის გამოიყვანს.

 

და ეს მაშინ, როცა, ნუ იტყვით და, ენმ-ში არსებობს პროგრესული ფრთა _ ბოკერია და მისი გუნდი, რომელიც რეალობასაც კარგად ხედავს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობასაც პერიოდულად ზრდის, ახალი სახეების მოზიდვაზეც ზრუნავს და, საერთოდ, მიშა და მისი რადიკალი მომხრეები რომ არა, შესაძლოა, ბიძინა უკვე ბეჭებზეც კი ჰქონოდა დაგდებული…

 

მეორე მხარეს, ე. წ. რადიკალთა ჯგუფს კი უამრავი შეკითხვა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმ შეკითხვას, რომელიც ენმ-ს „პროგრესულ-რაციონალურ“ ნაწილს უჩნდებოდა, როცა ჯერ ვაშაძე, მერე ჯაფარიძე და მისი მეგობრები პარტიიდან წავიდნენ: საიდან ამდენი ფული ვაშაძეს? ჩხარტიშვილისგან ხომ არა? და თუ კი, ვინ არის ჩხარტიშვილი? უგორებს თუ არა კოჭს ბიძინას? თუ არ უგორებს, საიდანაა წარმატებული ბიზნესმენი?

 

ახლაც იგივე შინაარსის კითხვებია, ოღონდ, უკვე, სხვა ადრესატისთვის განკუთვნილი: როგორ იგებს ერთ პირთან მოლაპარაკებით ტენდერებს დავით ბაქრაძის სიმამრი თბილისში ჩასატარებელი სხვადასხვა სამუშაოსთვის? საიდანაა წარმატებული ბიზნესმენი და რატომ აქვს სამთავრობო ტენდერებთან წვდომა? რა ხდება?

 

პასუხები არსად ჩანს, თორემ ამის გარდა ლოგიკური კითხვები კიდევ არის. ერთი მათგანია ისიც, რატომ აღმოჩნდა უეცრად, რომ ენმ-ში ყველა ახალი დეპუტატი, ახალი სახე ზედა და ქვედა რგოლში, ერთხმად აღაღადდა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს, რომ მას ახალაიები უბნევენ თავგზას და რომ ენმ-ში ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ არა სააკაშვილისადმი ამომრჩევლის შიში…

 

ზემოთ ზედა და ქვედა რგოლები ვახსენე და, ცხადია, ტყუილად _ არა: ინფორმაცია, რომელიც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, მინიმუმ, დამაფიქრებელია, მაქსიმუმ, საგანგაშო. იმაზე არანაკლებ საგანგაშო, რას წერდა მეგის ქარდავას ნასვამი (როგორც მერე გავიგეთ) ნათესავი დეპუტატ ლელა ქებურიას.

 

არა მგონია, ენმ-ს ზუგდიდის შტაბის უფროსი და იქაურობის ლიდერები მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღეს ნასვამი ყოფილიყვნენ მაშინ, როცა შტაბში წინა ხელისუფლების დროინდელი კუდ-ის ოპერი, კომპრომატების „ოსტატი“ და ბოლოს სამხარეო ადმინისტრაციაში მივლინებული ვახტანგ გ. მიიყვანეს და იქ მისასვლელად მწვანე შუქი აუნთეს.

 

ვახტანგ გ.-ს ვინც იცნობდა, მისი საქმიანობის სფერო იცოდა და მასთან რაიმე სახით შეხება ჰქონია, ენმ-ს შტაბში მისი ყოფნა ყველამ გააპროტესტა, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ „ასე იყო საჭირო“:

 

„არა მხოლოდ არჩევნების ღამეს, მთელი საარჩევნო პერიოდი მანდ იყო. რა თქმა უნდა, ამაზე პრეტენზიას იკიდებდნენ და ურთიერთობას აგრძელებდნენ. გავარკვიეთ, ასჯერ გავაპროტესტეთ და ორასჯერ ვიჩხუბეთ. პასუხი გვითხრეს: შენ არავინ გეკითხება, ჩვენ ვიცით, რას ვშვრებით“, _ ამბობს საკრებულოს წევრი ანი წითლიძე, რომელიც ზუგდიდში პოპულარობისა და მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრების მიუხედავად, რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე იმ რჩეულთა შორის ვერ მოხვდა, რომლებიც შემდეგ ენმ-ს პარტიულ სიაში წარადგინეს და უკვე დეპუტატებიც გახდნენ.

 

ვახტანგ გ. აქტიურობით წინა ხელისუფლების დროსაც გამოირჩეოდა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ის სენაკის სამხედრო ბაზაზე იყო მიმაგრებული და პატრიოტული საქმით იყო დაკავებული _ რუსი ოკუპანტების ანტიჰუმანური, არაჰიგიენური და ვანდალური ფაქტების ამსახველ ვიდეომასალებსა და სხვა სახის ფაქტებს აგროვებდა. როგორც ჩანს, მას ამბიცია სწორედ ომის შემდეგ გაუჩნდა, მაგრამ როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, რადგან მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციის კურატორობა ერგო წილად და არა თბილისში გადაყვანა და დაწინაურება, ახალაიებზე დაიბოღმა, რამაც გამოხატულება სწორედ 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების შეცვლისთანავე ჰპოვა:

 

კერძოდ, ვახტანგ გ. ახალმა ხელისუფლებამ და პროკურატურამ სასწრაფოდ ჩართო ბაჩო და დავით ახალაიების საწინააღმდეგოდ მოწმეების მოძიების პროცესში:

 

„2013 წელს გამოვედი ციხიდან და მერე რამდენჯერმე ვნახე ეს ადამიანი ენმ-ს შტაბში. გამიკვირდა და ვიკითხე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, რადგან მე სანამ დამიჭერდნენ, სწორედ ეგ მომიგზავნეს, ოღონდ ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება მოგვეცი და არ დაგიჭერთო, რაზეც, ცხადია, უარი ვთქვი. მერეც რამდენჯერმე მომადგა ჩამწერით, მაგრამ მე ვიცოდი ამის მეთოდები და თავი შორს დავიჭირე“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი დააკავეს და სასჯელიც მოახდევინეს.

 

ცალკეულმა პირებმა, ვინც ენმ-სთან დაახლოებულ პირებად ითვლებიან და შტაბშიც ხშირად დადიოდნენ, „ქრონიკა+“-ს უთხრეს, რომ ვახტანგის ნახვა შტაბში მათაც უკვირდათ. მათვე დაადასტურეს, რომ ვახტანგი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში იქ ტრიალებდა, ყველაზე ახლოს კი ლაშა დამენიასთან (შტაბის უფროსი) და თენგიზ გუნავასთან იყო. ერთ-ერთმა კოორდინატორმა ისიც კი განაცხადა, უბნებიდან მოსულ ოქმებს ვახტანგ გ. იბარებდაო.

 

ზოგადად იმას, რომ ვახტანგ გ. შტაბში მართლაც მიდიოდა, არც თენგიზ გუნავა უარყოფს: „რამდენჯერმე კონკრეტულ საქმეზე იყო მოსული და სულ ეგ იყო. არასწორია ინფორმაცია, თითქოს არჩევნების დღეს ოქმებს იბარებდა“, _ აღნიშნა თენგიზ გუნავამ.

 

ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ვახტანგ გ. ენმ-ს ერთ აქტიურ მხარდამჭერს სწერდა, რომ სანამ მიშა საქართველოში იყო, ბაჩო ახალაიას სასჯელს არ მიუსჯიდნენ, რათა პრეზიდენტს არ შეეწყალებინა.

 

მოგვიანებით ის იგივე პირს სწერდა, რომ ახალაიები და ქარდავები არასასურველი ხალხია, რომ ზუგდიდში მათ ვერ იტანენ და მათი დრო წასულია, ხოლო ამ ყველაფერს აგვირგვინებდა ფრაზებით:

 

„ახალაიებს საერთოდ არ გავახარებ, ამათ მარტო მე ვეყოფი“; „ვინც ახლა ყვ**ბს იწელავს, მაგათ შემოდგომაზე ვერავინ იხილავს, ყველას ყვ**ბს დააჭრიან. ზუსტად ვიცი, ბუდიდან მაქვს ინფორმაცია“; „შენ გგონია, ვერ უმტკიცებენ? (ბაჩო ახალაიას დანაშაულზეა ლაპარაკი, _ ლ. ბ.) ძალიან კარგადაც უმტკიცებენ, მაგრამ სანამ მიშაა, მაგას მანამდე არ მიუსჯიან, რომ არ შეიწყალოს“.

 

ეს მხოლოდ მცირე ამონარიდებია იმ ლანძღვისა და გინების კორიანტელიდან, რაც ამ მესიჯებშია, ყველას გასაჯაროებას შეგნებულად ვარიდებთ თავს.

 

გასაკვირი მხოლოდ ისაა, რა საერთო იპოვეს ლაშა დამენიამ და თენგიზ გუნავამ ადამიანთან, რომელსაც სძულდა ენმ-ც, სააკაშვილიც და, ცხადია, ახალაიებიც? ყოველივე აქედან გამომდინარე, წესით, ამ ადამიანებისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, როცა ენმ-ს ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელობის მიმართ, საარჩევნო აქტიურობისა და სანდო ხალხის ჩართვის კუთხით, შეკითხვები ჩნდება…

 

 

 

ლაშა ბერულავა

bh7

bh8

bh9